უცნაური მკვლელობა და თვითმკვლელობა _ ვახტანგ ქირიასა და ბიძინა კუჭავას საქმე, ჯერჯერობით, სწორედ ამ კონტექსტით წარიმართება.
ვინ მოკლა ვახტანგ ქირია? ვახტანგ თალაკვაძე გვეუბნება, რომ ბიძინა კუჭავამ, თან „ბარგალკით“ დახერხვას და კვალის ასეთ დაფარვას აპირებდაო. მოიკლა თუ არა თავი ბიძინა კუჭავამ? სად არის სპეცოპერაციის ამსახველი კადრები? ვინ გასცემს პასუხს კითხვებზე, რომლებსაც ბიძინა კუჭავას საქმის ადვოკატები სვამენ?
მოწმის დაკითხვის სამი ოქმი, რომელიც „ქრონიკა+“-მა მოიპოვა, კითხვებს პასუხს ნამდვილად ვერ სცემს.
ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ბიძინა კუჭავას თვითმკვლელობის საქმის მთავარი მოწმე, დავით პოპოვი, რეალურად, დავით დარბაიძეა და მან გვარი საქართველოში დაბრუნების შემდეგ გადაიკეთა. ამავე წყაროს ცნობით, ასევე არასწორია ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ დავით დარბაიძე იგივე, დავით პოპოვი, ნასამართლები არ არის, _ მან რუსეთში გრძელვადიანი, 15-წლიანი სასჯელი საკმაოდ მძიმე დანაშაულისთვის მოიხადა და საქართველოში დაბრუნების შემდეგ გვარიც იმიტომ გადაიკეთა. რას გვიმალავს გამოძიება და რას წერს დავით დარბაიძე (დავით პოპოვი) საკუთარ ჩვენებაში?
სკანდალური ჩვენება ბიძინა კუჭავას სისხლის სამართლის საქმიდან:
მოწმის დაკითხვის ოქმი
დავით რევაზის ძე პოპოვი
დაბადების ადგილი თბილისი, 1974 წლის 24 მაისი
პირადი ნომერი 01901114929
უმუშევარი, ნასამართლობის არმქონე(!!!)
მე გახლდით დავით დარბაიძე, რაც არის ჩემი მამის გვარი და რაც მომენიჭა დაბადებისთანავე. დარბაიძის გვარით ვსწავლობდი სკოლაშიც და ვცხოვრობდი 2013 წლამდე, 2013 წელს შევიცვალე გვარი, გავხდი გვარად პოპოვი და ამ გვარით ავიღე საქართველოს მოქალაქის ახალი პირადობის მოწმობა და პასპორტი. გარდა ამისა, ასევე მაქვს რუსეთში დარბაიძის გვარზე აღებული რუსეთის მოქალაქის პასპორტი, მყავს ცოლი, ნინო მერაბის ასული მულაძე. მე და ჩემს მეუღლეს საკუთრებაში გვყავს თეთრი ფერის ჯიპის ტიპის ავტომანქანა „MERSEDES-BENZ ML“ 320, სახ. ნომრით AA549WW, რომელიც რეგისტრირებულია ჩემი მეუღლის სახელზე. ძირითადად, ვცხოვრობ სანკტ-პეტერბურგში. საქართველოში, სადაც ცხოვრობს ჩემი ოჯახი, კერძოდ, დედა, მერი ლალიაშვილი და ჩემი ცოლ-შვილი, ჩამოვედი 2015 წლის 28 დეკემბერს. ჩამოსვლიდან მეორე, ან მესამე დღეს, ზუსტად თარიღი არ მახსოვს, ჩემი კუთვნილი მობილური ტელეფონით, რომლის ნომერია 592 12 77 24, მოსკოვში მყოფი ჩემი მეგობრის, გოჩა კუჭავას თხოვნით დავურეკე მის ახლობელს, ბიძინა კუჭავას, რომელსაც შევხვდი ქ. თბილისში, გლდანის მე-6 და მე-7 მიკრორაიონებს შორის მდებარე საავტომობილო გზაზე არსებულ „ნიკორას“ მაღაზიასთან. მისი ნომერი, რომელზედაც მაშინ დავურეკე და რომელიც ამჟამად არ მახსოვს, ჩამაწერინა გოჩამ. როგორც გოჩამ მითხრა, ბიძინას ჰქონდა რაღაც ბიზნესპროექტი, რომელსაც გოჩას სთავაზობდა. ამ უკანასკნელმა მითხრა, რომ შევხვედროდი ბიძინას და გამეგო, თუ რა ბიზნესწინადადება ჰქონდა მას. აღნიშნული შეხვედრისას ბიძინამ მითხრა, რომ მის ნაცნობებს აფრიკაში სჭირდებოდათ მიწის სათხრელი ტექნიკა, რისთვისაც საჭირო იყო, დაახლოებით, 780 000 აშშ დოლარი, რომლითაც ტექნიკას ვიყიდდით და აფრიკაში ჩავიტანდით. ეს წინადადება მე არარეალურად მივიჩნიე და რადგან ამ თანხის შოვნა ჩემთვის წარმოუდგენელი იყო, შემოთავაზებულ წინადადებაზე უარი ვუთხარი. ამის შემდეგ მასთან კავშირი აღარ მქონია. გუშინ, ანუ 2016 წლის 16 იანვარს, დაახლოებით 23:00 საათიდან 24:00 საათამდე დროის მონაკვეთში, ჩემს მობილურ ტელეფონზე „ვიბერით“ მოსკოვიდან დამირეკა გოჩა კუჭავამ და მითხრა, რომ მის ახლობელს, ბიძინა კუჭავას, ჰქონდა პრობლემა, სჭირდებოდა ჩემი დახმარება და ელოდებოდა ჩემს ზარს. მან მომცა ბიძინას მობილური ტელეფონის ნომერი, როგორც მახსოვს, 555772268, რომელზედაც უნდა გადამერეკა გოჩას თხოვნით. მალევე დავურეკე და დავუთქვი შეხვედრა ისევ იმ ადგილას, სადაც წინათ შევხვდით ერთმანეთს. მან მითხრა, რომ მოვიდოდა ნახევარ საათში. რამდენიმე წუთში მას ისევ დავურეკე და მითხრა, რომ 5-10 წუთში მოვიდოდა დათქმულ ადგილზე, სადაც მართლაც შევხვდი მას, რომელიც მოვიდა პატარა მანქანით, რომელსაც ჰქონდა ტაქსის აღმნიშვნელი აბრა. ის სახლში ავიყვანე, მან მითხრა, რომ ჰქონდა პრობლემები, ერიდებოდა პოლიციას და უნდოდა იმ ღამითვე გაფრენა მინსკში, თბილისი-მინსკის რეისით, რომელიც, მისი თქმით, უნდა გაფრენილიყო დღეს, დაახლოებით 04:00 საათზე. როგორც მან თქვა, ქვეყნის დასატოვებლად დარჩენილი ჰქონდა ერთი დღე, რის შემდეგაც უკვე გვიანი იქნებოდა. მისი თხოვნით, ჩემს მეუღლეს, ჩემი სახლის ტელეფონით, რომლის ნომერია 268-77-90, დავარეკინე აეროპორტის საინფორმაციოში და ჩემს სახელზე მინსკის რეისზე დავაჯავშნინე ერთი ბილეთი, რაც ღირდა, დაახლოებით, 500 ლარამდე. როგორც მახსოვს, მას ჰქონდა, დაახლოებით, 160 ლარამდე. მე ვუთხარი, რომ მქონდა 250 ლარი, რომლის სესხებაც შემეძლო მისთვის. მან მითხრა, რომ დადებული ჰქონდა ფსონი და ჩემი ნოუთბუქით შევიდა რაღაც საიტზე, რის შემდეგაც თქვა, რომ ანგარიშზე ფული ჰქონდა. ამის შემდეგ, დაახლოებით, 01:00 საათზე ჩვენ გამოვედით ჩვენი სახლიდან, და ზემოთ ხსენებული ჩემი ავტომანქანით, ბიძინას მითითებით, წავედით ჯერ ფულის ასაღებად კოსტავას ქუჩაზე ფილარმონიასთან, რის შემდეგაც წავიდოდით აეროპორტში. როცა კოსტავას ქუჩაზე მივედით და ფილარმონიას გავცდით, ბიძინამ ავტომანქანა გზის მარჯვენა მხარეს მდებარე „ევროპაბეთის“ წინ გამაჩერებინა, სადაც შევიდა ფულის ასაღებად. დაახლოებით, 5-10 წუთში დაბრუნდა უკან. სანამ მანქანაში დაჯდებოდა მას გამოელაპარაკა ჩემი მანქანის უკან გაჩერებული საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის პატრულ-ინსპექტორი, რომელმაც რა უთხრა, არ გამიგონია, რადგან ფანჯრები ამოწეული მქონდა. როცა ბიძინა მანქანაში დაჯდა, კერძოდ, უკანა სავარძელზე მარცხენა მხარეს, მეც მისი მითითებით წავედი გმირთა მოედნის მიმართულებით, საიდანაც ვარაზის ხევის გავლით ავედი მელიქიშვილის გამზირზე და წავედი რუსთაველის გამზირის მიმართულებით, საიდანაც ელბაქიძის დაღმართით ჩავედი მარცხენა სანაპიროზე და წავედი აეროპორტის მიმართულებით. როცა იუსტიციის სახლთან მივედით, ჩემს უკან მოძრავმა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა გამაჩერა, საიდანაც გადმოვიდა პატრულ-ინსპექტორი, მოვიდა ჩემთან და გადამოწმების მიზნით მომთხოვა საბუთები. მან საბუთები გამომართვა, მითხრა, დამელოდეო და წავიდა თავის მანქანაში, რამდენიმე წუთში ის ისევ დაბრუნდა მეწყვილესთან ერთად, რის შემდეგაც საბუთები მოსთხოვეს ჩემ გვერდით, წინა მარჯვენა სავარძელზე მჯდომ ჩემს მეუღლეს და ჩემ უკან მჯდომ ბიძინას. ჩემი ცოლის საბუთები პატრულ-ინსპექტორს მივაწოდე მე, ხოლო ბიძინა კუჭავამ, რომელსაც მე ჩავუწიე და მერე ისევ ავუწიე უკანა კარის მინა, რადგან თავად ჩამოსაწევს ვერ მიაგნო, საბუთები თავად მიაწოდა. საბუთების გამორთმევის შემდეგ ორივე პატრულ-ინსპექტორი წავიდა თუ არა თავიანთი სამსახურებრივი ავტომანქანისკენ, იქ მაშინვე მოვიდა შავი ფერის ორი ჯიპის ტიპის ავტომანქანა, რომელთაგან ერთი იყო `ტოიოტა პრადოს~ მარკის, ხოლო მეორე არ მახსოვს, იქიდან გადმოვიდა, დაახლოებით, 5-6 მამაკაცი, რომლებმაც პისტოლეტები მომართეს ჩვენი მიმართულებით, ხმამაღლა გაგვაფრთხილეს, რომ იყვნენ პოლიციის თანამშრომლები და მოგვიწოდეს, გადავსულიყავით ავტომანქანიდან. მე ყურადღება გადატანილი მქონდა აღნიშნულ პირებზე, რა დროსაც სალონში, უკანა სავარძლის მხრიდან, მოულოდნელად გავიგონე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის ხმა და როცა უკან მოვიხედე, დავინახე, რომ ბიძინას თავიდან სისხლი სდიოდა, რითაც მივხვდი, რომ მან ისროლა და თავი მოიკლა. ამის დანახვაზე მე დავიბენი და როგორ გადავედი ავტომანქანიდან და როგორ განვითარდა მოვლენები, დაახლოებით, 5 წუთის განმავლობაში, აღარ მახსოვს, შემდეგ კი იქ მოვიდა ბევრი პოლიციის მანქანა და სასწრაფო სამედიცინო დახმარებაც.
კითხვაზე გიპასუხებთ, რომ ჩემი ავტომანქანის ორივე კარი გარედან იღება ძნელად, რადგან საკეტი არის დაზიანებული, ზოგჯერ საკეტი იჭედება და საერთოდ არ იღება ხოლმე.
დავით პოპოვის ჩვენება რამდენიმე აუცილებელ კითხვას ბადებს:
ჩვენების მიხედვით, გოჩა კუჭავამ პოპოვს სთხოვა გასცნობოდა ბიძინა კუჭავას ბიზნესწინადადებას. ოფიციალური ვერსიით, პოპოვი დროებით უმუშევარია. უნდა ვივარაუდოთ, რომ მას ბიზნესწინადადების დეტალები გოჩა კუჭავასთვის უნდა მიეწოდებინა. რატომ წერს ის, რომ მაშინვე უთხრა უარი ბიძინა კუჭავას, რადგან წინადადება არარეალურად მიიჩნია?
აფრიკაში, კერძოდ განაში ოქროს მოპოვებისა და იქ მძიმე ტექნიკის ჩაყვანის საბაბით, საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა ნანა ყეენიშვილმა „გორგიას“ მეპატრონის მეუღლესაც გამოსძალა თანხა. უკავშირდება თუ არა ბიძინა კუჭავას მიერ დასახელებული ტექნიკა და მისი შეძენა ისევ ნანა ყეენიშვილის სახელს?
თუ დავით პოპოვის ჩვენების ის ნაწილი მართალია, რომ მან სახლის ტელეფონით მის სახელზე დაჯავშნა თბილისი-მინსკის რეისზე ბილეთი, როგორ გაფრინდებოდა სხვის სახელზე დაჯავშნული ბილეთით ბიძინა კუჭავა?
თუ მართალია ის ფაქტი, რომ ბიძინა კუჭავა პოლიციას ემალებოდა, რატომ წავიდოდა აეროპორტში მელიქიშვილისა და რუსთაველის გამზირების გავლით, მაშინ როცა ,,ევროპაბეთიდან“ იქვე, მარჯვნივ, სანაპიროს გავლით მოხვდებოდა იუსტიციის სახლთან, სადაც ეს შემთხვევა მოხდა?
თუ ბიძინა კუჭავამ დავით პოპოვს უთხრა, რომ ის პოლიციას ემალებოდა და ქვეყანა უნდა დაეტოვებინა, გამომდინარე აქედან, არსებობდა პოლიციასთან დაპირისპირების თუნდაც თეორიული რისკი, რატომ წაიყვანა პოპოვმა აეროპორტში მისი მეუღლე, რითაც, ფაქტობრივად, ცოლი დარტყმის ქვეშ დააყენა?
დავით პოპოვის მეუღლე, ნინო მულაძე, აეროპორტის საინფორმაციოში დარეკვის და მეუღლის სახელზე ბილეთის დაჯავშნის ფაქტზე საკუთარ ჩვენებაში არაფერს ყვება. “ოთახიდან გამოსულმა ვნახე, რომ დავითი იცვამდა ქურთუკს და მომზადებული იყო გარეთ გასასვლელად. მე ვკითხე, თუ სად მიდიოდა? რაზედაც მან მიპასუხა, რომ გარეთ ელოდებოდა ერთი კაცი, რომელმაც მას სთხოვა სადღაც გაყვანა ავტომობილით. მე ვუთხარი, რომ მარტო არ გავუშვებდი, რადგან მან გზები კარგად არ იცოდა. ამასთან, ავტომობილი, რომლითაც ის აპირებდა წასვლას, გაფორმებული იყო ჩემს სახელზე. მას წინააღმდეგობა არ გაუწევია და დაგვთანხმდა, მეც გადავიცვი თბილი ქურთუკი და გამოვედით გარეთ. სადარბაზოსთან დაგვხვდა ჩემთვის უცნობი მამაკაცი, რომელიც მანამდე არასოდეს მინახავს და მოგვიანებით გავიგე, რომ ის ყოფილა ბიძინა კუჭავა“, _ წერს საკუთარ ჩვენებაში ნინო მულაძე. გამომდინარე აქედან, ან ქმარი იტყუება, როცა აცხადებს, რომ ბიძინა კუჭავა სახლში აიყვანა და მის მეუღლეს აეროპორტში ბილეთი დააჯავშნინა, ან ცოლი, როცა ამბობს, რომ უცნობი მამაკაცი (ბიძინა კუჭავა) არა სახლში, არამედ ეზოში ელოდებოდათ.
ცოლისა და ქმრის ჩვენება კიდევ ერთ ასპექტში მოდის წინააღმდეგობაში _ დავით პოპოვი აცხადებს, რომ ბიძინა კუჭავას მითითებით წავიდა ვარაზის ხევის მიმართულებით მელიქიშვილზე, ცოლი კი აცხადებს, რომ „ჩემმა მეუღლემ დაძრა ავტომანქანა და გავედით გმირთა მოედანზე, თუმცა აქ არსებულ წრიულ ესტაკადაზე ჩემს მეუღლეს გზა აერია, რის გამოც კარგა ხანს მოგვიწია წრეზე სიარული, რის შემდეგაც ავბრუნდით ვარაზის ხევზე და წავედით ჭავჭავაძის გამზირით თავისუფლების მოედნისაკენ“. ჩვენების ეს ნაწილი განსაკუთრებით აბსურდულად გამოიყურება _ წარმოუდგენელია, ბიძინა კუჭავას თბილისში გზები არეოდა, თუ ის მართლაც აძლევდა მითითებას დავით პოპოვს, ან კიდევ უფრო უაზროდ გამოიყურება ნინო მულაძის ჩვენების ის ნაწილი, რომ მან შვილი და ლოგინად ჩავარდნილი დედამთილი სახლში შუაღამისას იმიტომაც მიატოვა, რომ მეუღლეს გზების გაგნებაში დახმარებოდა. ამავე ჩვენებაში პოპოვის მეუღლე წერს, რომ იუსტიციის სახლთან მათ მანქანამ გზა გადაუჭრა, საიდანაც სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პირები გადმოვიდნენ, თუმცა იქვე წერს, რომ მათთან მისულმა პოლიციის თანამშრომლებმა მოსთხოვეს მანქანიდან გადმოსვლა. საიდან შეეძლო ნინო მულაძეს იმ მომენტისათვის ჩაეთვალა, რომ ჯიპიდან გადმოსული სამოქალაქო ფორმიანები ნამდვილად პოლიციის თანამშრომლები იყვნენ და არა, ვთქვათ, ყაჩაღები? მანქანიდან გადმოსვლის მომენტში გაუგონია მას გასროლის ხმა, “რამაც შემაშინა და გავოგნდი. თავიდან არც ვიცოდი, რა მოხდა, ამის შემდეგ უკვე გადმოვედი გარეთ“, _ წერს ნინო მულაძე ჩვენებაში. მიუხედავად, გაოგნებისა, მას კარგად ახსოვს, რომ პოლიციის თანამშრომლებმა მას ხელი მოჰკიდეს და თავაზიანად დასვეს იქვე არსებულ ავტობუსის გაჩერებაზე სკამზე (!!!). ამ დროს ნინო მულაძე დარწმუნდა, რომ დავითი ცოცხალი იყო, რადგან ის მოძრაობდა, შესაბამისად, მომეშვა. ამის შემდეგ თანამშრომლებმა თავიანთ მანქანაში ჩამსვეს და წამომიყვანეს. დავით პოპოვის ცოლს, მიუხედავად ელდისა და მერე მოშვებისა, არ დავიწყნია ჩვენებაში იმის დაზუსტება, რომ „ჩემ მიმართ სამართალდამცველთა მხრიდან ადგილი არ ჰქონია რაიმე სახის შეურაცხყოფას, როგორც ჩემთვის ცნობილია, არც ჩემი მეუღლის მიმართ“.
ბიძინა კუჭავას საქმის დეტალების გაცნობისას განსაკუთრებით საყურადღებოა შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს სახაზო-საპატრულო სამმართველოს უფროსის, შალვა კილასონიას ჩვენება.
ჩვენების მიხედვით, შალვა კილასონიასთვის მასობრივი ინფორმაციის საშუალებით და სამსახურებრივად ცნობილი გახდა, რომ ქ. თბილისში გაუჩინარდა სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის უფროსი პროკურორი, ვახტანგ ქირია.
„2016 წლის 16 იანვარს, დაახლოებით, 23 საათისთვის შევიტყვე, რომ ვახტანგ ქირიას გვამი ნაპოვნი იქნა ქ. თბილისში, ვაჟა-ფშაველას მე-7 კვარტალში მდებარე ერთ-ერთ კორპუსში. ამის შემდეგ მე მივედი შემთხვევის ადგილზე, სადაც იმყოფებოდნენ საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელობა და რამდენიმე ეკიპაჟი, ადგილზე შევხვდი საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს, ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსს, დავით მიქიაშვილს, რომლისგანაც ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ ვახტანგ ქირიას სავარაუდო მკვლელი უნდა ყოფილიყო ვინმე ბიძინა კუჭავა. საჭირო იყო აღნიშნული პიროვნების ადგილსამყოფელის დადგენა და ასევე ზომების მიღება, რათა მას არ დაეტოვებინა ქალაქის ტერიტორია. დ. მიქიაშვილმა მე გადმომიგზავნა ბიძინა კუჭავას ფოტოსურათი. აღნიშნულიდან გამომდინარე, მე ბიძინა კუჭავას ფოტოსურათი გადავუგზავნე სახაზო-საპატრულო პოლიციის ასმეთაურებს და დავავალე, აღნიშნული ფოტოსურათი გადაეგზავნათ ოცეულის მეთაურებისათვის და ასეთი პიროვნების აღმოჩენის შემთხვევაში შეეჩერებინათ იგი და ეცნობებინათ ხელმძღვანელობისთვის. ყოველივე აღნიშნული ხდებოდა 2016 წლის 17 იანვრის 00:05 საათისთვის, ამის შემდეგ მე, დავით მიქიაშვილი, შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე კახა ფოჩხუა და შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს მეტროპოლიტენის სამმართველოს უფროსი ლევან გელაშვილი, დავით მიქიაშვილის სამსახურებრივი “volkswagen tuareg “-ის მარკის ავტომობილით გადავადგილდებოდით ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე. ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ბიძინა კუჭავა ქალაქში, შესაძლოა, გადაადგილებულიყო თეთრი ფერის „ MERCEDEC-BENZ ML “-ის მოდელის ჯიპით, რომლის სახელმწიფო ნომერი ჩვენთვის ცნობილი არ იყო. აღნიშნულიდან გამომდინარე, კახა ფოჩხუამ რადიოსადგურის საშუალებით ქალაქში მოძრავ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებს შეატყობინა ამის შესახებ და ამ პიროვნების აღმოჩენის შემთხვევაში დაავალა ეცნობებინათ მისთვის და დალოდებოდნენ ხელმძღვანელობის შემდგომ განკარგულებას. დაახლოებით 02:30 საათზე, როდესაც ვმოძრაობდით რუსთაველის გამზირზე, კახა ფოჩხუას მობილურ ტელეფონზე დაუკავშირდა მთაწმინდის ოცეულის მეთაური აკაკი ყურაშვილი და აცნობა, რომ მის დაქვემდებარებაში მყოფი ეკიპაჟი ბორტი -7063, რომლის წევრებიც იყვნენ გიორგი ნაწილაშვილი და სოსო გოგაშვილი, ელბაქიძის დაღმართზე მიჰყვებოდა თეთრი ფერის ML-ს, რომელშიც იჯდა ის პიროვნება, რომლის ფოტოსურათიც დაეგზავნა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებს. ამის შემდეგ კახა ფოჩხუამ რადიოსადგურის საშუალებით დავალება მისცა აღნიშნულ ეკიპაჟს, რომ თვალთახედვის არიდან არ დაკარგვოდათ ხსენებული ავტომანქანა და დალოდებოდნენ შემდგომ მითითებას. თავის მხრივ, დ. მიქიაშვილმა ამის შესახებ შეატყობინა თბილისის პოლიციის უფროსს, შალვა ბედოიძეს, მას ასევე უთხრა ავტომანქანის მოძრაობის მიმართულება. დ. მიქიაშვილის დავალებით კ. ფოჩხუამ გიორგი ნაწილაშვილს მოუწოდა, გაეჩერებინა საეჭვო ავტომობილი, გადაემოწმებინა მძღოლი და ავტომანქანაში მსხდომი პიროვნებები და ეცნობებინა მისთვის მათი დამოგრაფიული მონაცემების შესახებ. გიორგი ნაწილაშვილისგან ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ მას და მის მეწყვილეს, „MERCEDEC-BENZ ML “-ის მარკის ავტომანქანა გაჩერებული ჰყავდათ იუსტიციის სახლის მოპირდაპირე მხარეს. გ. ნაწილაშვილმა კახა ფოჩხუას დაუდასტურა, რომ ავტომანქანაში მსხდომი პირებიდან ერთ-ერთი ნამდვილად იყო ბიძინა კუჭავა. რადგანაც მისი პირადობის მოწმობა უკვე ხელში ეჭირა პატრულ-ინსპექტორს, როდესაც მივედით იუსტიციის სახლის მოპირდაპირედ, საფეხმავლო ხიდთან შევნიშნე, რომ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს გაჩერებული ჰყავდა თეთრი ფერის ML-ის ჯიპი, რომლის უკანაც იდგა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის ავტომანქანა. აღნიშნული თეთრი ფერის ML-ის ჯიპის წინ გაჩერდა ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის კუთვნილი შავი „TOYOTA PRADO “-ს მარკის ავტომანქანა, საიდანაც სწრაფად გადმოვიდა 3-4 პიროვნება, სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული და შეიარაღებული. ერთი შეხედვით, მე მათ შორის ვიცანი ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ნიკა სამარღანიშვილი. ისინი გაიყვნენ ორ ჯგუფად და გაჩერებულ თეთრი ფერის ML-ის ჯიპთან მივიდნენ ორივე მხრიდან. ამ დროს ჩვენც გადმოვედით ავტომანქანიდან, რომელიც გავაჩერეთ აღნიშნული თეთრი ფერის ML-ის ჯიპის პარალელურად, ოდნავ წინ გავიყავით ორ ჯგუფად, მე და კახა ფოჩხუა მივედით ML-ის ჯიპთან მარჯვენა მხრიდან, ხოლო დავით მიქიაშვილი და ლევან გელაშვილი _ მარცხენა მხრიდან. ავტომანქანასთან მიახლოებისას მე გავიგონე, რომ იქ მყოფი პოლიციის თანამშრომლები იარაღმომარჯვებულები ავტომანქანაში მსხდომ მოქალაქეებს ხმამაღლა მოუწოდებდნენ, გადმოსულიყვნენ ავტომანქანიდან. ჩემ წინ მიდიოდა კახა ფოჩხუა, რომელიც შეეცადა გაეღო ავტომანქანის უკანა, მარჯვენა კარი, რაც ვერ შეძლო, ვინაიდან კარი იყო დაკეტილი და გვერდითი შუშა ბოლომდე ამოწეული, რის შემდეგაც ის მივიდა წინა კართან, რომელიც გააღო იქ მყოფმა ერთ-ერთმა პოლიციელმა. ამ დროს ვიღაცამ დაიძახა, თავი მოიკლაო. თუ ვინ დაიძახა აღნიშნული, არ მახსოვს, ამის შემდეგ მძღოლის გვერდითა სავარძლიდან გადმოყვანილი იქნა ახალგაზრდა ქალბატონი. მე შევიხედე მარჯვენა წინა კარიდან უკანა სალონში, რა დროსაც ავტომანქანის სალონის განათების შუქზე შევხედე, რომ ავტომანქანის უკანა სავარძელზე, მძღოლის უკან, იჯდა ბიძინა კუჭავა, რომელიც ოდნავ გადახრილი იყო მარჯვენა მხარეს და ასევე თავიც გადახრილი ჰქონდა იგივე მიმართულებით და მარჯვენა საფეთქლიდან სდიოდა სისხლი, ამასთანავე, მე დავინახე, რომ მძღოლის მხრიდან დავით მიქიაშვილს და ლევან გელაშვილს გადმოყვანილი ჰყავდათ საშუალო ასაკის მამაკაცი. ამის შემდეგ გამოძახებულ იქნა სამედიცინო სასწრაფო დახმარების ბრიგადა და ექსპერტ-კრიმინალისტთა ჯგუფი. ჩვენ მოვახდინეთ შემთხვევის ადგილის დაცვა“, _ წერს თავის ჩვენებაში შალვა კილასონია. ამავე ჩვენებაში ის აღნიშნავს, რომ შემთხვევის ადგილას არც სროლის ხმა გაუგონია და არც ის იარაღი დაუნახვს, რომლითაც ბიძინა კუჭავამ, სავარაუდოდ, თავი მოიკლა.
ეს არის იმ სკანდალური ჩვენებების ნაწილი, რომელიც „ქრონიკა+“-მა მოიპოვა.
ჩვენ არაფერს ვამტკიცებთ, მხოლოდ მარტივი კითხვა გვაქვს: რაკი საპატრულო ეკიპაჟები წინასწარ იყვნენ ინფორმირებული იმის თაობაზე, რომ თეთრი ფერის ავტომანქანით ვახტანგ ქირიას სავარაუდო მკვლელი გადაადგილდებოდა, რატომ გამოიძახეს მის ასაყვანად სპეცდანიშნულების რაზმი და არსებობს თუ არა საპატრულო ეკიპაჟების მიერ განხორციელებული დევნის ოპერაციის ამსახველი ვიდეოჩანაწერები?
ელისო კილაძე