ბ-ნო დავით!
პატივცემულო საკრებულოს წევრებო!
საყოველთაოდ აღიარებულია, რომ ჩვენს ქალაქს უძველესი და უმდიდრესი ისტორია აქვს. ამის თაობაზე ბევრჯერ ითქვა და დაიწერა, ამდენად, კარგად ცნობილი ფაქტების გამეორებისგან თავს შევიკავებ. წინამდებარე მიმართვა სხვა მიზნით დაიწერა, რის თაობაზეც, შედარებით ვრცლად, ქვემოთ მოგახსენებთ. ამჯერად კი, ძირითადი სათქმელისთვის საფუძვლის შესამზადებლად, ძალიან მოკლედ, ქუთაისის წარსულიდან ერთ, ყველაზე სახელოვან პერიოდს გავიხსენებ, რომელიც საქართველოს გაერთიანებული სახელმწიფოს წარმოქმნასთანაა დაკავშირებული.
ზოგადად, ჩვენი ქვეყნის მრავალსაუკუნოვანი ისტორიიდან (რომლის უმეტესმა ნაწილმა პოლიტიკურ-ტერიტორიულ დაქსაქსულობაში განვლო) ცნობილია, რომ დასავლეთ საქართველო (ეგრის-ლაზეთი, აფხაზეთი, ლიხთიმერეთი) ყოველთვის იდგა საერთოქართველური გამაერთიანებელი მოძრაობის ავანგარდში და ამ გაერთიანების ვექტორი, ხშირად, სწორედ დასავლეთიდან იყო მიმართული აღმოსავლეთით. მათ შორის ყველაზე მასშტაბურ პროცესს ფეოდალური საქართველოს პოლიტიკური გაერთიანება წარმოადგენდა, რომელიც ქუთაისიდან დაიწყო, ქუთაისის ტახტის ირგვლივ დანარჩენი ქართული მიწების შემოკრებით გაგრძელდა და დავით აღმაშენებლის მიერ თბილისის შემოერთებით დაგვირგვინდა. მსგავს მცდელობას, მოგვიანებით, XVIII საუკუნის დამლევსაც ჰქონდა ადგილი (მხედველობაში გვაქვს ე.წ. ”ტრაქტატი მეფე-მთავართა”), თუმცა, განსხვავებულ ისტორიულ ვითარებაში, სუბიექტურ და ობიექტურ ფაქტორთა ზემოქმედებით, უშედეგოდ დასრულდა.
ვინც თვალსაჩინო წვლილი შეიტანა ამ პროცესში, ოქროს ასოებით ჩაიწერა ეროვნულ მატიანეში. მათ შორის ყველაზე მონუმენტურ ფიგურებს, უდავოდ, დავით კუროპალატი, ბაგრატ მესამე და დავით აღმაშენებელი წარმოადგენენ. ამ მოღვაწეთა დამსახურება საქართველოში ბავშვებისთვისაც კია ცნობილი. მათ სამუდამოდ დაიმკვიდრეს ადგილი ერის ისტორიულ ცნობიერებაში და ყოველივე ეს სათანადოდ აისახა კიდეც მის კულტურულ მემკვიდრეობაში.
წინამდებარე მიმართვით მსურს, თქვენი ყურადღება მივაპყრო ჩვენი ქალაქის ისტორიასთან დაკავშირებულ ”უსამართლობას” და ქართველი ხალხის ისტორიული ცნობიერების მიერ ”დავიწყებულ” დიდ მოღვაწეს, ”აფხაზთა მეფე” ლეონ II-ს, რომლის სახელთანაცაა დაკავშირებული ქუთაისის გადაქცევა დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ქართული სახელმწიფოს პოლიტიკურ ცენტრად. სწორედ ლეონ II-მ დაუდო სათავე თითქმის სამსაუკუნოვან პროცესს, რომელიც წარმატებით განაგრძეს ჯერ ”ლეონიანებმა”, შემდეგ ბაგრატიონებმა და ბოლოს ქართულ წიაღში თბილისის დაბრუნებით დაგვირგვინდა. ამ თვალსაზრისით, ლეონი ფარნავაზის, ვახტანგ გორგასლისა და არჩილის იდეათა უშუალო მემკვიდრე იყო. დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნულ მეფეთა ფრაგმენტული მცდელობების შემდეგ სწორედ ლეონ II იდგა ადრეულ შუა საუკუნეთა საქართველოს პოლიტიკური გაერთიანების ს ი ს ტ ე მ უ რ ი პროცესის სათავესთან. სწორედ მის მიერ განაყოფიერებულ ნიადაგზე ამოიზარდა ნერგი კეთილი სრულიად საქართველოსი.
საისტორიო წყაროთა უკიდურესი სიმწირის გამო უცნობია, რომელ საგვარეულოს ეკუთვნოდა ლეონ II, რამაც ნოყიერი ნიადაგი შექმნა ფსევდომეცნიერული ვერსიებისთვის. ეპოქის საერთო სურათის გათვალისწინებით, რეალურია ვიფიქროთ, რომ იგი ეგრის-ლაზეთის სამეფო ოჯახის პირდაპირი, ან გვერდითი შტოს წარმომადგენელი იყო. მის მიერ გადადგმული ყველა ნაბიჯი ორგანულად ზის ზოგადქართველური სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის კონტექსტში.
ლეონ II-მ შემოიმტკიცა მთელი დასავლეთ საქართველო.
786 წელს ლეონ II-მ გაერთიანებული დასავლურქართული სახელმწიფოს (იგივე აფხაზეთის სამეფო) სატახტო რეზიდენციად ქუთაისი გამოაცხადა.
ლეონ II-ის სახელს უკავშირდება ქართული სალიტერატურ ენისა და დამწერლობის დამკვიდრება საეკლესიო ღვთისმსახურებასა და სახელმწიფო კანცელარიაში.
ერთი სიტყვით, ისტორიული ღვაწლის გათვალისწინებით, ლეონ II ისეთივე რანგის ფიგურაა ჩვენს მატიანეში, როგორიც ფარნავაზი, ვახტანგ გორგასალი, ბაგრატ III, დავით აღმაშენებელი, თამარი, გიორგი ბრწყინვალე და ორმაგად საწყენია, რომ ქართულმა ცნობიერებამ იგი სრულიად უსამართლოდ `დაივიწყა”.
სიტყვა ”დავიწყება” ბრჭყალებში შემთხვევით არ ჩამისვამს და ამაში სრულიად განსაზღვრული შინაარსია ჩადებული. ცხადია, არ ვფიქრობ და არც ვამტკიცებ, რომ დიდი წინაპრის სახელი სრულიად იქნა დავიწყებული, მით უმეტეს, რომ ეს რაიმე ქვენა განზრახვით მოხდა. თუ ვინმეს ამ მხრივ საყვედური არ ეკუთვნის, პირველ რიგში, ქართული ისტორიოგრაფია და საისტორიო სკოლის თვალსაჩინო წარმომადგენლები არიან, რომლებმაც თავიანთ სამეცნიერო გამოკვლევებში არაერთხელ და სათანადოდ გააშუქეს ლეონ II-ის როლი ერთიანი ქართული სახელმწიფოსა ჩამოყალიბების საქმეში. თუმცა, ისიც ფაქტია, რომ მისი სახელი ვერა და ვერ გასცდა პროფესიონალ ისტორიკოსთა მიერ შემოზღუდულ სამანს და ვერ დაიმკვიდრა ღირსეული ადგილი ეროვნულ ცნობიერებაში.
რა გვაძლევს ამ განცხადების საფუძველს?
ლეონ II-ს არ იცნობს ქართული ფოლკლორი;
ლეონ II-ს გვერდი აუქცია მხატვრულმა ლიტერატურამ; მის შესახებ არ დაწერილა პოეტური თუ პროზაული თხზულებანი, სიმღერები; ლეონ II-ის მონუმენტური ფიგურა არასოდეს ქცეულა ფუნჯისა და საჭრეთლის ოსტატთა შთამაგონებელ მუზად;
სხვა, ცნობილ ისტორიულ მოღვაწეთაგან განსხვავებით, ლეონ II გამოსახული არაა ქართულ ფულად ნიშნებზე;
არც 1918-1921 წლების საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, არც 1991 წლის დამოუკიდებლობის აქტის გამოცხადების შემდეგ, არავის მოუვიდა აზრად, დაეწესებინათ მისი სახელობის სამხედრო ჯილდო, ან წარჩინების ნიშანი;
ლეონ II არც იმათ გახსენებიათ, ვინც იდგა მსოფლიო ომების დროს, ცარისტულ თუ კომუნისტურ იმპერიებთან საბრძოლველად საზღვარგარეთ შექმნილი ქართული სამხედრო შენაერთების სათავეებთან. ეს უსიამოვნო ტრადიცია დღემდე გრძელდება;
ლეონ II-ის სახელი არასოდეს მიუკუთვნებიათ ქუჩებისთვის, მოედნებისთვის, ან სხვადასხვა ტიპის კერძო თუ საჯარო დაწესებულებისთვის.
ყოველივე ეს მეტყველებს, რომ ქართულმა ცნობიერებამ, აუხსნელი მიზეზების გამო, საკუთარი წიაღიდან გარიყა და, ფაქტობრივად, დასავიწყებლად გაწირა სახელოვანი წინაპარი.
რა მოჰყვა შედეგად ამ უგნურ ქმედებას?
ისევე, როგორც უპატრონო ეკლესიას ეშმაკები ეპატრონებიან, ჩვენგან უსამართლოდ დავიწყებული მეფის სახელსაც გამოუჩნდნენ არამკითხე ”გულშემატკივრები” და მიმთვისებლები. აფსუურ-სეპარატისტულმა ისტორიოგრაფიამ უაპელაციოდ მიისაკუთრა იგი. თანამედროვე აფხაზ ისტორიკოსთა გამოკვლევებში ლეონ II სრულიად განძარცულია ქართული შინაარსისგან და წარმოჩენილია აფსუათა მითიური სახელმწიფოს ძლევამოსილ მმართველად, რომელმაც, თურმე, ”დაიპყრო” მთელი დასავლეთ საქართველო და აფხაზთა ეთნოკრატიული სამეფო შექმნა მის ტერიტორიაზე.
ამ ფსევდომეცნიერულ აღმოჩენას ემყარება სეპარატისტთა სრულიად უარგუმენტო პრეტენზიები მათი წინაპრების მიერ, ოდესღაც, მთელი დასავლეთ საქართველოს ფლობაზე.
თუ არა ბედის ირონია და ისტორიის ფარსი, რა ვუწოდოთ იმ ფაქტს, რომ სოხუმის სეპარატისტული რეჟიმის მიერ დაწესებული უმაღლესი სამხედრო ჯილდოთი, ლეონის ორდენით დაჯილდოებული არიან 1992-1993 წლების ომში თავგამოჩენილი ”ბოევიკები” (აფხაზებიც და ჩრდილოკავკასიელებიც). საქართველოს გაერთიანების სათავეებთან მდგარი მოღვაწის ორდენი მიანიჭეს იმ ადამიანებს, რომლებიც იარაღით ხელში იბრძოდნენ იმავე საქართველოს ერთიანობის წინააღმდეგ.
სიმპტომატურია ისიც, რომ ორდენების გადაცემა ბედიის ტაძრის ეზოში ხდებოდა, იმ ტაძრისა, რომლის აგებაც ბაგრატ III-ის სახელს უკავშირდება და რომელიც ისეთივე ეზოთერული მისიის მატარებელია საქართველოს ისტორიაში, როგორც უქიმერიონის ბორცვზე მდგარი ბაგრატის ტაძარი.
***
ისტორიული წიაღსვლის შემდეგ დავუბრუნდები მთავარ სათქმელს, რისთვისაც ეს მიმართვა დაიწერა.
ამ სრულიად აუხსნელ უმადურობა-უსამართლობას წერტილი უნდა დაესვას და ეს სწორედ ქუთაისიდან უნდა დაიწყოს.
თუ რატომ მაინცდამაინც ქუთაისიდან, ზემოთ უკვე განვმარტე.
ცხადია, ზღვაში წვეთია, მაგრამ, ვფიქრობ, ქუთაისში აუცილებლად უნდა აღიმართოს ლეონ II-ის ქანდაკება, პარალელურად _ სხვა ნაბიჯებიც გადაიდგას მისი სახელის უკვდავსაყოფად.
ამ კუთხით საჭირო იქნება შემდეგ ღონისძიებათა განხორციელება:
1) ქ. ქუთაისის საკრებულომ განიხილოს საკითხი და მიიღოს გადაწყვეტილება ლეონ II-ის ქანდაკების დადგმის თაობაზე;
2) გამოცხადდეს კონკურსი ქანდაკების მაკეტის გამოსავლენად;
3) შეიქმნას კომისია საკრებულოს წევრებისა და საზოგადოების წარმომადგენელთა მონაწილეობით, რომელიც შეარჩევს ადგილს გამარჯვებული ქანდაკების დასადგმელად;
4) შეიქმნას სპეციალური ფონდი, რომელშიც აკუმულირდება როგორც საბიუჯეტო თანხა, ასევე _ კერძო პირთა შემოწირულობანი;
5) საკრებულომ უნდა უზრუნველყოს, რომ ქანდაკების დადგმის პროცესში განხორციელებული ყველა ღონისძიება, განსაკუთრებით _ კონკურსთან და ფინანსების ხარჯვასთან დაკავშირებული ოპერაციები _ იყოს გამჭვირვალე და დაინტერესებულ საზოგადოებას დროულად მიეწოდოს ინფორმაცია ამის თაობაზე.
განსახორციელებელ ღონისძიებათა ნუსხა ან თანმიმდევრობა შეიძლება შეიცვალოს პრაქტიკული საჭიროებიდან გამომდინარე.
დარწმუნებული ვარ, საქართველოს მოქალაქენი, პირველ რიგში _ ქუთაისელები, საქართველოს სამოციქულო ეკლესია, მეწარმენი, საზღვარგარეთული დიასპორა ყველაფერს გააკეთებენ ამ პროექტის რეალიზაციისა და დიდი მეფისათვის ღირსეული პატივის მისაგებად.
არც იმაში მეპარება ეჭვი, რომ ქუთაისელთა ინიციატივას სათანადო გამოხმაურება მოჰყვება და სახელმწიფო სტრუქტურები (საქართველოს პარლამენტი, თავდაცვის სამინისტრო, სხვა საქალაქო თუ რაიონული მუნიციპალიტეტები...) ასევე მიიღებენ ზომებს ქართული საზოგადოების ცნობიერებაში სახელოვანი წინაპრის სახელის დასაბრუნებლად.
პატივისცემით, ზურაბ დათუაშვილი
კანადა, ტორონტო
2 თებერვალი, 2016 წელი
P.S. ბ-ნო დავით,
გთხოვთ, წინამდებარე მიმართვა გააცნოთ საკრებულოს წევრებს და სათანადო კომისიის მიერ საკითხის შესწავლის შემდეგ, თუ საკრებულო საჭიროდ მიიჩნევს, განსახილველად გაიტანოთ პლენარულ სხდომაზე.
იმედი მაქვს, მხარს დაუჭერთ ჩემ მიერ შემოთავაზებულ, ძალზე დაგვიანებულ, მაგრამ ფრიად აქტუალურ ინიციატივას.