QronikaPlus
ირმა ვაჭარაძე: „მაუდის კომბინატის საქმეს ირაკლი რუხაძე ხლართავს!“

ირმა ვაჭარაძე: „მაუდის კომბინატის საქმეს ირაკლი რუხაძე ხლართავს!“

2016-03-27 09:54:07

სს „მაუდის“ აქციონერები ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის ქონების განმკარგველის, ირაკლი რუხაძის მიერ ჩადენილ დანაშაულზე საუბრობენ. მათი თქმით, როგორც წინა ხელისუფლების დროს, რუხაძე ახლაც ორმაგ თამაშს თამაშობს და ჩვეულ რეჟიმში საქმეს სათავისოდ ხლართავს. მაუდის კომბინატის აქციონერები ყოფილ და მოქმედ პრემიერებს მიმართავენ და აცხადებენ, რომ დღევანდელი ხელისუფლებისთვის მთავარი მხოლოდ მდიდარი ადამიანია და ღარიბები არავის აინტერესებს. ამ საქმის ირგვლივ „ქრონიკა+“-ს სს „მაუდის“ აქციონერების წარმომადგენელი და უფლებადამცველი, ირმა ვაჭარაძე ესაუბრება: _ მაუდის კომბინატი სახელმწიფოს საკუთრება იყო. როდესაც პრივატიზაციის პროცესი დაიწყო და სააქციო საზოგადოებად გარდაიქმნა, აქციების 51% პროცენტი სახელმწიფოს ერგო, 49% კი _ 2772 აქციონერს გამოსყიდვის უფლებით. მაქვს დოკუმენტები, ამ წარმოების დირექცია ქონების მართვის სამინისტროს სთხოვდა, კომბინატის ქონების 20-30%-მდე წილი აქციონერებს საკუთარი სახსრებით აქვთ შეძენილი, ის ხალხი მოგებას არ იღებდა, ამიტომ გაძლიერდა ეს წარმოება, გამოსყიდვა მათ აღარ ეკუთვნით და დანარჩენი რაც არის, შეღავათიანი ფასებით გამოისყიდონო. ამ დროს ბადრი პატარკაციშვილი გამოჩნდა, პირველად, მოსკოვიდან რომ ჩამოვიდა. რაც ყველაზე საინტერესოა _ მე მაქვს პატარკაციშვილის ოჯახის ქონების განმკარგველის, ირაკლი რუხაძის აღიარებითი ჩვენება, სადაც ინგლისის სასამართლოში წერს, როგორც მოწმე. პირდაპირ ამბობს, _ ბადრი პატარკაციშვილი იმ დროს საქართველოში მეფეც იყო და ღმერთიცო! ე. ი. ვისაც ფული აქვს, მეფეც არის და ღმერთიც! პატარკაციშვილმა მოინდომა მთლიანი აქტივების ხელში ჩაგდება და სრული კონტროლი, ამიტომ 5,02% დაუტოვა „მაუდის“ აქციონერებს. ეს ყველაფერი კომბინატის მაშინდელი დირექტორის, ომარ თეთრაშვილის ხელშწყობით მოხდა. 95% სახელმწიფოს მის სახელზე ისე გადაატანინა, რომ ხალხს არ გამოასყიდინა. აღიარებითი ჩვენება დადო, მე გამოვისყიდი სახელმწიფოსგან და მერე მოგცემთ იმ თქვენ 49%-სო. ეს იყო ხალხის მოტყუება, საბოლოოდ, აღარაფერი მისცა და დარჩა 5,02%. პატარკაციშვილმა ხელშეკრულების პირობები არ შეასრულა, მაგრამ 2003 წელს საკუთრების მოწმობა მაინც მიიღო. 1998 წელს, როდესაც ბადრი პატარკაციშვილი  „მაუდში“ შემოვიდა, ხელშეკრულება დადო, რომ 6 მილიონის ინვესტიციას ჩადებდა, ხალხს დაასაქმებდა, ფაბრიკას ააყვავებდა და შემდგომ მას გადაეცემოდა საკუთრებაში. მანამდე მხოლოდ მართვის უფლება ჰქონდა. 5 წლის განმავლობაში არაფერი გაუკეთებია, ეს დადასტურებულია სისხლის სამართლის საქმეში. 2005 წელს, როდესაც პატარკაციშვილსა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობა გართულდა, ეს იყო ბიზნესფედერაციაში გამოსვლის პერიოდი, სახელმწიფოს პირველი შეტევა „მაუდზე“ მაშინ მოხდა და საწარმოს აქციების ჩამორთმევა დაიწყო. ეკონომიკის სამინისტრომ სარჩელი სასამართლოში შეიტანა. ირაკლი რუხაძე პატარკაციშვილის ქონების მმართველი 2003 წლიდან იყო, დღემდე მისი ოჯახის ქონებას განკარგავს. რუხაძემ მოიფიქრა, სააქციო საზოგადოება ოფშორულ ზონაში გადაეტანა, რადგან  სახელმწიფო წართმევას ვეღარ განახორციელებდა, ამის აღიარებითი ჩვენება სასამართლოშია. ამიტომ ჩამოიყვანა ამერიკელი, ვინმე ფრენსის ჰამველი და თანხა გადასცა. მაშინდელი დირექტორი თეთრაშვილი წერს, _ პატარკაციშვილს ეს, ჯერ კიდევ, 2000 წელს უნდოდა, როგორც კი კომბინატის მართვა ხელში ჩაიგდო და მე ვუთხარი, _ ბადრი, იცოდე, ეს დიდი თაღლითობა ამოტივტივდება-მეთქი! ჩვენ ეს ახლა გავიგეთ. კომბინატის გაყიდვა მაშინვე უნდოდა, თურქები შემოიყვანა და 50 მილიონად ყიდდა ამხელა ქონებას, მაშინ, როდესაც იქ მას არაფერი გაუკეთებია. 50-მილიონიანი ქონება ირაკლი რუხაძემ 2 მილიონად მიჰყიდა ოფშორულ ზონაში ამერიკელს, გადააფორმეს და ვირჯინიის შტატებშია დაფუძნებული სახელწოდებით „ლანნერ ჰოლდინგ ლიმითედი“, ვითომ მან შეიძინა მაუდის კომბინატი. ეს გადაათამაშა იმიტომ, რომ აღარ წაერთმიათ, აღარ გამოჩენილიყო, რომ ეს ბადრისი ქონება იყო. _ ეკონომიკის სამინისტროს სარჩელს რა ბედი ეწია? _ როგორც აღვნიშნე, 2006 წლის დასაწყისში, გადაფორმება-გადაყიდვის დროს, სახელმწიფომ საჩივარი შეიტანა კომბინატის ჩამორთმევასთან დაკავშირებით, მაგრამ ვერ შეძლო, რადგან  ამერიკელზე იყო უკვე გაფორმებული. რაღაც საბუთები ამოიღო, მაგრამ აქ უკვე გარიგება მოხდა. საქმეში ირაკლი რუხაძე ჩაერთო. მაშინ კახა ბენდუქიძე სახელმწიფო სამსახურში მრჩეველი იყო, მან თავისი წარმომადგენელი, დავით ცერცვაძე გამოაგზავნა „სელფორდ საქართველოს“ ახალ დირექტორად, რომელიც ირაკლი რუხაძის ფირმა იყო. ეს ამათ მოიფიქრეს, რომელთაც სახელმწიფოსგან ხელშეწყობა ჰქონდათ, თორემ ამას როგორ გააკეთებდნენ?! 50-მილიონიანი ქონება, სადაც 3000 კაცი იყო დასაქმებული და წარმოება ახალი გადაიარაღებული გვქონდა, დაანგრიეს და მთელი ქონება ჯართად  აქციეს! გაიტანეს და თურქეთში კაპიკებად გაყიდეს! შეიძლება სსრ კავშირის დროინდელი დიდი წარმოება არ დარჩენილიყო, მაგრამ გერმანული და იტალიური ახალი დაზგა-დანადგარები შემოიტანეს, 100 დაზგა იყო და ის 600 კაცი, რომელიც დღეს ჩივის, დასაქმდებოდა! ეს მოხდა ეკონომიკის სამინისტროს ჩართულობით და ხელშეწყობით, რადგან იმ პერიოდში ქონება დაყადაღებული იყო და სხვაგვარად ვერაფრით გაიტანდნენ! მთელი წელიწადი ეზიდებოდნენ ჯართად, ვაგონები აღარ ჰყოფნიდათ და ამას ირაკლი რუხაძე ხელმძღვანელობდა, რომელსაც იმ პერიოდში პატარკაციშვილი სახელმწიფოს მოღალატედ ჰყავდა გამოცხადებული! პატარკაციშვილის ოჯახს შევხვდი და მითხრეს, ჩვენს ოჯახში ერთი კაპიკი არ მოსულაო. სად წავიდა ის თანხა, როცა რუხაძე ხელმძღვანელობდა იმ ჯგუფს?! ასე დაშალეს მაუდის კომბინატი, ასე გააუბედურეს თავიდან ბოლომდე და დღეს აღარაფერია! ამ პერიოდში პირველი ხელშეკრულება, რომელიც ბადრიმ დადო, რომ ხალხს დაასაქმებდა და მილიონებს ჩადებდა, გაუქმებულია, ეს ჩვენ სასამართლოზე ახლა გავიგეთ და დაიდო ახალი ხელშეკრულება, ვითომ ეს კომპანია 30 მილიონს ჩადებდა და 500 აქციონერს დაასაქმებდა 3 წლის განმავლობაში, ასე მორიგდნენ სახელმწიფოსთან! ამასობაში არაფერი აღარ იყო და სად უნდა დაესაქმებინათ ეს ხალხი?! სასაწყობო ფართებად იყო გაქირავებული, მეტი არაფერი... ასე მოსპეს მაუდის კომბინატი და ამაში, რა თქმა უნდა, ირაკლი რუხაძისა და კახა ბენდუქიძის ხელი ურევია. პატარკაციშვილი იმ პერიოდში გამოცხადებული ჰყავდათ ტერორისტად და ნამდვილად ვერ ჩაერეოდა და არც ერეოდა ამ საქმეში, რუხაძე ორმაგ თამაშს თამაშობდა და ორივე მხარეს წარმოადგენდა. _ პატარკაციშვილის ოჯახსა და საქართველოს მთავრობას შორის „საიდუმლო ხელშეკრულების“ თაობაზე პირველად ღიად საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა ისაუბრა. შემდეგ ხელშეკრულებას საიდუმლო გრიფი მოეხსნა, სადაც საუბარია, რომ მთავრობამ პატარკაციშვილის ოჯახს 400 მილიონი აშშ დოლარი გადაუხადა ტელეიმედის სანაცვლოდ... _ ეს არის პარიზში 2011 წლის 6 ივლისს დადებული ხელშეკრულება მიხეილ სააკაშვილსა და ინა გუდავაძეს შორის, რომელსაც გრიფი „საიდუმლო“ ედო პრეზიდენტ სააკაშვილის მხრიდან. ამ მემორანდუმს ივანიშვილის პრემიერობის დროს გრიფი მოეხსნა, იუსტიციის სამინისტროს მივმართე და მისი ინგლისური ვარიანტი გამოვითხოვე. თარგმანი გავაკეთე და საქმეს გავეცანი. ივანიშვილი ამ დოკუმენტს რომ გაეცნო, თქვა, _ თმები ყალყზე დამიდგა, ეს რა ვნახეო? ციტირებას ვაკეთებ. ამ მემორანდუმში ასახულია ინა გუდავაძისა და მიხეილ სააკაშვილის მორიგება, ტელეკომპანია „იმედის“ სანაცვლოდ მომეცი „მაუდი“ და მეტალურგიული ქარხანაო.  2011 წელს, ბადრის გარდაცვალების შემდეგ, როდესაც მისმა მეუღლემ საზღვარგარეთ დაიწყო ჩივილი, უკვე გუდავაძე ითხოვდა „იმედს“, მთაწმინდის პარკს, ცირკს და მეტალურგიას, „მაუდი“ ამ პერიოდში არსად ჩანდა. თუ ამ ქონებას ვერ დაიბრუნებდა, მაშინ ამის სანაცვლოდ სახელმწიფოს 400 მილიონს სთხოვდა. ამ პერიოდში მორიგდნენ, შეხედა მთავრობამ, რომ ამ 400 მილიონს პარიზის საარბიტრაჟო სასამართლოში მოიგებდა და გარიგება შესთავაზა, _ მომეცი ტელეკომპანია „იმედი“ და რასაც მთხოვ, გინდ კერძო საკუთრება იყოს, გინდ სახელმწიფო, ავიღებ და მოგცემო. აქედან ცოტა უფრო მეტიც მოინდომა გუდავაძემ და „მაუდის“ კომბინატიც მოითხოვა. უპირობოდ გადაეცა „მაუდი“, მეტალურგია და ასე აღმოჩნდა ისევ ინა გუდავაძის საკუთრებაში. დღესდღეობით ამ კომპანიას ირაკლი რუხაძე განაგებს. 2003 წლიდან, რაც „მაუდში“ ბადრი შემოვიდა, 5,02% აქციების მქონე ხალხისთვის დღემდე დივიდენდები არ მიუციათ. რუხაძე ამ კომპანიას 15 წლის განმავლობაში მართავს და ერთ კაპიკს არ აძლევს ამ ხალხს! _ პროკურატურას არ მიმართეთ? _ 2006 წელს, როდესაც სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, 4 ადამიანი დააკავეს, ვინც საკუთრების მოწმობა გასცა ქონების მართვიდან, კომბინატის დირექტორი ომარ თეთრაშვილი და ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილე დავით გელაშვილი. საპროცესოები გაფორმდა და გამოვიდნენ, მაგრამ მას მერე ჩვენ თეთრაშვილი არ გვინახავს. პატარკაციშვილი სანამ მოსკოვში წავიდოდა, 5 წელი მაუდის კომბინატში იმუშავა, ზეინკლად იყო გაფორმებული და ამ ხალხს ძალიან კარგად იცნობდა. აქედან გამომდინარე, ჩემს გონებაში მაინც არ ჯდება, რომ მას რაღაც ცუდის გაკეთება უნდოდა. უბრალოდ, ბადრი დიდ ქონებას ხედავდა, მარტო წერეთელზე მიწა 11,5 ჰექტარია. ბადრი რომ შემოვიდა, კომბინატში უამრავი მზა ნაწარმი იყო. სუფთა შალს ვაწარმოებდით და მთაში მეცხვარესაც კი ვამუშავებდით. არანაირი ინვესტორი არ იყო საჭირო, ნედლეულიც აქ იყო და ამ კომბინატს დამოუკიდებლად შეეძლო მუშაობა. ბიზნესგეგმა შედგა და 2006 წელს ხალხს მუშაობა უნდა დაეწყო. ორშაბათს საწარმოში რომ მივიდნენ, ამ ბანდის მხრიდან ყველაფერი დაჭრილი დახვდათ. მატყლის სარეცხი მანქანა 48 ტონას იტევდა. 3 მანქანა იყო და ერთი სულ გაუხსნელი, ზუსტად ის დახვდათ დაჭრილი, რომ სამუშაო ვერასოდეს შეესრულებინა. აქ ძალიან ბევრი რამე იყო ჩადებული... ჩვენი საქმე პროკურატურაში სულ დევს, მაგრამ მხოლოდ ერთხელ გამოიძიეს 2006 წელს, როცა თვითონ სჭირდებოდათ და თაღლითთა ჯგუფიც უწოდეს. ამის მერე კიდევ მივმართეთ. 650 კაცი ჩიოდა, პატარკაციშვილმა პირობა რომ არ შეასრულა კომბინატის ამუშავების თაობაზე. 2006 წელს დაზარალებულად გვცნეს. მაშინვე იჩივლა ხალხმა სასამართლოში ზიანის ანაზღაურებაზე. ეს არის სს „მაუდის“ აქციონერების სარჩელი ეკონომიკის სამინისტროს, ბადრი პატარკაციშვილის ოჯახისა და ირაკლი რუხაძის წინააღმდეგ. ეს საქმე ჯერ ბადრის გარდაცვალების გამო იყო გაჩერებული, მერე დაემატა მისი უფლებამონაცვლის გარკვევის ამბავი და ახლა განახლდა. როგორც კი ეს მემორანდუმი ხელში ჩამივარდა, სასამართლოში გავასაჩივრე და ხელშეკრულება, რომელიც პირდაპირ ზიანს აყენებს მოსარჩელეების კანონიერ უფლებებს, მისი ანაზღაურება მოვითხოვე. პირველად ბათილად ცნობაც მოვითხოვე, მაგრამ როცა ხელშეკრულებაში ჩავიხედე, ისეთი კაბალური რამე წერია, ასეთი რამე მსოფლიოში ვინმეს თუ უნახავს, არ ვიცი! _ რას გულისხმობთ? _ აქ წერია, რომ ნებისმიერი დავა, რომელიც „მაუდსა“ და მეტალურგიასთან დაკავშირებით წარმოიშვება, პარიზის საერთაშორისო სასამართლოში უნდა გადაწყდეს. აბსოლუტურად ყველა სხვა გადაწყვეტილება მაინც იქამდე იქნება მისატანი. ამიტომ ქონება, რომელიც უპირობოდ არის გადაცემული, მისი დაბრუნება ვერ მოხდება, ვიდრე ეს არ გაუქმდება და ამორალურ ხელშეკრულებად არ იქნება ცნობილი. თუმცა ამორალურ ხელშეკრულებად მაშინვე იყო ცნობილი, როდესაც პროკურატურამ გამოაცხადა, რომ ეს ხელშეკრულება ძალადობრივი მეთოდებით დაიდო, მაგრამ აქ უკვე ორმაგი თამაშია სახელმწიფოსგან და კერძოდ, ეკონომიკის სამინისტროსგან. ეკონომიკის სამინისტრო სამოქალაქო სასამართლოში აღიარებს, რომ ეს არის ყველანაირად კანონიერ ფარგლებში დადებული ხელშეკრულება და, ამავე დროს, სისხლის სამართლის საქმეში წერია, რომ ეს ყველაფერი ძალადობრივი ქმედებებით არის გამოწვეული. ჩვენ ვინ რას გვკითხავდა, ეს ყველაფერი ზემოთ წყდებოდა! ასე რომ, ეს ხელშეკრულება ბათილად საქცევია. მივხვდი, რომ „მაუდის“ აქციონერები ამ ქონებას ვეღარ დაიბრუნებდნენ, რადგან ჯერ ეს ხელშეკრულება უნდა გაუქმდეს, ქონება სახელმწიფოს დაუბრუნდეს და მერე მათ ვედავოთ, რომ ჩვენი ქონება დაგვიბრუნოს, ამიტომ პირდაპირ ზიანის ანაზღაურება მოვითხოვე. პირველი ინსტანციის სასამართლომ სარჩელი არ დააკმაყოფილა. ბევრი მტკიცებულება დავდე და როგორც კი იმათ ადვოკატებმა შეხედეს, რომ ჩვენ სასარგებლოდ მიდიოდა სასამართლო პროცესი, მაშინვე თითი დაუქნეს სასამართლოს და პირდაპირ უთხრეს, _ არავინ გაბედოს, რომ აქციონერების საკეთილდღეოდ გადაწყდეს საქმე, ეს არის საერთაშორისო დონის ხელშეკრულება და ყველა საქმე მაინც იქ გაირჩევაო. აქედან გამომდინარე, მოსამართლემაც უარი თქვა. თითო მოსამართლეს 300-500 საქმე აწერია, 5 თვეში ერთხელ ინიშნებოდა პროცესები, დასაბუთებული გადაწყვეტილება ძლივს ავიღე, სანამ აქციები არ მოვაწყვე, 2 თვის განმავლობაში ველოდებოდი, რომ მენახა, რატომ მითხრა უარი. გადაწყვეტილებაში ეწერა: პირველი ხელშეკრულება გააუქმა მეორემ, მეორე _ მესამემ, რომელიც საერთაშორისოა და მე რა ვქნაო?.. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, სააპელაციო სასამართლო რამეს შეცვლის? სასამართლომ „მაუდის“ აქციონერები მესამე პირადაც არ აღიარა, არც თაღლითური გზით გადაყიდვა-გადმოყიდვაზე იმსჯელა, არც ამ ხელშეკრულებაზე, სადაც ნათლად ჩანს, რომ „იმედზე“ გაიცვალა „მაუდი“. კითხვა ხომ უნდა დაესვა, რა შუაში იყო „მაუდი“ იქ, როცა ამ პერიოდში „ლანნერ ჰოლდინგ ლიმითედის“, ვიღაც ამერიკელის იყო?! ამ კითხვებს მოსამართლესთან ერთად ვსვამდი, მაგრამ ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელი პასუხს ვერ მცემდა. დაიტერესება ჩანს! როდესაც ეს ხელისუფლება  სამართლიანობის აღდგენის ლოზუნგით მოვიდა, პროკურატურაში ჯგუფი იქმნებოდა, რომ გარკვეული საქმეები აღარ გადასულიყო სასამართლოში და შესაძლებელი იყო, მორიგებით პროკურატურაშივე გადაწყვეტილიყო. მაშინვე მივმართე ამ ხელშეკრულების საფუძველზე. სისხლის სამართლის დანაშაულიაო, ხომ თქვეს ერთხელ! რა თქმა უნდა, პროკურატურა ახლაც მეთანხმება და ამბობს, რომ დანაშაულიაო, მაგრამ იმასაც ამბობენ, _ თქვენ რა, პირველად ნახეთ, რომ სახელმწიფომ ერთ ლარად გადასცა ქონება, მერე რა, პატარკაციშვილების ოჯახიც დაზარალებულიაო. მესმის, რომ დაზარალებულია, ამას ჩვენც განვიცდიდით, ამის გამო იმ პერიოდში სასამართლო დავასაც არ ვაწარმოებდით, რადგან გაურკვეველი იყო, ამ ქონებას აძლევდნენ თუ არა ოჯახს. ყველაფერი შეჩერებული იყო როცა საქმე პარიზის სასამართლოში წავიდა. ამ პერიოდში 7-ჯერ შემხვდა არჩილ კბილაშვილი. ერთი წლის განმავლობაში ამდენი შეხვედრა, ალბათ, ყველაზე მძიმე საქმეები ვისაც ჰქონდა, იმათთანაც არ მომხდარა. ეს საქმე მას დეტალურად ავუხსენი, თუმცა მისთვის ისედაც არ იყო უცხო, რადგან თავის დროზე მათი ადვოკატი გახლდათ. კომბინატის ნგრევა რომ მიდიოდა და სასამართლოში ვჩიოდით, ჩვენი ადვოკატი იყო თეა წულუკიანის მამა. ახლად აღმოჩენილი გარემოებების გამო ბატონმა ავთომ ზარალის ანაზღაურებაზე სარჩელი შეიტანა. იმ წუთში დაეთანხმნენ პატარკაციშვილის ადვოკატები და თქვეს, მხარეს მორიგებას ვთავაზობთო. იმ პერიოდში შეწყდა სასამართლო და მორიგება შედგა. ირაკლი რუხაძეს „სტანდარტ ბანკი“ ჰქონდა და ამ ბანკში ჩარიცხული ის 2 მილიონი ლარი, რომელიც აქციონერებზე უნდა გაცემულიყო, მიითვისა და სად გააქრო, არავინ იცის! რუხაძე მონაწილეობდა, მაშინ პატარკაციშვილი საქმეში ვერ ჩაერეოდა! _ ეს 2 მილიონი რა წარმომავლობის უნდა ყოფილიყო? _ არ ვიცი, ეს თანხა შეიძლება ამ ქონების წილიდან იყო წამოსული, აქაც თაღლითობები გააკეთეს, რუხაძე და მთავრობის წევრები იყვნენ გარიგებულები! ამდენი დანაშაული აქვს ჩადენილი, ეს ყველაფერი დეტალურად მე თვითონ მივიტანე პროკურატურაში, აღვწერე, მაგრამ რეაგირება ნულია იმიტომ, რომ ირაკლი რუხაძე ამ პერიოდში ხელისუფლებასთანაა დაახლოებული! იმ პერიოდში კბილაშვილის მოადგილე იყო ლაშა ნაცვლიშვილი, რომელთანაც რუხაძემ საქმის ჩაწყობა მოახერხა და ყველანაირი საქმე გაჩერდა, რაც რუხაძეს ეხებოდა! _ კბილაშვილს რომ ხვდებოდით, რას ამბობდა? _ ვიცი, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება არ არსებობსო, _ ასე მითხრა პირდაპირ კბილაშვილმა. ციტირებას ვაკეთებ: პოლიტიკური გადაწყვეტილება რომ არსებობდეს, 20 000 განცხადება, რომელიც წართმეული ქონებების თაობაზეა შემოსული, თქვენი განცხადება მათ შორის ერთადერთია, რომელიც არაორდინარულიაო. მის მერეც შემხვდა პროკურატურაში, უკვე აღარ იყო მთავარი პროკურორი და მითხრა, _ მაშინაც ვფიქრობდი და დღესაც ვფიქრობ, რომ სასამართლოში არ უნდა წასულიყავით და მორიგებით უნდა დასრულებულიყო ეს საქმე, მაგრამ პოლიტიკური გადაწყვეტილება არ იყო და ვერ შევძელი, წინ წავსულიყავიო. აქედან გამომდინარე, ისევ ამას ვფიქრობ, დღესაც არ არსებობს პოლიტიკური გადაწყვეტილება. მეეჭვება, რუხაძეს სასამართლოსთანაც მიუწვდებოდეს ხელი, იქაც აწყობს საქმეებს და ყველაფერი ისე ხდება, როგორც მას უნდა! მთელი ჩვენი უბედურება ის არის, რომ ამ ხელშეკრულებაში, რომელსაც ხელს აწერს თინა ბურჯალიანი, პირდაპირ არის ჩამოთვლილი, რომ ამ ხნის განმავლობაში, „მაუდში“ არ უნდა შევიდეს გენერალური პროკურატურა, შს სამინისტრო, უსაფრთხოების დეპარტამენტი, თავდაცვის სამინისტრო, ფინანსური პოლიცია, შემოსავლების სამსახური, თბილისის მერია, არავის არ აქვს უფლება, რადგან აქ არიან მხარეები, რომლებიც მორიგდნენო. „ქურდს რა უნდა და ბნელი ღამეო“, _ ამათზეა ნათქვამი. თუ უნდათ, შემოსავალს დამალავენ, რასაც უნდათ, იმას გააკეთებენ, მერე რა, რომ ამ ხალხს 5,02% აქვს?! 250 კაცის ოფიციალური რწმუნება მაქვს და ყოველ წელს შემიძლია მოვითხოვო ანგარიშების შემოწმება, მოგება-წაგება, რატომ არ მივედით იქამდე, ვინ ჩამახედებს?! ერთი სიტყვით, ამათზე საქართველოს კანონმდებლობა არ ვრცელდება! სასამართლოზეც ვუთხარი, ესენი არიან მთელი ქვეყნის ფარაონები! თავიანთ ქვეყანაში იმათაც კი არ ჰქონდათ ამდენი უფლება! თუ თავს იმართლებენ იმით, რომ ყოფილი ხელისუფლებისგან თავი დაეცვათ, დღესაც ეს მომენტი უდგათ? რომ ამბობენ, დღეს ბიზნესი თავისუფალია და ყველასთვის ხელსაყრელი პირობებია შექმნილიო, ამათთვის რატომ არის ასე?! რა უნდა ამ ხელშეკრულებას, მხარეები უნდა მორიგდნენ, ან ეკონომიკის სამინისტრომ დაიბრუნოს წილი. სირცხვილიც არის ასეთი ხელშეკრულების არსებობა, მაგრამ როგორც კი გაუქმდება, „მაუდი“ ავტომატურად გადადის სახელმწიფო იძულებით მართვაში, მერე ჩვენ დავიწყებთ 49%-ის წამოღებას და მეტალურგია პირდაპირ დაუბრუნდება ჯოზეფ ქეის. ამ ორ ქონებაზეა მთლიანი აქცენტი გაკეთებული და დანარჩენს ხელშეკრულებაში ამათთან შეხება არ აქვს. _ რას აპირებთ? _ ერთი თვის წინ პრემიერ კვირიკაშვილის სახელზე შევიტანე წერილი, მანამდე ივანიშვილთან და ღარიბაშვილთანაც მქონდა გაგზავნილი, მაგრამ მართლა პოლიტიკური ნება არ არსებობს! ესენი თანაინვესტირების ფონდში ერთად არიან, როგორც მაშინ იყო. ვისაც ფული აქვს, მეფეც არის და ღმერთიცო, დღესაც მათთვის ეს პრინციპი მოქმედებს, ისევ ესენი სჭირდებათ და არა ღარიბი ხალხი! „ქართული ფილმის“ აქციონერებს 1997 წელს, როგორც „მაუდში“ მოხდა, აქციები წაართვეს. ბატონმა ბიძინამ „ქართულ ფილმს“ აქციები სასამართლოს გარეშე უკან დაუბრუნა. ეს რატომ ვრცელდება ელიტაზე და რატომ არ ვრცელდება მუშათა კლასზე?! თუ არ დამიბრუნებ აქციებს, ზიანიც არ უნდა აუნაზღაურო ხალხს? სახელმწიფოა მოპასუხე, თვითონ ესენი მებრძვიან და რუხაძეს რაღა უნდა ვუთხრა?! ორივე ერთად მოქმედებს! რა თქმა უნდა, სასამართლო დავას ვაგრძელებთ, არც მინდოდა სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრება, როდესაც ასეთი ხელშეკრულება არსებობს, ხალხის მოტყუება გამომივიდოდა, მაგრამ რომ არ შემეტანა, ვადა გადიოდა და ხანდაზმული გახდებოდა. ამიტომ ორ წყალს შუა ჩამაყენეს, შევიტანდი, იცოდნენ, რომ არ მომაგებინებდნენ, არ შევიტანდი და უარესი, ხანდაზმულობაში გამიშვებდნენ. _ მითხარით, რომ ბიძინა ივანიშვილს შეხვდით... რა პოზიცია ჰქონდა? _ ბატონ ბიძინას აქციონერები მაშინ შევხვდით, როცა პრემიერი იყო. როგორც კი გაიგო, რომ „მაუდიდან“ ვიყავით, გვითხრა, _ ყველანაირად შევეცდებით, საქმე მეგობრულად და მორიგებით დავამთავროთ თქვენსა და ინას შორისო, მაგრამ მას შემდეგ არანაირი ინფორმაცია არ მიგვიღია. მთავრობის წევრებს ვაბარებდი, ის მაინც გვითხრას, შეხვდა თუ არა ინა გუდავაძეს-მეთქი? მაგრამ ვერაფერი გავიგეთ. აქციონერები ასაკოვანი ხალხია, 70-80 წელს გადაცილებულები, 620 კაციდან 300 ლოგინად ჩავარდნილია. აქციებზე 200-300 კაცი მოდის, ჯოხებით დადიან. აქციები მუდმივად ეწყობა, დღესაც კანცელარიის წინ არის დაგეგმილი. 10 მარტის აქციის შესახებ ყველა ტელევიზია გავაფრთხილე, არ მოვიდნენ, რადგან ფიქრობენ, რომ ძველი საქმეა და აჟიოტაჟს აღარ იწვევს. საზოგადოებრივი მაუწყებელი დავავალდებულე, რომ მოსულიყო. გადაიღეს, მაგრამ ეთერში არ გაუშვეს. მეორე დღეს ჟურნალისტს დავურეკე და მითხრა, რომ მან მასალა  საინფორმაციო სამსახურის უფროსამდე მიიტანა, მაგრამ სიუჟეტი არ გავიდა. მანამდე ისედაც მივხვდი, რომ ამ სიუჟეტს არ გაუშვებდნენ, რადგან საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრია ნათელა სახოკია, რომელიც  ირაკლი რუხაძის დედა გახლავთ. პატარკაციშილების ოჯახთანაც ვიყავი, ბადრის დედას, ქალბატონ ნათელას რამდეჯერმე შევხვდი. მან ჩემ თვალწინ დაურეკა ინას და უთხრა, _ შვილო, მე აქ უნდა დავიმარხო, თქვენ შორს ხართ და იცი, ბადრი ყოველთვის ამბობდა, თუ ვინმესთან არასწორად ვარ მოქცეული, ეს „მაუდის“ აქციონერები არიანო. შეიძლება ბადრის სულაც არ უნდოდა, მოვლენები ასე განვითარებულიყო, მაგრამ შიგნიდან ისე ურევდნენ ხელს, კონკრეტულად ირაკლი რუხაძე ისე ამღვრევდა წყალს ჩვენსა და ბადრის შორის, როგორც დღეს აკეთებს ინასა და ჩვენ შორის. იმ ამღვრეულ წყალში კი ყოველთვის თვითონ იჭერდა თევზს. იმიტომ გახდა მილიონერი, თორემ თვითონ რა ჰქონდა?! ინამ ასეთი პასუხი გასცა ქალბატონ ნათელას, _ ყველაფერი ირაკლი რუხაძეს მოჰკითხონო. არ ვიცი, ამ სიტყვების უკან კიდევ რა იდგა? შეიძლება იქიდან გამომდინარე თქვა, რომ ზუსტად იცის „სტანდარტ ბანკში“ გადმორიცხული თანხის შესახებ, რომელიც ისე გაქრა, როგორც ვალერი გელბახიანის ამბავზე დაიკარგა 8 მილიონი, ისიც ზუსტად იმ ბანკში იყო გადმორიცხული. სწორედ რუხაძე ხელმძღვანელობდა ამ ბანკს! _ რუხაძესთან შეხვედრა არ გიცდიათ? _ რა თქმა უნდა, რუხაძესაც შევხვდით. „მაუდში“ ძალიან დიდი აქცია გვქონდა, დავიბარეთ და მოვიდა, ეს იყო 2012 წლამდე. გვითხრა, გაყიდვას ვაპირებთო. იმის მერე აღარც გვხვდება. ისე კარგად აქვს მოწყობილი თავისი ბუდე, რომ ეს ხალხი არ აინტერესებს! ბოლოს რომ ვნახე, მომაძახა, _ რაღა თქვენ მოგცეთ მილიონები, 100 000 დოლარს დავხარჯავ, სადაც დასახარჯია, ქონებაც მე დამრჩება და დანარჩენი თანხაცო. ეს არის მისი პასუხი პირდაპირ ჩემთან მიმართებით, ამ საუბარს ხალხი ესწრებოდა, მარტო არ ვყოფილვარ. პროკურატურაში ვუთხარი, _ 20 მილიონის სახელმწიფო ქონება სადღაც გაქრა და თქვენთვის არაფერს ნიშნავს-მეთქი? იცით, რა მიპასუხეს? იმიტომ, რომ მერე პატარკაციშვილის ხალხიც გადისო... რუხაძე გადიოდა, ბადრი საერთოდ არ მონაწილეობდა ამ საქმეში! თვითონაც აღიარეს პატარკაციშვილებმა, ჩვენთან კაპიკი არ მოსულაო. დღესაც ასეა, რუხაძე ორმაგ თამაშს თამაშობდა მაშინაც „ნაციონალებთან“ და პატარკაციშვილის ოჯახთან, დღესაც ასე მოქმედებს, ვითომ მთავრობასთან არის, იქით პატარკაციშვილებთან და რაღაცებს ხლართავს „მაესტროსთან“ მიმართებით, ამ დროს, კაცმა არ იცის, რა აქვს ბუდეში ჩადებული! 1998 წელს, როდესაც მიწის პრივატიზაციის შესახებ გამოვიდა კანონი, „მაუდის“ აქციონერებმა თავიანთი კუთვნილი ხელფასები არ აიღეს და სახელმწიფოსგან მიწა გამოისყიდეს. აგერ მაქვს ამის დამადასტურებელი ქვითრები. ამდენი ხალხის გვარს ხომ არ ჩამოწერდნენ და მიწა დარეგისტრირდა, როგორც „მაუდის“ საკუთრება. პატარკაციშვილმა თუ 10 000 დოლარად იყიდა მაშინ კომბინატი, ამ ხალხმა 32 000 დოლარი გადაიხადა მიწაში! მიწაც ახლა უპირობოდ არის გადაცემული, მარტო აქციები კი არა! ირაკლი რუხაძე ამერიკის მოქალაქეა, ინა გუდავაძე _ საფრანგეთის. ვუთხარი, თქვენს ქვეყნებში აქციონერებს ასე ექცევიან-მეთქი?! უნამუსოები არიან! მთელი საქართველო ხელში ჩაიგდეს, რა გახდა, ამ ხალხს რატომ აწვალებენ?! თქვენი გაზეთის მეშვეობით, მინდა მივმართო ბიძინა ივანიშვილს და გიორგი კვირიკაშვილს, ყოფილ და მოქმედ პრემიერებს, _ რა დააშავეს „მაუდის“ აქციონერებმა პატარკაციშვილების ოჯახთან, ან სახელმწიფოსთან, რატომ წვალობენ, რამე დანაშაული მიუძღვით?! მხოლოდ იმიტომ, რომ მუშათა კლასია, _ აი, ეს არის მათი დანაშაული! ეს მოხუცი ხალხი როგორ შეიძლება, ასე აწვალო, ეს რა ქვეყანაა?! დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლებს სადღეგრძელოსავით დარჩათ, როდესაც ამბობენ, ჩვენს ქვეყანაში დღეს მთავარი ადამიანიაო. მე კი ვიტყოდი, გააჩნია, ის ადამიანი მდიდარია თუ ღარიბი!  

                                                                                                          თამარ ბატიაშვილი

     

გაზიარება