საქართველოს განვითარების ფონდის კახეთის რეგიონის ხელმძღვანელმა რამდენიმე დღის წინ ადგილობრივ ხელისუფლებას დაუანონსა, რომ მათი გუნდის წევრებს უკვე აქვთ ზოგადი სურათი, თუ რა ხდება ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში.
„ქრონიკა+“ გიორგი მეგრელიშვილს ესაუბრება:
_ სანამდე ინტერვიუს დავიწყებდეთ, მინდა, ჩემი პოზიცია დავაფიქსირო და ვთქვა: არანაირი სურვილი არ მაქვს არც მე და არც ჩვენი გუნდის წევრებს ვთქვათ, რომ რომელიმე სახელობით საჯარო მოხელეს ვერჩით. არა, პირიქით, ჩვენ გვინდა, ჩვენს ქვეყანაში ცხოვრება შეცვალოთ და, შესაბამისად, მოვალეობაც და ვალდებულებაც გვაქვს, ხელისუფლებას მივუთითოთ, სად ცდება და სად რა ფუჭდება. მთავარია, ხელისუფლების წარმომადგენლებს ამის მოსმენა სურდეთ.
_ კერძოდ კახეთში რა ხდება? თქვენი მონიტორინგი რა შედეგებს გიჩვენებთ?
_ სამწუხაროდ, კახეთის რეგიონში ბიუჯეტის ფლანგვის ფაქტებმა სისტემური ხასიათი მიიღო, რისი თქმის უფლებასაც მაძლევს ლაგოდეხსა და გურჯაანში დაფიქსირებული დარღვევები და გადაცდომები, ისინი ერთმანეთის მიმართ 90%-ით სრულიად იდენტურია.
_ კერძოდ?
_ 2013-2014 წლების საანაგარიშო პერიოდში ლაგოდეხის მუნიციპალიტეტს სახელმწიფო აუდიტის დასკვნის მიხედვით არამიზნობრივად განკარგული აქვს 3 მილიონ ლარზე მეტი, ხოლო გურჯაანისას _ 7 მილიონ ლარზე მეტი. ე. ი. საქართველოში მხოლოდ ორი რაიონის მუნიციპალიტეტს არამიზნობრივად და დაუსაბუთებლად განკარგული აქვს 10 მილიონი ლარი. ხომ წარმოგიდგენიათ, რა ხდება მთელ ქვეყანაში ამ მხრივ, რადგანაც ინფორმაცია გვაქვს, რომ დანარჩენ რაიონებშიც ანალოგიური ფაქტები ფიქსირდება.
_ ანუ აქ გასულ წლებზეა საუბარი?
_ არა მარტო გასულ წლებზე. აგიხსნით, რა სურათიც მივიღეთ დღევანდელი გადასახედიდან: სრული ქაოსია ინფრასტრუქტურული ტენდერების წარმართვაში, მაგალითად, როდესაც შესყიდვა გამარტივებულია ანაზღაურების ფაქტობრივი დანახარჯებით. ისეთი თანხებია ანაზღაურებული დაუსაბუთებელი ხარჯთაღრიცხვებით და კანონმდებლობით გათვალისწინებული დარღვევით, გაოცდებით: 1 856500 ლარი ლაგოდეხში, ხოლო 4 017000 ლარი გურჯაანში. ჯამში ორივე რაიონში 5 მილიონზე მეტი.
_ აქ რას გულისხმობთ, უფრო რომ დააკონკრეტოთ?
_ ე. წ. სოფლის დამხარების პროგრამებს, სადაც სოფელი ირჩევს, რა უნდათ, რისი შეცვლა სურთ, რისი გაკეთება სჭირდებათ, მუნიციპალიტეტი კი სოფლისთვის გამოყოფილ თანხას ვიღაცას ტენდერის გარეშე აძლევს, არათუ ამავე სოფლის მკვდრს, არამედ უცხოს, ჯამში კი სავალალო სურათს ვიღებთ. ამაზე უფრო მოგვიანებით დავკონკრეტდები. შტატგარეშე თანამშრომელთა შენახვა წარმოგიდგენიათ, რა უჯდება ბიუჯეტს?
_ რა უჯდება?
_ შრომის ანაზღაურების მხრივ შტატგარეშე ადამიანთა რაოდენობა 10-ჯერ და ხან 20-ჯერ აღემატება დადგენილ ნორმებს.
_ მაგალითად?
_ გურჯაანის მუნიციპალიტეტში შტატგარეშე თანამშრომელთა რიცხვი შტატიანი თანამშრომლების რიცხვს აჭარბებს. შექმნილია სიპები და აიპი ორგანიზაციები, სადაც ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე დასაქმებულია ასობით ადამიანი, რომელთა დასაქმებაც მხოლოდ ბიუჯეტს ფლანგავს, შედეგი კი ნულია. კანონმდებლობით შტატგარეშე ადამიანების სახელფასო ანაზღაურება არ ითვალისწინებს პრემირებას, მაგრამ გურჯაანის თანამშრომლები ნაკურთხ პრემიებს სრული კანონდარღვევით იღებენ. ეს მაშინ, როდესაც მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველთა შესახებ წესიც კი არ არის განსაზღვრული.
_ ე. ი. ადამიანები, რომლებიც ასეთ აიპი ორგანიზაციებში მუშაობენ, მხოლოდ ხელფასს უნდა იღებდნენ?
_ მარტო ეს არ არის მთავარი. საერთოდ, ახსნაც კი შეუძლებელია, მუნიციპალიტეტს გქონდეს კულტურის სამსახური და ამ სამსახურის გარდა კიდევ გქონდეს მასზე დაქვემდებარებული ორი განყოფილება და ამ ორი განყოფილებისა და სამსახურის პარალელურად გქონდეს კულტურის ააიპ-ი ორგანიზაცია. ყოვლად გაუგებარია, რა ხდება ამ მხრივ? მე კი არ ვაკნინებ იქ მომუშავე ადამიანების შრომას, კითხვას ვსვამ: რას აკეთებენ?! სად ვხედავთ შრომის შედეგს?! რისთვის გავცემთ პრემიებს?!
_ რაც შეეხება სოფლის დახმარების პროგრამებს?
_ ისევ ლაგოდეხის რაიონზე ვისაუბროთ: სოფელ კარსუბანსა და წიფლისწყაროში სასმელი წყლების რეზერვუარების დადგმასა და სისტემაში დაერთებაზე ბიუჯეტიდან სოლიდური თანხა დაიხარჯა, თუმცა სოფელს წყალი დღესაც არ მიეწოდება. აბა, ამაზე მეტი ცინიზმი რაღა გინდა?!
ასევე 2014 წელს სოფელ ზემო გურგენიანში უნდა მოწყობილიყო სარიტუალო ფარდული, რომელზედაც 14900 ლარი დაიხაჯა. აი, ასე გამოიყურება დღეს ფარდული _ სამარცხვინოდ, დაუსრულებელი კონსტრუქციით. ხალხი ვერ სარგებლობს. გურჯაანის რაიონში სოფელ შაშიანში რეგიონების განვითარების ფონდიდან გამოიყო 225000 ლარი სოფელში სპორტული დარბაზის მშენებლობისთვის. აღნიშნული თანხა სრულად დაიხარჯა. სარემონტო სამუშაოები ჩატარდა უხარისხოდ. შენობა არ დასრულდა. ხალხი აქაც ვერ სარგებლობს შენობით.
ცალკე კომიკურია ლაგოდეხის ცენტრში დადგმული ლოდი, რაშიც მუნიციპალიტეტმა 15100 ლარი გადაიხადა. სიმბოლურად ვიტყვი, რომ ეს ლოდი არის სწორედ იმის ნიშანი, როგორ აწევს მოსახლეობას გულზე ლოდივით ამ ხელისუფლების უუნარობა.
,,ქრონიკა+“ გურჯაანისა და ლაგოდეხის გამგებლებს დაუკავშირდა, მაგრამ მათ გიორგი მეგრელიშვილის ბრალდებებზე პასუხისმგებლობა არ აიღებს. მოკლედ განმარტეს, რომ მუნიციპალიტებებში მათი არჩევის შემდეგ, მსგავს ფაქტს ადგილი არ ქონია.
მაკა მოსიაშვილი