პაატა დავითაია: „პუტინს ემუქრება ჰააგის სასამართლოს მძიმე ვერდიქტი“ 

გიორგი საკარული

„შესაძლოა, ბრალის წაყენების დროს ერთ სისხლის სამართლის საქმედ გაერთიანდეს 2008 წლის აგვისტოს ომის დანაშაულებები და ის, რაც ახლა უკრაინაში ხორციელდება“, _ განუცხადა „ქრონიკა+“-ს პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარე პაატა დავითაიამ.

მისივე შეფასებით, რუსეთი ჰააგის პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა, პერსონალურად პუტინს კი ემუქრება ჰააგის სასამართლოს მძიმე ვერდიქტი: 

_ ბატონო პაატა, პირველ რიგში, შევაფასოთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენები და რუსეთ-უკრაინის ომი. ომი, რომელმაც შეცვალა მსოფლიო დღის წესრიგი…

_ ეს არის ახალი დღის წესრიგი ევროპაში, რაც დაიწყო 22 თებერვლის შემდეგ. დღეს უკრაინაზე გადის მთელი ევროპის, _ როგორც უკრაინის, ასევე საქართველოს უსაფრთხოების ხაზი. ოკუპანტი ქვეყანა, რომელმაც აგრესია პირველად ჩვენს ქვეყანაში განახორციელა, უკრაინაში მძიმე ფართომასშტაბიან ომს აწარმოებს.  პუტინის რეჟიმის მიზანია მაქსიმალურად მეტი ტერიტორიის დაპყრობა და როგორც თავად რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, საბჭოთა კავშირის საზღვრების აღდგენა, შესაბამისად, ეს ყველაფერი მოსალოდნელი იყო. მთავარია, როგორ გაძლებს უკრაინა, როგორ გაუმკლავდება მოწინააღმდეგეს იმ დიდი მხარდაჭერის მიუხედავად, რაც აქვს დასავლეთიდან. რუსეთი არ ელოდებოდა იმ წინააღმდეგობას, რაც მას გაუწია გმირმა უკრაინელმა ხალხმა. ის ვერ მოერია უკრაინას მსუბუქი შეიარაღებით, ამიტომაც გამოიყენა მძიმე არტილერია, კასეტური, ვაკუუმური ბომბები. რუსეთი უკვე თავს ესხმის ატომურ ალექტროსადგურებს და საკმაოდ დიდია მის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხე. არ იყო მოულოდნელი, რომ რუსეთი ამ ომში ჟენევის კონვენციით აკრძალულ იარაღს გამოიყენებდა. აგრესორის შესაჩერებლად მსოფლიომ უფრო ქმედითი ღონისძიებები უნდა გაატაროს.   

დღეს რთულია იმ არგუმენტების მოყვანა, რამ შეიძლება შეაჩეროს პუტინი. ის არის კრიმინალური აზროვნების ადამიანი, რომელიც ე. წ. კრიმინალური „გაგებით“ უდგება ყველაფერს. მას გაცნობიერებული აქვს, რომ აგებს ამ ომს, საიდანაც თავჩაქინდრული გამოსვლა არ სურს. ჩემი აზრით, რუსეთის გეგმაა, უკრაინის გაყოფა დნეპრზე, აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილებად. მისი უპირველესი მიზანია კიევის ხელში ჩაგდება და ზელენსკის ხელისუფლების შეცვლა. მას ამისთვის ჰყავს შერჩეული იანუკოვიჩი, რომელიც, როგორც ვამბობდი, აუცილებლად გამოჩნდებოდა სცენაზე. ის ახლა მინსკშია და უკრაინაში პროცესის განვითარებას ელოდება. იანუკოვიჩი რევოლუციით წავიდა ხელისუფლებიდან, რასაც არ აღიარებდა რუსეთი და მას, როგორც რუსეთის ნდობით აღჭურვილს, აუცილებლად დააბრუნებდა სცენაზე რუსული „ლეგიტიმაციით“. ამ ეტაპზე ნათელია ეს სურათი, თუმცა მოვლენების განვითარების სხვა სცენარებსაც აქვს არსებობის უფლება.  

_ ელოდით თუ არა, რომ რუსეთი ასე თავხედურად მოიქცეოდა და დაარტყამდა უკრაინას?

_ რა თქმა უნდა, ეს მოსალოდნელი იყო, ამის შესახებ ჯერ კიდევ მაშინ ვსაუბრობდი, როდესაც ომს, მით უმეტეს, უკრაინის დედაქალაქზე შეტევას, ყველა გამორიცხავდა და აცხადებდნენ,  რომ თითქოს ჯერ კიდევ არსებობდა დიპლომატიური მოლაპარაკებების რესურსი. რუსეთმა უკრაინაში ომი წამოიწყო იმ სცენარით, რა სცენარიც განახორციელა აგვისტოს ომის წინ საქართველოში, შესაბამისად, არსებობდა ომის დაწყების ყველა წინაპირობა, რასაც ცალსახად მოჰყვებოდა საბრძოლო მოქმედებები. რუსეთი რომ აუცილებლად დაიწყებდა საბრძოლო მოქმედებებს საქართველოში, ამის შესახებ ვსაუბრობდი 2008 წლის ომამდეც. მე გეტყვით, რა მაძლევდა ახლა ასეთი მძიმე პროგნოზების გაკეთების შესაძლებლობას: როდესაც 2008 წლის აგვისტოს ომის შემსწავლელ საპარლამენტო კომისიას ვხელმძღვანელობდი, დეტალურად შევისწავლეთ, თუ როგორ ამზადებდა რუსეთი აგრესიას საქართველოში, რაც ასახული იყო დასკვნაში. ამ დოკუმენტში ნათლად ჩანდა რუსეთის სტრატეგია, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ დასკვნებს შესაბამისი სამსახურები  სათანადოდ არ ეცნობიან. უკრაინაში ომის დაწყების წინაპირობები ძალიან ჰგავდა აგვისტოს ომის წინ შექმნილ ვითარებას. რუსული სცენარის ნაწილი იყო უკრაინის წინააღმდეგ საინფორმაციო პიარომი, მსგავსი საინფორმაციო ომი იყო გაჩაღებული 2008 წლის აგვისტოს ომის წინაც. ასევე იდენტური იყო მშვიდობიანი მოსახლეობის გაყვანის პროცესი  დონბასიდან საბრძოლო მოქმედებების დაწყებამდე ორი დღით ადრე. ასე გაიყვანა რუსეთმა მოსახლეობა ცხინვალიდან. საომარ მოქმედებებს როგორც უკრაინაში, ასევე ჩვენთან, წინ უძღოდა საბრძოლო წვრთნები და ტექნიკის მობილიზება. ასეთი მასშტაბის ჯარის გადაადგილება დაკავშირებულია დიდ რესურსთან, რაც მხოლოდ წვრთნებით ვერ იქნებოდა გამართლებული და ცხადი იყო, რომ ამ პროცესს გარკვეული მიზანი ჰქონდა. როდესაც განხორციელდა ლუგანსკისა და დონეცკის ე. წ. რესპუბლიკების აღიარება, აღარ არსებობდა ეჭვიც კი, რომ პუტინი არ შეჩერდებოდა აღიარებულ საზღვრებთან და დაიწყებდა მოქმედებებს ამ ოლქების ადმინისტრაციული საზღვრების აღსადგენად, რასაც მოჰვებოდა უკრაინის რეაქცია და დაიწყებოდა ფართომასშტაბიანი ომი, რაც მოხდა კიდეც რეალურად. 

_ თქვენი აზრით, რამ გაათამამა რუსები ასე და რატომ პატიობდა დასავლეთი ყველაფერს რუსეთის პრეზიდენტს?

_ სამწუხაროდ, დასავლეთმა სათანადოდ არ შეაფასა რუსეთის აგრესიული ბუნება. მათ არ გააკეთეს შესაბამისი დასკვნები 2008 წლის აგვისტოს ომთან და საქართველოში განხორციელებულ ოკუპაციასთან დაკავშირებით, რამაც გაათამამა რუსეთი. პუტინის კრიმინალური მენტალიტეტით, როცა ვინმე წინააღმდეგობას არ გიწევს, უფრო თამამი და აგრესიული ხდები. დასავლეთი უკვე ღიად აღიარებს, რომ საქართველოსთან დაკავშირებით არასათანადო თანადგომა იყო მათი შეცდომა. ახლაც დასავლეთს ჰქონდა ძალიან მკაცრი რეაქცია რუსეთის წინააღმდეგ მხოლოდ მას შემდეგ, რაც რუსეთმა დაიწყო უკრაინის მასობრივი დაბომბვა და ფართომასშტაბიანი ომი, იქამდე დასავლეთი მხოლოდ მკაცრი განცხადებებით შემოიფარგლებოდა. დღეს დასავლეთის მხარდაჭერა, როგორც მძიმე ეკონომიკური სანქციებით რუსეთის მიმართ, ასევე უკრაინის დახმარება შეიარაღების თვალსაზრისით, არის ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ თუ ახლა ყველაფერი არ გაკეთდა პუტინის დანაშაულებრივი რეჟიმის აღსაკვეთად, ეს ომი დასავლეთშიც გადავა, საფრთხე  ემუქრება ბალტიისპირეთს, საქართველოს, მოლდოვას. ამ საფრთხის თავიდან ასაცილებლად ახლა გადამწყვეტი იქნება ევროკავშირში როგორც უკრაინის, ასევე საქართველოსა და მოლდოვას გაერთიანება. საქართველო არის ამერიკავკასიის გასაღები რუსეთისთვის, ამიტომაც წარმოვადგენთ მათთვის საფრთხეს და ძალიან ფხიზლად უნდა ვიყოთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მოვიპოვოთ ევროკავშირის კანდიდატი წევრის სტატუსი, რაც უსაფრთხოების მეტ გარანტიას მოგვცემს. ეს უცებ არ მოხდება, ჩვენც უნდა მოვემზადოთ და მაღალ სტანდარტებზე ავიყვანოთ საარჩევნო კანონმდებლობა,  სასამართლო რეფორმა, მედიისა და სიტყვის თავისუფლება და ყველა სხვა  დემოკრატიული პროცესი. 

_ როგორ ფიქრობთ, რუსეთის ხელისუფლებას, როგორც სამხედრო დამნაშავეს, რა ბედი ელის ჰააგის სასამართლოზე, სადაც საქმის წარმოება უკვე დაიწყო?

_ იქიდან გამომდინარე, რომ ვარ ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურატურის ასოციაციის წევრი, პოსტსაბჭოთა სივრციდან, კარგად ვიცნობ ამ სასამართლოს სპეციფიკას. ეს უნდა იყოს ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად და დამნაშავეთა დასასჯელად. ჰააგის საერთაშორისო სისხლის სასამართლოში უკვე აღიძრა საქმე 39 ქვეყნის მიმართვის საფუძველზე. წარმოიდგინეთ, 39-მა ქვეყანამ მოითხოვა აგრესორის სამხედრო დამნაშავედ გამოცხადება. გამორიცხულია, თეორიული შანსიც კი არ არსებობს, ეს საქმე ბოლომდე არ მივიდეს. როგორც აფხაზეთის იუსტიციის მინისტრი, ძალიან აქტიურად ვითხოვდი ჰააგის სასამართლოსგან საქმის წარმოებას, შემდეგ იყო მცდელობა, 2008 წლის აგვისტოს ომი გამოეძიებინა ჰააგის სასამართლოს, მაგრამ პროცესი სხვანაირად წარიმართა. ახლა შეიძლება გამოიკვეთოს ძალიან საინტერესო მომენტი _ შესაძლოა, ბრალის წაყენების დროს ერთ სისხლის სამართლის საქმედ გაერთიანდეს 2008 წლის აგვისტოს ომის დანაშაულებები და ის, რაც ახლა უკრაინაში ხორციელდება. რუსეთი ჰააგის პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა, პერსონალურად პუტინს ემუქრება ჰააგის სასამართლოს მძიმე ვერდიქტი. 

_ როგორია სირაქლემის პოზაში მყოფი ქართული ხელისუფლების პოზიცია? ჩვენ მოვისმინეთ ღარიბაშვილის სამარცხვინო განცხადებები, ასევე ირაკლი კობახიძის შეფასება _ „საქართველოს ხელისუფლება არავითარ შემთხვევაში არ აჰყვება მოღალატეების სცენარს და არ ჩაერთვება სამხედრო კონფლიქტში; არ დააწესებს სანქციებს, რომელიც რუსეთს ჩვენი მხრიდან ვერანაირ პრობლემებს ვერ შეუქმნის, მაგრამ ჩვენს მოსახლეობას ეკონომიკურ მდგომარეობას უკიდურესად დაუმძიმებს“. როგორ შეაფასებთ საქართველოს ხელისუფლების განცხადებებს? შეიგვძლია ვთქვათ, რომ საქართველოს ხელისუფლებას ოკუპანტი ქვეყნის წყენინება არ უნდა?

_ საქართველოს ხელისუფლებას აღარ გამოუვა სირაქლემის პოზიციაში ყოფნა.  ხელისუფლებას ჰგონია, რომ ფრთხილი პოლიტიკით თავს დაიძვრენს, ასე არ გამოვა, მსოფლიო შეიცვალა, ასეთ დროს არასწორი ქმედებები ჩვენთვის, როგორც ქვეყნისთვის,  დამღუპველი შეიძლება გახდეს. 

ჩემთვის გაუგებარია და მიუღებელი საქართველოს ხელისუფლების განცხადებები იმ ფონზე, როდესაც საქართველომ საერთაშორისო არენაზე მხარი დაუჭირა უკრაინას და ყველგან ხმა მისცა რუსეთის წინააღმდეგ. მაშინ, როდესაც საქართველო ახორციელებს ჰუმანიტარულ დახმარებას და 80 ტონა მედიკამენტი და ჰუმანიტარული ტვირთი გაიგზავნა უკრაინაში საქართველოს მთავარობის სახელით, რაც ძალიან კარგია, რატომ უნდა გააკეთო განცხადება, რომელიც ამ ყველაფერს ხაზს გადაუსვამს? ამ საკითხს აქვს პოლიტიკური მხარე, რა პრობლემა იყო პოლიტიკურ სანქციებზე მიერთება? ხომ არსებობს ე. წ. ოთხოზორიას სია, როცა სანქციები გაიცა ადამიანებზე, რომლებიც ამ საქმეში ფიგურირებდნენ. მთელმა მსოფლიომ დააწესა სანქციები რუსეთის სათათბიროს დეპუტატებზე, ვინც აღიარა ლუგანსკისა და დონეცკის ე. წ. რესპუბლიკები, ამ დეპუტატების 80%-ს აღიარებული აქვს აფხაზეთისა და ცხინვალის დამოუკიდებლობა, მათ დაარღვიეს ჩვენი კონსტიტუცია და რა პრობლემა იყო მათი სანქცირება? ახლა ყველაზე მთავარი უკრაინის პოლიტიკური მხარდაჭერაა, თორემ ჩვენ არავინ გვთხოვდა ეკონომიკურ სანქციებში ჩართვას. ასევე გაურკვევლია, რა პრობლემა იყო ხელისუფლებისთვის ჩვენი მოხალისეების წასვლა უკრაინაში, სადაც უამრავი ქართველი იბრძვის?! ეს ხომ არ იყო თავდაცვის სამინისტროს დანაყოფი, რომ ოფიციალური სახე მისცემოდა მათ ომში ჩართვას?!  მეომარი, რაც არ უნდა დაუშალო, ომში მაინც წავა, მას ვერ შეაჩერებ იმით, რომ ავიარეისს დაუბლოკავ.

წარმოიდგინეთ, რას ნიშნავს მხარდაჭერაზე უარის თქმა ქვეყნისთვის, რომელსაც ახლა მძიმე პერიოდი აქვს და რომელიც ყოველთვის გვერდით გედგა. აზერბაიჯანიც კი, რომელმაც რუსეთთან ხელშეკრულება გააფორმა სამხედრო თანამშრომლობაზე, საწვავს აძლევს უკრაინულ მხარეს და შეუერთდა სანქციებს. ჩვენ არ უნდა გვეშინოდეს იქ, სადაც მართლები ვართ. უკრაინა და საქართველო ისტორიულად არიან დაკავშირებული ერთმანეთთან. აფხაზეთის ომში უკრაინის ფლოტმა გამოიყვანა საქართველოს მოქალაქეები, უკრაინელები ჩვენთან ერთად იბრძოდნენ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის, მათი პრეზიდენტი საქართველოში ჩამოვიდა და ჩვენ გვერდით იდგა მძიმე დღეებში. ამ ხალხს ჩვენთვის არასდროს უღალატია, ჩვენ უკრაინელებთან ვალში ვართ და ამ პასუხისმგებლობას ვერ გავექცევით. რაც არ უნდა ცდილობდეს ვინმე დღეს ჩვენს გაყოფას, ეს არ გამოუვა.

_ ზელენსკი საქართველოზე ნაწყენია, უფრო სწორად, ხელისუფლების უმოქმედობაზე, რაც ელჩის გაწვევით გამოიხატა. რა იქნება ახლა?

_ მესმის ზელენსკის წყენა, მაგრამ რაც არ უნდა ნაწყენი იყოს უკრაინის პრეზიდენტი, მას არ უნდა გაეწვია კონსულტაციებისთვის ელჩი, რომელიც უკრაინის ელჩია არა „ქართულ ოცნებაში“, არამედ ის არის ელჩი ჩვენს ქვეყანაში, რომლის მოსახლეობამ დაამტკიცა თავისი თანადგომა და მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. ეს ამ დღეებში კარგად გამოჩნდა.

ხელისუფლებამ უნდა აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა, რადგან მათი ქმედებებით ჩვენ, როგორც ქვეყანა დავზიანდით. დღეს ჩვენ უნდა ავირჩიოთ მხარე, სად ვდგავართ და უნდა დავდგეთ სწორ მხარეს. დღეს გვაქვს რეალური შანსი, საქართველოს საკითხი მოექცეს ევროპის, დასავლელი პარტნიორების ყურადღების არეალში. მე ჩემი ქვეყნის ინტერესებიდან გამოვდივარ და ვიტყვი, რომ ჩვენ უნდა გამოვიყენოთ შექმნილი სიტუაცია, რათა საქართველო უკრაინასთან ერთად გახდეს   ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ეს შესაძლოა ვერ მოხდეს სწრაფად, მაგრამ დღეს ეს არის ჩვენი ამოცანა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ განაცხადი გაკეთდა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე, პარტიებისა და პოლიტიკოსების განაცხადზე ჩემი ხელმოწერაც არის. ხელისუფლებამ უნდა გააცნობიეროს, რომ რუსული აგრესიისა და ანექსიის შემდგომი სამიზნე არის საქართველო და ამ საფრთხის თავიდან ასაცილებლად ჩვენ გვჭირდება პარტნიორებისგან საქართველოს შეიარაღების, თავდაცვისუნარიანობისა და უსაფრთხოების მაქსიმალური გაძლიერება.

_ რა საფრთხეების წინაშე დგას საქართველო რუსეთ-უკრაინის ომის პირობებში?

_ საფრთხეები, რა თქმა უნდა, არსებობს. რუსეთს არ დაუსრულებია თავისი იმპერიული გეგმები საქართველოსთან მიმართებით. არსებობს რეალური საფრთხე, უკრაინაში პროცესების დასრულების შემდეგ რუსეთის პროვოკაციების სამიზნე ჩვენც გავხდეთ. რუსეთმა შესაძლოა,  გააგრძელოს დაწყებული პროცესი  საქართველოში. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ამ გამოწვევისა და მოვლენების ნებისმიერი სცენარისთვის.  

საყურადღებოა, რომ ცხინვალსა და აფხაზეთში დაიწყო გარკვეული მოქმედებები. უკრაინაში ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე ე. წ. სამხრეთ ოსეთის თავდაცვის მინისტრი, ეროვნებით ოსი იბრაგიმ გასიევი ჩაანაცვლეს რუს გენერალ ვიქტორ ფიოდოროვით, რომელიც იყო გენერალური შტაბის უფროსი. ამ პროცესს წინ უძღოდა ცხინვალში საბრძოლო ძალების ყაზარმულ მდგომარეობაში გადაყვანა და ბიბილოვის მიერ გაკეთებული პროვოკაციული განცხადებები, მათ შორის, მათი განაცხადი, რომ ცხინვალში გაიმართებოდა რუსეთის მხარდამჭერი აქციები. ანალოგიური მდგომარეობაა აფხაზეთში, სადაც ბჟანიას განკარგულებით საბრძოლო ძალების მობილიზაციაა გამოცხადებული, თითქოსდა ქართველები შესაძლოა თავს დაესხან. ეს არის პროვოკაციული აბსურდი. ისინი ემზადებიან გარკვეული პლაცდარმისთვის და ეს პროცესი საკმაოდ დიდი ხანია გრძელდება.   რამდენიმე თვის წინ აფხაზეთის ე. წ. საგარეო საქმეთა მინისტრად ინალ არძინბა დანიშნეს. ინალ არძინბა იყო სურკოვის თანაშემწე, მას უკვე წლებია, „ზრდიან“ რუსები. ის მუშაობდა ყირიმის ანექსიაზე, შემდეგ მისთვის შექმნეს პარტია აფხაზეთში, მაგრამ როდესაც მიხვდნენ, რომ მისი პარტიული კარიერისთვის დიდი დრო დასჭირდებოდათ, პირდაპირ დანიშნეს საგარეო საქმეთა მინისტრად. რუსეთს სჭირდება აფხაზეთში მმართველი პოლიტიკური კლანი, რომელიც უზრუნველყოფს აფხაზეთის ანექსიას და მის მიერთებას რუსეთის ფედერაციისთვის. ანილ არძინბა არის პიროვნება, რომელიც პირადად უზრუნველყოფს ამ ამოცანის შესრულებას იმ სახელმწიფო მოხელეებთან ერთად, რომლებიც მომზადდნენ რუსეთის ფედერაციაში. ამ საფრთხეებზე დიდი ხანია ვსაუბრობ, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე პროცესებს ქართულ მედიაში ყურადღება არ ექცევა. სწორედ ინალ არძინბას მეშვეობით დაიწყო რუსეთის ფედერაციამ შორს მიმავალი გეგმების შესრულება, რაც კრემლის გათვლით 2- 3 წელიწადში უნდა დასრულებულიყო, თუმცა ომი, რომელიც რუსეთმა უკრაინაში წამოიწყო, შესაძლოა, გარკვეული ფაქტორიც აღმოჩნდეს პროცესის დასაჩქარებლად, თუ რუსეთის ლიდერმა უკრაინაში ჩადენილი მძიმე სამხედრო დანაშაულების შემდეგ „გადარჩენა“ შეძლო, რაც დღეს ნაკლებად წარმოსადგენია.