„სამართლისა და ბიზნესის საკონსულტაციო კომპანია“ ქონების მართვის სააგენტოს საქართველოში გაჩერებული საწარმოების შესახებ მონაცემების დამალვაში ადანაშაულებს. როგორც კომპანიის გენერალური დირექტორი გიორგი რურუა „ქრონიკა+“-თან აღნიშნავს, ამის მიზეზი საწარმოების კონსერვაცია და გარკვეული ბიზნესმენებისთვის მონოპოლიების შექმნაა.
გიორგი რურუა:
_ „სამართლისა და ბიზნესის საკონსულტაციო კომპანიამ“ განცხადებით მივმართეთ ქონების მართვის სააგენტოს და სტატისტიკურ მონაცემებს ვითხოვდით საქართველოში გაჩერებული საწარმოების შესახებ. უბრალოდ სტატისტიკას, რომელიც საჯარო ინფორმაციას წარმოადგენს, მაგრამ არ გაგვაცნეს. ზოგადი ანალიზის საფუძველზე რომ ვიმსჯელოთ, ეს ინფორმაცია იმიტომ არის ხელმიუწვდომელი, რომ ხდება საწარმოების კონსერვაცია და გარკვეული ბიზნესმენებისთვის იქმნება მონოპოლიები. ეს აისახება იმპორტში, რადგან საქართველოში წარმოების განვითარებას ყურადღება საერთოდ არ ექცევა. ცალკე თემაა, რაც ხდება იმპორტში: მთელმა საზოგადოებამ იცის, თუ როგორ უქმნიან ბარიერებს იმ იმპორტიორებს, რომლებსაც საქართველოში ბრენდის შემოტანა უნდათ.
_ კონკრეტულად ვისაუბროთ...
_ როგორც ვიცით, თბილისის ქონების განკარგვის პროცედურული მხარე მთლიანად სსიპ ქონების მართვის სააგენტოზეა დელეგირებული. სააგენტო ასევე უზრუნველყოფს ყველა იმ ოფიციალური დოკუმენტაციის, შეთანხმებებისა და ხელშეკრულებების დასადებად აქტების გამოცემას, რომელიც აუცილებელია უძრავი ქონების გასხვისების დროს. ამ უკანასკნელის გარდა კიდევ აქვთ ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია. კერძოდ, უძრავი ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისა, რომელიც ნიველირებულია უძრავი ქონების გასხვისებასთან, ან თბილისის მთავრობის წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული საწარმოების მართვასთან. აქ მთავრდება სახელმწიფო ქონების გადარჩენის პოლიტიკა. ქონება თუ შეიძლება გასხვისების გარეშე გაიმართოს, რატომ არ უნდა იყოს დაინტერესებული ქონების მართვის სააგენტო, რომ ამა თუ იმ კომპანიას, ან კერძო სუბიექტს გადასცეს დროებით სარგებლობაში ნებისმიერი სახის ქონება?! ამის გარდა, შეიძლება ნებისმიერი ინვესტორი დააინტერესოს გარკვეული ბიზნესგეგმით. თავდაპირველად, „სამართლისა და ბიზნესის საკონსულტაციო კომპანიამ“ თანამშრომლობის წინადადებით მივმართეთ იმისთვის, რომ უცხოელი ინვესტორების დაინტერესება მომხდარიყო და დავხმარებოდით უსასყიდლოდ სახელმწიფოს საინვესტიციო პლატფორმის ჩამოყალიბება-შექმნაში, რისი სურვილი ამ ეტაპზეც გვაქვს. წინადადების არსი შემდეგი გახლდათ: „წარმოების მცირე ბაზის“ თეორიიდან გამომდინარე, ნებისმიერ ბიზნესმენს უმარტივდება ნებისმიერი პროდუქტის შექმნა და ბაზარზე გატანა, ხოლო წარმატებული ბიზნესმენი ორჯერ მეტად ინტერესდება საწარმოს განვითარებით. წარმოდგენილი თეორიის მიხედვით, არ არის გამორიცხული, საქმეში ჩაერთონ ბანკები როგორც სასესხო ხაზით, ისე საინვესტიციო კაპიტალითაც, რაც შეთანხმებული იქნებოდა შპს-სა და სააგენტოს შორის. პირობები ჩამოყალიბებული იქნებოდა სააგენტოს მხრიდან, რის საფუძველზეც მოხდებოდა შეთანხმება ინვესტორებთან, ან სხვა პარტნიორებთან. პასუხი გახლდათ ისეთივე არაადეკვატური, როგორც წინა შემთხვევაში. აქვე შევახსენებ ქონების მართვის სააგენტოს, რომ ევროპაში ნარჩენებსაც კი ამუშავებენ და ნაგავსაყრელზე არ უშვებენ უაზროდ. მეტიც, სახელმწიფოს რეგულაცია აქვს შემუშავებული 7 სახეობის ნარჩენის გადამუშავებაში. ეს არის ქვეყნის ეროვნული პოლიტიკა და არა ხელის ერთი მოსმით საქმის კეთება. კომპანია სახელმწიფოსგან რომ არაფერს ითხოვს და პირიქით, დახმარებას სთავაზობს, ამის ნათელი დასტურია კონკურენციის სააგენტოსთან აქტიური თანამშრომლობა. ჩვენ მზად ვართ, ამ და სხვა საკითხებზე ვითანამშრომლოთ ნებისმიერ სახელმწიფო ორგანოსთან, თუმცა ნაყოფიერი თანამშრომლობა გვაქვს მხოლოდ კონკურენციის ეროვნულ სააგენტოსთან, რადგანაც თვით სააგენტოს სტრუქტურა დაინტერესებულია საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმის კეთებით.
_ გაჩერებული საწარმოების შესახებ საუბრობთ. შეგიძლიათ დაასახელოთ ასეთი საწარმოების კონკრეტული მაგალითი?
_ მაგალითისთვის მოვიყვანთ ერთ-ერთ საწარმოს, რომელიც წლებია, გაჩერებულია. ერთი მხრივ, საწარმო ნადგურდება, მიდის საინვენტარიზაციო ცვეთის პროცესი, ხოლო, მეორე მხრივ, იწამლება იმ საწარმოსთან გარშემომყოფი მოსახლეობა და ნიადაგი. ლენტეხის რაიონის ცანის დარიშხანის სამთო-ქიმიური კომბინატი 1938 წელს ამუშავდა, წარმოების პროდუქციის ძირითადი სახეობა იყო რაფინირებული დარიშხანის ანჰიდრიდი და მეტალური დარიშხანი. მადნის მოპოვება ხდებოდა სოფელ კორულდაშის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული საბადოებიდან, ასევე რაჭის საბადოებიდან და რუსეთიდან ჩამოტანილი მადნიდანაც. მოპოვებული და ნაწილობრივ გამდიდრებული მადნის გადამუშავება მიმდინარეობდა სოფელ ცანაში არსებულ ქარხანაში, სადაც თეთრ დარიშხანთან ერთად 80-იან წლებში მცირე რაოდენობით ასევე იწარმოებოდა მეტალური დარიშხანი. გამომწვარი მადნის ნარჩენების რაოდენობა შეადგენს, დაახლოებით, 30 ათას ტონას, სადაც დარიშხანის ანჰიდრიდის შემცველობა არ აღემატება 1%-ს. ნარჩენები არ გამოიყენებოდა, დაცულია კუდსაცავში კორულდაშის ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე. წარმოებამ მადნის ამოღება და გადამუშავება 1991 წლიდან შეწყვიტა. უნდა აღინიშნოს, რომ ქარხნის წარმოება მიეკუთვნებოდა გაერთიანება სამთო ქიმიას და ძირითად პროდუქციას დარიშხანის სამვალენტიანი ოქსიდი, Aს2O3, ე. წ. თეთრი დარიშხანი წარმოადგენდა. აღნიშნული პროდუქცია საბჭოთა კავშირის არსებობის პერიოდში გამოიყენებოდა, როგორც სამხედრო, ასევე სამოქალაქო მიზნებით _ ტყავის მრეწველობა, ქიმიური მრეწველობა, ელექტრონიკა და ა. შ. ქარხანაში არსებული ტექნოლოგიური ციკლი ძალიან პრიმიტიული იყო და მადნის თერმულ დამუშავებას ითვალისწინებდა.
ახლა ცანის ქარხანა მთლიანად დანგრეული და დაშლილია, ასევე მთლიანად დანგრეულია საამქროები, ადმინისტრაციული კორპუსი და სასაწყობო მეურნეობები. ტერიტორიის გარშემო აღარ არსებობს ღობე, მიწიდან ამოთხრილია და ამოღებულია დარიშხანის გამოსაწვავი ღუმლები და კონტეინერები. მოსახლეობამ ჯართისა თუ სხვა ნივთების ძებნის პროცესში უკიდურესად მომწამლავი დარიშხანი და მისი მადანი მთელ ტერიტორიაზე მიმოაბნია. ასევე მიმოფანტულია გახსნილი კონტეინერები მადნითა და კაფსულები თეთრი დარიშხანით. ადგილობრივი მოსახლეობის მონაცემებით, ქარხნის ზემოთ ხეობაში ასევე განთავსებულია დარიშხანის მადნის, დაახლოებით, 800-დან 1000-მდე ღია კონტეინერი. ქარხანა წლების განმავლობაში ამუშავებდა დარიშხანს, ხოლო პროდუქციას, ძირითადად, შეადგენდა უაღრესად ტოქსიური პროდუქტი, Aს2O3, ე.წ თეთრი დარიშხანი. ეს ნივთიერება წყალში ცუდად ხსნადია და წლების განმავლობაში პერმანენტულად შეუძლია უარყოფითი ზეგავლენის მოხდენა. ქარხნის და მიმდებარე ტერიტორია უკიდურესად დაბინძურებულია დარიშხანითა და მისი წარმოების ნარჩენებით.
სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ამბროლაურის რაიონის სოფელ ურავის და ლენტეხის რაიონის სოფელ ცანის დარიშხანის საბადოს გადამუშავების შედეგად მიღებული და ამჟამად მიტოვებული ნარჩენები. ამჟამად ამ ტერიტორიებზე მიტოვებულია 100 000 ტონამდე სამთო ქიმიური გადამუშავების ნარჩენები, რომლითაც დაბინძურებულია გარემო და, შესაბამისად, სერიოზული საფრთხე ექმნება ადამიანთა ჯანმრთელობას, რის გამოც ადგილობრივი მოსახლეობა შეშფოთებულია. ამ საკითხზე სამინისტროში შემუშავებულია ამ ნარჩენების უტილიზაცია-გაუვნებელყოფის პროგრამის პროექტი, მაგრამ, სამწუხაროდ, დაუფინანსებლობის გამო, ის ვერ ხორციელდება. აუცილებელია გამოინახოს სათანადო სახსრები სამუშაოების შესასრულებლად, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსალოდნელია მდგომარეობის გართულება.
ასეთი ტიპის საწარმოები, არც თუ ისე ცოტაა და მდგომარეობა მეტად საგანგაშოა. ამის ფონზე ქვეყნის ეკონომიკა ეცემა, ხოლო მოსახლეობა ღარიბდება, საწარმოები კი ნადგურდება. მიუხედავად ამისა, ქონების მართვის სააგენტოს პოლიტიკაა ქონების გასხვისება, თუნდაც რომ გასხვისებამდე ქონება საერთოდ განადგურდეს და დაინტერესებულ პირებს ქონების გადარჩენის შანსი არ მისცენ.
,,ქრონიკა+“ მერიის პრესსამსახურს უკავშირდებოდა, თუმცა მათ ჩვენს სატელეფონო ზარს და შეტყობინებას არ პასუხეს. რედაქციამ ასევე მიმართა ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს და გარემოს ეროვნულ სააგენტოს, მაგრამ ამ დრომდე პასუხი არ მიგვიღია.
თამარ ბატიაშვილი