QronikaPlus
რატომ ითხოვს თანხას სახელმწიფო 2011 წელს მათივე მიზეზით დაზარალებული ფერმერებისგან?!

რატომ ითხოვს თანხას სახელმწიფო 2011 წელს მათივე მიზეზით დაზარალებული ფერმერებისგან?!

2016-05-07 11:37:10

2011 წელს საქართველოს ხელისუფლებამ უცხოეთიდან „პიონერის“ ჯიშის სიმინდის სათესლე მარცვალი შემოიტანა და სარეკლამო კამპანია გააჩაღა. მათი ინფორმაციით, სიმინდს, ადგილობრივ ჯიშებთან შედარებით, ხუთჯერ მეტი მოსავალი უნდა მოეტანა. ხალხმა სახელმწიფოსგან შემოთავაზებული წინადადება მიიღო, _ პროდუქტი კონსიგნაციის წესით, საბანკო გარანტიის წარდგენის გზით შეიძინა. პროექტმა ფიასკო განიცადა, სახელმწიფო ფერმერებს დახმარებას დაჰპირდა, მაგრამ ხელისუფლების შეცვლის შემდგომ, დახმარების ნაცვლად, თანხის ანაზღაურება მოითხოვა და ბევრ მათგანს სახლ-კარი დააკარგვინა. რომელმა ორგანიზაციამ განახორციელა სიმინდის მარცვლის შემოტანა და ფერმერებზე რეალიზაცია? რატომ დაარღვია პირობა და რატომ მოითხოვა დაზარალებული ფერმერებისგან თანხის ანაზღაურება? რატომ გამოიტანა უზენაესმა სასამართლომ ანალოგიურ საქმეებზე სხვადასხვა გადაწყვეტილება? ამ და სხვა საკითხებზე „ქრონიკა+“-ს ადვოკატი ირაკლი უტიაშვილი ესაუბრება: _ 2011 წელს, საქართველოში მაშინდელი ხელისუფლების ინიციატივით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სიმინდის წარმოების ხელშეწყობის პროგრამა განხორციელდა. 2011 წლის გაზაფხულზე ხელისუფლებამ საქართველოში ხელოვნურად დამუშავებული ,,პიონერის“ ჯიშის სიმინდის სათესლე მარცვალი შემოტანა, რომელიც გათვალისწინებული იყო, დაახლოებით, 3000 ჰა-ზე დასათესად. ფერმერთა დაინტერესებისა და მოზიდვის მიზნით წამყვანი ტელეკომპანიების ეთერში გადიოდა სარეკლამო რგოლი, იბეჭდებოდა ბროშურები. გადმოცემული ინფორმაციის თანახმად, მოსახლეობას სიმინდის ადგილობრივ ჯიშებთან შედარებით, ხუთჯერ მეტი მოსავალი უნდა აეღო. ასეთი დიდი რეზონანსის გამო ხალხმა სახელმწიფოსგან შემოთავაზებული წინადადება მიიღო, ამ პროგრამით ათასობით პირმა ისარგებლა, რომელთაც პროდუქტი კონსიგნაციის წესით (ნისია), საბანკო გარანტიის წარდგენის გზით შეიძინა. სიმინდის სათესლე მარცვალი 1 ჰა-ზე დასათესად ღირდა 240 ლარი, ათასობით ფერმერმა აღნიშნული სიმინდის მარცვალი შეიძინა. სიმინდის წარმოების ხელშეწყობის პროგრამამ არ გაამართლა, რადგან სათესლე მარცვალი უხარისხო აღმოჩნდა. მცენარის მოვლისთვის და მაღალი მოსავლის მისაღებად ფერმერებმა დიდი სამუშაო გაწიეს, რაც, აგრეთვე, დაკავშირებული იყო დიდ ხარჯებთან, თუმცა მოსავალი ვერ მიიღეს. ფერმერთა დიდ ნაწილს უძრავი ქონება იპოთეკით ჰქონდა დატვირთული, სიმინდის მარცვლის კონსიგნაციის წესით შეძენის გამო გარანტორი კომპანიების სასარგებლოდ მათი ვალდებულების უზრუნველსაყოფად. ფერმერებმა ნახეს რა დიდი ზარალი, სიმინდის ღირებულების თანხა ვეღარ გადაიხადეს, რის გამოც ბევრ მათგანს გარანტორმა კომპანიებმა საცხოვრებელი სახლი გაუყიდეს. იქიდან გამომდინარე, რომ სიმინდის წარმოების ხელშეწყობის პროგრამით უამრავმა პირმა ისარგებლა, ზოგიერთი მათგანის მიერ გარანტორი კომპანიების მოძიება ვერ მოხერხდა და მათ სიმინდის თესლი ასევე კონსიგნაციის წესით, საბანკო გარანტიის უზრუნველყოფის გარეშე შეიძინეს. _ კონკრეტულად რომელმა ორგანიზაციამ განახორციელა სიმინდის მარცვლის შემოტანა და ფერმერებზე რეალიზაცია? _ ეს გახლავთ სს „საქართველოს სოფლის მეურნეობის კორპორაცია“, რომელიც წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ 100%-იანი სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ იურიდიულ პირს, რომელმაც სიმინდის მარცვლის შემოტანა და ფერმერებზე რეალიზაცია განახორციელა. სოფლის მეუნეობის დარგში მთელი საქართველოს მასშტაბით განხორციელებულმა პროექტმა ფიასკო განიცადა, რამაც უდიდესი გამოხმაურება ჰპოვა მაშინ როგორც მოსახლეობაში, ისე ხელისუფლებაში. ხელისუფლება მოქალაქეებს თანხის ღირებულების ჩამოწერას შეჰპირდა. ამ საკითხზე ჩატარებულია ჟურნალისტური გამოძიება, გამოკითხულია უამრავი ფერმერი. ისინი ერთხმად ადასტურებენ, რომ დიდი ზარალი ნახეს, არასამეწარმეო იურიდიული პირის სახით შეიქმნა სპეციალური ორგანიზაციებიც, რომელშიც დაზარალებული პირები გაერთიანდნენ. წინა ხელისუფლების პერიოდში სოფლის მეურნეობის კორპორაციას, როგორც უშუალოდ გამყიდველ ორგანიზაციას, სასამართლოსთვის არ მიუმართავს, ანუ არც ერთი ფერმერის მიმართ სარჩელი არ შეუტანია, ხოლო ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, 2014 წლის დასაწყისიდან, სოფლის მეურნეობის კორპორაციამ, როგორც უშუალოდ სიმინდის მარცვლის გამყიდველმა ორგანიზაციამ, სასამართლოს მიმართა და სასარჩელო წესით მოითხოვა იმ პირთა მიმართ კონსიგნაციის წესით მიყიდული საქონლის ღირებულების ანაზღაურების დაკისრება, რომლებმაც სიმინდის თესლი შეიძინეს საბანკო გარანტიის წარდგენის გარეშე ან/და საბანკო გარანტიის ვადის გასვლის გამო გარანტმა უარი უთხრა კორპორაციას (ბენეფიციარი) თანხის გადახდაზე. კორპორაციის შუამდგომლობით სასამართლოს მიერ სარჩელის უზრუნველყოფად ყადაღა დაედო მოპასუხე ფერმერების საკუთრებაში არსებულ უძრავ-მოძრავ ქონებას, რათა კორპორაციის სასარგებლოდ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თუ დაზარალებული ფერმერები დაკისრებულ თანხას ვერ გადაიხდიან, ამ ქონების აუქციონის წესით რეალიზაცია მოხდეს. _ იმის ნაცვლად, რომ სახელმწიფო დაზარალებულ ფერმერებს დაეხმაროს, პირიქით, თანხის ანაზღაურებას ითხოვს? _ დიახ ასეა! დღეისთვის ჩემი, როგორც ადვოკატის მონაწილეობით, პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოებში 3 საქმეა მოგებული. სოფლის მეურნეობის კორპორაცია სასამართლოზე ზეგავლენის მოხდენას სახელმწიფოს სახელით ცდილობს. 3 საქმეზე წარდგენილი უამრავი მტკიცებულებით დავამტკიცეთ სიმინდის მარცვლის ნაკლოვანება და შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით სოფლის მეურნეობის კორპორაციის სარჩელები სამ საქმეზე არ დაკმაყოფილდა. დიდი და ხანგრძლივი შრომის შედეგად არაერთი წერილობითი მტკიცებულების, ვიდეომასალის, მოწმეთა ჩვენების, ექსპერტის დასკვნით, მისი დაკითხვისა და სხვა მასალებზე დაყრდნობით, როგორც ზემოთ აღვნიშნე, სამი საქმის მოგებას მივაღწიეთ. სოფლის მეურნეობის კორპორაციის საკასაციო საჩივარი, სიმინდის მარცვლის ღირებულების ანაზღაურების თაობაზე, უზენაეს სასამართლოში პირველად გასული წლის დასაწყისში შევიდა, სოფლის მეურნეობის კორპორაციის საკასაციო საჩივარი უზენაესმა სასამართლომ 2015 წლის 6 იანვრის განჩინებით დაუშვებლად ცნო და ამ საქმის განმხილველი შემადგენლობის მიერ სწორად განიმარტა „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონი, სწორად შეფასდა ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები. აღსანიშნავია, რომ სოფლის მეურნეობის კორპორაციამ ფერმერების წინააღმდეგ ცალ-ცალკე შეიტანა სარჩელი. ანალოგიური ტიპის სხვა საქმეზე მეორე საკასაციო საჩივარი კორპორაციამ უზენაეს სასამართლოში გასული წლის ზაფხულში წარადგინა. უზენაესი სასამართლოს მოცემული საქმის განმხილველი შემადგენლობის მიერ (მოსამართლეები: მაია თოდუა, ეკატერინე გასიტაშვილი და პაატა ქათამაძე) საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და საქმე განსახილველად სააპელაციო სასამართლოს დაუბრუნდა. ეს იმ დროს, როცა აღნიშნული საქმე ფერმერის ინტერესების დასაცავად ყველაზე უფრო მყარი მტკიცებულებებით ხასიათდებოდა, მაგრამ უზენაესმა სასამართლომ გააუქმა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნა. იურისპრუდენციაში გარკვეული პირი საქართველოს სასამართლოების მიერ ბევრი უკანონო და არალოგიკური გადაწყვეტილების მომსწრე ყოფილა, მაგრამ უკანონო გადაწყვეტილებასაც თავისი ფარგლები აქვს და უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 15 იანვარს გამოტანილი განჩინება, თავისი მნიშვნელობით, საქმის გარემოებებსა და არსებულ მტკიცებულებებთან მიმართებით, ერთ-ერთ ზღვარგადაცილებულ უკანონო გადაწყვეტილებად წარმოისახება, მით უმეტეს, იმ პირის წინაშე, რომელიც სამოქალაქო სამართალში კარგად ერკვევა, ლოგიკურად აზროვნებს, საქმის გარემოებებს, საქმეში არსებულ მტკიცებულებებს დეტალურად შეისწავლის და გაეცნობა. აღშფოთება ძალიან რბილი ნათქვამია იმ დასაბუთების სარეაქციოდ, რასაც უზენაესი სასამართლოს ჯერ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის და შემდეგ საკასაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების განჩინებაში ვკითხულობთ. _ დააკონკრეტეთ... _ ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ უზენაესი სასამართლოს ამ შემადგენლობამ მნიშვნელოვნად დაარღვია სამოქალაქო საქმის განხილვის, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული, უზენაეს სასამართლოში საკასაციო საჩივრის დასაშვებობისა და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლები შემდეგ გარემოებათა გამო: დავიწყებ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ეტაპიდან. სოფლის მეურნეობის საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით  გათვალისწინებული ორი საფუძვლით _ საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე. საკასაციო საჩივრის დასაშვებად მიღების პირველი საფუძველი მოკლებულია ყოველგვარ დასაბუთებას და ლოგიკას. როგორც აღვნიშნე, ანალოგიურ საქმეზე უკვე არსებობდა უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა. რა გახდა უზენაესი სასამართლოს მიერ საქმის სააპელაციო სასამართლოში დაბრუნების ერთ-ერთი საფუძველი? 47-ე პუნქტში ვკითხულობთ, თუ რატომ არ გაიზიარა ამ საქმის განმხილველმა შემადგენლობამ ასეთი კატეგორიის საქმეზე უკვე არსებული პრაქტიკა? კერძოდ, მითითებულია, რომ იმ საქმეში არსებული გარემოებები განსხვავდება ამ საქმეში არსებული გარემოებებისგან იმ თვალსაზრისით, რომ შემსყიდველმა პრეტენზიით მიმართა გამყიდველს და მოითხოვა სიმინდის მარცვლის ღირებულების ჩამოწერა, ხოლო ამ საქმეში ეს გარემოება არ იყოო. ასეთი დასაბუთება მართლა გასაკვირი და აღმაშფოთებელია, რადგან საქმეში წარმოდგენილი როგორც წერილობითი მტკიცებულებები, ისე მოწმეთა ჩვენებები, ვიდეოჩანაწერები, სულ ცოტა, სამჯერ უფრო სჭარბობს ფერმერების მიმართ დადებითად გადაწყვეტილ საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებთა ნუსხას. ეს განსხვავება მოწინააღმდეგე მხარის სასარგებლოდ მეტყველებდა და გამაოგნებელია ის ფაქტი, რატომ იყო ეს გაგებული მოწინააღმდეგე მხარის საწინააღმდეგოდ? თუ შემსყიდველმა გამყიდველის წინაშე წერილობით არ განაცხადა, რომ მან სიმინდის მარცვლის სახით ნაკლის მქონე ნივთი შეიძინა, ეს მისი უფლებაა და არა მოვალეობა. სად წერია და სად ნახეს სამართლებრივი ნორმა, რომელიც მხარეს ავალდებულებს, ნაკლის მქონე ნივთის შეძენის შემთხვევაში, თუ არ განაცხადა, მას კანონი ართმევს ხელშეკრულებიდან გასვლის უფლებას, თუ ის სამართლებრივ ურთიერთობაში არ გამოდის, როგორც მეწარმე სუბიექტი?! ხელშეკრულებიდან გასვლა მხარის უფლებაა და არა მოვალეობა. ხელშეკრულებიდან გასვლის უფლების ხანდაზმულობის ვადა სამი წელია, იმ სახელშეკრულებო ურთიერთობებში, რომლებზედაც ხანდაზმულობის 3-წლიანი ვადა მოქმედებს. შემსყიდველი სიმინდის მარცვლის ნასყიდობის სამართლებრივ ურთიერთობებში, როგორც მეწარმე სუბიექტი, არ მონაწილეობდა. გაუგებარი და დაუსაბუთებელია, შემსყიდველის მიერ გამყიდველისთვის არმიმართვა რატომ გახდა განსხვავებული გარემოებების საფუძველი საკასაციო საჩივრის განხილვის დროს მოწინააღმდეგე მხარის საწინააღმდეგოდ?! კასატორმა მოწინააღმდეგე მხარისგან თანხის გადახდა მოითხოვა 2013 წლის დეკემბერში, მაშინ როცა შემსყიდველს 2011 წლის ნოემბერში ევალებოდა თანხის გადახდა! ორი წლის განმავლობაში რატომ არ მოითხოვა კასატორმა თანხის ანაზღაურება? მოთხოვნის უზრუნველსაყოფად გაცემული იყო საბანკო გარანტია, მაგრამ სოფლის მეურნეობის კორპორაციამ არ მოსთხოვა გარანტორს თანხის ანაზღაურება საბანკო გარანტიის ვადაში. ეს გარემოება სოფლის მეურნეობის კორპორაციის წარმომადგენელმა დაადასტურა და მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ. _ თქვენი აზრით, რა გახდა იმის მიზეზი, რომ უზენაესმა სასამართლომ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო? ხელისუფლების გავლენასთან ხომ არ გვაქვს საქმე? _ ჩემი აზრით, საქმის განმხილველმა შემადგენლობამ საქმე კარგად არ შეისწავლა. თავდაპირველად მიიჩნია, რომ შემსყიდველზე უნდა გავრცელებულიყო მეწარმეთა შესახებ კანონის 495-ე მუხლი, თუმცა კონკრეტულად ამ საქმესთან მიმართებით სამართლებრივი ნორმების დეტალურად შესწავლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ, თურმე, ეს მუხლი არ უნდა გავრცელებულიყო. ამას უზენაესი სასამართლოს მოცემული საქმის განმხილველი შემადგენლობა განჩინებაში თავადაც აღიარებს. რადგან საქმე სათანადოდ არ იყო შესაწვლილი, შემდგომ ამ საქმის განმხილველ შემადგენლობას გაუჭირდა დასაბუთება, ან სოფლის მეურნების კორპორაციას, როგორც სახელმწიფო ინტერესების მქონე ორგანიზაციას, მხარდაჭერა გამოუცხადა და ბევრს ეცადნენ, გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლები მოეძებნათ. სამოქალაქო კოდექსის თანახმად: „ხელშეკრულებიდან გასვლა არ დაიშვება, თუ მოთხოვნას უპირისპირდება შესაგებელი, რომელიც მოვალემ უკვე წარადგინა, ან დაუყოვნებლივ წარადგენს ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემდეგ“. შემსყიდველის მიერ ხელშეკრულებიდან გასვლის განცხადების შემთხვევაში მოვალეს წარმოადგენდა გამყიდველი სოფლის მეურნების კორპორაცია და მას შემდეგ, როდესაც გამყიდველმა სარჩელი უკვე სასამართლოში დავის გადაწყვეტამდე წარადგინა, შემსყიდველი ხელშეკრულებიდან გასვლის განცხადებას ვეღარ გააკეთებდა, თანხის გადახდაზე უარი ხელშეკრულებაზე უარის თქმას წარმოადგენს და კონკრეტულად ხელშეკრულებიდან გასვლაზე განცხადებით მიმართვას საქმისათვის მნიშვნელობა არ აქვს, მით უმეტეს, რით გამოიხატება სამართლებრივი ნორმების დარღვევა, გაუგებარია! უზენაესი სასამართლო ბევრს შეეცადა, რომ გადაწყვეტილების გაუქმების მიზეზი მოენახა! 2016 წლის 15 იანვრის განჩინებაში სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიზანმიმართულად გაუქმების მოტივები იკვეთება! განჩინებაში შეფასებულია შპს „მულტიტესტის“ დასკვნა, რომელიც სააპელაციო სასამართლოს მიერ გაზიარებული იყო, როგორც ერთ-ერთი მტკიცებულება სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში. სააპელაციო სასამართლოს აღნიშნულ დასკვნაზე თავისი გადაწყვეტილება არ დაუმყარებია. საქმეში სხვა წერილობითი მტკიცებულებები იყო: ექვსი მოწმის ჩვენება, სარეკლამო რგოლი, ჟურნალისტური გამოძიების ვიდეოჩანაწერი, ექსპრეზიდენტის გამოსვლა, პარლამენტის სხდომის ვიდეოჩანაწერი, სარეკლამო ბროშურა და სხვ. აგრეთვე, სოფლის მეურნეობის კორპორაციის მიერ არ ყოფილა წარდგენილი „ცხოველთა და მცენარეთა შესახებ“ კანონით გათვალისწინებული არც ერთი მტკიცებულება და მათი ერთობლიობა საფუძვლად დაედო სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას. სარეკლამო ბროშურის გარდა საქმეში არსებობს სარეკლამო რგოლი, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით წამყვანი ტელეარხების მეშვეობით აწვდიდა ინფორმაციას მოსახლეობას სიმინდის მარცვლის გადაჭარბებული თვისებების შესახებ და რომლის ამსახველი ჩანაწერიც, დარწმუნებული ვარ, არც ნახა უზენაესმა სასამართლომ. რეკლამის გამავრცელებელმა ვერ განმარტა, _ რას ნიშნავს ხუთჯერ მეტი მოსავლის ოდენობა და რეკლამით გავრცელებული მახასიათებლების შეუსაბამობა ნივთის რეალურ თვისებებთან აქცევს თუ არა ნივთს ნაკლის მქონედ? გამყიდველი ვალდებულია, დაადასტუროს ნივთის ის ხარისხი, რასაც მყიდველს სთავაზობს. ამ შემთხვევაში გამყიდველმა ვერ დაადასტურა სიმინდის მარცვლის სათანადო ხარიხსი, კერძოდ, როგორც მისი ვარგისიანობა, ისე ხუთჯერ მეტი მოსავლის თვისებები. აღნიშნულიდან გამომდინარე, გაუგებარია, შპს „მულტიტესტის“ დასკვნა რა გადამწყვეტ არსებით როლს თამაშობს მოცემულ საქმის გადაწყვეტაში?! 2016 წლის 15 იანვარს გამოტანილი გადაწყვეტილებები ეწინააღმდეგება უზენაეს სასამართლოში საკასაციო საჩივრის დასაშვებად მიღებისა და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების ყველა წინაპირობას. მითითებული გადაწყვეტილება არ იძლევა პასუხს არც ერთ შემდეგ კითხვაზე: დასაშვებობის ეტაპზე რატომ იყო საქმე მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის? სააპელაციო სასამართლომ რატომ განიხილა საქმე მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც არსებითად შეეძლო ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე? საპროცესო სამართლის რომელი ნორმები დაირღვა, როდესაც საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება გამოიტანეს? დაირღვა თუ არა რომელიმე მატერიალურ-სამართლებრივი ნორმა და თუ დაირღვა, რომელი კანონის რომელი მუხლი? შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით პირველ და მეორე ინსტანციის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილი საქმეები რატომ გააუქმა უზენაესი სასამართლოს ამ საქმის განმხილველმა შემადგენლობამ უსაფუძვლო, გამოგონილი მიზეზით? ჩემთვის, როგორც ადვოკატისთვის, გასაგებია, თუ საქმე მორიგებით არ დამთავრდა, ერთ-ერთი მხარე ყოველთვის უკმაყოფილო რჩება, მაგრამ ეს შემთხვევა არ ექვემდებარება უზენაესი სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გაუქმების კანონით გათვალისწინებულ წესებს. უზენაეს სასამართლოში ამ საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილების სახით არსებული პრეცედენტი რომც არ იყოს, თუ უზენაესი სასამართლო ასეთ საქმეებს გააუქმებს და უკან დააბრუნებს, მაშინ საქართველოში, მეტ-ნაკლებად, სამართლიანი მართლმსაჯულება მხოლოდ მითი ყოფილა! მოგეხსენებათ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მიხედვით უზენაესი სასამართლო ვალდებულია, გადაწყვეტილების  სარეზოლუციო ნაწილის მიღებიდან ერთი თვის ვადაში მოამზადოს და მხარეს გადასცეს დასაბუთებული განჩინება. სააპელაციო სასამართლოში საქმის უკან დაბრუნების განჩინების სარეზოლუციო ნაწილი მიღებულია 2016 წლის 15 იანვარს, 2016 წლის 17 თუ 18 თებერვალს განცხადებით მოვითხოვე დასაბუთებული განჩინების ჩაბარება, მაგრამ განჩინება მიმდინარე წლის 11 მარტამდე არ მომზადდა. 11 მარტამდე რამდენჯერმე მოვიკითხე დასაბუთებული განჩინების ჩაბარება, მაგრამ თანაშემწე უარით მისტუმრებდა. გონივრული ეჭვი მაქვს, რომ ამ საქმის განმხილველ შემადგენლობას დასაბუთება გაუჭირდა და დასაბუთებულის ჩაბარება ამიტომ გაჭიანურდა. ამ შემთხვევაშიც ისმის კითხვა, _ არის თუ არა დარღვეული დასაბუთებული განჩინების მომზადების თვალსაზრისით სამოქალაქო საპროცესო კოდექსი და არის თუ არა დისციპლინური პასუხისმგებლობის  აღძვრის წინაპირობები საქმის განმხილველი შემადგენლობის მიმართ? რა თქმა უნდა, არის! უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება არის უკანონო, დაუსაბუთებელი, იგი დაზარალებულ მოსახლეობაზე თავდასხმაა, სასამართლოსა და კანონის შეურაცხყოფაა, ხოლო ადვოკატის პროფესიის _ ასევე შეურაცხყოფა და დაცინვა!  

                                                                                                       თამარ ბატიაშვილი

 

გაზიარება