QronikaPlus
Hello, America!

Hello, America!

2016-03-22 12:01:31

როგორ გგონიათ, მისალმების შემდეგ რისი თქმა მოგინდებათ ამ ქვეყანაზე? ოკეანის ტალღები თავდაუზოგავად მიექანებიან მანჰეტენის ცათამბჯენებისკენ _ თვითმფრინავიდან ასეთია ნიუ-იორკის სახე, მერე კი იმდენ რამეს ნახავთ, დროა საჭირო, ყველაფერს სახელი რომ შეურჩიოთ და საოცრებების სანახავად ჭოგრიტი აღარ დაგჭირდებათ. ამერიკა შესაძლებლობების ქვეყანაა და ამიტომაც აწყდებიან მას ღარიბი ქვეყნებიდან. დარჩი უმუშევარი, ბიზნესიც ვერ ააწყვე, ოჯახს გაუჭირდა _ თუ მწვანე ბარათი გაქვს, დაუფიქრებლად მიდიხარ ოკეანის გაღმა, თუ ასე არ გაგიმართლა, ათწლიან ვიზაზე შეგაქვს აპლიკაცია. არის სხვა გზები და საშუალებებიც, ზოგისთვის ფულია საჭირო, ზოგისთვის კი მხოლოდ სურვილი და გამართლება. ყოველივე ეს არის პრელუდია ამერიკული ცხოვრების დასაწყებად. ამერიკა არ არის მენტალურად ფუყე ქვეყანა, ის მითებზე დგას და ამერიკელებიც ამ მითებით ცხოვრობენ. მითი მათთვის სულაც არ ნიშნავს წარმოსახვას, ან ტყუილს, ამერიკული მითები ამ ქვეყნის სიძლიერეს განაპირობებს. ნიუ-იორკის მთავარ აეროპორტსაც ტყუილუბრალოდ არ ჰქვია ჯონ ფიტცჯერალდ კენედის სახელი. კენედი ამერიკის ერთ-ერთი მთავარი მითია, ნამდვილი და ძლიერი. ამერიკელებს უყვართ თავიანთი ქვეყანა. მდიდარი ამერიკელები ნიუ-იორკის შემოგარენში ცხოვრობენ, მაგალითად, ნიუ-ჯერსის შტატის პატარა ქალაქებში, წყნარ, ლამაზ ადგილებში, როგორც ახალ, ისე ძველ, სვეტებიან სახლებში. მდიდარი ამერიკელი მდიდარი ქართველისგან განსხვავებით საკუთარ სახლს გალავანს არ უკეთებს, მოვლილი და ლამაზად გაკრეჭილი ბალახი სრულად აკმაყოფილებს სახლის ექსტერიერს. ამ სახლების უმეტესობაზე ამერიკის დროშებია გამოფენილი. ეს არ არის კომუფლაჟი _ ხალხი საკუთარი ქვეყნის მადლიერია, რამეთუ მათ აქვთ საკუთრება, ფული, ღირებულებათა სისტემა და მითები. ამერიკელი სელებრითები კი ლონგ აილენდზე ცხოვრობენ, მანჰეტენის აღმოსავლეთით, წაგრძელებულ კუნძულზე. მანჰეტენზე გასეირნება მათაც უყვართ, ზოგი ბროდვეის თეატრის სპექტაკლებშიც თამაშობს და წარმოდგენის შემდეგ თაყვანისმცემლებთან სურათების გადაღებასაც არ თაკილობს. ქართველებს დიდად არ უყვართ ბროდვეის სპექტაკლები და შოუები, ალბათ, იმიტომ, რომ ბილეთი ძვირი ღირს, ყველაზე ცუდი ადგილი 70 დოლარამდე ჯდება. ზუსტად არავინ იცის, რამდენი ქართველია ნიუ-იორკში, ის კი ყველამ იცის, რომ ქართველები, მეტწილად, ბრუკლინში სახლდებიან, იქ, სადაც ყოფილი საბჭოეთის ხალხები ცხოვრობენ. როგორ უნდა იშოვოს სამსახური ნიუ-იორკში ახლად ჩასულმა ქართველმა? თუ მას მეგობრებმა ვერ გაუმართეს ხელი, აგენტთან მიდის. საბჭოთა ხალხის დამსაქმებელი აგენტები რუსულად ლაპარაკობენ და მათთან ურთიერთობაც იოლია. ისევე როგორც ჩვენთან, ნიუ-იორკშიც ქალის სამსახური უფრო იშოვება, ვიდრე კაცის. რისი კეთება შეგიძლია? რად მუშაობდი საქართველოში? გასაუბრება ასე იწყება და აგენტიც უმალ ხვდება, რა სამსახური შეგეფერება. ქალისთვის სახლების დალაგება, კაცისთვის _ ღია სამშენებლო სამუშაოები, _ თუ ხელობა არ იცი, ასე იწყება ემიგრანტული ცხოვრება ნიუ-იორკში, დღეში 8-10 საათს გამუშავებენ და 80-100 დოლარს გიხდიან. ბრუკლინში ბინის ქირა გაძვირდაო, ჩივიან ქართველები. ოთახი თვეში 600-700 დოლარია, ამას ემატება მგზავრობის ფული _ მეტროც და ავტობუსიც, ერთი გზა სამ დოლარამდე ღირს. ყველაფრის დათვლა და დაზოგვაა საჭირო, რომ თავი გაიტანო და ოჯახშიც ორი კაპიკი გააგზავნო. შეხვდებით ისეთ ქართველებს, მუშაობაზე დიდად რომ არ იწევენ, ზოგიც კრიმინალური ცხოვრებით ცდილობს ფულის შოვნას. ჰეროინი, მარიახუანა და სხვა ნარკოტიკები ადვილად  ხელმისაწვდომია _ ასე ამბობენ ბრუკლინელი ქართველები. მუყაითი ჩვენებურები ყველანაირად ცდილობენ, ქუჩის და წამლის მოყვარულ თანამემამულეებთან არ იმეგობრონ და ახალჩასულებსაც იგივეს ურჩევენ. საბჭოთა ხალხი _ ასე ეძახიან ერთმანეთს ყოფილი საბჭოეთიდან წამოსული ემიგრანტები. ბრუკლინში სლავების გარდა ძალიან ბევრი შუააზიელიცაა. საბჭოთა ხალხს ერთმანეთთან ურთიერთობა უხარია, რუსიც თუ ყირგიზიც თავისიანად გთვლის და ეს სულაც არ გიკვირს _ როგორც ჩანს, იმპერიის ერთ-ერთი თვისებაა, ხალხებს შორის გრავიტაცია იმპერიის დაშლის მერეც რომ არსებობს, მე კი მგონია, რომ აქ მთავარი ენის ფაქტორია _ რუსულს ხომ პერიფერიებიდან ჩამოსულებიც ამტვრევენ. ბრაიტონ ავენიუ, ბრაიტონ ბიჩ _ ბრუკლინში და მთლიანად ნიუ-იორკში ეს ადგილებია რუსთა ცენტრი. რუსული მაღაზიები, რუსული საქონელი, საბჭოთა ხალხი, ქართული თონე, „ბორჯომი“, „ნაბეღლავი“ და კიდევ ბევრი რამ, რაც გენატრებათ და რასაც იოლად იშოვით _ ეს ყველაფერი ბრაიტონზეა. იქვე ვნახე დიდი რუსული სუპერმარკეტიც, სადაც სხვადასხვა დელიკატესის გარდა ზუთხის ხიზილალაც იყიდებოდა, გაცილებით იაფად, ვიდრე ამერიკელთა მაღაზიებში. ხიზილალა უმალ შევიძინე (თბილისში ხომ შავ ხიზილალას ვეღარ იშოვით) და გამყიდველმა ჩეკი რომ ამოარტყა, ხიზილალის მაგივრად თევზი დაიწერა. ძნელი მისახვედრი აღარ იყო, რომ კონტრაბანდული ხიზილალა ვიყიდე, რომელიც დარეგისტრირებული ჰქონდათ, როგორც თევზი. ბრაიტონის შესაძლებლობები ხიზილალით როდი იფარგლება. ამბობენ, რომ იქ ამერიკულ დიპლომებსაც ამზადებენ იმ საბჭოთა ხალხისთვის, ეს ყალბი დოკუმენტი მერე სამშობლოში რომ ჩააქვთ და თავს იწონებენ, ამერიკაში მისწავლია და კარგი სამსახურიც ამიტომ გვეკუთვნის სახელმწიფო სტრუქტურებშიო. ბრაიტონში დამზადებული ამერიკული დიპლომი საკმაოდ ძვირი ღირს _ ასეთია საბჭოთა ხალხის განმარტება. და რამდენი ასეთი დიპლომია საქართველოში? თუ ბრაიტონელებს დავუჯერებთ, საკმაოდ ბევრი. სამსახურისა და ფულის შოვნა _ საბჭოთა ხალხს ამ საქმეში ძლიერი კონკურენტი ჰყავს _ მექსიკელი ემიგრანტები. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ამერიკის ამ მეზობელ ქვეყანაში ხალხი ძალიან ხელმოკლედ ცხოვრობს. _ ჩვენთან დიდი კორუფციაა, უბრალო ადამიანის ჯამაგირი დღეში 3-4 დოლარია, _ ჩივიან მექსიკელები. ამერიკას ისინი სჭირდება, მექსიკელი ქართველზე უფრო იაფად იმუშავებს, არაფერს ითაკილებს, უფრო თავგანწირულია, ვიდრე ჩვენებური თუ ტაჯიკი _ ასე სჯერათ ნიუ-იორკელ ქართველებს. მოკლედ, ახალი ცხოვრების დაწყება ნიუ-იორკშიც ძნელია და თუ საწყისი ეტაპი გადალახულია, მერე იწყება ლეგალიზაციაზე ფიქრი. ამერიკაში კანონიერად მუშაობის უფლება რომ მიიღო, საჭიროა შOჩIAL შEჩUღIთY. საამისოდ რამდენიმე გზა არსებობს: ხარ პოლიტიკურად დევნილი, ხარ სექსუალური უმცირესობა, გემუქრებიან შენს სამშობლოში _ საემიგრაციო სამსახური ასეთ აპლიკაციებს გულდასმით იძიებს და თუ იტყუები, ვინძლო გაქნილმა ადვოკატმაც ვერ გიშველოს. ამიტომაც ნიუ-იორკელ ქართველობას ნაღდი გზა ურჩევნია _ ფიქტიური ქორწინება ამერიკის მოქალაქესთან, რითაც მიიღებ მწვანე ბარათს და თუ ამის შემდეგ ამერიკაში, მინიმუმ, ორი წელი და ცხრა თვე იცხოვრებ, შეგიძლია ამ ქვეყნის მოქალაქე გახდე. ფიქტიურ ქორწინებას კი თავისი ფასი აქვს: თუ ადრე, დაახლოებით, 20 ათასი დოლარი ღირდა, დღეს უკვე 25-30 ათას დოლარზე ნაკლებად ხელს არავინ არ მოგიწერს საქორწინო დოკუმენტზე. ამას ემატება ადვოკატის ხარჯი, მწვანე ბარათის აპლიკაციის ოფიციალური ფასი კი 1700 დოლარია. ერთი სიტყვით, ლეგალიზაცია უთუსბირი ღირს, სამაგიეროდ, თუ ლეგალურად მუშაობის უფლება გაქვს, უკეთეს სამსახურსაც იშოვი. ფაქტობრივად კი ქართველები, მეტწილად, ერთმანეთზე ქორწინდებიან და ქართულ ოჯახებს ქმნიან. ბრუკლინში ორი ქართული ეკლესიაა. პირველ სართულზე ნაქირავები ფართი საამისოდ სავსებით საკმარისია. უქმეებზე ეკლესიაში ასზე მეტი ქართველი იკრიბება და ქართულ კერას აძლიერებს. ასეთი ეკლესია არის ნიუ- ჯერსის შტატშიც, პატარა ქალაქ მენვილში. ქართული ეკლესია ემიგრანტების შემოწირულობებით არსებობს. მღვდლები შაბათ-კვირას მსახურობენ, სხვა დღეებში კი ისევე მუშაობენ, როგორც დანარჩენი ემიგრანტები. ამერიკაში ქართული ეკლესიების უმეტესობა საქართველოს საპატრიარქოს დაქვემდებარებაშია, ვაშინგტონშიც კი, თურმე, ისეთი ეკლესიაც ყოფილა, რომელიც თავისი წინამძღვრით დამოუკიდებლად უძღვება ღვთისმსახურებას. სანახავი კი ნიუ-იორკში ბევრია. შოუს მეტროშიც წააწყდებით, როცა რამდენიმე შავკანიანი თინეიჯერი მუსიკას ჩართავს, ვაგონის ბოძებზე დაეკიდება, ჩიკორივით დაბზრიალდება და ისეთი მოძრაობებით მოგჭრით თვალს, დოლარიანი არ დაგენანებათ. ნიუ-იორკი ემიგრანტების მსოფლიო ცენტრია. ჩინელებს მანჰეტენზე თავიანთი უბანი აქვთ და იაფფასიანი საქონლით ვაჭრობენ; ბანგლადეშიდან და პაკისტანიდან ჩამოსულები ტაქსის მძღოლებად მუშაობენ; რელიგიურ ებრაელებს კულულებითა და ორიგინალური ქუდებით იცნობთ, ევროპელ ტურისტებს _  ხელგაშლილობით, ქართველებს კი ფარული სევდით _ ნიუ-იორკში ცოტა როდია ისეთი ადგილი, სადაც ჩვენი ემიგრანტები ერთმანეთს პოულობენ და თბებიან მოგონებათა კოცონთან მიფიცხებულები...  

                                                                                            დავით თავართქილაძე

                                                                                                    ნიუ-იორკიდან

გაზიარება