QronikaPlus
ალაზნის გაღმა დარჩენილი საქართველო!

ალაზნის გაღმა დარჩენილი საქართველო!

2016-03-19 08:59:57

„რამდენიმე წელიწადია, მდინარე ალაზანი საქართველოს მხარეზე ნაპირებს რეცხავს და ანგრევს. მდინარის ყოველ წყალუხვობას ათობით ჰექტარი მიწის ჩამოჭრა მოსდევს. კავკასიის გარემოსდამცველი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის მონაცემებით, ეროზიის შედეგად, ალაზნის პირას სახნავ-სათესი მიწების ფართობი, ბოლო 15-20 წლის განმავლობაში, მნიშვნელოვნად შემცირდა, ამიტომ კიდევ უფრო გართულდა საზღვრისპირა ფერმერების მდგომარეობა ერისიმედიდან სამთაწყარომდე მონაკვეთში“, _ ამ საკითხზე „ქრონიკა+“-თან საქართველოს სოფლის მეურნეობის მუშაკთა პროფესიული კავშირის ხელმძღვანელმა, ირინე ფხოველიშვილმა ისაუბრა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქმე გვაქვს სახელმწიფო მიწების ინტენსიურ დაკარგვასთან, ქართული მხარე არ რეაგირებს დაკარგული ტერიტორიების დასაბრუნებლად. ირინე ფხოველიშვილი: _ სახელმწიფო საზღვრის 19.6% 23 დიდ და პატარა მდინარეზე გადის, აქედან მდინარე ალაზანზე მოდის ყველაზე გრძელი მონაკვეთი და საქართველო-აზერბაიჯანის თანამედროვე საზღვრის 40.2%. საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ ამ უბანზე საქართველო-აზერბაიჯანის ადმინისტრაციულმა საზღვარმა მდინარე ალაზანზე გადმოინაცვლა და იგი უბრალო გამიჯვნის პრინციპით გატარდა. შემდეგ, ამიერკავკასიის რესპუბლიკების ხელმძღვანელთა კონფერენციაზე შეთანხმების ხელმოწერის შედეგად, საქართველოს საზღვრის სტატუსი მიიღო. აქედან გამომდინარე, ისინი ტერიტორიის სამეურნეო დაყოფის საფუძველზეა გატარებული, რის გამოც მათი მდებარეობა ადგილზე დაზუსტებული არ არის და ხშირად გაუგებრობის მიზეზი ხდება. იქიდან გამომდინარე, რომ, თავის დროზე, საზღვრის ხაზად, ზოგადად, მდინარე ალაზანი იყო მითითებული, ხოლო მისი მდებარეობა სადელიმიტაციო შეთანხმებაში კოორდინატებით არ იყო დაფიქსირებული, კალაპოტის ცვლილება ხშირად იწვევდა მეზობელ ქვეყნებს შორის ტერიტორიულ უთანხმოებებს. სხვადასხვა დროს შედგენილი ტოპოგრაფიული რუკების შედარება, ასევე სატელიტური გადაღების სურათების დათვალიერება და ადგილზე ჩატარებული კვლევები ცხადყოფს, რომ საქართველოსთვის ტერიტორიული დანაკარგები გაცილებით მეტია, რაც განპირობებულია ტერიტორიის ფიზიკურ-გეოგრაფიული თავისებურებებით. სასაზღვრო პოლიციის მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის  სიგრძე აზერბაიჯანთან 446 კილომეტრია. ორ ქვეყანას შორის საზღვარი დადგენილი არ არის მიუხედავად იმისა, რომ ორი ათეული წელია, საზღვრების სადელიმიტაციო ორმხრივი სამთავრობოთაშორისო  კომისია მუშაობს. სადავო ტერიტორიებად რჩება დავით გარეჯი და სოფელი ერისიმედი. ამ ტერიტორიების გარდა, აზერბაიჯანს მიტაცებული აქვს საქართველოს ტერიტორიის დაახლოებით 200-მდე ჰექტარი. _ რა არის ტერიტორიის მიტაცების მიზეზი? _ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის 190 კილომეტრი მდინარე ალაზანზე გადის, რომელსაც გავაკების შემდეგ ახასიათებს კარგად გამოხატული მეანდრირება. რამდენიმე ნახევარკუნძული ხმელეთს 40-70-მეტრიანი მიწის მონაკვეთით (მეანდრის ყელი) უკავშირდება. მას ალაზანი გარშემო უვლის. მეანდრის ყელს მარჯვენა და მარცხენა მხრიდან ტალღები ეხლება და თანდათან საფუძველს აცლის. მეანდრირება საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის მონაკვეთზე განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. სოფელ ერისიმედის მიმდებარე ტერიტორიაზე ალაზანმა მეანდრის ყელი გააკეთა და ახალი კალაპოტი გამოიმუშავა. შედეგად, ორ საბჭოთა რესპუბლიკას შორის არსებული საზღვარი, რომელიც ტოპოგრაფიულ რუკებზე მდინარის კალაპოტის ღერძზე გადიოდა, გადაადგილებული აღმოჩნდა, ხოლო მდინარე ბელაქანჩაის კალაპოტი არხის მეშვეობით ალაზანს შეუერთეს. ნამეანდრალის ზედა ნაწილში აზერბაიჯანული სოფელი გაშენდა, ქვედა ნაწილში _ სოფელი ერისიმედი, რომელშიც აჭარიდან გადმოსახლებული ეკომიგრანტები დაასახლეს. რამდენიმე წელია, მდინარე ალაზანი საქართველოს მხარეს ნაპირებს რეცხავს და ანგრევს. მდინარის ყოველ წყალუხვობას მოსდევს ათობით ჰექტარი მიწის ჩამოჭრა. კავკასიის გარემოსდამცველი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (ჩENN) მონაცემებით, ეროზიის შედეგად, ალაზნის პირას სახნავ-სათესი მიწების ფართობი, ბოლო 15-20 წლის განმავლობაში, მნიშვნელოვნად შემცირდა, ამიტომ კიდევ უფრო გართულდა საზღვრისპირა ფერმერების მდგომარეობა ერისიმედიდან სამთაწყარომდე მონაკვეთში. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ეროზიის პრობლემა მდინარე ალაზანს რამდენიმე ათეული კილომეტრის მანძილზე გასდევს და მისი აღმოფხვრა დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. მართალია, ეროზია მდინარის ბუნებრივი პროცესია, მაგრამ ამ პროცესში, სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყანა წაგებულ მდგომარეობაშია მეზობელთან როგორც ბუნებრივი, ისე ფინანსური და სახელმწიფოებრივი დამოკიდებულების გამო. _ კონკრეტულად? _ კერძოდ: აზერბაიჯანის მხარეს კავკასიონიდან მეტი წყალუხვი მდინარე გამოდის, მეტი ნაშალი მასალა გამოაქვს და ალაზანს აიძულებს, ჩვენს მხარეს გადმოადგილდეს. თითო მეანდრაში რამდენიმე ათეული ჰექტარი შედის და, საერთო ჯამში, ალაზნის გადმოადგილების გამო აზერბაიჯანის მხარეს დარჩენილი ტერიტორია ასობით ჰექტრამდეა; ბუნებრივად ჩამოტანილ ნაშალ მასალასთან ერთად კალაპოტის შეცვლას ყოველთვის ახლავს აზერბაიჯანული მხარის ინტენსიური მუშაობა, რათა ქვა-ღორღითა და სხვა ნარჩენი მასალით ხელოვნურად გაამაგრონ მარცხენა სანაპირო, რომ მდინარე არასოდეს აღარ დაუბრუნდეს ძველ კალაპოტს; ყოველი მიტაცებული ტერიტორიის ათვისებისთვის აზერბაიჯანული მხარე  ფერმერებს ახალისებს, რათა უმოკლეს ვადაში ააშენონ ფერმა, ან რაიმე ნაგებობა; მიუხედავად იმისა, რომ საქმე გვაქვს სახელმწიფო მიწების ინტენსიურ დაკარგვასთან, ქართული მხარე არ რეაგირებს დაკარგული ტერიტორიების დასაბრუნებლად; უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში ალაზნის ჭალის ტყეებმა, როგორც საქართველოს ტყის ფონდმა, დიდი ზარალი განიცადა. მისი ეკოლოგიური ღირებულებები ძალიან დიდია, რადგან მდინარის პირას არსებული ჭალის ტყეები წყლის რეჟიმს არეგულირებენ, ხელს უშლიან უეცარ წყალმოვარდნებს და ბუნებრივი ჯებირებისა და წყლის ტუმბოს ფუნქციას ასრულებენ. არ ხდება ჭალის ტყეების აღდგენა, რაც მცირედით მაინც შეაჩერებდა ნიადაგის ჩამოშლის პროცესს; სახელმწიფოს არ აქვს შემუშავებული სასაზღვრო ზოლში დასაქმებული ფერმერების ეკონომიკური გაძლიერებისთვის სპეციალური პროექტები და მათ ხელს არ უწყობს. როგორც ცნობილია, საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთში ინტენსიურად ინგრევა მდინარე ალაზნის მარჯვენა სანაპირო. ბოლო პერიოდში მოსული ჭარბი ნალექის გამო მდინარისმიერი ეროზიული პროცესების შედეგები კატასტროფულია.  ყოველდღე ვკარგავთ მიწებს, საშიშროების წინაშე არიან ფერმერები, რომლებსაც მიწები და ფერმები აქვთ მდინარე ალაზნის მიმდებარე ტერიტორიაზე, საფრთხე ექმნება ელექტროგადამცემ ხაზებს. ეროზია მდინარის ბუნებრივი პროცესია. საერთაშორისო სამართალში გათვალისწინებულია „ესტოპელას“ პრინციპი, რომლის თანახმადაც, როცა სახელმწიფო რამდენიმე წლის განმავლობაში ფლობს სხვა სახელმწიფოს ტერიტორიებს, ამუშავებს და იყენებს მას და ამაზე ის სახელმწიფო, რომელსაც ეს ტერიტორიები იურიდიულად ეკუთვნის, პრეტენზიას არ აცხადებს, სახელმწიფოს, რომელიც სხვა ქვეყნის ტერიტორიებით სარგებლობს, პრეტენზიები უჩნდება და ოფიციალურ დონეზეც მის საკუთარ იურისდიქციაში მოქცევას ცდილობს. სამწუხაროდ, ასე „უსისხლოდ“ დაკარგული მიწების რაოდენობა საკმაოდ ბევრია ისეთი მცირემიწიანი ქვეყნისთვის, როგორიც ჩვენი ქვეყანაა.    ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ჩვენ უკვე მივმართეთ საქართველოს პარლამენტის კომიტეტებს, გარემოს დაცვის სამინისტროს, რათა კომპეტენციის ფარგლებში კომისიურად შეესწავლათ მდინარე ალაზნის კალაპოტის ცვლილებებისგან გამოწვეული ზარალი და შეძლებისდაგავარად უმოკლეს ვადაში დასახულიყო შესაბამისი ღონისძიებები, რათა შეჩერდეს სახელმწიფო მიწების დაკარგვა. გამოვთქვით მზაობა, აქტიურად ჩავერთოთ ქვეყნისთვის ამ მეტად მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტის საქმეში.  

                                                                                                      თამარ ბატიაშვილი

       

გაზიარება