QronikaPlus
მარქსის ქართველი აჩრდილი - ბურჟუა ლიბერალების კრიტიკა მარცხნიდან

მარქსის ქართველი აჩრდილი - ბურჟუა ლიბერალების კრიტიკა მარცხნიდან

2016-03-11 08:07:19

  ამ წერილის დაწერა ტყიბულის მოვლენებმა გადამაწყვეტინა დიდი ხნის განმავლობაში ვფიქრობდი ამ წერილის დაწერას, მაგრამ აქამდე, სხვადასხვა მიზეზის გამო, ვერაფრით მოვახერხე. აქ მინდა, რომ ყოველგვარი პოლიტ-კორექტულობის გარეშე გულწრფელად ვთქვა ის, რასაც ვფიქრობ და რისიც მწამს. პოლიტ-კორექტულობა სიმართლის მეგობარი არასდროს ყოფილა და აქედან გამომდინარე, გულწრფელად აზრის გამოხატვამ შეიძლება ბევრი ლიბერალიც დაუპირისპიროს ადამიანს და ბევრი კონსერვატორიც, მაგრამ ამის გამო პირფერობასა და ფარისევლობას აზრი არ აქვს. პირველ რიგში, მინდა ვთქვა: მეტად გახარებული ვარ იმ ფაქტით, რომ საქართველოში, როგორც იქნა, ყალიბდება მემარცხენე ტიპის პოლიტიკური აზროვნება. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მთელ თაობებს, ჩემი ჩათვლით, შეეყარა რეაქციონიზმისა და მემარჯვენეობის დაავადება, რამაც გამოიწვია არაჯანმრთელი ნაციონალიზმის, მილიტარიზმის, სოციალური დარვინიზმის, თუ რელიგიური ფუნდამენტალიზმის მოძლიერება ზოგადად ჰუმანისტური აზროვნების ხარჯზე. როგორც ცნობილმა მსახიობმა, მერაბ ნინიძემ ძალიან ენამოსწრებულად თქვა, საქართველოს დასჭირდა `ხელახლა დაბადებული ჰუმანისტები~ (ბორნ აგაინ ჰუმანისტ) იმისათვის, რომ მეტად მარტივი ჭეშმარიტებები ხელახლა შეეთვისებინა. თუმცა იმასაც ვერ ვიტყვი, რომ დღევანდელ საქართველოში ანტიჰუმანისტური და რეაქციული იდეები არ მძვინვარებს, მაგრამ იმ ახალგაზრდების გამოჩენა, რომელიც ამ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ სიბნელეს აზრიანად და არგუმენტირებულად უპირისპირდება, ჩემთვის ნამდვილად სასიხარულოა. მიუხედავად იმისა, რომ, პრაქტიკულად, მთელი პოლიტიკური ისტებლიშმენტი შუასაუკუნეების ენაზე მეტყველებს, ნამდვილად სასიხარულოა, რომ სააზროვნო სივრცეში გაჩნდნენ ადამიანები, რომლებსაც ბნელ დოგმებთან დაპირისპირების არ ეშინიათ. ყველა ჯანმრთელი საზოგადოებისთვის საჭიროა აზრთა სხვადასხვაობა და სადაც მემარჯვენე მოძრაობები არსებობს, მემარცხენეც აუცილებელია. 90-იანი წლების მიძინების პერიოდიდან 21-ე საუკუნის პირველ დეკადაში საქართველო პირდაპირ რეაქციონიზმის ტყეში გადაიჭრა, სადაც უკიდურესი მილიტარური ნაციონალიზმი და ბნელი ფუნდამენტალიზმი სრულიად დომინირებდნენ ადამიანების შეგნებას.  ჩემი თაობის ძალიან ბევრ წარმომადგენელს, ჩემი ჩათვლით, აღმოაჩნდა უამრავი კონსერვატიული მოსაზრება, რომელმაც საბჭოთა ბოლშევიზმის დამარცხების შემდეგ მთელი ძალით ამოხეთქა. ჩვენ თითქოს საბჭოთა სისტემის მსხვერპლნი ვიყავით ჩვენი რეაქციის მხრივაც _ ჩვენ საკუთარი რეაქციული იდეებით ხშირად ვემსგავსებოდით ნეოფაშისტურ საზოგადოებას, სადაც ნეოლიბერალი დიქტატორი პინოჩეტი და ავტორიტარი ფუხიმორი იყვნენ ყველაზე დიდი პოლიტიკური ავტორიტეტები. საინტერესოა, რომ ზოგიერთი ამერიკელი ნეოკონსერვატორის ავტორიტეტებს შორის თურმე ვლადიმერ ლენინიც შედიოდა, როგორც `ძლიერი ხელის~ კარგი სიმბოლო. მილიტარიზმი და ნაციონალიზმი ერთ-ერთი მთავარი ჭირია ჩვენი თაობისა _ სადაც უხეშ ძალას ვეთაყვანებით და ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ გვქონდეს რაც შეიძლება მეტი ადამიანის მოკვლის საშუალება. სახელმწიფო ბიუჯეტიდან სულ უფრო და უფრო დიდი თანხები მიდის შეიარაღებაში. სამაგიეროდ, განათლების ბიუჯეტი მეტად მოკრძალებულია _ მასწავლებლების ხელფასებზე საზოგადოება არ ფიქრობს. ეს თითქოს ნორმალურიცაა – ჰამვიებზე, უზის ავტომატებზე და ყუმბარებზე მილიარდობით ლარის დახარჯვა კარგად ითვლება და სოციალური სფეროს ასეთი სრული მიტოვება არც არავის ადარდებს. თუმცა ახალი მემარცხენე ფრთის გამოჩენის შემდეგ მაინც ჩნდება იმედი, რომ ამ საკითხებს ვინმე მაინც დააყენებს დღის წესრიგში. მაგრამ საინტერესოა, შეძლებს თუ არა ქართული საზოგადოება ბურჟუა ლიბერალიზმის სინდრომის გადალახვას?  ეს ბევრად უფრო რთული საქმეა, ვიდრე ზოგადად მილიტარიზმთან, ან ფუნდამენტალიზმთან ბრძოლა. საქართველო დღეს ხომ პოპერების საზოგადოებაა, რომელსაც კარლ პოპერის იდეებით აბოლებენ და სინამდვილეში ინტერესთა ჯგუფების დაპირისპირების მეტი არაფერი ხდება.  ჩვენ გამუდმებით ერთმანეთს ვჭამთ და, ბურჟუა ლიბერალიზმის ტრადიციების თანახმად, მთლიანად ვივიწყებთ ქართული საზოგადოების სუბალტერნს _ მოსახლეობის იმ 80 პროცენტს, რომელიც პოლიტიკოსებისთვის მხოლოდ არჩევნების გაყალბებისთვის საჭირო სტატისტიკაა. ეს ადამიანები მემარჯვენეებისგანაც და მემარცხენეებისგანაც მიტოვებულნი არიან და წვალებაში ელოდებიან სიკვდილს. ამ დროს კი ჩვენი ბურჟუა ლიბერალები ძალიან დიდ დროს ხარჯავენ სექსუალური საკითხების განხილვაში, ვიდრე იმისთვის, რომ ყოველდღე ათასობით ადამიანი სიღატაკეში ავად ხდება, ან სულაც კვდება იმის გამო, რომ მას ელემენტარულად ჭამის ფულიც არ აქვს, ან წამლების ყიდვის.  ანტონიო გრამშის ტერმინოლგიით რომ ვილაპარაკოთ: ,,ბიურგერულმა კულტურულმა ჰეგემონიამ“ მაქსიმალურ შედეგს მიაღწია _ დღევანდელი პოლიტიკური დისკურსისათვის სუბალტერნზე საუბარი საერთოდ აღარ არის ,,მოდაში“. პირიქით, დღევანდელი ბურჟუა ლიბერალები (მემარცხენეც და მემარჯვენეც) ძალიან დიდ დროს უთმობენ იმის ანალიზს, რამდენად უნდა იმსახურონ ჯარში ჰომოსექსუალებმა _ იმის თქმას კი ვერავინ ბედავს, რომ ჯარი საერთოდ მკვლელობის ინსტიტუტია და მასში სამსახური არც ჰეტეროსექსუალისთვის და არც ჰომოსექსუალისთვის კარგი არ არის. ნაციონალიზმსა და რელიგიურ ფუნდამენტალიზმს თანამედროვე ბურჟუა ლიბერალურ დისკურსში წამყვანი ადგილი უჭირავს _ ე. წ. კონსერვატორები და ლიბერალები მშვენივრად ემსახურებიან კაპიტალს _ ისინი, უბრალოდ, კოსმეტიკურ დეტალებზე ვერ თანხმდებიან, თორემ მათთვის აქსიომაა, რომ ადამიანების უმრავლესობამ (ხანდახან 80%-მა) მონურად უნდა იმუშაოს და მოემსახუროს კაპიტალის მფლობელ მცირერიცხოვან ადამიანებს. დღევანდელ პოლიტიკურ დისკურსში სიღატაკისა და ექსპლუატაციის თემა, პრაქტიკულად, ამოღებულია _ ის სრულებით მარგინალიზებულია. როგორც ნოამ ჩომსკი ამბობს თავის მონუმენტურ ლინგვისტურ ნაშრომში ,,მორჩილების დამზადება“, ლიბერალური დისკურსის საშუალებით ხდება საზოგადოების მარგინალიზაცია. პრესა მხოლოდ ისეთ საკითხებს განიხილავს, რომლებსაც ერთეულებისთვის აქვს მნიშვნელობა. ისტებლიშმენტური მედია მთლიანად ამ საქმითაა დაკავებული _ სიღატაკისა და ჩაგვრის მიზეზების შესწავლაზე ძალიან ცოტა დრო და სახსრები იხარჯება. ამ რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ. ხშირად ჩვენი პოსტმოდერნისტი ლიბერალი კოლეგები ამბობენ, რომ სამყარო ბევრად უფრო რთულია, ვიდრე ეს კლასობრივი საკითხის მარქსისტული ხედვით არის განპირობებული. ცხადია, ეს ასეა. ეს რომ ასეა, ამას, ჯერ კიდევ, ,,ახალი მემარცხენეების“ ფრანკფურტის სკოლის წარმომადგენლები _ ერბერტ მარკუზე, ჰორკჰაიმერი, თეოდორ ადორნო და იგივე ვალტერ ბენიამინი XX საუკუნის პირველ ნახევარში წერდნენ. ცხადია, კლასობრივის გარდა ბევრი სხვა ფაქტორია მნიშვნელოვანი, მაგრამ ჩვენს კოლეგებს ავიწყდებათ, რომ პოსტმოდერნულ ლიბერალურ დისკურსში სიღატაკისა და მონობის დაძლევის საკითხებს, პრაქტიკულად, ადგილი საერთოდ არ ეთმობა. სტრუქტურული ძალადობის საკითხი ძალიან იშვიათად თუ განიხილება. ლაპარაკია ადამიანების კანის ფერზე, მათ რელიგიურ კუთვნილებაზე, ლოცვის რიტუალებზე, ეთნიკურ წარმომავლობაზე, მაგრამ ლაპარაკი არაა სოციალურ უსამართლობაზე. ვალტერ ბენიამინს საკუთარ ,,ძალადობის კრიტიკაში“ ძალიან კარგად აქვს ახსნილი, რომ დღევანდელი კანონი თავის დროზე მოძალადე რევოლუციურმა ჯგუფმა შექმნა, რომელიც ,,კანონის შემცვლელი მოძალადე“ იყო, ახლა კი ის ,,კანონის შემნარჩუნებელ მოძალადედ“ გადაიქცა. ანუ რეალურად ესა თუ ის ელიტური ჯგუფი ძალაუფლებას საკუთარ თავზე ირგებს. ჩვენთან ამ როლში ამჟამად ,,ნაციონალური მოძრაობა“ გვევლინება, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათი ჩამოგდების შემთხვევაში სხვა ნეოლიბერალური ძალა უკეთესი იქნება.  კაპიტალიზმისა და ეკონომიკური ლიბერალიზმის მთავარი პრინციპი ნულოვანი ჯამის პრინციპია, სადაც მოგებული ცოტაა და წაგებული _ ბევრი. ამჟამინდელი ნეოლიბერალების საყვარელი სიტყვაა ლუზერი – ეს სამყარო ამ ადამიანების ხედვით ლუზერების ერთობლიობაა, რომელთაც თავზე აზის სულ რამდენიმე ბანდიტი, სხვანაირად რომ ვთქვათ, ,,წარმატებული ბიზნესმენი“. თანამედროვე ჰეგემონური ნეოლიბერალური დისკურსი, ადამიანების უმრავლესობის პოპერის მდგომარეობაში ყოფნას სრულ იგნორირებას უკეთებს, სამაგიეროდ, ფილოსოფოს პოპერის ,,ღია საზოგადოების“ იდეას ფართო პროპაგანდას უკეთებს, რადგანაც ეს საზოგადოება რეალურად მხოლოდ კაპიტალის პატრონისთვისაა ღია და აქედან გამომდინარე, ეს უმცირესობა არ უნდა დაიჩაგროს. აქედან მოდის ,,იდენტობის პოლიტიკის“ დისკურსიც, რომლითაც აგრეთვე ხდება დღევანდელი პოპერების კლასის გამოთაყვანება. ვინ არის ,,რჩეული ერი“ (ჩვენს შემთხვევაში ეს მითი ,,ღვთისმშობლის წილხვედრობის“ ფუნქციით განისაზღვრება), ვინ არის ,,ეშმაკის მოციქული“, ,,კრემლის აგენტი“, ,,რუსოფილი“ და ასე შემდეგ. ნაციონალიზმმა, ეთნოცენტრიზმმა, ფუნდამენტალიზმმა, გენდეროცენტრიზმმა და მსგავსმა იდენტობის ფილოსოფიებმა მთლიანად დაიპყრეს ასპარეზი ბოლო 40 წლის განმავლობაში. ახლა დროა, ეს შეიცვალოს. ცხადია, ნებისმიერი ტიპის რასიზმი, სექსიზმი, ჰომოფობია თუ ქსენოფობია ყველა საზოგადოებას საგრძნობლად სწევს უკან. ცივილიზებულ საზოგადოებაში ყველას თანასწორი უფლება უნდა ჰქონდეს; ასევე თანასწორი უფლება უნდა ჰქონდეს სხვადასხვა სნეულებით დაავადებულ ადამიანებს. მე ერთ-ერთი მათგანი გახლავართ _ უკვე 23 წელია, მძიმე ფორმის შაქრიანი დიაბეტი ჩემი მუდმივი თანამგზავრია. ამის გამო თავს არასრულფასოვნად ნამდვილად არ ვგრძნობ, განსხვავებულად _ კი. ჟაკ დერიდას ,,დიფერანსი“ ყველა განსხვავებულ ადამიანს ეხება და სრულფასოვან საზოგადოებაში ყველა ასეთ ადამიანს უნდა ჰქონდეს საშუალება, საზოგადოებრივ ცხოვრებაში ყოველგვარი შეფერხების გარეშე ჩაებას.  ემანუელ ლევინასის ,,სხვა“ და მისი მიმღებლობა ნებისმიერი საზოგადოების მომწიფებულობის გამოსაცდელი ბარიერია. რამდენად შეგვიძლია მივიღოთ ეს სხვა (the Other) და რამდენად შეგვიძლია მას თანასწორი უფლებები მივანიჭოთ? _ ეს უეჭველად მნიშვნელოვანი კითხვებია. ყველა ადამიანს აქვს ,,განსხვავებულობის“ უფლება –  ყველა ჩვენგანის თავისებურების აღმნიშვნელი კატეგორიაა, რომლის გარეშეც ცხოვრება ნამდვილად არ იქნებოდა საინტერესო. მაგრამ, ამავე დროს, რაც პოსტმოდერნულმა ,,იდენტობის პოლიტიკამ“ მოიტანა, ეს არის კლასობრივი საკითხის თითქმის მთლიანი მარგინალიზაცია იდენტობის საკითხის სასარგებლოდ. მემარცხენე პოლიტიკა ხელში ჩაიგდეს, ხშირ შემთხვევაში, თავისი არსით მემარჯვენე ,,ინტერესთა ჯგუფებმა“, რომლებიც კაპიტალისტური კორპორაციების მსგავსად ცდილობენ, ,,საკუთარი წილი“ მოიპოვონ რესურსებისათვის უთანასწორო ბრძოლაში. ამ ,,ინტერესთა ჯგუფებს“ შორის ტრადიციული მოდერნული პროფკავშირების როლი სულაც არ არის წამყვანი, ისევე როგორც ჯონ რიდის და ჰემინგუეის დროს იყო. კლასობრივი საკითხი ყველაზე მარგინალურად იქცა _ დღეს სჯობია, გრძელფრჩხილიანთა, ან ტრანსსექსუალთა უფლებებზე ილაპარაკო და ეს საკითხები გაცილებით დიდ ყურადღებას დაიმსახურებს მეინსტრიმული პრესისაგან, ვიდრე ,,გლახის ნაამბობი“, ან, თუნდაც, მარქსისა და ენგელსის ,,კომუნისტური პარტიის მანიფესტი“. აღარ არის მოდაში ღარიბების ინტერესების დაცვა _ დღეს ხომ საბაზრო ფუნდამენტალიზმის დროა. ამიტომაც ჩემთვის, მაგალითად, ნამდვილად დიდი გაბედულებაა ის, რაც ფილოსოფოსმა გიორგი მაისურაძემ გააკეთა შარშან, როდესაც მან ტროცკიზმისა და მარქსიზმის სრულიად მარგინალური თემები წამოჭრა. მას ხომ თავისუფლად შეეძლო ბურჟუა ლიბერალების წრეში ბევრად უფრო პოპულარული ,,გეი-ლესბიან-ტრანსგენდერ-ბისექსუალურ“ თემებზე მოეთბო ხელი, მაგრამ მან მოუხერხებელი სიმართლის თქმა ამჯობინა. მიუხედავად იმისა, რომ მე პირადად ტროცკის პრუდონს ვამჯობინებ, მიმაჩნია, რომ ასეთი გამოსვლები ინტელექტუალური გაბედულების იშვიათი გამობრწყინებებია ქართულ რეალობაში. ეს პრობლემა მემარცხენე მოძრაობას არა მარტო საქართველოში აქვს. საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ მთელ მსოფლიოში მემარცხენე ნიჰილიზმის პერიოდი დადგა, სადაც ბევრ პოლიტიკოსს სიტყვა ,,სოციალიზმის“ ეშინია და ბევრი ე. წ. მემარცხენე ბიზნესს მეგობრობას უმტკიცებს ტონი ბლერისა და შროდერის მსგავსად. ახლაც ობამას ჯანმრთელობის რეფორმაზე განხორციელებული მემარჯვენე შტურმი, რომელიც მთლიანად კერძო სადაზღვევო კომპანიების მიერ იმართება, ამ დისკურსის ნაწილია. როგორც კი კაპიტალიზმის მთავარი პრინციპი – ,,ბრძოლა არსებობისათვის“ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს, მაშინვე მოხდა უზარმაზარი თანხების ,,ინვესტირება“ ,,ანტისოციალისტურ“ კამპანიაში და შედეგმაც არ დააყოვნა. სამწუხაროდ, ბიურგერული აზროვნების კულტურული ჰეგემონია მყარად აგრძელებს ბატონობას და ანტონიო გრამშის ეს კონცეფცია დღეს არანაკლებ აქტუალურია, ვიდრე მისი დაწერის ჟამს _ შეიძლება მეტადაც. ჩვენს მედია-საუკუნეში, სადაც სიმულაკრები ბატონობენ რეალურ იმიჯებზე _ მეინსტრიმულ მედიას, რატომღაც, სრულებით ,,ავიწყდება“ მილიარდობით ღატაკი და სამაგიეროდ რამდენიმე ასეული პოპვარსკვლავის პირად ცხოვრებას განიხილავს მუდმივად.  დღევანდელ დღეს ,,არაპოლიტკორექტულია“ ოლიგარქებთან რეალური დაპირისპირება, რადგანაც ოლიგარქებიც ხომ ერთ-ერთი უმცირესობის ჯგუფია. ბურჟუა ლიბერალურ დისკურსში კი თუ უმცირესობათა უფლებებს ვიცავთ, მაშინ პრივილეგირებული კლასის ინტერესებიც უნდა დავიცვათ. მე პირადად დიაბეტით დაავადებულთა ,,უმცირესობას“ ვეკუთვნი და ვფიქრობ, რომ ყველა სხვა დაავადებასთან ერთად ამ უმცირესობის წარმომადგენლებსაც უნდა მიეცეთ საზოგადოებაში სრულყოფილად ცხოვრების საშუალება. ეს ეხება სხვა უმცირესობებსაც:  ბიოლოგიურ, ფსიქოლოგიურ, ონტოლოგიურსა და სხვა უმცირესობებს. მათი დისკრიმინაციის არავითარი საფუძველი არ არსებობს _ არც ნეგატიური და არც პოზიტიური, მაგრამ არის ერთი უმცირესობა, რომელთანაც მე პრობლემა მაქვს _ ესაა სიხარბით დაავადებული პრივილეგირებული კლასის უმცირესობა. ამ ადამიანების განკურნებას საზოგადოებამ განსაკუთრებით დიდი რესურსი უნდა დაუთმოს და თუ სახელმწიფოს რაიმე ფუნქცია მაინც აქვს, მისი ვალია, რომ რადიკალური უთანასწორობა ადამიანებს შორის მაქსიმალურად შეამციროს. ამავე დროს, მე ვფიქრობ, რომ ახალი მემარცხენე მოძრაობა არ უნდა იყოს აუცილებლად ათეისტურ ფესვებზე მდგარი. მე პირადად დიდ პატივს ვცემ ბევრ ათეისტს, მაგრამ მიმაჩნია, რომ თუ პროგრესულ მოძრაობას რაიმე ღირებული აქვს გაკეთებული, ეს მორწმუნე მემარცხენეთა არანაკლები დამსახურებაა, ვიდრე ათეისტებისა. XX საუკუნის გამოჩენილ მემარცხენე ლიდერებს შორის მორწმუნე ლიდერებმა: მაჰათმა განდიმ, მარტინ ლუთერ კინგ ჯუნიორმა, ნელსონ მანდელამ, ოსკარ რომერომ, დალაი ლამამ, ვფიქრობ, გაცილებით მეტს მიაღწიეს, ვიდრე ლენინმა, სტალინმა, მაო ძედუნმა და ფიდელ კასტრომ. ცხადია, ათეიზმი ისეთივე მრწამსია, როგორც ნებისმიერი სხვა აღმსარებლობა და მისი მიმდევრებისათვის მუდამ ღია უნდა იყოს ნებისმიერი მოძრაობის კარი, მაგრამ არც მორწმუნეთათვის უნდა დაიკეტოს ეს კარი.  თავისუფლების თეოლოგიას კიდევ ბევრი ახალი სიტყვის თქმა შეუძლია სამომავლოდ. დღეს რუსეთი, საქართველო და, პრაქტიკულად, მთელი საბჭოთა კავშირი რეაქციული ოლიგარქიული აზროვნების ცენტრებია მთელ მსოფლიოში, მაშინ როდესაც მთელი განვითარებული სამყარო სოციალური განვითარებისაკენ ნაბიჯებს დგამს, პოსტსაბჭოთა ქვეყნები უფრო და უფრო ღრმად შედიან სოციალური დარვინიზმის და ოლიგარქიული წყობის მორევში, სადაც მხოლოდ ,,უძლიერესი“ გადარჩება. სოციალური დაცვის გარეშე, ხშირად, ეს ,,უძლიერესი“ აშკარა ყაჩაღია, ან მკვლელი, მაგრამ მისი სიმდიდრისა და ძალაუფლების გათვალისწინებით მასთან დაპირისპირება ,,არაპოლიტკორექტულია“ _ ეს ადამიანები ხომ ,,უმცირესობას“ წარმოადგენენ. მიუხედავად იმისა, რომ ბურჟუა-ლიბერალურ დისკურსში დღეს არანაირად არ არის მოდაში ამ ,,უმცირესობაზე“ თავდასხმა, რადგანაც ისინი ,,სამუშაო ადგილებს აჩენენ“, თურმე, მე მინდა, საჯაროდ სოლიდარობა გამოვუცხადო ჩემს ტროცკისტ მეგობარ გიორგი მაისურაძეს და განვაცხადო, რომ, პირველ რიგში, ჩვენი საზოგადოება სიხარბისა და ძალაუფლების დაავადებისგან უნდა განთავისუფლდეს, რასაც სხვა სიტყვებით ,,წარმატებას“ უწოდებენ. ადამიანების მონობისა და სიღატაკის მდგომარეობაში ჩამგდებ კლასს მადლობა ნამდვილად არ ეკუთვნის, სწორედ მათ სჭირდებათ, უპირველესად, მკურნალობა. ასეთი მკურნალობის კურსებმა საკმაო წარმატებით ჩაიარა ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში და იმედია, ჩვენც ამ სამყაროს შევუერთდებით. არსებობს უმცირესობები, რომელთა კონდიციაც ვერ შეიცვლება _ მათ შორისაა სექსუალური, სქესობრივი უმცირესობები, აგრეთვე ქრონიკული დაავადების კონდიციაში მყოფნი, მაგრამ ღრმად მწამს, რომ სიხარბისა და ძალაუფლების წყურვილის წამალი არსებობს _ ეს დაავადებები დიაბეტისა და კიბოს მსგავსად უკურნებელი არ არიან. მაშასადამე, დღეს უკვე ის დროა, რომ ქართველი მარქსის აჩრდილი მკვდრეთით აღდგეს, როგორც ამას ჯაკ დერიდა ამბობდა 1993 წელს. დიახაც, ამ ფსევდო ,,ერი-სახელმწიფოსა“ და რეალურად `ფანტომური სახელმწიფოს~ მიღმა იმალება ავაზაკებისა და ქურდების ბატონობა. დღეს საქართველო მზადაა მარქსის აჩრდილის მისაღებად. იმედია, ეს მალე მოხდება.  

                                                                                                              ირაკლი კაკაბაძე

 

გაზიარება