საქართველოში საარჩევნო ციებ-ცხელება კვლევების გამოქვეყნებით დაიწყო. კვლევებმა სახელისუფლებო პარტიას ხმა ჩაუხრინწა, ხოლო ოპოზიციური პარტიებიდან ზოგის ხმას პირიქით _ რიხი შეჰმატა.
ასეთებად, პირველ რიგში, ენმ და „თავისუფალი დემოკრატები“ უნდა დასახელდნენ. ამ ორი ოპოზიციური პარტიის რეიტინგი თვალსა და ხელს შუაა გაზრდილი, ხოლო მათი ლიდერები, სანდოობის თვალსაზრისით, დაუნდობელ ომში არიან ჩართული.
რაც უფრო იზრდება ენმ-სა და დათო ბაქრაძის რეიტინგი და რაც უფრო ფეხდაფეხ მისდევენ მათ თავისუფალი დემოკრატები ალასანიას თავკაცობით, მით უფრო მატულობს ინტრიგა და ენმ-ს როგორც რიგითი მომხრეები, ასევე პარტიული ვერტიკალი, ხშირად დგება დილემის წინაშე, ერთხელ და სამუდამოდ განისაზღვროს დამოკიდებულება თავისუფალ დემოკრატებთან.
ბოლო პერიოდში ეს, თითქოს, გიგა ბოკერიამ გააკეთა, როცა თქვა, რომ ენმ-ს მიზანი არჩევნებში დამოუკიდებლად გამარჯვებაა და არა კოალიცია და ალიანსი, მაგრამ ამ განცხადებამ ბოლომდე ჯერაც ვერ მოჰფინა ნათელი სურათს.
ირაკლი ალასანიას პარტიასთან ალიანსის დაშვება-არდაშევბის შესახებ პარტიულ ვერტიკალში ერთიანი პოზიცია არ არის, თუმცა მდგომარეობას ისიც ართულებს, რომ არც `თავისუფალი დემოკრატები” იკლავენ თავს მაინცდამაინც იმაზე ფიქრით, როგორ შეეკრან ენმ-ს.
ენმ-ს მომხრეთა მხრიდან ალასანიასადმი, უმეტესწილად, უარყოფითი დამოკიდებულება ის ფაქტორია, რომელიც ენმ-ს ალიანსზე საუბრებსა და განხილვაზე უარის თქმისკენ ექაჩება. პარტიული ვერტიკალის ერთი ნაწილი აცნობიერებს, რომ ალიანსის მომხრეობა, შესაძლოა, საბოლოოდ იმ სტაბილური ელექტორატის განწყობაზე აისახოს უარყოფითად, რომელიც, ცალსახად და უცვლელად, ენმ-ს ჰყავს, აგერ უკვე ათი წელია.
ენმ-ს მომხრეები ალასანიას, ძირითადად, ორ რამეს ვერ პატიობენ: ჩართვას ბარბარე რაფალიანცის მკვლელობის ადგილიდან, სადაც მაშინ ალასანია ზუგდიდიდან სასწრაფო წესით ჩავიდა და გენერალ კალანდაძის აყვანას თავდაცვის მინისტრის კაბინეტში თეა წულუკიანთან ერთად.
ვერტიკალის რამდენიმე წარმომადგენელი ალიანსს ემხრობა „მიუხედავად ყველაფრისა“ პრინციპით, ანუ ისინი ამბობენ, რომ მართალია, ალასანია მიუღებელია, მართალია, ძალიან ცუდად მოიქცა, მაგრამ სტრატეგიული თანხვედრა ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია და თუ ალიანსი შედგება, ეს იმის წინაპირობა იქნება, რომ ივანიშვილის მოწინააღმდეგე და დეკლარირებულად პროდასავლური ძალები ერთი მიზნისთვის გაერთიანდებიან _ პარლამენტში იმ რაოდენობით შევიდნენ, რომ „ოცნება“ფაქტის წინაშე დააყენონ _ კოალიციური მთავრობა.
თუმცა, თავის მხრივ, ბოლო კვლევების შემდეგ მადა უკვე თავისუფალ დემოკრატებსაც გაეზარდათ და ეს ბუნებრივიცაა. არჩევნებამდე ისინი მთავარი ოპოზიციური პარტიის ნიშის დაკავებას ცდილობენ და იმედი აქვთ, რომ ენმ-ს რეიტინგს ან გაასწრებენ, ან გაუთანაბრდებიან.
და მაინც, რა დავა და პაექრობაა ენმ-ს კულუარებში სიის შესახებ? ვინ იქნება ახალი ამ სიაში და რა პოზიციაზე? ვინ იქნებიან მაჟორიტარები?
ჩვენი ინფორმაციით, მთავარი შეუთანხმებლობა, რომელიც, უნდა ითქვას, პარტიული კამათისა და პოზიციის შეჯერების საზღვრებში ჯდება და ჯანსაღი პროცესიცაა, მაინც „მიშამ მიხედოს ოდესას“ და „მიშა ჩვენი ლიდერია“ შემადგენლობას შორისაა. რაც შეხება თვითონ სააკაშვილს, მას სულაც არ მიაჩნია, რომ დღეს მისი საზრუნავი მხოლოდ ოდესაა და საქართველოში 8 ოქტომბერს დანიშნულ არჩევნებს მხოლოდ შორიდან უნდა დააკვირდეს. მას აქვს იმის ამბიცია, რომ მის მიერ შექმნილ პარტიაში ჯერაც ლიდერის პოზიცია ეკავოს და მასთან სიის დეტალები შეთანხმდეს.
მიხეილ სააკაშვილი სიის გადახალისებისა და მასში ახალი სახეების შეყვანის მომხრეა, გიგა ბოკერია _ შერეული სიის. ანუ, სააკაშვილის აზრით, წამყვან პოზიციებზე ახალი სახეები უნდა იყვნენ იმის დასტურად, რომ პარტიას ახალი სისხლი სჭირდება, ასევე იმის დასამტკიცებლად, რომ ენმ აფასებს თავიანთ მხარდამჭერებს, ვინც ამ ოთხი წლის განმავლობაში გვერდით ედგა. ამასთან, ბოკერიასა და სააკაშვილს შორის უთანხმოება, ჩვენი ინფორმაციით, პირველ ათეულში ელენე ხოშტარიას მოხვედრის ალბათობამაც გამოიწვია.
მართალია, მისი პრინციპებისა და პოლიტიკური პოზიციის საწინააღმდეგო არც ერთს არაფერი აქვს, მაგრამ, მოგეხსენებათ, სააკაშვილი წყენასა და აუგად მოხსენიებას ძალიან ძნელად ივიწყებს, ხოლო ელენე ხოშტარიას, როცა სააკაშვილისა და მისი თანამებრძოლების სატელეფონო ჩანაწერები გამოქვეყნდა („რუსთავი 2“-ის აქციების დროს), ასეთი ფრაზა აქვს ნათქვამი: „მიმაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილი ქართულ პოლიტიკაში არ უნდა ერეოდეს. ის არის უკრაინაში და მიხედოს უკრაინას. მე აბსოლუტურად არ ვიზიარებ არც მიხეილ სააკაშვილის აზრებს.“
ამ მოსაზრებამ ჯერ კიდევ მაშინ გამოიწვია ენმ-სა და სააკაშვილის მომხრეთა მრისხანება და ახალი ძალით მას შემდეგ იფეთქა, რაც პირველ ათეულში ხოშტარიას მოხვედრის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია.
პირველი ათეულის იმ წევრებიდან, ვის შესახებაც გავრცელდა ინფორმაცია, შეიძლება ითქვას, რომ არც ერთ მხარეს პრეტენზია არ გააჩნია. სალომე სამადაშვილი, ზაზა ბიბილაშვილი, რომან გოცირიძე _ ეს შესაძლო ახალი სახეები, სრულიად ენმ-ს აზრით, დადებითი განწყობის მომტანია, თანაც, უახლოეს პერიოდში იგეგმება რომან გოცირიძის ფაქტორის წინ წამოწევა და ეს იმისთვის, რომ „გირჩის“ და, ცხადია, კონკრეტულად ზურაბ ჯაფარიძის ეკონომიკური სახის აქტივობები დაიჩრდილოს.
რასაკვირველია, პარტიული სიის ათეული ჯერ არაა საბოლოოდ დამტკიცებული და შეთანხმებული, ჯერაც დიდი სჯა-ბაასია წინ და, შესაძლოა, უთანხმოება კიდევ მოხდეს. მაგრამ გიგა ბოკერიას პოზიცია, რომ ახალი სახეებია საჭირო, ხოლო ძალიან მალე ენმ-მ უნდა წარადგინოს პროგრამა, რას სთავაზობს ახალს ამომრჩეველს, უცვლელი რჩება.
კაცმა რომ თქვას, იგივე განაცხადა მიხეილ სააკაშვილმაც, როცა P.S.-თან ბოლო ინტერვიუში აღნიშნა: გასაგებია წინა ცხრა წლით ერთი მხარის მიერ სიამაყის განცდა, მეორე მხარის მიერ კი ამ წლების ჯოჯოხეთად წარმოჩენა, ახლა ხალხისთვის მთავარია, ის ვუთხრათ, თუ ხვალ რა იქნებაო.
სხვათა შორის, სააკაშვილმა ამ ინტერვიუში „მიშამ ოდესას მიხედოს“ შემადგენლობასაც გასცა პასუხი და თუ დავუკვირდებით, „გირჩიც“ გაკენწლა და თავისუფალი დემოკრატებიც, როცა აღნიშნა, რომ ერთ მხარეს არის ივანიშვილი და მასთან დაკავშირებული მოვლენები, ხოლო მეორე მხარე თვითონ მას, მიხეილ სააკაშვილს უკავშირდება. „არავითარი მესამე ძალა არ არსებობს“, _ დაამატა ოდესის გუბერნატორმა და დაიქადნა კიდეც, არჩევნები დამთავრდება თუ არა, ჩამოვალო.
საარჩევნო სიის ათეულის უცვლელი ლიდერი ისევ დავით ბაქრაძეა, რომელიც სხვადასხვა ორგანიზაციის კვლევით, ისევ იმ პოლიტიკოსებს შორისაა, რომელსაც ხალხი ყველაზე მეტად ენდობა. მისი დადებითი იმიჯი დიდად ადგებოდა ენმ-ს ყველაზე კრიტიკულ მომენტში და ასეა ახლაც. ამ კანდიდატურაზე გაყოფილი მოსაზრებები ენმ-ში, ფაქტობრივად, არ არსებობს.
რაც შეეხება მაჟორიტარებს, აქ ყველაფერი ისეა არეული, რომ ვინ სად იქნება წარმოდგენილი, ძნელი გასარკვევია. ცხადია, არიან ისეთებიც, რომლებიც სიაშიც მოწინავე პოზიციაზე იქნებიან და მაჟორიტარადაც მოაიზრებიან, მაგალითად, აკაკი ბობოხიძე, რომელიც, სავარაუდოდ, ხონში იყრის კენჭს.
აღსანიშნავია, რომ სამეგრელოში აქა-იქ უკვე ენმ-ს მომხრეებიც ალაპარაკდნენ იმაზე, რომ თითქოს სიაში სამეგრელო საერთოდ არაა წარმოდგენილი. მოგეხსენებათ, ყველა კუთხე ამ საკითხს საკმაოდ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს და სამეგრელომაც შეამჩნია: ნიკა მელია და ელენე ხოშტარია, ასე ვთქვათ, მეგრული კვოტის წარმომადგენლებად არ მიიჩნევიან. ბევრი ელოდა, რომ სიაში თენგიზ გუნავა იქნებოდა, მაგრამ დასახელებულთა შორის ის არ ფიგურირებს. ამის მიზეზი, შესაძლოა, ისიც იყოს, რომ გუნავა ზუგდიდის რაიონის გამგებლის არჩევნებში დამარცხდა, თუმცა, დამარცხებაც არის და დამარცხებაც. უფრო ისე ჩანს, რომ რახან გუნავა პოლიციის სახე იყო და ეს ფაქტორი მის წინააღმდეგ კარგად გამოიყენა, ჩვეულ სტილში „ოცნებამ“ (როცა ადგილობრივი არჩევნების წინა დღეებში რამდენიმე აქცია მოაწყო), ახლა ისევ იგივე პროცესების გამეორებას ენმ-ს ვერტიკალში ერიდებიან, ამიტომ ზუგდიდში ლაშა დამენიას მოიაზრებენ, რომელიც უკვე წლებია, იქ ადგილობრივი ენმ-ს წინასაარჩევნო შტაბის ხელმძღვანელია.
ზუგდიდთან დაკავშირებით კიდევ ერთი ამბავია: ბევრი მიიჩნევს, რომ საკრებულოს წევრი ანი წითლიძე, რომელმაც მოსახლეობასთან მაქსიმალური კონტაქტით გაითქვა სახელი, ენმ-ს სიის წამყვან პოზიციებში ადგილის დაკავებას იმსახურებს.
მის მხარდასაჭერად „ფეიბუქზე“გვერდიც შეიქმნა. ცნობილი და უცნობი ადამიანებიც წერენ, რომ თუ ვინმეს ეკუთვნის ენმ-ს სიაში წამყვანი პოზიცია, ეს სწორედ ანი წითლიძეა.
თუმცა ის, ვისზეც ზუგდიდში თითქმის ყველა ენმ-ს მხარდამჭერი თანხმდება, სანდრა რულოვსია. ექს პირველი ლედი იქ ისე უყვართ, რომ ტრიუმფით გამარჯვება გარდაუვალი იქნებოდა, მართლა რომ აპირებდეს კენჭისყრას.
ლაშა ბერულავა