QronikaPlus
,,ქართუს“ მოგებული 39 ტენდერი და სახელმწიფო უწყებების საშობაო ვაჭრობა?!

,,ქართუს“ მოგებული 39 ტენდერი და სახელმწიფო უწყებების საშობაო ვაჭრობა?!

2016-03-11 08:10:31

არასამთავრობო ორგანიზაცია „აპრიორის“ აღმასრულებელი მდივანი, თენგიზ სანაია, სახელმწიფო უწყებებში განხორციელებულ და მიმდინარე საეჭვო ტენდერებზე გვესაუბრა. მან მოიყვანა მაგალითები, თუ როგორ „იმარჯვებენ“ ერთი და იგივე ფირმები სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში გამოცხადებულ ტენდერებში, ან სახელმწიფო უწყებები როგორ ძირავენ ტენდერში მონაწილე სხვა კომპანიებს, რათა თავიანთ რჩეულს გაამარჯვებინონ. თენგიზ სანაია: _ „ქართუ ბანკი“ ყველასთვის ცნობილია, თუმცა არ ვიცი, რამდენად იცის საზოგადოებამ, რომ მასთან დაქვემდებარებულია სხვადასხვა კომპანია. ახლა ჩვენ უნდა ვისაუბროთ ამ ორგანიზაციებიდან ერთ-ერთზე, სადაზღვევო კომპანია „ქართუზე“, რომელიც სადაზღვევო პროგრამებს ყველა მიმართულებით ახორციელებს _ ჯანმრთელობის კუთხით, მანქანების დაზღვევას და ა. შ. ეს სადაზღვევო  კომპანია 2001 წელს შეიქმნა, თუმცა პირველი ტენდერი 2014 წელს მოიგო, ანუ მას მერე, რაც კომპანიაში არჩილ მამაცაშვილი მივიდა. ამ დროიდან ბიძინა ივანიშვილის ხელდასხმით სადაზღვევო კომპანია „ქართუმ“ სახელმწიფო ტენდერების მოგება დაიწყო. არჩილ მამაცაშვილი არის ღარიბაშვილ-თამაზაშვილის „კახური კლანის“ წევრი, რომელიც მანამდე სიიპებსა და აიპებ-ში მუშაობდა. გახმაურებული ტენდერებში თანხების გადაქაჩვებში, ხშირად, სწორედ ეს ადამიანი ფიგურირებდა. 2015 წელს, წინა წელთან შედარებით, 17-ჯერ გაიზარდა ბანკ „ქართუს“ შემოსავალი. 2012 წლის შემდგომ სადაზღვევო კომპანია „ქართუმაც“ მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა ბიუჯეტი. ეს ყველაფერი კი იმაზე მიგვანიშნებს, რომ ღარიბაშვილის კლანის აქტიურობის დროს მუშაობდა ტენდერებით თანხების გადანაწილებაზეც. ერთი არასრული წლის განმავლობაში ამ კომპანიამ 39 ტენდერში გაიმარჯვა და, საერთო ჯამში, მილიონობით ლარზე მეტი მოგება მიიღო. _ ამ სადაზღვევო კომპანიის დამფუძნებელიქართუ ბანკია“? _ ამ სადაზღვევო კომპანიის 82%-ს ფლობს ბანკი „ქართუ“, ხოლო დაახლოებით 18%-ს კომპანია „ვინგოლდ ფინანას ლიმიტედი“, რომელიც დარეგისტრირებულია ოფშორულ ზონაში, ვირჯინიის კუნძულებზე და აქედან გამომდინარე უცნობია, ვინ არის მისი რეალური მფლობელი. საჯარო რეესტრის მიხედვით, კომპანიის დირექტორი გახლავთ ბიძინა ივანიშვილის კიდევ ერთი ნათესავი, არჩილ მამაცაშვილი. სადაზღვევო კომპანია „ქართუ“, უმეტეს შემთხვევებში, ტენდერების ერთადერთი მონაწილეც იყო ხოლმე. როცა ხედავდნენ, რომ „ქართუ“ მონაწილეობდა ტენდერში, სხვა კომპანიები გვერდზე დგებოდნენ და ზედმეტ თავის ტკივილს ირიდებდნენ. თბილისის მერიამ გამოაცხადა ტენდერი 2014 წლის 31 დეკემბერს. წინადადების მიღება იყო მხოლოდ სამი დღე _ 6-9 იანვარს. აქედან ერთი დღე, 7 იანვარი იყო შობა და დასვენება. ანუ, მხოლოდ და მხოლოდ, ამ კომპანიისთვის მორგებული ტენდერი გახლდათ, მაგრამ როცა უფრო გავყევით „ძაფს“, გამაოგნებელ ფაქტებს წავაწყდით. ყველა დაწესებულებამ თუ კომპანიამ, რატომღაც, სადაზღვევო კომპანია „ქართუსთან“ მოინდომა თანამშრომლობა. ესენი არიან: იუსტიციის, სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროები, თბილისის მერიის, საკრებულოს აპარატი, მერიის სსიპი არქიტექტურის სამსახური, რუსთავის მუნიციპალიტეტი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აპარატი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აპარატი, საქვეუწყებო დაწესებულება, ადმინისტრაციულ-სამეურნეო სამმართველო, საქსტატისტიკის ეროვნული სამსახური, საქ. ფინანსური მონიტორინგის სამსახური, სურსათის ეროვნული სააგენტო, შემოსავლების სამსახური, საზოგადოებრივი მაუწყებლობა და ა. შ. _ ამ სადაზღვევო კომპანიას, სხვებთან შედარებით, დაბალი თანხები ხომ არ აქვს? _ ბაზარზე შედარებით დაბალი თანხებით შემოდის ელექტრონული ვაჭრობის დროს, მაგრამ ყველაფერი ხომ მის ხელშია? რასაც უნდა, იმას გადაიხდის და გააკეთებს, რადგან ბიძინა ივანიშვილის კომპანიას ვინ გამოეკიდება და უჩივლებს სასამართლოში? ამ კომპანიას ძალიან კარგი გათვლა აქვს: ბევრი დაბალფასიანი ტენდერი, რომელიც ჯამში დიდ ფასებზე ადის. 2016 წელს, ორ თვეში, კომპანია უკვე 13 ტენდერშია გამარჯვებული და ამ ტენდერების დოკუმენტსაც გადმოგცემთ. პირველი ტენდერის შემსყიდველი არის სურსათის ეროვნული სააგენტო, შემდეგი ტენდერი შეისყიდა ხულოს მუნიციპალიტეტმა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროებმა, შპს ბათუმის წყალმა, აჭარის განათლების ფონდმა, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ და მან ავტოტრანსპორტი დააზღვია, ასევე სიიპ აგროსერვისცენტრმა, საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა _ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა, საქ. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ _ 15-ათასიანი ტენდერი ავტოდაზღვევაზე, საქ. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტომ, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა და სააქციო საზოგადოება საქართველოს ელექტროსისტემამ. ეს 13 ტენდერი მოიგო უკვე ამ ორ თვეში კომპანია „ქართუმ“. მართალია, ჯერ ტენდერები საშუალო ციფრებით არის დაწყებული, მაგრამ სასჯელაღსრულების ტენდერი 200 ათას ლარს სცილდება. ამ ტენდერებიდან მიპოვებული უკვე გვაქვს 5 დადებული ხელშეკრულება, დანარჩენზე მიმდინარეობს ხელშეკრულებების მომზადება და შესაძლოა, თქვენი გაზეთის გამოსვლის დღეს ყველა ხელშეკრულება უკვე გაფორმებული იყოს. 13-ვე ტენდერი ჩატარებულია, დასრულებულია და გადასულია ხელმოწერის ფაზაში. _ ტენდერების მიმართულებით კიდევ რა ხდება? _ კიდევ ერთ საინტერესო ტენდერზე უნდა გესაუბროთ: საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაცხადა ტენდერი 1 ცალი ყავის მაგიდის, 1 ცალი პატარა დივნისა და 2 ცალი სავარძლის შესყიდვაზე. აქ საინტერესო ის არის, რომ ხელშეკრულების გაფორმებამდე მათ დადეს კონკრეტული ავეჯის ფოტოები, რომელიც გადაღებულია ავეჯის სახლ „ბელუქსში“ და ამ ფოტოებით გამოაცხადეს ტენდერი. ამით წინასწარ მიანიშნეს, რომ მხოლოდ „ბელუქსის“ ავეჯის ყიდვა უნდოდათ და სხვა კომპანია მათ ასეთ ავეჯს ვერ შესთავაზებდა. მართლაც, ცოტა ხანში ამ ტენდერში იმარჯვებს ავეჯის სახლი „ბელუქსი“. სატენდერო დოკუმენტაციის მთავარ მოთხოვნაში ჩადებულია „ბელუქსში“ გადაღებული ყავის მაგიდა და სავარძლები. კოდიც კი წერია და ეს ტენდერი პირდაპირ არის მორგებული ერთ ფირმაზე. ცხადია, ტენდერის ასე ჩატარება არ შეიძლება. ავეჯის ტენდერებზე განაცხადი ბევრ კომპანიას შემოაქვს, მაგრამ ეს იყო ერთადერთი ტენდერი, სადაც „ბელუქსი“ სიტყვიერად არა, მაგრამ ფოტოთი დაფიქსირდა და 3100 ლარად გაიმარჯვა კიდეც. შეიძლება ზომები დაწერო, ფერიც, მაგრამ კონკრეტული ფირმის ფოტოების დადება დაუშვებელია. კიდევ ერთ საინტერესო ტენდერზე მოგახსენებთ: თავდაცვის სამინისტრომ ტენდერი გამოცხადა ავეჯის აქსესუარებზე, ანუ სამზარეულოს მოწყობილობაზე _ ჭურჭელზე, საოჯახო ნივთებზე, ქვაბებზე, ჩანგლებზე, დანებსა და ა. შ. ალბათ რომელიმე სამხედრო ბაზისთვის თუ სჭირდებოდათ. ორმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა ვაჭრობის მესამე რაუნდში, რომელიც ბოლო რაუნდია და სადაც ბოლო თანხები დგინდება. შპს „მირანდუხტმა“ სამინისტროს შესთავაზა, რომ 77 ათას ლარად ამ მომსახურებას მიაწვდიდა, მაგრამ ტენდერში გაიმარჯვა შპს „ტრინოქსმა“, რომელმაც ლარი დააკლო მხოლოდ „მირანდუხტის“ შეთავაზებას და 76 999 ლარად შესთავაზა იგივე მომსახურება. ეს არის ვაჭრობაში მიღებული ხერხი და პრობლემაც არაფერია, მაგრამ ტენდერი გამოცხადეული იყო 92 225 ლარზე და უცებ 20-ათასიანი სხვაობა დაფიქსირდა. _ თქვენი აზრით, ეს რატომ მოხდა? _ რატომ და ნახეთ, მერე რა მოხდა: როცა გადაწყდა, რომ „ტრინოქსს“ მისცეს ეს ტენდერი, დაზუსტებული ფასების ცხრილში „ტრინოქმა“ წარმოადგინა ზუსტად 76 999 ლარი, ხელშეკრულება კი გაფორმდა, არც მეტი არც ნაკლები, 90 803 ლარზე. რატომ გაფორმდა ასეთი ფასნამატით ხელშეკრულება, ამაზე ვერც თქვენ გამცემთ პასუხს და ვერც მე გეტყვით ვერაფერს. აქ არის ერთი პასუხი, _ ეს ფასი 76 999 ლარი _ დღგ-ს გარეშე იყო მითითებული და 13 908 ლარი დღგ-მ წაიღო, მაგრამ რადგან ასეთი ფასნამატით ატარებდნენ ტენდერს, ეს პირდაპირ მიუთითებს იმას, რომ შპს „მირანდუხტი“ გაწირეს და პირდაპირ „ტრინოქსს“ დაუდეს ხელშეკრულება. მე მგონი, ტენდერის ფასებში დამატებითი ღირებულების შემოსავალი თავიდანვე უნდა იყოს მითითებული, რადგან 14-ათასლარიანი სხვაობა საზოგადოების მოტყუებაა. ეს სხვაობა რომ ვნახეთ, გამარჯვებული კომპანიით დავინტერესდით. იქ ბევრი არაფერი იკვეთება, რადგან კომპანიის დირექტორი არის ქართველი გოგონა, კომპანიის იურიდიული მისამართია ყვარლის რაიონი, მაგრამ თურქ მფლობელთან ერთად არის დირექტორი და კიდევ ერთი ხელმძღვანელი ჰყავთ თურქი. ტენდერთა საძიებო სისტემაში კი შევიტყვეთ, რომ ამ შპს-ს თავდაცვის სამინისტროსთვის გაკეთებული აქვს 7 მიყიდვა და მათ მიერ გამოცხადებულ 7 ტენდერშია გამარჯვებული, ასევე გამარჯვებულია თბილისის მერიის 2 ტენდერში, დაცვის პოლიციის 4 ტენდერში, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის 13 ტენდერში, შსს-სა და მისი უწყებების 8 ტენდერში, სპეციალურ საგანგებო ღონისძიებათა ცენტრის 5 ტენდერში  და ფინანსთა სამინისტროს ერთ ტენდერშია ბოლო წელს გამარჯვებული. ისიც აღმოვაჩინეთ, რომ თავდაცვის სამინისტროს ასევე გამოცხადებული აქვს მეორე, 35-ათასლარიანი ტენდერი, სადაც შპს „ტრინოქსმა“ ვაჭრობის მესამე ეტაპზე წარადგინა 29 500 ლარი, ასევე ავეჯის შესყიდვაზე. გამარჯვებული გახდა „ბი თი ემ გრუპი“ რომელმაც 29 ათასი წარადგინა. თუმცა როცა ხელშეკრულებების გრაფაში გადავედით ვნახეთ, რომ „ბი თი ემ გრუპს“ მისცეს დისკვალიფიკაცია სრული დოკუმენტაციის არქონისთვის და ხელშეკრულება კვლავ „ტრინოქსს“ გაუფორმეს 34 800 ლარზე. ასევე არის მესამე მიმდინარე ტენდერი, რომელშიც კვლავ „ტრინოქსმა“ გაიმარჯვა. ტენდერი თავიდან გამოცხადებული იყო 92 131 ლარად, „ტრინოქსმა“ გაიმარჯვა 60 799 ლარად, თუმცა ამ ეტაპზე მიმდინარეობს ხელშეკრულების გაფორმება და ბოლო დოკუმენტაცია არ გაგვაჩნია. ამ ყველაფრით კი აღმოჩნდა, რომ „ტრინოქსი“ არის კომპანია, რომელიც კარგად ერგება თავდაცვის სამინისტროს. მის გამო სხვა შპს-ის დისკვალიფიკაციაც კი დაუკვეთეს, მაინც მას გაამარჯვებინეს და 14 ათასზე მეტი ფასნამატიც გაუკეთეს ხელშეკრულებაზე. ეს ყველაფერი რომ ასე არ ხდება, უკვე ყველამ იცის და როგორც არ უნდა იმართლონ თავი, აღნიშნულ ფაქტს ვერსად გაექცევიან. აღნიშნულ ბრალდებებზე „ქრონიკა+“-მა ზემოთ დასახელებულ უწყებებში კომენტარების მოპოვება სცადა. სადაზღვევო კომპანია „ქართუს“ ოფიციალურ ვებგვერდზე მითითებულ ტელეფონის ნომერზე დავუკავშირდით. ქეთი წიკლაურმა გვიპასუხა, რომ მათ სადაზღვევო კომპანიას პრესსამსხური არ ჰყავს, ამიტომ მე მითხარით, რა გნებავთ, იქნებ, დაგეხმაროთო. როცა ბრალდება გავაცანით, ასეთი პასუხი გაგვცა, _ ეს ჩემი კომპეტენცია არ არის, თუ შევძელი, გავარკვევ, ვინ უნდა გაგცეთ პასუხი და მე თავად დაგიკავშირდებითო. წიკლაურს მას მერე არ დაურეკავს, მოგვიანებით კი მითითებულ ქალაქის ნომერზეც არავინ გვიპასუხა. საგარეო საქმეთა სამინისტროში კი აღმოჩნდა, რომ პრესსამსხურის ერთი თანამშრომელი _ მარი ნარჩემაშვილი, უცხოეთში იმყოფებოდა, მეორე, ირაკლი ვეკუა კი გაათავისუფლეს. მისი ყოფილი ტელეფონის ნომრის ამჟამინდელმა მფლობელმა ქალაქის ნომერზე მიგვითითა და გვითხრა, იქ დაგაკვალიანებენო, მაგრამ ეს ნომერიც კარგა ხნის გამორთული აღმოჩნდა. რაც შეეხება თავდაცვის სამინისტროს, პრესსამსახურის უფროს იმედა დარსალიას, მას იმ ბრალდებების ამონარიდებიც კი გავუგზავნეთ, რომელიც ამ უწყების მიმართ რესპონდენტმა წამოაყენა, მაგრამ მას პასუხის გასაცემად ერთი დღე არ ეყო. მართალია, დარსალია მიიჩნევს, რომ ოპერატიულობა მხოლოდ ტელევიზიების კომენტარებს სჭირდება, მაგრამ იმედებს გავუცრუებ და ვეტყვი, რომ პრესაც ოპერატიული მედიასაშულებაა, როცა საქმე ექსკლუზიურ ინფორმაციას ეხება.   ნელი ვარდიაშვილი      

გაზიარება