„სამწუხაროდ, დღევანდელ საგანმანათლებლო სისტემას ხელმძღვანელობენ მეტწილად არაკვალიფიციური და არაკომპეტენტური ადამიანები. საქართველოში, საბჭოთა პერიოდშიც კი, ხელისუფლებაში გამადიდებელი შუშით შესცქეროდნენ ორ ფიგურას _ კულტურისა და განათლების მინისტრებს. სხვა პეწი და მნიშვნელობა ენიჭებოდა საქართველოში კულტურას და განათლებას მაშინაც კი, როცა ქვეყანა დამოუკიდებელი არ იყო და განსაკუთრებით იმ პირობებში, როცა ეკლესიის ფუნქციონირება შეზღუდული იყო“, _ ამ თემაზე „ქრონიკა+“-თან ლიტერატორმა თემურ ქორიძემ ისაუბრა.
რატომ ვერ აკმაყოფილებს თანამედროვე განათლების სისტემა სტანდარტებს? როგორ უნდა შეიცვალოს და ვინ უნდა ჩამოშორდეს ამ სისტემას? ამას ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.
„ქრონიკა+“-ს თემურ ქორიძე ესაუბრება:
_ საფუძველი, რაზედაც აგებულია ადამიანის სულიერი სამყარო, მისი ინტელექტიდან გამომდინარე, არის განათლება. რამდენადაც განათლებული საზოგადოება ჰყავს ქვეყანას, იმდენად წარმატებულია სახელმწიფო. გავიხსენოთ თუნდაც განმანათლებლობის ეპოქა ევროპაში. დღევანდელი ევროპა ეს არის პირდაპირი მემკვიდრე ენციკლოპედისტებისა და დიდი განმანათლებლებისა. სამწუხაროდ, ჩვენ ასეთი პერიოდი ძალიან ადრე გავიარეთ, ოქროს ხანაში, მე-12 საუკუნეში და დიდი დრო გვაშორებს, ბევრი რამ დაკარგულია, რადგან უამრავი რისხვა, რყევები ჰქონდა ჩვენს სახელმწიფოებრიობას და ჩვენი განვითარება არ იყო სტაბილური. ვერა და ვერ ვიქეცით რუსთველის სულიერ მემკვიდრეებად, ვერ ჩამოყალიბდა ქართველი კაცის სულიერი და ინტელექტუალური სამყარო იმის შესაბამისად, რა დიდი კულტურაც წარსულში გვქონდა. „იუნესკომ“ 2016 წელი გამოაცხადა რუსთველის წლად, უკვე მიიწურა 2 თვე, ნიავიც არ იძვრის იმ თვალსაზრისით, რომ მთელი სახელმწიფო დღეს უნდა ქადაგებდეს რუსთველს, ის უნდა იყოს აპოლოგეა. ეს რუსთველს კი არა, დღევანდელ საქართველოს სჭირდება. შეუძლებელია ქართული ხასიათის ჩამოყალიბება, ქართული ფენომენის სრულყოფა რუსთველის მონაწილეობის გარეშე. ამას გადაუჭარბებლად ვამბობ. განათლებასთან დაკავშირებული პრობლემა ყველა წვრილმანში იჩენს თავს, როგორ გარემოში იზრდებიან ჩვენი შვილები და შვილიშვილები. პირველი პრობლემა, რასაკვირველია, ეს არის ოჯახი. ძალიან ცოტაა საქართველოში ოჯახი, რომელიც ახერხებს, თავის შვილს მაქსიმალური მისცეს, როცა საჭიროა აუყვანოს მასწავლებელი, თან იმდენი, რამდენიც მის შვილს სჭირდება. ხშირად უყვართ თქმა, ალექსანდრე მაკედონელს მასწავლებლად არისტოტელე ჰყავდაო. ნუ დაგვავიწყდება, მას 8 მასწავლებელი ჰყავდა და არისტოტელე მე-4 მასწავლებლად ითვლებოდა, წარმოიდგინეთ, პირველი სამი რა იქნებოდა. გარდა იმისა, რომ განათლება მოზარდში მაღალ ინტელექტუალურ რესურსს გულისხმობს, ასევე გულისხმობს მატერიალურ მდგომარეობასაც. რა მდგომარეობაა სკოლებში? ელემენტარული საწყისიდან ვისაუბროთ. რა თქმა უნდა, სკოლაში ცენტრალური ფიგურა მასწავლებელია! რა მდგომარეობაშია ჩვენი მასწავლებელი?! ეს არის სოციალურად დაჩაგრული, მუდამ პრობლემების წინაშე მდგარი ადამიანი, რომელიც ვერც კი ახერხებს უახლესი ლიტერატურის შეძენას თავის სპეციალობაში, მას არ ჰყოფნის დრო და ნერვები, რომ მთელი არსებით მიეცეს თავის საქმეს. არადა, ქართველი მასწავლებელი, ტრადიციულად, კარგი პედაგოგია. ის ყოველთვის ახერხებს, თუკი რამე პროფესიული ხარვეზი აქვს, აანაზღაუროს თავისი გამოცდილებით და სულიერი პოტენციით. სიდუხჭირემ სადამდე მიიყვანა მასწავლებელი? დაფარული არ არის, სკოლის პედაგოგების დიდი ნაწილი იძულებულია, რაც მან სკოლაში უნდა ასწავლოს და რაშიც მას ხელფასს უხდიან, იგივე მოწაფეები სარეპეტიტოროდ შინ დაიბაროს და ანაზღაურება მათგანაც მიიღოს. ეს ძალიან დიდი ტრაგედიაა! კარგად იციან ხელისუფლების მესვეურებმა, რომ ეს ასეა, მაგრამ ამის გამოსასწორებლად არაფერს აკეთებენ!
_ თქვენი აზრით, რა უნდა გაკეთდეს?
_ მასწავლებლის შრომა ჯეროვნად უნდა დაფასდეს და არა მინისტრებისა, გამგებლებისა, პარლამენტარებისა და ა. შ. მას უნდა ჰქონდეს ყოველგვარი შესაძლებლობა თვითგანვითარებისთვის და ჯეროვანი ანაზღაურება ოჯახური პრობლემების მოსაგვარებლად, რადგან ამ პროფესიის კრიმინალიზაცია ხდება. როგორ შეიძლება, შენივე მოსწავლეს სახლში ასწავლიდე გარკვეული თანხის სანაცვლოდ, რაც გაკვეთილზე უნდა მისცე?! სხვა მასწავლებელიც არ უნდა დასჭირდეს მას, არათუ შენთან მოსვლა. შეიძლება კურიოზამდეც მივიდეთ, ყველა მასწავლებელს აქვს ლიცენზია, რა საჭიროა მაშინ სკოლები?! დააკვირდით, როგორ აბსურდამდე მივდივართ! არადა, ამ პრაქტიკას მასობრივი ხასიათი აქვს. პირველი, რაც საჭიროა, ეს არის მასწავლებლის შრომის შესაბამისი დაფასება! მეორე _ საერთოდ, გადასახედია საგანმანათლებლო პოლიტიკა! სამწუხაროდ, დღევანდელ საგანმანათლებლო სისტემას ხელმძღვანელობენ მეტწილად არაკვალიფიციური და არაკომპეტენტური ადამიანები. საქართველოში, საბჭოთა პერიოდშიც კი, ხელისუფლებაში გამადიდებელი შუშით შესცქეროდნენ ორ ფიგურას _ კულტურისა და განათლების მინისტრებს. სხვა პეწი და მნიშვნელობა ენიჭებოდა საქართველოში კულტურას და განათლებას მაშინაც კი, როცა ქვეყანა დამოუკიდებელი არ იყო და განსაკუთრებით იმ პირობებში, როცა ეკლესიის ფუნქციონირება შეზღუდული იყო. იქიდან გამომდინარე, რომ განათლების სფეროს მესვეურებს აკლიათ კვალიფიკაცია, გვაქვს კიდევ ძალიან დიდი პრობლემა, ჩავხედოთ სახელმძღვანელოებს, ეს არის კურიოზებით სავსე მოვლენა. ჩემი სფეროდან, ქართული ლიტერატურიდან შემიძლია გითხრათ, ვის მოუვიდა აზრად იმ ქმნილებების შეტანა სახელმძღვანელოებში, რომელთაც არავითარი მხატვრული დანიშნულება არ გააჩნია?! ვიღაც შემდგენელს მოსწონს, აკვიატებული აქვს ერთი და იგივე ავტორი და წიგნიდან წიგნში მეორდება. შეკითხვები, რომლითაც მხატვრული ტექსტის ანალიზი ხდება, ეს ცალკე აბსურდის სფეროს განეკუთვნება, არავითარი ფსიქოლოგიური მოტივაცია არ არის გათვალისწინებული არც ასაკის, არც მდგომარეობის, შეგნების, რა ინტერესი შეიძლება ჰქონდეს დღევანდელ ახალგაზრდას, აქვს თუ არა მას შესაფერისი მომზადება, ან ეს მიდრეკილება და გატაცება? ისე ამთავრებს სკოლას ახალგაზრდა, რომ, არსებითად, ქართულ ლიტერატურაში დეზორიენტირებულია. ხშირად ამბობენ, ბავშვები 15 წლის ასაკში „ვეფხისტყაოსანს“ ვერ სწავლობენო. კი ბატონო, ძნელია ამ ასაკში აღიქვა ეს ვეებერთელა ტექსტი თავისი მეტაფორული აზროვნებით, მაგრამ ვინ და რატომ დაადგინა, რომ მაინცდამაინც 15 წლის ასაკში უნდა შეითვისოს „ვეფხისტყაოსანი“? რა უშლის ხელს, ეს პროცესი გაგრძელდეს შემდგომ წლებშიც? თუნდაც მინიმალური წარმოდგენა შეექმნას და მოზარდს ინტერესი მაინც გაუღვივდეს?! შეიძლება ქართველი ადამიანის ჩამოყალიბება, მისი ინტელექტუალური ფორმირება წარმოვიდგინოთ „ვეფხისტყაოსნის“ გარეშე? საშინელი ტერმინი შემოვიდა უკანასკნელ წლებში სოციოლოგიაში _ პოსტკულტურული ადამიანი. ეს ძალიან სახიფათო ტერმინია, კულტურის შემდგომი ადამიანი, რომლის ფორმულირებაშიც კულტურა აღარ მონაწილეობს. ვიღებთ ადამიანს, რომლის ჩამოყალიბებასა და სრულქმნაში კულტურა არავითარ მონაწილეობას არ იღებს. ქართული განათლების სისტემა იქითკენ მიისწრაფის, რომ მივიღოთ პოსტკულტურული ადამიანი! ეს არის ერის წინაშე ჩადენილი დანაშაული! ძირეულად უნდა შეიცვალოს განათლების სისტემა და მას უნდა ჩამოსცილდნენ ის ადამიანები, რომელთაც მხოლოდ და მხოლოდ ფინანსურ-პოლიტიკური ინტერესი ამოძრავებთ და ეს საქმე უნდა იქცეს სახელმწიფო მნიშვნელობის უპირველეს თემად! არ არის არავითარი მოძრაობა იქითკენ, რომ პედაგოგების პროფესიული სრულყოფილება მოხდეს!
_ ამ დროს ისინი მუდმივი გამოცდების რეჟიმში არიან...
_ ეს კატასტროფაა! მასწავლებელს არავის დახმარება არ სჭირდება, ერთადერთის გარდა _ ჰქონდეს ღირსეული ანაზღაურება! ქართველი მასწავლებელი, ჩვენი მინისტრებისგან განსხვავებით, არ არის მომხვეჭელი, რომლებიც ათასი ხერხით ცდილობენ, თავიანთი შემოსავალი გაიზარდონ. გამოვა კანონი, რომ პრემია არ შეიძლება, დანამატს დაარქმევენ, გამოვა ბრძანება, _ დანამატი არ შეიძლება, სხვა სახელს დაარქმევენ და კარიდან გასულები ფანჯრიდან შემოდიან! კარგად ვიცი მასწავლებლის ბუნება, პედაგოგების ოჯახში გავიზარდე! კი მაგრამ, ვინ უნდა ჩაიბაროს პედაგოგების გამოცდა?! იმ დროს, როცა მინისტრებად ვნიშნავთ ადამიანებს, რომელთაც არავითარი გამოცდა არ ჩაუბარებიათ!
_ ამ ბოლო დროს დიდი პოლემიკაა გაჩაღებული სკოლებში ახალი საგნის _ საზოგადოების შემოღების თაობაზე. თქვენ რა აზრის ხართ ამ საკითხზე?
_ თვალყურს ვადევნებდი ამ პროცესს, არ მინახავს ეს სახელმძღვანელო და თავს უფლებას არ მივცემ, რომ ვაკრიტიკო, მაგრამ როგორც გავიგე, ამ საგანში არის ზოგადი საუბრები საინტერესო საზოგადოებრივი ცხოვრების შესახებ, რომელიც დაკავშირებულია ფილოსოფიასთან, ისტორიასთან, საზოგადოების განვითარებასთან. ასეთი საკითხები მოზარდს ყოველთვის აინტერესებს და არ არის საჭირო, მაინცდამაინც ამ ყველაფრის ეროტიზაცია მოვახდინოთ. როგორც არ უნდა ვეცადოთ ინტიმური ცხოვრების გასაჯაროება, ის მაინც ვერ იქნება ჯანსაღი. კარგა ხანია, დასავლურ კულტურულ ცხოვრებაში ძალიან აქტიური როლის შესრულება დაიწყო ფსიქოთერაპევტმა და ფსიქოლოგმა. დავაკვირდეთ ჩვენს ეროვნულ სპეციფიკას, საქართველოში მაინცდამაინც ვერ დამკვიდრდა ფსიქოლოგიური მომსახურების პრაქტიკა, რადგან ჩვენთან განსხვავებული როლი და მნიშვნელობა აქვს მეგობრობას, _ რასაც მოზარდი, ან, თუ გნებავთ, ასაკოვანი ადამიანი თავის მეგობარს გაანდობს, იმას ფსიქოლოგთან არ იტყვის. ჩვენ ურთიერთობის სხვა ტრადიცია გვაქვს, ამიტომ კარგა ხანს საქართველოში ფსიქოლოგის როლი იმ მასშტაბს ვერ მიაღწევს, როგორც ეს ევროპაშია. თუ გვინდა იმ მნიშვნელობის მიღწევისთვის, ჩვენთან ბევრი რამ უნდა შეიცვალოს, უწინარეს ყოვლისა, ჩვენი ცხოვრების გარემო უნდა გახდეს ისეთი ურბანული, სადაც ერთი ადამიანის მეორემდე კომუნიკაცია მინიმუმამდე დავა. შვედების კვლევა წავიკითხე, წელიწადში მხოლოდ 5 წუთით თუ გამოელაპარაკება მეზობელი კარის მეზობელს, ისიც აუცილებელი საერთო საქმის გამო. არ ვამბობ ისეა კარგი, ან ასე. ურბანული ცხოვრებაა, სადაც ტემპი დაჩქარებულია, ადამიანთა შორის კომუნიკაცია გაცივებულია. ცხოვრების ასეთი წესი აქვთ. ჩვენ, ჯერჯერობით, კვლავ ზომიერად პატრიარქალური წესით ვცხოვრობთ, რადგან დღევანდელ საქართველოში ასეთი პირობებია. ქართული სუფრული ეთიკაც ძალიან ბევრ რამესთან არის დაკავშირებული. ამიტომ ამ ყველაფრის მექანიკური გადმოღება არ შეიძლება, ჩვენ ცხოვრების სხვა სპეციფიკა გვახასიათებს, შეიძლება, საბედნიეროდაც, ჯერ არ გვიდგას ის დრო, რომ საოცარი ტემპით ვიღლებოდეთ და მხოლოდ და მხოლოდ ფსიქოლოგთან გვჭირდებოდეს საკუთარი შინაგანი სამყაროს გაზიარება. ეს ჩვენი გარემოა, ასეთ პირობებში ვცხოვრობთ და როდესაც სახელმძღვანელო შემოგაქვს, რომელიც ადამიანების უინტიმურეს სფეროებზე ამახვილებს ყურადღებას, ეს იწვევს სრულ გაუგებრობას, რადგან ამ სახელმძღვანელოს როლს ჩვენს ურთიერთობებში ადამიანები თვითონ ასრულებენ. დღევანდელ საქართველოში არ არის ასეთი სახელმძღვანელოს საჭიროება! პროგრესი მარტო ის კი არ გახლავთ, რაკი დღეს ტექნოლოგიურად განვითარებულ ქვეყნებში მსგავსი პრაქტიკაა დამკვიდრებული, გადმოვიღოთ, ჩვენ სხვა რეალობაში ვცხოვრობთ. ისიც ვთქვათ, რატომ არ გვიღებენ ევროკავშირში _ ჩვენ ჯერ სხვა ცხოვრებით ვცხოვრობთ, ჯერ სხვანი ვართ, არ ვართ ის ევროპელები, რომლებიც დღეს ცხოვრობენ ევროპის კონტინენტზე. ძალიან სამწუხაროა, რომ დღეს ამ მიმართულებით არ მსჯელობენ! მხოლოდ პოლიტიკური მოტივია, რომ არ გვიღებენ? ესეც არის, მაგრამ მხოლოდ ილია ჭავჭავაძის აზრი არ გახლავთ, _ ეროვნული კანონები იქ უნდა იწერებოდეს, სადაც ის ადამიანები ცხოვრობენო. ჯერ კიდევ უდიდესმა ევროპელმა მოაზროვნე მონტესკიემ თქვა: მკვდრადშობილია ის კანონი, რომელიც ეროვნული ხასიათის სპეციფიკიდან არ მომდინარეობსო. რამდენიც არ უნდა დაიწეროს კანონი, გინდა თუ არა დაუშვან ერთსქესიანთა ქორწინება თუ რაღაც, ეს კანონი არ იმუშავებს, რადგან ქართული ყოფა, ხასიათი, ბუნება ვერ ითავსებს. ყოველ შემთხვევაში, დღევანდელი საქართველო არ არის ის, რასაც ჩვენ დასავლეთ ევროპაში და აშშ-ში ვუყურებთ. სხვათა შორის, ნურავინ იფიქრებს, რომ ეს დასავლური განვითარების უკანასკნელი სტადიაა. დადგება დრო, რომ იმ კანონებს, რომელიც დღეს თურმე იტალიაში მიიღეს ერთსქესიანთა ქორწინების შესახებ, გადააგდებენ. არავინ იფიქროს, რომ ადამიანების მიერ დაწერილი კანონი მარადიულია. ყველა იურისტი და სამართალმცოდნე, ვინც კი ყოფილა ოდესმე დედამიწაზე, ჭკვიანი, ბრძენი, ყველა იმას აღნიშნავს, რომ გაცილებით ძლიერია დაუწერელი კანონები და სამართალი, ვიდრე დაწერილი კანონები და სამართალი. როდესაც მათი ბრძოლა იწყება, ყოველთვის დაუწერელი სამართალი გამოდის გამარჯვებული. რატომ? _ დაუწერელი კანონი არის ერის ბუნებითი კანონი, მისი არსებობიდან გამომდინარე. ყველანაირად უნდა ვეცადოთ, შევქმნათ ინტელექტუალური ელიტა. მთავარი ფუნქცია სახელმწიფოსი ის არის, რომ დაბრკოლება არ შეუქმნას როგორც მასწავლებელს, ისე ახალგაზრდას. ელემენტალური რაღაც უნდა, ფიზიკური სახსარი, რომ მატერიალური პრობლემები მოიგვარონ. როდესაც ხელისუფლებაში ვიყავით, ვერ მოვასწარით, თორემ მზადდებოდა განათლების რეფორმა, რომელიც აბსოლუტურად განსხვავებული იქნებოდა დღევანდელისგან. ეს იქნებოდა დაფუძნებული მასწავლებლის, სტუდენტის, პროფესორის ურთიერთობაზე. პროფესორი სტუდენტისთვის ღირსების საქმედ იქცეოდა, რომ ის იყო იმ პროფესორის მოწაფე და პროფესორისთვისაც, რომ ის იყო მისი სტუდენტი. პროფესორი გაუშვებდა მას დედამიწაზე, სადაც კი კარგი უნივერსიტეტი იყო, რომ კურსი მოესმინა. გავიხსენოთ ილიას თაობა, „თერგდალეულები“ თითებზე ჩამოსათვლელები იყვნენ, პეტერბურგის უნივერსიტეტი მაშინ ევროპის მასშტაბით საკმაოდ ძლიერი სასწავლებელი იყო, ჩამოვიდნენ და საქართველოში ეპოქა შექმნეს. ვიცი, რომ უკანასკნელი 20 წლის გამავლობაში რამდენიმე ათას ახალგაზრდას აქვს დამთავრებული უნივერსიტეტები დასავლეთ ევროპასა და ამერიკაში. რამდენი მათგანია დასაქმებული საქართველოში?! მაგალითად, შესანიშნავი დიდი ფიზიკოსი, გია დვალი, ჩამოიყვანეს საქართველოში და დაავალეს დაეწერა უმაღლესი სასწავლებლების განვითარების პროგრამა. ეს პროგრამები მილიონი შეიძლება ნახო ინტერნეტში. თუკი შენი სპეციფიკიდან არ აპირებ, აგერ არის ბოლონიის კონვენცია და მიერთებულია საქართველო. იქ ის უნდა გააკეთო, რასაც ბოლონიის კონვენცია გთავაზობს. დააკვირდით, გია დვალი ჩამოგყავს და ავალებენ ტექნიკური საქმის მოგვარებას. ეს ხომ წრმოუდგენელი ფუფუნებაა, ასეთი ფიზიკოსი გყავს და ამ დროს ტექნიკურ საქმეს ავალებ. ის უნდა ჩამოეყვანათ, როგორც ფიზიკოსი და მის მიერ საქართველოში შეიქმნებოდა ფიზიკის დიდი ცენტრი, რაც იქნებოდა ახალი ეტაპი საქართველოში ფიზიკის სკოლის განვითარებისა. საქმისადმი არაპროფესიული, არაკომპეტენტური, არარაციონალური მიდგომაა გაბატონებული ყველა უწყებაში და განსაკუთრებით, განათლების სისტემაში. ეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომლის თვალსაჩინოებაა გია დვალის მაგალითი. ერთი სტუდენტი მყავდა, კოპენჰაგენში წავიდა, ბრწყინვალედ დაამთავრა იურისპრუდენციის ფაკულტეტი და გახდა საზღვაო სამართლის სპეციალისტი. საქართველოში საზღვაო სამართლის სპეციალისტი არ არის და ჩამოვიდა იმისათვის, რომ თავისი ქვეყნისთვის ემსახურა. სამსახური ვერ იშოვა, წავიდა უკან კოპენჰაგენში და იქ მუშაობს საკმაოდ კარგი ანაზღაურებით. რატომ? ნეპოტიზმი, რომელიც ღრღნის მთელ ქვეყანას, რომელიც ახალგაზრდობაში თესავს საშინელ ნიჰილიზმს. გაქცევა უნდათ, მათთან ურთიერთობა მაქვს და ვიცი მათი პრობლემები. ეს დაღს ასვამს განათლებისკენ სწრაფვას, პატივისცემას და სიყვარულს. ამ დროს ყველაფერი განათლებასთან არის დაკავშირებული! სხვათა შორის, ახლა დაიწყეს ლაპარაკი, რომ არსებობს ცოდნის ეკონომიკა, თუ მას დავეუფლებით, წინ წავალთ და ქვეყანა წარმატებული იქნება, ყველაზე ღირებული და ექსპორტი, რაც ჩვენ შეგვიძლია, ეს არის განათლება.
_ რამდენად შესაძლებელია საქართველოდან განათლების ექსპორტი?
_ დღეს ჩვენი განათლების ექსპორტი წარმოუდგენელია, იმიტომ, რომ, პრაქტიკულად, ჩვენ ვზრდით საშუალოზე დაბალი განათლების მქონე ახალგაზრდებს. ახალგაზრდა თვითონ არ არის დაინტერესებული და ჭეშმარიტების ძიების ცნობის წადილით არ ცხოვრობს. ჩვენი განათლების კერები სპობს მათში ყოველგვარ იმედს და პერსპექტივას. ხელი არ უნდა შევუშალოთ ასეთ ადამიანებს, არ შეიძლება თვითონ სახელმწიფო აქეზებდეს იმას, რომ ვინც ბევრი ფული იშოვა, ვინც თავის დროზე მარიფათი გამოიჩინა, ცოტა ითაღლითა, თქვა, _ ნახე, რა ნიჭიერი კაციაო. ეს იდეოლოგია სახელმწიფოსთვის დამღუპველია. ჩვენი „კოლმეურნეობის თავმჯდომარეა“ და ყველა მიხვდება, ვისზეა ლაპარაკი. მასზე ამბობენ, _ ნახე, რუსეთში ფული იშოვა, ეს დიდი ნიჭია და მერე შეინარჩუნაო. მთელი ეს მანქანა ამ იდეის პოპულარიზაციაზე მუშაობს. დასავლური მენტალიტეტის კრიზისი ის არის, რომ ღმერთის ადგილი დაიკავა ფულმა, ამას სანამ ჩვენ ვიტყოდით, თვითონ თქვა დასავლეთმა, დასტირის საკუთარ თავს და ეძებს გზებს, რომ აქედან გამოვიდეს, ჩვენ რატომ ვიმეორებთ ამ ყველაფერს?! ფრანგ მწერალ სარტრის მოთხრობაა „ბიძა ამერიკიდან“ და ასეთი შინაარსი აქვს: ხელმოკლე ახალგაზრდა წავიდა საფრანგეთიდან ამერიკაში, ძალიან გამდიდრდა და ნათესავებს უგზავნის დეპეშას, _ ჩამოვდივარ და სანამ სახლს შევიძენ, მანამდე ღამე გამათევინეთო. ჩამოდის საფრანგეთში და მთელი სანათესავო ხვდება, მათ შორის, ღარიბი ნათესავი, რომელსაც დანარჩენი დასცინის, ამასთან როგორ წავაო. ეს ბიჭი ჩამოდის და შეწუხებული უცხადებს ნათესავებს, იცით, ის გემი, სადაც ჩემი განძეულობა იყო, ქარიშხალმა შთანთქა და ზღვაში ჩაიძირა, თუ წამიყვანთ სახლშიო? ყველა უარს ეუბნება, ღარიბი ნათესავის გარდა. პარალელი გავავლოთ ჩვენს „ამერიკელ ბიძასთან“, წარმოიდგინეთ, ჩამოსულიყო და ეთქვა, _ იცით, ევროპის ფინანსური კრიზისის დროს მთელი ჩემი 7 მილიარდი დავკარგე, არაფერი მაქვს, წამოდით ჩემთან ჭორვილაში და საქართველოს ბედი გადავწყვიტოთო. რომელი პოლიტიკური პარტია მივიდოდა მასთან?! ხომ არის ეს ჭკუის სასწავლებელი?! რატომ აფეტიშებენ ამ ყალბ ფასეულობას?! ესეც განათლებაზე დარტყმაა! კი, შეეცადა ეს პიროვნება და გულახდილად ვთქვათ, ვინ ეწეოდა ამ ყალბი ფასეულობების პროპაგანდას. გახსოვთ, პირველად აღტაცება გამოხატა გია ხუხაშვილმა, მარტო ფული კი არ არის, ისეთი განათლება აქვსო... მერე ჩემმა კოლეგამ, ლევან ბერძენიშვილმა ლამის ცამდე აიყვანა. მოატყუეს ხალხი, მერე „ამერიკელი ბიძა“ თვითონ გამოვიდა ტელევიზიით და რუსთველზე დაიწყო ლაპარაკი: „რასაცა გასცემ შენია, რაც არა დაკარგულია“. ეს ჩემზეა დაწერილიო, ის დაავიწყდა, არ იცის, ამ სიტყვების წინ რა წერია: „უხვსა მორჩილებს ყოველი, იგიცა ვინ ორგულია“. როსტევანი თავის ქალიშვილს, თინათინს ასწავლის: თუ გინდა დაიმორჩილო ისინი, უნდა იყიდოო. ამ კაცმა „ვეფხისტყაოსანიც“ ვერ წაიკითხა, ასეთი კაცის დასახვა იდეალად, რასაც უშვერად ეწევიან ე. წ. პოლიტიკოსები, ეს ხომ პირდაპირ ურტყამს იმ ღირებულებას, რასაც განათლება ჰქვია?! უარესს გეტყვით: გამოდის ჩემი კოლეგა ბერძენიშვილი, რაც თოფაძესა და რესპუბლიკელებს შორის დაპირისპირება აქტუალური გახდა და ბრძანებს, _ ყოფილ საპნის გამყიდველს თავს არ გავუყადრებო. კი მაგრამ, ბატონი ბიძინა ივანიშვილი ბრძანებდა, თურმე, ადრე, უნიტაზებს ყიდდა და მაშინ იმას რატომ უყადრებს თავს?! ესეც დარტყმაა, როდესაც ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად ტელეეკრანებზე არიან და გამუდმებით ცრუობენ, თავიანთი ხასიათის, აზროვნების, ცხოვრების იმ მხარის რეკლამირებას ახდენენ, რაც საზოგადოებაზე უარყოფითად მოქმედებს, ესეც დარტყმაა განათლების პროცესზე! განათლება ძალიან ფაქიზი რამეა და დიდი მნიშვნელობა აქვს მაგალითს! ისიც ვთქვათ, რატომ არის გაჩენილი ბზარი საზოგადოებასა და სამღვდელოების გარკვეულ ნაწილს შორის? იმიტომ, რომ სამღვდელოების გარკვეულმა ნაწილმა, უბრალოდ, არ გაიხსენა, რომ ყველა რელიგიისა და განსაკუთრებით, ქრისტიანობის უმთავრესი მონაპოვარი, ეს არის მაგალითის ძალა! ვერავითარი ლოცვა, ქადაგება ვერ აანაზღაურებს ერთ კეთილ საქმეს. სათნოებას არ სჭირდება ლაპარაკი და პროპაგანდა, სათნოებას სათნოების კეთება უნდა!
თამარ ბატიაშვილი