QronikaPlus
მამუკა ნოზაძე: ,,დღევანდელი ხელისუფლება დანაშაულებრივი, დარაზმულ მოსამართლეთა სინდიკატის მძევალია!”

მამუკა ნოზაძე: ,,დღევანდელი ხელისუფლება დანაშაულებრივი, დარაზმულ მოსამართლეთა სინდიკატის მძევალია!”

2016-03-19 09:08:58

ადვოკატი მამუკა ნოზაძე აგრძელებს სასამართლო სისტემის ავკარგიანობაზე საუბარს და იმ ფაქტებს ასაჯაროებს, რომელსაც, მისი თქმით, ქართული სამართალი და თემიდა უფსკრულისკენ მიჰყავს. მამუკა ნოზაძე: _ სასამართლოს მდგომარეობა, სამართლიანობის კუთხით, ყოველდღიურად უკან-უკან მიდის. საქართველოს პარლამენტმა განიხილა  სასამართლო რეფორმის მესამე ტალღასთან დაკავშირებული კანონპროექტი და ის მოსამართლეები, რომლებიც დამნაშავე ხელისუფლების ნაწილი იყვნენ, მუდმივ მოსამართლეებად გაამწესა. ეს არის საშინელება. ფაქტობრივად, დღევანდელი ხელისუფლება მძევალია დანაშაულებრივი, დარაზმულ მოსამართლეთა სინდიკატის წევრი, ისინი უკვე აღვირახსნილად იქცევიან. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ეს კანონპროექტი შემუშავებულია იუსტიციის სამინისტროს მიერ და დაპირებები, რომ მასში შეტანილი იქნებოდა დემოკრატიული პრინციპები, ან გატარდებოდა რეალური რეფორმა, თეა წულუკიანის უწყების მხრიდან მორიგი ტყუილი აღმოჩნდა. რეფორმის მესამე ტალღით მივიღეთ ის, რომ ახლა მთელი ცხოვრება უნდა ვუცქიროთ მურუსიძეებს, თევზაძეებს, გოგინაშვილებს და იმ ადამიანებს, რომელთა გვარებიც არაერთხელ გავაჟღერეთ „ქრონიკა+“-ის ფურცლებზე და მათი საქციელი დავგმეთ. _ სასამართლოს მდგომარეობა უკან-უკან კიდევ რატომ მიდის, იქნებ, ფაქტებით გვესაუბროთ?   _ იქ გრძელდება უსამართლობები, რაზედაც აუცილებლად მოგიყვებით. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე არის დამტკიცებული შესაბამისი სასარჩელო ფორმები, რომელიც განთავსებულია უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდებზე, მაგრამ, მოგეხსენებათ, არიან ადამიანები _ პერსიონერები, სოციალურად დაუცველები, საზოგადოების ის ნაწილი, რომელთაც კომპიუტერთან არანაირი შეხება არ აქვთ და არ გააჩნიათ წვდომა ამ ფორმებზე. თბილისის საქალაქო, სააპელაციო, ასევე რაიონულ სასამართლოებში უზრუნველყოფილია ის, რომ ნებისმიერმა მსურველმა მიიღოს ეს ფორმა, მაგრამ გორის სასამართლოში ამ სასარჩელო ფორმების გაცემა აკრძალულია სასამართლოს თავმჯდომარის, ნიკოლოზ მარსაგიშვილისა და დიოგენე დოლიძის მიერ, რაც, ფაქტობრივად, ხელშეშლაა მოსახლეობისთვის სამართლიანი სასამართლოს ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით. სასამართლო უნდა ემსახურებოდეს საზოგადოებას, რაც ასე არ არის. მატერიალურ-ტექნიკური საქმეების დეპარტამენტი ამარაგებს სასამართლოებს ფურცლებით და კალმებით იმიტომ, რომ მოსახლეობას ხელი შეეწყოს სასამართლოს მიმართვიანობაში, საჩივრის დაწერაში და ა. შ., ამიტომ ის ფაქტი, რომ გორის სასამართლოში სოციალურად დაუცველ ფენას შეუზღუდეს სასარჩელო ფორმის მიღება, გახლავთ მარსაგიშვილისა და დოლიძის მხრიდან თავგასულობა და სხვა არაფერი. ამ სასამართლოს ადმინისტრაცია აცხადებს, რომ თითქოს კანონით ისინი ვალდებულები არ არიან, სასარჩელო ფორმები გასცენ, მაგრამ ამას რად უნდა კანონში დაკონკრეტება? იქ მთავარი წერია, რომ ადამიანებისთვის სასამართლო უნდა იყოს ხელმისაწვდომი და რაც მას ზღუდავს, ყველაფერი არის უკანონოო. ერთი რამ უნდა გაიგონ ასეთმა ადამიანებმა _ სასამართლო არ არის მათი საკუთრება და მოსახლეობაც მათი საკუთრებიდან არ ითხოვს არაფერს. ეს ფაქტი, ერთი შეხედვით, ძალიან წვრილმანია და ელემენტარული, მაგრამ სასამართლოებში იმდენ ასეთ „წვრილმანზე“ უქმნიან ადამიანებს პრობლემებს, ერთად შეკრებილი, უკანონობების თაიგული გამოდის. თუმცა ცხადია, იქ უფრო მძიმე კანონდარღვევებიც ხდება. _ თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის თავს რაც ხდება, ამას რას დაარქმევდით? ის სამართალდამცველებს სისტემაში არსებულ დანაშაულებებეზე მიუთითებდა და თავად დაატოვებინეს თანამდებობა. აქ უმთავრესი მაინც ის არის, რომ მოსამართლეთა გამოცდების ტესტების ამბავი გადაიფარცხა და მიიჩქმალა, არადა, ამ საქმის წამოწევა, ალბათ, ბევრს რამეს ახდიდა ფარდას. ამ კამპანიაში ჩართული ამჯერად, მგონი, თავად ნინო გვენეტაძეც აღმოჩნდა, თუ ვცდები? _ არა, არ ცდებით. ნონო გვენეტაძისთვის მამუკა ახვლედიანი მიუღებელი გახდა მას შემდეგ, რაც მან სიმართლე არ დამალა და ტესტების ამბავი სკანდალური გახადა. მამუკა ახვლედიანი 2007 წლიდან არის მოსამართლე. ის იყო რუსთავის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე, მერე კი თბილისის საქალაქო სასამართლოშო გადმოიყვანეს. დიახ, ის სააკაშვილის დროს გახდა მოსამართლე, მაგრამ ახვლედიანი ყოველთვის შედიოდა ღირსეულ მოსამართლეთა რიცხვში, რომლებიც ბევრი ნამდვილად არ იყო. არ მახსოვს, ადვოკატებს, ან არასამთავრობო ორგანიზაციებს ეთქვათ და გაევრცელებინოთ მისგან რაიმე კანონდარღვევის ფაქტი. თუ ვინმეს რაიმე აქვს სათქმელი მასზე და იცის, უნდა თქვას და არ უნდა დამალოს, მაგრამ მხოლოდ ის ფაქტი, რომ ახვლედიანი სააკაშვილის დროს გახდა მოსამართლე, კომპრომატი არ არის. ამჯერად ახვლედიანი ისჯება მხოლოდ იმის გამო, რომ ის იმ კლანის ქმედებებს არ დაემორჩილა, რომელიც ამჟამად არის გაბატონებული სასამართლო სისტემაში. მან საჯარო გახადა სასამართლოში არსებული მანკიერი, დანაშაულებრივი ფაქტები. ერთ-ერთი მოსამართლე, რომელიც ტესტების სკანდალში მოხვდა, გახლავთ ნინო გვენეტაძის ახლობელი და მისი სამეცნიერო ნაშრომის ხელმძღვანელი. ტესტებთან კი ხელმისაწვდომობა ჰქონდათ ნინო გვენეტაძეს და ლევან მურუსიძეს. როცა ეს ამბავი მამუკა ახვლედიანმა გაავრცელა, ერთ-ერთმა გამსწორებელმა ისიც განაცხადა, რომ მის მიერ შესწორებული ტექსტი იდენტურად ჰქონდა დაწერილი გამოსაცდელ პირს, რაც შეუძლებელია. ეს იყო მტკიცებულება იმისა, რომ ტესტები წინასწარ ჰქონდათ გამჟღავნებული. ამის გამო წაუყენეს პრეტენზია ნინო გვენეტაძეს, რის შემდგომაც, როგორც ჩემთვის არის ცნობილი, ის გადადგომას აპირებდა, მაგრამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა იგი დააშანტაჟეს და განუცხადეს, თუ ის გადადგებოდა, პროკურატურას დანაშაულის ფაქტებს გადასცემდნენ. ქართული სასამართლო მაფიის წევრებმა გვენეტაძე ფაქტობრივად, დანაშაულში გამოიჭირეს. ასეთი შეცდომა მას არ უნდა მოსვლოდა. გამოსაცდელი მისი შვილიც რომ ყოფილიყო, არ უნდა დახმარებოდა მას. ამის გამო ის იძულებული გახდა, დაქვემდებარებოდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმ წევრებს, რომელთაც დომინანტი როლი აქვთ საბჭოში და წყვეტენ, ვინ უნდა გაამწესონ მოსამართლედ და ვინ _ არა. ამ გარიგების შემდგომ კი ყველამ აირჩია ასეთი პოლიტიკა, „შენც ჩუ, მეც ჩუ“ და უკვე ერთად დაიწყეს გადაწყვეტილებების მიღება მოსამართლეთა დანიშვნასთან დაკავშირებით. წითელი კოჭი გადაუგდეს გვენეტაძეს და მან თავისი ახლობლები დანიშნა მოსამართლეებად, მაგრამ გამსწორებელი არ გაჩუმდა, ახვლედიანმა კი ეს ფაქტი საჯარო გახადა. ამასთან დაკავშირებით პროკურატურა მყისიერად უნდა დაინტერესებულიყო და დაიწყო გამოძიება, მაგრამ საზოგადოების წნეხი გახდა საჭირო, ეს რომ გაეკეთებინა. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ვადებს, როდის უნდა მოხდეს შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღება, ანუ შეუძლიათ, რომ ეს საქმე თაროზე შემოდონ და იძიონ და იძიონ, ამ პერიოდში კი ის პირები, რომელთაც დანაშაული ჩაიდინეს, ხელშეუხებელნი იყვნენ. ახლა რომ უსმინოთ ნონო გვენეტაძის რიტორიკას, ერთი ერთში ჰგავს ლევან მურუსიძისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების საუბრებს. ამიტომაც არის, რომ ყველამ ერთად წარმოაჩინა მამუკა ახვლედიანი მტრის ხატად, რითაც მათ ამ ადამიანის მიმართ დანაშაული ჩაიდინეს. კანონის მიხედვით, ის უნდა გაეთავისუფლებინათ დისციპლინური სამართალწარმოების წესის შესაბამისად და არა ისე, როგორც მათ გააკეთეს. ახვლედიანი მოსამართლედ კი დარჩა, მაგრამ სასამართლოს თავმჯდომარეობიდან გაათავისუფლეს, რაც უკანონობაა. _ იქნებ, უკეთ განგვიმარტოთ, როგორ უნდა მოქცეულიყვნენ და არ მოიქცნენ ახვლედიანთან მიმართებით? _ დისციპლინური სამართალწარმოების შემდგომ, თუ დადასტურდებოდა მისი რაიმე სახით დანაშაულებრივი ქმედება, გამოტანილი იქნებოდა მის მიმართ სახდელი. ახვლედიანს უფლება ჰქონდა, ეს სახდელი მერე გაესაჩივრებინა უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო კოლეგიაში, მაგრამ ეს წესი მათ არ დაიცვეს, რადგან ეს დროში გაიწელებოდა და არ აწყობდათ. ამ პერიოდში ახვლედიანი კვლავ იქნებოდა სასამართლოს თავმჯდომარე, ამასობაში კი არჩევნებიც მოვიდოდა და, ალბათ, ვითარებაც შეიცვლებოდა, რაც არც გვენეტაძეს აწყობდა და არც _ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს. ამიტომ გადადგეს უკანონო ნაბიჯი. სიმართლე ის არის, რომ ასეთი ქმედებების წინააღმდეგი იყო ნინო გვენეტაძის მრჩეველი კახა წიქარიშვილი, რომელიც წარსულში საერთო სასამართლოების სადისციპლინო კოლეგიის წევრი იყო. იგი ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტია დისციპლინური სამართალწარმოების სფეროში. წიქარიშვილმა ნინო გვენეტაძე გააფრთხილა, რომ ახვლედიანის მიმართ უკანონო ქმედება არ განეხორციელებინათ და კანონის უხეში დარღვევით არ გაეთავისუფლებინათ, მაგრამ გვენეტაძემ მისი პოზიცია არ გაითვალისწინა. ამის გამო, პროტესტის ნიშნად, მან გვენეტაძის მრჩევლის თანამდებობა დატოვა. როცა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს და ნონო გვენეტაძეს კითხვა დაუსვეს, რომელი სამართლებრივი ნორმით იხელმძღვანელეს ახვლედიანის განთავისუფლების დროს, მათ ზოგადად მიუთითეს საქართველოს საერთო სასამართლოების კანონზე. მართალია, იქ წერია, რომ მოსამართლეს ნიშნავს და ათავისუფლებს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, მაგრამ ეს უნდა მოხდეს დისციპლინური სამართალწარმოებით და არა სპონტანურად. უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატაში განხილვის დამთავრებამდე ასეთი რამის გაკეთების უფლება არავის აქვს, რადგან იუსტიციის საბჭოს ქმედება მერე უკვე ფორმალური ხასიათისაა. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაშიც არის ასე. დისციპლინური სამართალწარმოების დაწყების შემთხვევაში, კონკრეტული ადვოკატის მიმართ აღიძვრება საქმე. ორი კოლეგიის გავლის შემდგომ, თუ გამოვიდა გადაწყვეტილება, რომ ადვოკატს უნდა შეუწყვიტონ უფლებამოსილება, ის საჩივრდება უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო საბჭოში. უზენაესი სასამართლო თუ მიიღებს გადაწყვეტილებას ადვოკატის უფლებამოსილების შეწყვეტაზე, ეს გადაწყვეტილება არ შედის მაშინვე ძალაში, რადგან შემდგომ ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელმა საბჭომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ამის თაობაზე. საერთო სასამართლებშიც ასეა. _ ანუ ნინო გვენეტაძე ცრუობდა, როცა ამბობდა, რომ მამუკა ახვლედიანი შეუფერებელი იყო ამ თანამდებობისთვის? _ რა თქმა უნდა, გვენეტაძემ იცრუა. მამუკა ახვლედიანის მიმართ ვერც ნინო გვენეტაძემ და ვერც იუსტიციის საბჭოს ვერც ერთმა წევრმა ვერავითარი კომპრომატი ვერ დადეს. ეს ადამიანები გაერთიანდნენ მის წინააღმდეგ და დაიწყეს ერთობლივი კამპანია. ერთ-ერთმა მოსამართლემ ისიც განაცხადა, ახვლედიანის დროს გენერატორში საწვავი არ იყოო. მოგეხსენებათ, სასამართლოს თავმჯდომარე ვერ დაიწყებდა სანთლებით სირბილს და საწვავის ჩასხმას. ამის უზრუნველსაყოფად სასამართლოში არსებობს სპეციალური სამსახური და მათ უნდა მოეგვარებინათ ეს საკითხები. რამდენიმე მოსამართლემ ისიც თქვა, რომ კაბინეტები არ ჰქონდათ. ეს პრობლემა დიდი ხანია დგას სასამართლოებში და მოსამართლეებს არ აქვთ საკმარისი კაბინეტები, არ არის დარბაზები, მაგრამ ეს თუ სახელმწიფომ არ გააკეთა, მამუკა ახვლედიანი მშენებლობას ხომ ვერ გააჩაღებდა სასამართლოს ეზოში? რა უნდა გაკეთებინა ამ კუთხით მას? მისი ფუნქცია მხოლოდ ის იყო, რომ შესაბამისი უწყებებისთვის ამის თაობაზე შეეტყობინებინა. ამიტომაც ვამბობ, მის მიმართ წაყენებული ბრალდებები არის თითიდან გამოწოვილი და უსაფუძვლო. ლეილა მამულაშვილი, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე იყო, ახლა კი გამოსაცდელი ვადით არის დანიშნული საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში, იმისათვის, რომ მან შეინარჩუნოს ეს თანამდებობა, ყველაფერზე მიდის. ის გახლავთ თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის, ვალერი ცერცვაძის დაქალი. სანამ ცერცვაძე მოსამართლე გახდებოდა, ის იყო ადეიშვილის მარჯვენა ხელი, ახლა კი მიშა ჩინჩალაძესთან ერთად წყვეტს ამ სისტემაში ბევრ რამეს. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თავად განახორციელა რამდენჯერმე ვიზიტი თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც მოსამართლეები შეკრიბა და განკითხვის დღე ერთად მოუწყვეს მამუკა ახვლედიანს, ანათემას გადასცეს იგი, რაც დასჯის მიუღებელი ფორმაა. ვერ მოგიყვანთ ვერც ერთი ქვეყნის ერთ მაგალითსაც კი, რომ მოსამართლეები ერთმანეთს განკითხვის დღეებს უწყობდნენ. ამ შეხვედრის დროს გამოვიდა ლეილა მამულაშვილი და განაცხადა, ახვლედიანი როცა უცხოური ვიზიტებიდან ბრუნდებოდა, ის ანგარიშს არ გვაბარებდაო. საქართველო რომ სამართლიანი ქვეყანა იყოს, ეს ქალბატონი მოსამართლე ციხეში უნდა იჯდეს, რადგან მას უამრავი დანაშაული აქვს ჩადენილი. თუ ვინმეს ეს აინტერესებს, ცხადია, ამ ფაქტებსაც გამოვამზეურებ. _ გვითხარით, რა ჩაიდინა ასეთი? _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ ყოფნის დროს ის ცერცვაძის დავალებებს ასრულებდა. ერთ-ერთი ასეთი იყო ლევან აბულაძის საქმე, როცა მან, ცერცვაძის დავალებით, ეს ადამიანი შს სამინისტროში პოლიციელად აღადგინა. ახლა უკვე მე მაინტერესებს, რატომ თავად არ ჩააბარა მაშინ ვინმეს ანგარიში? ან მაშინ სად იყო და რატომ არ სვამდა გამწარებული კითხვებს, როცა თანამდებობაზე მყოფ ვალერი ცერცვაძეს, პარალელურად, ბიზნესი ჰქონდა გაჩაღებული? ახლა გახდა დემოკრატიისა და სამართლიანობის დამცველი და მეხოტბე? ამ სფეროში მომუშავე ადამიანებმა, ყველამ კარგად ვიცით ერთმანეთის ამბები და თვალში ნაცრის შეყრა არის სწორედაც რომ სამარცხვინო. მისი თქმით, თბილისის საქალაქო სასამართლოს უწოდებენ „ჩემი ცოლის დაქალებს“. თუ ადამიანს, მოსამართლეს, იურისტს აქვს რაიმე ინფორმაცია, რომელიც შეიცვას კანონდარღვევას, თუნდაც მამუკა ახვლედიანისგან, ეს ფაქტები ყვირილით და გაანჩხლებით კი არ უნდა თქვა, უნდა დადო შესაბამის დოკუმენტებთან ერთად; უნდა დაასახელო კონკრეტული პირები, რათა ფაქტს ნათელი მოეფინოს, სხვანაირად ეს არის ჭორაობა, მაგრამ მას გამოსაცდელი ვადა შემოდგომით გასდის და მისი ასეთი მონდომების მიზეზიც ეს გახლავთ. უნდა, რომ უკვე მუდმივად მოახერხოს მოსამართლედ ყოფნა. აი, მე კი მის მიმართ საინტერესო ფაქტები მაქვს: ლეილა მამუკაშვილი განეკუთნება მოსამართლეთა იმ კატეგორიას, რომელთა სასამართლო ხელისუფლებაში ყოფნაც საშიშია! მან განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ ქეთინო გნოლიძის ძალიან მარტივი ადმინისტრაციული საქმე, მაგრამ ამასაც ვერ ჩასწვდა და უკანონო გადაწყვეტილება მიიღო. _ საქმე რას ეხებოდა? _ სასამართლომ მოქალაქე ქეთინო გნოლიძეს სახელმწიფო ბაჟი დაუბრუნა. გნოლიძემ დოკუმენტები ფინანსთა სამინისტროში წარადგინა: სააღსრულებო ფურცელი, სასამართლოს განჩინება, საბანკო რეკვიზიტები და მინდობილობის ასლი წარმომადგენლის მიერ, მაგრამ ფინანსთა სამინისტრომ, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, მინდობილობის დედნის წარდგენა მოითხოვა. ეს მაშინ, როცა მე წარმომადგენლობით უფლებამოსილებას ყველა ინსტანციის სასამართლოში ვახორციელებ ასლის გამოყენებით. ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებს განვუმარტე, რომ მათი მოთხოვნა უკანონო იყო, მაგრამ რადგან ვერაფერს გავხდი, სასამართლოშო საჩივარი შევიტანე. ეს საქმე განიხილა ლეილა მამულაშვილმა, მაგრამ ეს მარტივი საკითხიც ვერ გადაწყვიტა კანონიერად. მან მოქალაქის მიმართ უკანონო გადაწყვეტილება მიიღო, უარი უთხრა ელემენტარული საკითხის დაკმაყოფილებაზე. ასეთ პიროვნებას ვის მიმართ უნდა ჰქონდეს პრეტენზია, როცა თავად მთელი ცხოვრება იყო მონა ადმინისტრაციული ორგანოებისა და მისი ხელმძღვანელების? თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში არის ახალი წევრი მოსამართლე, დავით წერეთელი. მას დამთავრებული აქვს იუსტიციის უმაღლესი სკოლა. ამბობენ, რომ თითქოს ამ სკოლაგავლილი მოსამართლეები უფრო განათლებულები და ერუდირებულნი არიან. მე არ ვიცი, წერეთელმა რა და როგორ ისწავლა, მაგრამ ფაქტია, რომ მან ელემენტარული რამ არ იცის, რომ ადამიანებს ხელი არ უნდა შეუშალოს სასამართლოს ხელმისაწვდომობაში. თუ იქს პიროვნების ნაცვლად სასამართლოში სარჩელს აღძრავს იგრეკ პიროვნება, კანონის თანახმად, სასამართლო ვალდებულია, იმ ადამიანებს, ვინც არ იცის, რომ ეს არ შეიძლება, განუმარტოს, რომ სარჩელი აღძრას უფლებამოსილმა პირმა. წერეთელმა კი ეს არ გააკეთა და პირდაპირ შეწყვიტა საქმის წარმოება, რითაც ადამიანს მოუსპო სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლება, რაც გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით და ევროპული კონვენციით. სასაცილო იყო ის, რომ განჩინებაში სწორედ კონსტიტუციაზე და კონვენციაზე საუბრობდა წერეთელი, მაგრამ გამორჩა საპროცესო კოდექსის ნორმა, სადაც თეთრზე შავით წერია, რომ მოსამართლე თუ მივა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი აღძრულია არაუფლებამოსილი პირის მიერ, ის ვალდებულია, განსაზღვროს უფლებამოსილი პირი, ვის მიერაც უნდა იქნეს სარჩელი შემოტანილი და მისცეს მას უფლება, შეცვალოს სარჩელი. როცა მოსამართლემ ასეთი ელემენტარული რამ არ იცის, ეს სასამართლო ხელისუფლების დაქცევაა და, აქედან გამომდინარე, ქვეყნის ტრაგედიაც, რადგან ეს ყველაფერი ჩვენს ქვყანაში მცხოვრები ადამიანების ბედზე აისახება.  

                                                                                                            ნელი ვარდიაშვილი

გაზიარება