QronikaPlus
რატომ დააწერინა რუსთავის მერმა თეატრის დირექტორს საკუთარი ხელით განცხადება?

რატომ დააწერინა რუსთავის მერმა თეატრის დირექტორს საკუთარი ხელით განცხადება?

2016-03-09 06:52:17

რამდენიმე დღეა, რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ მუნიციპალური თეატრის დირექტორად მსახიობი ზვიად დოლიძე ისე დანიშნა, არც თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელისთვის უკითხავს აზრი და არც დასის წევრებისთვის. ფინანსური ხელმძღვანელის ადგილი ჯერ ვაკანტური არ იყო, როდესაც ჯიქიამ კანდიდატურა შეარჩია, საფუძვლად კი თეატრში ჩატარებული აუდიტორული შემოწმების დასკვნა დაუდო, რომლის მიხედვით, ყოფილ დირექტორს ფინანსური დარღვევებისთვის ედავება. ამ ამბავმა თეატრის პარალიზება გამოიწვია. მსახიობები აცხადებენ, რომ ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან თეატრის ცხოვრებაში მსგავსი უხეში ჩარევა წლების წინათ უკვე მოხდა, რამაც თეატრი ნულამდე დაიყვანა. მათ ისტორიის გამეორების ეშინიათ. რუსთავის მერის ასეთმა გადაწყვეტილებამ ბევრი კითხვის ნიშანი გააჩინა. რატომ დაბრუნდა რუსთავის თეატრიდან 12 წლის წინათ წასული მსახიობი დირექტორის ამპლუაში? რატომ დააწერინა დავით ჯიქიამ თეატრის დირექტორს განცხადება საკუთარი ხელით? რა კავშირი აქვს ამ ყველაფერს პარლამენტარ გოგი ქავთარაძესთან? ამას ჩვენი მასალიდან შეიტყობთ. 2010 წელს, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში, მაშინდელმა ქვემო ქართლის გუბერნატორმა დავით კირკიტაძემ, ქალაქის მერმა მამუკა ჩიქოვანმა და ვიცე-მერმა შორენა გარდაფხაძემ, რუსთავის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად მოყვარული რეჟისორი ლაშა ნოზაძე დანიშნეს, რომელიც მათ „ბროდვეის თეატრის“ შექმნას დაჰპირდა. ცნობილი რეჟისორის, გოჩა კაპანაძის ნოზაძით ჩანაცვლება მესტიაში, „არტგენის“ ფესტივალზე, ერთ-ერთ კოშკში გადაწყდა. მეგობრისთვის ოცნების ახდენა და რუსთავის თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელად დანიშვნა კირკიტაძეს მომღერლებმა ზუმბამ და ნიაზ დიასამიძემ სთხოვეს. მაშინდელმა საკრებულოს თავმჯდომარე კახა გურგენიძემ და ვიცე-მერმა შორენა გარდაფხაძემ, გოჩა კაპანაძე თბილისში, ერთ-ერთ კაფეში მიიწვიეს და იქ აცნობეს ხელშეკრულების ნაადრევად შეწყვეტის ამბავი. დარჩა დაუმთავრებელი სპექტაკლები და გაუქმებული გასტროლი ჩინეთში, სადაც ქართული თეატრი არასოდეს ყოფილა. მსახიობები, რომლებმაც სამხატვრო ხელმძღვანელის თეატრიდან გაშვება გააპროტესტეს, კაპანაძეს უკან მიაყოლეს. ორი მათგანი _ ოთარ სეთურიძე და გია ლეჟავა, რომელთა შემოსავალს მხოლოდ ხელფასი შეადგენდა, უკიდურესი გაჭირვების გამო, გარდაიცვალა. რუსთავის თეატრში შექმნილი მდგომარეობა თეატრალური წრეების, მედიისა და საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა. 3-წლიანი ბრძოლის შემდეგ კირკიტაძე განთავისუფლებულ მსახიობებს თეატრში დაბრუნებას დაჰპირდა. საპროტესტო აქციებმა, პრესკონფერენციებმა, ცნობილი მსახიობების, რეჟისორებისა თუ თეატრის კრიტიკოსების აქტიურმა ჩარევამ ადგილობრივი ხელისუფლება იძულებული გახადა, თეატრალური საზოგადოებისა და კულტურის სამინისტროსთვის თხოვნით მიემართა, შემდგარიყო კომპეტენტური ადამიანებით დაკომპლექტებული კომისია, რომელიც რუსთავის თეატრის ბედს გადაწყვეტდა და სამხატვრო ხელმძღვანელს კონკურსის წესით აირჩევდა. საკონკურსო კომისიის თავმჯდომარედ ამ თეატრის დამაარსებელი გიგა ლორთქიფანიძე დაინიშნა. საკონკურსო კომისიამ სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტზე კვლავ გოჩა კაპანაძის კანდიდატურა დაასახელა, მაგრამ რეჟისორმა რუსთავში დაბრუნებაზე უარი განაცხადა. საბოლოოდ, ამ ადგილზე ლევან სვანაძის კანდიდატურა შეირჩა, რომელიც დღემდე თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად მუშაობს. ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი გოჩა კაპანაძე გახლდათ, დირექტორად ლალი თაბაგარი მუშაობდა. ეს ის ქალბატონია, რომელსაც ქალაქის ახლანდელი მერი ფინანსების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს. თაბაგარის მისამართით გაჟღერებული ბრალდება პირველი არ არის. წინა ხელისუფლების დროს არამიზნობრივად დახარჯულ ფულზე და თეატრიდან უგზო-უკვლოდ გამქრალ ქონებაზე მსახიობები პრესის ფურცლებიდან საუბრობდნენ. როგორც ისინი აცხადებდნენ, ქალაქის მაშინდელი მერი ჩიქოვანი თაბაგარს მსახიობების თანდასწრებით ციხეში გაშვებასაც კი დაჰპირდა. ამ ამბების მისაჩქმალად ჩიქოვანმა თეატრის დირექტორი ქალაქის ცენტრალური ბიბლიოთეკის ხელმძღვანელად გადაიყვანა, იქაური დირექტორი თეა ჟვანია კი, რომელიც თაბაგარის დიშვილია, თეატრში დანიშნა. ჟვანიას შემდეგ თეატრმა, გეგი ლიპარტელიანის სახით, კიდევ ერთი დირექტორი გამოიცვალა. როდესაც ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“ მოვიდა და თეატრში სამართლიანობის აღდგენა გადაწყდა, სამხატვრო ხელმძღვანელად საკონკურსო კომისიის მიერ წარდგენილი ლევან სვანაძე, ხოლო ადგილობრივი ხელისუფლების კატეგორიული მოთხოვნით, რატომღაც, დირექტორის თანამდებობაზე ლალი თაბაგარი დაინიშნა. რუსთავის ახლანდელი მერი დავით ჯიქია, „ოცნების“ ხელისუფლებაში გადმოპორტირებამდე, ადგილობრივ ხელისუფლებაში ერთ-ერთ სამსახურს ხელმძღვანელობდა და წესით, ყველაზე უკეთ მას უნდა სცოდნოდა ეს ისტორია. და მაინც, ახლა რატომ გახდა საჭირო თაბაგარის მოშორება და მისი ჩანაცვლება ზვიად დოლიძით? „ქრონიკა+“-ს კარგად ინფორმირებული წყარო უყვება, რომ ამ ყველაფრის უკან პარლამენტარი და რეჟისორი გოგი ქავთარაძე დგას, რომელმაც კარგად იცის, მომავალ არჩევნებზე მისი ადგილი პარლამენტში აღარ მოიძებნება. ქავთარაძეს ისიც კარგად მოეხსენება, რომ ბიძინა ივანიშვილის ყურამდე უკმაყოფილო ზესტაფონელების ამბებმაც მიაღწია, რომლებიც ჩივიან, _ დამლაგებელიც კი ვერ დავნიშნეთ ქავთარაძის გარეშეო. „ხომ არ გგონიათ, რუსთავის თეატრში მოვა და იქ დაჯდება გოგი, დასვამს თავისიანს და ისე გააკეთებს ფულს. ზვიად დოლიძე მისი სტუდენტი იყო. ქავთარაძე რუსთავის თეატრიდან უკმაყოფილო რომ წავიდა და მსახიობების ნახევარი თან გაიყოლა, დოლიძეც მათ შორის იყო. ახლა შეუყვარდათ ეს თეატრი? თეატრის რემონტს აპირებენ, სხვა თანხებიც გამოჩნდება, ასეთ საქმეებში იჭრება ფული, მაგის მეტი რა იცის... ერთი ჰკითხეთ, რატომ გადაიფიქრა ივანიშვილმა თეატრალური საზოგადოების შენობის რემონტი და ყველაფერი ცხადზე ცხადი გახდება“, _ აცხადებს წყარო. თაბაგარის მოსაშორებლად მერმა ჯიქიამ რამდენიმე თვის წინ თეატრში აუდიტის სამსახური შეუშვა. რამდენიმეთვიანი შემოწმების შემდეგ ჯიქიამ სვანაძესა და თაბაგარს წერილობით აცნობა, რომ აუდიტორული შემოწმების დასკვნის საფუძველზე, სავარაუდოდ, მათი განთავისუფლება იგეგმებოდა. მერიის მიერ გაგზავნილ ოფიციალურ წერილში მითითებულია შრომის კოდექსის 34-ე მუხლის „ვ“ პუნქტი, რომელიც საქმისადმი არაკვალიფიციურ და არაპროფესიონალურ დამოკიდებულებას გულისხმობს. თუმცა მერიაში თეატრის ხელმძღვანელების განთავისუფლების შესახებ არანაირი ბრძანება არ დაწერილა. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და მსახიობები ამბობენ, რომ აუდიტორულ დასკვნაში აბსურდული და უსუსური ბრალდებებია მოყვანილი. ქალაქის მერმა იცის, რომ სასამართლოში ჩივილის შემთხვევაში წამგებიან პოზიციაზე აღმოჩნდება და ამიტომ ფსიქოლოგიურ ზეწოლას მიმართა. თაბაგარს საკუთარი ხელით განცხადების დაწერა მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ციხეში გაშვებით დაემუქრა. რამდენიმე დღის განმავლობაში თაბაგარი განცხადების დაწერაზე თავს იკავებდა, ეს მხოლოდ მას შემდეგ გააკეთა, რაც თეატრში სხვა პოზიციაზე დატოვების და იგივე ხელფასის შენარჩუნების გარანტია მიიღო. დღეს თეატრში თაბაგარის ადგილს დოლიძე იკავებს, ხოლო თაბაგარმა შტატგარეშე კონსულტანტის პოსტი, თითქმის იმავე ხელფასით, ჩაიბარა, რაც დირექტორობის პერიოდში ჰქონდა. თან იმ პირობით, რომ 3 თვის შემდეგ შტატიანი თანამშრომელი გახდება. შეკითხვები პასუხგაუცემელია, _ რატომ დააფარა ხელი ქალაქის მერმა მის მიერვე დადანაშაულებულ დირექტორს და რა უნდა ურჩიოს არაკვალიფიციურობაში და არაპროფესიონალიზმში ბრალდებულმა ყოფილმა დირექტორმა ახალს? თეატრში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით „ქრონიკა+“-თან საკუთარ პოზიციას მსახიობები აფიქსირებენ.   გია ტყეშელაშვილი: _ თეატრში უხეშად არ უნდა ერეოდეს ქალაქის ხელმღვანელობა, ამაზე გვპასუხობენ, _ დამფუძნებლები ჩვენ ვართო. ამ დროს, თეატრი დააარსა გიგა ლორთქიფანიძემ და 1967 წლიდან მოდის. რამდენიმეწლიანი ჩავარდნის შემდეგ, როდესაც წინა ხელისუფლება თეატრის საქმეებში უხეშად ჩაერია, როგორც იქნა, ახლა ამოვიწიეთ, გასტროლებზე ვიყავით, ახლაც გვაქვს მიწვევები. მიუხედავად იმისა, რომ საბერძნეთში გასტროლებზე წარმატებები გვქონდა, ქალაქის მერი და კულტურის სამსახურის უფროსი თეატრში ერთხელაც არ მოსულა და ამით არ დაინტერესებულა. არანაირი რეაქცია არ ყოფილა, ერთი მადლობაც არ უთქვამთ, რომ ამ ქალაქის სახელი უცხოეთში გავიტანეთ. მათი რეაქცია არის ის, რასაც ახლა აკეთებენ! გაოგნებულები ვართ, რამდენჯერ უნდა დაინგრეს და აღდგეს ფერფლიდან ეს თეატრი?! ერთადერთი თეატრი იყო 90-იან წლებში, რომელიც მუშაობდა, თბილისიდან რუსთავში ხან მატარებლით და ხანაც ფეხით დავდიოდით, წვალებით გვაქვს დღემდე მოტანილი! ყოფილმა გუბერნატორმა კირკიტაძემ ერთი მოიყვანა და „ბროდვეის თეატრის“ აშენებას გვპირდებოდა, ახლა ქალაქის მერს, დავით ჯიქიას მეორე მოჰყავს და ევროპული თეატრი მოინდომა. რაც კირკიტაძემ გააკეთა, იგივეს ახლა ჯიქია აკეთებს! კირკიტაძის ჩარევის შედეგად მივიღეთ ის, რომ ორი ბრწყინვალე მსახიობი შეეწირა ამ საქმეს _ ოთარ სეთურიძე და გია ლეჟავა. ესენი საიქიოში გაუშვეს, დანარჩენი კი _ სახლში. იგივეს გაკეთება უნდათ ახლა, ვინც მოიყვანეს, ვინ არის, ჩვენთან თეატრში არ იყო? რატომ წავიდა რუსთაველი ბიჭი, თბილისელმა კაცმა 45 წელიწადი შევწირე ამ თეატრს! ჩემს ოჯახში ასე უხეშად რატომ ერევიან?! რა კომპეტენციის ფარგლებში ნიშნავს ქალაქის მერი თეატრის ხელმძღვანელს?! ერთხელ არ მოსულა, არავის იცნობს, შეხვედრას ვთხოვთ და გვემალება, არც შეუძლია და არც არავის ეკითხება! „ნაციონალების“ ხელისუფლების დროს ახლანდელი ქალაქის მერი მანდ მუშაობდა და კარგად უნდა ახსოვდეს, რა მოჰყვა თეატრში მაშინდელი ხელისუფლების ჩარევას, თვითონ რატომ იმეორებს?! ჩვენი რამდენიმეწლიანი ბრძოლის შედეგად, ყოფილი ხელისუფლების დროს, ქალაქის მერიამ კულტურის სამინისტროს და თეატრალურ საზოგადოებას სთხოვა, რომ კომპეტენტური ადამიანებით დაკომპლექტებული კომისია შემდგარიყო და კონკურსის შედეგად შერჩეულიყო თეატრის ხელმძღვანელობა. ეს არც იმ კომპეტენტურ ხალხს ეკითხება და არც არავის, თვითონ ჭრის და კერავს! რა კრიტერიუმით შეირჩა ზვიად დოლიძის კანდიდატურა, საიდან იცნობს, რა უნახავს მისი გაკეთებული, ეს ხომ ბევრ კითხვას ბადებს?! სინამდვილეში, არჩევნები კარს მოადგა, ქალაქის მერს კიდევ სჭირდება ეს ხალხი და ახლა იმათ ასაქმებს, ვინც საარჩევნო კამპანიის დროს მას უკან დაჰყვებოდა. თუ ასეთი გულშემატკივარია, ადგეს და მერიაში დანიშნოს! მერი რომ ახლა ათას რაღაცას გვპირდება, ასეთი ფოჩიანი კანფეტების შესახებ ბევრი გვსმენია, თეატრის ხელმძღვანელიც ბევრი გამოგვიცვლია და ქალაქისაც! ტელევიზორს ყველა ვუყურებთ და ვხედავთ, რა ხდება ქვეყანაში, საქმე იქამდე მიდის, ვინც ესენი ხელისუფლებაში მოიყვანა, იმ ადამიანს თავიანთი არასწორი ქმედებებით ჩირქს სცხებენ! დაგვანებონ თავი, ახლა დოლიძე რომ მოგვიყვანა თეატრში და გვპირდება, ყველაფერს გაგიკეთებთო, მანამდე გაეკეთებინა, რა უშლიდა ხელს?! ხელფასი გუშინ ავიღე და დღეს აღარ მაქვს, თვითონ კიდევ პრემიებს არ იკლებენ! აუდიტი თეატრში კი არა, მაგათთან უნდა დაჯდეს! ამაზრზენია უკვე ეს ყველაფერი! ხვალ-ზეგ ჯიქია რომ აღარ იქნება ხელისუფლებაში, ქალაქში არ უნდა, რომ გაიაროს, რუსთაველი არ არის? დავით კირკიტაძემ ბოლოს რომ აღიარა, ფეხბურთელი ვარ და არ ვიცი თეატრიო, თეატრმცოდნე ნათელა არველაძემ უთხრა, _ შვილო, დავით, ვინც იცის, იმას ჰკითხეო. ახლა მეც მივმართავ ჯიქიას, ამასაც დავითი ჰქვია, _ შვილო, დავით, იმას ჰკითხე, ვინც იცის და ნუ იღებ ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას! გააუქმოს კულტურის სამსახური, რისთვის იღებენ ხელფასს, ერთხელ არ მოსულან თეატრში და არ უკითხავთ, ცოცხლები ხართ თუ მკვდრებიო! იქნებ, სხვა თეატრიც არსებობს რუსთავში და ჩვენ არ ვიცით! მსოფლიო მნიშვნელობის ანსამბლი „რუსთავი“ მანდ შეიქმნა, ვერ მოუარეს და თბილისშია, მშვენიერი ტელევიზია შეიქმნა „რუსთავი 2“ და თბილისში ფუნქციონირებს, ერთი თეატრიღა დარჩა და როცა წამოვდექით, ახლა გვაჭერენ ფეხს! მუსირებს აზრი, რომ რუსთავის თეატრი რუსთაველების უნდა იყოსო, ნახევარი რუსთავი თბილისში მუშაობს, რა ვქნათ, ტრასაზე შლაგბაუმი გავაკეთოთ? რა ლოგიკაა, გამაგებინეთ! თბილისელმა კაცმა რომ დააარსა და ააშენა ეს თეატრი, თბილისელმა მსახიობებმა რომ მოიტანეს დღემდე, იმას რა ვუყოთ?! ორი წელია ვუყურებ და ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რუსთავის მერია ტურისტული ბიუროა, მერი სულ საზღვარგარეთ დადის, სამჯერ ჩაინიშნა ჩვენთან შეხვედრა და სამჯერვე გაიპარა, არ შეგვხვდა. როგორ ვენდო?! ჩვენ ვერევით მერიის საქმეში? დაგვანებოს თავი!   ნათელა მუხულიშვილი: _ როგორც მერი ბრძანებს, აუდიტის დასკვნის საფუძველზე გაათავისუფლა თეატრის დირექტორი. მე პირადად ეს დასკვნა არ მინახავს, მაგრამ ის ამას პრინციპულად აცხადებს. არ ვფიქრობ, რომ ზვიად დოლიძე შესაფერისი კანდიდატურაა, ის ადრე ჩვენთან მსახიობად მუშაობდა, როცა გოგი ქავთარაძე წავიდა და მსახიობების გარკვეული ჯგუფი თან წაიყვანა, ესეც გაჰყვა. რუსთაველია, მაგრამ მაშინ მან არ მოისურვა ამ თეატრში მუშაობა. ახლა გამოთქვა სურვილი, რომ მენეჯერად მოვიდეს. ჩემი პოზიცია უკვე დავაფიქსირე, წინააღმდეგი ვარ, მე მინდა თეატრში მოვიდეს ისეთი ფინანსური მენეჯერი, რომელმაც იცის, როგორ მოიძიოს ფინანსები. ქალაქის მერმა მითხრა, ყველაფერში დავეხმარებიო. ძალიან ცუდ სიტუაციაშია თეატრი, მერი ჩვენ არც დაგვლაპარაკებია. როდესაც ადამიანი პრეტენზიას გამოთქვამს, რომ მოვიდეს თეატრის ფინანსური ხელმძღვანელის თანამდებობაზე, მანამდე უნდა შეხვედროდა უფროსი თაობის მსახიობებს, რომელთაც თეატრი აქამდე მოიტანეს და დაგვლაპარაკებოდა. საერთოდ არ დაგვლაპარაკებია, ის კი არა, ჩვენმა მსახიობმა სოსო ელიზბარაშვილმა მითხრა, დოლიძემ ადრე ასე თქვა, რუსთავის თეატრში ქუდი რომ შემიგდონ, გამოსატანად არ შევალო. ახლა რატომ მოვიდა, ხომ უნდა გაეცეს ამას პასუხი?! ვერ გეტყვით, მის ზურგს უკან ვინ დგას, ვინ გაუკეთა წარდგინება, ნამდვილად არ ვიცი. მისი არც დადებითი ვიცი და არც უარყოფითი, რა ვთქვა, როდესაც უკვე უარყოფით კონტექსტში მოიხსენიება და მისი თეატრში შემოსვლის გზა უკვე არასწორია. როდესაც ადამიანს პრეტენზია აქვს, რომ ამა თუ იმ საწარმოს ხელმძღვანელი გახდეს, ჯერ შიგნით უნდა მოძებნოს დასაყრდენი ძალა, არის თუ არა ის ჩვენთვის სასურველი. რატომ გავხდით ჩვენ წლების შემდეგ მისთვის სასურველი თეატრი, თუკი 12 წლის წინათ არასასურველი ვიყავით?! კითხვები მაქვს, რომელზედაც მან პასუხი უნდა გასცეს! რა დივიდენდები აქვს და რით აპირებს ჩვენთან ურთიერთობას, არ შეგვხვედრია და ამაზე არ ულაპარაკია, რაც ჩვენთვის ძალიან შეურაცხმყოფელია. რამდენადაც ვიცი, დასში არავის აქვს მასთან ურთიერთობის სურვილი. კულუარულად ასე მესმის, ცალკე მსახიობებთან ამ თემაზე გასაუბრება არ მქონია. ქალაქის მერს ვესაუბრე ამის შესახებ და მითხრა, ვიცი, რომ  კარგი ფინანსური მენეჯერია და შეასრულებს იმ დანაპირებს, რაც მე მითხრა, ვენდობი, შეძლებს ამ საქმესო. ყველაფერი აწყობილი იყო ჩვენთან, რეპერტუარი, გეგმები, შიდა თუ გარე გასტროლები, ეს ყველაფერი ჰაერში რომ ჩამოიკიდოს, მერე სად მივდივართ?! მეშინია, რომ არ განმეორდეს ის წარსული, რაც წლების წინათ ადგილობრივი ხელისუფლების უხეში ჩარევით მივიღეთ. წინ რომ არ მქონდეს ისტორია, როდესაც გამოუცდელი, არაპროფესიონალი რეჟისორი თუ ფინანსური მენეჯერი შემობრძანდა თეატრში და ყველაფერი თავდაყირა დააყენა, ასე არ ვინერვიულებდი. ჩვენი ნაწვალები და ნაშრომი მაშინაც წყალში გადაიყარა და თეატრი შეფერხდა. მსახიობი ვარ, თამაში მინდა და ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, თეატრი არ გაჩერდეს!   ქეთევან კიკნაძე: _ ეს თეატრი უკვე 50 წელიწადია, რაც არსებობს, საკავშირო მნიშვნელობის თეატრი იყო, რომელ ქვეყანაში არ გვქონდა გასტროლები. ბევრი წარმატებაც იყო, ჩავარდნაც, ბოლო-ბოლო, თეატრმა ახლა აიდგა ფეხი. აქ მოღვაწეობს უფროსი თაობა, რომელთაც თავიანთი მხრებით მოიტანეს ეს თეატრი, რაც ძალიან დასაფასებელია. თბილისიდან დადიოდნენ მშივრები, მწყურვალები, მცირე ხელფასით და ამის არდანახვა ყოვლად წარმოუდგენელია! როდესაც თეატრმა წარმატებას მიაღწია, თქვენ თვითონ მიხვდით, რას უნდა ექვემდებარებოდეს და ჩვენ რაზე უნდა ვილაპარაკოთ?! რუსთავის თეატრი რეგიონულ თეატრებს შორის პირველ ხუთეულშია, მეტი რაღა ქნას ამ თეატრმა?! მეც მაქვს ამ თეატრში ერთი სიტყვის თქმის უფლება, რადგან ერთ-ერთი დამფუძნებელი ვარ და საშუალება უნდა მისცენ, რომ თავისი ბედი თვითონ გადაწყვიტოს!   ლარისა ხაჭაპურიძე: _ ახლა მოდაშია, სადაც რამე ფუჭდება, ყველაფერს ივანიშვილს აბრალებენ. ამ აზრისგან ძალიან შორს ვარ, ყველა ოჯახში ხდება გაუგებრობა, მაგრამ ასეთი რამე, რაც წლების მანძილზე ჩვენი თეატრის მისამართით ხორციელდება, ყოვლად წარმოუდგენელია! „ნაციონალები“ როდესაც უხეშად ჩაერივნენ, თეატრალური ცხოვრება ნულამდე დავიდა. უბრალოდ, ადამიანს გენანება ათეულობით წლები, თორემ თავმოყვარე მსახიობი იმ საგრიმიოროში გრიმს არ გაიკეთებს, მაგრამ ეს ახლა სულ არ გვენაღვლებოდა, რადგან შემოქმედება წინ მიდიოდა. ადილობრივი ხელისუფლების სათავეში ვინც მოდის, ყველა გვპირდება, რემონტს გაგიკეთებთო, მაგრამ სიტყვები სიტყვებად რჩება. ისეთი ინფორმაცია გავრცელდა, თითქოს ჩვენ ვიცავდით თეატრის დირექტორს, ლალი თაბაგარს, სინამდვილეში ეს ასე არ არის. 10 თებერვალს მერიაში ლევან სვანაძე და ლალი თაბაგარი დაიბარეს, იქიდან ორი ერთნაირი წერილი მოიტანეს, სადაც ეწერა, მოსალოდნელია სამსახურიდან თქვენი განთავისუფლებაო. მითითებული იყო შრომის კოდექსის 34-ე მუხლის „ვ“ პუნქტი, რომელიც გულისხმობს საქმისადმი არაკვალიფიციურ და არაპროფესიონალურ დამოკიდებულებას. თეატრში მუდმივად რომ არ ყოფილიყო ვნებათაღელვები, პარლამენტმა მიიღო კანონი, რომ 4 წლის ვადით ინიშნება თეატრის ხელმძღვანელობა. ესენი არ გვაცდიან! ჩვენი თეატრი ეკუთვნის მუნიციპალიტეტს, რადგან იქიდან ვფინანსდებით, მაგრამ მათ ბიუჯეტი საიდან აქვთ? ხალხისგან! თვითონ ხელფასებს ხალხის ჯიბიდან არ იღებენ? მაგას გვედავებიან, ჩვენ ვართ დამფინანსებლები და როგორც გვინდა, ისე მოვიქცევითო, ეს არ არის მართებული! ძალიან მაინტერესებდა, რა ეწერა აუდიტის დასკვნაში, რომელიც საფუძვლად დაუდეს დირექტორის განთავისუფლებას, ოფიციალურად ხემოწერილ დუკუმენტს ჩვენ ვერსად მივაკვლიეთ. ზეპირად გვითხრეს, რომ თანხის არამიზნობრივ ხარჯვას ჰქონდა ადგილი. მერიიდან თაბაგარს თვითონ მიაღებინეს სამსახურში ხალხი და ახლა იმას ედავებიან, რატომ მიიღეო. თეატრს თავისი სპეციფიკა აქვს და აუდიტიც სპეციფიკური სჭირდება. მერიაშიც მივაკითხეთ, რომ ეს დასკვნა მოგვეპოვებინა, მაგრამ არ მოგვცეს. მე არ გამოვდივარ დირექტორის დამცველი, ის მაინტერესებს, რომ შემოქმედებითად ვიყოთ მაღალ დონეზე და შრომა დაგვიფასდეს. მერი ძალიან პრინციპულად რომ ითხოვს თაბაგარის განთავისუფლებას და არ პატიობს დარღვევებს, წინა ხელისუფლების დროს ჩადენილი დარღვევებით დაიწყოს და ის ძვირფასი მარმარილოები მოიძიოს, 1967 წელს გიგა ლორთქიფანიძემ უკრაინიდან რომ ჩამოიტანა და ამშვენებდა თეატრს, რატომ დაანგრიეს, სად წაიღეს და რატომ დაამსგავსეს თეატრის ფოიე დამკრძალავ ბიუროს?! სხვათა შორის, დავით ჯიქია იმ ხელისუფლების დროსაც მანდ ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობდა! დოლიძეს თეატრის დირექტორობას შეჰპირდა და ამის გამო ასეთ რაღაცებს აკეთებს, ეს კი ვერაფერი ვაჟკაცობაა!   „ქრონიკა+“ ზვიად დოლიძეს დაუკავშირდა: _ ბატონო ზვიად, როგორ მოხვდით ამ ადგილზე, კონკურსი იყო გამოცხადებული თუ ვინმემ გაგიკეთათ წარდგინება? _ ვინ წარმადგინა და როგორ წარმადგინა, ამის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ მაქვს. წარდგინება გააკეთა ქალაქის მერმა, როდესაც დამნიშნა. _ ქალაქის მერმა მიგიწვიათ და დაგნიშნათ ამ თანამდებობაზე, ამას გულისხმობთ? _ კი ბატონო. _ თქვენი პროგრამა თუ გაქვთ, რას აპირებთ, რომ ამ თეატრში გააკეთოთ? შეხვდით თუ არა დასის წარმომადგენლებს და გააცანით იგი? _ არა, ბატონო, ასეთი რაღაც მოხდა: მე მქონდა ინფორმაცია, რომ არსებულ დირექტორს ჰქონდა რაღაც დარღვევები აუდიტის დასკვნის საფუძველზე, რომლის შესაბამისადაც უნდა მომხდარიყო ამ დირექტორის გამოცვლა. აქედან გამომდინარე, ალბათ ეძებდნენ კანდიდატურას. რამდენიმე კანდიდატურაც იქნებოდა, მე არ ვარ რუსთავში თეატრის მამა, რომ მხოლოდ ჩემი კანდიდატურა ყოფილიყო. მე არც თეატრში არსებული შიდა მდგომარეობა ვიცი და არც მერიაში არსებული სიტუაციები. როდესაც იყო ქალაქის მერთან შეხვედრა, დავილაპარაკეთ, გავაცანი ჩემი შეხედულება თეატრთან დაკავშირებით. ამის შემდეგ დამნიშნეს და წარმადგინეს. _ თქვენ აღნიშნეთ და მეც ასეთი ინფორმაცია მაქვს, რომ აუდიტორული დასკვნების შედეგად განთავისუფლდა დირექტორი. მე ვესაუბრე თქვენს სამხატვრო ხელმძღვანელს, რომელმაც მითხრა, რომ ქალბატონი თაბაგარი დარჩება თეატრში შტატგარეშე კონსულტანტის სახით და ანაზღაურებას მიიღებს იგივეს, რაც დირექტორობის პერიოდში ჰქონდა... _ არ ვიცი, შიდა სიტუაციაში, დირექტორთან მიმართებით არ ვერევი იმ მარტივი მიზეზიდან გამომდინარე, რომ ჩემს ინტერესს არ წარმოადგენდა ქალბატონი ლალის განთავისუფლება იმის გამო, რომ მე დავნიშნულიყავი. არც მაგის შესახებ მაქვს ინფორმაცია, რაზე უნდა დარჩეს და როგორ. _ თქვენ ამ ორგანიზაციის ფინანსური მენეჯერი ხართ უკვე. თქვენი აზრით, გჭირდებათ იმ ადამიანის კონსულტანტობა, რომელიც ფინანსური დარღვევებისთვის გაათავისუფლეს? _ მეც იგივე აზრის ვარ, რა კითხვაც თქვენ დამისვით და გავარკვევ ამას. _ მითხარით, რომ ქალაქის მერიამ თვითონ დაგიძახათ, მაგრამ ჩემი ინფორმაციით, თქვენ გმფარველობთ გოგი ქავთარაძე. ადასტურებთ თუ არა ამას? _ ხმამაღლა ვაცხადებ, რომ გოგი ქავთარაძემ არ იცის თეატრში ჩემი დანიშვნის შესახებ და არანაირი მცდელობა ბატონი გოგის მხრიდან არ ყოფილა. ზუსტად მაგ კითხვას მოვერიდე ამ კონკრეტულ სიტუაციაში, როდესაც საუბარი დაიწყო ამ საკითხთან დაკავშირებით, იმიტომ, რომ გოგი ქავთარაძე არის პარლამენტის წევრი. აქედან გამომდინარე, შიდა ქსელში რომ არ გასულიყო ისეთი ინფორმაცია, გოგი ქავთარაძისთვის არანაირი დაწვრილებითი ინფორმაცია არ მიმიცია და არანაირად არ ჩარეულა ამ საკითხში. თუ ვინმემ რამე ჰკითხა გოგი ქავთარაძეს ჩემზე, არ ვიცი და არ არის საფუძველს მოკლებული, რომ ვინმეს ეკითხა. სამწუხაროდ, ჩემი მოღვაწეობიდან და ასაკიდან გამომდინარე, არ ვარ ისეთი წარმომადგენელი, რომ მთელმა საქართველომ იცოდეს, რას ვაკეთებ და როგორ ვაკეთებ. რადგან მე გოგი ქავთარაძის სტუდენტი ვარ, შესაძლო ვარიანტია, რომ ვინმემ ჰკითხოს. ამ ინფორმაციას დავტოვებ ღიად, იმიტომ, რომ რეალურად არ ვიცი.   „ქრონიკა+“ გოგი ქავთარაძეს დაუკავშირდა: _ ბატონო გოგი, რუსთავის თეატრში დირექტორად დაინიშნა თქვენი სტუდენტი, ზვიად დოლიძე. ჩემი ინფორმაციით, ამ ადამიანს თქვენ მფარველობთ. ადასტურებთ თუ არა? _ რასაკვირველია, ის ჩემი საუკეთესო სტუდენტი იყო, ძალიან მაგარი პროფესიონალია, ერთგული და ყველაფერი... მე მეგონა, რომ ეს ამბავი თითქოს გაჩერდა და თქვენ მეუბნებით, რომ უკვე დაუნიშნავთ. ყოჩაღად მოქცეულან ძალიან. _ ე. ი. ქალაქის მერს თქვენ უთხარით, რომ დოლიძე დირექტორად დაენიშნათ?.. _ კი ბატონო, გუბერნატორთანაც კი გავუწიე რეკომენდაცია და რა ვიცი... მე მას მთლიანად ვუჭერ მხარს.   „ქრონიკა+“ კომენტარისთვის რამდენჯერმე დაუკავშირდა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს, ლევან სვანაძეს. უამრავჯერ შემდგარი კომუნიკაციისა და დაპირების მიუხედავად, მას ჩვენთან კომენტარი არ გაუკეთებია. „ქრონიკა+“-ის სატელეფონო ზარებს არ უპასუხა არც თეატრის ყოფილმა დირექტორმა ლალი თაბაგარმა და არც ქალაქის მერმა დავით ჯიქიამ.  

                                                                                                              თამარ ბატიაშვილი

     

გაზიარება