საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებთან ერთად სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით ქონების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სახელმწიფოს კუთვნილი თანხის მითვისების ფაქტზე დააკავა: შპს „მექანიზატორის“ ზესტაფონის სერვისცენტრის მენეჯერი დავით ხუსკივაძე, ბრიგადის მენეჯერები გრიგოლ გელხვიიძე, ვარლამ ბარამაძე, ავთანდილ ლომინაშვილი და ახალციხის სერვისცენტრის ბრიგადის მენეჯერი ივანე სარალიძე. დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილით.
გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული „მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის“ ფარგლებში სოფლის მეურნეობის სამინისტროს ააიპ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს მიერ 100%-იანი წილით დაფუძნებული შპს „მექანიზატორის“ ოპერატორებს ევალებოდათ, ფერმერებისთვის მიწის ნაკვეთები უსასყიდლოდ დაემუშავებინათ, ხოლო ასეთი ბარათის არქონის შემთხვევაში ფერმერსა და შპს „მექანიზატორს“ შორის უნდა გაფორმებულიყო შესაბამისი ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ფერმერისთვის მომსახურების გაწევა შპს „მექანიზატორის“ ანგარიშზე სამუშაოს საფასურის შეტანის შემდეგ უნდა მომხდარიყო. დაკავებულმა პირებმა ფერმერებს სამუშაო ყოველგვარი ხელშეკრულების გარეშე შეუსრულეს და მიღებული თანხა გაინაწილეს. ჯამში მათ სახელმწიფოს 260 783 ლარის ზიანი მიაყენეს. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ დავით ხუსკივაძემ და ბრიგადის მენეჯერმა გრიგოლ გელხვიიძემ ფერმერებისთვის მიწის ნაკვეთების უსასყიდლოდ დასამუშავებლად მიღებული 46 570 ლარის ღირებულების დიზელის საწვავი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით გაფლანგეს, რითაც სახელმწიფოს დიდი ოდენობით ზიანი მიადგა. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული ოთხიდან თერთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის მიერ გაშიფრული დანაშაულებრივი სქემა ერთადერთი არ არის, რომელიც შპს „მექანიზატორის“ ზესტაფონის სერვისცენტრში მოხდა.
„ქრონიკა+“-ს სქემის დეტალებს სერვისცენტრის ყოფილი ტექნიკური სამსახურის უფროსი, ზაალ კვიმსაძე უმხელს, რომელსაც სამსახურიდან წასვლა აიძულეს.
ზაალ კვიმსაძე „მექანიზატორის“ ზესტაფონის სერვისცენტრში „ქართული ოცნების“ გამარჯვების შემდეგ დაინიშნა.
ზაალ კვიმსაძე:
_ „ქართულ ოცნებაში“ 2012 წლის აპრილში მივედი, როცა ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდა...
მობილური ჯგუფის შექმნა დამავალეს. დეპუტატობის კანდიდატ გოგი ქავთარაძესთან ერთად შეხვედრებზე, სხვადასხვა ღონისძიებაზე დავდიოდით. აქტიური მონაწილეობის შედეგად უშიშროების სამსახურები დაინტერესდნენ. კერძოდ, მაშინ ზესტაფონში ვეფხია იჩქიტიძე იყო უშიშროების უფროსი. 4-5 მანქანა ყოველდღიურად დამყვებოდა, მაკვირდებოდნენ... ჩემი აქტიური მონაწილეობა მათზე ძალიან ცუდად ისახებოდა. ბოლოს და ბოლოს, ვერაფერი რომ ვერ მომიხერხეს, არ ვჩერდებოდი, ჩვენი მოძრაობა უფრო ძლიერდებოდა, 2012 წლის 21 სექტემბერს დამაკავეს და ბრალად წამიყენეს, რომ მანქანა ძებნაში იყო. ამ მოტივით პოლიციის განყოფილებაში წამიყვანეს. მისვლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ საქმე მანქანასთან დაკავშირებული არ იყო და ახალი ბრალი მომიყენეს, _ თქვენ ქუთაისში უნდა გადაგიყვანოთ და ნარკოლოგიურ შემოწმებაზე ანალიზები აგიღოთო. _ პრობლემა არ არის-მეთქი. ქუთაისის საპატრულო პოლიციაში გადამიყვანეს, ანალიზი ამიღეს, არაფერი არ აღმომაჩნდა, უკან დამაბრუნეს და იმ საღამოსვე გამომიშვეს. ეს იყო და ეს...
არჩევნები მოვიგეთ, 2013 წლის პირველ მარტს შპს „მექანიზატორში“ ტექნიკური სამსახურის უფროსად დავინიშნე. აქ სერვისცენტრის მენეჯერი ბატონი დავით ხუსკივაძე გახლდათ. ჩემი მისვლის დღიდან ხუსკივაძემ და ვეფხია იჩქიტიძემ და ოთარ კობახიძემ დევნა დამიწყეს _ ათასნაირი ხერხით, ათასნაირი მოგზავნით, ყველა მეთოდით, რაც შეეძლოთ. როცა არაფერი გამოუვიდათ, დავით ხუსკივაძემ, მერაბ წიფურიასა და ნოდარ ლაბარტყავას მეთაურობით, „მექანიზატორში“ მონიტორინგის სამსახურში დამაბეზღა. ისინი ზესტაფონში ჩამოვიდნენ და კვლავ ნარკოლოგიურში შემამოწმეს. ისევ არაფერი აღმომაჩნდა. დაკითხვები დამიწყეს, „მექანიზატორში“ დამიბარეს, მაგრამ მათი ეს მცდელობა უშედეგოდ დამთავრდა. ამავდროულად, დავით ხუსკივაძე თავის კადრებს ნიშნავდა, ნეპოტიზმით იყო დაკავებული, მამიდაშვილ-ბიძაშვილებს, თავის ახლო წრეებს, ყველას, ვინც თავის გარშემო მოიაზრებოდა, ნიშნავდა. ჩემთან ხალხს აგზავნიდა, რომ მას თავის კრიმინალურ ქმედებაში ავყოლოდი, რაზედაც უარს ვეუბნებოდი...
_ რა უნდოდა, მაგალითად, კონკრეტულად რომ თქვათ?..
_ კონკრეტულად, უნდოდა ის, რომ რასაც თვითონ აკეთებდა, არაფერი მეთქვა, ავყოლოდი, ჩავყოლოდი თავის ქმედებაში. კონკრეტულად, ის იყო, რომ გავჩერებულიყავი. მე როგორ უნდა გავჩერებულიყავი? ჩემი საქმე და სამუშაო ის იყო, რომ ყოველთვის კრიტიკულ აზრს გამოვთქვამდი. იმ პერიოდში ტექნიკა და აგრეგატები შემოდიოდა. ისეთი აგრეგატები შემოდიოდა, რომელიც საერთოდ არ გვესაჭიროებოდა. ამას ვასაბუთებდი, როგორც ზესტაფონის „მექანიზატორში“, ასევე თბილისშიც. თან უხარისხო შემოდიოდა. შემთხვევები იყო, ბაზაზე გაგვისინჯავს, ფართობში გაგვიგზავნია და ფართობამდე დაშლილა. მააგალითად, საწამლე აპარატი ფართობში მიტანამდე დაიშალა.
„მექანიზატორში“ საქმის შესასრულებლად რაც რეალურად მჭირდებოდა, იმას ვითხოვდი. სოფლის მეურნეობის პროგრამა იყო. ჩამოვდიოდი თბილისში და მეუბნებოდნენ, _ ეს რად გინდაო და 20%-ს მიკმაყოფილებდნენ. მერე მეუბნებოდნენ, რომ აგრეგატები, გუთნები იყო გასაკეთებელი, _ თქვენი სახსრებით გააკეთეთ და ფულს ჩვენ გადმოგირიცხავთო. ხელფასი600 ლარი მქონდა, ჩემი მწირი სახსრებით რაღაც-რაღაცებს, მეგობრების დახმარებით, ვახერხებდი, არანაირი ფული არ მერიცხებოდა, მეტიც, თბილისში დავდიოდი, მივლინების ფულსაც არ მაძლევდნენ, მხოლოდ ერთხელ ამინაზღაურეს. თბილისში 10-ჯერ, 15-ჯერ რომ ჩამოვდიოდი, ზოგჯერ ყოველ კვირა დავდიოდი და არანაირი ანაზღაურება...
ყველაზე საეჭვო და ბუნდოვანი ის არის, რომ ჩვენთან აგვისტოში 166 ერთეული მოტობლოკი შემოიტანეს. ჩემს ზემდგომს დავუკავშირდი და ვეკითხები, _ როგორ მოვიხმაროთ, რაზე გავანაწილოთ, ვისზე გავანაწილოთ-მეთქი?.. _ მოიცადეთ, გადავწყვეტთო... ერთი სიტყვით, ამ მოტობლოკებზე იგნორირება გამიკეთეს და ეს საქმე, ფაქტობრივად, გაყინეს, _ ბაზაზე უფუნქციოდ ეწყოთ. დამთავრდა სოფლის მეურნეობის პროგრამა, უკვე აგვისტოში მთავრდება და რეესტრების შედგენა დაიწყო, რამდენი დაიხარჯა. მენეჯერებმა რეესტრების შევსება და თბილისში გატანება დაიწყეს... სასწაული ხდებოდა. რეესტრებში უკუსვლებს აჩვენებდნენ... როცა დახრილი ფართობია, ტრაქტორი ორი სვლით უნდა ხნავდეს, ორმაგი საწვავი იწერებოდა, ფული თეთრდებოდა. ეს იყო 2013 წელს, შემდეგ 2014-2015 წლებში რა ხდებოდა, არ ვიცი. 2013 წელს რეესტრები გაყალბდა. მერე დაიწყო ხელშეკრულებები... მაგ დროს „მექანიზატორში“ ყველა ტრაქტორი ჩიპებით მუშაობდა და „ჯიპიარესებით“ გამორთავდნენ. ერთი სიტყვით, მიწები არაკანონიერად იხვნებოდა...
_ რაოდენობა იზრდებოდა? ანუ ამ „ჯიპიარესის“ მეშვეობით შესაძლებელი იყო ზუსტი დათვლა?..
_ ჰო, არ ჩანდა, იქ მოტოსაათები იმალებოდა და ამას ყველაფერს ზემდგომი მონიტორინგი, ვინც უნდა გააკონტროლოს წიფურიას ხელმძღვანელობით, ასევე ლაბარტყავასა და კუტიბაშვილის... აღარ მახსოვს მათი გვარები... ერთი სიტყვით, ისინი მფარველობდნენ და პლუს, ზვიად ჩხაიძე, გენერალური დირექტორი. დაიწყო ზამთარი...
_ ზაალ, სავარაუდოდ, რა რაოდენობის თანხაზეა ლაპარაკი?.. ანუ თქვენ სერვისცენტრში ხდებოდა ეს, თუ სხვაგანაც?
_ ძალიან დიდ თანხაზეა ლაპარაკი... მე ვამბობ მარტო ზესტაფონის სერვისცენტრზე იმიტომ, რომ სხვა სერვისცენტრებთან შეხება არ მქონია. რასაც ვხედავდი, ეს იყო ზესტაფონის სერვისცენტრი... ეს თანხები ძალიან დიდზეა და ბოლოს გეტყვით მაგას. თვითონ პასუხისგებაშია მიცემული: 182-ე მუხლით, ა, ბ, გ, დ, II და III ნაწილით, სახელმწიფო ქონების ძალიან დიდი რაოდენობით მითვისებაზე, რეალურად კი მილიონებზეა ლაპარაკი... ამასთანავე, ეს ტექნიკა ისპობოდა, იმიტომ, რომ მოტოსაათებს მალავდნენ, მოტოსაათის მიხედვით მათი ტექნიკური მომსახურება ხდება. რაკი იმალებოდა, შესაბამისად, რემონტისა და საპოხი მასალების რაოდენობაც ფორმდებოდა. ვცდილობდი, ეს გამეგო და რაღაცნაირად მაინც ვახერხებდი ჩემი მუშაობის პერიოდში. ახლა ეს ორი წელია, რა ხდება, აღარ ვიცი... მერე ზამთარი რომ მოვიდა...
_ აყენებდით თუ არა საქმის კურსში ზემდგომების გარდა, მაგალითად, მაჟორიტარ დეპუტატს, რომელსაც, თავის დროზე, აქტიურად ეხმარებოდით?..
_ ბატონი გოგი ქავთარაძე სისტემატურად მყავდა საქმის კურსში, რომ ასე ხდებოდა... წერილობით არა, სიტყვიერად ვეუბნებოდი, ვნახულობდი. როცა ბიუროში ჩამოდიოდა, ყოველთვის მქონდა ურთიერთობა, სატელეფონო საუბარი, მაგრამ რა? მხოლოდ ცრუ დაპირებებს ვისმენდი, _ რაღაცას მოვახერხებთ, შევცვლითო... და არანაირი რეაგირება.
დადგა ზამთარი და იმ წელიწადს ცოტა ადრე მოთოვა. გამგეობებიდან ფულის გადმორიცხვა დაიწყეს, რომ გზები, მისასვლელი ადგილები გაწმენდილიყო და აი, აქაც კორუფციული გარიგება დაიწყეს. მაშინ ბატონი გამგებელი ტარიელ თუთარაშვილი (ახლაც ის არის გამგებელი) უშუალოდ მონაწილეობდა გადარიცხვებში. ფორსმაჟორის მომიზეზებით გადარიცხვა ისეთ დროს ხდებოდა, როდესაც მზიანი ამინდი იყო, საერთოდ არ იყო გზა და მისადგომები გასაწმენდი. მაშინდელი „ოცნების“ შტაბის უფროსი და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ბატონი დავით მაღრაძე, მათთან ერთად გარიგებაში უშუალოდ მონაწილეობდა. ამას მე ყოველთვის ვაკრიტიკებდი, რომ ასე არ შეიძლება, ასე ნუ აკეთებთ-მეთქი და სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს ჩემი მოშორება.
იანვარში საკითხი დადგა, ტექნიკური სამსახურის უფროსმა, უშუალოდ ჩემმა უფროსმა, იგორ ტყებუჩავამ დამირეკა და მითხრა, რომ მოტობლოკები სერვისცენტრის გარეთ უნდა გაიტანო, ალტერნატიული ფართი მოიძიოთ, იქირაოთ, გადაიტანოთ და მაგის თანხებს ჩვენ აგინაზღაურებთო. _ რა საჭიროებაა ამ მოტობლოკების გადაზიდვასთან დაკავშირებით-მეთქი? _ თქვენ ხელს გიშლით იმიტომ, რომ მეორე ტალღას ვიწყებთ სოფლის მეურნეობის პროგრამასთან დაკავშირებით და იმ ფართზე, სადაც ეს გვიწყვია, ტექნიკის რემონტი გვინდაო. მე ვუთხარი, რომ შემიძლია ისე დავასაწყობო, რომ არანაირად ხელს არ შეგიშლით-მეთქი. ერთი სიტყვით, ამ მოტობლოკების გადატანაზე წინააღმდეგი წავედი.
_ რატომ უნდოდათ ამ მოტობლოკების გადატანა?
_ არ ვიცი, ჩემთვის დღემდე უცნობია. ეს მოტობლოკები ყველა სერვისცენტრში დაახლოებით იმ რაოდენობით იყო, რა რაოდენობითაც ჩვენს სერვისცენტრში. ამ მოტობლოკების ასავალ-დასავალი აღარ ვიცი, რა ბედი ეწია. ასევე არ ვიცი, სხვა სერვისცენტრებში როგორ მოხდა. ჩვენს, ზესტაფონის სერვისცენტრში რომ აღარ არის, დანამდვილებით ვიცი. ამის მერე ჩემი მოშორება დაიწყეს, _ უკვე ბევრ რამეში ვიყავი ხელის შემშლელი.
გუბერნატორ ზაზა მეფარიშვილთან ზვიად ჩხაიძე და დავით ხუსკივაძე ჩამოვიდნენ, შეხვდნენ და ჩემი მოშორების სქემა განიხილეს. ალბათ, მოილაპარაკეს. არ ვიცი, ეს 31 იანვარს მოხდა თუ 5 თებერვალს: ჩემს სამსახურს ავტომობილი ეკუთვნოდა, რომელიც მანამდეც უნდა მყოლოდა, მაგრამ არ მყავდა, ყველა სერვისცენტრს ჰყავდა და მე არ მყავდა, ბოლოს და ბოლოს, მითხრეს, ჩამოდი და წაიყვანეო... ჩამოვდივარ და ახალ ხელშეკრულებას მახვედრებენ, სადაც წერია: ჩემი ახალი სამსახურის სახელი, თანამდებობა _ სერვისცენტრის მრჩეველი, ადმინისტრაციული ერთეულები რწმუნებულებთან. _ ეს რა არის-მეთქი? და ზვიად ჩხაიძე მეუბნება, _ ჩვენ სადაც მოვისურვებთ, ზუსტად იქ გადაგიყვანთო. _ თქვენი სამსახური მე აღარ მინდა-მეთქი! წამოვედი და მას შემდეგ აღარც სამსახურში მივსულვარ. ჩემი ურთიერთობა „მექანიზატორთან“ დასრულდა. ეს სამსახური 3 თვეში გაუქმდა.
ამის შემდეგ უკვე დეპუტატთან მივდივარ. მაშინ ფრაქციის თავმჯდომარე დავით მაღრაძე იყო. იგი და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ორივე შემპირდა, დაგეხმარებითო. არანაირი რეაგირება. პრეზიდენტის, პრემიერისა და პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე მიმართვა დავწერე. გოგი ქავთარაძის ბიუროში მივიტანე. მის შემდეგ ამ წერილის ასავალ-დასავალი არ ვიცი, სად წავიდა, როგორ წავიდა. უშიშროების სამსახურის თანამშრომლები ჩემით ისევ დაინტერესდნენ. გვარები და სახელები არ მახსოვს. დამიბარეს, მანქანაში ჩამისვეს, მკითხეს, რა ხდებოდა და რა ხდება „მექანიზატორშიო“. ყველაფერი მოვუყევი, რაც ხდებოდა. ეს იყო 2014 წლის თებერვალში და არანაირი რეაგირება, იმიტომ, რომ მათ მფარველები ჰყავდათ ზვიად ჩხაიძის სახით, გენერალური დირექტორის, მონიტორინგის სახით და, სავარაუდოდ, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახით.
დავით ხუსკივაძის პარტნიორი არის ცეზარ მაღლაკელიძე, რომელიც შპს „საირხეში“დავით ხუსკივაძესთან 25%-იანი წილით პარტნიორია. ეს ადამიანი ამავე საწარმოში იგივეს ახორციელებდა. სასამართლო დავები დღესაც მიდის. ანადგურებდა, თაღლითურად ყიდდა და ათასი რაღაცა ხდებოდა. მე და ცეზარ მაღლაკელიძემ გადავწყვიტეთ, რომ დავით ხუსკივაძის პიროვნებაზე პროკურატურაში და სოფლის მეურნეობის სამინისტროში მიგვეწერა. პროკურატურაში რეაგირება არ გააკეთეს, ხოლო სოფლის მეურნეობის სამინისტროში რეაგირება რამდენიმე წერილის შემდეგ იყო. 2015 წლის ოქტომბერში მონიტორინგის ხელმძღვანელი ჩამოდის. არ ვიცი, ერთ-ერთი ნოდარ ლაბარტყავა და ზაზა კოტებაშვილია, მგონი. მოვიდნენ და „საირხეში“ დამკითხეს და ჩამწერეს.
_ დაკითხვა და ჩაწერა რას ნიშნავს?
_ იწერდნენ, რა. ლაბარტყავა მესაუბრება და ვიდეოკამერით მიღებს, ჩემს ლაპარაკს კი იწერს... ბოლოს როცა დასრულდა, ვუთხარი, _ ეს არის თქვენი უფლება-მოვალეობა, რატომ არ ასრულებთ, რატომ არ აკეთებთ ამას და ამას, ეს ადამიანი დანაშაულს სჩადის-მეთქი. რეაგირების ნაცვლად დავით ხუსკივაძესთან წავიდნენ, იქ არ ვიცი, ალბათ, იქეიფეს და ამანაც ჩაიარა, არანაირი რეაგირება. 2016 წლის 15 იანვარს დავით ხუსკივაძეს უშიშროების სამსახური აკავებს და მას 182-ე მუხლის ა, ბ, გ, დ პუნქტების II-III ნაწილს უყენებენ ბრალად. ახლა გირაოთია გამოშვებული.
ხუსკივაძის დანიშვნისას არავის გახსენებია, რომ 2008 წელს ამავე მუხლითაა ნასამართლები, როცა „ზესტაფონგაზის“ დირექტორი იყო. ამ ადამიანებს სერიოზული მფარველები ჰყავთ და მე ჩემი სიმართლის დამტკიცებას როგორ შევძლებდი?
უცნაური ისაა, რომ ახლა, ორი წლის მერე, „მექანიზატორიდან“ დამირეკეს და მისვლა მთხოვეს.
_ ვინ დაგირეკათ?
_ შპს „მექანიზატორიდან“, ზესტაფონის სერვისცენტრიდან, ჩვენმა იურისტმა, ხათუნა არჩვაძემ მითხრა: ორშაბათს, 3 საათზე უნდა მიხვიდეთ, ლაშა ცინცაძე იკითხეთო... მეტი არაფერი ვიცი. პარასკევს მივედი. უცნაური რამ შემომთავაზეს, _ თქვენ აქტებზე ხელი უნდა მოაწეროთო... _ რა აქტებზე უნდა მოვაწერო ხელი-მეთქი?.. _ მიღება-ჩაბარების აქტებზეო. _ არაფერს ხელს არ მოვაწერ, რა მიღება-ჩაბარების აქტები, ორი წელია, რაც სამსახური დავტოვე და ახლა გაგახსენდათ მიღება-ჩაბარების აქტები-მეთქი?! ეს, სავარაუდოდ, ის არის, რომ დავით ხუსკივაძეს 10 მაისს სასამართლო აქვს ჩანიშნული და რაღაცები გასასწორებელია, „გაპრავება“ უნდათ, ეს არის ჩემი ვარაუდი. ოჯახური მდგომარეობა ძალიან მძიმე მაქვს, ცერებრული დამბლით დაავადებული 7 წლის გოგონა მყავს, თბილისში ვარ, ლუკმა-პურს ტაქსაობით რაღაცნაირად ვშოულობ. დავით ხუსკივაძისა და მისი მფარველების უკანონობების ჩემი ხელმოწერით გამოსწორებას არ ვაპირებ.
P.S. ორშაბათ დილით შპს ,,მექანიზატორში“ მისულ ზაალ კვიმსაძეს განუმარტეს, რომ გაუთვალისწინებელი შეცდომა მოხდა და მიღება-ჩაბარების აქტებზე მისი ხელმოწერა საჭირო აღარ არის.
ელისო კილაძე