ბორჯომის საკრებულოს წევრი „ლეიბორისტული პარტიიდან“, გიორგი გიუაშვილი, პარლამენტის დეპუტატზე _ გედევან ფოფხაძეზე ალაპარაკდა. ის „ქრონიკა+“-თან აცხადებს, რომ ვერ გაუგია, გედევან ფოფხაძე ბორჯომის მაჟორიტარია, თუ ეკა ბესელიას კამერდინერი?
გიორგი გიუაშვილი:
_ საპარლამენტო არჩევნები კარს მოგვადგა, უკვე ვსაუბრობთ, ვის აირჩევენ, ვინ შევა ამჯერად პარლამენტში, მაგრამ არავინ ლაპარაკობს იმაზე, რა გააკეთა 4 წელი იმ ხალხმა, რომელსაც ქვეყნის საკანონმდებლო ხელისუფლება ებარა? იმ მაჟორიტარებმა, რომლებიც არჩევნების დროს ამომრჩევლებს რის გაკეთებას აღარ ჰპირდებოდნენ? ამჯერად ბორჯომის მაჟორიტარი დეპუტატის, გედევან ფოფხაძის მიერ 4 წლის განმავლობაში „გაკეთებულ“ საქმეებზე მინდა გესაუბროთ. ის ამ პერიოდში ბორჯომში იმ მიზნით ერთხელაც არ ჩამოსულა, რომ ამომრჩეველს, მოქალაქეებს შეხვედროდა და მათი გასაჭირისა თუ მდგომარეობის შესახებ მოესმინა. არ ხვდებოდა მათ და არც სატელეფონო ზარებზე პასუხობდა. სამაგიეროდ, ბორჯომის კულუარული და ინტრიგნული საქმეებისთვის იცლიდა და ხელისბიჭებისა და საკუთარი ძმის მეშვეობით, რომელიც საკრებულოს წევრია, მართავდა, საკუთარ ინტერესებს რაიონში ახორციელებდა. მას ხალხში გამოსაჩენად მშვენიერი ტაქტიკა აქვს შემუშავებული _ უარს არ ეუბნება არც ერთ ტელევიზიას კომენტარზე და ისე წარმოაჩენს, თითქოს რამეს აკეთებს, თუმცა როგორი უსაქმურიც არის ბორჯომთან მიმართებით, ასეა საერთოდაც.
_ მოდით, ფაქტებით ვისაუბროთ, რა უნდა გაეკეთებინა ფოფხაძეს ბორჯომისთვის, ბორჯომელებისთვის და არ გააკეთა?
_ ბორჯომის 16 მაღალმთიანი სოფელი, რომელიც ზღვის დონიდან 1000 მეტრზე ზემოთ არის, მაღალმთიან სოფლებთან დაკავშირებით მიღებულ კანონის ნორმებს აკმაყოფილებს. ამ სტატუსს იქ მცხოვრები ხალხისთვის უამრავი შეღავათი მოყვება, რომლითაც ასეთი სოფლები აღორძინებას დაიწყებს, მაგრამ ბორჯომის ხეობის უამრავი სოფელი გამორჩათ, ან გამოტოვეს და ამ სიაში არ შეიტანეს. ასეთებია: საკირე, ტაძრისი, მზეთამზე, წაღვერი, ცემი... ეს სოფლები ზღვის დონიდან 1200-1600 მეტრზეა, მაგრამ ამ ნუსხაში არ არის, თუმცა შეიტანეს უფრო დაბალ ტერიტორიებზე განთავსებული სოფლები. არ ვიცი, ეს რატომ გააკეთეს. იქ მცხოვრები ხალხი ძალიან გაბრაზებულია.
რაიონსა და ცენტრს შორის შუამავალი დეპუტატია. სადაც ეს კანონი მუშავდებოდა, გედევანს ის დაწესებულება უნდა აეტალახებინა და ისე მიეღწია სამართლიანობისთვის. სხვა დეპუტატები ასე ზრუნავდნენ თავის რაიონებზე და ბევრმა მიაღწია კიდევაც იმას, რომ ის სოფლები, რომელთაც ამ ნუსხაში შეტანა ეკუთვნოდა, შეიტანეს. ბორჯომის ხეობაში კი ეს არ მოხდა და დიდ უსამართლობას ჰქონდა ადგილი, რაშიც, ცხადია, პირველ რიგში, გედევან ფოფხაძეა დამნაშავე.
_ ამ სოფლების მცხოვრებლებიც გედევან ფოფოხაძეს აბრალებენ, მათი სოფლები რომ ვერ მოხვდა მაღალმთიან სოფელთა ნუსხაში?
_ ამ სოფლების მცხოვრებლებმა რამდენიმე საპროტესტო აქცია ჩაატარეს. მათ პირდაპირ დაასახელეს ამ საქმეში დამნაშავე პირები _ დეპუტატი, გამგებელი, სოფლის რწმუნებულები. ადგილობრივ ტელევიზიაშიც მივიდნენ და განაცხადეს, _ სად არის ეს ხალხი, რატომ გვემალება, გაგვცენ პასუხიო. ამის ჩაყლაპვა არავის უნდა. საკრებულოდან მივწერეთ, იქნებ, შეიტანოთ ეს სოფლებიც მაღალმთიანი სოფლების ნუსხაშიო, მაგრამ ზღაპარია.
ამ კანონის მიხედვით იქ მცხოვრებ ხალხს განსხვავებული პენსია ექნებოდა და სხვა უამრავი შეღავათი. სინამდვილეში, ამ სოფლებში ძალიან უჭირთ, გზებიც მოუწესრიგებელია და ცხოვრება გაუსაძლისია. არის ისეთი სოფლებიც, რომლებიც პირობების არქონის გამო დაცარიელდა. არის ისეთებიც _ წითელსოფელი, გუჯარეთი, სადაც მოსახლეობის უმეტესობა ოსი იყო და კონფლიქტის შემდეგ დაიცალა, თუმცა ეს უმდიდრესი ადგილებია და უდიდესი პოტენციალის სოფლები სოფლის მეურნეობის, მეცხოველეობის განვითარებისთვის. წინათ ბორჯომის რაიონი რძის პროდუქტებით და თაფლით სწორედ აქედან მარაგდებოდა. რამდენიმე მოსახლე იქ ახლაც ცხოვრობს, მაგრამ თუ პირობები არ შეუქმნეს და კანონი არ მიუყენეს, იმ სიმაღლეზე არასდროს არავინ ავა და არც იცხოვრებს. ხელისუფლებამ ხალხს უნდა მოანდომოს, რომ ავიდეს, დაფუძნდეს და ეს უძვირფასესი სოფლები კვლავ ააღორძინოს. სხვანაირად კიდევ უფრო გაპარტახდება და ბოლოს მხოლოდ ნასახლარებსღა მივიღებთ ამ ადგილებში. აი, ამ საქმეში ლომის წილი მიუძღვით გამგებელსა და დეპუტატს. გედევან ფოფხაძე თავად არის კანონმდებელი, ამ კანონპროექტებში კომიტეტის სხდომებზე, სესიებზე, ხმის მიცემით უშუალოდ მონაწილეობს და თავადვე უნდა ჰქონოდა ინტერესი, რომ მის მიერ მიღებული კანონი მის რეგიონში ამოქმედებულიყო და იქ ერთი სოფელიც არ დაზარალებულიყო და გამორჩენილიყო. მაგრამ აქედანაც ჩანს, რომ მას ეს საკითხი არ აინტერესებს და არც მიაქცია ყურადღება. მის საქციელს გამართლება არ აქვს. თუ მისი გადასაწყვეტი არ იყო, ვინც წყვეტდა, მასთან უნდა მისულიყო, კარი და ბანი არ დაეგდო და ხალხს დახმარებოდა კანონიერ მოთხოვნებში. ეს არის დეპუტატის ფუნქცია და არა ეკა ბესელიას კამერდინერობა _ მანქანის კარის გახსნა, მანქანაში ჩასმა, გადმოყვანა, რესტორნებში ჭიქების შევსება და ა. შ.
_ კიდევ რა უნდა გაეკეთებინა ფოფხაძეს ბორჯომისთვის ამ წლების განმავლობაში და არ გააკეთა?
_ ყველა ის დანაპირები უნდა შეესრულებინა, რასაც ხალხს ეუბნებოდა. არჩევნების დროს მეც მათ გუნდში ვიყავი და ერთად ვმოძრაობდით. სოფლებში დავდიოდით და ის ხალხს უამრავ სიკეთეს ჰპირდებოდა. დავიწყებ მინერალური წყლის პრობლემით, რაშიც ადგილობრივ მეწარმეებს დახმარება სჭირდებოდათ. ყველა საარჩევნო შეხვედრაზე იყო ხაზარაძის ლანძღვა და ანტიმონოპოლიური კანონის მიღების მოთხოვნაზე საუბარი. ეს კანონი გიგანტურ კომპანიებს ერთპიროვნულ უფლებებს წაართმევდა, რომ ბორჯომის წყალი ეწარმოებინათ და 5-6 მეწარმეს მდგომარეობა შეუმსუბუქდებოდა. მაშინ საუბარი იყო იმაზეც, რომ როცა ეს მოხდებოდა, 5-6 ქარხანა გაიხსნებოდა და იქ უამრავი ხალხი დასაქმდებოდა. ის მათ ამ საკითხში დახმარებას ჰპირდებოდა, მაგრამ ახლა მათ ზარებსაც არ პასუხობს. ამ თემებზე საუბრით და დახმარებების დაპირებით გახდა ფოფხაძე დეპუტატი, მაგრამ დანაპირები მერე დაივიწყა და როგორ წარმოგიდგენიათ, სხვა რამეს გააკეთებდა? მეტიც, მისი დეპუტატობის პირობებში ბორჯომის წყლის სამი ბურღილი, რომელიც ხაზარაძეს არ ეკუთვნოდა _ ფაფის ბურღილები შეეძლო ამ ხალხზე გაეცა და იქ გაეხს ნათ ქარხნები, მაგრამ 2015 წლის 15 იანვარს მთავრობის გამოცემული ბრძანებით, ხაზარაძეს პირდაპირი მიყიდვის წესით მისცეს და რაღაზე უნდა ვილაპარაკოთ?
_ ამ გადაცემაშიც დეპუტატის ბრალს ხედავთ?
_ არ გამოვრიცხავ, რომ მას არაფერი ჰკითხეს ამ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ ის, რომ არ დგას თავის დონეზე და მის რაიონში ასეთი რამეები ხდება, ხალხი უკანონოდ იჩაგრება, ეს არ არის დეპუტატის დანაშაული? ის, რომ მხოლოდ პირადად მისთვის საინტერესო თემებით არის მხოლოდ დაკავებული, ეს არ არის მისი ბრალი? აბა, ვინ უნდა დავადანაშაულოთ ამ ყველაფერში?! დეპუტატი რომ ხალხს ჰპირდება, სანამ აირჩევენ, ისინი რომ ენდობიან და მერე მათ სატელეფონო ზარებსაც არ პასუხობს, ეს რაზე მიუთითებს, მგონი, ყველამ კარგად იცის. თუ არაფრის თავი არ ჰქონდა და იცოდა, რომ მის სიტყვას არავინ არაფრად ჩააგდებდა, ხალხს არ უნდა დაჰპირებოდა და არ უნდა მოეტყუებინა. სად არის ის გადამამუშავებელი ქარხნები ხილის, ბოსტნეულის, რომელსაც ასევე ხალხს ჰპირდებოდა? სოფელ დვირის ერთ-ერთ შეხვედრაზე ხალხი გადარია და მათაც დაიჯერეს, რომ ამ სოფელში ხილის გადამამუშავებელი დიდი საწარმო გაკეთდებოდა, იქ დასაქმდებოდნენ და ბედნიერად იცხოვრებდნენ. უამრავი ხილის ხეა ამ ადგილებში და მოსავალს ვერ ითვისებენ, მაგრამ გედევან ფოფხაძის ყველა დაპირება ტყუილი აღმოჩნდა. ეს ის დეპუტატია, რომელსაც ხალხის მიღების დღე არ აქვს. ხალხი ამ თვალსაზრისითაც ძალიან უკმაყოფილოა. ჩემი პროგნოზი კი ის არის, რომ ამ სოფლების საზღვრების შეცვლით და მიუხედაობით ბორჯომს მიათვალეს ასპინძა, ახალქალაქის სოფლებიც და უნდათ, რომ არჩევნებში თავის სასარგებლოდ გამოიყენონ როგორც ადმინისტრაციული რესურსი, ასევე სომხური მოსახლეობით დასახლებული სოფლები, როგორც ეს ხდება ხოლმე გარდაბანსა და სამცხე ჯავახეთში. სხვანაირად ისინი არჩევნებს ვერ მოიგებენ, რადგან ბორჯომის ხეობის ნორმალურ ამომრჩეველს ოცნებისა და გედევან ფოფხაძის გაგონებაც კი აღარ უნდა.
_ იქნებ, უფრო კარგად აგვიხსნათ, როგორ გეგმავენ არჩევნების მოგებას „ოცნების“ წარმომადგენლები?
_ რადგან სოფლების საარჩევნო საზღვრები შეცვალეს, ბორჯომს, ასპინძასა და ახალქალაქის რამდენიმე სოფელს ერთი დეპუტატი ეყოლება. 50 ათას ხმაზე იქნება უკვე ერთი დეპუტატი და, აქედან გამომდინარე, სხვა რაიონების ხმები არჩევნებზე აუცილებლად შედეგს იქონიებს მათ სასარგებლოდ.
თქვენთან რამდენიმე ინტერვიუ ჩავწერეთ და ყოველთვის ვერიდებოდი საუბარს ძმებ ფოფხაძეებზე. რაც არ არის, იმას არასდროს ვიტყვი, მაგრამ ამ დღეებში საკმაოდ დიდი სკანდალი მოხდა ბორჯომში.
ერთი კვირის წინ საკრებულოს სხდომაზე გამგებელს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 24 თებერვლის განჩინება წარვუდგინე, სადაც პროკურატურა შუამდგომლობაში წერდა, რომ ბორჯომის გამგებლის მიერ დანიშნული მისი წარმომადგენელი ბაკურიანში, ანუ ბაკურიანის გამგებელი მხილებული არის ყალბი ცნობების გაცემაში, ამიტომ მოხდეს ნაკვეთების დაყადაღება გამოძიების დასრულებამდეო. ყალბი ცნობებით ბაკურიანში დარეგისტრირდა ასობით ჰექტარი მიწის ნაკვეთი ტყის მასივებში. სწორედ ეს ადამიანი გასცემდა ცნობებს მიწის ადგილმდებარეობის შესახებ, სადაც ბევრი მიწის ადგილმდებარეობაა შეცვლილი. პროკურატურის გადაწყვეტილებაში მოყვანილია ასეთი 27 ფაქტი, მაგრამ მე უფრო მეტი ვიცი. ჯამში, მხოლოდ ბაკურიანში, დაახლოებით, 40 ასეთი ფაქტი მოხდა. საქმე ძიების პროცესშია და, ალბათ, პროკურატურა სხვებსაც აღმოაჩენს. ეს გამგებელი ადამიანებს, რომელთაც ბაკურიანში, უვარგის ადგილზე ჰქონდათ მიწები, ცნობებს აძლევდა, თითქოს კოხტის ძირში, მიტარბის გზასთან, საუკეთესო ტყის მასივებში იყო მათი ტერიტორიები და ასეთი მეთოდით უზარმაზარი ტყის მასივები გაიცემოდა. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არ მინდა გავახმოვანო იმ პიროვნებების ვინაობები, რომელთაც ამ ფორმით დაუმტკიცდათ მიწები ბაკურიანში. ეს ხალხი ზოგი ბორჯომელია, ზოგიც ბაკურიანის მკვიდრი, მაგრამ მერე ბევრმა მათგანმა ეს ნაკვეთები სხვა ადამიანებზე გადაყიდა, რადგან მესამე პირს კანონით ძნელია, რაიმეში მოედავო. კარგი ადგილები არის ამორჩეული და დარეგისტრირებული. ეს არის, რა თქმა უნდა, კორუფციული სქემა და პროკურატურაც ამიტომ იკვლევს. ერთ დღეში ადგილობრივებზეც არის დარეგისტრირებული ეს მიწები და იმავე დღეს აქვთ გადაყიდული მესამე პირებზე. მესამე პირები კი, ვის საკუთრებაშიც ეს ნაკვეთები აღმოჩნდა, უმეტესად ადგილობრივები არ არიან. ეს სქემა გახლავთ კარგად ორგანიზებული, რომელსაც ბაკურიანის გამგებელი გოჩა გობრონიძე მარტო ვერ გააკეთებდა და საკუთარ თავზეც ვერ აიღებდა. ეს რომ ასეა, იმ ფაქტიდანაც ჩანს, რომელზედაც ახლა მოგიყვებით.
მოკლედ: ბორჯომის საკრებულოს სხდომაზე ეს ფაქტი გავახმოვანე და დოკუმენტიც გამოვამზეურე. მე არაფერს ვამტკიცებდი, მარტო ვთქვი ის, რაც პროკურატურის მიერ სასამართლოში წარდგენილ განჩინებაში ეწერა. იქ კონკრეტულ პიროვნებებზე და კონკრეტულ მიწებზეა საუბარი. მე საკრებულოს განვუცხადე, _ ადამიანს, რომელიც ასეთ ფაქტებშია მხილებული, გამოძიების დასრულებამდე სამსახურის უფლებამოსილება შევუჩეროთ-მეთქი. არ მითქვამს, რომ დაეჭირათ, მოეხსნათ, დაეხვრიტათ, მაგრამ უფლებამოსილება უნდა შეეჩერებინათ გამოძიების დასრულებამდე, რადგან თავისუფლად შეიძლება, მას დანაშაული დაუმტკიცდეს და მაშინ რა გამოდის? ბაკურიანს ამჟამად ვინ მართავს? ასეთი რამ მარაზმია, „ნაციონალების“ დროს არ ხდებოდა. თუ ეს ადამიანი გამართლდა და დამტკიცდა, რომ არაფერ შუაშია, აღადგინეთ სამუშაოდ-მეთქი. საკრებულო ჩემი მითითების გარეშეც ვალდებული იყო, ეს რომ გაეკეთებინა, მაგრამ იცით, რა მოხდა სხდომაზე? _ გამგებელმა მაშინვე უარი მტკიცა, გედევან ფოფხაძის ძმამ კი კინაღამ „ვენები გადაიჭრა“, ისე იცავდა ბაკურიანის რწმუნებულს. დაიწყო, რომ მისთვის უფლებამოსილების შეჩერება იქნებოდა პრეზუმპციის დარღვევა და მთელი ძალებით გადააფარეს კალთა. მათაც რაღაც ინტერესი აქვთ ამ საქმეში, თორემ რაც მოვითხოვე, რა არის ამაში მიუღებელი? სწორედ უდანაშაულობის პრეზუმპციიდან გამომდინარე ვთქვი, რომ კი არ მოკლათ, მოხსნათ და დახვრიტოთ, უფლებამოსილება შეუჩერეთ-მეთქი. წარმოგიდგენიათ, მიწების დიდი ნაწილი გაცემულია იქ, სადაც მიწა არც ერთ მთავრობას არასდროს გაუცია, ამათ კი აიღეს და დაარეგისტრირეს. სირცხვილით ვერც ვამბობ ამას, რადგან მიხეილ სააკაშვილმა 2006 წელს რომ წაართვა ბაკურიანის ყოფილ გამგებელს მიწების გარკვეული ნაწილი და სახელმწიფოს გადასცა, რამდენიმე ეს მიწაც ფიგურირებს ამ საქმეში. სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის ფურცელზე პირდაპირ არის მითითებული, რომ სისხლის სამართლის საქმე აღძრულია გამგეობის თანამშრომლის, გამგებლის წარმომადგენლის უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე 332-ე მუხლით.
_ მესამე პირებად, ვისაც საბოლოოდ ეს მიწები დაუკანონეს, ცნობილი ადამიანები, ან ხელისუფლებასთან დაახლოებული ადამიანებიც არიან?
_ (იცინის) დიახ, თუ საქმე ბოლომდე მივიდა, ბევრი საინტერესო რამ აღმოჩნდება. ამჯერად კი კვლავ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ამ კითხვაზე ვერ გიპასუხებთ.
_ ბორჯომის ხეობა საკურორტო ზონაა, ლამაზი და საინტერესო ადგილებით განთქმულია. მარტო ბაკურიანის მიწებია ზოგ-ზოგიერთის ინტერესის სფერო, თუ სხვაგანაც ხდება მსგავსი აღემ-მიცემობა?
_ სხვაგანაც არ არის კარგი სიტუაციები, მაგრამ იქაურობით ჯერ სამართალდამცველები არ დაინტერესებულან. თუ სხვა სოფლებითაც დაინტერესდებიან, ალბათ, იქაც იგივეს აღმოაჩენენ. სქემა, ცხადია, ყველგან ერთია. ჯერ უფორმებენ ადგილობრივ მცხოვრებს და მერე ის აძლევს სხვას. ამ სქემით წინა ხელისუფლებებიც სარგებლობდნენ და ამათაც გააგრძელეს. ტყის მასივები აუქციონების წესითაც იყიდება, თუმცა ის, რაც აქამდე გითხარით, უფრო იოლი, მარტივი მეთოდია და აქედან გამომდინარე, ხშირიც.
ამ დღეებში ერთ-ერთმა ადამიანმა მომიტანა დოკუმენტი, საიდანაც ჩანს, რომ ბორჯომის სუს-ის უფროსის მამას საკურორტო სოფელ თორში 1500 კვ.მ. მიწის ნაკვეთი აჩუქეს. მას ეს აჩუქა ერთ-ერთმა მოქალაქემ, რომელიც არ არის მათი ოჯახის წევრი, არც ბაბუა, არც ბებია და ა. შ. მე ვიცი, რომ ოჯახის წევრები და ნათესავები ერთმანეთს ასეთ რამეებს არ ჩუქნიან და უცხო პირმა რატომ უნდა აჩუქოს ქონება, ვერ გეტყვით.
კიდევ ერთი საბუთი ჩამივარდა ხელში, რომ ასევე სუს-ის უფროსის _ ჩადუნელის მამამ ქვედა სადგერში, სადაც არის ტბა და ზღაპრული ადგილები, ვითომ იყიდა 400 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, მაგრამ ასევე მოვიპოვე მასალა, რომ ამ მიწის მდებარეობა არის გაყალბებული რწმუნებულის ცნობის მეშვეობით. ამ ადამიანს ეს ადგილი თავიდანვე მოსწონდა, მერე ადგილობრივი ნახეს, რომელსაც რაღაც პრობლემა ჰქონდა, ამის მოგვარების სანაცვლოდ მის სახელზე გააფორმეს მიწა, რომელზედაც რწმუნებულმა საბუთი გასცა და მერე ჩადუნელის მამას მიჰყიდეს. ორივე ფაქტი გასულ წელს მოხდა.
_ ტერიტორიებს როგორ ცვლიან, ესეც აგვიხსენით?
_ წინათ იყო საკომლო წიგნი და იქ იწერებოდა მხოლოდ, ვის სად ჰქონდა მიწა, მაგრამ ეს წიგნები ზოგი დაიკარგა, ზოგი არასწორია და მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ ადამიანს აქვს მიწა და სად აქვს, არავინ უწყის. რომელი ადგილიც მას მოსწონს, იქ მიიყვანს მიწის ამზომელს, დაახაზინებს, მოაზომინებს და დააწერინებს, ნამდვილად აქ ჰქონდაო და ასე აფორმებენ. სახელმწიფო მოხელეების ხელშია სადავეები, ეს სიყალბე რომ ჩაიდინონ და რასაც უნდათ, იმას გააკეთებენ.
გარდა მიწებისა დაინტერესებულნი არიან ტენდერებით, რადგან თავიანთ საწარმოებს, შპს-ებს ქმნიან ნათესავებზე და ტენდერებში ამარჯვებინებენ. ფული სადაც ტრიალებს, ყველგან ეგენი არიან. როგორც ვიცი, წვრილმანებში გამგებელია ჩარეული და მიწების მსგავს გასხვისებებში დეპუტატიც, რადგან ფაქტია, რომ მისი ძმა, ბაკურიანის შემთხვევასთან დაკავშირებით, ძალიან არის გადაფოფრილი.
_ თქვენი საუბრიდან ისე ჩანს, რომ გედევან ფოფხაძე ბორჯომში იმ საქმეებს, რომლითაც ის არის დაინტერესებული, ძმის საშუალებით აგვარებს?
_ დიახ, იქ ძმა ჰყავს დატოვებული. ის არის საკრებულოს წევრი და იურიდიული სამანდატო კომისიის თავმჯდომარე და კაცი იურისტი არ არის. მე იურისტი ვარ და ამ კომისიიდან უმიზეზოდ ამომიღეს. სხვა საკრებულოს წევრით ჩამანაცვლეს. ამაზეც და სუს-ის უფროსის საქმეზე დაწერილი მაქვს საჩივრები და დეტალურად აღვწერე ყველაფერი.
ბაკურიანთან დაკავშირებით კიდევ ერთ საინტერესო რამეს გეტყვით: ეს რწმუნებული წინასაარჩევნოდ ჰყავთ გამოჭერილი. ახლა არავის მომდურება და პასუხისგებაში მიცემა არ უნდათ. ამუშავებენ, ყველაფერს გააკეთებინებენ წინასაარჩევნოდ, თავი რომ დაიძვრინოს, არ დაიჭირონ და არჩევნების შემდგომ რა იქნება, არავინ იცის. თუ გაიმარჯვებენ, ისევ დააფარებენ ხელს და ეს მიწები დაყადაღებული იქნება. მოკლედ, ბუტაფორიებს ქმნიან.
მიწის აღიარების კომისიაშიც არის ფოფხაძის ძმა წევრად. სამსახურები, რომლებიც მას უკავია, ძალიან მნიშვნელოვანია. ყველა საკითხი, რომელიც საკრებულოზე გამოდის, ჯერ იურიდიულ კომისიას გადის, ამიტომ ძმები ყველაფრის საქმის კურსში არიან და მასში მონაწილეობენ. ამითაც ჩანს, რომ რეალურად რაიონში მათ გარეშე არაფერი ხდება. თუმცა სხვა კლანებიც არსებობს.
_ კიდევ რომელი კლანები არსებობს ბორჯომში?
_ სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორ აკაკი მაჩუტაძესაც თავისი ინტერესები აქვს. ყველამ იცის, რომ ის ბორჯომის გამგებლის უშუალო ლობისტია. ასევე არის საკრებულოს ფრთა და ფოფხაძეები. ეს სამი ფრთა სავსებით საკმარისია ამ რეგიონისთვის, რომ კარგად მოითბონ ხელი. ცოტა ხნის წინათ ერთმა არასამთავრობომ გამოაქვეყნა გუბერნიებისა და გუბერნატორების სია. მაჩიტაძე ერთ-ერთი პირველია პრემიების, ხელფასებისა და დანამატების თვალსაზრისით. აღმოჩნდა, რომ მათ საკმაოდ დიდი ფული აქვთ საკუთარი ჯიბისთვის გაცემული. ეს იმ დროს, როცა სამცხე-ჯავახეთში 405 ოჯახს შეუწყვიტეს სოციალური დახმარება სახსრების უქონლობის გამო. ეს გაუკეთეს ისეთ ოჯახებს, პურით და ხახვით რომ იკვებებიან მხოლოდ. მათთვის 50-ლარიანი დახმარებებია და ესენი პრემიებად ათასებს იღებენ. წელს ბორჯომის გამგეობისა და საკრებულოს ხელფას-დანამატებზე 3 მილიონი 200 ათასი ლარია დახარჯული; ოფისზე _ 616 ათასი ლარი; მანქანებზე _ 219 ათასი ლარი; რესტორნებში _ 46 ათასი და მივლინებებში _ 56 ათასი ლარი. ეს არის კატასტროფული ხარჯები, რაც არასდროს ყოფილა.
არჩევნების წინ ხელისუფლება ცდილობს, რომ ინფრასტრუქტურული პროექტები განახორციელოს და რაღაცები ათხარ-დათხარეს, მაგრამ რეალურად მაინც რაფერი კეთდება.
აღარაფერს ვამბობ უკვე იმაზე, რომ ბორჯომის ცენტრალურ ხიდს, რომელსაც სილამაზის ხიდი ჰქვია და ცენტრსა და პარკს აკავშირებს, 114 ათასი ლარი დაახარჯეს, მაგრამ მეორე დღესვე დასკდა ასფალტის ახლად დაგებული ფენა. ახლა ზედ რაღაცებს უსვამენ, რომ ეს დამსკდარი ადგილები არ გამოჩნდეს. ხიდი მიდღაბნ-მოდღაბნეს და ორი თვე განათებაც არ იყო. ახლა გამოაცხადეს ტენდერი, კიდევ გამოყვეს 20 ათასი და ამ დღეებში განათებებს ამონტაჟებენ. 140 ათასამდე დაჯდა ხიდის ვითომ რეკონსტრუქცია და მის ქვედა კონსტრუქციას საერთოდ არ შეხებიან _ არ შეღებეს და არ შეამოწმეს. გვერდიდან რომ შეხედავ, კარგად ჩანს, როგორ არის ქვემოდან დაჟანგებული და ხელმოუკიდებელი. ექსპერტიზის დასკვნაც კი არ არსებობს, ხიდი რა მდგომარეობაშია და ავარიული ხომ არ არის? შინაურული ტენდერებით მიაფუჩეჩეს, ზარზეიმით გახსნეს და ისევ ხალხი მოატყუეს, რომ ვითომ რაიმე გაუკეთეს. ამხელა თანხები კი ვის ჯიბეებში ილექება, არავინ უწყის. ვინც ამ ხიდს ნახავს, ყველა მიხვდება, რომ იქ რეალურად არ არის ეს თანხა დახარჯული.
გასულ წელს სანაპიროზე, ტროტუარებზეც დააგეს ფილები, მაგრამ რომ დადიხარ, აშკარად გრძნობ, რომ ფილები მოძრაობს, წვიმის დროს კი ქვემოდან ჭყაპა-ჭყუპი ისმის. ამ საქმეშიც საკმაოდ დიდი თანხებია დახარჯული. ბორჯომში მოუგვარებელია გარე ვაჭრობა. ამ ხალხს ხან პოლიციის წესით ყრიან ქუჩებიდან, მაგრამ ქუჩაში, ტროტუარზე უწყვიათ ნადუღი, ხაჭო, ყველი.
ხელისუფლება ფულის კეთებაზე არის გადასული და აღარაფერი ახსოვს.
,,ქრონიკა+“ თავდაპირველად პარლამენტის წევრს, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, გედევან ფოფხაძეს დაუკავშირდა. მან ჯერ გვითხრა, რომ მოგვიანებით უნდა დაგვერეკა და რაც გვაინტერესებდა, გვიპასუხებდა, მაგრამ როცა გიორგი გიუაშვილი ვუხსენეთ, მოგვიგო, _ ეგ არის ავადმყოფი ადამიანი და მაგის ნათქვამზე კომენტარს არ გავაკეთებ, ამის გამო ნუ შეწუხდებითო.
ბორჯომის გამგებელმა დიმიტრი ყიფიანმაც იგივე გვითხრა, _ გიუაშვილის ბოდვაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, ისე ბორჯომის რწმუნებულზე მართლაც აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, ველოდები გამოძიებისა და სასამართლოს დასრულებას და იმის მიხედვით მოვიქცევი მასთან მიმართებითო.
ცხადია, ყველა საკუთარ ქმედებაზე აგებს პასუხს, მაგრამ არა მგონია, პარლამენტში ადამიანის უფლებების დამცველისგან და რაიონის გამგებლისგან მიზანშეწონილი იყოს საკრებულოს წევრის ამ კონტექსტით მოხსენიება და მერე ასეთი მიზეზით იმ ბრალდებების პასუხზე უარის თქმა, რაც გიუაშვილმა წამოაყენა.
ნელი ვარდიაშვილი