QronikaPlus
103-ლარიანი ,,პოდნოსები” საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში და 800-ლარიანი გასაშლელი დივანი შს სამინისტროში?!

103-ლარიანი ,,პოდნოსები” საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში და 800-ლარიანი გასაშლელი დივანი შს სამინისტროში?!

2016-04-14 10:43:09

არასამთავრობო ორგანიზაცია „აპრიორის“ ხელმძღვანელი, ბესო შენგელია, სახელმწიფო უწყებების მიერ გამოცხადებულ ახალ ტენდერებსა და ბიუჯეტის უყაირათოდ ხარჯვაზე საუბრობს. ის „ქროკინა+“-ში ახალი და საინტერესო დოკუმენტაციით მოვიდა. ბესო შენგელია: _ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ სამზარეულოს აქსესუარებზე ტენდერი გამოაცხადა. გაიმარჯვა შპს ,,ოცნება-98”-მა და შესყიდვის ობიექტი იყო _ ლანგარი. _ უკაცრავად, რა შეისყიდეს? _ ცხადია, არ მოგესმათ და ტენდერით შეისყიდეს 20 ცალი ლანგარი, იგივე „პოდნოსი“. საინტერესო არის ის, რომ ტენდერის სავარაუდო ღირებულებაა 2060 ლარი, ერთი ლანგრის ღირებულება კი _ 103 ლარი. როგორც ვიცი, სამომხმარებლო დახლებზე ერთი ლანგრის ფასი იწყება 1,50 ლარიდან და ყველაზე ძვირფასი  ლანგარი ღირს 25-30 ლარი. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ის გუნდი, რომელიც ტენდერებზე მუშაობს, ან საერთოდ უვიცია, ანდაც სხვა რამ ხდება, რადგან ერთი ლანგრის თვითღირებულება _ 103 ლარი, ძალიან არარეალური ფასია. ვერცხლისა და ოქროს ლანგრებს თუ იყენებენ, ან ოქროს უნიტაზებზე სხდებიან, როგორც ეს საუდის არაბეთში ხდება, ეგ სხვა საქმეა. ისიც სათქმელია, ამ აპარატს  რისთვის უნდა დასჭირვებოდა ლანგარი? _ ალბათ, ბუფეტში, სადაც თვითმომსახურებაა... _ ასევე შეიძლება, დაცვის სამსახურს დასჭირდეს სპეციალური ლანგრები, როგორც ჯარშია. მოთხოვნაში წერია: რკინის, უჟანგავი ლითონის უნდა იყოსო, მაგრამ არა მგონია, აქ ამაზე იყოს საუბარი. აი, რა ხდება: ეს ტენდერი უკვე გამოცხადებულია და თავისუფლად შეიძლება, რომ კომპანიამ მათ შესთავაზოს, 20 ცალ ლანგარს მოგყიდით 800 ლარადო. ასეთ დროს  ერთი ლანგრის ღირებულება 40 ლარი გამოდის. თუ ამხელა ფასთასხვაობას მივიღებთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ საკითხზე მომუშავე ხალხი არაკომპეტენტურია და იქ ასეთი უვიცი ადამიანები არ უნდა ისხდნენ. იმას, რომ მთავრობის კანცელარიას 20 ლანგარში ფულის გაკეთება და ჩაჯიბვა უნდა, ვერ დავიჯერებ. თუ კომპანიამ ნორმალურად წარადგინა ფასი, მერე თანხის კლება მიზერულად ხდება. კომპანიას, აიპსა თუ სამინისტროს კარგად უნდა ჰქონდეს დაანგარიშებული,  რა ღირს ნივთი, რომელზედაც ტენდერს აცხადებს. ასე თუ ყრის და ფლანგავს ფულს, ცხადია, ლარის გაუფასურება გვექნება. გაუფასურებული ლარი სპეციალურად ვახსენე, რადგან საქართველოს მთავრობა ფიქრობს, რომ ბიუჯეტს 400 მილიონი ლარის სეკვესტრი შეუძლია და, პირველ რიგში, ასეთ ნივთებზე უნდა გააკეთონ. 103 ლარად ლანგარი ნამდვილად არ უნდა იყიდონ. _ კიდევ ვინ აცხადებს მსგავსსაინტერესოტენდერს? _ ახლა გესაუბრებით შს სამინისტროსა და მის განუყრელ ავეჯზე. აქ თანხები დიდი არ არის _ 1250 ლარად ყიდულობენ 5 ცალ ტყავის სავარძელს. არ ვიცი, რად უნდათ ამდენი ტყავის სავარძელი, როცა ქუჩაში კრიმინალები ბობოქრობენ? ე. ი. ასეთ სიტუაციაში რბილად ჯდომაზე ფიქრობენ. ასევე შსს 800 ლარად აცხადებს ტენდერს ნაჭრის ერთი ცალი გასაშლელი დივნის შესაძენად. გასაშლელი დივანი, ცხადია, ვიღაცას წამოსაწოლად უნდა. შეიძლება დივანი იყიდო და ის იშლებოდეს, მაგრამ ტენდერში რომ ამას მიუთითებ, სასაცილოც არის და დამაფიქრებელიც. როგორც ჩანს, რომელიმე მაღალჩინოსნის მოსასვენებლად უნდათ. _ როდესაც წინა ინტერვიუს შემდეგ დასახელებულ უწყებებს კომენტარებისთვის დავუკავშირდით, მათ გვითხრეს, რომ არსებული ავეჯი დაიხა, დაძველდა, გაფუჭდა, ანდაც ორგანიზაცია გაიყო და ზოგი თანამშრომელი სხვა შენობაში გადავიდა, იქ კი ავეჯის გარეშე ვერ იმუშავებენო. ეს არ არის გასამართლებელი საბუთი? _ მე ვეტყვით, თუ სად უყრიათ ასეთ ადამიანებს ვითომ დახეული სკამები თბილისში. მივიდნენ, წამოიღონ და გამოიყენონ. ეს გახლავთ თბილისის მერიის სარდაფი. ასეთი საწყობები სხვაგანაც არის, სადაც შეულახავი ავეჯი თუ ნივთები ფუჭდება და ის მხოლოდ იმიტომ გამოცვალეს, რომ ახალი ხელმძღვანელი მივიდა და ძველის გამონაცვალ ავეჯში ჩაჯდომა და მუშაობა არ ისურვა, ანდაც, უბრალოდ, დიზაინი აღარ მოსწონდათ. ეს არის მარაზმი და უყაირათოდ ბიუჯეტის ხარჯვა, რაც რეალურად ხდება კიდეც. ყოველ წელიწადს სკამების ყიდვა ალოგიკურია. თუ რომელიმე ნივთის ზედა ნაწილი, ტყავი, ან ნაჭერი დაზიანდა, არსებობენ რესტავრატორები, რომლებიც მას გაცილებით იაფად აღადგენენ და საჭირო აღარ გახდება დიდი თანხების ფლანგვა. მეც მაქვს გორგოლაჭებიანი სკამი, რომელიც 11 წლის წინათ შევიძინე, მაგრამ დღემდე მშვენივრად ვიყენებ. გამოვდივარ ინიციატივით, რომ გამონაცვალი სკამები თუ სხვა ნივთები სახელმწიფო დაწესებულებებმა სარდაფში კი არ ჩაყარონ, ყველას დასანახად გამოიტანონ და გაჭირვებულ ადამიანებს, სოციალურად დაუცველებს დაურიგონ, რომელთაც სახლებში დასაჯდომიც კი არ გააჩნიათ. კომპიუტერები მისცენ სკოლებს, ბავშვებს, რომელთაც ნატვრად აქვთ ქცეული ეს ტექნიკა და თაგვებს არ დააღრღნევინონ. ასევე დაწესდეს კონტროლი, პატარა ნაჩხაპნის შემთხვევაშიც, ჩინოვნიკების ნება-სურვილის მიხედვით, ნივთები უპრაგონოდ არ შეცვალონ. შს სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტი ავტომობილს ყიდულობს. ტენდერის პირობებში უწერიათ, რომ მისი ძრავა უნდა იყოს 3,9. ღირებულებაა 82,600 ლარი. ასევე უწერიათ, რომ არ არის აუცილებელი, ავტომანქანა იყოს ახალი. 35-ათასდოლარიანი ავტომანქანა რად უნდათ, რატომ არის ის აუცილებელი, ცხადია, არ უთითებენ. _ დაცვის პოლიციამ მანქანა რომ იყიდოს, გასაოცარი რა არის? _ გასაოცარი ისაა, რომ ვერა და ვერ გაავსეს დაცვის პოლიციის, შსს-სა და სხვადასხვა სამინისტროების ავტოპარკები მანქანებით. სატენდერო მონაცემების მიხედვით, დიდი ეჭვი მაქვს, რომ ასეთი მანქანა უკვე შეგულებული ჰყავთ და იმაზე აქვთ დაწერილი ტენდერი, რომელიც სრულად არ არის ჩაშლილი. თანაც დაცვის პოლიციას უკვე საკმაოდ კარგი ავტოპარკი აქვს. როცა ქვეყანაში ამხელა კრიზისია და ქამრების შემოჭერაზე ლაპარაკობენ, ამდენი ხარჯის გადაყრა სისულელეა. ყოველთვის მომხრე ვარ, რომ ხარჯები ძალოვანი სტრუქტურებისთვის არ დავითვალოთ, მათ გაზარდონ ავტოპარკი, მაგრამ ეს ყველაფერი უმსგავსო სახეს იღებს, რადგან არ ვიცით, სად მიდის რეალურად ეს თანხები და რატომ. შს სამინისტროს მიერ ერთი მანქანის შესყიდვით დაიწყო ტენდერი და ახლა ნახავთ, ეს ციფრი სადამდე გაიზარდა. საჯარო სამართლის იურიდიული პირი _ საქართველოს შს სამინისტროს მომსახურების სააგენტო, არც მეტი არც ნაკლები, 172 ავტომანქანას ყიდულობს. ამდენი ავტომანქანა ამათ რად უნდათ, გაუგებარია, რადგან ისინი არ პატრულირებენ. თანაც ყიდულობენ „ა“ და „ბ“ ტიპის ავტომანქანებს.  ვიფიქრე, რომ შეიძლება მართვის მოწმობების ჩასაბარებლად სჭირდებათ და ამ პარკის განახლება გადაწყვიტეს, მაგრამ ვერ ვხვდები, ეს რისთვის არის საჭირო, რადგან რამდენიმე წლის წინათ ნაყიდი „შკოდები“ ჰყავთ. თუ ეს ასე არ არის, ე. ი. თანამშრომელთა სამოგზაუროდ სჭირდებათ, რათა შინ და გარეთ გამოიყენონ, ეს ყველაფერი კი ბიუჯეტს საკმაოდ მსუყე თანხა უჯდება _ 8 026 007 ლარი. ამ თანხაზეა ტენდერი გამოცხადებული. 165 ცალი უნდა იყიდონ „ა“ ტიპის მანქანა, ე. ი. თითო მანქანაში იხდიან 46 206 ლარს; „ბ“ ტიპის კი 7 ცალი უნდა შეიძინონ და ერთი ასეთი მანქანის  ღირებულება სატენდერო პირობებით 57 431 ლარი ჯდება, ანუ 7 მანქანა ჯდება 402 017 ლარი. პირდაპირ გეტყვით, რომ მომსახურების სააგენტოს ამდენი ავტომანქანა არ სჭირდება. თუ ავტოპარკს აახლებენ, ჩვენი ეკონომიკის პირობებში ეს დანაშაულია, რადგან მშვენიერი „შკოდები“ ჰყავთ, რომელსაც წვაც კარგი აქვს და ძრავიც, გამოცდებზე იყენებდნენ მხოლოდ და რა ცვეთა უნდა განეცადათ? ეს ყველაფერი კი გონივრულ ეჭვს იწვევს, რომ ვიღაცას ამით ფულის გაკეთება და ხელის მოთბობა უნდა. _ ეჭვობთ, რომ ამდენ ავტომანქანას სინამდვილეში არ იყიდიან? _ ამდენ მანქანას განა არ იყიდიან, იყიდიან, მაგრამ ფასში იქნება სხვაობა. ამხელა ავტოპარკის განახლება სხვა შემთხვევაში აბსურდია. ეს რომ წინაწარ გავლილი თემა არ იყოს, ამხელა ტენდერს ვერ გამოაცხადებდნენ. სადღაც ფასნამატი აუცილებლად დარჩება და ამის მიზანიც სწორედ ეგ არის. ყველას გვახსოვს, რომ ამჟამინდელი პატრულის ნაცრისფერი ავტომანქანების შეძენის სჭიროება საერთოდ არ იყო. ძალიან კარგი ავტომანქანები გვყავდა, მაგრამ მაღალი აღმძრაობის „შკოდები“ შემოიყვანეს, რომლებიც მეტ საწვავს წვავს, უფრო დიდებიც არის და თავადვე უჭირთ მისი ტარება. _ კიდევ რა ხდება ტენდერებთან დაკავშირებით? _ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ ტენდერი გამოაცხადა. ჩამონათვალში არის 11 სოფელი, სადაც სერვისების განვითარების ოფისები უნდა მოეწყოს. ამ ცენტრების ავეჯის შეძენისთვის გამოცხადებულია ტენდერი, რომელიც, არც მეტი, არც ნაკლები, ბიუჯეტს ნახევარი მილიონი ლარი უჯდება. თითო ამ ცენტრის მოწყობა 40 ათასი ლარი ღირს და სოფელში ასეთს რას აკეთებენ, საინტერესოა?! ისიც ჩამოთვლილია, რაც უნდა შეიძინონ: მაგიდა, გორგოლაჭებიანი სკამი, მეორე სკამი, მაგიდა, რომელსაც წინ მინა უნდა ჰქონდეს ჩაშენებული, მეორე ასეთივე მაგიდა, „ნდფ“-ის ჯოხები, წიგნების თაროები, სამუშაო მაგიდები, საკონფერენციო მაგიდა, სამზარეულოს მაგიდა, კარადა. სამზარეულოს კარადა ისეთია, დარწმუნებული ვარ, სოფლის არც ერთ მცხოვრებს სახლში ასეთი არ ექნება; პატარა ტუმბოები, დიდი წიგნების ჩაშენებული თარო, მაღალი ხარისხის ჩაშენებული კუთხის თაროები. თუ ყველაფერი თანამედროვედ არ მოაწყვეს, ისე სოფელში ეს ოფისი ვერ იმუშავებს? ამ დროს იქ ისეთი გაჭირვებული ადამიანები მივლენ, პური რომ არ აქვთ სახლში და მათ დახმარებაზე უარს ეტყვიან. საქართველოს სოფლები უნდა განვითარდეს, მაგრამ რაღაცას ხომ აქვს საზღვარი?! რად უნდა ხარაგაულის სოფელ კიჩხში მცხოვრებ ადამიანს საზოგადოებრივი ცენტრი ევრორემონტით გაწყობილ-გარემონტებული, სახლში კი სკამი და მაგიდა არ ედგას, რომ ჩამოჯდეს?! უკიდურესი გაჭირვებით, უექიმობით და უწამლობით კვდებოდეს?! ამ სახლის ერთადერთი სიკეთე იქნება ის, თუკი მათში იუსტიციის სერვისებიც შევა და ადამიანებს შორს წასვლა არ მოუხდებათ, რატომ არ შეიძლება, 100-ლარიანი სკამის ნაცვლად 25-ლარიანი იყიდონ, დარჩენილი ფულით კი სკამი რიგით ადამიანებს შეუძინონ? ჩვენ გვჭირდება ნორმალური, სუფთა სერვისცენტრი და არა ულტრათანამედროვე, რომელშიც ბიუჯეტის ნახევარი წავა. დარწმუნებული ვარ, რომ ახალციხეში, სოფელ ვალეს საზოგადოებრივი ცენტრის თანამშრომელს, ტყავის სკამში ჩაჯდომას ურჩევნია, ხელფასი 10 ლარით გაუზარდონ და ა. შ. ცხადია, ამ სოფლებში ისეთი ადამიანები დასაქმდებიან, რომლებიც ამ მთავრიბას აწყობს _ ჩინოვნიკთა ნათესავები, ბიძაშვილები და აღმოჩნდება, რომ ეს საუკეთესოდ მოწყობილი სახლები წინასაარჩევნოდ „ქართული ოცნების“ შტაბები იქნება. ,,ქრონიკა+” კომენტარებისთვის როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს, ისე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას დაუკავშირდა. მიუხედავად დაპირებისა, რომ თავად დაგვირეკავდნენ და პოზიციას დააფიქსირებდნენ, ამ დრომდე მათგან პასუხი არ მიგვიღია.  

                                                                                                          ნელი ვარდიაშვილი

 

გაზიარება