რედაქციაში ქალბატონი ნინო ლორთქიფანიძე გვესტუმრა, რომელიც აცხადებს, რომ კომპანია "ყაზტრანსგაზიდან" უკანონოდ გაათავისუფლეს. მისივე თქმით, გამოცდილ მუშაკს სამსახურში ისეთი არაფერი ჩაუდენია, რომ, შესაბამისი პროცედურების დაცვის გარეშე, ასე უცერემონიოდ გაეშვათ, ამიტომ ყველა სამართლებრივი გზის გამოყენებას აპირებს, რომ ღირსება აღიდგინოს და კომპენსაცია მიიღოს.
"ქრონიკა+" ნინო ლორთქიფანიძეს ესაუბრება:
_ შპს "ყაზტრანსგაზ თბილისში" მუშაობა 2009 წლიდან დავიწყე. აღმრიცხველი ვიყავი, უბანში დავდიოდი და ანათვლებს ვიღებდი. უკანონობის წინააღმდეგ ყოველთვის ხმას ვიმაღლებდი და ამის გამო სამსახურიდან ადრეც გამიშვეს.
_ როდის მოხდა ეს ამბავი?
_ პირველად 2011 წელს მიშვებდნენ. ამის გამო ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეს, მარიკა ვალიშვილს (ახლაც მუშაობს) შევხვდი, ვესაუბრე და დამტოვეს.
"ყაზტრანსგაზის" სისტემაში ვინც დღეს არის, მაშინაც იგივე ხალხი მუშაობდა. იგივე გიორგი ლეფსვერიძე ადრეც მთავარი ინჟინერი იყო და ახლაც ამ თანამდებობაზეა. ნინო თურმანიძე ბუღალტერი იყო და ახლა სპეციალური მმართველია. ანუ ლიდერშიპი აბსოლუტურად იგივე არის დარჩენილი.
მოკლედ, მაშინ სამართლებრივი ბრძოლა არ დამჭირვებია. მარიკა ვალიშვილს ავუხსენი, რა სიტუაციაც იყო. ამას ის მოჰყვა, რომ ჩემი უშუალო უფროსი მენეჯერი არასწორი ქმედების გამო დააქვეითეს. დავბრუნდი და ჩვეულებრივად ვმუშაობდი.
ამის შემდეგ, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, ფეხი მოვიტეხე. ერთი წელი ვიწექი და რეჟიმიდან ამოვვარდი.
ამასობაში სიტუაცია შეიცვალა _ ქვეყნის სათავეში "ქართული ოცნება" მოვიდა და, რასაკვირველია, სპეციალური მმართველიც შეიცვალა. თავიდან ირაკლი გაბუნია მოვიდა, შემდეგ ასევე შეიცვალა და ხელმძღვანელად ღირსეული პიროვნება, გია ბენაშვილი დაინიშნა.
მისი მმართველობის პირობებში უსაფრთხოების სამსახურში დავიწყე მუშაობა. "ყაზტრანსგაზის" შიდა მოკვლევის სამსახური ერქვა, რომელსაც უშუალოდ გია ბენაშვილი ხელმძღვანელობდა. სამსახურს სხვადასხვა ცენტრში დარღვევები უნდა გამოევლინა და რეაგირება მოეხდინა.
თუ ოპერატორ ქალბატონებს არ ჩავთვლით, ერთადერთი ქალი ვიყავი, რომელიც აღნიშნულ სამსახურში ვმუშაობდი. ბევრ ისეთ რაღაცას წავაწყდი, რაც ადრე არ ვიცოდი.
_ როდის დაიწყეთ აღნიშნულ სამსახურში მუშაობა და მაინც, რას წააწყდით?
_ დაახლოებით ორი წლის წინათ, როცა ფეხზე ოპერაციისშემდგომი რეაბილიტაციის მერე სამსახურში გამოვედი. თავიდან ნარდობის ხელშეკრულებით ვიყავი. ჯერ მსხვილ გადამხდელთა დეპარტამენტში, შემდეგ უსაფრთხოების დეპარტამენტში გადამიყვანეს და შარშანწინ, ზაფხულში, წელიწადნახევრის წინ ისე მოხდა, რომ ყველა უსაფრთხოების სამსახურიდან ბიზნესცენტრებში გადაგვანაწილეს.
მე დიღმის ბიზნესცენტრში მოვხვდი. ის, რომ დიღმის ბიზნესცენტრი ორი წლის განმავლობაში ყოველთვის პირველ ადგილზე იდგა, ამაში ჩემი წვლილიც იყო. თავზე არ ვახტები არც მენეჯერს, არც დისტრიბუციის უფროსს, მაგრამ მათთან ერთად ჩემი დამსახურებაც გახლდათ მიღწეულ წარმატებაში. ჩვენი რაიონი ყოველ თვე პირველ ადგილზე გადიოდა.
პროფესიით ფსიქოლოგი ვარ და ვხედავდი, ვინ რომელ სეგმენტში ძლიერია, სწორ გადანაწილებას ვახდენდით და ა. შ. გეგმას ზედმიწევნით ვასრულებდით.
მენეჯერ ლეფსვერიძეს კი ყოველთვის ვუპირისპირდებოდი, რადგან მის ახლობელ-მეგობრებთან გადაკვეთის წერტილები მქონდა; იქ რაღაცას ვიპოვიდი, მრიცხველი ე. წ. ნაჩალიჩარი იყო და მისთ. ეს მე აუცილებლად უნდა გამომევლინა. თან სულ ისე ხდებოდა, რომ პენსიონერებთან და გაჭირვებულ ხალხთან არ მქონდა ურთიერთობა. ესენი იყვნენ გაზულუქებული ტიპები, სწორედ მენეჯერის ახლობლები.
ამის გამო, ეტყობა, ჩემ მიმართ გულში ბოღმა ჩაიდო. პირადული გადაკვეთები არ გვქონია, მაგრამ ყველაფერს ვაფიქსირებდი და ვხვდებოდი, რომ ეს კაცი საქმის გამფუჭებელი იყო. სამსახურიდან რამდენჯერმე გაუშვეს, მერე დააბრუნეს. ზუსტად ვიცი, რომ მას იმ მთავრობაშიც მფარველობდნენ და ახლანდელშიც მფარველობენ.
მერე გია ბენაშვილი დააწინაურეს და გადაზიდვების უფროსად გადაიყვანეს. მინისტრმა კალაძემ წაიყვანა. ჩვენ შევრჩით ამ "სასწაული" ლიდერშიპის ხელში. მთელი რვა სადისტრიბუციო ცენტრის მარკეტინგის სამსახურის უფროსი ვინმე მელანო მაისურაძეა. ადრე უბრალო ოპერატორი იყო და რა დამსახურებებით გახდა ეს ქალი უფროსი, ვერაფრით ვხვდები.
რაღაც ორ თვეში ერთხელ მოდის ბიზნესცენტრში, ასე ცხვრებივით ვდგავართ და მაგიდაზე გვიკაკუნებს, _ იცით, რას გეტყვით, სამსახურიდან წახვალთ, თვეში მინიმუმ ათი "ლევი", რას ამბობთ, თუ ხუთ ლარზე ზევით ვალია, ყველა გაითიშება, _ სულ ასე გველაპარაკებოდა.
ამ ფონზე, ამოღების სამსახური ისეთია, რომ ტაშს ვერავინ დაგიკრავს და სიხარულით ვერავინ გაგათიშინებს ბუნებრივ აირს, ხომ მართალია? ვიღაცას არ მოსწონხარ, ვიღაც გლანძღავს, გაგინებს და ა. შ. ხომ ხვდებით, მუდმივად შეხლა-შემოხლაა. მე რთული სამუშაო მქონდა, თქვენ წარმოიდგინეთ, "სვარშიკებთან" ერთად დავდიოდი ჩაჭრებზე; ათასხუთასიან, ორიათასიან და მსგავს დიდ ვალებზე. იქ ისეთი გაწევ-გამოწევა ატყდებოდა, რომ ამბრაზურასავით შუაში ვიდექი, რომ "სვარშიკისთვის" ხელი არ დაერტყათ. მაინც ქალი ვიყავი და ამათთვისაც მაშინ ხომ კაი გოგო ვიყავი?
ამ ლიდერშიპის პირობებში, რაც ბიზნესცენტრში გადმოვედით (გია ბენაშვილი წავიდა), პირველი საყვედური მომცეს. არადა, ჯერ არის შენიშვნა, შემდეგ საყვედური, მერე სასტიკი საყვედური და ბოლოს გაშვება. საყვედური კი აბსოლუტურად დაუმსახურებლად მომცეს.
_ მაინც, რა მოხდა?
_ წარმოიდგინეთ, ოფისში ვარ და სამუშაოს ვანაწილებ, რომ წავიდნენ და ამოღების თვალსაზრისით იმუშაონ. ოპერატორი ორია, _ ერთი დიდუბეს ემსახურება, მეორე _ დიღომს. ერთი ავადმყოფობდა და სამსახურში ადგილზე არ იყო, ამიტომ მეორე ოპერატორი პასუხებს ვერ აუდიოდა, _ ათასი საჩივარი, რეკვა და ა. შ. გარბოდა-გამორბოდა და გეხვეწები, იქნებ, შენ უპასუხოო.
_ ვუპასუხებ, ნუ ნერვიულობ-მეთქი და ავიღე ტელეფონი. აღმოჩნდა კაცი, რომელსაც წინა დღეს გაზი გავუთიშეთ გარეთ გამოტანილ მრიცხველზე. წესი გვაქვს: მე პირადად მთელ რაიონში (უფასო ნომერი მქონდა ჩართული) ვრეკავდი, სამი დღით ადრე აბონენტებს ვაფრთხილებდი, _ ხალხო, ჩვენი პრიორიტეტი არ არის, რომ ხუთი ლარით მეტი გადაგახდევინოთ, იქნებ, გადაიხადოთ, რომ მერე არ დაგაჯარიმონო.
ის კაცი კი ყურმილის მეორე ბოლოდან გვაგინებს, _ ფეხებს, ხელებს დაგამტვრევთ, ხომ გამითიშეთ და ამის გამო დედას გიტირებთო. ფლეშ-მეხსიერებაზე მაქვს ეს ყველაფერი დაფიქსირებული. _ როგორც გათიშეთ, ისე ჩართეთო და ა. შ.
ვუთხარი, _ ბატონო, დაწყნარდით, თუ ჩართული არ არის, ბოდიშს გიხდით, ახლავე ზეინკალი ამოვა და ჩაგირთავთო. გავუშვით, მივიდა ეს კაცი და... _ ქალბატონო ნინო, გაზი ჩართულია, მე რაღა უნდა ჩავრთოო?.. მერე ეს კაცი მოტრიალდა და, _ ვაიმე, ბოდიში, ტყუილად ვილანძღე, თურმე, ჩართული ყოფილაო. წარმოიდგინეთ, ზეინკალი დიღმის მეხუთე კვარტლიდან ვაშლიჯვარში ფეხით ავიდა და ასეთი პასუხი მიიღო.
ამის გამო მე ცხელ ხაზში დავრეკე და ვუთხარი, _ ხალხო, ეს ტყუილი განგაში იყო და აღნიშნეთ, რომ სინამდვილეში ეს პრობლემა არ ყოფილა-მეთქი.
თურმე, როგორ გავბედე და ცხელ ხაზზე დავრეკე?! რეალურად, მიზეზზე იყვნენ. ამაზე მე და ოპერატორ გოგონას საყვედური მოგვცეს, რომელიც ხელფასის 15%-ით მოკლებას ითვალისწინებს. ისეთი გაოგნებული ვიყავი, რომ სპეცმმართველთან შეხვედრა მოვითხოვე, რადგან ხელში ჩანაწერი გვიჭირავს და სიმართლეს ვერ ვამტკიცებთ. ამ დროს სპეცმმართველს საერთოდ არ აქვს მიღების საათები.
გეფიცებით, გიორგი კვირიკაშვილთან უფრო ადვილად მოხვდება ადამიანი, ვიდრე კომპანიის სპეცმმართველ ნინო თურმანიძესთან. დავწერე განცხადება, ერთი კვირის შემდეგ მომივიდა წერილი, რომ ბიზნესცენტრში მობრძანდითო, ცენტრალურში, მიცკევიჩზე.
მივდივარ და ვინმე ელისო დოლაკიძე მხვდება. მასთან რა საქმე მაქვს? მას არ ვცნობ და, რეალურად, მოსმენების სამმართველოს უფროსს ვუწოდებ. "ოდეერი" აღარ გვყავს, გაუშვეს და ეს დამტკიცებული ფაქტია. სამაგიეროდ ჰყავთ ეს ქალი, რომელიც საიდან აღმოცენდა, არავინ იცის.
მარტივად გეტყვით, თუ რატომ არ ვენდობი ამ ქალს. მისი რეალური საქმიანობა კი ყოველდღიური მოსმენებია, მეტი საქმე არ აქვთ.
_ და ვის უსმენენ?
_ ცხელი ხაზის ზარებს უსმენენ, თუ ვისზე რას იტყვიან და ამ ზარებზე ცალკე მოგახსენებთ.
დოლაკიძესთან მე რა შეხება მაქვს? არ ვიცი, რა პროფესიისაა, კადრებში როგორ აღმოჩნდა და სხვ.
ამასთან, იმდენად უჭირს კადრების შერჩევა, რომ ორი ნარკოდამოკიდებული შემოგვიგზავნეს ბიზნესცენტრში სამუშაოდ. ერთ-ერთს, ქალს ზეზეურად ეძინა, არ ვიცი, რა ტრანკვილიზატორებს სვამდა. მეორე ისეთ კაიფში იყო ხოლმე, რომ დილაობით სამსახურში დავლურს უვლიდა შუაგულ ბიზნესცენტრში.
მერე სიტუაცია რომ დაიძაბა და მივხვდით, თუ რა სჭირდათ, ბიზნესცენტრის მენეჯერმა მათი სამსახურიდან გაშვება მოითხოვა. კადრებს ვერ არჩევენ.
_ ადმინისტრაციის უფროსთან რაზე ისაუბრეთ?
_ ავუხსენი, რომ ჩემი სიმართლის დამამტკიცებელი საბუთი მაქვს და აბსოლუტურად მართალი ვარ. ვკითხე, ჩემი დანაშაული რა არის-მეთქი? ოფიციალურად მეუბნება, _ დანაშაული ის არის, რომ თქვენ ცხელი ხაზის ზარს უპასუხეთო.
მერე კადრებში ამ საყვედურზე ხელი ხომ უნდა მომეწერა? ჩავიხედე, შიგნით რა ეწერა. ის კი არა, რომ მე ცხელი ხაზის ზარზე არ უნდა მეპასუხა აბონენტისთვის, არამედ ეწერა, რომ საყვედური აბონენტთან არაკორექტული დამოკიდებულების გამო მივიღე. არანაირი მსგავსი დამოკიდებულება არ ყოფილა. პირიქით, იმ კაცმა თავზე გადაგვიარა, ისეთი სიტყვები გვიძახა. ხომ ვამბობ, თანამშრომელი ადგილზე გავუშვით, მერე ბოდიშებიც მოგვიხადა და ამის დამამტკიცებელი საბუთები არსებობს.
რა ვქნა, ჩემს უკან იდგა შვილიშვილი, რომელსაც უდედოდ ვზრდი. მთელმა ჩემმა სამეგობრომ და "ყაზტრანსგაზმა" იცის, რომ უმძიმეს მდგომარეობაში ვარ. 2006 წლიდან ქირით ვცხოვრობ. ვშრომობდი და ქირას ვიხდიდი, ჩემს შვილიშვილს ვარჩენდი.
მოკლედ, საყვედური მივიღე, რაც ხელფასის 15%-ით დაკლებას ითვალისწინებს. ძალიან მაინტერესებს, ეს 15%, ასევე სასტიკ საყვედურზე გადახდილი 30%, სად მიდის, ვის ჯიბეში ილექება? ასეთი სულელური გადაწყვეტილებების გამო თანამშრომლებს ფული რომ აკლდებათ, მერე სად მიემართება? ესეც აუცილებლად დასადგენია.
გარდა ამისა, შემდგომი 6 თვის განმავლობაში პრემიას ვერ ვიღებდი. რაიონი მუშაობით პირველ ადგილზე გამყავდა და პრემიას ავიღებდი. მოვიდა ზამთარი, იანვარი და პრემიის დრო. დავწერე განცხადება მინისტრ კახი კალაძის სახელზე. მანამდე ნოემბერში მომცეს ეს საყვედური. მინისტრს მივწერე, რომ, ალბათ, საყვედური სწორად მომცეს და იქნებ, ჩემი ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით დამეხმაროთ, რომ მე და ჩემი ობოლი შვილიშვილი ახალ წელს ღირსეულად შევხვდეთ-მეთქი. აღმოჩნდა, რომ მარტო მე კი არა, ყველა საყვედურიანებს პრემიის 80% მაინც მოგვცეს. სხვებს ასპროცენტიანი პრემია მისცეს. მადლობა, მაგრამ ის 20%-იც ჩემთვის საჭირო იყო და ამას ვიმსახურებდი.
ყველაზე მთავარი, უკვე მიხვდი, რომ მებრძოდნენ.
_ რას გულისხმობთ?
_ მოგეხსენებათ, საშინელი ამბავი, რაც ჩემს მეგობარს დაემართა. ნინო დიდებულიძე მყავს ბავშვობის მეგობარი, რომელსაც ერთ წელიწადს შვილი, რძალი და შვილიშვილი ავარიაში დაეღუპა; მერე ზუსტად წლისთავზე ოქროპირიძემ შვილი ვაკეში ჩაუცხრილა. ეს იყო ძალიან გახმაურებული ლაშა მახარაძის პროცესი.
სამსახურის გამო მთელი წელიწადი ვერც ერთ სასამართლო სხდომას ვერ დავესწარი. მარტო იყო ეს ქალბატონი, თავს ცუდად გრძნობდა და მითხრა, _ ნინო, იქნებ, წამომყვეო. ოფიციალურად გავეთავისუფლე, დავწერე, რომ უნდა წავიდე და მეგობარს გვერდში დავუდგე-მეთქი.
სასამართლო პროცესზე რომელიღაც ტელეკომპანიამ, თუ არ ვცდები, "რუსთავი 2"-მა ჩემგან ინტერვიუ აიღო. უბრალოდ მკითხეს, რა აზრის ხართ ამ პროცესში ნაფიცი მსაჯულების შესახებო. მარტივი პასუხი გავეცი, რომ, ჩემი აზრით, ეს საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა არ უნდა გადაწყვიტონ და საკმაოდ კომპეტენტურმა სასამართლომ, მოსამართლემ უნდა განიხილოს-მეთქი, რადგან ეს ამ ბიჭთან დაკავშირებით პირველი დანაშულებრივი შემთხვევა არ იყო.
თურმე მაშინვე სამსახურიდან ჩემს გაგდებას აპირებდნენ, როგორ თუ იქ გამოვჩნდი. მერე კომპეტენტური ხალხი ჩაერია, საკითხი განიხილეს და მიხვდნენ, რომ მე იქ რაიმე პოლიტიკური განცხადება არ გამიკეთებია. ეს იყო ჩვეულებრივი განცხადება, რაზედაც სრულიად საქართველო შეძრწუნებული იყო. იმ ერთი დღით სამსახურიდან განთავისუფლებული ვიყავი, უფროსს ვთხოვე, სასამართლოზე მივდივარ-მეთქი.
მაშინ მივხვდი, რომ მებრძოდნენ და ვიღაცებს ყელზე ვადექი.
_ იანვრის მერე როგორ გაგრძელდა პროცესი?
_ ეს ჩემი მენეჯერი ვაკეში გადაიყვანეს და მე ისევ იმ რაიონში დავრჩი. მოიყვანეს მშვიდი, წყნარი ახალი მენეჯერი, რომელთან ერთადაც უსაფრთხოების სამსახურში ვმუშაობდი. საქმე ჩვეულებრივად მიდიოდა.
მოხდა ასეთი შემთხვევა, როდესაც აბონენტთან გასვლა მომიხდა. 17-ში გადახდის ბოლო ვადა იყო და 23-ში ადგილზე მისვლა მომიწია წერეთლის გამზირზე გაზის გასათიშად. ეს უკვე ახლა, თებერვალში ხდება.
ვადროვე, იქნებ, 23-ში მაინც გადაიხადოს-მეთქი. რახან გადახდილი ისევ არ იყო, იძულებული გავხდი, გაზი გამეთიშა. ამის შემდეგ ჩამოვედი, ორ კორპუსს შორის დერეფანივითაა, იქ ჩამოვჯექი და ჩემს თანამშრომელს ვუთხარი, _ არ დაგიმალავ, ამ მეგრელებს რა ვუთხარი, სადაც გადავეყარე, ყველგან სისხლი გამიშრეს-მეთქი. ასეც იყო.
სხვანაირად არ ჩამითვალოთ კუთხურობაში, ქმარი მეგრელი მყავდა და შვილიც მეგრელი მყავს, მაგრამ, უბრალოდ, სადაც კი წავაწყდი, ყველგან სწორედ მათ გამაგიჟეს. ვიღაც კაცი გამოხტა, მასთან აბსოლუტურად საქმე რომ არ მქონდა და ჩხუბი დამიწყო, _ შენ, ეი, მეგრელებს რატომ ლანძღავო?
აი, ეს ამბავი სიტყვა-სიტყვით "ყაზტრანსგაზში" მიიტანეს. ვიღაცამ მიჩივლა, დაწერა, რომ ვიღაცები მოვიდნენ, გაზი ჩაჭრეს და თან მეგრელებს აგინებდნენო. ჯერ ერთი, დემოკრატიულ ქვეყანაში ვცხოვრობ და გარეთ ქუჩაში ვის შესახებ რას ვიტყვი, ეს ჩემი საქმეა. პარლამენტში გამოდინ და ერთმანეთზე რას არ ამბობენ, მე ვინ ამიკრძალა თავისუფალი საუბარი?
_ "ამბის მიტანის" შემდეგ რა მოხდა?
_ მიბარებს ჩემი უფროსი, _ ახსნა-განმარტება დაწერე, რა მოხდაო. დავწერე, რისი მოწმეც ჩემი თანამშრომელი გოგონა იყო, _ ქუჩაში რამეს მეგრელებზე ვიტყვი, სვანებზე, კახელებზე თუ ქისტებზე, ეს არავის საქმეა.
_ რეაგირება რა იყო?
_ სამსახურიდან გამიშვეს. არანაირი საყვედური და სხვ. ახლა, 2 მარტს ახსნა-განმარტება დავწერე. ცენტრის უფროსი ზურა ღირსიაშვილი წყნარი კაცია, 6 შვილის მამაა და თავის საქმეს პატიოსნად აკეთებს. მან გადასარევად იცის, რომ არაფერ შუაში ვარ, მაგრამ იმას აკეთებს, რასაც უბრძანებენ.
დავწერე ახსნა-განმარტება და მგონია, რომ ახლა სასტიკ საყვედურს მომცემენ. თუმცა, სწორად გამიგეთ, ამასაც არ ვიმსახურებ. სამში ხომ დედის დღეა. ორში კადრებიდან მირეკავენ და მეუბნებიან, რომ იცით, ხელშეკრულება შეგიწყვიტეთო. _ ხალხო, ასე ერთპიროვნულად გადაწყვეტილებას რატომ იღებთ-მეთქი?
ვუკავშირდები უსაფრთხოების უფროსს, კაცი ტელეფონის ზარებზე არ მპასუხობს. ვითხოვ, ვიღაც მაინც შემხვდეს; _ ახსნა-განმარტება დავწერე და იქნებ, მეც მომისმინოთ-მეთქი. ჩემს თანამშრომელსაც მოუსმინონ და ა.შ. რეაქცია ნული იყო.
მერე ჩემმა ახლობლებმა მირჩიეს, რომ სამსახურიდან გაშვების ბრძანებას ხელი არ მოაწეროო. ორი დღე მირეკავდნენ, _ მოდი, ხელი მოაწერეო. მივედი და კომპანიაში არ შემიშვეს. ერთმანეთს ურეკავდნენ, _ მოვიდა, მოვიდაო. ჩამოვიდა კომპანიის ერთ-ერთი თანამშრომელი, მზია სეხნიაშვილი, ჩამომიტანა ეს ბრძანება და რაღაცნაირი სახით დგას და მიყურებს.
ვუთხარი, _ მზია, მე ამას ხელს არ მოვაწერ-მეთქი. მიმაჩნია, რომ ეს კანონიერად არ მოხდა და ამიტომ სამართლებრივად ვიბრძოლებ-მეთქი. მოსმენების სამმართველოს უფროსს, ელისო დოლაკიძეს გადაეცი, რომ ცოტა კარგად მოისმინოს და შერჩევითად ნუ აკეთებს იმის მიხედვით, რაც აწყობს და რაც არა-მეთქი.
სხვა დარღვევებზე მინდა გესაუბროთ, რაც დღეს "ყაზტრანსგაზში ხდება" _ წარმოიდგინეთ, ყბადაღებული თემაა: ააშენეს ახალი კორპუსები, ჩაბარდა და გამრიცხველიანების ფასი, 400 ლარი არის გადასახდელი, საიდანაც ორას ლარს ნაღდ ფულს აბონენტი იხდის და მეორე 200 ლარი ხელშეკრულებაში იყო ჩადებული. თუ "ყაზტრანსგაზის" მიერ ეს პირობები დაირღვეოდა, ორასი ლარი აღარ უნდა ყოფილიყო გადახდილი. იქ კონკრეტულ ვადებზე გახლდათ საუბარი.
ძალიან მზარდი რაიონია დიღომი და თითქმის ყოველ მესამე დღეს ახალი კორპუსები ბარდებოდა თავისი გაზიფიკაციით. რა გამოდის? _ ამ ხალხს 200 ლარი ხომ აქვს გადახდილი, 6-7 თვის განმავლობაში მათი გაზიფიცირება არ ხდებოდა და მე რომ ეს ვალში ამომდის, ზამთარია, ზოგს 200-300 ლარის ვალი აქვს და ხომ უნდა გავთიშო?
აქედან მუშტების ქნევის ხმა ისმის, _ გათიშეთ, გათიშეთ! აღმოჩნდა, რომ თურმე ეს ხალხი არაფერშია დამნაშავე, რადგან ხელშეკრულება დარღვეულია. მომხმარებელი პატიოსნად იხდის მოხმარებული ბუნებრივი აირის საფასურს, მაგრამ ეს იმ გაზიფიკაციას აკლდება და ჩვენ ისევ მუშტებს გვიბრახუნებენ, რომ უნდა გავთიშოთ. ის ხალხიც ადგა და ამაზე სემეკში ყოველდღე საჩივრები შედიოდა.
ვინც ამ გაზიფიკაციის საკითხებს კურირებდა, ვითომ გაუშვეს და მერე ისევ უკან დააბრუნეს.
სხვათა შორის, კორუფციის ჭაობში ჩაძირულ გიორგი ლეფსვერიძეს თავისი შპს-ები (სხვის სახელზე გაფორმებული) აქვს, რის უფლებაც არ გააჩნია. ადრე გაყრილი თავისი ძმაკაცები მოჰყავს ისევ ამ შპს-ების უფროსებად, ვისაც ეს გაზი გაჰყავს.
მოხდა ასეთი შემთხვევა: ვიღაცამ რომელიღაც აბონენტს ფულის სანაცვლოდ "ლევი", უკანონო მოხმარება გაუკეთა. ამბავი ისე გასკდა, რომ ვიღაც აუცილებლად უნდა დაესაჯათ. ვითომ იმ შპს-ს უფროსი გაუშვა, ხელშეკრულება შეუწყვიტა. და მთავარი ინჟინერი, რომელსაც ამ ზეინკლების გაკონტროლება ევალებოდა, სამსახურიდან კი არ გაუშვეს, სხვა უწყებაში გადაიყვანეს.
ასევე როცა მრიცხველებზე ეჭვი გვიჩნდება, ვხსნით და ლაბორატორიაში ვუშვებთ, სადაც ის ჯარიმდება. მაგრამ ხშირ შემთხვევაში, სურვილისამებრ, ის ან ჯარიმდება, ან _ არა. ჯერჯერობით გვარსა და სახელს არ ვამბობ და შემდგომში თუ საჭირო გახდება, ამასაც ვიტყვი.
ერთ-ერთი აბონენტი მოვიდა და გამოგვიცხადა, _ მე ჯარიმას ვერ დამიწერთ, ცენტრალურში ისეთი ადამიანი მყავს, რომ ამას ვერ გამიკეთებენო. ამ ქალს დღესაც დიდი ჯარიმა, სულ საჯარიმო მრიცხველი ჰქონდა. ანუ ისეთი კაცის სახელი ახსენა, რომ... აქაც სურვილისამებრ ზოგზე ჯარიმა იწერებოდა და ზოგზე არა, როგორც ხდება ხოლმე, ზარი ახლობელთან და ა.შ.
რაც შეეხება ჩემს ე. წ. არაკორექტულ გამონათქვამებს აბონენტებისადმი, აგერ მოგიტანეთ ქალბატონი მაისურაძის მიმართვები ცენტრის უფროსების მიმართ. ამხელა სამსახურის, მარკეტინგის უფროსი თუ როგორ ელაპარაკება თანამშრომლებს.
მარკეტინგის სამსახურის უფროსის (ყოფილი ოპერატორი) სამუშაო დღე მესიჯებით, გრძნობამორეული ლექსებით იწყება, ასეთი მიმოწერით ცენტრის უფროსებთან, რასაც წარმოგიდგენთ:
_ სასწრაფოდ მჭირდება ამაზე პასუხი, ვინც არ გამომიგზავნა, გაანძრიოს ერთი ადგილი. მარკეტინგის უფროსი ამას ცენტრის უფროსებს სწერს, რომ ერთი ადგილი გაანძრიონ. უკაცრავად და ეს ნორმალური მიდგომაა?
_ ფეხებზე უნდა დაგეკიდებინათ, დაიკიდეთ! _ სულ ასეთი ტექსტების რახარუხია.
და ეს მიმითითებს, რომ თურმე კორექტული უნდა ვიყო ისეთი ხალხის მიმართ, ვინც მაგინებს, მცემს, მაფურთხებს?!.
ასევე ყბადაღებულია საჯარიმო 5 ლარისა და 20 თეთრის თემა. კერძოდ, როდესაც აბონენტს ვთიშავ, ხუთ ლარსა და ოც თეთრს ვაკისრებ. სად მიდის ეს ფული, ესეც უცილობლად გასარკვევია.
_ მაინც, სად მიდის?
_ არ ვიცი, მე რომ ეს ვიცოდე, კითხვის ნიშანსაც არ დავსვამდი. ეს თემა სრული სიბნელით მოცულია. არ უთხრათო რომ ეს ჯარიმააო, _ გვეუბნებოდნენ. აბა, რა ვუთხრა აბონენტს, რომ ეს ხუთი ლარი და ოცი თეთრი ჩემს ჯიბეში მიდის? ლუქის თანხაა? მაგრამ ეს ლუქი 27 თეთრი ღირს. როგორ შეიძლება ამხელა ჯარიმის დაკისრება და სად მიდის ეს ფული, მეც ძალიან მაინტერესებს!
_ თვითონ გეუბნებოდნენ, რომ აბონენტებისთვის არ გეთქვათ ამ თანხის მიზნობრიობის შესახებ?
_ დიახ, ამაზე აბონენტებს არაფერი უთხრათო. ლიდერშიპიდან მოდის ეს მითითება. ჩვენ რეალურად ცხვრის ფარა ვართ და ასეთ შემთხვევაში აბონენტს რა უნდა ვუთხრათ, ესეც კი არ ვიცით.
ამიტომ მაქვს უფლება ვიკითხო, ეს 15%, 30%, რომელსაც თანამშრომლებს ხელფასიდან აჭრიან, ასევე 5 ლარი და ოცი თეთრი სად მიდის? ეს პროცესი წინა ხელისუფლებიდან დაიწყო, დღეს ხომ სხვა რეჟიმია და ისევ გაურკვეველია, სად მიდის რეალურად ეს ფული.
რეალურად, ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ისევ მიშას პერიოდში ვცხოვრობ. ერთ-ერთი ცნობილი ნაციონალი, რომელიც წინა ხელისუფლების დროს ყველაფერს განაგებდა "ყაზტრანსგაზში" (არ მინდა მისი ვინაობის დასახელება, თვითონ ყველაფერს მიხვდება) ახლა "გირჩში" არის წარმატებით გადაბარგებული. ასე მგონია, რომ ისევ ის უნდა გამოვიდეს საიდანღაც კაბინეტიდან. მოკლედ, ხელმძღვანელობაში აბსოლუტურად იგივე ლიდერშიპი ზის.
_ რას ითხოვთ?
_ ყველა ინსტანციაში ჩივილს ვაპირებ. პირველი "ინსტანცია" ხარ, სადაც ჩემი საჩივრით მოვედი. ხაზს ვუსვამ, პოლიტიკურ განცხადებებს არ ვაკეთებ. არანაირ პოლიტიკურ პროცესთან შეხება არ მაქვს. ვარ ძალიან მძიმე მდგომარეობაში. შეიძლება უმუშევარი არ დავრჩე, რადგან საკმაო განათლება მაქვს, ცოტა სხვანაირ ოჯახში ვარ გაზრდილი,
მაგრამ ჩემი ღირსების აღდგენას ვითხოვ, რადგან სრულიად უკანონოდ, ყველაფერზე გადაბიჯებით გამიშვეს სამსახურიდან. ვგულისხმობ შრომის კოდექსის ელემენტარულ დებულებებს და დასაქმებულთა უფლებებს. მით უმეტეს, ახლა დიდი აჟიოტაჟი არის ატეხილი ქალთა უფლებების დაცვაზე.
საჩივარს ყველა ინსტანციაში შევიტან: ომბუდსმენთან, ახალგაზრდა იურისტებთან და სხვ. ქალბატონ დოლაკიძეს მივუთითებ, _ თუ არ ამოიღებენ ცხელი ხაზის ჩანაწერებს (სამხარაულის ლაბორატორიაში ეს შესაძლებელია, თანხას მე გადავიხდი), გამოდის, რომ ცხელი ხაზის ზარებს შერჩევითად უდგებიან. თუ მე ვარ ცუდი, მაშინ სხვა ზარებიც შეამოწმონ.
ოფიციალურად ვითხოვ, რომ კომპანია გაათავისუფლონ ისეთი ნაძირალებისგან, როგორიც დღევანდელი ლიდერშიპია. ვაცხადებ, რომ კომპანია იღუპება, ჩაძირვის პირასაა. ხმის მიწვდენა მინდოდა კახა კალაძისთვის, მაგრამ მისი ადმინისტრაციის უფროსმა მესიჯზე არ მიპასუხა.
მაგ ნაძირალებთან ერთად მუშაობას გავაგრძელებ თუ არა, ეს ჩემი გადასაწყვეტია. უფრო არ გავაგრძელებ, მაგრამ ზოგადად ვითხოვ სამართლიანობის აღდგენას და იმ უკანონო გადაწყვეტილების შეცვლას. იურისტებთან კონსულტაციებს გავივლი, თუ რა სამართლებრივი გზა იქნება შერჩეული. მადლობა "ქრონიკა+"-ს, რადგან არ ხართ მხარე.
და კიდევ, ეს ცხოვრება კიბეა, არავინ იცის, რომელ საფეხურზე ვის რა დაემართება. ამიტომ მოვუწოდებ ნინო თურმანიძეს, კომუნიკაცია მოახდინოს თავისსავე თანამშრომლებთან, რადგან კაცმა არ იცის, იქნებ, ბოლოს, თავის მაღალმთიან აჭარაშიც მოუწიოს წასვლა და მერე იმ ხალხისთვის თვალებში ჩახედვის არ უნდა შერცხვეს.
თურმანიძე იმ თანამშრომლებს უნდა შეხვდეს, ვისზეც კომპანია დგას, ვისი დაუღალავი შრომითაც ისინი `მერსედესებს~ ყიდულობენ და ნაირნაირ რესტორნებში ყოველდღე დაჰქრიან. ჩვენ ოჯახების გამოსაკვებად თვიდან თვემდე მაღაზიებში ვალებს ვიღებთ და კეთილი ინებონ, კომპანიის თანამშრომლებს შეხვდნენ, მოუსმინონ. სულ მათი დრო არ იქნება.
ასევე, კომპანიას საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი არ გააჩნია. ამას წინათ დიდუბეში, ქუთაისის ქუჩაზე, ბუნებრივი აირისგან გაიგუდნენ. როდესაც ტელევიზიას ინტერვიუს აღება სურდა, გაოგნებული ვიყავით, არ ვიცოდით, ვისთვის მიგვემართა. ტელეკომპანიას ვერავინ ვიღებდით, არავინ იცოდა, ვის რა პასუხი გაეცა.
გელა მამულაშვილი