2022 წელს „ღირსების მარში“ არ ჩატარდება

გიგა გელხვიიძე

თბილისი პრაიდის კვირეული სახეცვლილი ფორმატით ბრუნდება. ორგანიზაცია „თბილისი პრაიდის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, წელს არ ჩატარდება ე. წ. ღირსების მარში, რომელმაც საზოგადოების გარკვეულ ნაწილში ძალიან დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია და საბოლოოდ, ფატალურ შედეგებში გადაიზარდა.

„ღირსების მარში“, რომელიც 2021 წლის 5 ივლისს უნდა ჩატარებულიყო, საბოლოოდ მედიის მიმართ სისხლიანი ანგარიშსწორებით დასრულდა, რის შედეგადაც მედიის სამოცამდე წარმომადგენელი დაშავდა, მათ შორის, ერთ-ერთი ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა გახლდათ, რომელიც რამდენიმე დღის შემდეგ საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

გასულ წელს განვითარებული პროცესების შედეგად, „თბილისი პრაიდმა“ მიიღო გადაწყვეტილება, რომ წელს კვირეული განსხვავებული ფორმატით ჩატარდეს, რასთან დაკავშირებითაც განცხადებაც გაავრცელა:

„თბილისი პრაიდის“ კვირეული ბრუნდება!

2022 წელს კვირეული კიდევ უფრო მეტ ლგბტქ ადამიანსა და მხარდამჭერს გააერთიანებს. ბრძოლა გრძელდება.

გრძელდება ბრძოლა თავისუფლებამდე, თანასწორობისთვის, სიყვარულისთვის, ხილვადობისთვის, ღირსეული ცხოვრებისთვის, წართმეული ხმის დასაბრუნებლად, ბრძოლა ჰომოფობიასთან, სიძულვილთან, რუსულ პროპაგანდასთან, ძალაუფლების უთანასწორო ღერძებთან, ბრძოლა ჩაგვრის, დისკრიმინაციის, გარიყვის წინააღმდეგ.

ეს ბრძოლა ჩვენია და უკან დახევას არ ვაპირებთ. ეს ქვეყანა ჩვენია და არ გვინდა, ქვეყნიდან გაქცევა გვიწევდეს.

2021 წლის 5 ივლისის უმძიმესმა გამოცდილებამ სრულად გააშიშვლა უმოქმედო, მოძალადე, თანაგრძნობისგან დაცლილი სისტემა, რომელიც უარს ამბობს მოქალაქეების უფლებების დაცვაზე, საზოგადოებრივი ცხოვრებიდან  და საჯარო სივრციდან რიყავს ლგბტქ ადამიანებს. სწორედ ჰომოფობიის საფუძველზე ჟურნალისტებზე უპრეცედენტო თავდასხმას შეეწირა ლექსო ლაშქარავას სიცოცხლე. ჩვენ კვლავ გვყავს ხელისუფლება, რომელიც ახალისებს ქუჩებში მოთარეშე ძალადობრივ ჯგუფებს, არ სჯის ძალადობის მთავარ შემოქმედებს და არ აღიარებს მოქალაქეთა თანასწორობას…

წელს ჩვენ არ გაგვაჩნია არავითარი სივრცე და შესაძლებლობა ღირსების მარშის ჩასატარებლად. ვრჩებით ერთადერთ ჯგუფად, რომელსაც, ფაქტობრივად, ჩამორთმეული აქვს შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება. ამასთანავე, ჩვენს დღის წესრიგში დგას უმწვავესი პრობლემები, როგორებიცაა განათლებაზე, დასაქმებაზე, ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა, უსახლკარობა, გენდერის სამართლებრივი არაღიარება, ოჯახში ძალადობა, დისკრიმინაცია. თუმცა გვწამს, რომ ჩვენი დაუღალავი ბრძოლითა და თანადგომით ამ რეალობას აუცილებლად შევცვლით.

ჩვენ გვარწმუნებენ, რომ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ჩვენი წინააღმდეგია, თუმცა ფაქტები ცხადყოფს, რომ მიმღებლობა ლგბტქ ადამიანების მიმართ საგრძნობლად იზრდება. სწორედ ეს გვაძლევს იმედს, რომ ჩვენს ბრძოლას ნამდვილად აქვს აზრი!

2022 წელი იქნება იარების მოშუშების, ძალის მოკრების, სოლიდარობის, გაერთიანების, ერთმანეთზე ზრუნვის, მიღწეული შედეგების დაფასებისა და სტრატეგიების გამრავალფეროვნებისა და გაფართოების წელი. ამავდროულად, კვირეული იქნება ხმამაღალი, პოლიტიკური, ემოციური, მრავალფეროვანი და თავს მოუყრის ყველას, ვისაც თანასწორობის სწამს!

შემოგვიერთდი 28 ივნისიდან 2 ივლისამდე და გახდი „თბილისი პრაიდის“ კვირეულის ნაწილი.

კვირეული სამი ძირითადი ღონისძიებისგან შედგება:

1. ახალი ქართული ქვიარ ფილმის ჩვენება. კინოენაზე მოთხრობილი ჰომოფობიის, ბრძოლისა და გადარჩენის ამბავი;

2. რეგიონული კონფერენცია, რომელზეც საერთო გეოპოლიტიკურ ბრძოლებზე სასაუბროდ შეიკრიბებიან ლგბტქ აქტივისტები საქართველოდან, უკრაინიდან, მოლდოვიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან და ბელარუსიდან;

3. გრანდიოზული პრაიდფესტივალი, რომელიც ადგილობრივ და საერთაშორისო არტისტებს გააერთიანებს“, _ ნათქვამია „თბილისი პრაიდის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სწორედ აღნიშნულის შემდგომ გაკეთდა პირველი განცხადება 2021 წლის 5 ივლისის ერთ-ერთი ორგანიზატორის, „ალტ-ინფოს“ დამაარსებელ კოკა მორგოშიას მიერ, რომელიც ამჯერადაც ღიად საუბრობს იმის შესახებ, რომ თუ ეს ადამიანები გამოვლენ ქუჩაში, ისინი კვლავ მიიღებენ ზომებს და მათ უკვე დაიწყეს მობილიზება.

„დააანონსეს 28 ივნისი-2 ივლისის ღონისძიება, აქ არის ორი ღონისძიება:, ერთი ქვიარ ფილმის ჩვენება დახურულ სივრცეში. დახურულ სივრცეში ვიღაცა რა ფილმს უყურებს, არ მგონია, რომ ჩვენთვის საინტერესო იყოს. მეორეა არასამთავრობოებთან შეხვედრა, ეგენი ყოველდღე ხვდებიან ერთმანეთს და ისედაც სულ პრაიდები აქვთ შეხვედრის დროს. მესამე არის ფესტივალი. ამათმა 5 ივლისიდან მოყოლებული იციან, რომ პრაიდებს ვერ ჩაატარებენ, ცუდი გამოცდილება აქვთ და მოიფიქრეს, ფესტივალი ჩაატარონ დიდ ლოკაციაზე, კერძო საკუთრებაზე, რომელიც დაახლოებით 5 ჰექტარია. თავისთავად ცხადია, ქართველი ხალხი და მათ შორის ჩვენ, როგორც ქართველი ხალხის ნაწილი და ამ ხალხის უდიდესი ნაწილის გამომხატველი პოლიტიკური ძალა, ამას არ დავუშვებთ“.

„თბილისი პრაიდის“ კვირეულთან დაკავშირებით უფრო მეტი დეტალის გასაგებად „ქრონიკა+“ „თბილისი პრაიდის“ თანადირექტორ მარიამ კვარაცხელიას დაუკავშირდა:

_ მარიამ, მკითხველისთვის უფრო გასაგები რომ იყოს, განცხადების მიუხედავად, მაინც გკითხავთ, _ რა არის ის ძირითადი მიზეზები, რის გამოც 2022 წელს ღირსების მარში არ დაიგეგმა?

_ წელს არავითარი მარში, აქცია, დემონსტრაცია არ ტარდება. საგანგაშოა ის ფაქტორი, რომ პოლიტიკურად ანგაჟირებული გარკვეული ჯგუფები დეზინფორმაციას ავრცელებენ და ამბობენ, რომ ეს ღონისძიება ტარდება. ჩვენ ვატარებთ მხოლოდ და მხოლოდ დახურულ ღონისძიებებს, კერძო ტერიტორიებზე, სადაც ვიკრიბებით ერთად. იქ გვექნება გამოფენები, სხვადასხვა სახის საინფორმაციო ღონისძიება, კონცერტი და არანაირი მარში წელს არ იგეგმება. ჩვენ შარშანდელი მოვლენებიდან გამომდინარე ვნახეთ, რომ ლგბტქ ადამიანების, ჟურნალისტებისა და აქტივისტების უფლებები და უსაფრთხოებები საერთოდ არ არის დაცული, სახელმწიფო არ გვიცავს და მთლიანად ვვარდებით მოძალადე ჯგუფების ხახაში, ვრჩებით მათ პირისპირ სრულიად დაუცველები. მიუხედავად იმისა, რომ ეს არის ჩვენი, ადამიანების კონსტიტუციური ფინდამენტური უფლება, ჩვენ ვერ გამოვდივართ ქუჩაში, რადგანაც არის ძალიან დიდი რისკები. ვხედავთ, რომ გასულ წელს განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების გამო არ დასჯილა არცერთი ორგანიზატორი და დღემდე არ არიან გასამართლებულები. იგივე ხელისუფლება, იგივე პოლიტიკური კონტექსტი გვაქვს და შესაბამისად, არ არსებობს რამე სივრცე, რომ ეს მარში ჩავატაროთ.

_ სანამ განცხადებას გამოაქვეყნებდით, თუ გქონდათ რამე სახის კონსულტაციები სახელისუფლებო ჯგუფებთან?

_ კოორდინაციაში ვართ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და ამასთან დაკავშირებით სანდრო დარახველიძემაც (შს მინისტრის მოადგილე) განაცხადა, რომ მათ ჩვენთან აქვთ კომუნიკაცია. ჩვენ ვაწვდით შს სამინისტროს ყველა ინფორმაციას იმისთვის, რომ მაქსიმალურად უსაფრთხოდ ჩაიაროს დაგეგმილმა ღონისძიებებმა სამივე ლოკაციაზე, რომლის მიმართაც მოდის მუქარები, მიუხედავად იმისა, რომ ქუჩაში არ გამოვდივართ. ეს რადიკალური ჯგუფები მაინც იმუქრებიან, რადგანაც მათ ქუჩაში ჩვენს გამოსვლასთან კი არ აქვთ უკვე პრობლემა, პრობლემა აქვთ ჩვენს საქმიანობასთან და არსებობასთან. ქართველმა ხალხმა უკვე დაინახა, ვინ არის „ალტ-ინფო“, ჩვენ მოვისმინეთ მათი პრორუსული განცხადებები. ეს ადამიანები ლგბტქ თემის წარმომადგენლების წინააღმდეგ და ქართული ოჯახების დასაცავად კი არ გამოდიან, ისინი იბრძვიან პირდაპირ იმისთვის, რომ საქართველო რუსეთს ლანგრით მიართვან.

_ გასული წლების მაგალითებს გავიხსენებ და აქედან გამომდინარე გკითხავთ: გვახსოვს შსს-ს განცხადებები და ასევე შემდგომში განვითარებული მოვლენებიც. ყველაფერ ამის გათვალისწინებით, რა მოლოდინები გაქვთ წელს? შეძლებს სამართალდამცველი უწყება თქვენი უსაფრთხოების უზრუნველყოფას?

_ გასული წლების გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანია და ასევე ყურადსაღებია, რომ ყველაზე მეტი წინააღმდეგობა ყოველთვის მოდიოდა ქუჩაში დაგეგმილ მსვლელობებზე. რაც შეეხება დახურულ ღონისძიებებს, გასულ წელს ფილმის ჩვენებამ, კონფერენციამ და ა. შ. შედარებით მშვიდად ჩაიარა, რადგანაც პოლიციამ მოახერხა დაეცვა უსაფრთხოება. იმის მიუხედავად, რომ 5 ივლისიდან გამომდინარე გარკვეული უნდობლობა გვაქვს სამართალდამცველების მიმართ, მაინც გვგონია, რომ ისინი მოახერხებენ დახურული ღონისძიებების დაცვას. ყველაფერს ვაკეთებთ ამისთვის. გვჯერა, რომ სამივე ღონისძიებას ჩავატარებთ აუცილებლად, უკან დახევას არ ვაპირებთ, რადგანაც ჩვენს ქვეყანაში არსებობას ვერ აგვიკრძალავენ. წავედით გარკვეული სახის კომპრომისზე, _ რადგანაც ასეთ ვნებათაღელვას იწვევს ეს ყველაფერი ქუჩაში, ამ ღონისძიებას არ ვატარებთ.

_ რეგიონულ კონფერენციაზე იყო საუბარი და ამ მხრივ ცოტა გაურკვევლობაა საზოგადოებაში, რას მოიცავს ეს ყველაფერი?

_ რეგიონული კონფერენცია ამ შემთხვევაში ნიშნავს იმას, რომ ეს ლოკალური რეგიონული კონფერენცია კი არ არის, არამედ გულისხმობს აღმოსავლეთ კავკასიის რეგიონის ქვეყნებს. ჩამოგვყავს ადამიანები: სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, უკრაინიდან, მოლდოვიდან და ბელარუსიიდან, ასევე გვეყოლება მონაწილე თურქეთიდანაც, ვინაიდან პრაიდების ორგანიზების ძალიან კარგი გამოცდილება აქვთ სტამბოლში. ამ ქვეყნის ლგბტქ აქტივიტები, აკადემიკოსები და სხვები, ვისაუბრებთ ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე, ასევე რუსეთის ფაქტორებზეც, თუ როგორ აწარმოებს დეზინფორმაციულ საინფორმაციო ომს. მოკლედ რომ ვთქვა, ძალიან ბევრ საინტერესო საკითხს შევეხებით. ასევე ვისაუბრებთ თემაზე, თუ რა დადებითი გავლენა იქონია ერვოკავშირში გაწევრიანების პროცემა ლგბტქ თემის წარმომადგენლებზე საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში. ძალიან ბევრი საინტერესო სხვა საკითხები იქნება განხილული. ვეცდებით, რომ საერთო ხედვები და სტრატეგიები წამოვჭრათ; ვიფიქროთ: ჩვენი, როგორც რეგიონის პროგრესული ლგბტქ ადამიანების პასუხი რა შეიძლება იყოს მომძლავრებულ ავტორიტარიზმზე რეგონში, ასევე მომძლავრებულ მემარჯვენე რადიკალიზმსა და ა. შ.

_ ევროკავშირში ინტეგრაცია ახსენეთ, _ თქვენი შეფასებით, იმის ფონზე, რომ საქართველოში რიგი მიზეზების გამო შეზღუდული გაქვთ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, რა გავლენა შეიძლება იქონიოს ამ ყველაფერმა ევროკავშირის წევრობის სტატუსის მინიჭებაზე საქართველოსთვის?

_ როგორც საქართველოს ხელისუფლებამ, ისევე ხალხმაც უნდა გაიაზროს, რომ ევროკავშირი არ არის მხოლოდ ეკონომიკური კეთილდღეობა და ფინანსები. კი, დიდი ნაწილი არის ფინანსური კეთილდღეობა, რაც დღეს ძალიან სჭირდება საქართველოს, მაგრამ არის სხვა სახის ღირებულებები: თანასწორობა, ადამიანის უფლებები, დემოკრატიული ინსტიტუტები, მრავალფეროვნებისა და დემოკრატიული უფლებების პატივისცემა. ჩვენ თუ გვინდა ვიყოთ ევროკავშირის წევრი, უნდა გავიაზროთ, რომ განსხვავებულ ადამიანებს კი არ უნდა ვცემდეთ „ტაბურეტკებით“ და დავსდევდეთ, მათ უნდა მოვუსმინოთ, მივანიჭოთ ის საბაზისო ღირებულებები, რაც მათ სჭირდებათ და თანავიცხოვროთ მათთან ერთად. რაც შეეხება უშუალოდ თქვენს შეკითხვას, ნამდვილად ევროკავშირის კითხვარში იყო პირველი კითხვა ლგბტქ თემის უფლებების შესახებ, მათ შორის, აქვს თუ არა ლგბტქ ადამიანებს უფლება, საჯარო დემონსტრაციები ქუჩებში ჩაატარონ? ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინდიკატორი ყველა ქვეყანაში, თუ როგორ ექცევიან უმცირესობებს. ეს ყველაფერი მეტყველებს ერის განვითარებაზე. სამწუხაროდ, ძალიან დიდი ჩავრდნა გვაქვს. ვიმედოვნებ, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მხრივ გვექნება წინსვლა. ისე დაემთხვა, რომ ეს პრაიდკვირეული სწორედ ამ პერიოდში ტარდება. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს დამთხვევია არ ყოფილა განზრახ, რადგან პრაიდკვირეული ტარდება ყოველთვის ამ პერიოდში და ეს არის მისი განსაზღვრული დრო. ეს უკვე ძალიან დიდი ხანია, დაგეგმილი გვაქვს. ახლა ისე დაემთხვა, რომ სწორედ ამ დროს უნდა მივიღოთ პასუხი ევროკავშირისგან. როგორც ხელისუფლებამ, ისე საზოგადოებამ, ამას უნდა შევხედოთ, როგორც შანსს, რომ დავამტკიცოთ, _ ჩვენ ვართ დემოკრატიული ქვეყანა, ჩვენ არ ვართ ველურები. რა თქმა უნდა, ვფიქრობ, რომ მნიშვნელობა მიენიჭება იმ ფაქტს, თუ როგორ ჩაივლის ეს კვირეული, არ იქნება ეს გადამწყვეტი, მაგრამ მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება.

_ თუ გქონიათ ამ პერიოდში კონტაქტი ევროპელ პარტნიორებთან ან აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლობასთან საქართველოში?

_ მჭიდრო კავშირი გვაქვს ყველა საელჩოსთან, არასამთავრობო ორგანიზაციასთან და ა. შ. საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ. ეს ადამიანები, რა თქმა უნდა, მხარს უჭერენ ჩვენს საქმიანობას, ადამიანის უფლებების დაცვას და ხედავენ, რომ ამ საქმეში ვართ პარტნიორები და არა მტრები, როგორც ამას ხელისუფლება აცხადებს ხოლმე. ჩვენ უნდა გავაუმჯობესოთ ჩაგრული ჯგუფების მდგომარეობა ქვეყანაში.

ხშირად ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ეს ვერ ტარდება იმიტომ, რომ საზოგადოებაში არსებული სტიგმებისა და სტერეოტიპების გათვალისწინებით არ გვაქვს გასაქანი, რეალურად კი, აი, რა ხდება: ძალიან მნიშვნელოვანი და გავლენიანი ორგანიზაციების მიერ ჩატარებული კვლევების მიხედვით, საკმაოდ დიდი რაოდენობა მოსახლეობის, თითქმის 50%, ფიქრობს, რომ ლგბტქ თემის უფლებების დაცვა მნიშვნელოვანია, რომ მათ აქვთ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება. რეალურად, პირადად საქართველოს მოსახლეობის სტიგმა და სტერეოტიპი კი არ მგონია პრობლემა, არამედ პრობლემა არის კონკრეტული პოლიტიკური ანტილგბტ ჯგუფების აქტივობა, როგორიც არის საპატრიარქო ან ულტრამემარჯვენე ძალადობრივი ჯგუფები. შემდგომ ჩვენ ვუსმენთ მათ რიტორიკას, ამბობენ, ქართველი ხალხის ხმა ჩვენ ვართო. ეს არ არის სწორი. მოძალადე 3000 რადიკალი ადამიანი არ წარმოადგენს ქართველი ხალხის ნებასა და აზრს. შეიძლება საზოგადოებაში არსებობს ჰომოფობიური სენტიმენტები, მაგრამ ეს ადამიანები არ არიან მოძალადეები და ფაშისტები. კვლევებიც ადასტურებს, რომ არ ეთანხმებიან ისინი იმ ქმედებებს, რაც ხდება.