QronikaPlus
„ჯანსულო, ჯანსულო! მინდორს მოკო ფიორია!..“ _ განმუხურიც ბიძინამ იყიდა

„ჯანსულო, ჯანსულო! მინდორს მოკო ფიორია!..“ _ განმუხურიც ბიძინამ იყიდა

2016-04-18 10:46:14

„ორსანტია, განმუხური, ფახულანი, გაგიდა, მოდი, ერთად ვიმღეროთ და გაგვიშალე მაგიდა!“ მეგრული ფოლკლორის ამ ორი ნიმუშის შესახებ, რომლებიდანაც ერთს მღერიან, მეორეს კი ლექსად ამბობენ, სავარაუდოდ, დიდ ქველმოქმედსა და საქართველოს ამბიბინებელს, მეფეს ზებრათა, პინგვინთა, ზვიგენთა და ტიტის ხეთა, სავარაუდოდ, არაფერი სმენია, თუ იმას არ ჩავთვლით, რომ შესაძლოა, ერთი, რომელსაც მღერიან, მოსმენილი ჰქონდეს. იმ სიმღერაში მეგრელი ბაქია კაცია გაშარჟებული, რომელიც მოვერცხლილი ლეკურითა და დამბაჩით იკვეხნის, მისი თქმით, მინდორში დავლურის დასავლელად ადგილი, არეალი სჭირდება („მინდორს მოკო ფიორია“), ტყვიას ტყვიაში აჯენს და ბოლოს იქვე განგებ დაგდებული ბოხოხის ეშინია და „კლავს“. „ჯანსულოსგან“ განსხვავებით, მეორე ფოლკლორული ნიმუში არც ისე პოპულარულია და დიდი შინაარსობრივი დატვირთვა, გარდა იმისა, რომ სამეგრელო და სამურზაყანო კეთილი მეზობლები არიან, არ აქვს _ ჩამოთვლილი სოფლები ერთმანეთს ესაზღვრებიან და ორი ზუგდიდის, ხოლო თითო _ გალისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის. მათ ენგური აერთიანებს და ორს _ განმუხურსა და გაგიდას _ ზღვა. გაგიდა და განმუხური ერთად შემთხვევით არ მოხვედრილა. განმუხური განარჯიის მუხურის შემოკლებული სახელწოდებაა. სწორედ ასე ჰქვია სამეგრელოს ზღვისპირა სოფელს, რომელსაც გალის რაიონის სოფელი გაგიდა ესაზღვრება. ამჟამად ამ ორ სოფელს ხმელეთზე ორი საგუშაგო ჰყოფს, ორივე ქართულია, გაგიდის ცენტრში კი რუსული სამხედრო ბაზის ქვეპუნქტებია გახსნილი. ზოგადად, იმ მიწაყრილიდან, რომელიც მასალის ფოტოებშია მოცემული და რომელიც სწორედ განმუხურის სანაპიროზე მდებარეობს, ოკუპანტების საგუშაგომდე, სულ რაღაც, 500-700 მეტრია. დღეს საგუშაგოებიდან ერთმანეთს არ ესვრიან, მაგრამ იყო დრო, როცა სანგრებში ჩასაფრებულები ერთმანეთის მიმართულებით პერიოდულად ხსნიდნენ ცეცხლს, ხოლო აფხაზური მხარე, რუსი ოკუპანტების წაქეზებით, ხშირად გადადიოდა შეტევაზე და თავად განსაჯეთ, 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შემდეგ არა მარტო მთლიანად განმუხურის სანაპირო ზოლი, სოფელიც კი თავიანთ საკუთრებად გამოაცხადეს და ტრანსპარანტი „რესპუბლიკა აბხაზია“ ენგურზე მდებარე ხიდთან აღმართეს... ამის გახსენებისას მარტო იმის მინიშნება მინდა, რომ მხოლოდ კეთილი გაგებით ავანტიურისტი ხელისუფლება თუ მოახერხებდა, უცხოელი ინვესტორები დაეინტერესებინა, კონფლიქტის ზონასთან ასე ახლოს მდებარე სოფლებში ინვესტიცია ჩაედოთ. მართალია, არაბი და სხვა ქვეყნების ბიზნესმენები სააკაშვილის ხელისუფლებას მხოლოდ ანაკლიაში დასთანხმდნენ სასტუმროების მშენებლობას (ის კონფლიქტის ზონას უფრო მეტი მანძილითაა დაშორებული), მაგრამ თავად განმუხურის აშენება და განაშენიანება სწორედ სააკაშვილმა მოინდომა _ ეს რომ მიშას ახირება იყო, დღეს ნებისმიერი განმუხურელი და ანაკლიელი გეტყვით: ამ იდეას (რომ განმუხური საზღვაო დასვენებისთვის მიმზიდველი ადგილი გახდებოდა როგორც ადგილობრივებისთვის, ასევე უცხოელებისთვის), ბევრი, მათ შორის, სააკაშვილის გუნდში დასცინოდა, მაგრამ აი, დადგა ისეთი დრო, როცა ხელისუფლებაში მიშა არ არის, მაგრამ მის დროს ასე აყვავებულ და დამშვენებულ განმუხურს, უფრო სწორად, მის ზღვისპირა ზოლს _ ყველაზე მნიშვნელოვანს ამ სოფელში, ბიძინა ივანიშვილის „ქართუ ჯგუფი“ ყიდულობს... ამ სტატიაში, უბრალოდ, იმის ჩვენება მინდოდა, ფოტოების თანხლებით, რა იყო მანამდე განმუხური, როგორ აშენდა, გახდა ის, რაც გახდა და ახლა კი როგორ ხდება ივანიშვილის კომპანიის საკუთრება... თუ ანაკლიაში მოხვდებით, აუცილებლად იკითხეთ, დღესაც მოგიყვებიან, განმუხურში კატერით გასულმა სააკაშვილმა როგორ მოინდომა ანაკლიისკენ გასვლა და რა მოხდა მერე, მე კი მანამდე თქვენ მოგიყვებით: მოკლედ, განმუხურში პატრიოტთა ბანაკის მშენებლობა გადაწყდა. რასაკვირველია, სააკაშვილი არად დაგიდევდათ საწვავის ხარჯებს (ეგ მფლანგველი!) და ხან მანქანით, ხანაც კი თავისი ვერტმფრენით კვირაში სამჯერ მაინც თავზე ადგა მშენებლობას: „კაი დედიშვილი იყავი და განრიგის მიხედვით არ გემუშავა“, _ იხსენებს გრიშა ჭაავა, რომელიც მაშინ განმუხურში ხის კოტეჯების მშენებლობაზე მუშაობდა: „გვიხდიდნენ კარგად, ორმაგს გვიხდიდნენ, ვინც სურვილს გამოვთქვამდით, რომ სადღეღამისო რეჟიმში გვემუშავა _ გაჩირაღდნებული იყო იქაურობა და ისე კი არ იყო, მარტო ჩვენ რომ ვყოფილიყავით _ უფროსობაც ჩვენთან ერთად ჭამდა ძეხვს და ლავაშს, ერთხელ მიშაც შეგვესწრო, ღამით მოვიდა, ლავაში მოიტეხა, ძეხვი მოიჭრა და კაი მადიანად ილუკმებოდა“. მოკლედ, ჩასულა მიშა ერთ ღამეს, დაუთვალიერებია მშენებლობა, უჭამია პური მუშებთან, გასულა ზღვის ნაპირზე, მოუნახულებია გალის ადმინისტრაციულ საზღვარზე მდგარი ჩვენი პოლიციელი ბიჭები და როცა გამთენიისას უკან გაბრუნების დრო მოსულა, მოტორიანი ნავი მოუთხოვია, ზღვის აკვატორია უნდა დავათვალიერო ბანაკის გასწვრივო. აბა, უარს ვინ ეტყოდა და ორ მცველს პლუს მენავესთან ერთად ზღვაში შეუცურავს. იქითური, აქეთური და, მენავისთვის უთქვამს, ანაკლიისკენ გაცურეო. დაცვა შეცბუნებულა, მაგრამ რას იზამდა? დაკავშირებია დანარჩენებს, _ არიქა, ანაკლიაში გადაბარგდით მანქანებიან-სნაიპერებიანადო... სანამ ეს დაცვა გადმობარგდებოდა, უკვე კარგა გვარიანად გათენებულა. მიშას ზღვაზე ხის ნიჩბიანი ნავით შეცურებული მეთევზე შეუნიშნავს უკვე ანაკლიასთან მისულს და მიცურეთ, უნდა დაველაპარაკოო. მიცურეს, აიღეს მიმართულება და გამორთეს ძრავი. მერე ის მეთევზე ჟურნალისტებთან იმ გაოგნებას იხსენებდა, რაც იგრძნო, როცა მოახლოებულ კატერში მყოფებში სააკაშვილი ამოიცნო: „კინაღამ რქები ამომივიდა, კაცო! მომადგა კატერი და ვხედავ, მიშა ზის და მიცინის! „მომკალი, ღმერთო, რა მოლანდებები ამიტყდა ამ გამთენიისას ზღვაზე-მეთქი“, _ გავიფიქრე და ამასობაში მეუბნება, _ შენს ნავზე უნდა გადმოვიდეო. სანამ აზრზე მოვიდოდი, გადმოვიდა და პირისპირ დამიჯდა. ცოტა ხანს ვისაუბრეთ და, _ გაცურე ნაპირისკენ, შენთან წავიდეთ სახლშიო, _ მითხრა...“ მერე რაც მოხდა, არანაკლებ საინტერესოა. მოადგა ეს მეთევზე ნაპირს მიშასთან ერთად, იქვე დგას მტვრიანი „გაზ 21 ვოლგა“, ამითაა სანაპირომდე მოსული, ურეკავს ცოლს, _ ქალო, სააკაშვილი მომყავს სახლში და რაც გვაქვს, გამოიტანე, გაშალე სუფრაო. დილის 7 საათია, ცოლი ძილბურანშია და _ გაგიხმეს თავი, რა დროს ხუმრობაა ამ დილითო?! _ ქოქოლას აყრის ქმარს, ამან კიდე, _ გააკეთე რასაც გეუბნები, 10 წუთში მანდ ვართო... არ დაიჯერა იმ ქალმა, მაგრამ ადგა მაინც, ხელ-პირი დაიბანა, ოთახი სასწრაფოდ გამოგავა, ჩაიდანი დაადგა, თმა გადაივარცხნა და პომადის გადასმა ვერ მოასწრო _ გაჩერდა ჭიშკართან „გაზ 21“ და აგერ არ მოდის მისი ქმარი მიშასთან ხელგადახვეული?.. იმ დღეს და სხვა დღეებშიც ბევრს საუბრობდა სააკაშვილი განმუხურელებთან და ანაკლიელებთან, ბევრი დაუდგა მხარში და საბოლოოდ, 2008 წლის ომის შემდეგ, პირისაგან მიწისა აღგვის მიუხედავად, განმუხურში იმაზე უკეთესი ბანაკი გაკეთდა, რაც ომამდე იყო, ხოლო სანაპირო, თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთი ყველაზე კეთილმოწყობილი იყო კავკასიის შავიზღვისპირა ზოლში. „ქრონიკა+“-ის ხელთ არსებული ინფორმაციით, იმ წლებში, როცა განმუხური-ანაკლიის მშენებლობისა და სანაპიროს კეთილმოწყობის იდეა მომწიფდა, სააკაშვილმა ამ საქმეში ივანიშვილის ჩაბმაც სცადა. იმისთვის, რომ მილიარდერი პროექტებში ფულის ჩადების მომგებიანობაში დაერწმუნებინა, ივანიშვილს რამდენჯერმე შეხვდა ვანო მერაბიშვილი. ხან აქედან მოაუარა მერაბიშვილმა, ხან იქიდან, მაგრამ ივანიშვილი ვერაფრით დაიყოლია: ის ვერ ხედავდა არათუ დაფინანსების საჭიროებას, არამედ თავად სააკაშვილსა და მის ხელისუფლებასაც აფრთხილებდა, რომ განმუხურის კეთილმოწყობაზე ხელი აეღოთ, მიზეზად კი გვერდით სოფელში განთავსებულ რუსულ საგუშაგოებს ასახელებდა. როგორც იცით, სააკაშვილმა თავისი გაიტანა და განმუხურის პროექტი შედგა. ექვსი წლის შემდეგ, უკვე ხელისუფლებიდან წასულ ივანიშვილს, რომელიც ქვეყანას შუშის სასახლეში წამოჭიმული, არაფორმალურად მართავს, უკვე თავად გაეხსნა მადა _ თავიდანვე გაჩნდა ეჭვი, რომ განმუხურის სანაპირო ზოლის გაყიდვა (სულ 34.000 კვადრატული მეტრი) ივანიშვილის კომპანიის დაინტერესება იყო, თუმცა ეს ეჭვი მხოლოდ მას შემდეგ დადასტურდა, რაც აუქციონის შედეგები გახდა ცნობილი: განმუხურის სანაპირო ზოლის ნაწილი ბიძინა ივანიშვილის „ქართუ ჯგუფმა“ შეიძინა... სხვათა შორის, ივანიშვილის კომპანიის მიერ ნაყიდი მიწა, თავისი სამი ნაგებობით, განმუხურის სანაპიროს საუკეთესო მონაკვეთია. ის სანაპიროს ცენტრალური შესასვლელიდან მარჯვნივ მდებარეობს, სადაც ბოლოს ქართველი პოლიციელების საგუშაგოა. ამ საგუშაგოს მიღმა, რამდენიმე ასულ მეტრში, უკვე რუსული ბლოკპოსტები იწყება. მაგრამ, როგორც ჩანს, ოლიგარქს რუსული ბლოკპოსტების ახლა უფრო ნაკლებად ეშინია, ვიდრე, ვთქვათ, 6-7 წლის წინათ...  

                                                                                                                      ლაშა ბერულავა

       

გაზიარება