QronikaPlus
რატომ არ არის საქართველოში დაცული მომხმარებლების უფლებები?

რატომ არ არის საქართველოში დაცული მომხმარებლების უფლებები?

2016-04-18 10:07:53

მაჟორიტარის არ იყოს, მომხმარებელიც ადამიანია და უფლებები აქვს. რამდენად იცავს საჯარო თუ კერძო დაწესებულებები ამ მოთხოვნებს, ამაზე დაწვრილებით საუბარი ერთ საგაზეთო მასალას კი არა, ტომებს მოითხოვს. ის კი ცხადია, რომ ევროკავშირთან მზარდი ინტეგრაცია არსებული გამოწვევების ეტაპობრივად მოგვარებას შეუწყობს ხელს. მანამდე აღვნიშნოთ პრობლემური ტენდენციები, რასაც ამ სფეროში ვაწყდებით. ყველაზე მძიმე სურათი მაინც გარე ვაჭრობაშია, რომელიც კანონით აკრძალულია, მაგრამ მაინც არსებობს. ბაზრობებზე მალფუჭებადი პროდუქტები ღია ცის ქვეშ იყიდება და ეკონომიკურად გაჭირვებულ ქვეყანაში ამას საშველი არ დაადგა. თეორიული საუბარი რომ არ გამოგვსვლოდა, თანამოქალაქეების გამოკითხვა გადავწყვიტე. ნუგზარ მეტრეველსაც, უპირველესად, გარე ვაჭრობაში არსებული მძიმე მდგომარეობა აღელვებს. მისი შეფასებით, უკონტროლობა-ანტისანიტარიის ბუდე ნებისმიერი ადამიანის ჯანმრთლობასა და სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის: „სადგურის მოედანზე, სასტუმრო თამარის მიმდებარედ, ფარში ვიყიდე. ასეთი გუფთა არასოდეს მიჭამია. ჯერ ხარშვისას რაღაც აუტანელი სუნი ჰქონდა, მთავარი გემოა-მეთქი. თურმე სად ხარ? ოჯახის წევრებმა კერძზე უარი თქვეს და რადგან მე ვიყიდე, თავი გავიგიჟე, _ რას იწუნებთ, აგერ მე შემომხედეთ-მეთქი. მივირთვი, რა მივირთვი, _ ერთ საათი ველოდებოდი, რომ ყოველ წამს მაზიდებდა. გადავრჩი და შემდეგ იმ ე. წ. სავაჭრო წერტილს მივაკითხე. გამოვარკვიე, თურმე, ინდოეთიდან შემოტანილი გაყინული და შემდეგ ადგილზე გალღობილი ხორცი აღმოჩნდა. მოკლედ, ისევ 90-იანურმა გამოცდილებამ გადამარჩინა, თორემ მავანთა „წმინდა ძროხაც“ ვერ მიხსნიდა. ბაზრობებზე ფქვილი, შაქარი, ნამცხვრები ყოველგვარი დაფარვის გარეშე იყიდება. ასევე ზოგიერთ სუპერმარკეტში ვადაგასულ ნახევარფაბრიკატებს ასაღებენ. ხშირად მითითებულია ფასდაკლება და არა გაფრთხილება, რომ პროდუქტს მოხმარების დრო ამოწურული აქვს. კონკრეტულად დასახელება არ მსურს და იქნებ, გაითვალისწინონ და გამოასწორონ. ასევე მაინტერესებს, მოწმდება თუ არა საცხობები. პირადად რამდენჯერმე მქონია შემთხვევა, როდესაც ხაჭაპურის თუ ლობიანის შიგთავსს დაძველება-დამჟავების სუნი ასდიოდა. მაინც და მაინც ვინმე უნდა მოიწამლოს, შესაბამისი სამსახურები გააქტიურდნენ? გეგი მუხაშავრია ელექტროსაქონელში თავის „უბედობაზე“ შემოგვჩივის და მკითხველს აფრთხილებს, რომ შეცდომა მანაც არ დაუშვას: „მეორეჯერ ვიყიდე ელექტროჩაიდანი და ისევ ორ თვეში გამიფუჭდა. ყურადღება მიაქციეთ, თითქმის ყველგან იყიდება  20 ლარის ფარგლებში და სხვადასხვა ფერშია. დუღილისას ავტომატურად ირთვება, მაგრამ რად გინდა? მაქსიმუმ ორ-სამ თვეში გადასაგდებია, ამიტომ თქვენ მაინც გაითვალისწინეთ და ხელს ნუ ახლებთ. რა მექანიზმით შეიძლება მყიდველი ამ დროს დაცული იყოს? ნორმალურად გაკეთებული რომ იყოს, ასე მოკლე ხანში მწყობრიდან ხომ არ გამოვიდოდა?“ მარკეტებში მომსახურების ხარისხი განსხვავებულია. სულ ნეგატივზე რომ ვართ გადართულები, მცირედი ევროპაც დავინახოთ ჩვენს „ფანჯრებში“. მაგალითისთვის, ვახტანგ მენთეშაშვილს „სპარსა“ და „სმარტში“ გამარჯობას და ნახვამდის ეუბნებიან და მისივე თქმით, გაიშვიათებული შეგრძნება ეუფლება, რომ მომხმარებლის გარდა ადამიანიც არის: „თან ყურადღება მიაქციეთ, ამ გამარჯობას ქართულად, ანუ აღრენილად კი არ გეუბნებიან, არამედ ლამაზი გოგონები მოგმართავენ და გიღიმიან კიდეც. ამ ღვთაებრივ პროცესში იმასაც გეკითხებიან, დაგროვებითი ბარათი ხომ არ გაქვთო? ანუ დეკარტისებურად აზროვნებისკენ, მოგების მიღებისკენაც გიბიძგებენ. ადრე თუ გვიან, ევროპა თავისი ფასეულობებით თუ შემოვა ჩვენში, ეს „სმარტის“ კუდრაჭა ოპერატორების დამსახურებაც იქნება და ამისთვის მხოლოდ მადლობა უნდა შევწიროთ“. მაგრამ წერის პროცესში აბსოლუტურ ნეტარებაში რომ არ გადავვარდეთ, ჩვენს „პურის ლუკმა“ ნეგატივს დავუბრუნდები. ამას კი რა გამოლევს ამ „მეოთხე და საუკეთესო წელიწადს“. ელდარ მამიაშვილისთვის, სამწუხაროდ, „უნივერსალის“ ქსელში დაგროვებითი ბარათი არ მოქმედებს და „სალამსაც ვერ აართმევ“. მისივე თქმით, „სპარში“, ერთი შეხედვით, ნორმალური მომსახურებაა, მაგრამ საღამოხანს, პიკის საათებში, მუდმივად მეორე გამყიდველი არ ჰყოფნით. რაც შეეხება მცირე მარკეტებს, მერაბ გოგოლაძის თქმით, ზოგიერთ ადგილას იმდენ სიგარეტს ეწევიან, რომ არამწეველი შეიძლება გაიგუდო: „იქ სურსათის მაგივრად ნიკოტინის დოზა რომ გაეყიადათ, მეტი მოგება ექნებოდათ“. მისივე თქმით, ზოგიერთი მიწისქვეშა გადასავლელის საცხობიდან ბობოლა ვირთხები გამორბიან ხოლმე. ჩვენ შეგნებულად არ ვახმაურებთ რესპონდენტის მიერ დასახელებულ ობიექტებს (მცირე ბიზნესი ისედაც სულს ღაფავს), მაგრამ ფაქტები შემმოწმებლებისთვის ყურადსაღები უნდა გახდეს.  ჯანმრთელობა მთავარია და გადავიდეთ სამამულო მედიცინაში არსებულ რეალობაზე. საყოველთაო დაზღვევა რომ მოსახლეობის არცთუ მცირე ნაწილის ფიზიკურ გადარჩენას უდრის, ამაზე არავის დაობს. ნელი ექვთიმიშვილის თქმით, თუნდაც ექიმთან უფასოდ კონსულტაციაზე მისვლა ადამიანებისთვის დიდი შეღავათის მომტანია: „ამ ჩვენს გათითოკაცებულ ქვეყანაში ბევრს, მაინცდამაინც, არა დასტაქარი, არამედ ნებისმიერი აუდიტორია სჭირდება, თავის გასაჭირზე რომ ესაუბროს“. მისივე თქმით, ბოლო ხანს სადაზღვევო ექიმებთან რიგებმა იმატა და ინფრასტრუქტურა სათანადოდ ვერ უმკლავდება. რესპონდენტს მაგალითად ჭავჭავაძის 37-ში კლინიკა „იუნონა“ მოჰყავს, სადაც კაბინეტები მსუბუქად გადატიხრულია და ჰიპოკრატეს მიმდევრებს გადამეტებულ ხმაურში უწევთ მუშაობა. ცოტნე მამასახლისი კი უფასო კონსულტაციისა და ანალიზებზე გარკვეული შეღავათების ფონზე, მედიკამენტების არნახულ სიძვირეზე ამახვილებს ყურადღებას, რაც მისივე შეფასებით, სამედიცინო რეფორმების ნაყოფს მიუწვდომელს ხდის: „რაღა შორს წავიდე, გავიარე ჩემი დაზღვევის ექიმთან კონსულტაცია. ჩვეულებრივი გასტრიტი დამიდგინეს, მცირე თანმდევი მოვლენებით. სამად სამი წამალი გამომიწერა ექიმმა და იქვე მეუბნება, _ შეგიძლია, მცირე რაოდენობით, ეტაპობრივად იყიდოო. აფთიაქში დამიანგარიშეს და მთლიანობაში ასოც ლარზე ავიდა. ბოდიში მოვუხადე და გამოვედი. გასტრიტის მკურნალობას რომ ამხელა თანხა სჭირდება, ვისაც სერიოზული გასაჭირი აქვს, რა უნდა მოიმოქმედოს? სანამ მედიკამენტებზე რეალური შეღავათები არ დაწესდება, არაფერი გვეშველება“. ნელი მერკვილაძე გვეუბნება, რომ ბოლო დროს სასწრაფო სამედიცინო დახმარების მუშაობა ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. მისივე თქმით, 3-4 საათით დაგვიანებები ლამის ჩვეულებრივი ამბავი გახდა და ხშირად შეხლა-შემოხლის მიზეზია: „მეუღლე შეუძლოდ გახდა და საღამოს ცხრის რაღაც წუთებზე 112-ში დავრეკე. დააფიქსირეს და დაელოდეთ, მოვაო. რომ არ მოგაწყინოთ, რამდენჯერმე დარეკვისა და ხმამაღალი უშედეგო საუბრის შემდეგ შუაღამის პირველ საათზე მირეკავენ და მეკითხებიან, _ მანქანა თავისუფალია და კიდევ გინდათ, რომ მოვიდესო? მეუღლე კი არა, ცოტაღა მაკლდა, ჭკუიდან გადავსულიყავი. ამ დროს მართლა ცუდად იყო, წნევა ჰქონდა და ამ ნიადაგზე გაითიშა, ჩვენს კითხვებზეც ვეღარ რეაგირებდა. მერე გავიგე, რომ ასეთი შემთხვევები ძალიან ბევრს ჰქონია. თქვენი გაზეთის მეშვეობით მივმართავ პირადად ჯანდაცვის მინისტრს: ასეთი რეალობა, ადრე თუ გვიან, ტრაგიკულ შედეგებამდე მიგვიყვანს. ამისთვის აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ პაციენტის სიმძიმე და ადგილზე დროზე მივიდნენ, თორემ ვინ, თუ არა ექიმებმა უნდა იცოდნენ _ წამია წუთისოფელი. იმის მაგივრად, რომ ეკიპაჟები დაამატონ, ზარების გაფილტვრაზე პროფესიონალურად იმუშაონ, სასწრაფოს წარმომადგენლები მოსახლეობისკენ თითს იშვერენ, მადლიერები არ არიანო...“ გიგლა მაჩურიშვილს ბუნებრივი აირი ისე გაუთიშეს, რომ წინასწარ არც გაუფრთხილებიათ. მისი თქმით, ქვითარზე 41 ლარის გადასახადი მიუვიდა, როცა გადახდის აპარატმა 17-ის დავალიანება აჩვენა. მობილურზე მისულმა მოკლე ტექსტურმა შეტყობინებამაც იგივე თანხა დაადასტურა. გადახდის მიუხედავად, გაზი გამოურთეს: „კომპანიის თანამშრომელს ვესაუბრე და რადგან გაურკვევლობა იყო, ვთხოვე ჩაერთოთ და ერთობლივად გაგვერკვია აღნიშნული სხვაობის თაობაზე. მართლაც ჩართო და მეორე დღეს ოფისში მივედი. ამიხსნეს, გაზგაყვნილობის ძველი ვალი გქონდა დარჩენილი და ის დაემატაო. კი ბატონო, გადავიხდი-მეთქი. ამ დროს მეუბნება, _ დამატებით ჯარიმის 5 ლარი გაქვს გადასახდელიო. _ საიდან არის ეს ვალი, როცა თქვენს თანამშრომელს პირადად ვესაუბრე და  გაუგებრობის გამო ჩავართმევინე-მეთქი? _ არა, რადგან ერთხელ გამოირთო, უკვე ჯარიმა დაგეწერათო, _ მაინც გადამახდევინეს. ეს იმ დროს, როცა აღნიშნულ ხუთლარიან ჯარიმაზე არც ქვითარი იწერება, არც არაფერი. დღემდე კაცმა არ იცის, სად მიდის მოქალაქეებისგან წართმეული ეს ფული. იქნებ, სამსახურებმა იმუშაონ ამ პრობლემაზე. სწორედ თქვენს გაზეთში „ყაზტრანსგაზის“ ყოფილი თანამშრომლის ინტერვიუ წავიკითე, სადაც აცხადებს, რომ თავად თანამშრომლებმა არ იციან, სად მიდის ეს ე. წ. ჯარიმის 5 ლარი. ამ შემთხვევაში როდის დაიწყებენ მომხმარებლის უფლების დაცვას? “ მერაბ გრიქუროვი ბოლო დროს წყლის გახშირებულ გათიშვაზე საუბრობს. მისივე თქმით, აქაც პრობლემა ისაა, რომ წინასწარ არავინ გაფრთხილებს და უწყლობასთან უსიამოვნო შეხვედრამ შეიძლება ონკანქვეშ მოგიწიოს: „ცნობილი მულტფილმის გმირი, ბაბაჯანა, უფრო ოპერატიული წყლის მიმწოდებელი იყო, ვიდრე დღევანდელი წყლის კომპანია. როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს უნიათობა? დამეთანხმებით, თუნდაც წინა მთავრობის დროს ასეთი რამ ძალიან იშვიათად ხდებოდა. ჭავჭავაძის გამზირზე რომ ასეთი მდგომარეობაა, წარმომიდგენია, პერიფერიებში რა იქნება“. სამწუხარო თემაა ქართული ბანკების ურთიერთობა მომხმარებელთან. აქ რესპონდენტის პოვნა ნამდვილად არ გაგვჭირვებია, რადგან თანამემამულეთა უმეტესობას სესხის გარეშე თვიდან თვემდე უჭირს ოჯახის სამშვიდობოს გატანა. ამ დროს შედარებით ნორმალური საბანკო კრედიტის აღება უკიდურესად გაძნელებულია და უმეტესობას ე. წ. მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ვიწრო ყულფში აქვს თავი გაყოფილი. სასურსათო და კვების უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ პირველი ეროვნული კვლევის შედეგების თნახმად, მოსახლეობის გარკვეული ნაწილი ფულს სესხულობს, რათა საკვებზე თავისი მოთხოვნილება დაიკმაყოფილოს. ასეთი მოსახლეობის ხვედრითი წილი სოფლად, დაახლოებით, 50-60%-ია. ეს სიღარიბის ზღვარზე და სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ მოსახლეობაზე მიუთითებს. აღნიშნული სტატისტიკა კი ძალიან ბევრ რამეზე მეტყველებს. სოსო გურაშვილმა არაერთხელ მიაკითხა ბობოლა ბანკებს, რომ მისთვის საშუალო ხელფასის საფუძველზე 1500-ლარიანი სამომხმარებლო სესხი მიეცათ. სხვადასხვა საბუთის შევსების შემდეგ უარს ეუბნებოდნენ. ოდესღაც ვიღაცის მიერ „გაშავებული“ იყო და ეს ფაქტორი მოქმედებდა. წლები გადის და ეს „სიშავე“ ვერაფრით ჩამოირეცხა. თან ერთ ბანკთან ურთიერთობა მთელი საფინანსო სისტემის ყურადღების ცენტრში ხვდება. „ბოლოს „საქართველოს ბანკის“ ორასლარიანი ექსპრესკრედიტი ავიღე. პროცენტის ოცი ლარი იქვე დამატოვებინეს. მე კი არა, უმეტესობას გვეგონა, რომ დარჩენილ 180 ლარს თვეშო ოც-ოც ლარობით დავაბრუნებდით. თურმე, ერთ თვეში უნდა დაგვებრუნებინა სრულად ეს თანხა. ხელშეკრულება ისეთი წვრილი შრიფტით იყო დაბეჭდილი, რომ ერთეულების გარდა მაშინ არავის წაუკითხავს, ოპერატორს კი თავი დიდად არ შეუწუხებია კონკრეტული პირობების ახსნით. ამის გამო ვალი დამიგროვდა და ამოღების საპრობლეოში გადამამისამართეს, იმ ყაჩაღების ჭაობს კი თავი დღემდე ვერ დავაღწიე. რის ვაი-ვაგლახით ვალს ფარავ და ბოლოს გეუბნებიან, რომ ისევ გადასახდელი გაქვს. გეფიცებით, ასეთი ძირმომპალი სისტემა არ შემხვედრია. შეხმატკბილებულად მუშაობენ მოსახლეობისგან ბოლო კაპიკების ამოსაძრობად. ამის გამო დამოუკიდებელ ქვეყანაში თავისუფლების ნაცვლად ადამიანებმა თავი მონობაში ამოვყავით და ჩვენი საშველი არ ჩანს“. გურაშვილს ასევე აინტერესებს, ირღვევა თუ არა მომხმარებლის უფლებები, როდესაც ფართომასშტაბიანი, აგრესიული რეკლამებით ე. წ. მიკროსაფინანსო ორგანიზაციები მოქალაქეებს ასტრონომიული პროცენტით სესხს სთავაზობენ: „სად გადის აქ ზღვარი ბიზნესის განვითარების ინტერესსა და მომხმარებლების ელემენტარულ უფლებებს შორის? რატომ არ ხდება ამ დრაკონული სფეროს თუნდაც საკანონმდებლო ჩარჩოებით მოთვინიერება? ამ ფონზე ქვეყანაში თითქმის ყოველი მეორე-მესამე ამ ე. წ. ონლაინსესხების ტყვეობაშია და თავი ვერაფრით დაუღწევია“. შეგვეძლო არაფერი გვეთქვა ტრანსპორტში არსებულ ვითარებაზე, რადგან აქ ყველაფერი ისედაც ყვირის და უკეთესობას ითხოვს. წინა ხელისუფლების პერიოდში შემოყვანილი ავტობუსები მგზავრთა ნაკადს ვერ აუდის. დაჩი არღვლიანი ტრანსპორტში არსებულ გაუსაძლის რეალობაზე საუბრობს: „დღის განმავლობაში ავტობუსები და სამარშრუტო ტაქსები გადატენილია. ცალკე მოვლენაა ეს მონიტორინგის სამსახური, იგივე კონტროლიორები. დაუშვებელია მოხელე ასეთ უღირს პირობებში ამუშაო. რა უფლებით აყენებენ მგზავრის პირისპირ, რომ საფასური წინასწარ გადაახდევინოს? ხშირად ტრანსპორტი გადატენილია და ფიზიკურად შეუძლებელია სალარო აპარატამდე მიახლოება. შედეგად, ადგილი აქვს მუდმივ „კაჩაობას“ და სხვადასხვა მხრიდან „კაი ბიჭობის“ დემონსტრირებას. კონტროლიორის გალახვის რამდენიმე შემთხვევაც დაფიქსირდა. შუა გზიდან ჩამოჰყავთ მოქალაქე და აჯარიმებენ. სად წერია, რომ მგზავრობის დასრულებამდე ვალდებულია, თანხა გადაიხადოს? დომხალია ამ სფეროში და გამკითხავი არავინაა. ასევე სამარშრუტოს მძღოლები მანქანას ისე პირთამდე ავსებენ, რომ სუნთქვა შეუძლებელი ხდება. ვენტილატორს, როგორც წესი, არ რთავენ. ზოგიერთი მძღოლი სიგარეტსაც ეწევა“. რატი შაფათავა ინტერნეტპროვაიდერ „კავკასუს ონლაინის“ მუშაობით უკმაყოფილოა. მისი თქმით, თავის დროზე ჯერ მომსახურება გააძვირეს და მერე ზოგიერთი ტელეარხი ისე ამოაგდეს, რომ მომხმარებლისთვის წინასწარ არაფერი უკითხავთ: „მინიმალური პაკეტის ბოლო, მცირე გაიაფებამდე, ჯერ გააძვირეს და აღმოვაჩინე, რომ სამაუწყებლო ბადეს რამდენიმე საინტერესო არხი დაკლებული ჰქონდა. დავრეკე და კონკრეტულ არხზე ვკითხე, რატომ გამორთეთ-მეთქი? _ შედით მენიუში და ნახავთ, ამ არხზე დამატებით ხუთი ლარი უნდა გადაიხადოთ და ჩაგერთვებათო. კი ბატონო, მაგრამ ტარიფის ცვლილებისას რატომ არ გვაყენებენ საქმის კურსში, რომ მისი კონტენტიც შეიცვლება? იქნებ, არ მაწყობდა ამ შემთხვევაში მათ ქსელში ყოფნა და კონკურენტებთან გადავერთვებოდი? მოკლედ, ისე ჭრიან და კერავენ, როგორც თვითონ აწყობთ, მომხმარებლის ინტერესები კი არც განიხილება“.   ქრონიკა+“ „მომხმარებელთა ფედერაციისთავმჯდომარეს, მადონა კოიძეს ესაუბრება: _ საქართველოში, მთავრობის მხრიდან კონტროლი და ზედამხედველობა მხოლოდ სურსათის უვნებლობაზე ხორციელდება. ამის გარდა, ნებისმიერი სფერო მიტოვებულია და არანაირი კონტროლი არ მიმდინარეობს, ამიტომ მივიჩნევ, რომ ყველა სხვა დარგი სადღეისოდ პრობლემურია, რადგან ხარისხსა და უსაფრთხოებაზე მეთვალყურეობა უკანა პლანზეა გადაწეული. _ სურსათზე კონტროლის თვალსაზრისით რა შედეგები გვაქვს? _ სურსათში კონტროლი რეკომენდაციებისა და მონიტორინგის სახით აღდგენილია და მას სახელმწიფო უწყება ახორციელებს. გარკვეული წინსვლა ნამდვილად არის. ვადაგასული პროდუქციის რეალიზაციის ფაქტები შემცირდა. მაგრამ მერწმუნეთ, რომ სურსათის გარდა, ძალიან ბევრი სხვა საფრთხეები და რისკებია _ ტექნიკის, ფიზიკური ფაქტორების სახით; ასევე მედიკამენტებზე, კონსმეტიკურ საშუალებებში და ა. შ. მაღალია ალერგიების, ვადაგასული პროდუქციის რეალიზაციის რისკი, მომხმარებელი ვერ იღებს შესაბამის ინფორმაციას პროდუქციის ხარისხსა და უსაფრთხოებაზე, ამიტომ არჩევანის გაკეთების უფლება და საშუალება წართმეული აქვს. _ შეუძლებელია არ გკითხოთ გარე ვაჭრობაზე, სადაც ყველაფერი ღიად, გზის პირას იყიდება. ამ პრობლემას რა ეშველება? _ საქართველოში გარე ვაჭრობა ყველაზე მძიმე საკითხია. მივიჩნევ, რომ ეს ჩვენი ყოფის ერთ-ერთი აქილევსის ქუსლია, მაგრამ პრობლემის მოგვარება შესაძლებელია და აქ მთავარი სახელმწიფოს ნება და სურვილია. როგორც ვიცით, არასწორი პარკირებისთვის საჯარიმო სანქციები დაწესებულია, რაც ორას ლარზე ადის. ანუ თუკი მოძრაობას ხელი ეშლება, მძღოლი საკმაოდ დიდ ჯარიმას იხდის. იმის გარდა, რომ სურსათი უკონტროლო და ანტისანიტარიულ პირობებში იყიდება, საფრთხე ექმნება როგორც ქვეითებს, ასევე მძღოლებს. რეალიზაციის ყოველგვარი პირობები უხეშად დარღვეულია. ხორცის, მალფუჭებადი პროდუქციის რეალიზაცია პირდაპირ, ღია ცის ქვეშ მიმდინარეობს, სადაც მანქანის გამონაბოლქვიც უხვად ილექება, ამიტომ ძალიან მაღალი რისკია, რომ მომხმარებლის ჯანმრთელობა დაზიანდეს. იმედია, გარკვეულ პირობებში, როდესაც საარჩევნო პერიოდს გავივლით, მთავრობა ამ საკითხებით დაინტერესდება. კანონი აღსრულდება და გარე ვაჭრობა აღიკვეთება. _ როდის ამოქმედდება მომხმარებელთა ომბუდსმენის ინსტიტუტი? _ მის ამოქმედებას გარკვეული დრო სჭირდება. დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა იყოს და, ალბათ, შემდეგი წლის ბიუჯეტში ამას გაითვალისწინებენ. ვგულისხმობ უშუალოდ ომბუდსმენის აპარატის დაფინანსებას. მაგრამ დანარჩენი მუხლები, რაც ამ სფეროში მომხმარებელს დაიცავს, კანონის მიღებისთანავე ამოქმედდება. _ ევროკავშირთან მზარდი ინტეგრაცია ამ სფეროზე რა გავლენას ახდენს? _ სამაგალითოდ მარტო ევროპის ქვეყნებს არ მოვიყვანდი. გეტყვით, რომ შარშან, ნოემბერში, ბრაზილიაში მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო კონგრესზე ვიყავი. 12 წლის განმავლობაში საქართველომ ამხელა ღინისძიებაზე პირველად მიიღო მონაწილეობა. როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს, ძალიან შემრცხვა, 117-დან ერთადერთი ქვეყანა ვიყავით, ვისაც მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ კანონი არ ჰქონდა. _ უპირველესად, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების დირექტივები ვიგულისხმე... _ ნამდვილად კარგია, რომ ასოცირების ხელშეკრულების სულისკვეთებიდან გამომდინარე საკითხი დაიძრა, მაგრამ მომხმარებელთა უფლებები ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხია. და არც ევროკავშირის, სხვა ნებისმიერი ორგანიზაციისა თუ ქვეყნის მითითება არ უნდა გვჭირდებოდეს იმისთვის, რომ ჩვენი მოსახლეობა და მომხმარებლები დავიცვათ.  

                                                                                                     გელა მამულაშვილი

   

გაზიარება