QronikaPlus
რა უჯდება სახელმწიფოს სამინისტროების, ააიპ-ებისა და სსიპ-ების შენახვა?!

რა უჯდება სახელმწიფოს სამინისტროების, ააიპ-ებისა და სსიპ-ების შენახვა?!

2016-03-16 10:38:58

ამ წერილს გულგრილად ვერ წაიკითხავთ, მით უფრო, თუ სამსახურს წლებია, ეძებთ, ვერ გიშოვიათ და არ იცით, ოჯახი როგორ შეინახოთ. ან თავდაუზოგავად შრომობთ და ანაზღაურება გადასახადების გასასტუმრებლად და პურის ფულად არ გყოფნით. ამ წერილში აღმოაჩენთ, რომ თქვენ გვერდით ცხოვრობენ თქვენგან არაფრით გამორჩეული ადამიანები, რომლებიც, შეიძლება ითქვას, ყოველთვიურად თავშეუწუხებლად იღებენ ათასებს, წლიურად ათეულ ათასებს ისე, რომ სულაც არ იღლებიან. პირიქით, სამსახური მათ კიდეც ართობს. ,,ქრონიკა+”-ს საქართველოს ანტიკორუფციული პოლიტიკის ინსტიტუტის თავმჯდომარე ვლადიმერ ლაგვილავა ესაუბრა: _ საქართველოს მთავრობის განკარგულებით სხვადასხვა სამინისტროსა და სსიპ-ისკენ კოლოსალური თანხები მიედინება ხელფასების სახით. თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ ბევრი მათგანი არაფრის მაქნისია, მაგრამ მათზე მაინც იხარჯება ათასები და ხშირად მილიონები. დავიწყებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან, რომლის ხელმძღვანელიც არის პაატა ზაქარეიშვილი. ამ სახელმწიფო დაწესებულებაში სულ მუშაობს 31 ადამიანი, თუმცა თვეში მათი ხელფასი 47 340 ლარია, წელიწადში კი ნახევარ მილიონზე მეტი გამოდის, თუმცა ეს სამინისტრო არაფერს აკეთებს. _ სულ არაფერს? _ მხოლოდ ანტიქართულ განცხადებებს აკეთებს პაატა ზაქარეიშვილი და ამბობს ხოლმე, _ მერე რა, რომ რუსეთი შემოვიდა და ახალი მავთულხლართები გაჩნდაო. ამ სამსახურში მუშაობს ზაქარეიშვილს მოადგილე, სახელმწიფო მინისტრის 2 წარმომადგენელი ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში, 3 დეპარტამენტის უფროსი, დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, სამმართველოს 4 უფროსი. 4 სამმართველო ამ აპარატს რისთვის სჭირდება, ესეც გაუგებარია, თუმცა რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, მინისტრს, რომელიც სისულელეებს აშუქებს საინფორმაციოებში, 10 მრჩეველი ჰყავს. თითოეული მათგანი ჩვენი ჯიბეებიდან იღებს თვეში 1200 ლარს, თუმცა მინისტრი მაინც არაკორექტულ განცხადებებს აკეთებს. ასევე ჰყავთ იურისტები და ა. შ. თავად ზაქარეიშვილის თანამდებობრივი სარგო არის 3540 ლარი, მინისტრის მოადგილის _ 2940 ლარი. ყველაზე დაბალი ხელფასი ამ სამინისტროში არის 1000 ლარი. ძირითადად კი დასაქმებულები არიან ხელისუფლების წარმომადგენლების ახლობლები, ნათესავები და ა. შ. ყველაზე დაბალხელფასიანი შტატი არის სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილის თანაშემწის, რომელიც იღებს 1000 ლარს. მეორე უსაქმური სამინისტრო ეს არის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხების სახელმწიფო სამინისტრო, რომელიც შედგება მინისტრისა და მისი აპარატისგან. მათი შენახვა  300 ათასი ლარით მეტი უჯდება ქართველ ხალხს, ვიდრე ზაქარეიშვილის არაფრისმაქნისი სამინისტროსი. ამ სამინისტროში მუშაობს 42 თანამშრომელი, რომელთა შენახვაც თვეში 68 700 ლარი ჯდება, წელიწადში კი გამოდის 824 400 ლარი. ეს არის ხელფასები, თორემ პრემიებზე, დანამატებზე და ამ სამინისტროების სხვა ხარჯებზე აღარ ვლაპარაკობ. ორივე სამინისტრო სახელმწიფო კანცელარიაში ზის. _ სამინისტროებში დასაქმება ხომ კონკურსით ხდება და ახლობლები როგორ იმარჯვებენ ამ კონკურსებში? _ კარგით, რაა, ამ ზღაპრის ნუთუ თქვენც გჯერათ? ტესტები ქალაქ თბილისის მერიაშიც შეავსებინეს მსურველებს, მაგრამ კარგად ვიცით, იქ ვინც დასაქმდა. ფორმალური მხარეები კი არსებობს, მაგრამ 2012 წლის შემდეგ 95%-ით შეიცვალა ყველა სამინისტროში თანამშრომლები და ახალი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სულ ახლობლები და ნათესავები მიიყვანეს. `ქართული ოცნების~ პირობებში, ამ სამინისტროს მინისტრი ბაქრაძე სხვებთან შედარებით არ იწყობს იმ ფუფუნებებს, რაც სხვებმა მოიწყვეს, მაგრამ რეალურად მაინც ამხელა თანხა გადის არაფრისმაქნის სამინისტროზე. ეს უწყება თავისუფლად შეიძლება იყოს ერთ-ერთი დეპარტამენტის სახით თუნდაც საგარეო საქმეთა სამინისტროში და ამით სახელმწიფო სერიოზულ თანხებს დაზოგავს, თუმცა, როგორც ვხედავთ, ამის გაკეთება არ უნდათ. საგარეო საქმეთა სამინისტრო და ეს უწყება ერთი და იგივე საქმეებს ასრულებენ, ორივეს კურსია ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია და ა.შ. როცა ეს სამინისტრო შეიქმნა, ამით ევროპელებს დავუმტკიცეთ, რომ ინტეგრაცია ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ ამხელა თანხების გაღება მასზე, ნამდვილად მიზანშეუწონელია. ერთი მილიონი მარტო ხელფასებისთვის რომ გაიცემა, რთული წარმოსადგენი არ არის, იქ კიდევ რამდენი დანახარჯია. ასევე უნდა გესაუბროთ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და განსახლების სამინისტროზე. _ ესეც არაფრისმაქნისიაო, გინდათ მითხრათ? _ როგორც იცით, ამ სამინისტროს მინისტრი გახლავთ სოზარ სუბარი. აქ მართლა კოლოსალურ თანხებზე და უცნაურ თანამდებობებზეა საუბარი. დევნილთა სამინისტროს ყველა სტრუქტურაში დასაქმებულია 276 ადამიანი. ამ ადამიანების შენახვა მარტო ხელფასით, ქართველ ხალხს უჯდება 301 420 ლარი, რაც წელიწადში გამოდის 3 617 040 ლარი, ანუ 4 მილიონ ლარამდე ჩვენ ვიხდით მათ ხელფასში. აქ არ იგულისხმება პრემია-დანამატები და სამინისტროსა და მისი სტრუქტურების სხვა ხარჯები. ეს არის მხოლოდ ხელფასი, რომელსაც მხოლოდ უსაქმურობაში იღებენ ეს ადამიანები. დევნილებს აქვთ უამრავი პრობლემა, უამრავი მათგანი დარჩენილია უსახლკაროდ, მძიმე მდგომარეობაში და სოციალურ პირობებში. ზოგს კი სტატუსი იმის გამო შეუჩერეს, რომ მათი რჩენა არ უნდოდათ. ამ სამინისტროში არსებობს ასეთი სამსახურიც: დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი. პრემიერის მიღებულ განკარგულებაში ვკითხულობთ, რომ ამ სამინისტროს დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი ჰყავს 18 და თითოეულის ხელფასი შეადგენს _ 1600 ლარს. მოკლედ, უფრო ზუსტად რომ გითხრათ, დეპარტამენტი არის 10  და ამას აქვს 18 სამმართველო. დეპარტამენტის უფროსებს ჰყავთ 7 მოადგილე და სამმართველოებსაც 18 უფროსი. 18 სამმართველოს უფროსს კი ჰყავს მოადგილეები. დეპარტამენტის სამმართველოებში ასევე არის განყოფილებები და იქ არის 7 უფროსი. მთავარი სპეციალისტი ჯერ წერია ერთი, რომელიც ყველაზე მეტ სარგოს, 1300 ლარს იღებს, მერე მოდის 2 მთავარი სპეციალისტი, რომლებიც 1250 ლარებს იღებენ, ამის შემდეგ 10 მთავარი სპეციალისტი მოდის, სათითაოდ 1150-ლარიანი ხელფასებით, შემდეგ 10 მთავარი სპეციალისტი  _ 1050-ლარიანი ხელფასებით. მინისტრის მოადგილის 5 თანაშემწეც კი არსებობს დევნილთა სამინისტროში, რომელთაც სათითაოდ აქვთ 900-ლარიანი ხელფასები. უფროსი სპეციალისტი ამ სამინისტროში არის 1 მიმართულებით 63 ადამიანი _ 950-ლარიანი ხელფასებით, მეორე მიმართულება _ 44 ადამიანი _ 800-ლარიანი ხელფასებით. სამინისტროს განყოფილებების უფროსი სპეციალისტები არის 13, 500-ლარიანი ხელფასებით. არის ასეთი შტატიც _ დამხმარე მოსამსახურე, რომელიც არის 10 და თითოეულის ხელფასი შეადგენს 800 ლარს. რას წარმოადგენს და რა ევალებათ ამ დასახელების მოსამსახურეებს, ვერსად მივაკვლიე. განყოფილების სპეციალისტებზე მეტი ხელფასი აქვთ დამხმარე სპეციალისტებს. ამ ხელფასებში არ შედის არც დაცვის ანაზღაურება და არც კიდევ დამლაგებლის ხელფასი, რადგან მათ ხელფასებს ცალკე ტენდერების საშუალებებით უხდიან. დამხმარე სპეციალისტები ალბათ არიან ყავის მომდუღებლები, რომელთაც ამაში 800 ლარს უხდიან. გაშიფრული არც ის არის, კონკრეტული სამმართველოები რას აკეთებენ, თუმცა ამის მოძიება ადვილად შეიძლება, მაგრამ აქედანვე კარგად ჩანს, რომ სამმართველოებისა და დეპარტამენტების რიცხვი ხელოვნურად არის გაბერილი. ტერიტორიულ ორგანოებს რაც შეეხება, ასეთი არის 4 და თითოეულს აქვს 1500 ლარი სარგო. ამ ოთხივეს ჰყავს 5 მოადგილე 1200-ლარიანი ხელფასებით, თითოეულს თავისი ბუღალტერი ჰყავს 1000-ლარიანი ხელფასებით, 6 მთავარი სპეცილისტი და 18 უფროსი სპეციალისტი, 800 და 700-ლარიანი ხელფასებით. ეს არის ძალიან სასაცილო ციფრები და, ამავდროულად, სატირალიც, რადგან ქვეყნის კალათიდან ხალხის ფული წყალში იყრება. _ ასეთ პირობებში ქვეყანაში საქმე აწყობილი მაინც უნდა იყოს, მაგრამ კმაყოფილი დევნილი ძალიან იშვიათად თუ მინახავს. ასე არ არის? _ ასეთ სიტუაციში და ამხელა შტატით სამინისტრო ძირფესვიანად რომ ასრულებდეს დაკისრებულ მოვალეობას, ერთი დევნილი არ უნდა იყოს ქუჩაში დარჩენილი. მარტო დეპარტამენტის 18 უფროსი თვეში 28 ათას 800 ლარი გვიჯდება და კონკრეტულად რას აკეთებენ, ან აკეთებენ თუ არა საერთოდ რამეს, არავინ არაფერი იცის. თან ეს ხალხი ხომ პრემია-დანამატებსაც იღებს, მივლინებებში მიემგზავრება როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გარეთ და იმ სამინისტროში, რომელსაც დევნილებისთვის სათანადოდ ვერ მიუხედია, კოლოსალური ფული იხარჯება. ახლა სსიპ-ებზე მოგიყვებით: სსიპ-ი ვინც არ იცის, ავუხსნი, რომ ის საჯარო სამართლის იურიდიულ პირს ნიშნავს, რომლის არსებობას და ფუნქციონირებას კითხვის ნიშნის ქვეშ არ ვაყენებ. სსიპ-ები ჩვენ გვჭირდება, მაგრამ აქ სხვა რამესთან გვაქვს საქმე. საქართველოში აუცილებელია, რომ არსებობდეს საქართველოს ნოტარიუსთა პალატა. თანამშრომელთა რაოდენობა _ 23, რამდენად გვჭირდება, ეს ცალკე დავის საგანია, მაგრამ ეს სსიპ-ი უნდა იყოს. ახლა, მოდით, დავთვალოთ, რა ხარჯებთან არის მისი შენახვა დაკავშირებული? როცა განკარგულება ვნახეთ, აღმოჩნდა, რომ 23 თანამშრომლის ხელფასი თვეში გვიჯდება 35 875 ლარი, ანუ წელიწადში ამ სსიპ-ის თანამშრომლების ხელფასი არის 430 500 ლარი. დოკუმენტაციაში, რომელსაც თქვენც გამოგიგზავნით, საინტერესო ფაქტს წააწყდებით. ჩამონათვალში შტატით გათვალისწინებული თანამდებობების დასახელებაა, შემდეგ რიცხობრიობა, თანამდებობრივი სარგო და თანამდებობრივი სარგო სულ. ბოლო გრაფაში წერია: სულ შრომის ანაზღაურება წლიურად. ჩვენ თვიური ხელფასები რომ დავთვალეთ და მივიღეთ 35 875 ლარი, ის გავამრავლეთ 12 თვეზე და გამოდიოდა 430 500 ლარი, მაგრამ შრომის წლიურ ანაზღაურებაში მითითებულია სხვა, შემაშფოთებელი თანხა _ 617 50 ლარი. ახლა გვაინტერესებს 186 550 ლარი, რომელიც ნაშთად დარჩა, სად წავიდა? არსად არ არის დოკუმენტაციაში აქ მითითებული, რომ ეს თანხა გათვალისწინებულია რაიმე სახის პრემიისთვის, დანამატისთვის, წახალისებისთვის, დღგ-სთვის და ა. შ. ფაქტი ისაა, რომ ეს ციფრი არის ჰაერში გამოკიდებული. _ სხვაგანაც თუ ხდება მსგავსი რამ? _ გეტყვით, რაც ხდება საჯარო სამართლის იურიდიული პირი _ აღსრულების ეროვნულ ბიუროში: იქ მუშაობს 390 ადამიანი, ბიუროს ასევე აქვს დამატებითი შემოსავლებიც, ვთქვათ, ადამიანმა ფული გაასესხა, მაგრამ დაპირებული თანხა ბოლომდე არ გადაუხადეს, ის 7%-ს იხდის ამ ბიუროში და ისინი ახორციელებენ აღსრულებას. თვეში აღსრულების ბიუროს თანამშრომლების შენახვა ბიუჯეტს, ანუ ხალხს 519 898 ლარი უჯდება, წელიწადში კი ეს გამოდის 6 238 778 ლარი. აქაც იგივე პრობლემაა, წლიური უწერიათ 7 504 600 ლარი. ჩვენ მიერ დათვლილ ხელფასს და მათ მიერ დათვლილ წლიურ ხელფასს შორის არის 1 265 824 ლარის სხვაობა და ამაზეც არავის უწერია, რისთვის არის ის განკუთვნილი _ პრემიებისთვის, დანამატისთვის, წახალისებისთვის, საშემოსავლოსთვის თუ რისთვის? არ ვიცით, ყოველწლიურად ეს 1 265 824 ლარი სად მიდის?! ყოველ შემთხვევაში, ამაზე განმარტება არ არსებობს. ამ ყველაფერზე კი ხელს აწერს პრემიერი და ამანაც თუ ნარმანიასავით გააკეთა და განაცხადა, სხვები ამზადებენ ამ დოკუმენტებს და მე ვერ ვკითხულობ, ისე ვაწერ ხელსო, ეს სხვა სალაპარაკო თემაა. კიდევ ერთ საინტერესო სსიპ-ზე გვაქვს სასაუბრო, რომლის შესახებაც  კაციშვილმა არ იცის, რას აკეთებს. მას ჰქვია: საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტო. შეიძლება იქ დასაქმებული ადამიანებისთვისაც უცნობი იყოს, რას საქმიანობს სსიპ-ი და რა ევალება მათ. ჩვენ ბევრი ვეძიეთ და ვერსად ვერაფერი აღმოვაჩინეთ, თუმცა თვეში ამ სსიპ-ის ფუნქციონირება 60 650 ლარი უჯდება ქვეყნის ბიუჯეტს. იქ დასაქმებულია 38 ადამიანი, რომლებთანაც წლიურად 727 800 ლარი გაედინება ჩვენი ჯიბეებიდან მათ ხელფასებში. აქაც აღმოჩნდა სხვაობა, რადგან მათი წლიური დანახარჯების გრაფის ბოლოს წერია _ 803 ლარი, ანუ სად მიდის 95 200 ლარი, არავინ იცის. თქვენ რომ დაურეკავთ, შეიძლება თქვან, რომ ეს არის პრემიებისთვის ან დანამატებისთვის, საშემოსავლოსთვის, მაგრამ ბოლომდე უნდა იშიფრებოდეს ყველაფერი და ასეთი რამ სირცხვილია. _ თქვენი აზრით, რატომ არ წერენ, სად იხარჯება არც ისე მცირედი სხვაობა? _ არ ვიცი, ამაზე, ალბათ, ისევ და ისევ, პრემიერის ადმინისტრაციამ უნდა გაგცეთ პასუხი. ყველამ კარგად იცის, რომ სსიპ-ები, ძირითადად, კორუფციის ბუდეა და მის შესახებ ჩვენ სხვა დროსაც ვისაუბრებთ. ამ სსიპ-ებში მე და თქვენ რა დონის პროფესიონალებიც არ უნდა ვიყოთ, მუშაობას ვერ დავიწყებთ, აქ მხოლოდ ნათესაობით ხდება სამსახურის დაწყება. სსიპ საინვესტიციო სააგენტოს რისთვის სჭირდება 38 თანამშრომელი, არავინ უწყის. მას ჰყავს დირექტორი, პირველი მოადგილე და მოდგილეები, ასევე სამი დეპარტამენტი აქვს. ჰყავს 4 უფროსი პირტფელის მენეჯერი, 2 პორტფელის მენეჯერი, 2 უფროსი ანალიტიკოსი, 2 ანალიტიკოსი, 2 მკვლევარი, უფროსი ინვესტორთა მრჩეველი _ 2, ინვერსტორთა მრჩეველი _ 2, საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი _ 2 და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი _ 1. ეს არის გამოგონილი სამსახურები. 3 ადამიანი მუშაობს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში. რა ვიცი, მთელი ცხოვრება ასეთ საქმეში ვარ და ამათ შესახებ არაფერი გვსმენია. მათ ასევე ჰყავთ  ლოჯისტიკის 2 ოფიცერი. ფაქტია და საკამათო არ არის ის, რომ სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი ქვეყანაში საჭიროა და ის 20 თანამშრომლით საქმეს ვერ გააკეთებს, მაგრამ მათ თანამშრომელთა რაოდენობაც ძალიან მაკვირვებს. ამ სსიპ-ში 410 თანამშრომელია და თვეში 333 206 ლარი გვიჯდება მათი შენახვა, რაც წელიწადში 3 998 472 ლარი გამოდის. შეიძლება მათ ამდენი თანამშრომელი სჭირდებათ კიდევაც, მაგრამ წლიური თანხა უწერიათ 4 მილიონ 932 ლარი და ბალანსში, 1 მილიონამდე ლარი აქაც მინუსშია. 933 528 ლარი სად მიდის, არ ვიცით. ანუ აქაც იგივე პრობლემაა. ბოლოს მოვიტოვე ორი სსიპ-ი, რომელიც დაქვემდებარებულია განათლების სამინისტროს. ერთი გახლავთ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა, სადაც მუშაობს 36 თანამშრომელი. თვეში 52 550 ლარი,  წლიურად კი 630 600 ლარი გვიჯდება მათი შენახვა, თუმცა წლიურად გამოყვანილი აქვთ 893 ათასი ლარი, ანუ 262 400 ლარი სად მიდის, აქაც არ არის ცნობილი. ამ სამსახურს ჰყავს ერთი უფროსი, ორი მოადგილე, 9 სამსახური თავისი 9 უფროსით და მათი მოადგილეებით, 20 მთავარი სპეციალისტი და ერთი უფროსის თანაშემწე. კონკრეტულად რას საქმიანობენ განსხვავებულს, რასაც განათლების სამინისტრო ვერ აკეთებს, ვერ გეტყვით. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შედის სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი. არ ვიცი, მათი ფუნქციაც ზუსტად რა არის, თუმცა ვიცი ის, რომ განათლება დღეს ხარისხიანი სულაც არ გახლავთ. აქაც არის დირექტორი, 2 მოადგილე, 5 სამსახურის უფროსი, 12 სამმართველო, 26 კოორდინატორი ერთ მიმართულებაში და 5 _ მეორეში. ერთი საინტერესო თანამდებობაც აღმოვაჩინეთ _ არქივარიუსი. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსიც ჰყავთ, რომელიც 1500 ლარს იღებს და რაც მთავარია, აქაც იგივე პრობლემაა, თვეში 87 625 ლარი გვიჯდება ამ სამსახურის თანამშრომლების შენახვა, რაც წელიწადში გამოდის 1 მილიონ 51500 ლარი, მაგრამ აქაც პრობლემა იგივეა: დოკუმენტში უწერიათ 1 მილიონ 294 ლარი. მინუსში დაგვრჩა 242 500 ლარი, რომლის მიმართულებაც ასევე გაუგებარია. _ სულ ეს არის ჩვენი ბიუჯეტის ზარალი (უკვე სიმწრით მეცინება)? _ ეს რომ იყოს, რა გვიჭირდა? გაზეთის მომდევნო ნომერში სსიპ-ებზე გადარიცხული უფრო დიდი თანხების შესახებაც გესაუბრებით, თუმცა ახლა სამხედროებზეც მინდა გითხრათ ორიოდე სიტყვა. საჯარო სამართლის იურიდიული პირია გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი, სადაც ბევრი თანამშრომელი მუშაობს. წარმოდგენილი ნუსხით _ 547 კაცი. არ ვიკამათებ იმაზე, თანამშრომელთა ეს რაოდენობა გაბერილია თუ არა, რადგან სამხედრო ჰოსპიტალი ძლიერი უნდა იყოს, მაგრამ ყველაზე საინტერესოა ის, რომ თვეში ამ სამხედრო ჰოსპიტლის მარტო ხელფასი გვიჯდება 371 260 ლარი, რაც წლიურად _ 4 455 120 ლარი გამოდის. საინტერესო რამ უწერია თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებულ ჰოსპიტალს გვერდითა ნუსხაში: ისინი წერენ, რომ წლიურად ხელფასებზე იხარჯება 7 მილიონ 369 ათასი ლარი, ანუ მინუსებშია 3 223 880 ლარი და სამ მილიონზე მეტი თანხა სად მიდის, არ ვიცით. ბევრი ვიფიქრე, სად შეიძლებოდა წასულიყო ეს ფული და ვერ მივხვდი. თუ ვინმე კომენტარში იტყვის, რომ ეს არის მოწვეული ქირურგის ანაზღაურება, რომელმაც საჭიროების შემთხვევაში ოპერაცია გაუკეთა სამხედროს, ესეც ტყუილი იქნება, რადგან მთელ ჯარს რომ გაუკეთონ ოპერაცია, ამდენი მაინც არ დაიხარჯება. _ ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი ვინაა? _ სამინისტროს ბუღალტერია თავად წარუდგენს პრემიერს დასამტკიცებელ ნუსხას, მერე მისი გადასაწყვეტია, დაამტკიცებს თუ არა თანამშრომლების სახელფასო განრიგს და ა. შ. ასევე კარგად ვიცით, თუ რამდენი თანამშრომელი ჰყავთ ე. წ. უშტატოდ და ხელშეკრულებებით. ყველაფერი `ოცნების~ ხელშია და პასუხიც მან უნდა აგოს. აქ მოყვანილი ექვსივე სსიპ-ი რომ დავთვალოთ, მათი შენახვა სახელმწიფოს წლიურად უჯდება 16 მილიონ 43 650 ლარი, მაგრამ საქართველოში 100-200 სსიპ-ია. ასე რომ, ამ ფორმით ნათესავების შენახვაში გაედინება მილიონები. ლარის დევალვაცია ქადაგიძემაც ამ ხარჯებს დააბრალა და აი, კიდევ ერთი ნათელი მაგალითი და მტკიცება იმისა, რომ ეს ნამდვილად ასეა. საქართველოში ყველაფერი ამ დონეზეა მიშვებული და შუშის კოლბაში რა გადაწყვეტილებასაც  მიიღებენ, ყველაფერი ისე კედება.   „ქრონიკა+“-მა საქართველოს ანტიკორუფციული პოლიტიკის ინსტიტუტის თავმჯდომარის, ვლადიმერ ლაგვილავას ბრალდებების გადამოწმება იმ უწყებაში სცადა, რომელსაც რესპონდენტი ინტერვიუში ასახელებს _ ეს არის პრემიერ-მინისტრის აპარატი. თითქმის ყველა პრესმდივანს შევეხმიანეთ, რათა აღნიშნულ საკითხზე კომენტარი მოგვეპოვებინა. აღმოჩნდა, რომ პასუხი პრესმდივანს _ სოფო მოსიძეს უნდა გაეცა. მას საკითხები ზედმიწევნით ჩამოვუყალიბეთ და საქმის ვითარებაც ავუხსენით. ჯერ გვითხრა, რომ ეს ყველაფერი პრემიერ-მინისტრის სამსახურის პრეროგატივა არ იყო (ამ დროს ხელმოწერა ყველა დოკუმენტზე სწორედ პრემიერ-მინისტრისაა), თუმცა დაუმატა, მაინც შეეცდებოდა გარკვევას.  გასარკვევად მთელი დღე ჰქონდა. საღამოს პასუხის გასაგებად მასთან დაკავშირება ვცადეთ, თუმცა ტელეფონი გამორთული აღმოჩნდა.   

                                                                                                           ნელი ვარდიაშვილი

   

გაზიარება