QronikaPlus
მაიდანი და უჩინარი გმირები

მაიდანი და უჩინარი გმირები

2016-03-20 09:05:58

კიბორგი იგი ოდნავ ენას უკიდებს და ნელ-ნელა, სვენებ-სვენებით ლაპარაკობს. შესაძლოა, ეს ბრძოლის დროს მიღებული კონტუზიის შედეგია, მაგრამ ამის მიზეზი შეიძლება ისიც იყოს, რომ რუსული მისთვის მშობლიური ენა არ არის და საუბრისას გონებაში უნებურად უკრაინული სიტყვების რუსულ შესატყვისს ეძებს. ანატოლი სვირიდი უკრაინის სადესანტო ჯარების 81-ე აერომობილურ ბრიგადაში უფროს სერჟანტად მსახურობს. დონბასში მიმდინარე სამხედრო დაპირისპირების დროს იგი დონეცკის აეროპორტში იბრძოდა. მისი მეტსახელია „სპარტელი“. თუმცა სვირიდი, ისევე როგორც დონეცკის აეროპორტის სხვა დამცველები, კიდევ ერთ საერთო მეტსახელს ატარებს – „კიბორგი“. უკრაინელ მებრძოლებს რუსებმა „კიბორგები“ იმის გამო შეარქვეს, რომ ვერაფრით შეძლეს აეროპორტის დამცველთა წინააღმდეგობის დაძლევა. ფრაგმენტი რუსი სამხედროების რადიო საუბრიდან: „ჩვენი არტილერია მათ მუდმივად ბომბავს, ყოველდღე რამდენიმე შტურმს ვაწყობთ. როდესაც გვგონია, რომ ცოცხალი აღარავინ დარჩა და შენობის დაკავებას ვაპირებთ, ისინი სარდაფებიდან ამოდიან და ყველაფერი თავიდან იწყება. ეს ოხრები, კიბორგები არიან, თუ რა ჯანდაბაა, ვეღარ ვიგებთ“. უკრაინელი მებრძოლები დონეცკის აეროპორტს 242 დღის განმავლობაში იცავდნენ. წარმოიდგინეთ ნანგრევებად ქცეული აეროპორტის ტერმინალი, სადაც მხოლოდ გაყინული ბეტონია. ყველა მხრიდან გამჭოლი ქარი უბერავს; საკვებისა და სასმელი წყლის უკმარისობა; მუდმივი უძილობა; უწყვეტი საარტილერიო დაბომბვა; ტყვიების წივილი და ბეტონის ზედაპირზე მათი ასხლეტის ხმა; სნაიპერები, რომლებიც თქვენს გაუფრთხილებელ მოძრაობაზე მყისიერად რეაგირებენ; გადაადგილება ხშირ შემთხვევაში ხოხვით; სისხლით შეღებილი ბეტონის იატაკი და აფეთქებისგან დაფლეთილი თანამებრძოლის სხეულის ფრაგმენტები; დაჭრილთა კვნესა; შეტევაზე გადმოსული მოწინააღმდეგე, რომლის მზერასაც 50-100 მეტრში ეჩეხები... მაგრამ ყოველივე ამის წარმოდგენის შემდეგ დონეცკის აეროპორტში არსებული ვითარების სრულ სურათს მაინც ვერ მიიღებთ. როგორ მიმდინარეობდა ტერმინალის დაცვა და როგორი იყო „კიბორგების“ ყოველდღიური რეჟიმი? ამის თაობაზე დაწვრილებით ანატოლი სვირიდი გვიყვება. ის აეროპორტის მცველთა უკანასკნელ რაზმში იყო და მთლიანად დანგრეული ტერმინალი 2015 წლის 21 იანვარს უკანასკნელმა დატოვა. ამის შემდეგ აეროპორტი რუსებმა დაიკავეს. მასთან ერთად დონეცკის აეროპორტზე კიდევ ერთი „კიბორგი“ ივან ტრუმბოვეცკი, მეტსახელად „იუნგა“ საუბრობს. იგი  ტერმინალში 2014 წლის ნოემბერში მოხვდა. სვირიდისგან განსხვავებით, ტრუმბოვეცკი აეროპორტიდან დეკემბრის დასაწყისში, როტაციის შედეგად გამოვიდა მაშინ, როდესაც ობიექტს ჯერ კიდევ უკრაინელი ჯარისკაცები აკონტროლებდნენ. ორივე ამ მებრძოლის ისტორია კი მაიდნის ცნობილი მოვლენებიდან იწყება.   მაიდანი 2013 წლის ნოემბრის ბოლოს უკრაინაში მასობრივი საპროტესტო აქცია დაიწყო. მაიდანზე გამოსული მოქალაქეები ქვეყნის პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ, რომლის მიხედვითაც უკრაინა უარს ამბობდა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე. ხალხსა და ხელისუფლებას შორის ორთვიანი დაპირისპირება მაიდანზე სისხლისღვრით დასრულდა. მთავრობამ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენა. თუმცა იანუკოვიჩის ხელისუფლებას ამან ვერ უშველა და 21 თებერვალს იგი უკრაინიდან რუსეთში გაიქცა. ანატოლი სვირიდი: „მე პროფესიონალი სამხედრო არ გახლავართ. საბჭოთა კავშირის დროს ჩვეულებრივი სამხედრო სავალდებულო სამსახური გავიარე. ვირიცხებოდი შინაგანი ჯარების სპეციალური დანიშნულების ასეულში. სხვა სამხედრო ნაწილებისგან განსხვავებით, ჩვენ სპეციფიკურ მომზადებას გავდიოდით, რომელიც მასობრივი არეულობების დროს დემონსტრანტების წინააღმდეგ ფარებითა და ხელკეტებით მოქმედებას ითვალისწინებდა. ორწლიანი სავალდებულო ვადის გასვლის შემდეგ სამხედრო კარიერა აღარ გამიგრძელებია და სამსახური დაცვის კერძო სტრუქტურაში დავიწყე. როდესაც მაიდანზე საპროტესტო გამოსვლები დაიწყო, ჩემთვის აბსოლუტურად ნათელი იყო, თუ როგორი მეთოდით მოქმედებდა მილიცია. თუმცა არ ველოდი, რომ ხელისუფლება ხალხს ასეთი სისასტიკით გაუსწორდებოდა. სპეცდანიშნულების რაზმი „ბერკუტი“ არბევდა და უმოწყალოდ სცემდა სტუდენტებს, მშვიდობიან დემონსტრანტებს, უბრალო მოქალაქეებს, მხოლოდ იმის გამო, რომ ისინი ევროინტეგრაციის პროცესის გაგრძელებას ითხოვდნენ. უდიდესი პროტესტის გრძნობა გამიჩნდა და გადავწყვიტე, მაიდანზე შეკრებილებს დავხმარებოდი. აქციის მონაწილეებს სპეციალურ ინსტრუქტაჟს ვუტარებდი. ვასწავლიდი თუ როგორ ემოქმედათ „ბერკუტის“ ფარებისა და ხელკეტების წინააღმდეგ. უნდა ვაღიარო, რომ დემონსტრანტები ენთუზიაზმით ნებისმიერ ჯარისკაცს სჯობდნენ. ყველაფერს ერთი სიტყვით გებულობდნენ.   ივან ტრუმბოვეცკი: „როდესაც მაიდანზე ვიდექი, ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ მოვლენები ასეთი საშინელი სცენარით განვითარდებოდა. რასაკვირველია, ვიცოდი, რომ რუსეთი იმპერიული მენტალიტეტის ქვეყანაა და იმპერიის აღდგენაზე ოცნებობს, მაგრამ არ ველოდი, რომ უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიას დაიწყებდა. მოსკოვს ყოველთვის აღიზიანებდა ჩვენი დამოუკიდებელი ნაბიჯები. „ნარინჯისფერი რევოლუციის“ დროსაც ასე იყო და უფრო ადრეც. გასაგები იყო, რომ, ადრე თუ გვიან, რუსეთთან ღია კონფლიქტი დაიწყებოდა, უბრალოდ, არ მეგონა, თუ ვითარება მაიდნის შემდეგ ასე სწრაფად გამწვავდებოდა, მაგრამ 2014 წელს რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა და შემდეგ დონბასის რეგიონს გადასწვდა“.   მობილიზაცია 2014 წლის თებერვალში, მაიდნის მოვლენების შემდეგ, რუსეთმა უკრაინასთან ურთიერთობის მიზანმიმართული გამწვავება დაიწყო. 27 თებერვალს ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე რუსი ჯარისკაცები გამოჩნდნენ, რომლებმაც ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭო დაიკავეს და ყირიმის მთავრობა გადააყენს. 16 მარტს ნახევარკუნძულზე რუსების მიერ ორგანიზებული უკანონო რეფერენდუმი გაიმართა, სადაც ყირიმის რუსულმა მოსახლეობამ რუსეთის ფედერაციასთან გაერთიანებას დაუჭირა მხარი. 18 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ყირიმის რუსეთის ფედერაციაში მიღების გადაწყვეტილება მიიღო. მოსკოვმა ნახევარკუნძლის ანექსია განახორციელა. ანატოლი სვირიდი: „რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ, პირველი რაც გავაკეთე ის იყო, რომ სამხედრო კომისარიატს დავუკავშირდი. უკრაინას ტერიტორია წაართვეს და ჩავთვალე, რომ ოკუპანტთან ბრძოლა ჩემი პირდაპირი მოვალეობა იყო. ვერც კი წარმოვიდგენდი, თუ რა მძიმე მდგომარეობაში იყო ჩვენი არმია მართვისა და საორგანიზაციო საკითხების კუთხით. ყველაფერი მოშლილი იყო. სამხედრო კომისარიატში დავრეკე და აღმოჩნდა, რომ კომისარმა საერთოდ არ იცის, რა გააკეთოს. ძალიან უსიამოვნო მომენტია. ვიქტორ იანუკოვიჩის პრეზიდენტობის პერიოდში უკრაინის თავდაცვის სისტემას ძირი გამოუთხარეს. რუსეთს უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი რომ დაეწყო, ეს ჩვენი ქვეყნის სრული ოკუპაციით დასრულდებოდა. 2014 წლის მარტში ეროვნული გვარდიის ფორმირება გადაწყდა, რომლის ძირითად ბირთვს მაიდნის აქტივისტები შეადგენდნენ. რა თქმა უნდა, მოხალისეთა პირველივე ტალღაში ჩავეწერე. ჩამოყალიბდა ეროვნული გვარდიის პირველი სარეზერვო ბატალიონი და შესაბამისი მომზადების შემდეგ იგი ანტიტერორისტიულ ოპერაციაში (ატო) ჩაერთო. ბატალიონი ჯერ პავლოგრადთან იბრძოდა, შემდეგ კი სლავიანსკის ოპერაციაში მონაწილეობდა”. ივან ტრუმბოვეცკი: „ტელევიზიაში ვმუშაობდი და ძალიან მძიმე გრაფიკი გვქონდა. რუსეთი საშინელ საინფორმაციო ზეწოლას ახორციელებდა უკრაინაზე. შეიძლება ითქვას, რომ მაშინ საინფორმაციო ომი პირწმინდათ წავაგეთ. ყირიმის ანექსიის შემდეგ ტელევიზიაში ვეღარ გავჩერდი და სამხედრო კომისარიატს მივაკითხე. 2014 წლის მარტში ეროვნულ გვარდიაში ჩავეწერე. დარწმუნებული ვიყავი, ყირიმში გამგზავნიდნენ. მაშინ არ მეგონა, რომ რუსეთი დონბასშიც შემოიჭრებოდა. ომში წასვლა ჩემთვის ბუნებრივი იყო. მიმაჩნია, რომ ეს ჩვეულებრივი ნაბიჯია, რომელიც მამაკაცმა უნდა გადადგას, როდესაც სამშობლოს საფრთხე ემუქრება. ასე გამზარდა დედამ, რომელიც სამხედრო მოსამსახურის შვილია. მამაჩემიც სამხედრო იყო და ბიძაჩემიც. ამიტომ ამაში განსაკუთრებული არაფერია. ეს მამაკაცის  ჩვეულებრივი მოვალეობაა“.   საბრძოლო ზონა ყირიმის პარალელურად მოსკოვმა ვითარების გამწვავება დაიწყო დონბასის რეგიონში, სადაც მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი პრორუსულად იყო განწყობილი. 2014 წლის აპრილში კიევისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა ჯერ დონეცკის, შემდეგ კი ლუგანსკის ოლქმა. მოსკოვის მხარდაჭერით, დონბასში გასამხედროებული თავდაცვის რაზმები შეიქმნა. სეპარატიზმის აღსაკვეთად კიევმა ანტიტერორისტული ოპერაცია _ ატო წამოიწყო და რეგიონში შეიარაღებული ძალები შეიყვანა. კონფლიქტი მწვავე სამხედრო დაპირისპირების ფაზაში გადაიზარდა. ანატოლი სვირიდი: „ატოს ზონაში 2014 წლის ნოემბრის დასაწყისში მოვხვდი. ქალაქ დონეცკის გარეუბანთან ვიდექით. სოფლები: ტონინკი, ვოდიანოე, პესკი, ავდეევკა, ზენიტი. სპეციფიკურ სამუშაოს ვასრულებდი. დღისით მოწინააღმდეგეს ვზვერავდით და საარტილერიო დანადგარებისთვის შესაფერის პოზიციებს ვეძებდით, ღამით კი, როდესაც მტრის უპილოტო საფრენ საშუალებებს ჩვენი აღმოჩენა არ შეეძლოთ, იქ უკვე საარტილერიო ტექნიკა შეგვყავდა. ვნაღმავდით სახიფათო ტერიტორიას, ვარჩევდით სნაიპერებისთვის მოსახერხებელ ადგილებს. მოკლედ, ისეთ სამუშაოს ვასრულებდი, რომლის შესახებაც ბევრმა არ იცის და რომლის გარეშე ბრძოლის წარმოება შეუძლებელია. ნოემბრის ბოლოს დასახლებულ პუნქტ ზენიტთან ვიყავი, როდესაც ნაღმტყორცნებიდან დაგვბომბეს. აფეთქების შედეგად მძიმე კონტუზია მივიღე და მსუბუქად დავიჭერი. ჩემ გვერდით მყოფი მებრძოლი კი ნაღმმა ნაფლეთებად აქცია _ ხელ-ფერი და თავი მოაცალა. მეგობრებმა გამომიყვანეს ავდეევკაში, სადაც შემდეგ ოპერაცია გამიკეთეს“. ივან ტრუმბოვეცკი: „დონბასში 2014 წლის მაისში აღმოვჩნდი. თავდაპირველად, ჩვენი ბატალიონი წინა ხაზზე მყოფი მეომრების მხარდაჭერას ახორციელებდა. ვაცილებდით სამხედრო კოლონას, მებრძოლებს ტყვიაწამლითა და სურსათით ვამარაგებდით, გამოგვყავდა დაჭრილები. პერიოდულად ლოკალურ საბრძოლო ოპერაციებზეც გავდიოდით. ომის სიმძიმეს ყველა ვერ უძლებდა. ბატალიონი ბევრმა დატოვა და ნაწილში მხოლოდ ისინი დარჩნენ, ვინც მართლა მებრძოლი იყო. ოქტომბერში ბატალიონი უკვე შეკრული იყო და ჩვენ სოფელ პესკებში გადაგვისროლეს, რომელიც დონეცკის აეროპორტს ესაზღვრება. აქ დაახლოებით ორი თვე ვიდექით. ამ ხნის განმავლობაში ორჯერ შევედით აეროპორტში და ის ნაწილები შევცვალეთ, რომლებიც ტერმინალს დიდი ხნის განმავლობაში იცავდნენ“.   აეროპორტი. დასაწყისი დონეცკის საერთაშორისო აეროპორტი სტრატეგიულ სამხედრო პლაცდარმს წარმოადგენდა. აეროპორტის ტერიტორიიდან უკრაინულ არმიას ქალაქ დონეცკზე სწრაფი შეტევის განხორციელება შეეძლო და ამიტომ მისი დაკავება სეპარატისტებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. აეროპორტზე კონტროლის დამყარება პრორუსულმა ფორმირებებმა ჯერ კიდევ მაისში სცადეს, მაგრამ უკრაინელებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს. ამის შემდეგ აეროპორტისთვის ბრძოლამ პერმანენტული ხასიათი მიიღო. ივან ტრუმბოვეცკი: „დონეცკის აეროპორტში პირველად ოქტომბრის დასაწყისში მოვხვდი. ახალ ტერმინალს ვიცავდით. იმ პერიოდში ბრძოლების ინტენსიობა ჯერ კიდევ არ იყო მაღალი. რა თქმა უნდა, მუდმივად გვიტევდნენ, მაგრამ არაფერი განსაკუთრებული. პირველი სერიოზული შტურმი რუსებმა პუტინის დაბადების დღეს მოაწყვეს. როგორც ჩანს, თავისი პრეზიდენტისთვის საჩუქრის გაკეთება უნდოდათ, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ. ტერმინალში დაახლოებით ორი კვირა გავჩერდით და შემდეგ სხვა ნაწილმა ჩაგვანაცვლა. ჩვენ დასასვენებლად ისევ დაბა პესკებში გადაგვიყვანეს. დონეცკის აეროპორტის ახალ ტერმინალში მეორედ უკვე ნოემბრის მიწურულს შევედით. ამჯერად მდგომარეობა შეუდარებლად მძიმე იყო. საკმაოდ ციოდა და დანგრეულ ტერმინალში ადგილიც არ იყო, სადაც შეიძლებოდა გავმთბარიყავით. დღეში მოწინააღმდეგის რამდენიმე შტურმს ვიგერიებდით. ასეთი არანორმალური რეჟიმი თითქმის მთელი კვირა გაგრძელდა. ყველაზე რთული პერიოდი 28 ნოემბრიდან პირველ დეკემბრამდე იყო, როდესაც სამი დღის განმავლობაში რუსების გადაბმულ შეტევებს ვიგერიებდით. 5-6 საათის მანძილზე უწყვეტი ბრძოლა მიმდინარეობდა. ზოგჯერ იარაღის გადატენასაც ვერ ვასწრებდი. როდესაც მოწინააღმდეგე იერიშს იწყებდა, კარგად ჩანდა, თუ ვინ გვიტევდა. მოხალისეების შტურმი იოლი მოსაგერიებელი იყო. ყველაფერზე ეტყობოდათ, რომ გამოუცდელები იყვნენ: გადაადგილება, სროლის მანერა, გაუაზრებელი ტაქტიკა. მაქსიმალურად ახლოს ვუშვებდით და შემდეგ იოლად ვანადგურებდით. მაგრამ როცა მტრის ჯარისკაცი შენგან უეცრად 20 მეტრის მოშორებით ამოისვეტება, ეს უკვე იმის მანიშნებელია, რომ იგი პროფესიონალი სამხედროა და არა გუშინდელი ტრაქტორისტი“.   უჩინარი გმირები აეროპორტის აღებას რუსეთი ნებისმიერ ფასად ცდილობდა. ბრძოლაში ჩაერთნენ რუსეთის რეგულარული არმიის ნაწილები. სპეცდაჯგუფებების გარდა, შტურმში მონაწილეობდნენ აფხაზ და ოს სეპარატისტთა რაზმები, ჩეჩნეთის პრეზიდენტის, რამზან კადიროვის ერთგული შენაერთები. რუსული ნაწილების მიერ პრაქტიკულად ბლოკირებულ აეროპორტში უკრაინელები თავგამეტებით იბრძოდნენ. მოწინააღმდეგის შეტევას 24-საათიან რეჟიმში იგერიებდა მოხალისეთა ბატალიონები: „მარჯვენა სექტორი“, „ოუნი“, „დნეპრი“, 95-ე და 79-ე აერომობილური ბრიგადები. მათ მხარდაჭერას ახორციელებდა უკრაინის შეიარაღებული ძალების სადესანტო ნაწილები, 93-ე სატანკო ბრიგადა და არტილერისტთა სპეცდაჯგუფება.   ივან ტრუმბოვეცკი: „რა თქმა უნდა, აეროპორტის დაცვა ძნელი იყო, მაგრამ, ჩემი აზრით, ყველაზე მეტი საფრთხე არა ტერმინალის პოზიციებზე მყოფ მებრძოლებს, არამედ იმ ადამიანებს ემუქრებოდათ, რომლებიც აეროპორტს ამარაგებდნენ. უბრალო მძღოლებზე და  გამცილებლებზე ვსაუბრობ. მათ მოჰქონდათ სურსათი, წყალი, საბრძოლო მასალები, გადაჰყავდათ დაჭრილები. მათი დახმარებით ხორციელდებოდა როტაცია. ისინი ყოველდღე სიკვდილის გზას გადიოდნენ. ახალი ტერმინალის შენობა ღია ადგილზე იდგა, ამიტომ აეროპორტის მიმართულებით ნებისმიერი მოძრაობა, მოწინააღმდეგის მხრიდან მჭიდრო საარტილერიო ცეცხლს იწვევდა. მძღოლები, რომლებიც სატვირთო ავტომობილს, ან ქვეითთა ჯავშანმანქანას მართავდნენ, ამ საფრთხეს ბოლომდე აცნობიერებდნენ, მაგრამ დავალებას მაინც პირნათლად ასრულებდნენ. გმირები იყვნენ ჩვენი არტილერისტები. მათი პროფესიონალიზმის წყალობით იყო, რომ  აეროპორტის დაცვა ამდენ ხანს გრძელდებოდა. ისინი იუველირის სიზუსტით მუშაობდნენ და მოწინააღმდეგეს ორგანიზებული შეტევის საშუალებას უსპობდნენ“.   დიდი აფეთქება იანვრის შუა რიცხვებში აეროპორტისთვის ბრძოლამ პიკს მიაღწია. მოწინააღმდეგე უდიდესი დანაკარგის მიუხედავად შეტევითი ოპერაციის შეწყვეტას არ აპირებდა. სეპარატისტებმა და რუსულმა ფორმირებებმა რამდენჯერმე მოახერხეს ახალი ტერმინალის მეორე სართულის დაკავება, მაგრამ უკრაინელებმა მტერს იქ გამაგრების საშუალება არ მისცეს. 17 იანვარს ბრძოლაში ჩაერთო რუსეთის არმიის ფსკოვის სადესანტო ბატალიონი, მაგრამ უშედეგოდ. ბატალიონი, თითქმის, პირწმინდად განადგურდა. მარტო დაღუპულების სახით ფსკოვმა 130 მებრძოლი დაკარგა. მეორე დღეს იგივე განმეორდა _ 26 ჯარისკაცი დაკარგა რუსეთის შეიარაღებული ძალების 104-ე სადესანტო პოლკმა. გარდა ამისა, დიდი დანაკარგი განიცადა ჩეჩნურმა ფორმირებამ, რომელმაც ბრძოლის ველზე 21 მებრძოლი დატოვა. ანატოლი სვირიდი: „19 იანვარს აეროპორტის ტერიტორიაზე ძლიერი ნისლი ჩამოწვა. ვერაფერს ვხედავდით და საარტილერიო ცეცხლის კორექტირება  შეუძლებელი გახდა. მტერმა ამით ისარგებლა და ჩვენ წინააღმდეგ ტანკი გამოიყვანა. რუსებმა ჯავშანტექნიკა ძველ ტერმინალთან დააყენეს და პირდაპირი მნიშვნელობით ჩვენი დახვრეტა დაიწყეს. ტანკი ახლო მანძილიდან დამიზნებით გვესროდა. ძველი ტერმინალიდან გასროლილი სატანკო ჭურვი ახალ ტერმინალამდე ორ-სამ წამში აღწევდა. სროლებს შორის ინტერვალი მხოლოდ 2 წუთს შეადგენდა. თავდაცვის ერთადერთ საშუალებას მხოლოდ ყუთებისგან  სახელდახელოდ მოწყობილი ბარიკადები წარმოადგენდა. რადგან ტერმინალს პირდაპირი შტურმით ვერ იღებდნენ, რუსებმა შენობის საყრდენი ბოძების აფეთქება და აეროპორტის ჩამოქცევა გადაწყვიტეს. პირველი ძლიერი აფეთქება 19 იანვარს მოხდა, მაგრამ შენობა მხოლოდ ნაწილობრივ დაზიანდა. აფეთქებამდე აეროპორტის ნანგრევებში მომწამვლელი აირი გაუშვეს. პირველად ვიფიქრე, რომ ეს ქლორკიპრინია (იგივე ტრიქლორნიტრომეთანი _ ძლიერი მომწამვლელი და ცრემლდენი ნივთიერება, რომელიც ლორწოვან გარსს აღიზიანებს და ადამიანის ცენტრალურ ნერვულ სისტემას აზიანებს. თავის დროზე ეს მომწამვლელი აირი 1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა ჯარისკაცებმა თბილისში, რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მშვიდობიანი აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ გამოიყენეს), მაგრამ ეს რაღაც სხვა აირი იყო, რომელიც ქლორკიპრინისგან განსხვავებით სასუნთქი გზების ძლიერ სპაზმს იწვევდა. საკმარისი იყო აირი ჩაგეყლაპა და ვეღარ ამოისუნთქავდი. გული გვერეოდა და ერთი სული გვქონდა, ნანგრევებიდან სუფთა ჰაერზე გავსულიყავით. რუსებს სწორედ ამაზე ჰქონდათ გათვლა. რასაკვირველია, გარეთ არავინ გავიდა. გავუძელით. სწორედ ამის შემდეგ დაიწყეს საყრდენი ბოძების აფეთქება. ბოლოს კი საშინელი შტურმი მოაწყვეს, რომელიც 24 საათი გაგრძელდა. ტალღებით მოდიოდნენ. მოწინააღმდეგემ მეორე სართული აიღო. ჩვენ პირველი სართული და სარდაფები გვეკავა. თითქმის ალყაში ვიყავით. ზურგის გარდა, ყველა მხრიდან  გარშემორტყმულები აღმოვჩნდით. 19 იანვარს კიდევ ერთხელ დავიჭერი. მეორე სართულიდან ფ-1 ტიპის ხელყუმბარა ჩამოაგდეს, რომელიც ჩემს სიახლოვეს აფეთქდა. ნამსხვრევებისგან 20-ზე მეტი ჭრილობა მივიღე. მიუხედავად ასეთი მძიმე მდგომარეობისა, ყველა მათი შეტევა მოვიგერიეთ და ტერმინალი დავიბრუნეთ. მეორე დღეს სადილამდე თითქმის არ შევუწუხებივართ. ძალიან დიდი მსხვერპლი იყო მათ რიგებში. რაღაც უცნაური სიჩუმე იდგა: არავინ გვესროდა და არც არტილერია მუშაობდა. როგორც შემდეგ გაირკვა, ეს სიჩუმე იმით იყო გამოწვეული, რომ მოწინააღმდეგე ტერმინალის დიდი აფეთქებისთვის ემზადებოდა. 20 იანვრის საღამოს საშინელი აფეთქება მოხდა. შენობა მთლიანად დაინგრა და მის ადგილას მხოლოდ დიდი ღრმული დარჩა. სარდაფიდან, სადაც ჩვენ თავს ვაფარებდით, პირდაპირ ცა ჩანდა. ვინც შედარებით მსუბუქად ვიყავით დაჭრილი, თანამებრძოლების ნანგრევებიდან გამოყვანას შევუდექით. გვამები და მძიმედ დაჭრილები ერთმანეთში არეულები იყვნენ. წამლები და პირველადი დახმარების ყუთები ნანგრევებში დაიმარხა, ამიტომ მძიმედ დაჭრილებს, პრაქტიკულად, ვერ ვეხმარებოდით.   ტერმინალის დასასრული ანატოლი სვირიდი: „21 იანვრის ღამეს მებრძოლთა ნაწილმა ტერმინალის დატოვება მოახერხა. დილით ჩვენს შტაბს რაციით დავუკავშირდი და ევაკუაცია ვითხოვე, მაგრამ დანგრეული ტერმინალიდან ჩვენი გამოყვანა ვერ მოხერხდა. მომდევნო ღამის განმავლობაში მძიმედ დაჭრილი მებრძოლების ნახევარზე მეტი გარდაიცვალა. ჩვენ გამოუვალ მდგომარეობაში აღმოვჩნდით. შენობა დანგრეული იყო, იარაღი თითქმის აღარ გვქონდა, მებრძოლთა უმეტესობას კი სამედიცინო დახმარება სჭირდებოდა. გარდა ამისა, ნანგრევებში უკვე თავისუფლად დასეირნობდნენ რუსები. დილით გადავწყვიტე, ტერმინალიდან გამოვსულიყავი და მძიმედ დაჭრილების გასაყვანად მოწინააღმდეგისთვის უსაფრთხო დერეფანი მეთხოვა. როდესაც გარეთ გავედი, ველური ყიჟინით შემხვდნენ. სხვადასხვა ეროვნების ხალხი იყო: აფხაზები, ჩეჩნები, ოსები, რუსები. ოსებმა დაშინება დამიწყეს, _ ახლა დანით აგკუწავთო. ფიქრობდნენ, რომ დანით შემაშინებდნენ (იღიმის). მაგრამ სიმართლე უნდა ითქვას, რომ მათი მეთაური, რომელიც უშუალოდ აწარმოებდა საბრძოლო მოქმედებებს ადგილზე, მეტსახელად „სერბი“, ღირსეულად მოიქცა. ქვედანაყოფის უფროსთან ძველ ტერმინალში წამიყვანეს. მე მათ წარვუდექი და ვუთხარი, რომ მძიმედ დაჭრილი მებრძოლების გაშვების სანაცვლოდ ტყვედ ჩავბარდებოდი. მან მიპასუხა, რომ დაჭრილებს დაეხმარებოდნენ, მაგრამ დერეფანს არ მოგვცემდნენ. მოკლედ, ტყვედ აგვიყვანეს. სხვა ალტერნატივა არც ჩანდა. დაჭრილების საშველად ექიმი მართლა გაუშვეს და მებრძოლებს პირველადი სამედიცინო დახმარებაც აღმოუჩინეს. ოთხი მძიმედ დაჭრილი გადაარჩინეს და სხვებსაც უმკურნალეს. სულ 16 ადამიანი იყო. შემდეგ, მძიმედ დაჭრილები დონეცკის საავადმყოფოში გადაიყვანეს. დანარჩენები კი სადღაც სარდაფში ჩაიყვანეს და მათ იქ რამდენიმე საათი სცემდნენ. იგორ პრონევიცკი, რომელიც ჩვენს რაზმში მეტყვიამფრქვევე იყო, სიკვდილამდე მიიყვანეს და შემდეგ უკვე მათმა მეთაურმა „მოტოროლამ“ დახვრიტა. აფეთქების დროს ახალ ტერმინალში 50-ზე ცოტა მეტი მებრძოლი იყო. ახლა რაღაც ჭორები დადის, რომ იქ ასზე მეტი უკრაინელი მებრძოლი იყო, მაგრამ ეს სიმართლეს არ შეესაბამება. დაახლოებით 15 მეომარმა ტერმინალი ღამით დატოვა, 16 ტყვედ აიყვანეს. 20-მდე მებრძოლი კი აფეთქების დროს ნანგრევებში დაიღუპა. ეს არის დონეცკის აეროპორტის დამცველთა ნამდვილი სტატისტიკა. დონეცკში დაახლოებით ერთი თვე გავატარე. 2015 წლის 21 თებერვალს ტყვეების გაცვლა მოხდა და მძიმედ დაჭრილი „კიბორგების“ უმრავლესობა სწორედ მაშინ გაგვათავისუფლეს, თუმცა ერთი ჩვენი მებრძოლი დღესაც დონეცკში ჰყავთ დაპატიმრებული. უკვე  წელიწადზე მეტია, იქ არის და არ ათავისუფლებენ“.   ბრალდება ანატოლი სვირიდი: „თავდაცვის სამინისტროში აცხადებდნენ, რომ მებრძოლების გადასარჩენად და ტერმინალის დებლოკირებისთვის სუპერ სპეცოპერაციას ამზადებდნენ, მაგრამ სიმართლე რომ ვთქვა, მსგავსი არაფერი ხდებოდა. ტერმინალიდან ისე ჩანდა, რომ ჩვენ, უბრალოდ, მიგვატოვეს. დამეთანხმებით, როდესაც მებრძოლი ხედავს, რომ მძიმედ დაჭრილები უპატრონოდ მიაგდეს, მის საბრძოლო სულისკვეთებაზე და მორალურ მდგომარეობაზე ეს ძალიან უარყოფითად მოქმედებს. არსებობს ასეთი გამოთქმა: „ცალკეული ჯარისკაცის გმირობა კონკრეტული მეთაურის სისუსტის შედეგია“. დიახ, ჩვენ დავამტკიცეთ, რომ უკრაინაში არსებობენ სულით ძლიერი, ღირსეული, მამაცი მეომრები. უმრავლესობას ესმოდა, რომ აეროპორტიდან შესაძლოა ცოცხალი ვერც დაბრუნებულიყო. რაღაც გაგებით კამიკაძეები ვიყავით. ამიტომ დანაშაულია, როდესაც ასეთი თავდადებული მებრძოლების გადასარჩენად შესაძლებლის მაქსიმუმს არ აკეთებ. თუ ადამიანს ასეთ ჯოჯოხეთში აგზავნი, მაშინ მისი იქიდან ევაკუაციის დეტალური გეგმაც უნდა გქონდეს შემუშავებული“.   ბოლოთქმა ანატოლი სვირიდი: „აეროპორტი უკრაინელთა უდრეკი სულის სიმბოლო გახდა. დასანანია, რომ საქმე ბოლომდე ვერ მივიყვანეთ. ჩემი აზრით, შენობა უნდა დაგვენაღმა, უკან დაგვეხია და შემდეგ ყველაფერი აგვეფეთქებინა. აი, მაშინ ექნებოდა ამ ისტორიას ღირსეული დაბოლოება, მაგრამ გამოვიდა ისე, როგორც გამოვიდა. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ბოლომდე ვიდექით. აეროპორტის ეპოპეის შემდეგ ვიღაცამ თქვა: „კობორგებმა გაძლეს, მაგრამ ვერ გაძლო ბეტონმა“... და ეს, ალბათ, სრული სიმართლეა“. ივან ტრუმბოვეცკი: „არიან ადამიანები, რომლებისთვისაც სულ ერთია, რომელ სახელმწიფოში იცხოვრებენ. მთავარია, თავად იყვნენ კარგად. 2014 წლის მაისში, როდესაც დონბასში არეულობა ახალი დაწყებული იყო, ე. წ. მოხალისეებს ვაკავებდით. ძირითადად, ვიღაც ლოთები და კრიმინალები იყვნენ. ვეკითხებოდით, თუ რატომ უჭერდნენ მხარს სეპარატისტებს? იცით, უმრავლესობა რას გვეუბნებოდა? _ საბანკო დავალიანება მაქვს და მათი გადახდა არ მინდა, ამიტომ ჩავეწერე მოხალისეებში, ისინი შემპირდნენ, რომ ყველა ვალს ჩამოწერენო. რა უნდა ელაპარაკო ადამიანს, რომელმაც სამშობლო კრედიტებში გაცვალა?“ ანატოლი სვირიდი: „ომი რომ დღეს დასრულდეს, უკრაინის მოსახლეობის 80 პროცენტი ამას ვერც კი შეამჩნევს, იმიტომ რომ მათთვის ეს ომი არ არსებობს. ეს ძალიან ცუდია, თუმცა, მეორე მხრივ, ამ ომმა, რაღაც თვალსაზრისით, ჩვენი საზოგადოების ცნობიერებაც შეცვლა დადებითი კუთხით. ისინიც კი, რომლებიც ფრონტზე არ წასულან,  აცნობიერებენ, რომ რუსეთი მტერია. ჩვენ უნდა დავემშვიდობოთ ამ ე. წ. დიდ ძმას, როგორც ისინი საკუთარ თავს უწოდებენ და ნამდვილად დამოუკიდებელ ქვეყანაში ცხოვრება დავიწყოთ.  

                                                                                                         მიხეილ ბასილაძე

გაზიარება