პეტრე მამრაძე: „მერაბიშვილმა სააკაშვილი საქართველოში ჩამოიტყუა და თავად უკრაინაში წავიდა“

შორენა მარსაგიშვილი

პარლამენტის ყოფილი წევრი, პეტრე მამრაძე, ფიქრობს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ საბოლოოდ განუდგა მიხეილ სააკაშვილს. მისი თქმით, „ნაციონალებს“ ორი მიზეზით აღარ სურთ სააკაშვილის გვერდით ყოფნა: ერთი მიზეზი მესამე პრეზიდენტის მარგინალიზაციაა და მეორე მიზეზი _ დაფინანსების შეწყვეტა.

ვინ აფინანსებს „ნაციონალურ მოძრაობას“? ვინ უნდა დახვედროდა საქართველოში ჩამოსულ სააკაშვილს? რატომ წავიდა ვანო მერაბიშვილი უკრაინაში? რა ჰქონდა ჩაფიქრებული ყოფილ ხელისუფლებას? _ ამ თემების შესახებ „ქრონიკა+“-ს პეტრე მამრაძე ესაუბრება:

_ ბატონო პეტრე, თქვენ წინა ინტერვიუებში არაერთხელ თქვით, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილისგან დისტანცირებას ცდილობს. ბოლო ერთი კვირაა, მათ მესამე პრეზიდენტი საერთოდ აღარ უხსენებიათ. საბოლოოდ დისტანცირდნენ მისგან, თუ სხვა რამესთან გვაქვს საქმე?

_ „ნაცები“ სერიოზულად დისტანცირდნენ სააკაშვილისგან, მიშას ხსენებაც კი არ არის. ამ ერთი კვირის მანძილზე სააკაშვილმა რამდენიმე განცხადება გაავრცელა და მის თანაგუნდელებს ამაზეც კი არ ჰქონიათ რეაქცია. მარგინალიზაცია იმდენად აშკარაა და იმდენად გაითავისეს, რომ მიშას ახლოს აღარ ეკარებიან. ხვდებიან, რომ მიშაზე ლაპარაკით მხოლოდ დაზარალდებიან. ამიტომ აღარ საუბრობს არავინ მიხეილ სააკაშვილზე. საზღვარგარეთ ხომ საერთოდ არავის აღარ ახსოვს ის.

_ დღეს მთელი მსოფლიოს ყურადღება უკრაინისკენ არის გადატანილი. იქნებ, ამიტომ აღარ ეთმობა სათანადო ყურადღება სააკაშვილს?

_ მიშასგან დისტანცირება „ნაცებმა“ ბევრად ადრე დაიწყეს, ვიდრე რუსეთი უკრაინაში შევიდოდა. „ნაციონალურ მოძრაობას“ უკრაინის ომის სათავისოდ გამოყენება სურდა. ისეთივე პროვოკაციას ამზადებდნენ, როგორც საქართველოში გავრილოვის ჩამოსვლით მოაწყვეს.

_ გავრილოვი თბილისში „ნაციონალებმა“ ჩამოიყვანეს?

_ მათ მიერ მომზადებული პროვოკაცია იყო გავრილოვის ამბავი. ახლაც სერიოზულ პროვოკაციას აპირებდნენ. გავიგეთ, რომ საქართველოდან უკრაინაში საბრძოლველად ქართველი მოხალისეები მიდიოდნენ. მათ ჩამოსაყვანად უკრაინიდან სპეციალურად ჩამოფრინდა თვითმფრინავი. სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, ეს იყო სერიოზულად მომზადებული პროვოკაცია. თვითმფრინავი ისე ვერ გამოფრინდებოდა. ეს აქაური „ნაცებისა“ და უკრაინაში მყოფი გავლენიანი „ნაცების“ ერთობლივი ნამუშევარია.

უკრაინაში გავლენიანი „ნაცები“ დღეს ბლომად არიან, მათ შორის, ზურაბ ადეიშვილი, გია ლორთქიფანიძე, ვანო მერაბიშვილი.

_ ვანო მერაბიშვილი რატომ წავიდა უკრაინაში?

_ ალბათ იმიტომ, რომ გამოაჩინონ, თუ როგორ ებრძვიან პუტინს. ესენი ხომ სულ იმის მტკიცებაში არიან, რუსებს ვუპირისპირდებითო.

_ თქვენ მერაბიშვილი გავლენიან „ნაცად“ მოიხსენიეთ. მერაბიშვილი დღეს „ნაცებისგან“ სერიოზულად არის დისტანცირებული.

_ ასეა, ყოფილი ხელისუფლების წევრებისგან დისტანცირებულია. სიმართლე გითხრათ, ძალიან გამიკვირდა, მერაბიშვილი უკრაინაში რომ დავინახე. მე ამის ახსნა არ მაქვს. ძალიან აქტიურობს დავით არახამია.

_ დავით არახამია ნამდვილად არ არის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი. ის უკრაინული პოლიტიკის შემადგენელი ნაწილია.

_ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი არ არის, მაგრამ „ნაცებთან“ არის კავშირში. სააკაშვილი სულ დავით არახამიას ქებაშია. მოკლედ, სერიოზულად იმუშავეს აქურმა და იქაურმა „ნაცებმა“. ქართველი მოხალისეები უკრაინაში უპრობლემოდ მიდიან და ამ ჯგუფსაც ასე შეეძლო წასვლა, ყოველგვარი თვითმფრინავის გამოგზავნის გარეშე, მაგრამ ეს იყო პიარაქცია, ეს გახლდათ „კარტინკის“ დადგმის მცდელობა.

_ რისთვის იდგმებოდა ეს „კარტინკა“?

_ ეს იყო უბინძურესი პროვოკაცია. თვითმფრინავით ჩვენი მებრძოლების წასვლა გაშუქდებოდა სააკაშვილის კონტროლირებადი ტელევიზიების მიერ. ისეთი სურათი დაიხატებოდა, თითქოს საქართველოს ხელისუფლებაც ჩართულია ამ კონფლიქტში. ის თვითმფრინავი რომ აქ დამჯდარიყო და მებრძოლები წაეყვანა, ძალიან ცუდი რამეები მოხდებოდა საქართველოში.

_ მაინც, რა მოხდებოდა?

_ ვლადიმირ პუტინს უკვე გამზადებული აქვს ბრძანებულება ცხინვალის რეგიონისა და ჩრდილოეთ ოსეთის შეერთების შესახებ, ადგებოდა და ამ ბრძანებულებას მოაწერდა ხელს. შემდეგ კი რუსეთის ფედერაციის საზღვარს მივიღებდით დავით აღმაშენებლის ძეგლთან. ამის გარდა, შემოვიდოდნენ დასავლეთ საქართველოში, ჩადგებოდნენ ახალქალაქისა და ვაზიანის სამხედრო ბაზებზე. მერე დავინახავდით, რა იქნებოდა საქართველოს ეკონომიკა.

„ნაცებს“ იმედი ჰქონდათ, რომ ყველაფერი მათი სცენარით განვითარდებოდა. როგორც კი ეს მოხდებოდა, მაშინვე აყვირდებოდნენ „ნაცები“ და იტყოდნენ, _ ჩვენს დროს ხომ ეს არ ყოფილაო?! ისევე იყვირებენ, როგორც ახლა ბორდერიზაციაზე ყვირიან. ამ დროს ბორდერიზაციის 60% მაგათ დროს გაკეთდა.

_ თუ მაგათ დროს გაკეთდა, რატომ არავინ ამოიღო ხმა? ამ თემაზე იმ წლებში არავინ გამოხატავდა პროტესტს.

_ ისეთი რეჟიმი იყო, ხმას ვის ამოაღებინებდნენ. უკრაინასთან დაკავშირებული პროვოკაცია ახლა გაჩერებულია. უკრაინის ელჩმა და კელი დეგნანმა ილაპარაკეს ძალიან სწორად და კარგად.

_ ელჩი ვახსენეთ და საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევაზე რას ფიქრობთ?

_ ეს იყო მარაზმის კულმინაცია.

_ რატომ იყო მარაზმის კულმინაცია?

_ იმიტომ, რომ ბელარუსიდან არ ჰყავს ზელენსკის ელჩი გამოწვეული და აქედან გაიწვია. წესით, ბელარუსიდან უნდა გამოეწვია ელჩი. სხვა თუ არაფერი, ამ ქვეყნიდან უკრაინის ტერიტორიაზე 70 რაკეტა შეფრინდა, ბელარუსიდან შევიდა უკრაინაში რუსული ჯარის ნაწილი. საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევაც იმ პროვოკაციის ნაწილია, რაც თვითმფრინავის ამბავს უნდა მოჰყოლოდა. ვიმეორებ: „ნაცებს“ ძალიან სერიოზული პროვოკაცია ჰქონდათ დაგეგმილი.

_ „ნაცებს“ რომ ამ ხელისუფლებისთვის პროვოკაციების მოწყობა სურთ, არ მიკვირს, მაგრამ უცნაურია, უკრაინა რატომ უნდა ჩაერიოს ამაში? უკრაინას რაში აწყობს ეს ყველაფერი?

_ უკრაინაში სასოწარკვეთილები არიან ამ ომის გამო და არ იციან, რას აკეთებენ. ომის დაწყებამდე რამდენიმე კვირით ადრე ზელენსკიმ უსაყვედურა ბაიდენს, ნუ ამბობ, რუსეთი უკრაინაში შემოიჭრება, ინვესტორებს მიფრთხობო. ძალიან არაადეკვატური იყო, მაგრამ როგორც კი ომი დაიწყო, ეს ადამიანი გარდაიქმა გმირად და ეროვნულ ლიდერად. ახლა ზელენსკი დასავლეთს საყვედურობს, რატომ არ ომობთ ჩვენთან ერთადო? ეუბნება, რომ ჩვენ თუ დავმარცხდით, მერე ბერლინის კედლამდე მოვა რუსეთიო.

_ რუსეთს ამის გაკეთება არ შერცხვება.

_ გამორიცხულია. ამას არ აპირებს პუტინი და ეს ძალიან კარგად იციან ნატოს წევრმა ქვეყნებმა. ბალტიისპირეთშიც კი არ გადავა რუსული ჯარი. რაც შეეხება უკრაინას, ამ ქვეყანას არ დათმობენ. თუ დაინახეს, რომ მარცხდებიან, ბირთვულ იარაღსაც კი გამოიყენებენ.

_ ისევ სააკაშვილსა და „ნაციონალებს“ დავუბრუნდეთ. საბოლოოდ გაწირა სააკაშვილი მის მიერ შექმნილმა პარტიამ?

_ რა თქმა უნდა. სასამართლო პროცესებზე ისეთი რაღაცები ილაპარაკა მიხეილ სააკაშვილმა, რომ „ნაცებს“ აღარ სურთ მიშასთან ასოცირდებოდნენ. თან უკრაინის ამბების გამო დასავლეთს სააკაშვილი საერთოდ აღარ ახსოვს. ომის დაწყებამდეც არ ახსოვდა.

_ ომის დაწყებამდე როგორ არ ახსოვდა.

_ აღარ ახსოვდა. ომის დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე ერთმა ესპანელმა ჟურნალისტმა მითხრა,  ქართველებმა უნდა იცოდეთ, რომ საქართველოს თემა საერთოდ არ ფიგურირებს დასავლეთშიო. მიშაზე ხომ საერთოდ არ იყო ლაპარაკი. ახლა მით უმეტეს არავინ გაიხსენებს.

_ როგორ არ ახსოვთ, რამდენმა გააკეთა სააკაშვილზე განცხადება.

_ განცხადებები მაშინ გაკეთდა, მიშა რომ დაიჭირეს, მერე ყველამ ნელ-ნელა მიივიწყა, ერთხელაც კი არ თქმულა, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია.

_ სამაგიეროდ, ამბობენ, რომ მესამე პრეზიდენტი პუტინის ტყვეა.

_ მაგას „ნაცები“ ამბობენ. დასავლეთში არავის უთქვამს, რომ მიშა პუტინის ტყვეა ან  პოლიტპატიმარია.

_ ბოლო დროს ამას აღარც „ნაციონალები“ ამბობენ.

_ ეს რომ თქვან, ამით საკუთარ თავს მიაყენებენ დარტყმას. მათ აღარ სურთ, რომ სააკაშვილთან ასოცირდებოდნენ.

_ სააკაშვილის გარეშე რა უნდა ქნან „ნაცებმა“? თქვენ ერთხელ მითხარით ინტერვიუში, სააკაშვილის გარეშე „ნაციონალური მოძრაობა“ არის ნულიო. ეს მართლა ასეა და „ნაციონალები“ ამდენს ვერ ხვდებიან?

_ ახლაც იმავეს გავიმეორებ: მიშას გარეშე არიან ნული. მიშასთან ერთად საკმაოდ კარგ შედეგს აჩვენებენ. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მიშამ პარლამენტში 36 ადგილი აიღო. ბევრად მეტი, ვიდრე დანარჩენმა ოპოზიციამ მთლიანად. დანარჩენ ოპოზიციას პარლამენტში სულ 24 მანდატი ერგო, მიშას კი 12 მანდატით მეტი აქვს. მიშას გარეშე ნული არიან, მაგრამ მიშასთან ერთად იძირებიან.  იფიქრეს და მისგან დისტანცირება ამჯობინეს. შესაძლოა, ეს სხვა რამის ბრალი იყოს.

_ რისი ბრალი შეიძლება იყოს?

_ ზუსტად არ ვიცი, „ნაციონალების“ შიდა სამზარეულოში არ ვარ ჩახედული და ამიტომ მხოლოდ ვარაუდის დონეზე ვილაპარაკებ: შესაძლოა, მიშას ოჯახიდან შეწყდა დაფინანსება.

_ სააკაშვილის ოჯახი აფინანსებდა „ნაციონალურ მოძრაობას“?

_ როგორც ამბობენ, აფინანსებდა. თემურ ალასანიაზე მაქვს საუბარი. არ გამოვრიცხავ, რომ თემურ ალასანიამ მიიღო დაფინანსების შეწყვეტის გადაწყვეტილება.

_ რატომ გადაწყვიტა თემურ ალასანიამ, რომ „ნაციონალებისთვის“ დაფინასება შეეწყვიტა?

_ შეიძლება მიხვდა, რომ არაფერი გამოდის და „ნაცები“ მიშას გამოყვანას ვერ ახერხებენ. ცოტა ხნის წინ თემურ ალასანია საქართველოში იყო ჩამოსული და მაშინ თქვა, _ მიშას გამოსაყვანად შეუძლებელიც უნდა გაკეთდესო. ეტყობა, ვერ გააკეთეს „ნაცებმა“ ეს შეუძლებელი. შეიძლება, კიდევ არის სხვა მიზეზი და ამ მიზეზს დავით კეზერაშვილი ჰქვია.

_ ბოროტი ხმები ამბობენ, რომ ახლა „ნაციონალურ მოძრაობას“ დავით კეზერაშვილი აფინანსებს და მისი მოთხოვნაა, ყოფილი ხელისუფლება მესამე პრეზიდენტისგან დისტანცირდესო.

_ არ გამიკვირდება, რომ ასე იყოს. დავით კეზერაშვილი მართლაც აფინანსებდა „ნაციონალურ მოძრაობას“. მის ხელში იყო ის ფული, რომელიც პარტიის დაფინანსებას უნდა მოხმარებოდა. რამდენიმე წლის წინათ, როცა საფრანგეთში კეზერაშვილი დააკავეს, სააკაშვილმა ონლანდს წერილი მისწერა, სადაც წერდა, რომ დავით კეზერაშვილი ჩვენი პარტიის ძირითადი სპონსორიაო. ლაპარაკი იყო 1.5 მილიარდ დოლარზე.

_ 1.5 მილიარდ დოლარზე?

_ დიახ. დასავლურ პრესაში ეწერა, რომ დავით კეზერაშვილის სახელზე მილიარდ-ნახევარი დოლარია.

_ კეზერაშვილი მდიდარი კაცია, მაგრამ მილიარდერობა ცოტა გაბერილი ციფრი ხომ არ არის?

_ აქ საინტერესო ამბავია: მიშა ხომ ყველაფერში პუტინს ბაძავდა და ამ შემთხვევაშიც მიმბაძველობასთან გვაქვს საქმე. პუტინი ფულს თავის ხალხზე აფორმებდა. მიშაც ასე იქცეოდა.

კეზერაშვილი მთავრობიდან რომ გამოუშვეს, ბევრი ბიზნესი მისცეს. მისი ოფისი პიქსელის შენობაში იყო. ეს პიქსელი ჩემს სახლთან არის და კარგად ვხედავდი, რაც ხდებოდა იქ. დიდი ბიზნესები ვისაც ჰქონდა, ის ხალხი კეზერაშვილთან დადიოდა. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ იმ ოფისში გია ხუხაშვილი და უჩა მამაცაშვილი შევიდნენ. ისინი ცოტა ხანს ჩაიკეტნენ კაბინეტში. რამდენიმე საათის შემდეგ კეზერაშვილი ოფისიდან გამოვიდა და საფრანგეთში წავიდა. მის კაბინეტში მამაცაშვილმა და გია ხუხაშვილმა დაიდეს ბინა, ოფისიც კი არ გამოცვალეს.

იმ პერიოდში „ნაციონალური“ მოძრაობის წევრები პარლამენტში გამოსვლისას ამბობდნენ, რომ აქამდე თუ კეზერაშვილთან დადიოდა ბიზნესი, ახლა მამაცაშვილ-ხუხაშვილთან დადის და რა შიცვალაო? იმდენი ჭკუაც კი არ ეყოთ, რომ სხვაგან აეღოთ ოფისი.

_ ხუხაშვილი მალე წამოვიდა იქიდან.

_ კი არ წამოვიდა, გამოუშვეს. იქიდან რომ წამოვიდა, ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, _ მე და მამაცაშვილი ვალაგებდით ურთიერთობას ბიზნესთან. მე ამ საქმით ერთი წელი ვიყავი დაკავებულიო. ხუხაშვილი ამავე ინტერვიუში საინტერესო განცხადებას აკეთებს კეზერაშვილზე. ამბობს, ჩვენ რომ კეზერაშვილზე გავედით, აღმოჩნდა, რომ ის უკავშირდებოდა იაკობაშვილის ბიზნესსო.

_ დავით იაკობაშვილზეა საუბარი?

_ დიახ. ხუხაშვილმა თქვა, რომ არ გვინდოდა იაკობაშვილთან უთანხმოება და ამიტომ არ ვახლეთ ხელი კეზერაშვილსო.

_ მართლა ასე იყო?

_ ვერ გეტყვით. ხუხაშვილი ასე ამბობს. როგორ იხეირა ხუხაშვილმა კეზერაშვილის გათბობით, ეს ცალკე საუბრის თემაა. ისევ კეზერაშვილს დავუბრუნდები და არ მიკვირს მის სახელზე 1.5 მილიარდი დოლარი რომ არის.

_ ამდენი ფული რომ აქვს, ამიტომ გადაიხარა „ნაცმოძრაობა“ მისკენ? არა მგონია, კეზერაშვილის ფინანსებმა იმაზე მეტი შედეგი მოუტანოთ, რა შედეგიც მიშას სახელს მოაქვს.

_ ვატყობ, რომ მიშას აქტიური მხარდამჭერების რაოდენობა შემცირდა. მისი აქტიური მხარდამჭერების ძირითად ბირთვს ზვიადისტები შეადგენდნენ. რატომღაც, ისინი უჭერდნენ ყველაზე მაგრად მხარს მიშას.

_ საამისოდ ჰქონდათ ზვიადისტებს მიზეზი. მიშამ ხომ შევარდნაძე ჩამოაგდო, ის შევარდნაძე, რომელმაც ზვიად გამსახურდია დაამხო.

_ არა მარტო მაგიტომ, ზვიადისტებს სხვა მიზეზიც ჰქონდათ, რომ სააკაშვილისთვის დაეჭირათ მხარი. სააკაშვილის დროს ჩამოასვენეს საქართველოში ზვიად გამსახურდიას ნეშტი. მიშას გადაწყვეტილებით დაკრძალეს ის მთაწმინდაზე. ეს გამსახურდიას მომხრეებისთვის ძალიან დიდი ამბავი იყო. გარდა ამისა, როგორც კი პრეზიდენტად აირჩიეს, სააკაშვილმა ციხეში მყოფი პატიმრები შეიწყალა. ბევრი ზვიადისტი პარლამენტში შეიყვანა.

მიშა არასდროს ყოფილა ზვიადისტი, მაგრამ საქმეს სჭირდებოდა და ამიტომ ეფერებოდა მათ. მახსოვს, ერთხელ როგორ ყვიროდა ფილარმონიაში, შევარდნაძე ისტორიაში დარჩება, ასლან აბაშიძე და ჯუმბერ პატიაშვილი სამარცხვინო ფურცელი იქნებიანო. გავიდა რამდენიმე წელი და პატიაშვილთან ალიანსი შექმნა.

_ „ვარდების რევოლუციის“ წინ მაგრად დაუტკბნენ ერთმანეთს.

_ ასე ხდება, როცა გჭირდება, იმ ადამიანთან ერთად ქმნი ალიანსს, რომელიც რამდენიმე წლის წინ სამარცხვინოდ მიგაჩნდა. მიშა ახლა არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში, ფაქტობრივად, ჩაძირულია და ძალიან მეეჭვება, რომ მან ამოყვინთვა შეძლოს. ხომ ხედავთ, მასზე მისი პარტიაც კი არ იღებს ხმას.

_ მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც კი აღარ არის საუბარი.

_ საერთოდ არ ახსოვთ. აქამდე იმას მაინც ამბობდნენ, ციხეში აწამეს და ტრავმა მიიღოო. კაცმა მეორედ გამოაცხადა უვადო შიმშილობა და ისიც არ ვიცით, რა ხდება ამ შიმშილობაზე. ეს შიმშილობაც იმიტომ გამოაცხადა, რომ ყველას მიშაზე ელაპარაკა.

_ ყველა მართლა მიშაზე ილაპარაკებდა, მაგრამ რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო და სხვა საკითხებმა უკანა პლანზე გადაიწია.

_ ცუდი დრო შეარჩია საშიმშილოდ. ომიც რომ არ დაწყებულიყო, მისი თემა მაინც აღარ იქნებოდა აქტუალური. „ნაციონალებს“ აღარ უნდათ მიშაზე ლაპარაკი. ის მიატოვეს და უღალატეს კიდევაც.

_ ვინ უღალატა?

_ ვინც საქართველოში ჩამოსვლა ურჩია. როგორც ამბობენ, მას ეს რჩევა ვანო მერაბიშვილმა მისცა. მერაბიშვილმა ძალიან კარგად იცოდა, რომ მიშას აქ დაიჭერდნენ და ამიტომ ჩამოიყვანა. საოცარი ამბავია, მიშა თბილისში ჩამოიყვანა და თავად უკრაინაში წავიდა.

მიშას ციხეში წასვლა სხვებსაც სურდათ. ცნობილი ამბავია, რომ როცა საქართველოში შემოვიდა, მას ვიღაცები უნდა დახვედროდნენ, მაგრამ არ დახვდნენ. მიშას არც თბილისში დახვდნენ და დიდი ალბათობით მათ დააჭერინეს მიხეილ სააკაშვილი.

_ ვის შეეძლო ამის გაკეთება?

_ იმას, ვინც იცოდა, რომ მიშა საქართველოში მოდიოდა.