თურმე, მოსამართლეები თვითმმართველობის ახალ კოდექსს არ იცნობენ; თურმე, ყველაფერი მარტივად არ წერია ამ ახალ კანონში; თურმე, ბევრი უზუსტობაა; თურმე, ბევრიც ბუნდოვანია; თურმე, ადმინისტრაციული სამართლის პრინციპით „რაც აკრძალული არ არის, ის ნებადართულიც არ არის“, მაგრამ სამოქალაქო სამართლის პრინციპით „რაც აკრძალული არ არის, ის ნებადართულია“; თურმე, გუბერნატორი კი არ ბლოკავდა ფრაქციის შექმნას, მოსამართლეები ვერ კითხულობდნენ კანონს...
ამდენი თურმეს მიუხედავად ფინალში გავედით.
როგორც კახეთში იტყვიან: ვაშა! ურა! ყანდაურა! ფრაქცია „ძლიერი თელავი“, როგორც იქნა, იქმნება! მაგრამ ახალი ახლა ისაა, რომ უკვე ქალაქ თელავის საკრებულო საკანონმდებლო ინიციატივით ფიქრობს შესვლას პარლამენტში. მაშ! _ თელაველებმა კანონის წერაც დავიწყეთ.
ცოტა არასერიოზული ლიდის შემდეგ სრულიად სერიოზულ თემაზე გადავიდეთ. დაპირებული ინტერვიუ ქალაქ თელავის საკრებულოს თავმჯდომარესთან _ არჩილ თხლაშიძესთან:
_ მოდით, ასე ვთქვათ: სამმა დეპუტატმა მოგვმართა საკრებულოს იურიდიულ კომისიას და მოითხოვა, მათთვის ფრაქცია დაგვერეგისტრირებინა. აქვე უნდა დავაკონკრეტოთ, ვინ არიან ეს დეპუტატები?! ორი დეპუტატი გახლავთ საარჩევნო ბლოკიდან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, ხოლო მესამე დეპუტატი გახლავთ საარჩევნო ბლოკი „ფიქრია ჩიხრაძე მემარჯვენეები“ და „კუკავა _ თავისუფალი საქართველო“. ჩნდება კითხვა, _ რატომ ვუსვამ ხაზს ამ განმარტებას? არსებითი მნიშვნელობა აქვს ამ ფაქტორს...
_ რატომ?
_ საქართველოს თვითმმართველობის კოდექსის 21-ე მუხლში განმარტებულია ფრაქციის შექმნის საფუძევლები და წესები.
_ კერძოდ?
_ ფრაქციის ჩამოყალიბების უფლება აქვს დეპუტატებს, რომლებიც არიან ორი ან მეტი სხვადასხვა პარტიიდან. თუმცა ამ მუხლში არაფერია ნათქვამი იმის შესახებ, როცა ეს ორი ან მეტი პარტია ორ სხვადასხვა ბლოკშია გაერთიანებული. აქვე აუცილებლად მინდა აღვნიშნო კიდევ ერთი განმარტება, რომელიც ამ მუხლში წერია: მუხლი #30 ცალსახად გამორიცხავს ფრაქციის შექმნის შესაძლებლობას უპარტიო წევრების მიერ საარჩევნო ბლოკის საზღვრებს გარეთ (იგულისხმება ის უპარტიო დეპუტატები, რომლებიც ამა თუ იმ პარტიის, ან ბლოკის მიერ არიან დასახელებული მათ საარჩევნო სიაში), თუმცა არაფერს ამბობს სხვადასხვა ბლოკში გაერთიანებული პარტიული წევრების მიერ ფრაქციის შექმნაზე. შესაბამისად, სწორედ ეს გახდა საფუძველი, რომ იურიდიულ კომისიას უარი ეთქვა ფრაქციის შექმნის მოთხოვნაზე. კიდევ ერთი აუცილებელი და მნიშვნელოვანი დეტალი: თვითმმართველობის კოდექსი წარმოადგენს თვითმმართველობის ორგანოებისთვის ძირითად სახელმძღვანელო ორგანულ კანონს. თვითმმართველობის ორგანოები, თავის მხრივ, წარმოადგენენ ადმინისტრაციულ ორგანოებს, რომელთა საქმიანობაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ზოგადი ადმინისტრაციული სამართლის პრინციპს, „რაც აკრძალული არ არის, ის ნებადართულიც არ არის!“
_ ანუ თქვენ ამბობთ, რომ რასაც კანონი არ კრძალავს, ის არ შეიძლება იყოს ნებადართული?
_ დიახ, ჩვენ ვიხელმძღვანელეთ სწორედ ამ პრინციპით: რაც აკრძალული არ არის, იმაზე ნებართვას ვერ გავცემთ. ამიტომ საქართველოს თვითმმართველობის კოდექსის 30-ე მუხლში, ჩვენი აზრით, დამატებით რომ იყოს განმარტება ან დაზუსტება გაკეთებული, კონკრეტულად, აი, ამ შემთხვევის, რა მაგალითიც ახლა მე მოგიყვანეთ, აქ სადავო არაფერი იქნებოდა.
_ თქვენი ოპონენტები ამბობენ, რომ მიზანმიმართულად არ შეუქმენით ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს.
_ არა, ეს არ შეესაბამება სიმართლეს. მე განგიმარტეთ უკვე, თუ რატომ ვუთხარით უარი და რის მიხედვით ვიხელმძღვანელეთ.
_ მართალია, თქვენ განმიმარტეთ, მაგრამ როგორ ახსნით, რომ სამივე ინსტანციაში აღნიშნულ საკითხზე პროცესი წააგეთ? აღმოჩნდა, რომ თქვენს არგუმენტზე ძლიერი არგუმენტი თქვენს ოპონენტებს ჰქონდათ.
_ ამ პროცესში არგუმენტების ჭიდილი არც კი ყოფილა. ამის თქმის საფუძველს მაძლევს ის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ზემოთ მოყვანილი ჩვენი უარის არგუმენტზე, უბრალოდ, არც კი იმსჯელა.
_ რომ დამიკონკრეტოთ?
_ მათ მხოლოდ თვითმმართველობის კოდექსის 30-ე მუხლის მიხედვით იხელმძღვანელეს და ზოგადი ადმინისტრაციული სამართლის პრინციპი უგულებელყვეს: „რაც აკრძალული არ არის, ის ნებადართულიც არ არის“. ჩვენ აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივრეთ, რომელიც ანალოგიურად მოიქცა და უცვლელად დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება. თუმცა გავიმეორებ, რომ სააპელაციო სასამართლოშიც იგივე არგუმენტაცია გვქონდა და ვითხოვდით, სიღრმისეულად განეხილათ ჩვენი არგუმენტი. სამწუხაროდ, ასე არ მოხდა. აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრდა უზენაეს სასამართლოში.
_ არც აქ გაგიმართლათ ბედმა და რაც აკრძალული არ არის, იმაზე ნებართვა გასცეს. მე გამიგია, მაგალითად, რომ სამართლის პრინციპია, რაც აკრძალული არ არის, ის ნებადართულია, თქვენ კი პირიქით ამბობთ.
_ სამოქალაქო სამართლის პრინციპი აბსოლუტურად განსხვავდება საჯარო, ანუ ადმინისტრაციული სამართლის პრინციპისგან. ნებადართული სამოქალაქო სამართალშია და არა ადმინისტრაციულში. ჩვენ კასაციის გასაჩივრების მიზეზებში, ზემოთ მოყვანილ არგუმენტებთან ერთად, ასევე მივუთითეთ შემდეგი: თუ საარჩევნო კოდექსის 142-ე მუხლი ზედმიწევნით კარგად არეგულირებს ბლოკების ფორმირების წესებს და ასევე ბლოკიდან გასვლის მექანიზმებს, რატომ არ შეიძლებოდა წარმომადგენლობით ორგანოშიც, რომელიც საარჩევნო პროცესის პოლიტიკური გაგრძელებაა, ასევე ზედმიწევნით სრულყოფილად ყოფილიყო გაწერილი ფრაქციის შექმნის ყველა შესაძლო შემთხვევის სამართლებრივი რეგულირების პროცედურა და წესები?
_ თქვენ მეუბნებით, რომ კანონს ხარვეზი აქვს და დეტალურად გაწერილი არ არის ფრაქციის შექმნის წესების ყველა შესაძლო შემთხვევა?
_ დიახ! გავაგრძელებ უზენაეს სასამართლოში შეტანილ საჩივარზე საუბარს...
_ კი ბატონო...
_ უზენაეს სასამართლოს ასევე ვთხოვეთ კასაციის მიზეზების დასაბუთებაში კიდევ ერთი რამ: აღნიშნული საკითხის გადაწყვეტას დიდი მნიშვნელობა ექნებოდა სასამართლო პრაქტიკისთვის, ვინაიდან მსგავი პრეცედენტი ჯერ არ ყოფილა. ვთხოვეთ, დასაშვებად ეცნოთ საკასაციო საჩივარი, თუმცა უზენაესმა სასამართლომ დაუშვებლად ცნო კასაციის განხილვა და ძალაში დატოვა წინა სასამართლოს მიერ დამდგარი განაჩენი.
_ ე. ი. უზენაესმა სასამართლომ საერთოდ არ განიხილა ეს საკითხი?
_ უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ საქმე არ ექვემდებარება დასაშვებობას რამდენიმე გარემოების გამო. ერთ-ერთი გარემოება არის შემდეგი: საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლოს ჩამოყალიბებისთვის, რასაც ნამდვილად ვერ დავეთანხმები, რადგან ჩვენ საქმე გვაქვს სრულიად ახალ თვითმმართველობის კოდექსთან, სადაც ფრაქციის შექმნა ფორმულირდება განსხვავებულად, შექმნის რეგულაციები განსხვავებულია თვითმმართველობის ძველი კოდექსისგან, შესაბამისად, სასამართლო დავა ამ მუხლთან დაკავშირებით აბსოლუტურად ახალია და გასათვალისწინებელია სასამართლო პრაქტიკისთვის, ვინაიდან ეს ეხება სრულიად ახალ შემთხვევებს და სასამართლო პრაქტიკა შეიძლება ყოფილიყო ძველი თვითმმართველობის კოდექსის შემთხვევებზე. უზენაესი სასამართლო კი უარის მიზეზად ამბობს, რომ საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს, არც სასამართლო განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზირისით.
_ ე. ი. მოსამართლეები თვითმმართველობის ახალ კოდექსს არ იცნობენ?
_ ამ შეკითხვის ადრესატი მე არ გახლავართ, ეს მათ შეეკითხეთ...
_ რა ხდება, ბოლოს ქმნით ფრაქციას?
_ ბუნებრივია, გადაწყვეტილება აღსრულდება, თუმცა მე მაინც მიმაჩნია, რომ ჩვენი საკრებულოს იურიდიული კომისიის მიდგომა ამ საკითხის მიმართ სწორი იყო. შესაბამისად, ვაპირებთ პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივით მივმართოთ, რათა ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 30-ე მუხლში ეს ჩანაწერი დაზუსტდეს და ბუნდოვანი აღარ იყოს...
P. S. ფრაქცია „ძლიერი თელავი“ იქმნება! საერთო პოლიტიკური იდეოლოგიის მქონე სამი სუბიექტი თელავს რით გააძლიერებს, ამაზე სამომავლოდ ვილაპარაკოთ. მთავარი ახლა სხვა რამეა, რატომღაც, აკაკი წერეთლის „ბაში-აჩუკიდან“ ეს ფრაზა გამახსენდა: „გინდ შეიტანე და გინდ გამოიტანე ეს შენი რუმბივით გაგორებული ფალავანი“. რას იფალავნებენ თანაფრაქციელები, ამას მომავალი გვიჩვენებს...
მაკა მოსიაშვილი