QronikaPlus
„ქართულმა ოცნებამ“, როგორც ლოკომოტივმა, ვაგონები ჩაიხსნა.!”

„ქართულმა ოცნებამ“, როგორც ლოკომოტივმა, ვაგონები ჩაიხსნა.!”

2016-04-18 10:03:17

ბოლო პერიოდში, ქართულ პოლიტიკურ სივრცეში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა. სააკაშვილის ხელისუფლების მშვიდობიანად წასვლის სურვილით, 2011 წლის ბოლოს გაერთიანებული პოლიტიკური სპექტრი, რომელმაც შემდგომში საპარლამენტო უმრავლესობა შეადგინა, პრაქტიკულად, დაიშალა. როგორია კოალიციის დღევანდელი მდგომარეობა და საარჩევნო სტრატეგია? _ ამ კითხვით „ქრონიკა+“-მა არასაპარლამენტო პარტიების წარმომადგენლებს მიმართა. გიორგი ახვლედიანი _ „დემოკრატიული მოძრაობა“: _ კოალიციის მდგომარეობაზე აღარ არის საუბარი, რამეთუ აღარ არსებობს და ეს ყველამ ერთად გვახარა. ასეც იყო მოსალოდნელი, განსხვავებული იდეოლოგიისა და მსოფლმხედველობის პარტიებისგან, რომლებიც 3 წელიწადია გვაჩვენებენ იმას, რომ არც ერთ სერიოზულ და მნიშვნელოვან საკითხზე შეჯერება არ შეუძლიათ. ეს არც არის გასაკვირი და ასეც იყო მოსალოდნელი, როდესაც ლიბერალი და კონსერვატორი ერთ ბლოკში ერთიანდება, თუ სინდისს არ უღალატებენ, ისინი ვერასდროს შეთანხმდებიან ფუნდამენტურ საკითხებზე. ბოლო პერიოდში, ეს ყველაფერი უკვე ურთიერთსიძულვილში გადაიზარდა. როგორც ჩანს, ეს ბიძინა ივანიშვილმა დაინახა. კოალიციის ასეთი წევრების წარმოჩენა, პირველ რიგში, „ქართულ ოცნებას“ აზარალებს, ძალიან სერიოზულად ექაჩება უკან და ამიტომ გადაწყვიტა, რომ ამ ბალასტისგან ერთგვარად ჩახსნილიყო. „ქართულმა ოცნებამ“, როგორც ლოკომოტივმა, ეს ვაგონები ჩაიხსნა. ერთმნიშვნელოვნად შეიძლება ითქვას, რომ ამით „ქართულმა ოცნებამ“ თავის ამომრჩეველს პოზიტიური გზავნილი გაუგზვნა იმ თვალსაზრისით, რომ „რესპუბლიკელებთან“ დისტანცირება მათ ამომრჩეველს, ბუნებრივია, ეამა და, რა თქმა უნდა, ეს პოზიტიურად შეფასდება და შეფასდა კიდეც. რამდენად მოუტანს ეს პოზიტივს „ქართულ ოცნებას“, სხვა საკითხია იმიტომ, რომ მათ იმ 60%-ზე დაიწყეს ფიქრი, რომელიც გადაუწყვეტელი ამომრჩევლების რიგში აღმოჩნდა. ყველა კვლევა გვაჩვენებს, რომ ძალიან დიდია გადაუწყვეტელი ამომრჩევლების რაოდენობა. რა თქმა უნდა, ამ გადაუწყვეტელების უმრავლესობა ის ადამიანები არიან, რომლებმაც კოალიციას 2012 წელს მისცეს ხმა. იმის გამო, რომ იმედები გაუცრუვდათ, „რესპუბლიკელები“ აღზევდნენ და სხვა საკითხების დისტანცირება მოახდინეს „ქართულ ოცნებასთან“, ახლა ფიქრობენ, რომ ეს ამომრჩევლები უკან დაიბრუნონ. რამდენად შეძლებენ და რამდენად დიდია ზოგადად მაჩვენებელი ამ 60%-ში, არა მგონია, დიდი მასა იყოს, თუმცა რაღაც პროცენტში პოზიტივი იქნება. სხვა პრობლემა დგას _ ეს არის უმრავლესობის შენარჩუნების საკითხი, კოალიცია დაიშალა, ყველა პარტია ცალ-ცალკე მიიღებს მონაწილეობას თუ ერთად არჩევნებში, ეს სხვა საკითხია, მაგრამ ცალ-ცალკე ამ კოალიციის სახელით აღარ მიიღებენ მონაწილეობას, ეს ერთია, მაგრამ მეორეა საპარლამენტო მუშაობა. ასეთ შემთხვევაში, პრობლემა ხელისუფლებას უდგას, მთავრობას, რადგან პარლამენტის ნდობაა ის, რაც მათ ლეგიტიმაციას აძლევს. შესაბამისად, თუ უკვე უმრავლესობა დაიშალა და პარლამენტში თავისი მხარდამჭერი უმრავლესობა აღარ ეყოლება, მაშინ, ძალიან დიდი ალბათობით, მთავრობას ეს ნდობა აღარ ექნება და, სავარაუდოდ, მხარს აღარ დაუჭერენ. ვადამდელი არჩევნები არ ჩატარდება საპარლამენტო არჩევნებამდე 6 თვით ადრე, მაგრამ მთავრობა ძალიან მძიმე მდგომარეობაში იქნება იმ თვალსაზრისით, რომ ტაქტიკურად ლეგიტიმაციის გარეშე, ფეხმოტეხილი დარჩება, რომელთან დაკავშირებითაც მუდმივად იქნება საუბარი იმაზე, რომ აქვს კი უფლება და სანდოობა, რომ ასეთ ვითარებაში გადაწყვეტილებები მიიღოს? ოპოზიციის მხრიდან, ზედაპირზე მილიონი პოლიტიკური ბრძოლის მექანიზმი ამოტივტივდება და ერთმნიშვნელოვნად დააზარალებს „ქართულ ოცნებას“. „ქართულმა ოცნებამ“ რამდენიმე პროცენტი კი მოიგო იმით, რომ „რესპუბლიკელებს“ გაემიჯნა, მაგრამ თუ არჩევნებამდე 6 თვით ადრე წარმოჩინდება ის, რომ „ქართულ ოცნებას“ ხელისუფლების შენარჩუნების შნო და უნარიც კი აღარ გააჩნია, ეს მისთვის გაცილებით მეტი ზარალის მომტანი იქნება, ვიდრე ის რამდენიმე პროცენტი პოზიტივი. ამიტომ მიდის ახლა გაცხოველებული ვაჭრობა და ერთგვარი მცდელობა, რომ როგორმე „ქართული ოცნების“ შენარჩუნება მოხერხდეს. „ფორუმის“ განცხადების შემდეგ ეს თემა კიდევ უფრო გართულდა, „რესპუბლიკელებს“ თუ შევხედავთ, მათი მდგომარეობა სასაცილოა, რადგან ცდილობენ, საზოგადოებას ისეთი რამ მოგვაწოდონ და მაპატიეთ ამ სიტყვაზე, შემოგვტენონ, რასაც არავინ შეიტენის და არც არავინ ჭამს: რომ „რესპუბლიკელები“ იქნებიან ხელისუფლებასთან თანამშრომლობის რეჟიმში, კოალიციაში აღარ იქნებიან, მაგრამ იმავდროულად იქნებიან კონკურენციის პირობებში, თან იმავდროულად მინისტრები ეყოლებათ, ეს აბსურდია და ესენი სჯობია, ერთმანეთს მოუყვნენ ძილის წინ. ეს არის მცდელობა, რაღაც დონეზე გადააგორონ და მაქსიმალურად შეინარჩუნონ მინისტრები, მაგრამ ეს რომ დიდი ხანი არ გაგრძელდება, ყველას კარგად ესმის. რაც შეეხება კონკრეტულად არჩევნებზე არსებულ სიტუაციას, „ქართულმა ოცნებამ“, ლოკომოტივმა, ჩაიხსნა ეს ვაგონები, რომლებზედაც ფიქრობდა, რომ, ერთი მხრივ, ამძიმებდნენ, მის სვლას ანელებდნენ, მეორეც, ახარჯინებდნენ რესურსს და მესამე, _ ამ ვაგონებში ხალხი აღარ არის და აღარავის უნდა ასეთი მგზავრობა. შესაბამისად, ეს ყველაფერი იმის მიზეზი გახდა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ეს 4 ვაგონი ჩახსნა, თვითონ ბარიერის გადალახვის პრობლემა, ბუნებრივია, არ აქვთ, მაგრამ ამ 4 ვაგონს რა ბედი ელის, თვითონ უნდა გადაწყვიტონ. ჯერჯერობით, ბაქიბუქობენ და გულზე მჯიღს იცემენ. ხელისუფლების გემო გაიგეს და ფიქრობენ, რომ რეიტინგის გემოც არის, მაგრამ, ალბათ, მალე მოვლენ რეალობის ფარგლებში და იმაზე ფიქრს დაიწყებენ, სად იპოვონ ახალი ლოკომოტივი.   გიორგი გუგავა _ „ლეიბორისტული პარტია“: _ ხელისუფლება ჩამოშლილია, აქედან გამომდინარე, ვუყურებთ, როგორ დაიშალა ფულით შეკოწიწებული კოალიცია. ამ კოალიციის მოქმედების შედეგია დანგრეული ეკონომიკა, გაღატაკებული ქვეყანა, კატასტროფული სოციალური ფონი, ოკუპირებული ტერიტორიების გაზრდა და შემოღობვა, არც ერთი იმ დანაპირების შესრულება, რომელიც უხვად ჩამოარიგეს და უნდა დაშლილიყო! როგორც ხედავთ, პარტიები, რომლებიც, თავის დროზე, ბატონმა ივანიშვილმა ფულით იყიდა, მისი სრული დისკრედიტაცია მოახდინა, ისე მოიშორა და წერტილი დაუსვა მათ რეალურ არსებობას პოლიტიკაში. შეიძლება ისინი ცოტა ხანი შერჩნენ პოლიტიკურ არენას, მაგრამ, ბუნებრივია, მათი გავლენა საზოგადოებაზე მინიმალური იქნება. საზოგადოებამ კარგად ნახა, ამ პარტიებისთვის კოალიცია იდეა კი არა, ფულის მანქანა იყო. რაც შეეხება არჩევნებს, მასზეა დამოკიდებული როგორც „ქართული ოცნება“, ასევე მისი სატელიტი და ახლად გაბუტული პარტიები, რომ რაიმე შედეგს მიაღწიონ.   გოჩა თევდორაძე _ „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“: _ ფაქტობრივად, კოალიცია დაიშალა. მიუხედავად იმისა, რომ 88 კაცი იყო უმრავლესობაში, დღეს უკვე 6-კაციანი ფრაქცია აკლდება. ვხედავდით ბოლო პერიოდში, რომ პარლამენტში კვორუმის შეკრება ჭირდა, თავისთავად ცხადია, პარლამენტის მუშაობის პარალიზება მოსალოდნელია, ან საერთოდ უნდა გააჩერონ ყველა დელეგაციის მუშაობა, იმიტომ, რომ, რეალურად, ყველა საპარლამენტო სხდომის დროს რამდენიმე უცხოეთში გასამგზავრებელი დელეგაცია მაინც მუშაობს, ბრიუსელში, სტრასბურგში თუ სხვაგან და ამ პირობებში კვორუმის შეკრება ძნელი იქნება. რაც შეეხება იმას, რომ პარტიები ცალკე გამოვლენ მომავალ არჩევნებზე, ეს, ალბათ, „ქართული ოცნებისთვის“ გარკვეული პოზიტივის მომტანია, გარკვეულწილად, მაგრამ კოალიციაში შემავალი სხვა პარტიებისთვის ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი, ფაქტობრივად, ბარიერის მიღმა დარჩნენ. დღეს ვერ ვხედავ, რომ რომელიმე პოლიტიკურ ძალას, რომელიც „ქართული ოცნების“ კოალიციაში შედიოდა, რეალურად ჰქონდეს საქართველოს მოსახლეობის ნდობის მანდატი იმ ოდენობით, რომ ბარიერი გადალახონ და პარლამენტში მოხვდნენ. კახა კალაძის განცხადება მოვისმინე, თითქოს არჩევნების შემდეგ აპირებენ კოალიციის შექმნას, მაგრამ თუ ეს პარტიები პარლამენტში არ იქნებიან, თავისთავად კოალიცია არ შედგება. ვფიქრობ, სხვა პოლიტიკურ ძალებს უფრო ეძლევათ ბარიერის გადალახვისა და პარლამენტში წარმოდგენის ასპარეზი. რაც შეეხება „საქართველოს პატრიოტთა ალიანსს“, რომელსაც მე წარმოვადგენ, ამ პოლიტიკურ ძალას კოალიციის ერთობის, ან დაშლის შემთხვევაში, ბარიერის პრობლემა თავისთავად არ აქვს და ვფიქრობთ, ჩვენი პარტია უფრო მრავალრიცხოვნად იქნება წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტში, რომელიც, გარკვეულწილად, საპარლამენტო უმრავლესობის შექმნისა და მთავრობის დაკომპლექტების პროცესის განმსაზღვრელი იქნება.   მამუკა კაციტაძე _ „ახალი მემარჯვენეები“: _ კოალიცია დაიშალა ფორმალურადაც. ეს დაშლის პროცესი კარგა ხანია, იკითხებოდა, უბრალოდ, არჩევნების მოახლოებამ და შიდაკოალიციურმა დაპირისპირებამ 2016 წლის ინტერესებთან დაკავშირებით, ვგულისხმობ როგორც საარჩევნო სიას, ასევე მაჟორიტარებს, ეს ყველაფერი დააჩქარა. ის, რაც აქამდეც იკითხებოდა, ნათელი იყო და ძალიან მწვავე კოალიციურმა დაპირისპირებებმა არაერთი მაგალითი დაგვანახვა. ასეა თუ ისე, არჩევნებამდე 6 თვით ადრე, საქართველოს ისტორიაში პირველად, მივიღეთ მოცემულობა, როდესაც პარლამენტში, ხაზს ვუსვამ, არც ერთ პოლიტიკურ ძალას _ არც პარტიას და არც კოალიციას, უმრავლესობა აღარ გააჩნია. ის, რომ მიდის საუბარი, არჩევნებამდე რაღაც პასუხისმგებლობა მაინც გვაქვს და ვინარჩუნებთ ერთიანობასო, ეს ყველაფერი სიტყვების თამაშია, გარკვეულწილად კიდევ შენარჩუნება იმ სიკეთეებისა, რაც კოალიციამ ცალკეულ პოლიტიკურ პარტიებს მოუტანა. თუმცა მგონია, რომ ეს ვერ გაატანს აგვისტომდე და ის, რაც „ეროვნულმა ფორუმმა“ გააკეთა და დღესვე დატოვა კოალიციის რიგები, კოალიციის სხვა პოლიტიკური სუბიექტებიც განახორციელებენ და თავად პარტია „ქართული ოცნებაც“. გულწრფელად ვიტყვი, ჩემთვის უფრო მოულოდნელი იყო, თავის დროზე, ასეთი ტიპის ეკლექტური კოალიციის შექმნა, ვიდრე მისი დაშლა, იმიტომ, რომ აბსოლუტურად უფუნდამენტო და უსაფუძვლო კოალიცია შეიქმნა 2011 წლის მიწურულს, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის. „ქართულ ოცნებას“ აერთიანებდა ორი რამ _ ერთი, ეს იყო ყოფილი ხელისუფლებისა და, კონკრეტულად, სააკაშვილისადმი ზიზღამდე მიყვანილი დამოკიდებულება, ამას დაეყრდნო „ქართული ოცნება“ და მეორე მხრივ, ბიძინა ივანიშვილის ძალიან დიდი ფინანსური რესურსები. როცა ასეთ ფუნდამენტზე დგება პოლიტიკური კოალიცია და შემდეგ მას პრეტენზია თუ ილუზია აქვს, რომ ამ ფორმით მართოს ქვეყანა, ბუნებრივია, იგი კრახით მთავრდება. მთავრდება ისე, როგორც დამთავრდა, უბრალოდ, ამ ყევლაფერს მიანიშნებს პოლიტიკური ლოგიკა, რაც იმთავითვე, როგორც აღვნიშნე, იკითხებოდა. ეს არის მოცემულობა, ერთმნიშვნელოვნად ცუდი, იმიტომ, რომ მსოფლიოს მთელ რიგ ქვეყნებში ხდება ისე, რომ არჩევნების შემდგომ ვერც ერთი პარტია ვერ იღებს უმრავლესობას, შემდეგ შიდასაპარლამენტო კოალიცია იქმნება, ფუნქციონირებს და მოქმედებს. ჩვენთან პირიქით მოხდა, არჩევნებამდე შეიქმნა კოალიცია, უფლებამოსილების განხორციელების ვადებში ძალიან ბევრი წინააღმდეგობაც განხორციელდა შიგნით კოალიციაში და არჩევნებამდე 6 თვით ადრე კრიზისული კონფიგურაცია მივიღეთ შიდასაპარლამენტო ძალებს შორის. მოცემულობაა და პოლიტიკოსის ვალდებულება ისიც არის, რომ ეს სწორად აღიქვას, თუმცა, როგორც იტყვიან, ზოგი ჭირი მარგებელიაო, ამ ცვლილებამ შექმნა უფრო გარკვეული ფართო სივრცე როგორც ცალკეული პარტიებისთვის, რომლებიც პარლამენტში არიან, ასევე იმათთვის, რომლებიც პარლამენტში არ ვართ. ეს სივრცე ორ თემას ეხება _ ერთი მხრივ, კარგა ხნის წინათ დაწყებულ და ახლა გადამწყვეტ ფაზაში შესულ პროცესს, რომელიც საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას ეხება და, მეორე მხრივ, ბუნებრივია, ეს ეხება ახალი კონფიგურაციების შექმნას 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამ ყველაფრის მიზეზი იყო უფუნდამენტო, უსაფუძვლო ნიადაგი პოლიტიკური კოალიციისათვის, ბუნებრივია, პასუხისმგებლობა მათზეა და ასევე ამ საქმეში არის ადამიანი, რომლის სახელსაც უკავშირდება კოალიციის შექმნა და რომელიც სულისჩამდგმელი იყო ამ კოალიციისა. კოალიცია „ქართული იცნება“ ნამდვილად დარჩება უახლეს ქართულ ისტორიაში, როგორც პოლიტიკური ძალა თავისი პოზიტივებითა და ნეგატივებით. პოზიტივი არის ერთადერთი, რაც დაფიქსირდა 2012 წლის პირველ ოქტომბერს, ანუ არაკონსტიტუციური და არაკანონიერი გზების გარეშე შეიცვალა ყოფილი ხელისუფლება, რომელიც აუცილებლად უნდა შეცვლილიყო. ნეგატივები ბევრია, ამაზე არც თქვენ წაგართმევთ დროს და არც საზოგადოებას.  

                                                                                                    თამარ ბატიაშვილი

 

გაზიარება