ბევრი სვამს კითხვას, _ რა არის კრიმინალის საფუძველი? ბუნებრივია, ამაზე მრავალგვარი პასუხი არსებობს და მიზეზიც უამრავია, მაგრამ მთავარია, რომ არსებობს კვლევები კრიმინალის სტატისტიკის შესახებ. პრაქტიკულად, ამ კვლევების მიხედვით კრიმინალის ძალიან მაღალი დონე ე. წ. ველური კაპიტალიზმის სახელმწიფოებშია.
მსოფლიოს ყველაზე კრიმინალურ სახელმწიფოებს შორისაა, სამწუხაროდ, ამერიკის შეერთებული შტატებიც. აქ მსოფლიოში პატიმართა ყველაზე დიდი რაოდენობაც არის. ექსპერტები ამ ფაქტს იმ გარემოებას აბრალებენ, რომ ამერიკაში დღეს, როგორც არასდროს, დიდია სხვაობა მდიდრებისა და ღარიბების შემოსავლებს შორის და, ამასთან ერთად, საშუალო კლასი დღითი დღე მცირდება, ღარიბების რაოდენობა კი იზრდება. უკანასკნელი სტატისტიკური მონაცემებით ამერიკაში, დაახლოებით, 46 მილიონ ადამიანს, ანუ მთელი მოსახლეობის 15%-ზე მეტს საკვების მიღებაში სახელმწიფო ეხმარება Food Stump პროგრამით. თუმცა ამერიკის კრიმინალური დონე მაინც გაცილებით უფრო დაბალია გასული საუკუნის მეორე მსოფლიო ომის დროს და ,,ახალი კურსის“ (The New Deal) რეფორმების განხორციელების შემდეგ. ფრანკლინ დელანო რუზველტისა და ლინდონ ჯონსონის რეფორმების შედეგად საზოგადოებაში სიღატაკის დონემ მკვეთრად იკლო და სახელმწიფომ მოქალაქეების კეთილდღეობა, მეტ-ნაკლებად, საკუთარ ხელში აიღო. აქედან გამომდინარე, საშუალო კლასის სუბურბანულ დასახლებებში კრიმინალის რაოდენობაც საგრძნობლად შემცირდა.
სოციალურ მეცნიერებაში უკვე დიდი ხანია, კარგად არის ცნობილი, რომ მოქალაქეების კეთილდღეობის დონე საზოგადოების კრიმინალისგან თავისუფლების პირდაპირპროპორციულია. გერმანიამ, მაგალითად, მეორე მსოფლიო ომიდან 19 წელიწადში მოახერხა კეთილდღეობის დაბრუნება, სამხრეთ ევროპის ქვეყნებს ამისთვის ცოტა მეტი დასჭირდა, მაგრამ 1965 წლისთვის, მეტ-ნაკლებად, ყველა დასავლეთ ევროპული სახელმწიფო კეთილდღეობის საზოგადოება გახლდათ. კრიმინალიც ამ საზოგადოებებში საგრძნობლად დაბალი იყო. იგივე შეიძლება ითქვას იაპონიაზე, რომელმაც, აგრეთვე, განვითარების სოციალურად დემოკრატიული მოდელი აირჩია. დღესაც კრიმინალის ყველაზე დაბალი დონე სოციალურად უზრუნველყოფილ სახელმწიფოებს აქვთ, ისეთებს, როგორებიცაა ნორვეგია, შვედეთი, ჰოლანდია, კანადა და ასე შემდეგ. რა არის ამის მიზეზი? ცხადზე ცხადია, რომ მიზეზი აღნიშნული ქვეყნების სოციალური პოლიტიკაა. ზოგი ამას კეთილდღეობის სახელმწიფოს მოდელს უწოდებს და ზოგიც სოციალ-დემოკრატიას.
ნოამ ჩომსკი თანამედროვე ლიბერალური კაპიტალიზმის ქვეყნებში არსებულ სისტემებს პლუტონომიას უწოდებს. აქ დიდი ბიზნესის მთავარი შემოსავლის წყარო, ძირითადად, დიდმასშტაბიანი ქურდობა, ან თაღლითობაა. რა თქმა უნდა, გამონაკლისებიც გვხვდება და ყველა ანტერპრენიორი არ არის ქურდი, ან თაღლითი, მაგრამ დღეს ძალიან გავრცელებულია ელიტური კორუფცია, რომელიც არა მხოლოდ ბირჟაზე უკანონო თამაშით (ინსიდერ ტრადინგ და ასე შემდეგ) გამოიხატება, არამედ პირდაპირი მნიშვნელობით მთავრობების მოსყიდვით და კორუფციულ გარიგებებში შესვლით. ამის შედეგად ადამიანების უმრავლესობა, პრაქტიკულად, ღატაკად რჩება და განწირულია. დღევანდელი უქონელი კლასის აღმნიშვნელი ახალი ტერმინი პროლეტარიატი აღარ არის. ეს პრეკარიატია, რადგან დღეს უკვე ინდუსტრიაც კვდება _ ჩვენ ყველანი პოსტინდუსტრიულ ეპოქაში ვცხოვრობთ. დღეს მსოფლიოში სულ უფრო და უფრო ნაკლები ქარხანაა და ამ არსებულ ქარხნებში შრომის პირობები სულ უფრო და უფრო გაუსაძლისი ხდება. ისინი, ძირითადად, ,,გლობალური სამხრეთის“, ანუ ყოფილი ,,მესამე სამყაროს“ ტერიტორიებზეა, სადაც კორპორაციები მუშებს, პრაქტიკულად, მონებად იყენებენ. ნუ მოვიტყუებთ თავს ბატონი ბენდუქიძისა და მისი ადეპტების იდეოლოგიით და პირდაპირ ვთქვათ, _ ,,ინვესტიციების“ მოზიდვა მესამე მსოფლიოს ქვეყნებისთვის ეკონომიკური მონობის ტოლფასია. ამ ქვეყნებში ტრანსნაციონალური კორპორაციების ზეწოლით არც სათანადო შრომის კოდექსს იღებენ და არც გარემოს დაცვაზე ზრუნავენ მაინცდამაინც. ლიბერალური ეკონომიკა მონობის ერთ-ერთ ყველაზე საშინელ ფორმას გვთავაზობს სწორედ დღეს, _ XXI საუკუნეში.
სწორედ აქ შემოდის ,,სამგროშიანი ოპერის“ გამოსავალი. რაღა რჩება იმ ადამიანს, რომელსაც საჭმლის შოვნის საშუალებაც არ გააჩნია? ის მიდის ქუჩაში, რომ სარჩო-საბადებელი ,,იშოვოს“, ანუ ლიბერალური ტიპის სახელმწიფო მას პირდაპირ უბიძგებს კრიმინალისკენ. ადამიანის ბუნებრივი მოთხოვნილებაა, რომ იცხოვროს და იყოს თავისუფალი. მას არც შიმშილით სიკვდილი უნდა და არც მონობაში სიცოცხლე. აქედან გამომდინარე, ის ცდილობს, სხვა გზით მოიპოვოს სარჩო-საბადებელი. ეს სხვა გზა უკვე კანონის ფარგლებს სცილდება.
ცხადია, ძალადობა საშინელი დანაშაულია და ყველა მოძალადე მკაცრად უნდა დაისაჯოს; უნდა დაისაჯოს ყველა სხვადასხვა დონისა და ტიპის მოძალადე, მაგრამ როდესაც სახელმწიფოა მოძალადე, მაშინ ძალიან რთული ხდება მართლმსაჯულების აღსრულება.
,,ნაციონალების“ მთავრობა საქართველოში პირდაპირი ძალადობის მხრივაც რეკორდსმენი იყო და სტრუქტურული ძალადობის ჩემპიონიც. ამ ფორმის სოციალური დაუცველობა, რომელიც ახლა საქართველოშია, სწორედ ამ სტრუქტურული ძალადობის უკიდურესი ფორმაა. ციხეებში უამრავი იყო ეკონომიკურ დანაშაულზე და კერძოდ წვრილმან ეკონომიკურ დანაშაულზე დაკავებული ადამიანი. მათი მდგომარეობა პოლიტიკურ პატიმრებისაზე კიდევ უფრო რთული იყო. როდესაც შვილები შიმშილით შეიძლება დაგეხოცოს და ამის გამო ადამიანი მაღაზიაში, ან რომელიმე საწყობში ელემენტარულ ნივთებს, ან იაფფასიან საქონელს იპარავს, მისი მდგომარეობა ორმაგად რთულია. ,,ველოსიპედის ქურდები“ და იტალიური ნეორეალიზმის ფილმები ამისათვის კარგი მაგალითია. ჩვენთან ეს ნეორეალიზმი უკვე 20 წელიწადია, გრძელდება. მოსახლეობას სული ხდება მასზე სტრუქტურული ძალადობით. ამ საშინელ სოციალურ უთანასწორობას ,,ნაციონალების“ მთავრობამ ცენტრალიზებული პოლიციური რეჟიმი დაუმატა, რომელიც რამდენიმე სახელმწიფო ოლიგარქის ქონების დაცვისთვის, პრაქტიკულად, ყველა საქართველოს მოქალაქეს ტელეფონის საუბრებს ისმენდა, ციხეებს და საპატიმროებს ავსებდა, ადამიანებს იტაცებდა და კლავდა. ეს ყველაფერი ემსახურებოდა იმ ერთი მუჭა ელიტის კეთილდღეობას, რომელიც ქვეყნის რესურსების ძალიან დიდ ნაწილს მოიხმარდა.
მე ვფიქრობ, ახალმა მთავრობამ აუცილებელია, წვრილმანი და საშუალო ეკონომიკური დანაშაულის საქმეებს გადახედოს არანაკლებ, ვიდრე პოლიტიკურ პატიმრებს. ეს ადამიანებიც, პრაქტიკულად, პოლიტიკური პატიმრები იყვნენ, რადგან მათ სახელმწიფომ არ მისცა ეკონომიკური განვითარების საშუალება და აიძულა, ეკონომიკური კრიმინალი ჩაედინათ. ამ უკიდურესი სიდუხჭირის გამო ხდებოდა უამრავი ეკონომიკური დანაშაული.
ახლა ჩვენ კარგად ვხედავთ, რომ პოლიციური სახელმწიფო კრიმინალთან ბრძოლის კარგი საშუალება არ არის, რადგან მისი პრევენციის მექანიზმი მხოლოდ გარკვეულ დრომდე მუშაობს. რაღაც დროის განმავლობაში კრიმინალის დაბალ დონეს მიაღწიეს ჰიტლერმა, სტალინმა, მუსოლინიმ, პინოჩეტიმ და სხვა დიქტატორებმაც. მაგრამ როგორც კი რეჟიმს საფუძველი ერყევა, კრიმინალური სიტუაცია მაშინვე უარესდება. კრიმინალური სიტუაციის გაუმჯობესების საუკეთესო გზა სოციალური საზოგადოების შექმნაა, სადაც მინიმალური კეთილდღეობა და დემოკრატიული უფლებები ნებისმიერი მოქალაქისთვის ხელმისაწვდომი იქნება. ნეოლიბერალი დემაგოგები ამას ყოველთვის თავის არგუმენტს უპირისპირებენ, რომ ეს გაზრდის პარაზიტებისა და დამნაშავეების რიცხვს და რომ ადამიანის ბუნება ისედაც ბოროტია და კრიმინალი არასდროს შემცირდება. მაგრამ ემპირიული ფაქტები და კვლევები სულ სხვა შედეგს აჩვენებს: რატომღაც, ისე ხდება, რომ სოციალურ დემოკრატიებში, ისეთებში, როგორიცაა ნორვეგია, კანადა, ან, თუნდაც, შვედეთი, კრიმინალის დონე გაცილებით დაბალია, ვიდრე ,,ველური კაპიტალიზმის“ ქვეყნებში, როგორიცაა, მაგალითად, ჰონდურასი, ან, თუნდაც, საქართველო. და თუ ჰონდურასელი, გვატემალელი, ან ჩვენი სამამულო ავტორიტარი ,,მაგარი ხელით“ მოინდომებს ამ კრიმინალის ჩახშობას, ეს მხოლოდ დროებითი წარმატება იქნება, ბევრად უარესი და გაუთვალისწინებელი უკუეფექტებით. სახელმწიფოს ,,ქურდების ინსტიტუტთან“ თუ უნდა ბრძოლა, პირველ რიგში, ქურდობის ძირეულ სოციალურ და ეკონომიკურ მიზეზებს უნდა ებრძოლოს. სიღატაკე, დეპრივაცია, ექსპლუატაცია, ეკონომიკური მონობა ძალიან მნიშვნელოვანი მიზეზებია, რომელიც კრიმინალის ზრდას იწვევს. სიუხვის საზოგადოების შექმნა ყველაზე სერიოზული წამალია. თუმცა სიუხვის საზოგადოების შექმნისას აუცილებელია, აგრეთვე, განდის სვადეშის ეკონომიკის პრინციპის გათვალისწინება, სადაც ადამიანურ სიხარბეს გარკვეული სულიერი კონტროლი სჭირდება. განდის სვადეშის პროგრამა თანამედროვე მწვანე ეკონომიკის წინამორბედი იყო და ის გულისხმობდა მოხმარების რაოდენობის შემცირებას. დღეს ის ევროპული თუ აზიური ქვეყნები, სადაც მწვანე ეკონომიკა პრევალირებს, სწორედაც რომ ნაკლები კრიმინალით გამოირჩევიან.
ახლახან ჩატარებული კვლევების მიხედვით შვედეთში 2009 წელს 10 მილიონ მოსახლეზე მხოლოდ 232 მკვლელობა მოხდა, ანუ ყოველ 100 000 სულზე 1 მკვლელობა. ამერიკის შეერთებულ შტატებში ამაზე 7-ჯერ მეტი მკვლელობაა და მსოფლიოს ყველზე საშიშ ქალაქ სან პედრო სულაში, ჰონდურასში, 159-ჯერ მეტი მკვლელობა ხდება წელიწადში. 2007 წელს, მაგალითად, ნორვეგიაში, სადაც 5 მილიონი მოსახლეა, მხოლოდ 32 მკვლელობა მოხდა და ერთი წლით ადრე ამერიკის ქალაქ ბუფალოში მარტო 74 ადამიანი მოკლეს. ბუფალოში კი მხოლოდ 300 ათასი ადამიანი ცხოვრობს და მკვლელობების რაოდენობით ამ ქალაქს კიდევ 9 ქალაქი უსწრებს შეერთებულ შტატებში. იგივე ნორვეგიაში ყოველ 100 ათას მოსახლეზე მხოლოდ 60 პატიმარია, მაშინ როდესაც ადამიანების იგივე რაოდენობაზე აშშ-ში 700 ადამიანი ზის საპატიმროში (აღნიშნული კვლევების სხვა შედეგების ნახვა შეგიძლიათ ბმულზე: http://dvice.com/archives/2012/02/11-weird-things.php).
მოკლედ, ამ სოციოლოგიური კვლევების მიხედვით ისე ჩანს, რომ ადამიანებს სოციალურ სახელმწიფოებში ნაკლებად ,,ბოროტი ბუნება“ აქვთ, ვიდრე ,,ველური კაპიტალიზმის“ ქვეყნებში. ანუ აქ კარგად ჩანს, რომ კრიმინალის საუკეთესო წამალი სოციალური სამართლიანობაა. ახალი ხელისუფლებაც კრიმინალს არა პოლიციური სახელმწიფოთი უნდა ებრძოლოს, არამედ რაც შეიძლება მეტი სოციალური და საგანმანათლებლო პროგრამით, წინააღმდეგ შემთხვევაში, სრული ფიასკო გარანტირებულია.
ყველა ნორმალურ ადამიანს უნდა კრიმინალისგან თავისუფალ სამყაროში ცხოვრება, მაგრამ სოციალურად უსამართლო საზოგადოება უკვე თავისთავად კრიმინალურია. იქ, სადაც რამდენიმე კაცი მილიონების ხარჯზე ცხოვრობს, არასდროს იქნება მშვიდობა. ამიტომაც მე მივესალმები ყველა ისეთ ამნისტიას, რომელიც ეკონომიკური და პოლიტიკური დანაშაულის გამო დაპატიმრებულებს ეხება, მაგრამ ამას აუცილებლად უნდა მოჰყვეს სოციალურ-ეკონომიკური პრევენციის პროგრამები. პროგრესული სოციალური პოლიტიკის გარეშე კრიმინალის დამარცხება გამორიცხულია.
საქართველოში ბევრჯერ დაუდგამთ ,,სამგროშიანი ოპერა“ სხვადასხვა თეატრში. დღეს ის ცხოვრებაში თამაშდება, მაშინ როდესაც ქალაქის მერიც კი კრიმინალურ ბორდელებში დადის და ქვეყანაში გაუგონარი სოციალური უსამართლობაა. ეს არის ჩვენი დღევანდელი ,,სამგროშიანი ოპერა“ და არავის გაუკვირდეს, თუ მოსახლეობის გარკვეული ნაწილის სიმპათია მეკი დანას, ანუ ბრეხტის ამ გენიალური პიესის მთავარ პროტაგონისტს მიენიჭა.
ირაკლი კაკაბაძე