ადვოკატი მამუკა ნოზაძე ამჯერად პრეზიდენტის მიერ უზენაეს სასამართლოში წარსადგენ მოსამართლეთა კანდიდატებს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ეს ადამიანები გიორგი მარგველაშვილს გარკვეულმა დაჯგუფებამ შეაჩეჩა.
მამუკა ნოზაძე:
_ გაზეთი „ქრონიკა+“ ძალიან დიდ საქმეს აკეთებს სასამართლო ხელისუფლებაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. იგი მატიანეს ქმნის და ყოველ ნომერში თანმიმდევრულად აქვეყნებს ინფორმაციებს მოსამართლეების ქმედებებზე, სასამართლოს ფუნქციებსა და მის როლზე. ერთჯერადი ინფორმაციები, რომელსაც სხვა მედიასაშუალებები აქვეყნებენ, მინავლდება და დაიკარგება, „ქრონიკა+“-ის შექმნილი ციკლი კი მემატიანე იქნება, რომლითაც დაინტერესებული ადამიანები იხელმძღვანელებენ, თუ რა ხდებოდა ამ პერიოდში სასამართლო ხელისუფლებაში. არც ერთი მოსამართლე, რომელიც ამ გაზეთის ფურცლებზე დასაბუთებულად გავაკრიტიკეთ, მათ მიერ განხორციელებულ ქმედებებთან დაკავშირებით არ გამოგვხმაურებია, ერთი გამონაკლისის, ომარ ჯორბენაძის გარდა, რომელმაც შესაფერისი პასუხიც მიიღო. დანარჩენმა დუმილის პოზიცია აირჩია და ცხადია, მათ არც შესაბამისი არგუმენტები გააჩნიათ, რათა ჩვენს კრიტიკას სათანადოდ უპასუხონ.
ამჯერად მინდა გესაუბროთ საქართველოს პრეზიდენტის მიერ უზენაესი სასამართლოს წევრობისთვის შერჩეულ კანდიდატებზე.
_ პრეზიდენტმა უზენაეს სასამართლოში თამარ ლალიაშვილი და ნონა თოდუა წარადგინა. მათზე გინდათ მოგვითხროთ?
_ ვფიქრობ, პრეზიდენტს ისეთ კანდიდატებს აჩეჩებენ, რომლებიც საზოგადოებისთვის მისაღები არ არის. უნდა მივხვდეთ, რომ XXI საუკუნეში ჩვენი ქვეყანა სხვა რეალობისა და გამოწვევების წინაშე დგას და ძველი კადრები თანამედროვე სასამართლო სისტემაში ვერ გამოგვადგება. ცნობილი გამონათქვამია: „ახალი ღვინო ძველ ტიკში ვერ ჩაისხმება“, ამიტომაც ძველი კადრები ყოველთვის ისეთივენი იქნებიან, როგორნიც მანამდე იყვნენ. რაც შეეხება იმას, თუ ვინ აჩეჩებს პრეზიდენტს ასეთ კანდიდატურებს, სასამართლოს სისტემის პირველ და მეორე ინსტანციაში დომინირებს ჩინჩალაძე-ცერცვაძის დაჯგუფება, რომლის დაკვეთებსაც მურუსიძე ახორციელებს. მეორე დაჯგუფება კი გახლავთ ნინო გვენეტაძის, რომელიც უზენაეს სასამართლიში იმ კანდიდატების მიყვანას და შემოკრებას ცდილობს, რომელთანაც თავად აქვს პირადი ახლობლობა. ანუ ამ ქმედებებთან, რაც ახლა ხდება, სახელმწიფო აზროვნება ახლოსაც არ დგას და ყველაფრის განმსაზღვრელი გახლავთ ის, ვისთანაც ურთიერთობაშია უზენაესი სასამართლოს ამჟამინდელი თავმჯდომარე. შესაბამისად, ასეთი კანდიდატების პრეზიდენტისთვის შემჩეჩებელი სწორედ ნინო გვენეტაძეა. მან არაერთი თავისი ახლობელი წარადგენინა პრეზიდენტს უზენაეს სასამართლოში. მათ გვარებს აღარ დავასახელებ, რადგან ამაზე უკვე ვისაუბრე და საზოგადოებამ მათ შესახებ ყველაფერი იცის.
რაც შეეხება ამჟამად წარდგენილ კანდიდატებს _ თამარ ლალიაშვილსა და ნონა თოდუას, ორივე მათგანი ნინო გვენეტაძესთან დაახლოებული პიროვნებაა. კერძოდ, თამარ ლალიაშვილი, გვენეტაძის დროს, სანამ მას სამსახურიდან გაუშვებდნენ, უზენაეს სასამართლოში მუშაობდა. ისინი ერთ პალატაში იყვნენ. ლალიაშვილი სისხლის სამართლის სპეციალისტი გახლავთ და გვენეტაძესთან ერთად დევნილი იყო `ნაციონალების~ მიერ სასამართლო ხელისუფლებიდან. მათ ერთნაირი ღირებულებები აქვთ და გერმანულ სისხლის სამართალთან არიან დაახლოებული.
ნონა თოდუა კი უნივერსიტეტის ლექტორი, პროფესორია. ისიც გვენეტაძესთან დაახლოებული გახლავთ, ვინაიდან მათ არაერთი წიგნი გამოსცეს ერთობლივად სისხლის სამართლის საკითხებზე და უნივერსიტეტშიც წლების განმავლობაში ერთად მოღვაწეობდნენ. თოდუას მიმართ ბევრი დასაბუთებული და დაუსაბუთებელი პრეტენზია წამოაყენეს, თუმცა მნიშვნელოვანი ის არის, რომ იგი საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე მუშაობს ლექტორად და მას არასდროს გამოუჩენია პრინციპულობა სისხლის სამართლის იმ მკაცრი პოლიტიკის მიმართ, რომელიც ქვეყანაში 9-წლიანი რეჟიმისა და შევარდნაძის დროს იყო, ანუ ამ პერიოდის განმავლობაში რაც ხდებოდა სისხლის სამართლებრივ სფეროში. ახლაც თავისი პოზიცია მას არასდროს გამოუხატავს. გასაგებია, რომ ის პედაგოგია და მისი უპირველესი მოვალეობა გახლავთ, სტუდენტებს გარკვეული საგანი ასწავლოს, მაგრამ იურისტებისთვის მხოლოდ საგნის ცოდნა მთავარი არ არის. ლექტორის მოვალეობაში ისიც შედის, რომ თავისუფლად მოაზროვნე დარგის სპეციალისტები აღზარდოს, რომლებიც შემდგომ კვალიფიციურად და შეუზღუდავად განახორციელებენ პრაქტიკაში საკუთარ საქმიანობას. მხოლოდ სისხლის სამართლის სფეროს დადგენილი დოგმების სწავლება არასაკმარისია. მათ უნდა იცოდნენ, რა ხდება თუნდაც სასამართლო ხელისუფლებაში, მაგრამ, სამწუხაროდ, ლექტორ თოდუას არასდროს გაუპროტესტებია ამ სფეროში არსებული უწიგნურობა, უსამართლობა და მოსამართლეების მხრიდან ფაქტობრივი ძალადობის განხორციელება საზოგადოებასთან მიმართებით. მას, როგორც საზოგადოების რიგით წევრს, არანაირი პოზიცია არ ჰქონია ამგვარი მოვლენების მიმართ.
ამ პოსტებზე წარდგენილი კანდიდატები იმის მიხედვით უნდა ფასდებოდეს, სხვადასხვა ხელისუფლების პერიოდში რამდენად ამჟღავნებდნენ სამართლიანობას. სამწუხაროდ, ნონა თოდუაზე ვერ ვიტყვით, რომ ის ობიექტურ და საზოგადოების მხარდამჭერ პოზიციას აფიქსირებდა. იგი გახლდათ უნივერსიტეტის რუტინული ლექტორი, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის წინაშე კი სრულიად სხვა მოთხოვნები დგას.
_ მაინც, რა მოთხოვნებზე საუბრობთ?
_ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის საქმიანობა ძალიან მნიშვნელოვანია. ამ დაწესებულებაში მოსამართლეთა წარდგენასთან დაკავშირებით საზოგადოების ინტერესს არასოდეს ითვალისწინებდნენ. როცა საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა და უზენაესი სასამართლო დაარსდა, ფორსმაჟორული სიტუაცია შეიქმნა და მოსამართლეებად მოხვდნენ ყოფილი პროკურორები, მოსამართლეები, რომლებიც იურიდიულ სფეროში გამორჩეული არ იყვნენ. შევარდნაძის დროსაც იგივე ხდებოდა, მაგრამ სააკაშვილმა მეტი რადიკალიზმი გამოიჩინა, უკიდურესობაში გადავარდა და მოსამართლეებად მხოლოდ და მხოლოდ ისეთები წარადგინა, რომლებიც მისდამი ერთგულებით გამოირჩეოდნენ. მათ ერთიან სასამართლოებში შექმნეს სქემა, რომლითაც პირველიდან ბოლო ინსტანციამდე მიღებული გადაწყვეტილება და განაჩენი ძალაში რჩებოდა, საზოგადოების ინტერესი საერთოდ არ იყო გათვალისწინებული და მხედველობაში არ იყო მიღებული ის, რა მოთხოვნებიც საზოგადოებას ჰქონდა. უზენაეს სასამართლოში მაშინაც ისეთი ადამიანები იყვნენ წარდგენილი, რომელთაც იურისტის დიპლომიც კი არ გააჩნდათ. ახლა კი ჩვენ ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპზე ვდგავართ: პრეზიდენტმა თითქოს დაიწყო და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შერჩევის დროს კარგი პოზიცია ჩამოაყალიბა. ის საზოგადოებას დაეკითხა, ვინ წარედგინა ამ პოსტზე, მაგრამ შემდგომ, სხვა მაღალ თანამდებობებზე კანდიდატთა წარდგენის დროს, მხოლოდ გვენეტაძის დაჯგუფების ინტერესებს ითვალისწინებს და საზოგადოების აზრით აღარ ინტერესდება. დიახ, გიორგი მარგველაშვილი უკვე შეჩეჩებულ კანდიდატებს წარადგენს და მან დაკარგა კომუნიკაცია საზოგადოებასთან. პრეზიდენტმა არჩეული გზიდან გადაუხვია და საზოგადოების პოზიციას აღარ ითვალისწინებს. ასევე ამ კანდიდატებთან მიმართებით პრესაში, ტელევიზიასა და ა. შ. არავინ მსჯელობს. ის საზოგადოებას პოსტ ფაქტუმ გვაყენებს საქმის კურსში, როცა უკვე წარადგენს ხოლმე გვენეტაძისთვის სასურველს კანდიდატებს.
_ მარგველაშვილის წარდგენილი კანდიდატები პირდაპირ ხომ ვერ მოხვდებიან უზენაეს სასამართლოში და ისინი პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს, ანუ პრეზიდენტის ან გვენეტაძის სურვილზეც არ არის ყველაფერი დამოკიდებული. ასე არ არის?
_ დიახ ასეა, თუმცა ამჯერად მე მათ პოზიციას ვაფიქსირებ. რამდენიმე დღის წინათ პარლამენტმა გადაწყვეტილება მიიღო და კომიტეტის სხდომაზე ნონა თოდუას კანდიდატურა ჩააგდო, თუმცა ლალიაშვილმა მხარდაჭერა ჰპოვა. მეეჭვება, რომ ამ პარლამენტში აღნიშნული კანდიდატურები დამტკიცდეს. უზენაესი სასამართლოს წევრების დამტკიცება, ალბათ, მომდევნო პარლამენტს მოუწევს, სადაც საკმაოდ საინტერესო პოლიტიკური ვითარება შეიქმნება იმიტომ, რომ არც ერთი პარტია უმრავლესობაში არ იქნება. პარლამენტში სხვადასხვა პარტია შევა და კონსენსუსის საფუძველზე ისეთი კანდიდატები დამტკიცდება, რომლებიც არა რომელიმე დაჯგუფების, ან პოლიტიკური პარტიის ინტერესებს ატარებენ, არამედ საზოგადოებისას. ლალიაშვილი და თოდუა კი იმ თვისებების მატარებლები არ არიან, როგორი მოსამართლეებიც თანამედროვე სასამართლოს სჭირდება. ვერავინ მაჩვენებს გადაწყვეტილებას და ასეთი არც არსებობს, სადაც ნათლად ჩანს ლალიაშვილის აზროვნების თვალსაწიერი და დიაპაზონი. ვერავინ მანახვებს მის მიერ მიღებულ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც ნათელი ნიმუში იქნება იმისა, როგორ უნდა იაზროვნოს მოსამართლემ. მას ჩვეულებრივი, ტრაფარეტული განჩინებები გამოჰქონდა. ეს დოკუმენტები უზენაესი სასამართლოს საიტზეა გამოქვეყნებული, საჯარო და ხელმისაწვდომია, ამიტომ ყველას შეუძლია მისი ნახვა. გონიერი ადამიანები კი დამეთანხმებიან, რომ მსგავს გადაწყვეტილებებზე ვერავინ იტყვის, სწორედ ასე უნდა წერდეს უზენაესის მოსამართლეა. ერთი საქმეც კი ვერ მოიძებნება, სადაც მოსამართლის დასაბუთება და არგუმენტაცია ჩანს. მის გადაწყვეტილებებში ასევე ვერ ნახავთ ევროპული კონვენციის ვერც ერთ მუხლს, არადა, მისი მოსამართლეობის დროს ის უკვე რატიფიცირებული იყო. ასევე არ ჩანს მისი დამოუკიდებელი შეფასება საქმეში არსებული მოვლენებისადმი, ანუ გადაწყვეტილებებში, მხოლოდ და მხოლოდ, ზოგადი მოსაზრებებით შემოიფარგლებოდა, რასაც პირველი და მეორე ინსტანციის მოსამართლეებიც აკეთებენ. აქედან ჩანს ის, რომ მისი მუშაობის სტილი არ შეესატყვისება სართაშორისო ასპარეზზე არსებულ სამართლებრივ ღირებულებებს. ამავდროულად, მას არც ერთი პრეცედენტული გადაწყვეტილება არ გამოუყენებია. როცა მას ეს ყველაფერი არ გაუკეთებია და არ აქვს თავისუფალი, სამართალშემოქმედებითი უნარ-ჩვევები, რაც მოსამართლისთვის აუცილებელია, პრეტენზიაც არ უნდა ჰქონდეს, ეს პოსტი კვლავ რომ დაიკავოს.
ყველა უნდა მიხვდეს და გაიგოს, რომ მოსამართლე არ არის მხოლოდ და მხოლოდ გადამწერი და ნორმების მიმთითებელი განაჩენსა თუ გადაწყვეტილებებში. მან ნორმების გამოყენებისა და ანალიზის, სხარტი და დამოუკიდებელი აზროვნების შედეგად უნდა გამოიტანოს გადაწყვეტილებები. ამიტომაც ამ კანდიდატებს გაუჭირდებათ შემდგომ პარლამენტში ხმების მიღება. უზენაესი სასამართლო ერთადერთი ორგანო დაგვრჩა, რომელსაც შეუძლია, ქვეყანაში ის კრიტერიუმები განსაზღვროს და დაადგინოს, რომლითაც ადმინისტრაციულმა და სახელმწიფო ორგანოებმა უნდა იხელმძღვანელოს, რათა ადამიანები უკანონობების მსხვერპლი არ გახდნენ. პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოში ძალიან ცუდი სიტუაცია გვაქვს და თუ უზენაეს სასამართლოშიც კვლავ დაქალობითა და ახლობლობით აირჩევენ მოსამართლეებს, ეს ქვეყნისთვის, სასამართლო სისტემისთვის და საზოგადოებისთვის დამღუპველი იქნება. საბედნიეროდ, საქართველოში ღირსეული იურისტები გვყავს, რომლებიც ნებისმიერ სასამართლო ხელისუფლებას დაამშვენებდნენ და საინტერესოა, პრეზიდენტი რატომ ცდილობს, რომ, მხოლოდ და მხოლოდ, ერთი დაჯგუფების აზრი გაითვალისწინოს? რატომ არ აქვს მას იურიდიული სფეროს სხვა წარმომადგენლებთან კომუნიკაცია, რომ ღირსეული ადამიანები წარადგინოს? ჩემთვის ეს ამოუხსნელია.
_ რას გულისხმობთ, როცა ამბობთ, რომ პრეზიდენტს იურიდიული სფეროს წარმომადგენლებთან უნდა ჰქონდეს ურთიერთობა? თქვენი აზრით, ის ბრმად ენდობა ნინო გვენეტაძეს? თუ ასეა, რატომ აკეთებს ამას მარგველაშვილი?
_ ძალიან ცუდია, როცა პრეზიდენტი ასე ბრმად ენდობა ნინო გვენეტაძეს, რომელმაც საზოგადოების მოლოდინი ვერ გაამართლა. მეორე წელია, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეა და, ფაქტობრივად, ვერაფრის გაკეთება ვერ შეძლო, _ ვერ განახორციელა რეფორმა, რომელსაც ხალხს ჰპირდებოდა და დღეს, მხოლოდ და მხოლოდ, იმ ჯგუფის მძევალია, რომელიც რეალურად მართავს სასამართლო ხელისუფლებას. ყველამ კარგად დავინახეთ, როგორც მოიქცა ის თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარესთან, მამუკა ახვლედიანთან მიმართებით და როგორ გაატარა ჩინჩალაძე-ცერცვაძის დაჯგუფების ინტერესები.
_ როცა ნინო გვენეტაძეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ ირჩევდნენ, მას ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილიც უჭედა მხარს. თუმცა შემდგომ მან უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს ნინო გვენეტაძე-მურუსიძისა უწოდა და თქვა, რომ ის შეეკრა დაჯგუფებას, რომლის მხრებზეც უამრავი უსამართლო გადაწყვეტილება და განაჩენიაო. როგორ ფიქრობთ, ეს მეტსახელი შეესაბამება გვენეტაძის ამჟამინდელ ქმედებებს?
_ გვენატაძეს მეც ვუჭერდი მხარს და ეს ჩვენი ინტერვიუებიდანაც კარგად ჩანს, მაგრამ მან იმედები გაუცრუა როგორც ზაზა ხატიაშვილს და მე, ასევე სააზოგადოების დიდ ნაწილს. უზენაეს სასამართლოში მისი მოსვლის შემდგომ პრეცედენტული გადაწყვეტილებები უნდა მიღებულიყო, მაგრამ ვინ უნდა მიიღოს ის, _ ნინო გვენეტაძემ, რომელსაც, ჯერჯერობით, არც ერთი საქმე არ აქვს განხილული, ეკა გასიტაშვილმა თუ იმ მოსამართლეებმა, რომლებიც კრიტიკის მიღმა დგანან მათი საქმიანობიდან გამომდინარე? გვენეტაძე-მურუსიძისა არის მეტაფორა, მაგრამ ის ამ მეტსახელს ნამდვილად იმსახურებს. როგორც ვატყობ, მას ისე ამოეწურება უფლებამოსილება, რომ ვერაფერს გააკეთებს. რატომ ცდილობს, რომ ცუდი სახელით შევიდეს სასამართლო ისტორიაში, როცა მას შანსი ჰქონდა კარგი სახელი ჰქონოდა, არ ვიცი?! თუ ახალი პარლამენტიც ჯეროვან ყურადღებას არ მიაქცევს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევას, ეს ძალიან ცუდად შემოუბრუნდება ქვეყანასა და საზოგადოებას. მოსამართლე არ უნდა ექვემდებარებოდეს პოლიტიკურ კონიუნქტურას. დღეს კი, მნიშვნელოვანი სასამართლო დავების დროს, სადაც სახელმწიფო ინტერესები არსებობს, გადაწყვეტილებებს მოსამართლეები დამოუკიდებლად არ იღებენ და სახელმწიფო სტრუქტურებთან თანხმდებიან. მოსამართლეები აზროვნებენ არა სამართლებრივად, არამედ სახელმწიფოებრივად. თითქოს ისინი უფრთხილდებიან ბიუჯეტს, მაგრამ მე ვსვამ კითხვას: რატომ მაშინ არ ახსენდებათ ბიუჯეტი, როცა მათ გაბერილ ხელფასებზეა საუბარი? ანდაც მაშინ, როცა დაუმსახურებლად იღებენ პრემიებსა და დანამატებს? რაღა, მაინცდამაინც, იმ ადამიანების მიმართ უჩნდებათ პრეტენზიები, რომლებიც სახელმწიფო ორგანოებისგან განხორციელებული უკანონობების მსხვერპლნი არიან? მარტო საზოგადოება უნდა დაზარალდეს? ეს არ არის სამართლიანობა. მოსამართლე უნდა იყოს პრინციპული, უნდა ჰქონდეს სათანადო ჩვევები და ყველაფერი ისე დაასაბუთოს, რომ მის სამართლიანობაზე ეჭვიც კი არავის დარჩეს. თუ ამას ვერ აკეთებს, ეს უკვე სამართლიანი სასამართლოს უგულებელყოფაა. მოვუწოდებ გვენეტაძესაც და პრეზიდენტსაც, სათანადოდ იზრუნონ სასამართლო სისტემაში რეალური რეფორმის განხორციელებისთვის, რათა სასამართლოებში კანონმორჩილი და არა ვინმეს მონა მოსამართლეები მოხვდნენ.
ნელი ვარდიაშვილი