QronikaPlus
მამუკა ნოზაძე: ,,ვერ გავიგე, უზენაესი სასამართლოს, ან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ლევან მურუსიძეა თუ ნინო გვენეტაძე?”

მამუკა ნოზაძე: ,,ვერ გავიგე, უზენაესი სასამართლოს, ან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ლევან მურუსიძეა თუ ნინო გვენეტაძე?”

2016-03-07 07:45:01

ადვოკატი მამუკა ნოზაძე საქართველოში სასამართლო სისტემის საქმიანობას სსრ კავშირის ქმედებებს ადარებს და მათ შორის მსგავსებებზე საუბრობს.   მამუკა ნოზაძე: _ დღეს სასამართლო სისტემაში არის სსრ კავშირი, _ ადამიანებს განსხვავებული აზრის შეგუება არ შეუძლიათ. ამის გამო საერთაშორისო ორგანიზაციები და უფლებადამცველები გამოვხატავთ პროტესტს, თუმცა იმის ნაცვლად, რომ რაიმე გამოასწრონ და გაითვალისწინონ, ყოველ შაბათ-კვირას იკრიბებიან და მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენციებს იწვევენ, რათა ლეგიტიმაცია მისცენ შეხვედრებს. ამ საერთო კრებებს ისეთი პათოსით ატარებენ, როგორც იმართებოდა საერთო კრებები 1937 წელს მწერალთა კავშირში. იქ იმ მწერლებს გმობდნენ, რომლებიც განსხვავებულ აზრს გამოხატავდნენ. ასეთი ფორმებით გადასცეს ანათემას ცნობილი მწერლები: მიხეილ ჯავახიშვილი, პაოლო იაშვილი, ტიციან ტაბიძე. დღეს, XXI საუკუნეში, იგივე ხდება მოსამართლეთა კორპუსში. _ უფრო კონკრეტულად შეგიძლიათ გვესაუბროთ, მოსამართლეთა რომელ კონფერენციაზე ვინ გადასცეს ანათემას? _ მოსამართლეთა საერთო კონფერენციაზე, რომელიც 20 თებერვალს ჩატარდა, იყო მცდელობა, რომ მამუკა ახვლედიანის პირად ცხოვრებაში ჩარეულიყვნენ. ამბობდნენ, თითქოს ახვლედიანი არ ასრულებდა თავის ფუნქციას და ა. შ. ამას აცხადებდა გიორგი გოგინაშვილი, რომელიც ცოტა ხნის წინათ სააპელაციო სასამართლოში დააწინაურეს. მანამდე გოგინაშვილის განსხვავებული აზრი არავის მოუსმენია. მამუკა ახვლედიანი იმ სასამართლოს თავმჯდომარე იყო, სადაც გოგინაშვილი ასრულებდა სამოსამართლეო საქმიანობას და თუ მიუღებელი იყო მისთვის, მანამდე რატომ არაფერს ამბობდა და რატომ იყო დადუმებული? ცხადია, რადგან ის ახლა დაწინაურებულია და მურუსიძის კლანს წარმოადგენს, ასეთ განცხადებებს ამიტომ აკეთებს. გოგინაშვილმა პირდაპირ მიუთითა ნინო გვენეტაძეს, დაინტერესდით ახვლედიანის  ჯანმრთელობის მდგომარეობითო. საინტერესოა, როცა მოსამართლე ასე საჯაროდ ერევა სხვის პირად ცხოვრებაში და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს სთხოვს, დაინტერესდეს ახვლედიანის ჯანმრთელობითა და პირადი ურთიერთობებით, რომელშიც რა იგულისხმება, ძალიან კარგად ვიცით, ეს ეთიკურია?! როცა ამ მოსამართლეებს არ რცხვენიათ და გამოაქვთ გადაწყვეტილება, რომლითაც უხეშად არღვევენ კოლეგის უფლებებს, წარმოიდგინეთ, რიგით ადამიანებთან როგორ მოიქცევიან. შეხედეთ მათ ჰაბიტუსსაც, ისინი არიან ჩვეულებრივი „ტროიკების“ მოსამართლეები, რომლებიც 1937 წელს, გამძვინვარებული რეპრესიების დროს არსებობდნენ. მათი ხელით გამოდიოდა სასიკვდილო განაჩენები და გადაწყვეტილებები, რომლითაც ადამიანებს ცხოვრება ენგრეოდათ. უამრავი შეეწირა კიდევაც ამ რეპრესიებს. ეს არის საშინელება და სამწუხაროა, რომ ჩვენ ვერ გამოვედით ამ ჯადოსნური წრიდან. მოსამართლე ორიენტირებული უნდა იყოს კანონზე და სიმართლის დადგენაზე, საერთაშორისო სამართალზე და უპირატესი მისთვის უნდა იყოს ადამიანის უფლებები. როგორ შეიძლება, ასეთი ტონით და პათოსით ძირავდნენ კოლეგას და აკრიტიკებდნენ  არასამთავრობო ორგანიზაციებს? მინდა, მათ შევახსენო, რომ ასეთი შეკრებები და თავყრილობები დიდ შედეგს ვერ მოუტანს. მათ უნდათ თუ არ უნდათ, მაინც განხორციელდება სასამართლო რეფორმა. არჩევნები მოდის და „ქართულმა ოცნებამ“ ვერ შეასრულა თავისი დანაპირები, რომ სასამართლო სისტემაში მოხდებოდა მნიშვნელოვანი ცვლილებები, განხორციელდებოდა სასამართლო რეფორმა. აქედან გამომდინარე, ისინი ქართული საზოგადოებიდან მიიღებენ კიდეც იმ პასუხს, რაც ეკუთვნით. მოვა ხელისუფლება, რომელიც ამ ცვლილებებს განახორციელებს, სხვანაირად შეუძლებელია ერის განვითარება და დემოკრატიული, სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბება. ყოველ შაბათ-კვირას, მოსამართლეების შეკრებებზე, დღის წესრიგიდან რაც არის საჯარო, ეს გახლავთ პასუხის გაცემა ქართულ საზოგადოებას და არასამთავრობო ორგანიზაციებს მათ მიერ გამოთქმული კრიტიკის გამო. აღშფოთებული და გაოგნებული ვარ, როგორ შეიძლება, სასამართლო სისტემა დაპირისპირებაში იყოს ხალხთან და მერე მას პრეტენზია ჰქონდეს, რომ სამართლიანი გადაწყვეტილებები გამოაქვს? ადრე მოსამართლეები გადაწყვეტილებებს ვერ ასაბუთებდნენ და გამოჰქონდათ ორგვერდიანი გადაწყვეტილებები. ახლა კი უკიდურესობაში გადავიდნენ, _ მართალია გადაწყვეტილებების ფურცელთა რაოდენობა გაზარდეს, მაგრამ რამდენად არის იქ მითითებული გარემობები კანონთან შემხებლობაში, ამას არ დაგიდევენ. _ ამბობთ, რომ მოსამართლეთა გადაწყვეტილებებში საქმეში არსებული გარემოებები და კანონი ერთმანეთს არის აცდენილი? _ გადაწყვეტილებაში უთითებენ ყველა სამართლებრივი ნორმიდან ციტატებს და ასე ცდილობენ, რომ გადაწყვეტილება დაასაბუთონ, რაც არასწორია. ამ კონფერენციაზე გამოვიდა ერთ-ერთი მოსამართლე, დავით მამისეიშვილი, რომელიც გახლავთ ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე. სანამ მოსამართლე გახდებოდა, ის იყო მცხეთა-მთიანეთის ფინანსური პოლიციის გამომძიებელი. მე ვიცავდი პიროვნებას, რომლის საქმესაც ეს ადამიანი იძიებდა. გაიხსენოს მამისეიშვილმა, როგორ მოიქცა ამ საქმესთან დაკავშირებით და რა გააკეთა? კარგად დაფიქრდეს და როცა პრეტენზია აქვს რაღაცებზე, თავის წარსულს გადახედოს. _ რა გააკეთა ასეთი, ჩვენც გვითხარით? _ ამ ინტერვიუს როცა წაიკითხავს, თავად მიხვდება, რაზედაც ვსაუბრობ. ამ ეტაპზე მეტს არაფერის ვიტყვით. დავიტ მამისეიშვილმა ჩაიდინა არა მხოლოდ არაეთიკური საქციელი, არამედ დანაშაულიც. მიმაჩნია, რომ ასეთი წარსულის მქონე ადამიანი საჯარო განცხადებებს ვერ უნდა აკეთებდეს და თავს უნდა იკავებდეს სხვაზე საუბრებისგან. მას კიდევ ერთხელ ვახსენებ ხმამაღლა, ფინანსურ პოლიციაში როცა გამომძიებელი იყო, დაკავებული ჰყავდა ქარელის რაიონის სოფელ რუისში მცხოვრები პიროვნება კონტრაბანდულ დანაშაულთან დაკავშირებით, დანარჩენს აღარ გავშიფრავ, მაგრამ თუ ის კვლავ განაგრძობს ასეთ საქმიანობას, იძულებული გავხდები, რომ საზოგადოებას მის „საგმირო საქმეებზე“ ყველა დეტალი მოვახსენო. ასეთი მოსამართლეები იბრძვიან დღეს, რათა ისინი კვლავ ხელშეუხებლები იყვნენ და მუდმივად გამწესებული ჰყავდეთ მოსამართლეებად. ერთი რამ არის საინტერესო: 20 თებერვალს იუსტიციის ახალი წევრი აირჩიეს. ზაზა მეიშვილს შეუწყდა უფლებამოსილება და მის ნაცვლად სერგო მეთოფიშვილი აირჩიეს. ეს ადამიანი გახლდათ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე სააკაშვილის რეჟიმის დროს. მას კარგად იყენებდა `ნაციონალური მოძრაობა~ და ახორციელებდა კიდევაც რეპრესიულ ქმედებებს საზოგადოების მიმართ. შემდგომ ის გადაიყვანეს ბოლნისის სასამართლოში, რამდენიმე თვის წინათ კი პროკურორთა საბჭოს წევრად აირჩიეს, ანუ იმ სინდიკატის, დაჯგუფების, ბანდის წევრია, რომელსაც ლევან მურუსიძე ხელმძღვანელობს. ისე, მე ვერ გავიგე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს, ან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ლევან მურუსიძეა თუ ნინო გვენეტაძე? თუ გვენეტაძეს არ შეეძლო განეხორცილებინა უფლებამოსილება ღირსეულად და კონტაქტი ჰქონოდა ყველა მოსამართლესთან, შეეცვალა ის სიტუაცია, რაც ამჟამად არის სასამართლო ხელისუფლებაში, რატომ მოდიოდა ამ თანამდებობაზე? აერჩიათ ისევ ლევან მურუსიძე, რადგან ამ სისტემაში მაინც ის წყვეტს ყველაფერს. იყო კიდევაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი და უამრავი მოსამართლეც უჭერდა მხარს. თუ არაფრის შეცვლა არ შეეძლო და გაყინულ მდგომარეობაში უნდა ყოფილიყო სასამართლოს მდგომარეობა, ცხადია, ისევ მისი არჩევა სჯობდა. ნინო გვენეტაძემ საერთო კრებაზე ვერც კი წარადგინა თავისი სასურველი კანდიდატურა და სერგო მეთოფიშვილი უალტერნატივო კანდიდატი გახდა. როგორ შეიძლება, 300-მდე მოსამართლიდან განსხვავებული აზრი არავის ჰქონოდა და ამდენ ადამიანს მხოლოდ ეს კაცი სდომებოდა? მოსამართლეები რომ ვერ იტანენ განსხვავებულ აზრს და სსრ კავშირი რომ არის სისტემაში, ეს იქიდანაც ჩანს, რომ მხოლოდ ერთი და უალტერნატივო კანდიდატები ჰყავთ ხოლმე ყველა თანამდებობაზე. სსრ კავშირის დროს საზოგადოებრივ ორგანიზაციებში როცა ტარდებოდა არჩევნები, მაშინაც ერთადერთი კანდიდატი ჰყავდათ. ამდენი დროის გასვლისა და ცვლილების შემდეგ მოსამართლეთა კორპუსს კვლავ ერთი კანდიდატი ჰყავს, ანუ არჩევნები ფორმალურად ტარდება, თითქოს დემოკრატიული ნიშნებით და ბიულეტენების ჩაყრით, მაგრამ, სინამდვილეში, მას დემოკრატიასთან და თავისუფალ აზრთან შეხებაც არ აქვს. სსრ კავშირის დროს ჩატარებულ არჩევნებსაც ჰქონდა დემოკრატიულობის ნიშნები _ ხმის მიცემით ხდებოდა არჩევნები, მაგრამ რამდენად იყო ის ხმები თავისუფალი, ძნელი სათქმელია. რატომ უნდა იყოს ასეთ საშინელ მდგომარეობაში სასამართლო კორპუსი დღესაც? ერთი სიტყვით, სასამართლო ხელისუფლებაში ტონის მიმცემი და წამყვანი ძალა კვლავ ლევან მურუსიძეა და ის აკეთებს რასაც უნდა, მიშა ჩინჩალაძესა და ვალერი ცერცვაძესთან ერთად. ნინო გვენეტაძე არაფერს წარმოადგენს და არაფერი შეუძლია. იგი დარჩენილია რამდენიმე დაქალის ამარა. ერთი წელია, გვენეტაძემ ფარ-ხმალი დაყარა და, ფაქტობრივად, ამ პოსტზე ვერაფერი გააკეთა. გვენეტაძეს სურდა და კანონპროექტიც იყო გამზადებული იმის თაობაზე, რომ მოსამართლეთა ოდენობა უზენაეს სასამართლოში 28 წევრამდე უნდა გაზრდილიყო. ამავდროულად, რეალურად უნდა ამოქმედებულიყო საკასაციო ინსტანცია და უნდა განხილულიყო მნიშვნელოვანი საქმეები. წინათ იმ საქმეებს, რომელსაც უზენაესი სასამართლო არ განიხილავდა, დასაბუთება მაინც ჰქონდა, თუ რატომ არ იხილავდა. გასულ კვირას პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ცვლილებები საერთო სასამართლეობის შესახებ კანონში, რომლის თანახმადაც, უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა ოდენობა 28 წევრამდე ვერ გაიზრდებოდა და დატოვა მინიმალური ოდენობა _ 16 წევრი. თუ უზენაესი სასამართლოს პლენუმი გადაწყვეტს, რომ მოსამართლეთა ოდენობა უნდა გაიზარდოს, მაშინ მას გაზრდიან კიდევაც. ეს არის ძალიან ცუდი, რადგან უზენაესი სასამართლოს პლენუმს ამის უფლება არ უნდა ჰქონდეს. ამ საკითხზე იყო მსჯელობა სამოქალაქო საზოგადოებაში და ყველას აზრი ერთია, ამ საკითხს პლენუმი არ უნდა წყვეტდეს. კუბლაშვილის დროსაც პლენუმმა დაადგინა, რამდენი მოსამართლე უნდა ყოფილიყო უზენაეს სასამართლოში. პლენუმი ვინ არის, ასეთი რამეები რომ განსაზღვროს? მაგრამ ასეთია `ქართული ოცნების~ პოლიტიკა, რომ უზენაესი სასამართლოს როლი არ გაიზარდოს, რადგან იქ მოსამართლე წევრებს წარადგენს საქართველოს პრეზიდენტი. როგორც ვხედავთ, ჩვენი პრეზიდენტი არ ერევა არანაირ ინტრიგებში, მათ შორის, არც მმართველი პოლიტიკური ძალის ნება-სურვილზე დადის, შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტს ამ კანონით უსპობენ შესაძლებლობას, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ წარადგინოს ღირსეული კანდიდატები, რომელთა მეოხებითაც, სამართლებრივ სივრცეში მნიშვნელოვნად შეიცვლება სიტუაცია. პირველი და მეორე ინსტანციის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ყველა ვარიანტში მიდის მესამე ინსტანციაში, შედეგ კი უზენაეს სასამართლოში და თუ იქ იქნებიან ღირსეული მოსამართლეები, რომელთათვისაც მთავარი არის სამართლიანობა და კანონი, ეს გამოიწვევს სიტუაციის ცვლილებას და ყველა სფეროში _ სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული კუთხით, პირველ და მეორე ინსტანციის სასამართლოებს მოესპობათ ის, რომ იყვნენ უკონტროლოდ და აკეთონ, რაც მათ სურთ. ის გადაწყვეტილებები კი, რომელიც უზენაეს სასამართლოში მიიღება, იქნება პრეცედენტული, მნიშვნელოვანი და სასამართლო პრაქტიკის განმსაზღვრელი. ამიტომ მოხდა ამ კუთხით ძალიან ცუდი რამ.  ფაქტობრივად, ხელისუფლებას არ უნდა, ეფექტურად იმუშაოს საკასაციო ინსტანციის სასამართლომ, რომელიც ყველაზე მაღალი საფეხურია სასამართლო იერარქიაში და, ამავდროულად, ტონის მიმცემი, პრაქტიკის ჩამომყალიბებელი საერთო სასამართლოებისთვის. 16 მოსამართლის ოდენობა უზენაეს სასამართლოში ისედაც იყო დადგენილი და რა სიახლეა ამ კუთხით, გაუგებარია. ,,ქართული ოცნება“ სჩადის დიდ შეცდომას, როდესაც ხელმძღვანელობს მერკანტილური, პირადი ინტერესებით და ისეთ გადაწყვეტილებებს იღებს, რაც მას შემოუტრიალდება. ყველა უნდა მიხვდეს, რომ ხელისუფლებაში ყოფნა არის დროებითი, მაგრამ მარადიულია ადამიანის უფლებები და სამართლიანობა. ნუ ექნება ილუზია „ქართულ ოცნებას“, რომ ის უმრავლესობით მოვა ხელისუფლებაში, რადგან ის შეცდომები, რასაც ახლა სჩადის, წინ დახვდება. უნდა მიიღონ მნიშვნელოვანი ცვლილებები, გაზარდონ მოსამართლეთა რაოდენობა უზენაეს სასამართლოში და ამ რგოლს უნდა დაევალოს, განიხილოს საქმეები და მნიშვნელოვანი, პრეცედენტული გადაწყვეტილებები გამოიტანოს. _ რატომ ვერ ახერხებს გვენეტაძე სასამართლოს მართვას? _ გვენეტაძეს აქვს კომუნიკაციის პრობლემა. ის მოქცეულია ჩაკეტილ სივრცეში და ეკონტაქტება, მხოლოდ და მხოლოდ, თავის დაქალებს, ანუ რამდენიმე მოსამართლეს. სხვებს რატომ არ ეკონტაქტება, ზუსტად ვერ გეტყვით. შეიძლება, ეს არის ამბიციურობა, ამპარტავნება, ან კომუნიკაციის პრობლემა აქვს. რაც უნდა იყოს, ეს გარემოება იწვევს იმას, რომ სასამართლო სისტემაში ვერანაირი ცვლილება ვერ ტარდება და წარმმართველი ძალა ისევ ძველი უმრავლესობაა. ათეულობით ადამიანი განსაზღვრავს სასამართლო ხელისუფლებაში ყველაფერს, რომლებიც სანამ იქნებიან, სასამართლოს არაფერი ეშველება. ესენი არიან: მეთოფიშვილი, გვრიტიშვილი, გეწაძე, ალანია და გოგინაშვილი. თუმცა არიან კულისებსმიღმა მოქმედი, წარმმართველი ძალებიც, რომლებიც დირიჟორები გახლავან და ორკესტრირებას უწევენ გამორჩეულ მოსამართლეებს. ეს დირიჟორები არიან: მიხეილ ჩინჩალაძე _ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე; ვალერი ცერცვაძე _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე, რომელიც გარდა იმისა, რომ ბიზნესით არის დაკავებული, არანაირ საქმეს ის არ იხილავს. მამუკა ახვლედიანის მიერ განხილული საქმეები და გამოტანილი გადაწყვეტილებები მე პირადად ბევრი მინახავს, მაგრამ ცერცვაძის განხილული საქმე არავის არც კი გაუგია. ის არც პროცესებში მონაწილეობდა და არც ზეპირი მოსმენით იხილავს საქმეებს. თუ გოგინაშვილი არის სამართლიანი ადამიანი, ახვლედიანზე რომ განცხადებებს აკეთებს, ცერცვაძეზე რატომ არაფერს ამბობს? ასეთი ორმაგი სტანდარტებით მოქმედებს ეს ხალხი და რატომ ჰგონიათ, რომ ეს ხალხმა არ იცის და ვერ ხედავს? გვენეტაძემ უნდა გამოიჩინოს უნარ-ჩვევები და ყველა მოსამართლესთან კარგი ურთიერთობა დაამყაროს. მოსამართლეებს თუ არ დაელაპარაკება, ბუნებრივია, ისინი თავად ვერ მივლენ მასთან, რადგან გვენეტაძე იმყოფება ჩაკეტილ სივრცეში. ერთ-ერთი პრეტენზია, რომელიც მამუკა ახვლედიანმა ნინო გვენეტაძეს წაუყენა, იყო ის, რომ მიუწვდომელიაო. როცა ერთ-ერთი დიდი სასამართლოს ხელმძღვანელისთვის ის ასეთი მიუწვდომელი იყო, წარმოიდგინეთ, როგორი იქნება წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მოსამართლეებისთვის. იმ მოსამართლეებთან, რომელთაც არ აქვთ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები და ადამიანური ნიშან-თვისებები ჯერ კიდევ აქვთ შემორჩენილი, უნდა დაამყაროს კარგი ურთიერთობა, რათა მოსამართლეთა კონფერენციებზე მარტო არ იჯდეს ეკა გასიტაშვილთან ერთად და ის მისაღები იყოს ყველასთვის. ლევან მურუსიძეს აღმოაჩნდა ის თვისებები, რომლებიც ურთიერთობისთვის არის აუცილებელი. ის ყველა მოსამართლესთან ამყარებს კომუნიკაციას და ისინიც მას გვერდით მდგომ ადამიანად თვლიან, ამიტომაც მურუსიძემ ჯოხიც რომ დაასახელოს და მოსამართლეებს უთხრას, აირჩიეთო, აირჩევენ. მოსამართლეები საზოგადოების მათდამი ცუდ განწყობას უფლებადამცველებსა და არასამთავრობოებს აბრალებენ. ეს მაშინ, როცა ამის შემოქმედნი თავად არიან და საკუთარი არასამართლიანი გადაწყვეტილებებით აღწევენ ამას. მათი შეკრებების მიზანია, კოლექტიური პასუხი გასცენ საზოგადოებას და თავი იმართლონ, თითქოს ისინი ებრძვიან მტრებს და ა. შ. თუმცა რაც უფრო გააგრძელებენ ასეთ ქმედებებს, მით უფრო ცუდი შედეგი დაუდგებათ. _ ვინ ემუქრება მოსამართლეებს, ვინ დაუყენებს ცუდ შედეგებს? _ საზოგადოება დაუყენებს. სამართლიანი საზოგადოება ვითარდება და კართანაც არჩევნები მოდგა. ხელისუფლებისადმი საზოგადოების დაკვეთა არის ის, რომ რეალურად შეიცვალოს კანონები და სასამართლო სისტემაში არსებული მდგომარეობა. ეს არ გააკეთა ხელისუფლემ და საპასუხო რეაქციასაც მიიღებს არჩევნების შედეგებით. მერე წიწინი და ჩივილი, ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთო, თითიდან გამოწოვილი არგუმენტები იქნება, რადგან ხელშესახები და რეალური მათ არაფერი დაუდევთ.  

                                                                                                    ნელი ვარდიაშვილი

 

გაზიარება