QronikaPlus
„რეგიონებში კორუფცია და ნეპოტიზმი არის გამეფებული“

„რეგიონებში კორუფცია და ნეპოტიზმი არის გამეფებული“

2016-03-23 07:21:36

„მონიტორინგის ცენტრი მედიატორი“ დმანისსა და ჭიათურაში ნეპოტიზმისა და კორუფციის სავარაუდო ფაქტებზე საუბრობს. არასამთავრობო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ამ რეალობის შედეგად გაფლანგული მილიონები და მოუგვარებელი პრობლემები სახეზეა. „მედიატორი“ შესაბამისი უწყებებისგან ადეკვატურ რეაგირებას მოითხოვს. „ქრონიკა+“ ა/ო „მონიტორინგის ცენტრი მედიატორის“ დამფუძნებელს, ლევან ხაბეიშვილს ესაუბრება: _ რეგიონებში კორუფცია და ნეპოტიზმი არის გამეფებული. შედეგად, გაფლანგული მილიონები და მოუგვარებელი პრობლემები სახეზეა. ჯერ კიდევ 2012 წლის 2 აგვისტოს დმანისის რაიონის მუნიციპალიტეტმა ტენდერში გამარჯვებული კომპანია გამოავლინა (შპს ტ.ტ.) და მასთან 3 224 554 (სამი მილიონ ორას ოცდაოთხი ათას ხუთას ორმოცდათოთხმეტი) ლარის ღირებულების ხელშეკრულება გააფორმა. ამ თანხის ძირითადი ნაწილი, 2 200 000 ლარი, დმანისი-საფერლოს 16-კილომეტრიანი გზის შეკეთებას უნდა მოხმარებოდა. 16-კილომეტრიანი გზის შეკეთება 3 ეტაპად უნდა განხორციელებულიყო და 2014 წლის პირველ სექტემბერს უკვე სამუშაოების ჩაბარება მომხდარიყო. პირველი ორი ეტაპის 10-კილომეტრიანი გზა 2013 წელს დასრულდა და დარჩენილი სამუშაოებისთვის დარჩენილი თანხა 1 100 000 ლარს, ხოლო გზის მონაკვეთი 6 კილომეტრს შეადგენდა. ამასობაში ხელისუფლებაში უკვე „ქართული ოცნების“  წარმომადგენლები არიან და, შესაბამისად, გამგებელი გოგი ბარბაქაძეც ამ პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელია რაიონში. მის მოადგილედ, შემდეგში კი ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსად, საკუთარი ბიძა, თემურ თეთრაძე დანიშნა. საკრებულოს თავმჯდომარე ლაშა ბერუაშვილი და გამგებელიც ერთმანეთის ბიძაშვილ-მამიდაშვილები არიან, ხოლო რეგიონის რწმუნებული პაატა ხიზანიშვილი თემურ თეთრაძის (გამგებლის ბიძა) ნათესავი და ბიძაშვილია. მოკლედ, დმანისში ოჯახური კლანია, რომელიც მართავს კიდევაც რაიონს. საბიუჯეტო სახსრების კონტროლი, ფაქტობრივად, შეუძლებელია, როდესაც ამ ბიუჯეტის გამკარგავიც და „რევიზორიც“ ერთმანეთის ოჯახის წევრები არიან. _ და მესამე ეტაპს რა ბედი ეწია? _ მოკლედ, მე-3 ეტაპი გვიანდებოდა და მხოლოდ 2014 წლის აგვისტოში (ერთი თვით ადრე ვადის ამოწურვამდე) კომპანიამ სამუშაოების შერულება დაიწყო. აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ადამიანები (ვისაც ხელშეკრულების პირობებით ევალა მიღება-ჩაბარებაზე ხელის მოწერა), თამაზ ადუაშვილი და ჯაბა საღლიანი, უკვე აღარ მუშაობდნენ გამგეობაში; ხოლო მესამე ადამიანი, ვინც ასევე ხელშეკრულების პირობებით იყო ხელის მომწერი მიღება-ჩაბარებაზე, პავლე ადუაშვილი, აგვისტოში შვებულებაში გახლდათ. სწორედ ამ პერიოდში, აგვისტოში მოხდა საკმაოდ დიდი თანხის _ 900 000 ლარზე მეტის ათვისება. ხოლო დარჩენილი სამუშაოებისთვის ვადა გაუხანგრძლივეს კომპანიას და დეკემბერში მოხდა საბოლოო დასრულება. ფაქტობრივად, გაიხარჯა 1 094 000 ლარი. მიღება-ჩაბარებაზე პავლე ადუაშვილს უნდა მოეწერა ხელი, რომელმაც უარი განაცხადა იმ მიზეზით, რომ სამუშაოების წარმოებისას შვებულებაში იყო; და ასევე აპროტესტებდა, რომ სამუშაოები არ იყო ხარისხიანად შესრულებული, რის გამოც ის ხელს არ აწერდა. მიუხედავად იმისა, რომ ხელმოწერას აიძულებდნენ, ადუაშვილმა მოხსენებითი ბარათი დაწერა გამგებლის სახელზე, სადაც მიუთითა, რომ ის ამ დოკუმენტაციაზე ხელს არ მოაწერდა. ამის შემდეგ იპოვეს გამოსავალი და, ფაქტობრივად, არაუფლებამოსილ თანამშრომელს, ვინმე რევაზ სარიმახმუდოვს მოაწერინეს ხელი. ეს სარიმახმუდოვიც „ქართული ოცნების“  ხელისუფლებაში მოსვლასთან ერთად აღმოჩნდა გამგეობაში და მის გამო საკრებულოს დადგენილებით გამგეობაში ახალი შტატიც დაუშვეს. ერთი მილიონ 94 ათასი ლარიც გადაერიცხა კომპანიას, რის შემდეგაც, წესით, სამხარაულის ექსპერტიზა უნდა ჩატარებულიყო. რომელიც დაადგენდა, რამდენად ხარისხიანად იყო ეს სამუშაოები შესრულებული. თუმცა გამგეობამ თანხების დაზოგვა მოიმიზეზა და კერძო კომპანიასთან გააფორმა ხელშეკრულება, რომელიც ასევე შემსრულებელი კომპანიის, შპს ტ.ტ.-ს მიერ იყო მოძიებული. ფაქტი ის არის, რომ ამის შემდეგ ძალიან მალე რევაზ სარიმახმუდოვი გამგეობიდან გაათავისუფლეს, რადგან აღმოჩნდა, რომ ისეთ ოქმებსა და მიღება-ჩაბარებებს აწერდა ხელს, რომელიც რეალურად არ სრულდებოდა. ეს ფაქტი საკრებულოს ოპოზიციამ გამოიძია და გამგებელი იძულებული გახდა, სარიმახმუდოვი სამსახურიდან დაეთხოვა. თუმცა მისი საქმიანობის შესწავლით არც საკრებულო და არც ძალოვანი უწყებები არ დაინტერესებულან. ეს ყველაფერი ადასტურებს იმასაც, რომ 1 მილიონ 94 ათასის მიღება-ჩაბარებაზე გამგებლის დავალებით, ფაქტობრივად, თაღლითი სარიმახმუდოვი აწერდა ხელს. დაახლოებით 2 თვეში 6-კილომეტრიანმა გზის ნაწილმა დაშლა დაიწყო. დღეის მდგომარეობით, ფაქტობრივად, ეს გზა აღარ არსებობს და თავიდან ბოლომდე საჭიროებს რეაბილიტაციას. აღსანიშნავია, რომ 10-კილომეტრიანი გზა, რომელიც ბევრად ძველია და მანამდე გააკეთა ამავე კომპანიამ, კარგ მდგომარეობაშია. ეს ყველაფერი მიანიშნებს იმას, რომ დამკვეთი, ამ შემთხვევაში გამგეობა, თავად არ იყო ხარისხით დაინტერესებული და კომპანიასთან კორუფციულ გარიგებაში შევიდა მიღება- ჩაბარებაზე ხელმოწერის სანაცვლოდ. შესაბამისად, კომპანიამ მინიმალურ ფასად დააგო უხარისხო გზა. „ატკატის“ სახით გარკვეული თანხა გადაუხადა ოჯახურ კლანს და ასე ორივე მხარე აღმოჩნდა ბედნიერი _ გამგებელიც, მისი ნათესაობაც და კომპანიაც. ეს, რა თქმა უნდა, ვარაუდია, თუმცა ფაქტებზე დაყრდნობით და არა ნამკითხავები. ის, რომ გზა, ფაქტობრივად, აღარ ვარგა და გასაკეთებელია, ამას გამგებელიც არ უარყოფს. _ რეაგირება ვინმემ მოითხოვა? _ ამ ყველაფერთან დაკავშირებით დმანისის რაიონის მოქმედმა თანამშრომელმა პავლე ადუაშვილმა პროკურატურასაც მიმართა და ამ დროისთვის მიმდინარეობს გამოძიება. სამწუხაროდ, რთულია იმის დაჯერება, რომ ხელისუფლება გამოიძიებს ამ საქმეს და ოჯახურ კლანს დაუპირისპირდება. თუმცა დაველოდოთ გამოძიებას. ჩვენ ამ მასალებს სამართალდამცავებს ცალკე მივაწვდით. კონკრეტულ დარღვევებსა და გადაცდომებსაც მივუთითებთ, რომელიც სისხლის სამართლის დანაშაულია და მილიონობით ლარის მითვისებასა და საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვას ადასტურებს. _ ამაზე გამგებელი რას ამბობს? _ გამგებელმა თავი იმართლა, გზა იმიტომ დაზიანდა, რომ გვერდზე სოფელში გზას ვაგებ და დიდი მანქანები დადიანო. შე კაი დედმამიშვილო, მილიონი გადაიხადე გზის გაკეთებაში და 100-მეტრიანი გზის გამო აფუჭებ? ან აქ თუ გაიარა იმ მანქანამ, დანარჩენ 10 კილომეტრს გადააფრინდა? ლოგიკა სადაა? მილიონ 94 000 გადაიხადა და იცოდა, რომ გაფუჭდებოდა,  რადგან სოფლის ბოლოშიც გზა ჰქონდა გასაკეთებელი. ამას ჰქვია, ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს. გამგეობის თანამშრომელი, პავლე ადუაშვილი, რომელიც 10 წელია, ამ მიმართულებით მუშაობს და საკმაო გამოცდილებაც აქვს, გვიმტკიცებდა, რომ არაა ხარისხიანად გზა გაკეთებული და არ მოვაწეროთ მიღება-ჩაბარებას ხელი, სანამ ხარვეზებს არ გაასწორებსო და ესეც დაემთხვა? სარიმახმუდოვის საქმენი საგმირონიც დაემთხვა?! ან აგვისტოში, 2 კვირაში, კომპანიამ 900 000 ლარი როგორ აითვისა? მუშებს ამუშავებდა თუ ბატალიონს?! მოკლედ, საკმაოდ ბევრი კითხვა დაგროვდა, მაგრამ რად გინდა? ვინც უნდა შეამოწმოს, საკრებულოს თავმჯდომარე მისი ნათესავია. მთავრობას, პრემიერს ვინც უნდა გააგებინოს ეს ამბავი, გუბერნატორია და ისიც ნათესავია. არის ასე სიბნელეში დმანისის რაიონი. მთავრობასაც ოღონდ აქტიური „მეოცნებეები“ ჰყავდეს კმაყოფილი და სულ ცალ ფეხზეც ჰკიდიათ ეს ყველაფერი. დმანისის რაიონში კიდევ ბევრი „უცნაურობა“ ხდება. გამგებლის ბიძა, თემურ თეთრაძე, სანამ „ოცნების“ ხელისუფლება მოვიდოდა, ამავე რაიონში, ფოსტაში მუშაობდა ხელმძღვანელ თანამდებობაზე. მას შემდეგ, რაც გამგებლად მისი ნათესავი დაინიშნა და თავად გამგებლის მოადგილე გახდა, „უცბად“ ისე მოხდა, რომ ფოსტის შენობის 64 კვადრატული მის საკუთრებაში აღმოჩნდა. ასე „უცბად“ გავიგეთ, რომ ეს შენობა რაიონის გამგეობას სურდა ეყიდა, რათა სოფელ „ჰამამლოში“ სარიტუალო მომსახურებისთვის ადგილობრივებს გამოეყენებიათ. საქმე კი კარგია, მაგრამ, ალბათ, ხვდებით, სადამდეც მივდივართ... საბოლოოდ, სახელმწიფოს ბალანსზე არსებული ფოსტის ნაწილის ადგილმონაცვლეობა გაკეთდა, ანუ დმანისის მუნიციპალიტეტმა სხვა ფართში გაუცვალა, ხოლო დარჩენილ 64 კვადრატულის მეპატრონესთან, ანუ გამგებლის ბიძასთან და ამ დროისთვის უკვე ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროს თემურ თეთრაძესთან  „მოლაპარაკებები“ გაჩაღდა. „დაიყოლიეს“ თეთრაძე და გამგეობამ 15 000 ლარი გადაუხადა 64 კვადრატულ მეტრში. სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს, ამდენი „დამთხვევა“ ხდება ამ რაიონში. ამ ისტორიას ნათელს ჰფენს შემდეგი ამბავი, რომელიც ასევე სარიტუალო მომსახურებისთვის მეზობელ სოფელში შეძენილ ფართს ეხება. თუ გამგებლის ბიძის 64 კვადრატული 15 000 ლარი ღირდა, „რიგითი“ მოქალაქის ფართი 380 კვადრატული, რომელსაც სავაჭროდ (მაღაზია) იყენებდა, მხოლოდ 9500 ლარი დაუჯდა ბიუჯეტს. ვფიქრობ, ნებისმიერი მე-6 კლასელი მიხვდება, ამ ციფრების გადათვლით რაზე ვსაუბრობ. ასეა ბატონო, უძაღლო ქვეყანაში კატებს აყეფებენო და კი გრიალებენ ბიძაშვილები: გამგებელი, საკრებულოს თავმჯდომარე, ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი და მხარის რწმუნებული. _ ასევე ძალიან მოკლედ ჭიათურაზეც უნდა გეთქვათ... _ გარდა იმისა, რომ, ზოგადად, ჭიათურის მუნიციპალიტეტში უამრავი პრობლემაა, უკანასკნელ პერიოდში გამოიკვეთა, რომ საქმე გვაქვს კორუფციულ გარიგებებთან, რის საფუძველსაც კონკრეტული ხელშეკრულებები გვაძლევს. ჭიათურის გამგეობამ ტენდერის გარეშე, ერთ პირთან მოლაპარაკებების გზით, რამდენიმე ხელშეკრულება გაუფორმა კომპანია შპს „მიქსორი 2015“-ს. აღსანიშნავია, რომ კომპანიას, მისი დაფუძნების თარიღიდან გამომდინარე, საგზაო სამუშაოების შესრულების გამოცდილება არ გააჩნია. მიუხედავად ამისა, რამდენიმე ხელშეკრულებით მუნიციპალიტეტიდან ჯამში 30 000 ლარამდე ღირებულების კონტრაქტები მიიღო. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ მიღება-ჩაბარებები, ძირითადად, გაფორმებულია წლის ბოლო სამუშაო დღეებში, 2015 წლის 29-30 დეკემბერს. როგორც ვიზუალური დათვალიერებით ირკვევა, ის სამუშაოები, რომლებიც უნდა ეწარმოებინა კომპანიას, ფაქტობრივად, შეუსრულებელია. საქმე ეხება სოფელ მანდაეთში და ტყემლოვანში გზის მოხრეშვის სამუშაოებს. თუ ხელშეკრულებით ვიმსჯელებთ, ჯამში, 200-ამდე სატვირთო ქვაღორღი უნდა დაყრილიყო და გასწორებულიყო. რეალურად, მაქსიმუმ 20 სატვირთო ქვაღორღია დაყრილი და არა გასწორებული. მხოლოდ მიიტანეს და ერთ ადგილას დაყარეს. შესაბამისად, მივიღეთ, რომ ბიუჯეტიდან დახარჯულია 30 000 ლარი და კონკრეტული პრობლემა მოუგვარებელია. ამიტომ მივმართავ საგამოძიებო უწყებებს, დაინტერესდნენ ჭიათურის გამგეობის საქმიანობით და ჭიათურის გამგეობის საბიუჯეტო სახსრების ხარჯვითი ნაწილის კონტროლით. კონკრეტული ადამიანები კი, რომლებიც სჩადიან სისხლის სამართლის დანაშაულს, იყვნენ დასჯილნი. მთლიანობაში შეფასება ასეთია, რომ განსაკუთრებით რეგიონებში სიტუაცია, ფაქტობრივად, უმართავია საბიუჯეტო სახსრების კონტროლისას. მათ შორის, დმანისის რაიონიც გამონაკლისი არ არის. „მედიატორი“ სწავლობს სხვადასხვა რაიონის თვითმმართველობების ხარჯვით ნაწილს და არა მარტო მას. იქ უამრავი ნეპოტიზმის ფაქტია. უკონტროლოა საბიუჯეტო სახსრების ხარჯვა, რადგან გამკარგავიც და მაკონტროლებლებიც ხშირ შემთხვევაში ერთი პოლიტიკური გუნდის წარმომადგენლები არიან, ასევე ერთმანეთის ოჯახის წევრები, ბიძაშვილ-მამიდაშვილები... შესაბამისად, ვიღებთ გაფლანგულ მილიონებსა და მოუგვარებელ პრობლემებს, როგორიც, მაგალითად, ეს კონკრეტული ქეისი, დმანისისა და ჭიათურის შემთხვევაა. და, სამწუხაროდ, რეგიონებში ასეთი ფაქტები ძალიან ბევრია. უკვე სამი წელია, ხელისუფლება ამ აშკარა დარღვევებზე რეაგირებას არ ახდენს. სწორედ ამიტომ სხვადასხვა თანამდებობის პირები თავს უფლებას აძლევენ, რომ „აკეთონ“ ეს თანხები, იყვნენ კონკრეტულ კორუფციულ გარიგებებში. კიდევ ვამბობ: ამ ხნის განმავლობაში მოუგვარებელია ის პრობლემები, რომლებიც რეალურად აწუხებს ადგილებზე ჩვენს მოსახლეობას. სამაგიეროდ, ქვეყნის ბიუჯეტიდან მილიონობით ლარი იფლანგება. ამის დამადასტურებელი უამრავი ფაქტი არსებობს. „მედიატორი“ პასუხისმგებელ სტრუქტურებს ადეკვატური რეაგირებისკენ მოუწოდებს. გოგი ბარბაქაძე, დმანისის გამგებელი: _ პრობლემა წინა ხელისუფლების დაუდევრობით არის გამოწვეული, რომელმაც ტენდერში საგარანტიო პირობები არ გაითვალისწინა და ახლა გამგეობას კომპანიაზე ზემოქმედების ბერკეტი აღარ დარჩა. ეს გზის მონაკვეთი არ არის საერთაშორისო სტანდარტის, რომელიც ცენტრალურ გზაზე კეთდება. ეს არის ხუთსანტიმეტრიანი გზა და უფრო მეტად ფუჭებადია. რასაკვირველია, უნდა შევაკეთოთ, მთლიანად გაკეთების საშუალება სად გვაქვს? ჩვენ ახლა გზა გავაკეთეთ სხვა მიმართულებით. იქიდან ეზიდებოდნენ საშენ მასალას და დიდი ალბათობით, მონაკვეთი დიდმა მანქანებმა გააფუჭეს. რაც შეეხება თემურ თეთრაძეს, ის ჩემი ოჯახის წევრი არ არის. ისე, აქ ყველა ერთმანეთის ნათესავები ვართ. თეთრაძე კი დედაჩემის მამიდაშვილია. ის ნათესაობის პრინციპით არ შეგვირჩევია, ყველას ვთხოვ ობიექტურობას. ეს ადამიანი ყოველთვის თანამდებობაზე მუშაობდა, ფოსტის ამ განყოფილების უფროსი იყო. ასე რომ, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პროფესიონალიზმია. მე ის ქუჩიდან არ მომიყვანია. გამგეობაში რომ შემობრძანდეთ, ყველას საერთო ნათესავები გვყავს. ვიღაცას ბებია ჰყავს ჩემი ნათესავი და ა. შ. ამიტომ ვიმეორებ, ის ჩემი ოჯახის წევრი არ არის, დედაჩემის მამიდაშვილია. თუნდაც ნათესავი იყოს, თავისი საქმის მცოდნე და პროფესიონალია. გზასთან დაკავშირებით, რომ გითხრათ მივდივარ და ყველაფერს პირადად ვაკონტროლებ-მეთქი, ასეთი რამ არ არის. არსებობს კომისია, რომელმაც დასკვნა დამიდო, რომ საქმე გაკეთდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს გზები გაფუჭდა. მეც გამოძიების დასკვნას ველოდები და მსგავსი პრობლემების ასაცილებლად მომავალში კონტრაქტორი კომპანიებისგან ორწლიანი გარანტიების მოთხოვნას ვაპირებ.   სულხან მახათაძე, ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებელი: _ უპირველესად, მინდა გითხრათ, რომ სამუშაოს მოცულობა იქნება, ხარჯთარიცხვები თუ სხვა, წინასწარ არის გაწერილი. შესაბამისად, გამგეობაში იქმნება მიღება-ჩაბარების კომისია, ინსპექტირების ჯგუფი, რომელიც სამუშაოების ამ მოცულობებს ამოწმებს და რასაკვირველია, ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად იბარებს. ეს ისეთი თემაა, რომ არ შეიძლება, დაუზუსტებელი ინფორმაცია გააჟღერო და, შესაბამისად, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანო. მეორე ის არის, რომ მთავრობის განკარგულებით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამებით, შესყიდვების კანონის შესაბამისად ჩვენ გვქონდა უფლება, რომ გამარტივებული, ერთ პირთან მოლაპარაკების გზით გაგვეფორმებინა ხელშეკრულება მთლიანად იმ თანხაზე, რაც სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის პროგრამით იყო გამოყოფილი. ეს, დაახლოებით, მილიონ 60 ათასი ლარი იყო 2015 წლის განმავლობაში. მაგრამ იმისთვის, რომ პირდაპირი გზით არ გაგვეფორმებინა ეს ხელშეკრულებები მეწარმეებთან, ავიღეთ ხარჯთაღრიცხვები და ერთნაირი სახეობის სამუშაოები დავაჯგუფეთ. ეს თვითონ მუნიციპალიტეტის ნება იყო, რომ ასე გაეკეთებინა. თუმცა კანონმდებლობით და მთავრობის განკარგულებითაც გვქონდა სრული უფლება, რომ ერთ პირთან მოლაპარაკების გზით სამუშაოებზე ხელშეკრულებები გაგვეფორებინა, მაგრამ იმისთვის, რომ გარკვეული ეკონომიები დარჩენილიყო, მსხვილი სამუშაოები დავაჯგუფეთ და, შესაბამისად, დავატენდერეთ ეს სამუშაოები. იქიდან გამოთავისუფლებული თანხები ისევ ადგილობრივ საჭიროებებზე მივმართეთ. არა მარტო „მიქსორთან“, სხვა კომპანიებთანაც არის გაფორმებული ხელშეკრულებები, რომლემაც იმუშავეს აღნიშნულ მიმართულებაზე. იქ რომ ვიღაცამ არ შეიტანა რაღაც რაოდენობა და კანონი დაირღვა, ეს სრული აბსურდია. ჩვენ დიდ ყურადღებას ვუთმობთ სამუშაოების შესრულების მოცულობას, ასევე მის ხარისხს. შესაბამისად, აღარ არის ის დრო, რომ ვიღაცამ რაღაც მანიპულაციებით ბიუჯეტით ისარგებლოს. ასევე სათანადო სამსახურები მუშაობენ. გინდ ანტიკორუფციული, გინდ უსაფრთხოების სამსახური მათ თვალყურს ადევნებს. ასე რომ, თუ ვინმეს ეჭვი გაუჩნდა, თავისთვის შეინახოს. თუ ვინმე დაინტერესდება, კონკრეტულ პასუხებს მიიღებს, მაგრამ არა ზეპირსიტყვიერად, არამედ ოფიციალური დოკუმენტებით. ამიტომ ეს ხმამაღალი განცხადებაა და სიცრუის გამავრცელებელმა პასუხი უნდა აგოს.  

                                                                                                         გიორგი მეფარიძე

   

გაზიარება