1927 წელს თელავში მხარეთმცოდნეობის მუზეუმი დაარსდა. 8 წელი საზოგადოებრივ საწყისებზე მუშაობდა, 1935 წელს კი ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმად გადაკეთდა. დღეს კახეთის რეგიონში მოპოვებული არქეოლოგიური ხატები, საეკლესიო ნივთების კოლექცია, ჭედური, ტექსტილისა და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები, საბრძოლო აღჭურვილობა და კერამიკული ნაწარმის კოლექცია, ფოტოფონდი, ქეთევან იაშვილის სახელობის სამხატვრო გალერეა, ფრანგი და ქართველი მხატვრების, მათ შორის, ელენე ახვლედიანის უნიკალური ნახატები კულტურის ყოფილმა მინისტრმა დააკონსერვა და არავინ იცის, მზის შუქს როდისღა ეღირსება!
თელაველებმა მუზეუმისა და გალერეის აღდგენის იმედი დიდი ხანია, დაკარგეს!
თელავის რეაბილიტაცია 2011 წელს დაიწყო, რისთვისაც 60 მილიონი აშშ დოლარი მსოფლიო ბანკმა გაიღო, 15 მილიონი აშშ დოლარი _ საქართველოს მთავრობამ. სარეაბილიტაციო სამუშაოებს თელავში მუნიციპალური განვითარების ფონდი აწარმოებდა, 2013 წელს კი მუზეუმის რეაბილიტაცია შეჩერდა. კულტურის მაშინდელი მინისტრი ოდიშარია სამ-ოთხ თვეში სხვადასხვა სახის განცხადებას აკეთებდა:
„უახლოეს პერიოდში შემუშავდება ახალი პროექტი, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს, დაუყოვნებლივ აღვადგინოთ თელავის მუზეუმი და იაშვილის გალერეა“.
რამდენიმე თვის მერე:
„2013 წლის ბოლოს მუზეუმი აღდგება ახალი სახით და ძველებურად დაიწყებს ფუნქციონირებას...“
„ქრონიკა+“ კახეთის ყოფილ ვიცე-გუბერნატორს, გიორგი სიბაშვილს ესაუბრება:
_ ბატონო გიორგი, რა დრო დაგჭირდებოდათ მუზეუმის დასასრულებლად, ხელისუფლებაში რომ დარჩენილიყავით?
_ პირველი: მუზეუმი აუცილებლად დასრულდებოდა ერთ წელიწადში, თუკი შევაფასებთ, რა ტემპებითაც ქვეყანაში მაშინ მშენებლობისა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება მიმდინარეობდა. რა თქმა უნდა, ეს დასრულდებოდა იმაზე ადრე, ვიდრე ეს ამ ხელისუფლებას ჰგონია. მეორე: ხელისუფლების ცვლილების შემდეგ მათ არა მარტო მუზეუმის, არამედ ყველაფრის მშენებლობა გააჩერეს. მაგალითად: თელავის შემოსასვლელში, შუამთაში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი შენდებოდა. აღმოჩნდა, რომ მსოფლიო ბანკი მოითხოვდა ამას და რომ არა მათი დაჟინებული მოთხოვნა, პროცესს გააჩერებდნენ. ამათ ოფიციალურად ყველაფერი გააჩერეს და დააკონსერვეს. აღარ ვყვები, მაგალითად, მაწიმის სავაჭრო ცენტრზე, ლაგოდეხის იუსტიციის სახლზე და ძალიან, ძალიან ბევრ ობიექტზე, რომელიც კახეთის განვითარების პირველ ეტაპზე უნდა დასრულებულიყო. მათ ეს ყველაფერი დააკონსერვეს და მაგ შანსს გაუშვებდნენ ხელიდან, მუზეუმის კონსერვაცია არ გაეკეთებინათ?
_ რა მიზნით?
_ რადგან „ნაციოანლების“ დაწყებული საქმე იყო. სხვათა შორის, ამ მუზეუმთან ასევე კეთდებოდა ღვინის მუზეუმიც, ამის ტენდერები არსებობს და შეგიძლიათ, იხილოთ. მერე როცა ხელისუფლებაში ესენი მოვიდნენ და ყველაფერი გააჩერეს, მაშინდელმა პრემიერმა განაცხადა, რომ ჩვენ ღვინის მუზეუმი თბილისში უნდა გავაკეთოთო. აბა, გააკეთეს სადმე? გინახავთ ღვინის მუზეუმი თბილისში, ან თელავში?
ეს არის ჩვეულებრივი ბოღმა: რაც „ნაციონალების“ დროს დაიწყო, უნდა გაჩერებულიყო. ამათ იმის ტვინიც არ ეყოთ, რომ რაც კარგი იყო დაწყებული, ის გაეგრძელებინათ და რაც ცუდი იყო, _ გაეჩერებინათ. მოკლედ, იმ ტემპით, რა ტემპითაც იქ მშენებლობა მიმდინარეობდა, ერთ წელიწადში დასრულდებოდა და უფრო ადრეც. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ აქამდე თელავის რეაბილიტაციის მეორე ეტაპიც იქნებოდა დაწყებული, არათუ პირველი ეტაპის დასრულება. ერთი გაკეთებული საქმე მაჩვენეთ ამათი და გავჩუმდები, ხმას აღარ ამოვიღებ.
_ თუ იცით, რა მაკეტია ახლა შედგენილი მუზეუმის რეაბილიტაციისთვის?
_ ახალი მაკეტი გააკეთეს, არ ვიცი, ახლა რა მაკეტი აქვთ. ეს არ იყო რეგიონული პროექტი, ეს მსოფლიო ბანკის პროექტი იყო და თავიდანვე კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო კურირებდა. ინვენტარის შენახვაზე გეტყვით: სპეციალისტების რეკომენდაციით ვიცოდით, სადაც დროებით უნდა შენახულიყო, შემდეგ კი, ბუნებრივია, საცავებს დაუბრუნდებოდა.
ცნობილია, რომ მეფე ერეკლეს დროის გმირი ხევსურის, ძაღლიკა ხიმიკაურის ხმალი, რომელიც მეფემ ბრძოლის ველზე აჩუქა მას, უფრო სწორად, ხის გათლილ ხმალში გაუცვალა, მრავალი წლის მანძილზე თელავის ისტორიულ მუზეუმში ინახებოდა. ეს ხმალი პეტრე ცისკარიშვილის პაპამ, ფიზიკოსმა პროფესორმა, პეტრე ცისკარიშვილმა, XX საუკუნის 70-იან წლებში თელავის მუზეუმს უსახსოვრა. ის ღირებული და გამორჩეული ნივთია საქართველოს ისტორიაში, ასე რომ, დღეს „ქრონიკა+“ მეფე ერეკლეს იმ ხმლის ბედით დაინტერესდა, რომელიც საცავში უნდა ინახებოდეს...
გურამ ურჩუხიშვილი _ მუზეუმის დირექტორი:
_ სამწუხაროდ, ამ ეტაპზე მეფის სასახლის რეაბილიტაციამ გადაიწია, ანუ ორი მშენებლობა მიმდინარეობს: ერთი არის ისტორიული მუზეუმის და გალერიის, ხოლო მეორე კი მეფის სასახლის. ისტორიული მუზეუმის რეაბილიტაცია ნოემბერში დასრულდება, ხოლო მეფის სასახლის რეაბილიტაციამ, დაახლოებით, შვიდი, ან ხუთი თვით გადაიწია. რაც შეეხება ნივთებს, ექსპონატებს, ისინი აქ უკეთეს მდგომარეობაში არიან, ვიდრე თავის დროზე საცავში იყო დაცული, ჩვენ კვირაში ორჯერ ვანიავებთ, ხდება შეწამვლა, მწერებისგან ვიცავთ და ა. შ.
_ ბატონო გურამ, სად არის ხიმიკაურის ხმალი?
_ არ ვიცი, სად არის ხიმიკაურის ხმალი, მთავარი მცველის ნომერს მოგცემთ და დაურეკეთ. მე ვიცი, რომ ნადირ შაჰის ხმალი უნდა იყოს მუზეუმში. აქ მურაჯი იყო, ჩვენთან გვქონდა დადიანის ნაჩუქარი ხმალიც, მაგრამ ხიმიკაურის გვქონდა თუ არა, ეგ არ ვიცი. დაგაკავშირებთ მუზეუმის ექსპონატების მცველთან და ის გეტყვით.
მარინა ოხანაშვილი _ მუზეუმის ექსპონატების მცველი:
_ ქალბატონო მარინა, რამდენიმე კითხვა მაქვს: სად ინახება ხიმიკაურის ხმალი?
_ საერთოდ, იარაღი და ძვირფაესულობა ინახება ბანკში.
_ რომელ ბანკში?
_ ეს კონფიდენციალურია და ამას ვერ გეტყვით.
_ კანონმდებლობით როგორ არის ეს განსაზღვრული?
_ კანონმდებლობით რომ არ იყოს განსაზღვრული, ბანკში წავიღებდით? (ჩხუბის ტონით).
_ მე ხომ არ გეჩხუბებით, გეკითხებით?
_ გიმეორებთ, კანონმდებლობით რომ არ იყოს განსაზღვრული, ბანკში წავიღებდით?
_ მე გეკითხებით, როგორ არის განსაზღვრული? ანუ, მაგალითად, რა ნივთები გაქვთ ბანკში გადატანილი, ბიუჯეტიდან რა თანხას ვხარჯავთ, რომ იქ ვინახავთ, რას ვინახავთ?
_ ნუ მეჩხუბებით, ეთიკა არ არის ტელეფონზე ჩაწერის, თუ გაინტერესებთ, მე მოვალ და ყველაფერს აგიხსნით.
_ არ გეჩხუბებით, ქალბატონო მარინა, მე ვიწერ ჩვენს საუბარს და აქ ჩანს, ვინ ვის ეჩხუბება. მე მაინტერესებს, რა ითვლება ძვირფას ნივთებში, რაც ბანკშია შენახული?
_ რატომ იწერთ, მე რატომ არ მეკითხებით, იქნებ, არ მინდა, რომ ჩამწეროთ...
_ მე გიმეორებთ: რა ითვლება ძვირფას ნივთებში?
_ ძალიან მაინტერესებს, რატომ გაინტერესებთ?
_ ჟურნალისტი ვარ, ქალბატონო მარინა და მაინტერესებს. თქვენ თუ მცველი ხართ, მე ჟურნალისტი ვარ.
_ ვიცი, რომ ჟურნალისტი ხართ, ისიც ვიცი, რომ კარგი ჟურნალისტი ხართ. ადგილზე მობრძანდით და იქ ვისაუბროთ. რა არის ძვირფასეულობა. რატომ ინახება ბანკში და ა. შ.
(ოღონდ რა ადგილზე, ეგ არ ვიცი. მუზეუმი არ არსებობს და სად უნდა მივიდე, ვერ ვარკვევ...)
შეფასებები კი თქვენთვის მომინდვია...
მაკა მოსიაშვილი