თითქოს დიდი დრო არ გასულა მას შემდეგ, რაც სამეგრელოში პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი, ირაკლი ღარიბაშვილის კადრი, ლევან შონია, ზუგდიდის ცენტრში გამოწკეპილი იდგა და ფოტოზე აღბეჭდვის ხათრით, დიდთოვლობის გამო, თავისუფლების მოედანზევე გაჩხერილ ავტომანქანებს აწვებოდა, აქაოდა, დროს უქმად არ ვკარგავ, თანამოქალაქეებს ვეხმარებიო...
ახლა თვითონ სამეგრელოს გუბერნატორი „ბუქსაობს“ და, კაცმა რომ თქვას, არც მიმწოლი ჩანს, რის გამოც, შესაძლოა, გუბერნატორის თანამდებობა, სულ მალე, ვაკანტური გახდეს. არა, ლევან შონის, აბა, როგორ დაუკარგავენ იმ მონდომებას, რაც ზუგდიდის ცენტრსა და კულტურის სახლში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის კადრების საჯარო ჩვენების ორგანიზების დროს გამოიჩინა _ სადმე, თბილისში, ან რუსთავში მოაყუჩებენ, როგორც სჩვევიათ.
მაგრამ იმის შესახებ, რომ გუბერნატორი სულ მალე დატოვებს კაბინეტს, რომლის რემონტი და თავის გემოვნებაზე მორგება, ეს-ესაა, დაასრულა, ზუგდიდში დღეს აქტიურად საუბრობენ.
ლევან შონიას განთავისუფლებაზე ხმები ჯერ კიდევ იმ დროიდან ისმოდა, რაც ირაკლი ღარიბაშვილი გადააყ... უკაცრავად, გადადგა, მაგრამ ახლა, ეტყობა, ამ ხმებს უფრო ნოყიერი საფუძვლები აქვს, რადგან „რუსთავი 2“-ზე გასულ სიუჟეტს თავად მისი უდიდებულესობა ლევან შონია სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა, „რუსთავი 2“-ს სულ „ანგაჟირებული“ უძახა და ბოლოს დააყოლა, არც სადმე მივდივარ და თხილის ბიზნესში ჩემს ჩართვასაც სულ ტყუილად მაბრალებთო. არც „ის ცხრა წელი“ დავიწყნია, _ ეგ მანამდე იყო, თხილის ფასს რომ ზუგდიდში პრეზიდენტის ძმის ქარხანა განსაზღვრავდა, თორემ იმის მერე, რაც ჩვენ მოვედით, თხილის ფასმა მოიმატა და 14 ლარი გახდაო...
არა, ადრეც ხომ ვამბობდით, ეს „ოცნების“ ხელისუფლება ისეთია, მალე ბუნებრივ მოვლენებსაც საკუთარ თავზე მოირგებსო და სამეგრელოს გუბერნატორმა სწორედ ეს გააკეთა: დავიწყოთ იქიდან, რომ თხილის ფასს მსოფლიო ბაზარი არეგულირებს და რადგან ჩვენი ქვეყნიდან თხილი, ძირითადად, თურქეთში გადის, ფასიც იმაზეა დამოკიდებული, როგორი იქნება თხილის მოსავალი ამ ქვეყანაში.
არ ვიცი, კიდევ რა დამსახურება აქვს „ქართულ ოცნებას“, შემთხვევითობის გარდა, რომელმაც თურქეთში 2012 წლის ზაფხულში დიდი გვალვა და თხილის ნარგავების გაფუჭება განაპირობა, შესაბამისად, იქაური თხილის მონაგარმა იმაზე სამჯერ ნაკლები შეადგინა, ვიდრე სხვა წლებში.
მოგეხსენებათ, ასეთ ზარალს ანაზღაურება სჭირდებოდა და თურქეთში გასატან ქართულ თხილზე მოთხოვნილება, შესაბამისად, ფასებიც გაიზარდა. რაც ყველაზე მთავარია, ასეთი დაცემის შემდეგ აღმასვლას გარკვეული დრო სჭირდება _ თხილის ფასის მატება და ქართულ თხილზე მოთხოვნილება მომავალ წლებშიც თვალში საცემი იყო.
კი ბატონო, გლეხებმა ამ მომატებული ფასის გამო კარგად იხეირეს, განსაკუთრებით ზუგდიდის რაიონის დაბალი ზონის სოფლებში, სადაც მიწას მადლიანი ენგური ანოყიერებს. ამ ზონაში, რასაკვირველია, გალის რაიონის დიდი ნაწილიც ექცევა.
თუმცა იხეირეს არა მარტო გლეხებმა, არამედ თხილის ბიზნესით დაკავებულებმაც. საქმე ის გახლავთ, რომ თხილის ზოგი მსხვილი შემსყიდველი თხილის მომავალ მოსავალს გლეხებისგან ჯერ კიდევ ადრეულ გაზაფხულზე, ბუჩქის ყვავილობის დროს, წინასწარ ყიდულობს და ცხადია, მიზერულ თანხას იხდის. ხშირად ეს ორ ლარსაც არ სცილდება. ფორმდება ზეპირი ხელშეკრულება და როცა მოსავალი აღებულია, კონტრაქტორი მოდის, რათა თხილი წაიღოს.
როგორც ავი ენები ამბობენ, სწორედ ამ სახის ბიზნესის წილშია სამეგრელოს გუბერნატორი და მისი წინასწარი შესყიდვები, ძირითადად, გალის რაიონის ტერიტორიას უკავშირდება.
თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ლევან შონია და დათო შენგელია ძალიან ახლოს არიან ერთმანეთთან, არ იქნება გასაკვირი, რატომაა გავრცელებული ხმები იმის შესახებ, რომ თხილის ბიზნესს სამეგრელოში ლევან შონია კურირებს.
დათო შენგელიას შესახებ თითქოს ყველამ ყველაფერი იცის, მაგრამ არ იცის, რომ, თავის დროზე, ის გალის „მხედრიონის“ შეფი იყო, მერე კი პარტიზანული შენაერთის, „ტყის ძმების“ მეთაური გახდა. მაშინ შენგელია აფხაზური მხარის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან ჯართისა და სხვადასხვა ფერადი ლითონის გადმოტანით იყო დაკავებული.
ვერ დავუკარგავთ, პარტიზანობდა კიდეც _ მისი ლიკვიდაციის, ან ტყვედ აყვანისთვის აფხაზურმა მხარემ პრემიაც კი დააწესა, მაგრამ იგივე დე ფაქტო ხელისუფლება რას იფიქრებდა, რომ გავიდოდა 10 წელი და დათო შენგელია მათი პარტნიორი გახდებოდა: წინა ნომრებში ვწერდით, როგორ გადაადგილდებოდა თავისუფლად გალში შენგელია და როგორ იყო მომხრე, მოსაკრებლის სახით თანხა მათ გადაეხადათ, ვინც აფხაზეთიდან თხილის გატანას აპირებდა.
ერთ-ერთი ვერსიით, დათო შენგელია სწორედ ლევან შონიასთან ტანდემში მოქმედებდა და სამეგრელოს გუბერნატორი, შესაძლოა, სწორედ ამ ამბავს შეეწიროს.
თანაც გუბრენატორს კი აქვს მკვეთრი ტონი, მაგრამ ფაქტია, მხოლოდ იმ ერთი წლის მაღალი ფასით კეკლუცობს, რაც თხილს, მისგან სრულიად დამოუკიდებლად ჰქონდა. თებერვალში კი ზუგდიდსა და ოკუპირებულ აფხაზეთში თხილის ფასი კატასტროფულად შემცირდა. ასეთი დაბალი ფასი, ბოლო წლებია, არც ზუგდიდში ახსოვთ და არც გალში: თებერვლის ბოლოს ფასი 4 ლარამდეც კი ჩამოვიდა, მაშინ როცა შარშან, ანალოგიურ პერიოდში, 7-8 ლარი ღირდა. რაც შეეხება გალის რაიონს, იქ 1 კგ. თხილი ზუგდიდის ფასზე 40-60 თეთრით დაბალია. რაც მთავარია, ზუგდიდში ამბობენ, რომ დათო შენგელიამ მიაღწია საწადელს _ გალის რაიონიდან ზუგდიდში თხილი, ფაქტობრივად, აღარ შემოდის, რადგან საკონტროლო-გამშვებ პუნქტებზე 5 კგ.-ზე დაწესებული გადასახადი, ე. წ. ბაჟი, 1,20 ლარს უდრის...
არიან თუ არა ჩართული თხილის ბიზნესში ერთობლივად „ტყის ძმების“ ყოფილი მეთაური და, ცალი ფეხით უკვე ყოფილი გუბერნატორი, ეს, ალბათ, საბოლოოდ, მხოლოდ მას შემდეგ გაირკვევა, რაც ლევან შონია თანამდებობას დატოვებს. ცოტა ხნის წინათ სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციიდანაც გაუშვეს ხელმძღვანელი პირები _ სწორედ აქედან წამოსული კადრია ლევან შონიაც და, როგორც ამბობენ, ირაკლი ღარიბაშვილის კადრები სამეგრელოს პოლიციასაც მოაშორეს. ერთ-ერთი ვერსიით, არაა გამორიცხული, განთავისუფლებულ პოლიციელ მაღალჩინოსნებს, გუბერნატორთან ერთად, „თხილის სკანდალი“ ამოუტივტივონ, თუმცა არც იმას გამორიცხავენ, რაზედაც ზემოთ ვწერდით: თბილისში ან რუსთავში გადაიყვანონ და რომელიმე კომპანიაში „მოაყუჩონ“, როგორც ერთ დროს მრისხანე გენერალი _ ელგუჯა ჯამბურია _ „რუსთავცემენტში“, უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელად...
ლაშა ბერულავა