QronikaPlus
„საქნახშირის“ შეთავაზებული კონტრაქტი კაბალურ და კანონშეუსაბამო დათქმებს შეიცავდა?

„საქნახშირის“ შეთავაზებული კონტრაქტი კაბალურ და კანონშეუსაბამო დათქმებს შეიცავდა?

2016-04-14 11:03:33

ამ დღეებში „საქნახშირი ჯი-აი-ჯი ჯგუფმა“ დასაქმებულებისთვის ხელშეკრულების ახალი პირობების შეთავაზების საკითხზე განცხადება გაავრცელა. „საქნახშირში“ ამბობენ, რომ კომპანიასა და დასაქმებულებს შორის შეთანხმება, რომლის ძირითადი პირობა დასაქმებულებისთვის ეტაპობრივად სახელფასო განაკვეთის 10%-მდე გაზრდა იყო, მხარეთა შორის შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებას საჭიროებს. კომპანიის ადმინისტრაციამ დასაქმებულებთან და პროფკავშირების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა, სადაც შეჯერდა პოზიცია, რომ უახლოეს დღეებში ახალი ხელშეკრულება დეტალურად დამუშავდება. „2016 წლის 29 თებერვალს შპს „საქნახშირი ჯი-აი-ჯი ჯგუფსა“ და დასაქმებულებს შორის შეთანხმება გაფორმდა, რომლის ერთ-ერთი ძირითადი პირობა იყო სახელფასო განაკვეთების ეტაპობრივად გაზრდა, რაც ჯამურად 10%-ით უნდა მომხდარიყო არა უგვიანეს 2016 წლის პირველი აპრილიდან. გამომდინარე იქიდან, რომ სახელფასო განაკვეთების ფაქტობრივად გაზრდა მხარეთა შორის გაფორმებულ შესაბამის შრომით ხელშეკრულებებში ასახვას საჭიროებს, კომპანიამ შეიმუშავა და დასაქმებულებს ხელშეკრულებების ახალი პროექტები შესთავაზა, რომლებიც სრულ შესაბამისობაშია საქართველოს მოქმედ კანონმდებლობასთან. შრომითი ხელშეკრულებების დასაქმებულთათვის გაცნობა და წარდგენა განხორციელდა მათი სამუშაო ცვლების შესაბამისად (რიგ შემთხვევაში ღამის საათებშიც), რადგანაც სამუშაო პროცესი კომპანიაში უწყვეტად, 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. 2016 წლის 23 მარტს შედგა შეხვედრა კომპანიის ადმინისტრაციას, დასაქმებულთა ნაწილსა და პროფკავშირების წარმომადგენლებს შორის, რომლის ფარგლებშიც ადმინისტრაციამ საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდა ბოლო 3 კვირის განმავლობაში გატარებული კონკრეტული ღონისძიებების თაობაზე უსაფრთხოების ნორმებისა და ტექნიკის შეძენასთან დაკავშირებით, მათ შორის, გარემონტებული და ბოლო კვირების განმავლობაში ახლად შეძენილი ელმავლების, ძვირადღირებული კომბაინების შეძენის, ფეთქი ნივთიერებებების საწყობის მოდერნიზაციის, ძიძიგურის შახტაში მიმდინარე სარემონტო სამუშაოების, ამავე შახტის სასადილოს ფუნქციების აღდგენისა და სხვათა შესახებ. შეხვედრაზევე შეჯერდა პოზიცია, რომ უახლოეს დღეებში ახალი შრომითი ხელშეკრულებები დეტალურად დამუშავდება, მოქმედ შრომის კოდექსთან სრული შესაბამისობა დადასტურდება და საბოლოო რედაქცია შეთანხმდება. ახალი შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება წარმოადგენს ერთმნიშვნელოვან საფუძველს დასაქმებულთათვის გაზრდილი სახელფასო განაკვეთების ანაზღაურებისთვის და ისინი შრომის კოდექსის არც ერთ პირობასთან წინააღმდეგობაში არ მოდის, ამასთანავე, დასაქმებულთა უფლებებს არ ზღუდავს“, _ ნათქვამია კომპანიის განცხადებაში. თავის მხრივ, საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირი იძულებულია, კიდევ ერთხელ გამოეხმაუროს შპს „საქნახშირის“ („ჯი-აი-ჯი ჯგუფი“) ადმინისტრაციის წარმომადგენლის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ თითქოს კომპანიის მიერ შეთავაზებული შრომის კონტრაქტი არ შეიცავდა მაღაროელებისთვის „კაბალურ“, უფლებების შემზღუდავ და კანონშეუსაბამო დათქმებს: „კომპანიის წარმომადგენელი ასევე აცხადებს, რომ მაღაროელებს საშუალება ჰქონდათ, შრომის კონტრაქტის ნიმუშს გასცნობოდნენ და ისე მოეწერათ ხელი, ხოლო პროფკავშირის მიმართ გაკეთებულ საპასუხო წერილში წერს, რომ დასაქმებულებს განემარტათ, შრომის კონტრაქტზე ხელის არმოწერის შემთხვევაში რა სამართლებრივი შედეგები შეიძლება დადგეს“. პროფკავშირები „ქრონიკა+“-თან განმარტავენ, რომ სინამდვილეში ყველაფერი ასე იყო: _ მაღაროელებს ძალიან წვრილი შრიფტით დაბეჭდილი შრომის კონტრაქტის ნიმუში მიუტანეს და უთხრეს, _ თუ კონტრაქტს ხელს არ მოაწერ, მიმდინარე ხელფასი არ ჩაგერიცხებათო. ეს არის მუქარა და არა განმარტება შრომის კონტრაქტზე ხელის არმოწერის შემთხვევაში შესაძლო სამართლევრივი შედეგების შესახებ. თუ კომპანიას უნდა, რომ 2016 წლის 29 თებერვლის შეთანხმებით აღებული ვალდებულება შეასრულოს და მუშებს მომატებული ხელფასი დაურიცხოს, მას უფლება და შესაძლებლობა აქვს, რომ სპეციალური ბრძანება გამოსცეს ამ საკითხთან დაკავშირებით და საჭირო არ გახდეს მუშებთან შრომის კონტრაქტების გაფორმება ფორსირებულ რეჟიმში და არათავისუფალ გარემოში. კონტრაქტის ნიმუშში წერია, რომ შრომის შინაგანაწესი და თანამდებობრივი ინსტრუქცია შრომის კონტრაქტის განუყოფელი ნაწილია და კონტრაქტზე ხელმოწერით დასაქმებული ადასტურებს, რომ გაეცნო ზემოთ აღნიეშშნულ დოკუმენტებს და ეთანხმება მას. ე. ი. მაღაროელი სანამ კონტრაქტზე ხელს მოაწერს, წაკითხული, გააზრებული და შეფასებული უნდა ჰქონდეს 20 გვერდზე მეტი ნაბეჭდი მასალა, რის გაკეთებაც სამუშაო ადგილზე შეუძლებელია. არადა, დაფიქსირდა არაერთი ფაქტი, რომ მაღაროელებს ხელმოსაწერად მხოლოდ შრომის კონტრაქტის ნიმუში მიუტანეს და მათთვის არავის უჩვენებია დანარჩენი დოკუმენტები. როდესაც მაღაროელმა კონტრაქტის გაცნობის მიზნით მისი სახლში წაღება ითხოვა, ადმინისტრაციის წარმომადგენლებისგან უარი მიიღო. კაბალური პუნქტები: 8.4. ხელშეკრულებაზე ხელმოწერით დასაქმებული ადასტურებს, რომ ხელშეკრულებასთან ერთად იგი გაეცნო 01.03.2016-ში დამტკიცებულ შინაგანაწესს და სრულად ეთანხმება ყველა პუნქტს, მისთვის შინაგანაწესის არც ერთი დებულება არაა ბუნდოვანი და იღებს ვალდებულებას, შრომითი ურთიერთობა წარმართოს განსაზღვრული ვალდებულებებისა და წესების შესაბამისად; 8.5. წინამდებარე ხელშეკრულებაზე ხელმოწერით მხარეები, აგრეთვე, აღნიშნავენ და ადასტურებენ, რომ მათ ერთმანეთის მიმართ არ გააჩნიათ რაიმე სახის დავალიანება, ან სხვა ვალდებულება (და არც მომავალში გამოთქვამენ აღნიშნულთან დაკავშირებით რამე სახის პრეტენზიას), რომელიც შესაძლოა წარმოშობილიყო წინამდებარე ხელშეკრულების ძალაში შესვლის თარიღამდე მოქმედი სამართლებრივი ურთიერთობებიდან, გაფორმებული როგორც მხარეებთან, ასევე მხარეთა სახელით მოქმედ სხვა მესამე პირებთან; 8.6. წინამდებარე ხელშეკრულების ძალაში შესვლის თარიღიდან უქმდება ყველანაირი ზეპირი თუ წერილობითი შეთანხმება, ხელშეკრულება და სხვა სამართლებრივი დოკუმენტი, რომელიც დაკავშირებული იყო მხარეთა შორის შრომითი ურთიერთობების მოწესრიგებასთან და წინამდებარე ხელშეკრულება (დანართების ჩათვლით) წარმოადგენს ერთადერთ სამართლებრივ დოკუმენტს მხარეთა შორის შრომითი პირობებისა და უფლება-მოვალეობების განსასაზღვრად. ე. ი. შრომის კონტრაქტის ამ ნიმუშზე ხელმოწერით ძალას კარგავს 2011 წლის 3 თებერვლისა და 2016 წლის 29 თებერვლის პროფკავშირთან დადებული შეთანხმებები. სწორედ ეს იყო მიზეზი იმისა, რომ მაღაროელებმა უკმაყოფილება გამოთქვეს და პროფესიულ კავშირს ამ საკითხის დარეგულირება სთხოვეს. შესაბამისად, 23 მარტს შედეგა საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის წარმომადგენლების შეხვედრა ადგილობრივი პროფკავშირის კომიტეტთან და კომპანიის გენერალურ დირექტორთან. მიღწეული შეთანხმების შესაბამისად კომპანიისა და პროფკავშირის იურისტების პირველი შეხვედრა „ჯი-აი-ჯი ჯგუფის“ თბილისის ოფისში დაიგეგმა. შეხვედრის მიზანია შრომის კონტრაქტისა და შრომის შინაგანაწესის ისეთი პროექტების მომზადება, რომელიც კანონთან შესაბამისობაში იქნება და მასში ორივე მხარის ინტერესებს გაითვალისწინებენ. საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირი კიდევ ერთხელ მოუწოდებს კომპანიას, რომ მომავალში აღარ განმეორდეს მსგავსი ფაქტები და ინდივიდუალური და კოლექტიური შრომითი ურთიერთობები ემყარებოდეს ურთიერთპატივისცემის, ნდობისა და თანასწორუფლებიანობის პრინციპებს, რათა დამსაქმებელსა და დასაქმებულებს შორის რეალურად დამყარდეს სოციალური პარტნიორობის ფორმატი.   ქრონიკა+“-მა მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირის თავმჯდომარეს, თამაზ დოლაბერიძეს, რამდენიმე კითხვა დაუსვა: _ ბატონო თამაზ, რა შედეგებით დასრულდაჯი-აი-ჯი ჯგუფისთბილისის ოფისში პირველი შეხვედრა? _ „ჯი-აი-ჯი ჯგუფის“ ოფისში პარასკევს გამართულ შეხვედრაზე კომპანიის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობდნენ: პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე გოჩა ალექსანდრია, მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის ვიცე-პრეზიდენტი თეიმურაზ გვენეტაძე და პროფკავშირის იურიდიული დეპარტამენტის იურისტი თამარ სურმავა. შეკრებაზე განიხილეს კომპანიის მიერ დასაქმებულებისთვის შეთავაზებული შრომის ახალი კონტრაქტების ის პრობლემური დეტალები, რომლებიც პროფკავშირმა გააპროტესტა. კომპანიის ადმინისტრაციამ პროფკავშირისგან კონტრაქტებში არსებული კაზუსებისა და შეუსაბამობების შესახებ ინფორმაცია მოისმინა და მხარეებმა მოილაპარაკეს, რომ პროფკავშირი შრომის კონტრაქტის ნიმუშს შეიმუშავებს, უახლოეს ხანში კი მეორე მხარეს გადაუგზავნის, რაზედაც შემდგომ ადმინისტრაცია საკუთარ განმარტებებს გააკეთებს. წინასწარი შეთანხმების მიხედვით, 4-5 სამუშაო დღეში მხარეები შრომის კონტრატის პროექტზე მუშაობას დაასრულებენ. _ რა აიძულებს კომპანიას, რომმომავალში აღარ განმეორდეს მსგავსი ფაქტები და ინდივიდუალური და კოლექტიური შრომითი ურთიერთობები ემყარებოდეს ურთიერთპატივისცემის, ნდობისა და თანასწორუფლებიანობის პრინციპებს, რათა დამსაქმებელსა და დასაქმებულებს შორის რეალურად დამყარდეს სოციალური პარტნიორობის ფორმატი“?.. _ დამსაქმებელი და დასაქმებული აბსოლუტურად განსხვავებული ფსიქოლოგიისა და განსხვავებული ინტერესების მქონე ჯგუფები არიან და მათ შორის „კონფლიქტი“ მუდმივად არსებობს. ასევე, იქიდან გამომდინარე, რომ ტყიბულში ქვანახშირის მოპოვების პროცესი ქალაქწარმომქმნელი პროცესია და ტყიბულის რაიონის ეკონომიკა და მოსახლეობის ყოფაცხოვრება მჭიდროდ არის მასთან ინტეგრირებული, ამისათვის აუცილებელია, რომ მთავრობის შესაბამისი სტრუქტურები იღებდნენ პასუხისმგებლობას იმაზე, რომ დროულად და ეფექტიანად ამუშავდეს შრომის კოდექსით და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის რეკომენდაციებით განსაზღვრული მექანიზმები: _ სოციალური პარტნიორობის სამმხრივი სახელმწიფო კომისია, შრომის ინპექცია და მედიაციის სამსახური. ყოველივე ზემოთქმულის გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში, დამსაქმებლის იძულების მცდელობას მაღაროელების მხრიდან ყოველთვის მოჰყვება ისეთივე მტკივნეული პროცესები, რაც თებერვალში განვითარდა. _ როგორია თქვენი პოზიციამემარცხენე ალიანსისსაკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით? კერძოდ, მათი ინიციატივებია: საქართველოს შრომის კოდექსით აიკრძალოს ყოველგვარი შრომითი ურთიერთობა, რომელიც არ არის შეთანხმებული წერილობით, თუ სამუშაო მოიცავს „შრომის კოდექსით“ დადგენილ 1 (ერთ) სამუშაო კვირაზე მეტ დროს; საქართველოს შრომის კოდექსით განისაზღვროს ყოველგვარი (მათ შორის ზეგანაკვეთური) შრომის საათობრივი ანაზღაურების ფიქსირებული, სავალდებულოდ მინიმალური ოდენობა; საქართველოს შრომის კოდექსით განისაზღვროს შრომის საათობრივი ანაზღაურებიდან გამომდინარე შრომის ანაზღაურების არა ყოველთვიურად, არამედ ყოველკვირეულად დაანგარიშებისა და გადახდის წესი; შრომის კოდექსით შრომის საათობრივი ანაზღაურების ფიქსირებული, სავალდებულოდ მინიმალური ზღვარი განისაზღვროს საარსებო მინიმუმის ხუთმაგი ოდენობიდან; შრომის კოდექსი ცნობდეს ტერმინებს „ინფლაცია“ და „ინდექსაცია“; შრომის კოდექსით განისაზღვროს დამსაქმებლის პასუხისმგებლობა და დასაქმებულის ინტერესების დაცვის გარანტიები იმ შემთხვევაში, თუ ინფლაცია ან/და სხვა შეცვლილი გარემოება არსებითად შეამცირებს ხელშეკრულებით გათვალისწინებული შრომის საათობრივი ანაზღაურების ოდენობას, რაც გააუარესებს დასაქმებულის მდგომარეობას. _ მემარცხენე ალიანსის მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით ნაკლებ ინფორმაციას ვფლობთ, რადგან არ ვყოფილვართ ჩართული მისი მომზადების პროცესში. ალიანსის წარმომადგენლებს ჩვენთან კომუნიკაცია არ დაუმყარებიათ, შესაბამისად, არ ყოფილა რეკომენდაციები, შენიშვნები, ან მოსაზრებების გაცვლა. ყოველივე ამის გათვალისწინებით მოკლებული ვართ შესაძლებლობას, კომენტარი გავაკეთოთ „მემარცხენე ალიანსის“ კანონპროექტზე. ამავე დროს, უნდა აღვნიშნოთ, რომ საქართველოს პროფესიული კავშირების ძალისხმევით უკვე შევიდა ცვლილება საგადასახადო კანონმდებლობაში, რის შედეგადაც ტყიბულელებს 2015 წლის 31 დეკემბრამდე არსებული შეღავათები დაუბრუნდათ; ამავე დროს, პროფკავშირის მიერ ასევე მზადდება ახალი საკანონმდებლო ინიციატივა შახტებსა და მაღაროებზე დასაქმებული ადამიანების საპენსიო ასაკის დაწევასთან დაკავშირებით.  

                                                                                                       გელა მამულაშვილი

 

გაზიარება