წინა ნომერში გამოქვეყნებული სტატიიდან, „დალევს თუ არა სააკაშვილი პოროშენკოს ჩაის“, სულ რაღაც, ერთ კვირაში, უკრაინაში მოვლენები ელვის სისწრაფით განვითარდა და არსენ იაცენუკი, რომელიც სააკაშვილთან ერთად ბევრს მიაჩნდა რეფორმების შემაფერხებელ ფაქტორად, ჩაიხსნა.
უკრაინელი არსენა მისი ქართველი სეხნიისგან განსხვავებულად იქცეოდა: ღარიბს ართმევდა და მდიდარს აძლევდა, ან ხელს აფარებდა. თავად არსენს პეტრე პოროშენკო აფარებდა ხელს, თუმცა სააკაშვილი ფრთხილობდა და უკრაინის პრეზიდენტს არ აკრიტიკებდა, რათა ის ტოტი არ მოეჭრა, რომელზეც იჯდა.
საბოლოოდ, როგორც ჩანს, სააკაშვილის დაჟინებამ შედეგი გამოიღო: პოროშენკოს ჩაი ჯერ ვერ დაულია, მაგრამ ლიმონი კი ააცალა ხელიდან. შესაძლოა, იაცენუკის გადადგომა პირდაპირ უკავშირდებოდეს ე. წ. პანამის ქეისს _ პოროშენკო, უბრალოდ, აიძულეს, იაცენუკი გადადგომაზე დაეყოლიებინა.
თავად არსენს რომ გადადგომა ისე უნდოდა, როგორც მე მინდა ახლა ციმბირში მოგზაურობა, მისივე კომენტარიდან გამოჩნდა, როცა თქვა, რომ პოლიტიკოსები სიძულვილმა დააბრმავაო.
ერთ-ერთი პირველი, ვინც იაცენუკის განცხადებას გადადგომის შესახებ გამოეხმაურა, ცხადია, მიხეილ სააკაშვილი იყო. მეტიც, მან ხაზი გაუსვა, რომ როცა იაცენუკის განცხადება პოროშენკოს შეუტანეს, თვითონაც მასთან იყო. ეს დიპლომატიურ ენაზე ნიშნავს, რომ პოროშენკომ მას თავად გააცნო განცხადების შინაარსი, თორემ ცხადია, სააკაშვილი განცხადებაში არ ჩაიჭყიტავდა.
ასეთი განცხადებით საქართველოს მესამე პრეზიდენტმა სწორედ პოროშენკოსთან მის სიახლოვეს გაუსვა ხაზი. მან იაცენუკის გადადგომას „ჩვენი პირველი გამარჯვება“ უწოდა.
იმის მიუხედავად, რომ თითქოს ყველაფერი უკრაინის პრემიერ-მინისტრად სააკაშვილის წარდგენაზე მიანიშნებს, იმის მიუხედავად, რომ რადის დეპუტატები უკვე მსჯელობენ მის კანდიდატურაზე, მაინც ნაკლებად მოსალოდნელია, რომ 12 აპრილს პრემიერად სააკაშვილი დასახელდეს. სავარაუდოდ, პრემიერ-მინისტრი პარლამენტის თავმჯდომარე გროისმანი გახდება. პოროშენკომ უკვე განაცხადა, რომ სწორედ მას უჭერს მხარს. ეს წმინდა წყლის საჭადრაკო სვლაა, რომელიც ბოლოს ფიგურის შეწირვით სრულდება.
ყველაფრიდან ჩანს, რომ გროისმანი ე. წ. ბუფერული პრემიერ-მინისტრი გახდება და ცოტა ხნის შემდეგ მას მიხეილ სააკაშვილი ჩაანაცვლებს. აი, ამიტომაც შეწყდა ბოლო დროს მისი პოსტები საქართველოზე _ მესამე პრეზიდენტის გრძელვადიან გათვლებში არ ჯდება საქართველოში დაბრუნება უახლოეს პერიოდში. სამაგიეროდ, გეგმებში ჯდება იმის ხაზგასმა, რომ ის, როგორც პოლიტიკური ფიგურა, დასავლეთის მიერ საბოლოოდ მხარდაჭერილია _ ჰოლანდიელთა სკეპტიკური დამოკიდებულება უკრაინის ევროკავშირში ინტეგრაციისადმი, მკაცრი მინიშნებები ევროპის ქვეყნების ლიდერთა მხრიდან, ასევე „ნიუ-იორკ თაიმსში“ დაბეჭდილი სტატია პოროშენკოზე და, ბოლოს და ბოლოს, თავად პოროშენკოს ვიზიტი „თეთრ სახლში“ სწორედ იმას ნიშნავს, რომ ევროპასა და დასავლეთს სურს, უკრაინა კორუფციასთან ბრძოლაში ჩაფლული იხილოს, ხოლო კორუფციასთან მებრძოლის იმიჯი სწორედ სააკაშვილს აქვს და არა იაცენუკს, ან გროისმანს, ან, თუნდაც, პოროშენკოს.
ასე რომ, უახლოეს პერიოდში, იმის მიუხედავად, პრემიერი გროისმანი გახდება თუ სააკაშვილი, უკრაინაში აუცილებლად განმტკიცდება მიხეილ სააკაშვილისა და მისი გუნდის პოზიციები, იმ გუნდისა, სადაც ბოლო პერიოდში კიდევ ერთი ვარსკვლავი _ დავით საყვარელიძე აკაშკაშდა.
სხვათა შორის, პრემიერის გადადგომაზე და მის ადგილას სააკაშვილის შესაძლო ხილვაზე კომენტარი დავით საყვარელიძემაც გააკეთა. მისი თქმით, იაცენუკი და, ზოგადად, მთავრობა, არათუ ოლიგარქებს შეებრძოლა, არამედ თვითონ აღმოჩნდა ფარული იარაღი ოლიგარქების ხელში.
მისივე თქმით, გამორიცხულია, ამ რადამ სააკაშვილი პრემიერ-მინისტრად დაამტკიცოს. როცა ამას ამბობდა, შესაძლოა, საყვარელიძემ ის იგულისხმა, რომ რადამ წინა მცდელობაზე, თებერვალში, იაცენუკის გადაყენებისთვის სჭირო ხმები ვერ მოაგროვა. როგორც საყვარელიძემ აღნიშნა, არსენის დარჩენას პოროშენკოს ბლოკის წარმომადგენლებმაც მისცეს ხმა.
იმის მიუხედავად, უჭერენ თუ არა მხარს სააკაშვილს და აფასებენ თუ არა მის ძალისხმევას, რადის დეპუტატებს „მიხეილის ფაქტორის“ გათვალისწინება მაინც მოუწევთ. კერძოდ, იმის, რომ სწორედ სააკაშვილის გუნდის წევრის გარიყვის მცდელობას მოჰყვა თითქმის ახალი მაიდანი ოდესაში და საოლქო პროკურატურის შესასვლელი ბლოკირებული იყო.
ვინ, ვინ და სააკაშვილმა მშვენივრად იცის, როგორ ითამაშოს ხალხის გრძნობაზე. ბოლო კოზირი _ ვა ბანკზე წასვლა და პოროშენკოს მხილება მას, როგორც ჩანს, სახელოში აქვს შემალული...
ლაშა ბერულავა