QronikaPlus
ბაზარი, ვაგზალი და გახუნებული „ოცნება“ ზუგდიდში

ბაზარი, ვაგზალი და გახუნებული „ოცნება“ ზუგდიდში

2016-04-14 10:46:02

მახსოვს, როცა სასკოლო ასაკის ვიყავი, ჩემი მშობლიური ზუგდიდის ცენტრში საყვარელი, პატარა მდინარე ჩხოუშის („ჩხოუ“ მეგრულად ძროხას ნიშნავს, „ჩხოუში“ _ „ძროხისა“, _ ლ. ფ.) ხიდთან ძალიან დიდი ბილბორდი იყო და ეწერა: „გადავაქციოთ ზუგდიდი სანიმუშო დისციპლინისა და წესრიგის ქალაქად!“ ეს წარწერა, ფოთის თეატრის გუმბათისა არ იყოს, თითქმის ყველა ცენტრალური ქუჩიდან ჩანდა. „ქართულმა ოცნებამ“, ზუგდიდში ხელისუფლების სათავეში მოსვლისთანავე, მაინცდამაინც ეს ბილბორდი დააბრუნა, ოღონდ ერთი სიტყვა შეცვალა და „დისციპლინის“ ნაცვლად „სისუფთავე“ ჩასვა. თითქოს ცუდი რა უნდა იყოს იმაში, რომ ადგილობრივი ხელისუფლება სისუფთავისკენ მოგიწოდებს, მაგრამ ეს კომუნისტური ჟღერადობის ემბლემით ხელისუფლებაში მოსვლა ბევრს ძველის დაბრუნებად ენიშნა და ზუგდიდში მაშინ ამბობდნენ, ესენი „ნაციონალების“ გაკეთებულს ყველაფერს გადაუვლიან და ძველს დააბრუნებენო. ისე აგიხდეთ ყველაფერი კარგი, როგორც ეგ პროგნოზი ახდა: ნეპოტიზმი, სანათესავოს დასაქმება, „მზესუმზირის ჩენჩოებს მიჰყევი და მერიასთან მიგიყვანს“, „ბაიანები“ ქუჩებში და, მათ შორის, მერიის ფანჯრებქვეშ, უკანა მხრიდან _ ეს ყველაფერი დაბრუნდა. ყველაფერი-ყველაფერი, მაგრამ ზუგდიდის ბაზარი და ვაგზალი (რამე ჟარგონი არ გეგონოთ, ორ ობიექტს ვგულისხმობ) ძველ ყოფას თუ დაუბრუნდებოდა, ნამდვილად წარმოუდგენელი იყო, არადა, ისე მოხდა, თითქოს განგებამ პრიზმა შეატრიალა და ახლა გაწამაწია ბაზრის სულ სხვა ფლანგზე, გვერდით გაჩნდა. თავის დროზე, ზუგდიდის ბაზარი და მისი კარი, ლამის, საანეკდოტო თემა იყო არა მარტო ქალაქში, სრულიად საქართველოს მასშტაბით: კეთდებოდა სიუჟეტები, ჟურნალისტები ღობეებზე ვძვრებოდით და ისე ვწერდით სტენდ-აპებს, იყო მივარდნები და სანთლის თავდაღმა დაწვა (წყევლის გამოხატულებაა) ხან გუბერნატორის, ხან გამგებლის ოფისებთან... საქმე ის გახლდათ, რომ, სულ ადრე, როცა გაიხსნა, ბაზარს შესასვლელი წინა, რუსთაველის ქუჩის მხრიდანაც ჰქონდა და უკანა, გეგეჭკორის ქუჩის მხრიდანაც, რომელიც მდინარეს ჩასდევს, მაგრამ „დიდი შესასვლელი“ მხოლოდ უკანა მხრიდან იყო. როცა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი გიგი უგულავა გახდა, შემუშავდა ზუგდიდის განვითარების ახალი გეგმა, სადაც ზუგდიდის ბაზრის წინა კერი გაუქმებული იყო. ეს ობიექტურმა მიზეზებმა გამოიწვია: წინა შესასვლელის გასწვრივ ჩამწკრივებული იყვნენ გარემოვაჭრეები, რომლებიც იგივე პროდუქტსა და პროდუქციას ჰყიდიდნენ, რასაც ბაზრის შიგნით. ეს შიდამოვაჭრეების პროტესტს იწვევდა, _ ჩვენ აქ დღიურ ფულს ვიხდით, ხალხი კი ბაზარში აღარ შემოდის, რაც უნდათ, გარეთ ყიდულობენო. ბაზრის წინა კარის დახურვა-გაუქმებით ხელისუფლება ორ კურდღელს იჭერდა _ გარემოვაჭრეების აყრას გარდაუვალს ხდიდა და თანაც, შიდამოვაჭრეები კმაყოფილი დარჩებოდნენ, ხალხი კი ბაზარში უკანა კარით შევიდოდა. საბოლოოდ, ასეც მოხდა და ერთი ღამის განმავლობაში ბაზრის წინა კარის ადგილას კედელი ააშენეს, მაგრამ მალევე ამ კედელზე შტურმი მიიტანეს, რის შემდეგაც ბაზარში შესვლა მაინც და ისევ წინა მხრიდან იყო შესაძლებელი. ბოლოს და ბოლოს, გიგი უგულავამაც კი ხელი აიღო მოვაჭრეებზე _ ამ ყველაზე აგრესიულ და ყველაზე გაჭირვებულ მასასთან დაპირისპირებაზე და ბაზრის წინა შესასვლელი დარჩა. დარჩნენ გარემოვაჭრეებიც. მართალია, ზოგჯერ კი ჩამოუფრენენ ქორებივით ზედამხედველობის სამსახურიდან, მაგრამ, ძირითადად, მაინც არ ერჩიან. გავიდა რამდენიმე წელიწადი და, ახლა უკვე „ოცნების“ ხელისუფლებისთვის ხდება ბაზარი საჯილდაო ქვა. რა ხდება და რატომ არის ყველა ხელისუფლებისთვის პრიორიტეტული ბაზარი? პასუხი მარტივია: ბაზრის საკმაოდ დიდი ტერიტორია ქალაქის ცენტრალურ, პრესტიჟულ ნაწილში მდებარეობს. იქ მუდამ ხალხმრავლობაა, თანაც, მიმდებარე სოფლებიდან ჩამოსულებიც ზუსტად იქვე, ახლოს ხვდებიან _ ავტობუსის რამდენიმე გაჩერება არსებობს ბაზართან ახლოს. ახლოსაა სვანური კოშკიც, სადაც სვანეთიდან ჩამოსული ტრანსპორტი ჩერდება. ამჯერად ,,ოცნების“ ხელისუფლებამ ბაზრის შიდა სავალი ნაწილის ლითონის კონსტრუქციებს დაადგა თვალი. ყველაფერი კარგად შეიფუთა ქალაქის იერსახეზე ზრუნვით, მაგრამ ,,ნაციონალები“ რის ,,ნაციონალები“ იქნებოდნენ, რაიმე განსხვავებული რომ არ ამოექოქათ და ამოქოქეს კიდეც: ეს ტერიტორია, საიდანაც მოვაჭრეები თავიანთი ჯიხურების აღებაზე უარს ამბობენ, ქალაქის მერიამ კეთილმოწყობის ვალდებულებით გადასცა ფირმას, რომელსაც ქალაქის პოლიციის უფროსის ნეთესავი ქალი ხელმძღვანელობს. ეს „გადაცემა“ ითვალისწინებს, რომ ზუგდიდის ბაზრის ადმინისტრაციამ იმ ტერიტორიიდან უნდა აიღოს მოვაჭრეთა ფარდულები და  ჯიხურები, რასაც, ცხადია, დიდი დაპირისპირება მოჰყვებოდა, ამიტომ ბაზარი ამაზე არ წავიდა. როცა ოფიციალურად გამოცხადებული დრო გავიდა, უკვე თავად იმ კომპანიამ, ვისაც ეს ფართობი გადაეცა, სცადა, სამართალდამცველთა დახმარებით მოვაჭრეთა კუთვნილი ობიექტებისგან ტერიტორია გაეთავისუფლებინა და ობიექტებს ღამით მიადგა, მაგრამ მოვაჭრეებმა ეს შეიტყვეს, საკრებულოს წევრ „ნაციონალებს“ შეატყობინეს და ისინიც წამში ადგილზე გაჩნდნენ _ იმის მიუხედავად, რომ პოლიცია, სპეცტექნიკა და მერიის სამსახურები ადგილზე იყვნენ მისული, სავალ ნაწილებზე არსებული ლითონის კონსტრუქციის დაშლის საშუალება არ მისცეს, მერე კი, სულაც, მორიგეობა დააწესეს და ამ დრომდე იქ ათენ-აღამებენ. საინტერესო ისაა, რომ ადგილზე მისულ სამართალდამცველებს შორის თავად პოლიციის უფროსი, კობა ხარებავა (მეტსახელად „კორმა“) იყო მისული და ძალიანაც კი მოინდომა, მაგრამ მობილიზებული მოვაჭრეების წინაშე უძლური აღმოჩნდა. ისიც საინტერესოა, რომ ბაზრის ადმინისტრაციამ ახალგამომცხვარ ფირმას, რომელსაც მერიამ ბაზრის სადავო ტერიტორია გადასცა, უფლება მისცა, ბაზრის ტერიტორიაზე იმ პირობით შესულიყო, თუკი მოვაჭრეებს ყოველდღიურ გადასახადს არ გაუზრდიდა, მაგრამ, ეტყობა, ეს შეთავაზება ხელს არ აძლევს ამ ფირმის მესვეურებს, ამიტომაც ამ თემას არც გამოხმაურებიან. არანაკლებ დაძაბული კერაა ზუგდიდის ვაგზალი: აქ ძველი რეისების მფლობელი მძღოლები ახალი თურქული კომპანია „მეტროს“ შემოსვლას აპროტესტებენ და ცდილობენ, ისევ ძველი „მარშრუტკებით“ სიარულის უფლება დაიტოვონ, რაზედაც ხელისუფლება არ მიდის. აქ კი მოსახლეობის აზრი ორადაა გაყოფილი: ზოგი ამბობს, მეტს გადავიხდი, რაც ახლა ღირს თბილისამდე მგზავრობა, ოღონდ კომფორტი მქონდესო და მიესალმება ახალი კომპანიის შემოსვლას, ზოგი კი ამბობს, ცოდოა ეს ძველი ხალხი, უმუშევარი რჩება, ზოგს „მარშრუტკა“ ჰყავს დაქირავებული, ზოგს კი კრედიტები აღებულიო, მაგრამ კაცმა რომ თქვას, არც ვაგზალზეა დავა ახალი ქალაქისთვის. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ იმ დღეს, როცა ახალი ფირმა „მეტროს“ მიკროავტობუსის გასვლა დაანონსდა, ძველი რეისების მძღოლებმა აქცია მოაწყვეს, მარშრუტს არ ატარებდნენ და ექვსი მძღოლის დაკავება გახდა საჭირო... მანამდე კი ვნებები ისევ დუღს და გადმოდუღს: მოვაჭრეებს სამეგრელოს გუბერნატორიც შეხვდა, მაგრამ ბევრი ვერაფერი გახდა ნათელი _ ლევან შონია, რომელიც თავადაა ძველი ძალოვანი და თამაზ თამაზაშვილის დასაყრდენი სამეგრელოში, მოვაჭრეებს საყვედურობდა, ლამის მე გამომიყვანეთ მაფიოზადო, მაგრამ როცა საქმე საქმეზე მიდგა, იმ აუქციონის გაუქმებაზე, რაც უკვე გამოცხადებულია, ჯერჯერობით, ხმა არ დაუძრავს. იმედი მაქვს, გამოსავალს ვიპოვითო, მოკლედ თქვა ბოლოს და სულ ეგ იყო. გამოსავლად კი მოვაჭრეებს მხოლოდ აუქციონის გაუქმება მიაჩნიათ. საერთოდაც, ლევან შონიას საკითხი დიდ დაპირისპირებას იწვევს „ოცნების“ ხელისუფლების როგორც ადგილობრივ, ასევე ცენტრალურ კულუარებში. ამ კულუარებიდან რამდენჯერმე გამოვიდა ინფორმაცია, რომ გუბერნატორს წყალი შეუდგა. ამის მიზეზად კორუფციაში მის ჩართვას ასახელებენ. თხილის ბიზნესი გალის რაიონში, ხე-ტყისა და ქვის სათლელი საამქროები _ ეს მხოლოდ მცირედი ჩამონათვალია იმ სფეროებისა, სადაც სამეგრელოს გუბერნატორის კვალს მოიაზრებენ. ამასთან, თვითონ შონია, როგორც ეს ძველი ყაიდის პოლიციაში ჭიპმოჭრილებს ახასიათებთ, თვითონ თითქმის არსად ჩნდება და პირდაპირ დარტყმებს ოსტატურად იცილებს, მაგრამ „ნაცმოძრაობა“ სწორედ მის პასუხისმგებლობაზე აკეთებს აქცენტს. მაგალითად, ცნობილია, როცა სამეგრელოში ციხის კადრებისა და წამების კადრების საჯარო ჩვენებები, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, ქალაქის ცენტრში, ღია ცის ქვეშ ჩატარდა, გუბერნატორმა თბილისიდან დავალება მიიღო, რომ იქ აუცილებლად უნდა ყოფილიყვნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც, ხოლო ამის შემდეგ ჩვენებაზე თვითონ კი არ მივიდა, ზუგდიდის მერს დაურეკა და უთხრა, აუცილებლად უნდა მიხვიდეო... ისიც მივიდა და სწორედ ის აღმოჩნდა ყურადღების ცენტრში და იმის დასტური, რომ ხელისუფლების ნების გარეშე ეს ჩვენებები არ ხდებოდა... ზოგადად, ბოლო პერიოდში ზუგდიდში ერთი ტენდენცია შეინიშნება: „ოცნების“ ხელისუფლების ნებისმიერი სფეროს წარმომადგენლებს იმის შეგრძნება არ აქვთ, რომ გრძელვადიანად, საქმის საკეთებლად არიან მოსული. ის რყევები, რასაც, ზოგადად, 2012 წელს მოსული ხელისუფლება ცენტრში განიცდის, ცხადია, რეგიონებში უფრო მტკივნეული და თვალში საცემია, ამიტომაც სხვადასხვა სფეროში დასაქმებული მეოცნებეები ჩქარობენ: ჩქარობენ, შეირგონ დრო, რაც დარჩათ, ჩქარობენ, იშოვონ იმაზე მეტი ფული, რაც ეკუთვნით, მათ შორის, „პადაგრევის“ სახითაც; ჩქარობენ, დაასაქმონ და მოიმადლიერონ ნათესავები, ჩქარობენ, ისე არ გაიხადონ საქმე, რომ მერე გაქცევა დასჭირდეთ... და ცხადია, ამ სიჩქარეში უფრო მეტ შეცდომას უშვებენ. არსად, საქართველოს არც ერთ რეგიონში არ აძაგებენ დღევანდელ ხელისუფლებას ისე, როგორც სამეგრელოში და, კერძოდ, ზუგდიდში... სწორედ ამიტომ სულაც არაა გამორიცხული, „ოცნების“ ხელისუფლების რღვევა არა პარლამენტიდან, როგორც ამას ბევრი ვარაუდობს, არამედ სწორედ სამეგრელოდან დაიწყოს: ადგილობრივები არ აპირებენ, თვითმმართველობის არჩევნების მსგავსად გაუჩუმდნენ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისა და დარღვევების მიჩქმალვის ფაქტებს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, რადგან ყველას ესმის, რომ სწორედ ეს არჩევნები გასცემს პასუხს შეკითხვას: როგორი იქნება სამეგრელო და რა ელოდება აქ მცხოვრებლებს საპარლამენტო არჩევნების შემდეგ?.. ფაქტი კი ისაა, რომ ზუგდიდში, ხობში, წალენჯიხაში უამრავი ადგილობრივი უკვე ღიად ამბობს, რომ „ოცნების“ ხელისუფლებამ ქვეყნის განვითარება დაამუხრუჭა და მათგან არც მომავალშია კარგი რამ მოსალოდნელი...    

                                                                                                                   ლაშა ბერულავა

     

გაზიარება