დედაქალაქის მკვიდრი ნარი გეგეშიძე ყოფილი ხელისუფლების დროს თბილისის მერიის მხრიდან მისი ოჯახის მიმართ ჩადენილ დანაშაულზე საუბრობს. გლდანში მდებარე მიწა, რომელსაც გეგეშიძე 18 წლის განმავლობაში იჯარის წესით განკარგავდა, ხელშეკრულების ამოწურვამდე მერიამ ისე გაუყიდა, მისთვის არაფერი უკითხავს. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დაზარალებულმა მთავარ პროკურატურას გამოძიების მიზნით მიმართა, თუმცა საქმე თაროზეა შემოდებული და ყურადღებას არავინ აქცევს.
„ქრონიკა+“-ს ნარი გეგეშიძე ესაუბრება:
_ გლდანის დასახლების პირველ მკრ-ნში, 33-ე ბაგა-ბაღის ტერიტორიაზე, თბილისის მერიიდან იჯარით გვქონდა აღებული 110,54 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართობი, მიწის ნაკვეთით და სპორტული მოედნით, ფართით 600 კვ.მ. ქირის ოდენობად განსაზღვრული იყო წელიწადში 6000 აშშ დოლარი. ეს ტერიტორია, ფაქტობრივად, ნაგავსაყრელი იყო, ჩემმა ოჯახმა გაასუფთავა. 18 წლის განმავლობაში ვსარგებლობდით ამ ტერიტორიით, პირველად ხელშეკრულება გამგეობასთან ფორმდებოდა, შემდეგ მერიასთან, ამიტომ მერიასთან გაფორმებული იჯარის ხელშეკრულება პირველი ვადით იყო 2005 წლამდე და მერე 2007-დან 2013 წლამდე. შენობაში მაღაზიას ვაწარმოებდით, ხოლო მიწაზე ავტოსადგომი გვქონდა მოწყობილი. პირველად 600 კვ.მ. მიწაზე გვქონდა გაფორმებული იჯარის ხელშეკრულება, შემდეგ შესყიდვა გადავწყვიტეთ, ამიტომ ქალაქის მერიას წერილობით მივმართეთ, რომ ამ ტერიტორიის შესყიდვის სურვილი გვქონდა, თუ დამატებით კიდევ მივუერთებდით სხვა ფართს. ამის დამადასტურებელი ყველა დოკუმენტი მაქვს. მერიიდან პასუხი მივიღეთ, რომ ქონების მართვის სააგენტო თანახმა იყო, ეს საკითხი იმ შემთხვევაში განეხილა, თუ მიმდებარე, მე-20ა კორპუსს „წითელი ხაზები“ გაუკეთდებოდა. ეს „წითელი ხაზები“ ჩვენი ხარჯებით გავაკეთეთ, ყველანაირი დოკუმენტი გავამზადეთ, საბავშვო ბაღი მიწისგან გავმიჯნეთ და საბოლოოდ დადგინდა, რომ 1830 კვ.მ. მიწა უნდა შეგვესყიდა. ეს ყველაფერი მაისში მოხდა, ვმუშაობთ ჩვეულებრივად, ყოველთვიურად ვიხდით საიჯარო თანხას და, მოულოდნელად, 2011 წლის 30 დეკემბერს, ვადაზე ადრე შეგვიწყვიტეს საიჯარო ხელშეკრულება.
_ მიზეზად რა დაასახელეს?
_ მიზეზი იყო ის, რომ თითქოს საიჯარო ქირა გადახდილი არ გვქონდა. მერიამ სასამართლოში გვიჩივლა, მაგრამ გადასახადის გადახდის ქვითრები გვაქვს და დავამტკიცეთ, რომ კეთილსინდისიერად ვიხდიდით. ჩვენ ასევე მერიის მიერ წარდგენილი ქვითრების ასლები გვაქვს, სადაც ნათლად ჩანს, რომ განსხვავებაა ჩვენსა და მათ მიერ წარდგენილ ქვითრებს შორის. საგულისხმოა, სანამ ხელშეკრულებას შემიწყვეტდნენ, 2010 წელს, თბილისის მერიის სააგენტოს სამსახურის უფროსმა ლაშა კეკელიძემ მოგვწერა, რომ 5 კალენდარულ დღეში უნდა წარგვედგინა ქირის გადახდის ქვითრების დედანი. 2010 წლის ოქტომბერში წარვადგინეთ და არავითარი შენიშვნა არ მიგვიღია, ყველაფერი წესრიგში იყო და 2011 წლის დეკემბერში როგორ მოხდა, რომ 25 000 დოლარი დავალიანება დაგროვდა, თუ ეს სპეციალურად არ იყო გაკეთებული?! თუ ამ მიწის წართმევა არ უნდოდათ, ეს როგორ შეიძლებოდა მომხდარიყო?! სასამართლოზე დავამტკიცე, რომ მართლები ვიყავით და, საბოლოოდ, 25 000 დოლარის ნაცვლად, სასამართლომ 200 ლარის გადახდა დაგვაკისრა, მათ შორის, 91 ლარი ბაჟი იყო. ყველაზე მთავარი რაც არის, ამ პერიოდში, მერიის ქონების მართვის სააგენტოს უფროსი ჭედია, არ დაელოდა სასამართლოს გადაწყვეტილებას, არადა, თვითონ იჩივლა. სასამართლოს გადაწყვეტილება 2013 წლის 3 დეკემბერს ჩაგვბარდა და 2013 წლის ივლისში ეს მიწა გაყიდა. სამხარაულის ბიუროს საექსპერტო დასკვნა გავაკეთეთ, იჯარის ხელშეკრულება დაემთხვა და მერე მერია ამბობს, ხელშეკრულება თითქოს იმიტომ შეწყვიტეს, რომ 2011 წლის ივნისში მერიაში უნდა მივსულიყავით. 9 ივნისს გამოგზავნილი წერილი წარმოადგინეს, რომელიც, ფაქტობრივად, არ ჩაგვბარებია. ეს ცნობაც ფოსტიდან მოვიპოვეთ, რომ წერილი არ მიგვიღია და როგორ უნდა მივსულიყავით, როცა არაფერი ვიცოდით?!
_ ვის მიჰყიდა მერიამ ეს მიწა?
_ ჭედიამ თავის ახლობელს, ხათუნა გოგინაშვილს მიჰყიდა, რომელსაც თბილისში უამრავი ქონება აქვს, ამოწერილი მაქვს საჯარო რეესტრიდან. ჭედია სხვა საქმეზე ქრთამის აღებაზე იყო დაჭერილი და რა გასაკვირია, ჩვენ შემთხევვაშიც რომ იგივე მოხდა?! გოგინაშვილები უამრავი ქონების პატრონები არიან, ჩვენ კი ამის მეტი შემოსავალი არაფერი გაგვაჩნდა. ეს მიწა რომ უნდა შეგვესყიდა და მოგვეწესრიგებინა, ბანკში ბინა იპოთეკით დავტვირთეთ და დიდი თანხა ჩავდეთ. ინვესტორიც კი ნანახი გვყავდა, მაგრამ ყველაფერმა ფუჭად ჩაიარა. ასე დაგვაზარალა მერიამ.
_ არ მიმართეთ ადამიანის უფლებადამცველ ორგანიზაციებს, სახალხო დამცველს?
_ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში საბუთებით მივედით, საქმე შეისწავლეს, დასკვნა გააკეთეს და მაშინდელ მთავარ პროკურორს, გიორგი ბადაშვილს მისწერეს, _ გამოძიება დაიწყეთ, ვინაიდან სისხლის სამართლის დანაშაული იკვეთებაო. თუმცა გამოძიება არ დაწყებულა. ირაკლი შოთაძე რომ დადგა მთავარ პროკურორად, განმეორებით მივმართე და ყველანაირი დოკუმენტაცია წარვადგინე, საქმეს ზაზა სუხიშვილი იძიებს. თითქოს კმაყოფილები ვართ, გვეუბნება, სუსტი წერტილები აღმოჩნდაო, თუმცა დღემდე არანაირი შედეგი არ ჩანს. ფაქტობრივად, საქმე თაროზეა შემოდებული და არ იძვრის. ამასობაში კი ჩვენ დავიღუპეთ, ჩემი მეუღლე პირველი ჯგუფის ინვალიდია, ყველაფრის გარეშე დავრჩით. გოგინაშვილს მივწერე, _ დამიბრუნეთ ჩემი მიწა და თქვენ მიერ გადახდილი თანხა აიღეთ, უამრავი ქონების პატრონი ხართ და მე ნუ დამღუპავთ-მეთქი. მოსმენაც არ უნდათ. დღემდე არაფერი გაუკეთებიათ და ეს მიწა ისეა მიგდებული. შეიძლება იმიტომაც, რომ მივწერე, _ მოვკვდები და იქ არავის შევუშვებ-მეთქი! სინამდვილეში, მერიას აქეთ ჰქონდა ჩვენი ვალი _ ჩვენ მიერ იჯარით აღებულ ფართზე დევნილი მანანა თვარაძე შემოგვისახლეს, რომელიც დღემდე იქ ცხოვრობს, ბლოკებით ამოაშენეს და შენობა გამიჯნეს. იმ ფართზეც მთელი 5 წლის განმავლობაში ჩვენ ვიხდიდით გადასახადს. მერიამ შეგვაშინა, _ სულ გაგიუქმებთ ხელშეკრულებას, თუ არ გაჩერდებითო! იძულებული ვიყავით, გადაგვეხადა.
_ დღეს თქვენი მოთხოვნა რა არის?
_ დღეს უმძიმეს მდგომარეობაში ვართ და ვითხოვთ, ამ საქმეს სათანადო შეფასება მიეცეს, ეს ადგილი დაგვიბრუნდეს. დღემდე კარდაკარ დავდივართ და ვერაფერს მივაღწიეთ. ბაღის ყოფილი გამგე ვარ, 2007 წელს ოპტიმიზაციის შედეგად, სრულიად უსაფუძვლოდ გამათავისუფლეს. ახლა დასაქმება დაიწყო, მაგრამ როცა ბაგა-ბაღების სააგენტოში მივდივარ, მოსმენაც არ უნდათ. იქ ისეთი ქაოსია, როგორი განთავისუფლებები მიდის, ვისაც უნდათ, იმას იღებენ. სამართალს ვითხოვთ და ვერ ვიპოვეთ, ასეთ დღეში ვართ და ამიტომ მოგმართეთ, „ქრონიკა+“-ის დახმარების იმედზე ვართ დარჩენილი.
თამარ ბატიაშვილი