რა შედეგებით მიმდინარეობს სკოლის მასწავლებელთა პროფესიული გამოცდები? როგორია ამ პროცესის მიმართ მინისტრის დამოკიდებულება? რას მოგვიტანს პროფესიული განათლების სისტემაში გერმანული მოდელის დანერგვა? როგორ უნდა გადაწყდეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში "ოდეერის" სისტემის პრობლემა? თსუ-ში ბოლო საპროტესტო აქციების ფონზე, რა პროცესები მიმდინარეობს უმაღლესი განათლების სისტემაში?
"ქრონიკა+" ა/ო "საგანმანათლებლო ალიანსის" დამფუძნებელს, მარიამ რამინაშვილს დაუკავშირდა:
_ ქალბატონო მარიამ, არსებული ინფორმაციით, სკოლის მასწავლებელთა 83%-მა პროფესიული გამოცდის მინიმალური ზღვარი ვერ გადალახა. რამ მიგვიყვანა ამ რეალობამდე და გამოსწორების პერსპექტივები სად არის?
_ უპასუხისმგებლო დამოკიდებულებაა, როდესაც ინფორმაცია ვრცელდება, რომ მასწავლებელთა 83%-მა გამოცდა ვერ ჩააბარა და არ კონკრეტდება, რომ ეს სტატისტიკა წელს გასულთა პროცენტული მაჩვენებელია. თავისთავად, ეს განცხადება სერიოზულ ჩრდილს აყენებს მასწავლებელთა მთლიან კორპუსს და საზოგადოებაში მის ავტორიტეტს არყევს.
საზოგადოებამ რომ იცოდეს, სულ გამოცდაზე 10 552 პედაგოგი დარეგისტრირდა, მაგრამ ტესტირებაზე მხოლოდ 6477 მასწავლებელი გავიდა. შედეგად კი მხოლოდ 1101-მა გადალახა ზღვარი, მინიმალური ზღვარის გადალახვა საერთო რაოდენობის 9%-მა ვერ შეძლო.
რეალურად, რასთან გვაქვს საქმე? _ სამინისტრომ მიზანმიმართულად მიიყვანა სიტუაცია ამ შედეგამდე. ერთი, რომ პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდებისთვის მოსამზადებელი ტრენინგების რეგისტრაცია ძალიან დაგვიანებით გამოაცხადა, ისე, რომ აზრიც კი აღარ ჰქონდა მასწავლებლების მხრიდან ჩართულობას. ეს პირდაპირ ჩანს მასწავლებლის სახლის მიერ გადამზადებეული პედაგოგების სტატისტიკაში, თითოეული საგანი 1-2 ჯგუფით შემოიფარგლა. და მეორე, სკოლებს დაავალა, რეგისტრაცია გაევლოთ მასწავლებლებს, რათა გამოცდა (რომელიც პირველად წელს ტარდებოდა იანვარში) შემდგარიყო. ამაზეც სტატისტიკა მიანიშნებს _ დარეგისტრირებული პედაგოგების 50% გამოცდებზე არ გამოცხადდა. აქვე, ერთი ფაქტია ხაზგასასმელი, რომ სამინისტრომ თავისი გადასამზადებელი ტრენინგების დაწყების დაგვიანებით ხელი შეუწყო უწყებასთან დაახლოებული პირების, პედაგოგების მომზადების ბიზნესს, რომელიც საკმაოდ სოლიდური თანხებით იყო წარმოდგენილი ნოემბერ-დეკემბერში.
_ ვინ ისარგებლა ამ შედეგით?
_ უპირველესად, კვლავ სახელმწიფოს ინტერესი იკვეთება. რა თქმა უნდა, მათ აღარ მოუწიათ 8000 პედაგოგისთვის ხელფასის მომატება და ბიუჯეტში დამატებითი სახსრების მობილიზება. თუმცა ათეული მილიონის ხარჯვა არ ენანებათ ისეთი აქტივობებისთვის, როგორიცაა პრემიები და გაურკვეველი ტრენინგ-სემინარებისთვის გამოყოფილი სასტუმროს ხარჯები.
_ რა აქვს დღეს თავად პედაგოგს?
_ ერთი _ სამინისტროს მიერ შემოთავაზებული მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა, რომელიც ყველა მასწავლებელმა იცის და პირად საუბრებში თავად ამ სქემის შემქმნელებიც არ მალავენ, რომ განუხორციელებელია; და მისი ერთადერთი ფუნქცია მასწავლებლის შეჩერებაა, პროტესტი არ გამოთქვას ხელფასის არმომატებასთან დაკავშირებით. და მეორე _ პედაგოგის მხრიდან დამოუკიდებელი ზრუნვა საინტერესო საგაკვეთილო პროცესის წასამართად და განათლების ხარისხის ამაღლებისთვის. სამინისტროს ამ მიმართულებით ერთიანი სისტემური და პრაქტიკაზე ორიენტირებული ხედვა არ გააჩნია.
_ რა იქნება გამოსავალი?
_ პირველი: არ მივცეთ არაკომპეტენტურ მინისტრს იმის უფლება, ასე ხელაღებით შეურაცხყოს მასწავლებელი. მინდა, ყველამ იცოდეს, რომ საქართველოს პედაგოგთა კორპუსის ძირითადი ბირთვი კომპეტენტურია, რომელზე დაყრდნობაც ნამდვილად შესაძლებელია; და რომელთაც აქვთ უნარი, სახელმწიფოს მხრიდან სწორად და ადეკვატურად დაგეგმილი აქტივობების პირობებში, განათლების მაღალი ხარისხი უზრუნველყონ.
_ მინისტრის განცხადებით, მასწავლებელთა გამოცდების შედეგები სახარბიელო არ არის, მაგრამ უკეთესი მოლოდინი არ იყო; ასეთი დამოკიდებულება როგორ შეიძლება შეფასდეს?
_ არსებული სიტუაცია კატასტროფული და საგანგაშოა მხოლოდ ერთი მიმართულებით _ სამინისტრო მასწავლებლის კომპეტენციაზე აპელირებით, პედაგოგის ავტორიტეტის შელახვის ხარჯზე, ცდილობს გადაფაროს საკუთარი ქმედუუნარობა და სრულიად ჩამოშლილი საგანმანათლებლო სისტემა, რომელიც დღეს გვაქვს საქართველოში.
სამარცხვინო და შემაშფოთებელი იყო მინისტრის კომენტარი სტატისტიკასთან დაკავშირებით _ ერთმნიშვნელოვნად ხაზი გაუსვა, რომ ეს შედეგი მოსალოდნელი იყო და ამაში საგანგაშოს ვერაფერს ხედავს. ანუ რა თქვა მინისტრმა? ერთი მხრივ, იცოდა, რომ ასეთი წარუმატებელი შედეგი დადგებოდა _ ამით მასწავლებლების არაკომპეტენტურობას გაუსვა ხაზი და მეორე მხრივ _ მასწავლებელთა გულის მოსაგებად, დაამშვიდა ისინი, რომ საგანგაშოს ვერაფერს ხედავს. რეალურად კი საზოგადოების თვალში პედაგოგების ავტორიტეტი შელახა და სამინისტროს უმაქნისობა მასწავლებელს გადააბრალა.
_ პრემიერ-მინისტრის განცხადებით, პროფესიული განათლების სისტემაში გერმანული მოდელის დანერგვა იგეგმება, რა შედეგებს მოიტანს ეს მოდელი?
_ 2006 წლიდან პროფესიული განათლების ხელშეწყობის მიზნით უამრავი ღონისძიება ჩატარდა. მოშლილი იყო ამ მიმართულების ყველა სეგმენტი _ შინაარსისა და ინფრასტრუქტურის ჩათვლით. ეტაპობრივად განხორციელდა სხვადასხვა აუცილებელი აქტივობა, დაიწყო აქტიური მუშაობა პროფესიული სასწავლებლების, როგორც ინფრასტრუქტურული უზრუნველყოფის მიმართულებით, ასევე მათი შინაარსის დახვეწისა და თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისობასთან მიღწევის თვალსაზრისით.
აუცილებელი გახდა სასწავლებლების ავტორიზაცია, რაც მათი ხარისხის ამაღლებას უწყობდა ხელს. 2012 წლიდან საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელსაც სურვილი ექნებოდა, კერძო თუ სახელმწიფო პროფესიულ კოლეჯში ახალ პროფესიას დაუფლებოდა, სახელმწიფოსგან იღებდა 1000-ლარიან ვაუჩერს. 2012 წელს 5 ახალი პროფესიული კოლეჯი გაიხსნა. საქართველოში პროფესიული განათლების მიღების შემდეგ დასაქმებულთა რაოდენობამ სტატისტიკურად 64% შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ პროფესიული განათლების სტრატეგია ევროპული სტანდარტების გათვალისწინებითა და ევროკავშირის დახმარებით შეიქმნა. ორ პროფესიულ კოლეჯში (კაჭრეთი, ქობულეთი) ამოქმედდა უფასო საცხოვრებელი სტუდენტებისთვის, რათა მაღალმთიანი 13 რაიონის წარმომადგენლებსაც ჰქონოდათ შესაძლებლობა, დაუფლებოდნენ ახალ პროფესიებს.
თითოეული მოქმედი პროფესიული კოლეჯი აღჭურვილი იყო თანამედროვე აპარატურით და პასუხობდა ახალი პროფესიების ათვისების თანამედროვე მოთხოვნებს. ამოქმედდა ახალი პროგრამა "პროფესიული გადამზადებისა და პროფესიული ორიენტაციის ტრენინგები", რომლის ფარგლებშიც, საქართველოს მასშტაბით ოც ქალაქში, ერთდროულად, 20 000 ადამიანს უფასო ტრენინგები ჩუტარდა. პროგრამის მონაწილეები ინგლისურ ენაში, კომპიუტერულ უნარ-ჩვევებსა და პროფესიულ ორიენტაციაში გადამზადდნენ. განვითარებისაკენ მიმართული კურსი _ დაფინანსებისა თუ ტემპის მიხედვით 2013 წლიდან ჯერ შემცირდა და შემდეგ საერთოდ გაჩერდა. მოდულური პროგრამების შექმნაც კი 2017 წლისთვის დააანონსა სამინისტრომ. ამ მიმართულებით სიტუაცია ძალიან ემსგავსება სისტემაში არსებულ 2007 წლის მდგომარეობას, თუმცა ერთი განსხვავებით _ მაშინ კურსი განვითარებისკენ იყო მიმართული.
პრემიერის განცხადება, რომელიც ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი სიახლის შემოტანას აანონსებს, ჯერ კიდევ, 2014 წელს გაჟღერდა. ამასთან დაკავშირებით კონკრეტული მოქმედების გეგმაც კი შემუშავდა, რომელშიც აქტიურად იყვნენ ჩართული გერმანული მხარის წარმომადგენლები. 2014 წლის მაისში გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური მინისტრის საპარლამენტო სახელმწიფო მდივნის, ბატონი ჰანს-იოახიმ ფუხტელის ვიზიტი საქართველოში, სხვა აქტივობასთან ერთად, ამ მიმართულებითაც მოიცავდა რიგ საკითხებს.
კერძოდ, გაეცნო პროფესიული განათლების ახალ მეთოდებს და პროფესიული განათლების ცენტრ "სპექტრში" დაესწრო საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული ტრენერების გადამზადების პროცესს. უნდა აღინიშნოს, რომ ამ პროფესიულ სასწავლებელში დუალური განათლების მოდელის განხორციელების საქმეში ჩაერთო გერმანული საწარმოები "კაპაროლი", "ჰაიდელბერგ ცემენტი" და "კნაუფი". მოგვიანებით, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა გერმანიის პარლამენტის დეპუტატი, დოქტორი ტომას ფაისტი, რომელიც სწორედ საქართველოს პროფესიული განათლების სისტემაში გერმანული დუალური მოდელის ელემენტების დანერგვის პერსპექტივებს შეეხო და შემდგომი აქტივობები დაიგეგმა.
მოკლედ, პრემიერის განცხადება პროფესიულ სასწავლებლებში დუალური განათლების შემოტანასთან დაკავშირებით არახალია და მასზე მუშაობა, ფაქტია, დაწყებულია. თუმცა რაიმე თვალსაჩინო შედეგი განსაკუთრებული პოზიტიური ნიშნებით არ გამოჩენილა.
საქმე ის არის, რომ დუალური განათლება ნიშნავს: სკოლის დამთავრების შემდეგ ახალგაზრდას სწავლის გაგრძელებისა და მუშაობის შესაძლებლობა ერთდროულად აქვს _ თეორიულ ცოდნასა და უნარებს პარალელურად _ საწარმოსა და პროფესიულ სასწავლებელში იღებს. ანუ კვირის რამდენიმე დღე საწარმოშია, დანარჩენი _ პროფესიული განათლების სასწავლებელში. ასეთ ადამიანებზე, კადრებზე მოთხოვნა შრომით ბაზარზე უფროა, ვიდრე იმ სტუდენტებზე, რომლებმაც 5-წლიანი უმაღლესი განათლება მიიღეს, მაგრამ მხოლოდ თეორიული ცოდნა აქვთ და პრაქტიკული საქმიანობის გამოცდილება _ არა.
ამ მოდელმა რომც იმუშაოს, აუცილებელია ქვეყანაში არსებობდეს საწარმოთა კონკრეტული რაოდენობა, სადაც მსურველები, თეორიული განათლების მიღებასთან ერთად, პრაქტიკულ უნარებსაც აითვისებენ; ან სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს საფუძვლიანი და რეალური კვლევის ჩატარება სახელმწიფოში მოთხოვნად პროფესიებთან დაკავშირებით, რათა შემდგომ პროფესიაათვისებული ადამიანები არ დარჩნენ ხელმოცარულნი. ან სახელმწიფომ ამ მიმართულებით უნდა წაახალისოს კერძო პროფესიული სასწავლებლები და, ამავდროულად, უზრუნველყოს მსურველების ვაუჩერული დაფინანსება.
დღესდღეობით, ქვეყანაში მძიმე ფინანსური და ეკონომიკური პრობლემების ფონზე, "ასი ქარხანა კი გუგუნებს", მაგრამ მუშახელი არ სჭირდებათ. დუალური განათლების სისტემა და გერმანიის გამოცდილება ამას არ უშველის! ამიტომ ერთმნიშვნელოვნად შეიძლება ითქვას, რომ პრემიერის განცხადება წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია, რომელიც არაფერ რეალურ და პოზიტიურ შედეგს არ მოგვცემს.
_ არ წყდება საუბრები საგანმანათლებლო დაწესებულებებში "ოდეერის" სისტემის არსებობაზე; როგორ უნდა მოგვარდეს ეს პრობლემა?
_ "ოდეერი" ეს გახლავთ საგანგებო დავალების ოფიცერი, რომელიც ჩანერგილია ამა თუ იმ სახელმწიფო დაწესებულებაში ისე, რომ ის ხდება ამ დაწესებულების ოფიციალური თანამშრომელი _ ასრულებს შტატით გათვალისწინებულ თავის საქმეს ამ ორგანიზაციაში. ხშირად სწორედაც მრჩევლის პოზიციები უჭირავთ.
ძნელია გადაამოწმო, თუ რა სახის ინფორმაციას აგზავნის უშუალო უფროსთან, ამიტომ დიდია რისკი, რომ მისი მოქმედება სუბიექტური იყოს და შეიცავდეს შანტაჟის ელემენტებსაც. ეს მანკიერი პრაქტიკა საბჭოთა პერიოდის გადმონაშთია და ძირითადი ფუნქციაც მთავრობის მხრიდან სუბიექტებსა თუ სახელმწიფო დაწესებულებებზე გავლენის გაძლიერებას გულისხმობს, რაც ცენტრალიზებული მართვის, არაფორმალური მმართველობის ხელშემწყობი მექანიზმია.
ამ ხელისუფლების სხვადასხვა დაპირებას შორის ასეთი მმართველი რგოლის გაუქმებაც იყო მოხსენიებული. თუმცა თსუ-ში განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყო, რომ არათუ გააუქმეს, უფრო მეტი დატვირთვითაც კი აამუშავეს. უმრავლესობის მართვის სტილით თუ გავაანალიზებთ ამ ფაქტს, გასაკვირი არც არაფერია _ არაფორმალური მმართველობა მათი ძირითადი მახასიათებელია, თუმცა საზიანო და ხიფათის შემცველია ქვეყნის განვითარებისთვის. განსაკუთრებით ამაზრზენია ასეთი ინსტიტუციის არსებობა საგანმანათლებლო სფეროში, სადაც გამოკვეთილად ერთადერთი ფუნქცია აქვთ _ ხელიდან არ გაექცეთ ახალგაზრდობის მართვის სადავეები.
ამ პრობლემის ერთადერთი გამოსავალია, ორგანიზაციის ხელმძღვანელებმა შეძლონ მორჩილის სტატუსიდან გამოსვლა და მთავრობის მსახურება საკუთარი ინსტიტუციების სამსახურით შეცვალონ. უარი ასეთი შტატის თანამშრომლის არსებობაზე მხარდაჭერილი იქნება ყოველთვის დასაქმებულთა მხრიდან, მაგრამ თავისთავად ამ განაცხადის გაკეთება დიდ გამბედაობასა და პიროვნულ თავისუფლებას ითხოვს, თავისმხრივ.
_ თსუ-ში ბოლო საპროტესტო აქციების ფონზე, რა პროცესები მიმდინარეობს უმაღლესი განათლების სისტემაში?
_ თსუ-ში მიმდინარე პროცესები ქვეყანაში არსებული ქაოსის პირდაპირი გამოვლინებაა. იყო მცდელობა, სტუდენტების გულწრფელი სურვილი _ ისწავლონ და განათლება მიიღონ თავისუფალ გარემოში, სათავისოდ გამოეყენებინათ საუნივერსიტეტო სივრცეში დაპირისპირებულ გარკვეულ ჯგუფებს. თუმცა ახალგაზრდების სასახელოდ შეიძლება ითქვას, რომ მათ შეძლეს, თავიდან აეცილებინათ ყოველგვარი პროვოკაცია და საკუთარი მოთხოვნები "სხვების" ხელში იარაღად არ ჩაეგდოთ. სტუდენტების მოთხოვნას, საბოლოო ჯამში, ერთი ფორმულირება მიეცა _ მათ აღარ სურთ მართულ პროცესში, მთავრობის დაქვემდებარებაში იხილონ უნივერსიტეტი და ისინი ითხოვენ რეალურ ავტონომიას, რაც საწინდარი იქნება მაღალი საგანმანათლებლო ხარისხის უზრუნველყოფისა.
აუცილებლად ხაზგასასმელია სახელმწიფოს მხრიდან უმაღლესი განათლების დაფინანსებისთვის მიმართული თანხები, რომელიც ყველაზე კარგად ასახავს სახელმწიფოს დამოკიდებულებას უმაღლესი განათლების მიმართ. 2013-14 წლების უმაღლესი განათლების დაფინანსების პროცენტული წილი მშპ-ში, 2012 წლის მაჩვენებელთან შედარებით, შემცირებულია, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ამ მიმართულებით არავითარი წინსვლა არ განხორციელებულა. მეტიც, ის, დაახლოებით, 2007-08 წლების მაჩვენებელს უტოლდება.
გაუმჯობესების გზა კი გულისხმობს _ განათლების სისტემა აუცილებლობით ითხოვს სისტემურ ცვლილებებს. ოღონდ კომპეტენტური ადამიანების მონაწილეობით და გააზრებული აქტივობებით გაჯერებულს; თავისუფალი, დემოკრატიული სამყაროსთვის მისაღებს და არა _ წინასაარჩევნო პიარკამპანიისთვის განკუთვნილს.
,,ქრონიკა+" ინტერვიუში გამოთქმულ მოსაზრებებთან დაკავშირებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაუკავშირდა. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განმარტებით, თამარ სანიკიძის უწყება ოფიციალურ პოზიციას მასალის გამოქვეყნების შემდეგ დააფიქსირებს ,,ქრონიკა+"-ის უახლოეს ნომერში.
გელა მამულაშვილი