ნინოწმინდის პანსიონატზე სახალხო დამცველის ანგარიშის გაუხმაურებელი დეტალები

თამარ როსტიაშვილი

წლების განმავლობაში ნინოწმინდის პანსიონში ბავშვთა მიმართ ძალადობა სისტემატურად მიმდინარეობდა. ამას მოწმობს სისხლის სამართლის საქმეების მასალებში არსებული აღსაზრდელების გამოკითხვის ოქმები. მოზარდები მიუთითებდნენ დასჯის არაადამიანურ და დამამცირებელ, ხშირად წამებასთან გათანაბრებულ მოპყრობაზე.

როგორც გამოკითხვის ოქმებში ვკითხულობთ, ბავშვების დასჯის ფორმად იყენებდნენ ძილისა და საკვების აკრძალვას, ცემასა და ა. შ. მაგალითად, პანსიონის აღსაზრდელები იხსენებდნენ, როგორ სჯიდა მთელ ჯგუფს აღმზრდელი და არ აძლევდა ჭამის უფლებას. თავად სადილის დრო რომ მოუწევდათ, სხდებოდნენ საჭმელად, ბავშვებს იმავე ოთახში ჩაამწკრივებდნენ და ჭამდნენ, თან მცირეწლოვნებს აყურებინებდნენ, ზოგჯერ მუხლებზეც აყენებდნენ.

ოქმში ვკითხულობთ, რომ ერთ-ერთი აღსაზრდელი ღამე უნებლიე შარდვისთვის (დაავადებას თავისი სამედიცინო ჩვენება აქვს და ენურეზი ეწოდება), აღმზრდელმა შიშველი დააყენა პანსიონის დერეფანში. მეორე ბავშვს კი, ასევე უნებლიე შარდვის მიზეზით, ტანსაცმელი გახადა და, სანაცვლოდ, დასჯის მიზნით, დახეული სამოსი ჩააცვა.

გამოკითხვის ოქმების ჩანაწერის მიხედვით ირკვევა, რომ პანსიონის ერთ-ერთმა აღმზრდელმა ბავშვს ენა გამოაყოფინა და თმის სახვევი სავარცხელი დაარტყა.

არის მოყვანილი შემთხვევა, როდესაც ბავშვებს შუადღის ძილი დაუსრულდათ და აღმზრდელმა ისინი აიძულა, ამდგარიყვნენ, აეღოთ ლეიბები, დაწოლილიყვნენ საწოლის ფიცარზე და ლეიბები ზედ დაეფარებინათ. ამ პროცედურის დროს მასწავლებელი მათ მიმართავდა სიტყვებით: „საქონელი“, „ქუჩიდან მოთრეული“, „დედისგან მიტოვებული“.

საინტერესო მეთოდი ჰქონდათ პანსიონის თანამშრომლებს იმ შემთხვევაში, როდესაც ბავშვები უვარგისი და უგემური საკვების გამო ჭამაზე უარს ამბობდნენ. ამ დროს მათ დასჯის მიზნით საკვებს თავზე ასხამდნენ. ერთ-ერთი შემთხვევისას აღმზრდელმა ბავშვს ჩაი დაასხა თავზე და შემდეგ თავის დაბანა აუკრძალა.

ძალიან მძიმეა და რთული ამ ოქმების კითხვა. სად, ვის თავში იბადებოდა ასეთი მახინჯი და დეფორმირებული ფანტაზიები?! ერთ-ერთმა პედაგოგმა დასჯის ფორმად გამოიყენა ბავშვისთვის ხელების ერთმანეთზე დოლბანდით შეკვრა და მთელი ღამით ასე დატოვება. არასრულწლოვნები იხსენებენ სკამის ფეხის თავში დარტყმის, ცივ ფილაქნიან იატაკზე მუხლებით დაყენებას. მაგალითად, ერთ-ერთ არასრულწლოვანს დაავალეს ბევრი ბუქნის გაკეთება სწრაფად, ვინაიდან თამაშის დროს ბურთი შემთხვევით ფანჯარას მოახვედრა. ერთ-ერთი აღსაზრდელი კი, რომელმაც განაწყენებულმა ყოფილ ხელმძღვანელს ცუდი სიტყვები უთხრა, ყოველგვარი სამედიცინო ჩარევის გარეშე, ფსიქიატრიულ კლინიკაში გადაიყვანეს და მკურნალობა დაუწყეს.

მძიმე ჩამონათვალია… პანსიონის ყოფილი ბენეფიციარები განმარტავენ, რომ ძალადობისას ტირილს უკრძალავდნენ, რის გამოც ტირილის შიში ახლაც აქვთ და ვერ გამოხატავენ ემოციას.

საიდან დაიწყო ეს ყველაფერი და როგორ მივიდა ამ მდგომარეობამდე ჯავახეთის მუნიციპალიტეტში მდებარე არასრულწლოვანთა და შშმ პირთა პანსიონი?!

2016 წლიდან, მას შემდეგ, რაც „სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ კანონი შევიდა ძალაში, პანსიონი ჯანდაცვის სამინისტროს რეზიდენტი გახდა. 2016-დან დღემდე, 2021 წლამდე, პანსიონატიდან ამოირიცხა სულ 71 აღსაზრდელი: 36 ბავშვი ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნდა, 24 სრულწლოვანი გახდა და გავიდა, ერთს მზრუნველი დაენიშნა, ოთხი აღსაზრდელი მინდობით ოჯახში განთავსდა, ხოლო ექვსი აღსაზრდელი მცირე საოჯახო ტიპის სახლში გადავიდა. ხსენებული გადანაწილება მოხდა მას მერე, რაც ბავშვებზე ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები გასაჯაროვდა. პანსიონატს დირექტორი შეეცვალა და სახალხო დამცველის აპარატის ექსპერტთა ჯგუფმა ხსენებულ საკითხზე მუშაობა დაიწყო.

სულ თავიდან, 2021 წლის მაისში, სახალხო დამცველის რწმუნებულებს არ მიეცათ პანსიონში შესვლის შესაძლებლობა _ ისინი უბრალოდ არ შეუშვეს შიგნით. მაშინ  დაწესებულებაში 56 აღსაზრდელი ირიცხებოდა, მათგან 8 არასრულწლოვანი შეზღუდული შესაძლებლობის იყო.

შენობის შიგნით შესვლა და აღსაზრდელებთან გასაუბრება ომბუდსმენის აპარატმა მხოლოდ რამდენიმე თვის შემდეგ მოახერხა _ სექტემბერში დაიწყო მოკვლევა. 13 სექტემბრის მდგომარეობით, როდესაც სახალხო დამცველის რწმუნებულებმა მონიტორინგი ჩაატარეს ნინოწმინდის პანსიონში, დაწესებულებაში ფიზიკურად იმყოფებოდა 14 არასრულწლოვანი, ხოლო ნოემბრის ბოლო მონაცემებით, დაწესებულებაში კვლავ ირიცხება 15. აღსანიშნავია, რომ ნინოწმინდის პანსიონში ამჟამად მცხოვრებ ერთ არასრულწლოვანს აქვს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი, რომელიც 2015 წელს მიენიჭა.

პანსიონში მცხოვრები აბსოლუტურად ყველა არასრულწლოვანი სასკოლო ასაკისაა და დადის ნინოწმინდის #4 საჯარო სკოლაში. აქ უფრო სწორი იქნებოდა იმის თქმა, რომ ირიცხება, ვინაიდან სკოლაში ისინი, ფაქტობრივად, არ დადიოდნენ.

საგანგაშოა ის ფაქტი, რომ სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს სოციალურმა მუშაკმა, პანსიონის ხელმძღვანელის გადაწყვეტილების გამო, 11 თვის განმავლობაში, 2020 წლის ივნისიდან 2021 წლის აპრილამდე, ვერ მოახერხა დაწესებულებაში მონიტორინგის ჩატარება. ანუ ის, რომ აქ წამებისა და არაადმიანური მოპყრობის ფაქტები ხორცილედებოდა ბავშვებზე, ამის თაობაზე ჯანდაცვის სამინისტროს სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს თანამშრომლებიც კი არ იყვნენ საქმის კურსში. სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, პანსიონში უკვე დაწესებულების ხელმძღვანელობის შეცვლის შემდგომ შემოწმდა ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა და საგანგაშო შედეგებიც დაიდო.

ცალკე უნდა ითქვას პანსიონში მოზარდების კვებაზე. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეგლამენტით, ამ ასაკისთვის აუციებელია ოთხკომპონენტიანი კვება. ეს კვება იყო იმდენად არასრულფასოვანი და უგემური, რომ აღსაზრდელები ხშირად უარს ამბობდნენ საჭმლის ჭამაზე. მდგომარეობა მხოლოდ ხელმძღვანელობის შეცვლის შემდეგ გამოსწორდა, როდესაც გათვალისწინებული იქნა  არასრულწლოვნების აზრი და დღეს მათ სეზონის შესაბამისი სამოსი აცვიათ, გოგოებს აღარ ეკრძალებათ, სურვილის შემთხვევაში, შარვლის ჩაცმა. უკვე აქვთ კომპიუტერული და გასართობი ტექნიკა. ასევე ბავშვები უზრუნველყოფილი არიან დასვენება-გაჯანსაღების შესაძლებლობით, კერძოდ, მათ 2021 წლის სექტემბერში დაისვენეს ზღვისპირა კურორტზე.

სახალხო დამცველი ბავშვების სავარაუდო უფლებადარღვევის ათამდე ინდივიდუალურ შემთხვევას დღესაც სწავლობს. აპარატმა უკვე მიმართა ყველა შესაბამის სახელმწიფო უწყებას. მაგალითად, პანსიონის არცერთ აღსაზრდელს არ ჰქონია სპეციალური საგანმანათლებო საჭიროება _ სკოლაში, უბრალოდ, არ დადიოდნენ. ქალაქ ნინოწმინდის #4 სკოლის დირექტორის განცხადებით, სკოლის 12 მოსწავლეს ჰქონდა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის სტატუსი და მათთვის მულტიდისციპლინურმა გუნდმა შესაბამისი ინდივიდუალური განვითარების გეგმა შეადგინა, თუმცა ამ გეგმის განხორციელება ვერ მოხერხდა. რანაირად? მასში გაწერილი აქტივობების შესახებ სოციალური მუშაკი და აღმზრდელები ინფორმირებულები არ ყოფილან. 2021 წლის ნოემბრის მონიტორინგის შედეგების თანახმად, პანსიონის 2 აღსაზრდელს აქვს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის სტატუსი და მათთვის #4 საჯარო სკოლაში გამოყოფილი იყო სპეციალური მასწავლებელი. თუმცა როგორც უკვე ვახსენეთ, პროგრამა არ აუთვისებიათ. პანსიონში ასევე ირიცხება აღსაზრდელი, რომელსაც აქვს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი და მის ინდივიდუალური განვითარების სასკოლო გეგმაში ცალსახადაა მითითებული, რომ ბავშვს აქვს მსუბუქი გონებრივი ჩამორჩენა და ქცევითი აშლილობა, მუდმივად საჭიროებს მეცადინეობის დროს დახმარებას. თუმცა ნინოწმინდის #4 საჯარო სკოლის ადმინისტრაცია საჭიროდ არ მიიჩნევს არასრულწლოვნის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების შეფასებას… დღესაც კი, შეცვლილი ხელმძღვანელობის პირობებში.

კვებას თუ დავუბრუნდებით, 2021 წლის 13 სექტემბრის მონაცემებით და მას შემდგომ მიღებული ინფორმაციით, დღეს აღსაზრდელთა მენიუ ოთხკომპონენტიან სადილს მოიცავს, მაგრამ მანამდე, წლების განმავლობაში, ბავშვების სათანადო კვებით უზრუნველყოფა პრობლემა იყო და არასრულწლოვნები ვერ იღებდნენ მათი განვითარებისთვის აუცილებელ საკვებს. პანსიონში არასრულწლოვნების არასათანადო კვება დადასტურდა ბავშვებთან გასაუბრების შედეგადაც. ისინი აღნიშნავდნენ, რომ არ მოსწონდათ კვება, რადგან კერძები უგემური იყო. კითხვაზე, _ რა იყო უგემური, ქათამი თუ სოუსი?.. ომბუდსმენის აპარატის წევრებმა პასუხად მიიღეს, რომ, ფაქტობრივად, ბავშვები არ იღებდნენ ხორცის პროდუქტებს და უმეტესწილად იკვებებოდნენ ლობიოთი და წვნიანით, ხოლო საუზმესა და ვახშამზე მხოლოდ ჩაისა და პურს იღებდნენ, კარაქის გარეშე. კარაქი ან ჰალვა იშვიათად ჰქონდათ.

შემდეგი დარღვევა გახლდათ ბავშვის დასვენებისა და გაჯანსაღების შესაძლებლობების (სტანდარტი #7) დარღვევა. პანსიონს წლების განმავლობაში ერთხელაც არ გაუყვანია ბავშვები დასასვენებლად. შესაბამისად, არასრულწლოვნებს მთელი წლის მანძილზე, უმეტესად, დახურულ გარემოში უხდებოდათ ყოფნა, რაც არამ ხოლოდ ეწინააღმდეგება ბავშვების ფიზიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვის ვალდებულებას, არამედ უარყოფითად აისახება მათ განვითარებაზე. ამას იმასაც თუ დავამატებთ, რომ ნინოწმინდის პანსიონში ბავშვები ნაკლებად იყვნენ ჩართულნი სპორტულ აქტივობებში, დაწესებულებაში, ფაქტობრივად, არ იყო სათამაშო მოედანი ან დარბაზი, კიდევ ერთ დარღვევას ვაწყდებით.

შეიძლება ეს ყველაფერი ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით, რასაც ბავშვების მიმართ წამება, ძალადობა და არაადამიანური მოპყრობა ჰქვია. აღსაზრდელები აღნიშნავენ დასჯის ფორმად სიმინდისა და ხორბლის მარცვლებზე საათობით დაჩოქების პროცედურას, საკვების გარეშე დატოვების, ღამეების თენების, დამამცირებელი მოპყრობის შესახებ, ცემას „რეიკებითა“ და სახაზავებით, აღმზრდელების მიერ ბავშვებისთვის თვალების რეიტუზებით აკვრის გამოყენებას დღის საათებში დასაძინებლად. ასევე გამოიკვეთა პანსიონის თანამშრომლების მხრიდან ბენეფიციარების სავარაუდო ბულინგი და ჩაგვრა კანის ფერისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის საფუძველზე.

პანსიონში მცხოვრები ბავშვები ძალადობისა და ჩაგვრის ფაქტებზე საუბრობენ. როგორც ერთი აღსაზრდელი ჰყვება, მიმდინარე წლის ნინოობის დღესასწაულის წინა პერიოდში ოთახში შესვლისას ნახა, რომ ბავშვი მწოლიარე მდგომარეობაში მყოფ აღმზრდელს მასაჟს უკეთებდა, სავარაუდოდ, ფეხზე. რა მოხდა შემდეგ, ბავშვი დუმს. ამის მერე ჩვენება აღარ მიუცია. ჩვეული მოვლენა იყო: საათობით დაჩოქების, ბუქნის გაკეთების, ცალ ფეხზე დგომისას დიდი სკამის დაკავების იძულება. ბავშვების თქმით, დასჯა ერთი კვებიდან მეორე კვების პერიოდამდე გრძელდებოდა. ერთ-ერთი ბენეფიციარი საუბრობს აღმზრდელების მიერ მთელი ღამე დაჩოქების იძულებასა და მითითებაზე, რომ თუ აღმზრდელი საბანს გადაიხდიდა, ბავშვებს უნდა დაეფარებინათ. თუ ამ დროს ბავშვებს ჩაეძინებოდათ, მათ სცემდნენ. ტელევიზორის ყურებისას აღმზრდელები ბავშვებს მუხლებზე ადებდნენ ფეხებს და აიძულებდნენ, მასაჟი გაეკეთებინათ.

ერთ-ერთი ბენეფიციარი მიუთითებს, რომ ლოგინის თავზე დაარტყმევინეს თვალი. იმ შემთხვევაში, თუ ზედამხედველს ეუბნებოდნენ მომხდარის შესახებ, აღმზრდელები პანსიონის ყოფილი დირექტორისგან იღებდნენ შენიშვნას, თუმცა მისი წასვლის შემდეგ ბავშვებს უარესად ექცეოდნენ. ამიტომ არასრულწლოვნებს ეშინოდათ, მომხდარი ვინმესთვის, მათ შორის, დაწესებულების ყოფილი ხელმძღვანელისთვის ეთქვათ. პანსიონში ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლების ერთ-ერთი ვიზიტისას, სტუმრებს რომ არ შეემჩნიათ, ბავშვს ჩალურჯებული თვალის დასაფარად მასწავლებლებმა პუდრი წაუსვეს.

რაც შეეხება არასრულწლოვნებზე სექსუალური ძალადობის ფაქტებს, აღსანიშნავია, რომ სექსუალური ძალადობის დანაშაულები სპეციფიკური ხასიათისაა და მათზე გამოძიების წარმართვისას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მსხვერპლზე ორიენტირებული, მისი დაცვისა და მხარდაჭერისკენ მიმართული მიდგომების გამოყენებას. ამ მხრივ განსაკუთრებით პრობლემურია მსხვერპლის მიმართ სტიგმა და წინასწარი განწყობა, რაც აბრკოლებს გამოძიების წარმართვას.

პანსიონატის შემთხვევაში, ხსენებულ საქმეებში ბავშვების ჩვენებებში იკვეთება მოპყრობისა და დასჯის ძალადობრივი მეთოდები. ესენია: ცემა, შიმშილობა, გაშიშვლება, ბუქნები და ა. შ., რასაც პერმანენტული ხასიათი ჰქონდა და გამოიყენებოდა არა კონკრეტული, არამედ თითქმის ყველა ბავშვის მიმართ. სავარაუდოდ, სწორედ ზემოთ ხსენებული სტიგმისა და მსხვერპლის მიმართ სტერეოტიპული დამოკიდებულების ბრალია ის ფაქტი, რომ აღსაზრდელები კონკრეტულად სექსუალური ხასიათის ზეწოლაზე არ ყვებიან. ამის საფუძველზე, სახალხო დამცველის აპარატმა წერილობით მიმართა სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა სააგენტოს და საკითხის შესწავლა, მათ შორის, ვიდეოჩაწერის შესწავლა სთხოვა. რა სახის ვიდეოჩანაწერებზეა საუბარი, ამ ეტაპზე, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, არ საჯაროვდება. ცნობითსვის: სახალხო დამცველის აპარატის მიმართ სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოსგან მიღებული საპასუხო კორესპონდენციით ირკვევა, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ გამოიკვლია ამ პროცესში მონაწილე თითოეული სოციალური მუშაკის ვინაობა და, საკითხის შესწავლის მიზნით, ჩაატარა სამსახურებრივი შემოწმება, მაგრამ თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას ვალდებულების შეუსრულებლობის ფაქტი არ დადასტურდა. ანუ არც წამებისთვის, არც არაადამიანური მოპყრობისთვის, არც დასჯისთვის და ფეხებზე მასაჟების კეთებისთვის პანსიონის თანამშრომლები არ არიან დამნაშავეები, რომ ყველაფერს ბავშვები იგონებენ და თავისი ფანტაზიით თხზავენ. 

ასე და ამრიგად, საქართველოს სახალხო დამცველის სკანდალურ ანგარიშში ნინოწმინდის პანსიონის შესახებ მონიტორინგის ჯგუფის წევრები ცალსახად აცხადებენ, რომ მათ მიერ მოპოვებული და მიღებული ინფორმაციით, პანსიონში გამოიყენებოდა ძალადობის სხავადასხვა ფორმა. კერძოდ, ფიზიკური დასჯა, ძალიან მკაცრი კონტროლი, შრომითი ექსპლუატაცია (შრომა დასჯის მიზნით), ემოციური ზეწოლა და რაც მთავარია, ამის დამაგვირგვინებელი იყო ბავშვების „მომზადება“ სახალხო დამცველთან და სოციალურ მუშაკებთან საუბრისთვის. ბავშვებს ჰქონდათ იდენტური შინაარსის პასუხები: „აქ კარგია, ყველაფერი გვაქვს, საჭმელიც, ტანსაცმელიც და არავინ გვსჯის“. ამ ფორმით პასუხები ჟღერდებოდა მაშინაც, როდესაც სახალხო დამცველის წარმომადგენელი მსგავსდ კითხვას არ უსვამდა არასრულწლოვანს. მაგალითად, კითხვა ესმებოდა ბავშვს, დადის თუ არა სკოლაში და პასუხად მონიტორინგის ჯგუფი იღებდა, რომ „ყველაფერი გვაქვს, საჭმელი გვაქვს და არავინ გვსჯის“.  ამასთან, პანსიონის ერთ-ერთი ყოფილი აღსაზრდელი შეკითხვაზე, _ „ახალი რა ისწავლე ამ სახლში?“ იმეორებდა იმავე პასუხს, რომ იქ კარგად იყო, ყველაფერი ჰქონდა და ა. შ. თითქოს დაზომბირებულები იყვნენ. ცნობისთვის: ბოლო გამოკითხულ ბავშვს, რომელიც აღფრთოვანებული იყო პანსიონში ცხოვრებით, აღმოჩნდა, რომ არ აქვს არანაირი კომუნიკაცია ბიოლოგიურ ოჯახთან და ნათესავებთან, ამჟამად ცხოვრობს ნინოწმინდის პანსიონის ერთ-ერთ აღმზრდელთან, რომელიც მის გამყვან პირად არის დარეგისტრირებული და სოციალური მუშაკის განცხადებით, ბავშვსა და აღმზრდელს შორის არის დადებითი ემოციური კავშირი.

აღსანიშნავია ბავშვებთან გასაუბრებისას გამოვლენილი ქცევები, კერძოდ, სხეულის დაძაბულობა, განრიდების რეაქციები, მზერითი კონტაქტის არარსებობა, მწირი ლექსიკური მარაგი, საკუთარი ხელისგულის დაკემსვა ნემსით და ძაფით, ასევე სოციალური მუშაკების მიერ მოპოვებული ინფორმაცია, სადაც იკვეთება რეგრესული ქცევა (თითის წოვა თითის დაზიანებამდე) შესაძლებელია, მიანიშნებდეს

განვითარების ტრავმაზე. ამასთან, ერთ-ერთ საქმეში, რომელზედაც სახალხო დამცველის აპარატი ინდივიდუალურ საქმის წარმოებას ახორციელებს, გამოიკვეთა, რომ ბავშვს აქვს ე. წ. ქცევითი სირთულეები და ამჟამინდელ აღმზრდელს დასჯის მიზნით ეუბნებოდა: „დამაბი, დამაბი!“ 

სახალხო დამცველის აპარატი მოუწოდებს ხელისუფლებას, რომ სასწრაფოდ შემოწმდეს ნინოწმინდის პანსიონის ყველა აღსაზრდელი ნეიროფსიქოლოგიური კუთხით. დადგინდა ასევე, რომ დაწესებულებაში ამჟამად ცხოვრობს არასრულწლოვანი, რომელიც საუბრობს წარსულში მომხდარ ძალადობის ფაქტებზე და გამოთქვამს მზაობას, გამოიკითხოს აღნიშნულის შესახებ. კერძოდ, ის აღსაზრდელი ფლობს პანსიონში ბავშვთა მიმართ სავარაუდო ძალადობის შესახებ ინფორმაციას, რომელიც გამოკითხვისას არ განაცხადა, თუმცა ამჟამად მზადყოფნას გამოთქვამს, რომ აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით გამოიკითხოს.

„ქრონიკა+“ აგრძელებს ამ თემაზე მუშაობას.