„კრემლი და „ოცნება“ ტესტავს, სადამდე გაუშვებს მათ ქართველი ხალხი“

გიგა გელხვიიძე

გასულ კვირას რუსთაველის გამზირზე წარმართულმა პროცესებმა საზოგადოებასა და პოლიტიკურ სპექტრს კიდევ ერთხელ დაანახა ხიდჩატეხილობის პრობლემა, რომელიც არა მხოლოდ სახელისუფლებო პარტიასა და ხალხს შორის არის, ოპოზიციაც თითქმის იმავე მდგომარეობაშია.

რა დასკვნა გამოიტანა ოპოზიციამ მიმდინარე პროცესებიდან და როგორია მისი სამომავლო გეგმები საზოგადოებასთან ურთიერთობის მხრივ? _ „ქრონიკა+“-მა პარტია „ლელოს“ წარმომადგენელი, გრიგოლ გეგელია ჩაწერა:

_ ბატონო გრიგოლ, რა ასწავლა ოპოზიციას ახალგაზრდების პროტესტმა?
_ პირველ რიგში, მადლობა ახალგაზრდობას იმისთვის, რომ აჩვენა შეუპოვრობა და სიმტკიცე, მათმა ხალასმა ენერგიამ გახადა შესაძლებელი გამარჯვება ამ ბრძოლაში, რასაც ერთად მივაღწიეთ. ჩვენ ვნახეთ რამდენიმე ინოვაციური რამ: დაიბადა ახალი ტიპის სამოქალაქო ნაციონალიზმი, რომელიც არის განსხვავებულად ამაყი, განსხვავებულად ძლიერი, მასზე აღარ მოქმედებს ძველებური ხრიკები და აღარც იმოქმედებს! ყველას უნდა ესმოდეს, რომ ეს თაობა არის დემოკრატიის გუშაგი და ის ყოველთვის დაიცავს საქართველოს ეროვნულ კურსსა და მისწრაფებას, არ დაუჭერს მხარს არცერთი ისეთი კანონის გასვლას, რომელიც ამ გზიდან გადაახვევინებს საქართველოს. რაც შეეხება გაკვეთილს, პირველი ეს არის სხვადასხვა სოციალური ჯგუფის ერთად დგომა: იქნება ეს პოლიტიკური კლასი, არასამთავრობო სექტორი თუ ახალგაზრდები. ეს სინერგია არის თავი და თავი გამარჯვების, რეჟიმმა ძალიან დაიხია უკან, ეს არის კონკრეტული გამარჯვება და მას უდიდესი პრეცედენტული მნიშვნელობა აქვს, რადგანაც ჩვენ არ გვახსოვს ბევრი გამარჯვება ამ რეჟიმის წინააღმდეგ. მაგრამ ახლა სხვადასხვა ჯგუფი მართლა ერთად დადგა და ერთმანეთის პატივისცემით, გაგებითა და კოორდინებით ერთობლივად დაიცვა სამშობლო, ხოლო როდესაც პროტესტს მიეცა არა პარტიულ-პოლიტიკური ელფერი, არამედ პოლიტიკური ელფერი, იქ მდგომმა ყველა ადამიანმა იცოდა, რომ ეს არ არის პარტიების, არამედ არის საზოგადოების პროტესტი სამშობლოს დასაცავად. აი, ამ უნიკალურმა მიქსმა პრაქტიკაშიც იმუშავა და გაამართლა, შექმნა იმდენად ძლიერი ენერგია, რომელსაც სხვა ვერაფრით დაუპირისპირდა რეჟიმი, გარდა უკან დახევისა და ამან გამოიწვია გამარჯვება! ვფიქრობ, ეს კარგად უნდა გაიაზროს ყველა პოლიტიკურმა მხარემ. პოლიტიკოსები, რა თქმა უნდა, საჭირონი არიან ყველა ასპექტში, მაგრამ ბოლოს ჩვენ უნდა გავიაზროთ, რომ მივდივართ არჩევნებზე და პოლიტიკურ პარტიებს ვირჩევთ, რათა მათ მართონ ჩვენი ქვეყანა. პოლიტიკური პარტიების გარეშე პოლიტიკა არ არსებობს და ვერ იარსებებს. თუმცა, ამავე დროს, ჩვენ ვნახეთ, რომ ძალიან ძლიერი ახალგაზრდობის გარეშე სრულიად სხვანაირად წარიმართებოდა ყველაფერი, ასევე ვნახეთ, რომ რომ არა არასამთავრობო სექტორის მტკიცე ჩართულობა, ასევე სხვაგვარად შეიძლებოდა წარმართულიყო ყველაფერი. ამით იმის თქმა მინდა, რომ ყველა მხარე აუცილებლად ჩართული უნდა ყოფილიყო ამ პროცესში. სწორედ ამით შევძელით ბრძოლის მოგება, ამიტომაც ყველა ჯგუფი უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და დავინახოთ ერთმანეთის წვლილი.
_ 2012 წლიდან _ დღემდე არაერთი აქცია გვინახავს, თუმცა არ ჩანდა შედეგი, _ რა შეცდომები დაუშვა ოპოზიციამ?
_ აქ ორი მთავარი გამხსნელი ფაქტორია: ერთი არის ის, რომ ყველა იმ წინა ჯერის შემდგომ გავიდა უფრო მეტი დრო და უფრო კარგად წარმოჩინდა „ქართული ოცნების“ რეალური სახე. პოლიტიკაში დროს ძალიან დიდი მნიშვნელობა და აზრი აქვს, რადგანაც არის მთელი რიგი მომენტები, როდესაც ჯერ კიდევ ვიღაცებისთვის ისე თვალნათლივ არ ჩანს ყველაფერი, როგორც სხვებისთვის. მაგალითად, „ოცნების“ პრორუსულობა შეიძლება ბევრად უფრო ნაკლებად ჩანდა, ვიდრე დღეს ჩანს, რადგანაც ახლა უფრო მეტი ქართველი, სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენელი ხედავს, რომ დიახ, საქართველოს ჰყავს პრორუსი ხელისუფლება, რომელსაც არ მიჰყავს ქვეყანა რეფორმებისკენ და ევროპისკენ, არამედ მიჰყავს რუსეთისკენ. შესაბამისად, კიდევ უფრო მეტად გააზრება იმისა, თუ როგორია „ქართული ოცნება“, ეს ეხმარება საპროტესტო მუხტს, _ ახლა ბევრად მეტი ადამიანი არის მკაფიოდ იმ აზრზე, რომ ამ ხელისუფლების პირობებში ჩვენ ევროპასა და კეთილდღეობას ვერ მივიღებთ და თავისუფალი საქართველო ვერ გვექნება; მეორე: ვფიქრობ, წარსულში თემატური მასშტაბიც სხვა ყოფილა ხშირად. 2020-სა თუ 2021-ში გაყალბებული არჩევნები, ასევე 5 ივლისის მოვლენები ძალიან მწვავედ განვიცადე, ამიტომ აქციაზე ყოველთვის მივდიოდი როგორც არა პოლიტიკოსი, არამედ როგორც მოქალაქე, ყოველთვის ბრძოლის ფორმატში ვიყავი. ამის მიუხედავად, ვიზიარებ იმ აზრის, რომ მოქალაქეებისთვის, რომლებიც შეიძლება ნაკლებად პოლიტიკურები იყვნენ სხვა დროს და ნაკლებად ჩართულები პოლიტიკურ პროცესებში, ევროკავშირის საკითხი არის სულ სხვა წონადობისა და მნიშვნელობის. თუ გავიხსენებთ აქციების მასშტაბს, ამ ყველაფერს კარგად დავინახავთ. გასული წლის ივნისში, როდესაც ევროკავშირის აქციები იმართებოდა და ახლაც, როდესაც ევროკავშირში გაწევრიანებას შეექმნა საფრთხე, მასშტაბი თვითმობილიზებისა (ხაზი უნდა გავუსვა) იყო უდიდესი, სამაგალითო. ეს აქციები არის თვითმობილიზებული, ეს იყო ქართველი ხალხის პროტესტი და არა პოლიტიკური პარტიების. როგორც კი ევროპულ კავშირსა და ქართულ სახელმწიფოებრიობას ამ მასშტაბით შეექმნა საფრთხე, ქართველი ხალხის პასუხი იყო ძალიან, ძალიან შთამბეჭდავი. ეს არის პირდაპირი გაკვეთილი ამ შემთხვევაში „ქართული ოცნებისთვის“ და კრემლისთვის, რადგან ეს ორი ჩემთვის დიდი ხანია, ერთი და იგივეა _ „ქართული ოცნება“ არის კრემლის ოფისი საქართველოში, რეგიონული ოფისი და სხვა არაფერი, ეს როგორც რიტორიკაში, ასევე პრაქტიკაში არის „ქართული ოცნების“ სახე. კრემლი და „ოცნება“ ტესტავს, სადამდე გაუშვებს მათ ქართველი ხალხი და ძალიან კარგია, რომ ქართველი ხალხი, მთელი თავისი ღირსებით, წამოდგა და თქვა, რომ ამას არ დაუშვებს და ქართველი ხალხი არ გადაუხვევს დადგენილი გეოპოლიტიკური კურსიდან! ერთი მხრივ, დიდი პოლიტიკური დრო გავიდა და ბევრმა დაინახა „ქართული ოცნების“ სახე და, მეორე მხრივ, თემის სიმწვავე და მასშტაბი უდიდესია, სწორედ ამ მომენტუმმა შექმნა არნახული გამარჯვების მუხტი.
_ უმწვავესია მოქალაქეებისა და ოპოზიციური თუ სახელისუფლებო პარტიების დაშორების, ხიდჩატეხილობის პრობლემა. გაქვთ რამე კონკრეტული გეგმა ამის აღმოსაფხვრელად?
_ დავიწყებ იმით, რომ მე, როგორც ერთ-ერთი პოლიტიკოსი, რიგითი მებრძოლი ვიყავი ამ ადამიანებს შორის ყველა თვალსაზრისით, ყოველდღე ვიდექი მათთან ერთად, ველაპარაკებოდი მათ, მარბევდნენ მათთან ერთად, ერთად ვსაუბრობდით, თუ როგორ მოვქცეულიყავით. შესაბამისად, პირადად დიდად არ მიგრძნია იმ ზომის ხიდჩატეხილობა, რომელზედაც თქვენ საუბრობთ. ჯერ კიდევ გარკვეული სკეპტიციზმი და შიშებია პოლიტიკური პარტიების მიმართ, ეს არ არის ჩემთვის ტრაგიკული მოვლენა, რადგანაც გამოსწორებადია და უნდა გამოვასწოროთ კიდეც. პოლიტიკოსების ვალდებულებაა, რომ კიდევ უფრო მეტად შევძლოთ და დავაახლოოთ პარტიულ-პოლიტიკური ხედვები და ინტერესები, რადგანაც თუ ხიდჩატეხილობა არსებობს, ე. ი. ინტერესთა თანხვედრა სადღაც ნაკლებია. მაგრამ მგონია, რომ ჯამში ეს არის ბუნებრივი პროცესი. ყველას კარგად აქვს გააზრებული ერთი რამ: ერთობლივ ბრძოლას არ გააჩნია ალტერნატივა და თუკი რამეს მივაღწიეთ, ყველა სხვადასხვა ჯგუფმა იბრძოლა ერთობლივად, ერთი გზავნილით, შემართებით, სულისკვეთებით, ერთი მოწადინებით, ერთი დაუღლელობით. მინდა, ყველას ესმოდეს, რომ ჩვენ გვჭირდება ერთმანეთი. პოლიტიკოსების გარეშე, პოლიტიკა არ არსებობს და არ არსებულა არასოდეს, რადგანაც, საბოლოო ჯამში, სწორედ ისევ პოლიტიკურ პროცესებამდე მივდივართ _ იქნება ეს პარლამენტს შიგნით პროცედურით, რეგლამენტით თუ პარლამენტს გარეთ. მოკლედ, პოლიტიკოსები ყოველთვის საჭირონი არიან. ასევე მინდა, ყველას შევახსენო პროცესები, რომლებიც პარლამენტს შიგნით ვიხილეთ პირველივე დღეებში, შესაძლებელი იყო, სხვაგვარად განვითარებულიყო. რომ არა ის პოლიტიკოსები, რომლებიც იყვნენ პარლამენტში და იბრძოდნენ იქიდან ლაივებით, საკომიტეტო მოსმენებით, საზოგადოება შეიძლებოდა ბევრად უფრო ნაკლებად ყოფილიყო ინფორმირებული იმაზე, თუ რა ხდებოდა სინამდვილეში „რუსული კანონის“ შემოგდებით. ესეც გვაჩვენებს, რომ ვიღაცა პარლამენტს შიგნით უნდა იყოს და იქ იბრძოდეს, ვიღაცა პარლამენტს გარეთ უნდა იყოს და იქიდან იბრძოდეს, ვიღაც პარალელურად ბრიუსელში უნდა მუშაობდეს, რომ ქართველი ხალხის ინტერესები ისმოდეს და მთავრობის ლობისტებმა იქ ვერ შეძლონ, არასწორად წარმოაჩინონ გარკვეული ბრძოლა. მინდა, სინერგიას გავუსვა ხაზი და ვამბობ, რომ ჩვენ ვართ საჭირონი. მარტო პოლიტიკოსები ვერაფერს იზამდნენ, მარტო ახალგაზრდები ვერაფერს იზამდნენ და მარტო არასამთავრობო სექტორი ვერაფერს გააკეთებდა. ყველანი რომ დავდექით ერთად, ამან გამოიღო შედეგი. რაც შეეხება მომავალს, რა თქმა უნდა, უფრო მეტი და მეტი უნდა ველაპარაკოთ ერთმანეთს არა იმ მიზნით, რომ ხმა მომეცით და მე გავაკეთებ საქმეს აწი თქვენ მაგიერო, არა _ ჩვენი მიზანი უნდა იყოს ერთმანეთის მეტად გაგება, საერთო პოზიციების გაღრმავება, რადგანაც ეს საერთო პოზიცია ეხება არა იმას, თუ ვინ მართავს ქვეყანას ხვალ, ვინ განკარგავს ეკონომიკურ პოლიტიკას, არამედ იმას, თუ სად იქნება საქართველო ხვალ და აი, ამ კითხვაზე ყველა პატრიოტმა ერთად უნდა ილაპარაკოს, იქნება ეს ახალგაზრდების ჯგუფი, პოლიტიკოსების თუ სხვა, რადგანაც ეს ჩვენს სამშობლოს ეხება, რომელიც ერთი გვაქვს და ერთად უნდა დავიცვათ.
_ ერთობა ყველაზე ეფექტიანი საშუალებაა ხელისუფლებასთან საბრძოლველად, თუმცა ძალიან რთულია რამდენიმე იმედგაცრუების შემდგომ ამ ერთობის აღდგენა. ოპოზიციურ პარტიებში ამ მხრივ თუ გაქვთ რაიმე სახის მოლაპარაკებები?
_ როდესაც ერთობაზე ვსაუბრობ, მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ვგულისხმობ სამოქალაქო ერთობას. „ლელომ“ თავიდანვე დააანონსა გარკვეული ფორმატი, რომელიც მისთვის იყო მისაღები, ეს გახლდათ „ეროვნული წინააღმდეგობის მოძრაობა“. ის რაც ვნახეთ ამ დღეებში, ეს ნამდვილად იყო ეროვნული წინააღმდეგობის მოძრაობა, რომელშიც განურჩევლად პარტიულობისა თუ არაპარტიულობისა, ბევრი შედიოდა და ერთგვარი სულიერი ერთობა შეიქმნა რუსთაველზე, სადაც 14 წლის ბავშვებიდან 85 წლის მოხუცებამდე ყველა პროფესიის ადამიანი იყო წარმოდგენილი და ასე იქნება, დარწმუნებული ვარ, ყველა პრობლემური სიტუაციის დროს. რაც შეეხება პარტიულ ერთობას, აქ პარტიებს აქვთ თავიანთი დამოუკიდებელი პოლიტიკური ხედვა. ჩვენ ამ მომენტისთვის პარტიულ პოლიტიკურ გაერთიანებას რომელიმე ძალასთან არ განვიხილავთ, ჩვენთვის პრიორიტეტი არის, რომ ამომრჩეველთან ერთად გავძლიერდეთ, გვყავდეს მეტი ახალი ამომრჩეველი, რომ ბიძინა ივანიშვილსა და „ქართულ ოცნებას“ უფრო ნაკლები ადამიანი აძლევდეს ხმას… როგორც პრაქტიკამ აჩვენა, ჩვენს სხვადასხვა კოლეგასთან ერთად, ევროპული და დასავლური ღირებულებების სადარაჯოზე, „ლელო“ არის ავანგარდში, იგი ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე და მცველია ქართული დემოკრატიისა, რასაც ჩვენ გავაგრძელებთ. ჩვენ ვაჩვენეთ ერთობა სტრატეგიულ საკითხებზე და მე მეამაყება, რომ ეს პარტიებმა ასე კარგად შეძლეს. არანაირ პოლიტიკურ დღის წესრიგს არ ჰქონია ადგილი. ჩვენ შევქმენით პრეცედენტი, როდესაც საკითხი ეხება ასეთ პოლიტიკურ პროცესებს და ჩვენ გვაქვს ერთობა. რაც შეეხება სხვა ტიპის გაერთიანებებს, გვაქვს ჩვენი ხედვები.
_ „ხალხის ძალა“ კიდევ გვიანონსებს სხვადასხვა სახის კანონს. ამ შემთხვევაში ჯერი მედიაზეა. თუ არ გამოვიდნენ მოქალაქეები და არ მოხდა თვითმობილიზება, რა ბერკეტები აქვს ოპოზიციას მედიის დასახმარებლად?
_ „ხალხის ძალის“ წარმომადგენლებს უნდა ესმოდეთ, რომ არანაირი ხალხის ძალა ისინი არ არიან, რეალური ხალხის ძალა არსებობს და ის ვნახეთ რუსთაველზე. რაც შეეხება ხუთ ქოცს, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა კრემლსტური დავალებებით გამოუშვა „ოცნებიდან“ და ვითომ ახალი პარტია გააკეთებინა, ისინი არიან ხუთი ქოცი კრემლის სამსახურში. რაც შეეხება ნამდვილ ხალხის ძალს, მან თავისი ხმა გააგონა ყველას რუსთაველის გამზირიდან, როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო საზოგადოებას და მსოფლიო ლიდერების გამოხმაურებაც ჰპოვა. უნდა გვახსოვდეს, რომ როდესაც მოძრაობა „ხალხის ძალა“ საქართველოს დასავლური კურსის წინააღმდეგ რაიმე სახის ინიციატივით გამოვა, 15-20 წუთში მათ დაუპირისპირდება ისევ ნამდვილი ხალხის ძალა და მე არ ვურჩევდი მათ, ტესტონ ხალხის სიმტკიცე და ნერვები. ეს არ იქნება კარგი არავისთვის. მათ ვურჩევდი, რომ დატოვონ მანდატები, მიატოვონ პოლიტიკა, რადგანაც რაც მათ გააკეთეს, ეს არის სამშობლოსა და სახელმწიფოს ღალატი! მათ რომ თავისი ვერ გაიტანეს, ქართველი ხალხის დამსახურებაა, ამიტომ იმის თქმა, რომ მათ უკან დაიხიეს, არასწორია. მათ კი არ დაიხიეს, არამედ დაახევინეს უკან, სხვა შემთხვევაში ისინი საქართველოს ღალატს სჩადიოდნენ, შესაბამისად, მათ არ გააჩნიათ საკანონმდებლო დონეზე მუშაობის უფლება! თუმცა, რა თქმა უნდა, ისინი ამას გააგრძელებენ და მიიღებენ შესაბამისად ადეკვატურ პროტესტს. ამაში იქნება ჩართული ოპოზიციაც საპარლამენტო მუშაობით და კრიტიკით, ისევე როგორც ქუჩის პროტესტში იქნება ჩართული ყველა სხვა საზოგადოებრივი ჯგუფი. არ ჰქონდეთ იმის ილუზია, რომ რაიმე სახის საკანონმდებლო ინიციატივას გავატანინებთ ოდესმე. ნებისმიერი კანონპროექტი, რასაც ისინი შემოიტანენ, იქნება კრემლისტური.
_ ამ დღეების მანძილზე ჩვენ მოვისმინეთ სალომე ზურაბიშვილის იმაზე მწვავე განცხადებები, ვიდრე ამ დრომდე კეთდებოდა. მან, ფაქტობრივად, თქვა, რომ ეს ხელისუფლება არის პრორუსული. ხომ არ ყოფილა რაიმე სახის კომუნიკაცია ოპოზიციასა და პრეზიდენტს შორის ამ დროის მანძილზე?
_ კომუნიკაცია იყო იმ მოწოდების სახით, რომელიც „ლელოს“ დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა გააჟღერა აქციიდან _ ჩანიშნულიყო უმოკლეს ვადაში საპარლამენტო სესია, თუმცა შეშინებულმა „ქართულმა ოცნებამ“, რომელმაც იცოდა, რომ ნამდვილი ხალხის ძალა, პრეზიდენტი და საერთაშორისო თანამეგობრობა, ყველა არის ერთ აზრზე, უნდოდა, რომ დაესწრო პრეზიდენტისთვის და თავად დანიშნა სხდომას. სხვა მხრივ რაიმე სახის კომუნიკაცია არ ყოფილა. ეს არც იყო საჭირო ამ მომენტისთვის, რადგანაც პრეზიდენტისა და საქართველოს საზოგადოების პოზიციები არის სრულ თანხვედრაში, სალომე ზურაბიშვილმა ძალიან კარგად და მკაფიოდ შეაფასა „ქართული ოცნების“ კურსი, ამიტომაც დამატებითი კომუნიკაციის საჭიროება არ გამოკვეთილა და პრეზიდენტიც თავისი შეხედულებებით ფიქსირდება ეროვნული წინააღმდეგობის ნაწილში.
_ აქტიურად საუბრობენ, რომ საფრთხე ჯერ კიდევ არსებობს, სანამ ხელისუფლებაში „ქართული ოცნებაა“. შესაძლოა ველოდოთ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს?
_ ყველაფერია შესაძლებელი. ჩვენ ვართ არაორდინალურ ვითარებაში და ეს კარგად უნდა გვესმოდეს, ჩვენ არ გვმართავს ნორმალური ხელისუფლება, ჩვენ გვმართავს საოკუპაციო რეჟიმი და ამის ფონზე არსებობს უარესი სცენარებიც, თუ რა შეიძლება ჩაიდინოს „ქართულმა ოცნებამ“ ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით. შესაბამისად, მხოლოდ კანონების შემოტანაში არ არის საქმე და ყველაფერს უნდა ველოდოთ „ქართული ოცნების“ პირობებში, რომელსაც სურს, რომ საქართველო იყოს რუსეთის გუბერნია, სადაც თავად იქნებიან იმპერიული ცენტრის წარმომადგენლები. სამწუხაროდ, ყველანი უნდა ვიყოთ მზად, რათა გადარჩეს საქართველო და მისი დასავლური კურსი. რაც შეეხება ცალსახად არჩევნებს, გულწრფელად გეტყვით, ვერ ვხედავ არჩევნების დანიშვნის ვერავითარ პირობას ასეთი ხელისუფლების პირობებში. აქ ისევ და ისევ საწარმოებელია მტკიცე საზოგადოებრივი წინააღმდეგობა, რომელიც პირველივე არჩევნებზე ჩამოშლის ამ ხელისუფლებას. დღეის მონაცემებით, ამის წინაპირობებს ვხედავთ უკვე და ეს კარგად აღიქმება მისი ზოგიერთი დეპუტატის მონანიების რეჟიმში გადასული განწყობებით. „ოცნება“ ჩამოიშლება და დამარცხდება, მაგრამ ამის აუცილებელი წინაპირობა არის დემოკრატიის გუშაგების სიმტკიცე. ეს ერთიანი წინააღმდეგობის ფრონტი უნდა დარჩეს მტკიცე. ასეთ შემთხვევაში ნამდვილად შეგვიძლია გავიმარჯვოთ საოკუპაციო რეჟიმზე.
_ სააკაშვილის საკითხზე მინდა, რომ გკითხოთ: ეს თემა დღის წესრიგში კვლავ დგას და მიუხედავად იმისა, რომ ძალიან რთული პერიოდი იყო, ის მაინც აქტიურად გახლდათ წარმოდგენილი _ ამ მხრივ პარტნიორები კონკრეტულ სამოქმედო გეგმას უსახავენ საქართველოს და ხაზგასმით ეუბნებიან, რომ უნდა გადაიყვანონ ექსპრეზიდენტი, რათა არ მოხდეს ხელის შეშლა ევროინტეგრაციის გზაზე. ასევე ფაქტია, ახალ თაობას არ სურს ამ საკითხთან რაიმე კავშირში შესვლა. რას აკეთებს ოპოზიცია ამ შემთხვევაში?
_ „ლელოს“ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით ჰქონდა და აქვს თავისი მტკიცე პოზიცია, ეს იყო მისი ჰოსპიტალიზება და ახლა ეს არის მისი ტრანსფერი და გადაყვანა სამკურნალოდ. თუ მისი სიცოცხლე არ იქნება დაცული, საქართველო რისკავს ძალიან დიდ ტრაგედიას, როგორც ადამიანურ, ასევე პოლიტიკურ დონეზე, რადგანაც ძალიან მნიშვნელოვან ქართველ პოლიტიკოსსა და ყოფილ პრეზიდენტზეა საუბარი. შესაბამისად, ჩვენ ვემხრობით ჰუმანიტარულ ტრანსფერს იმისთვის, რომ ის ადეკვატურ პირობებში მკურნალობდეს, ეს არ არის გაშვება, ეს არის გადავადება და თუ ამისთვის საჭირო გახდება შეწყალების აქტის განხორციელება, ესეც უნდა გაკეთდეს, ეს არის ჩვენი მკაფიო პოზიცია. პრობლემა ის გახლავთ, რომ ამ ხელისუფლებამ დატოვა იგივე სასამართლო და ჩაიყენა თავის სამსახურში. ამ ქვეყანაში რომ ყოფილიყო ადეკვატური, სამართლიანი სასამართლო, რომლის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზეც არ დაისმებოდა კითხვები და იქნებოდა საზოგადოებრივი კონსენსუსი, ჩვენ არ მივიდოდით კრიტიკულ ზღვართან. შეიძლება პოლიტიკური ლიდერიც გასამართლდეს, მაგრამ ნორმალური სასამართლოს პირობებში არ გაჩნდეს პოლიტიკური სახის შეკითხვები, თუმცა ეს ხდება ადეკვატური ქვეყნის პირობებში და არა იქ, სადაც საოკუპაციო რეჟიმი გვმართავს და პუტინის სადამსჯელო ოპერაციები ხორციელდება. ამ ხელისუფლებისა და ამ სასამართლოს პირობებში სააკაშვილი დარჩება პოლიტიკურ პატიმრად, მას სხვა სტატუსი ვერ ექნება.
_ საქართველოს ჰყავს ახალი სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი, რომელმაც მიმდინარე პროცესების დროს ვერ დაადგინა, რამდენად პროპორციული ძალები გამოიყენეს აქციის მონაწილე ახალგაზრდების მიმართ. როგორ შეაფასებთ ლევან იოსელიანის ნაბიჯებს მისი მოღვაწეობის მცირე პერიოდიდან?
_ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მის კანდიდატურას მხარი დაუჭირა ჩვენმა წარმომადგენელმა, ანა ნაცვლიშვილმა, თუმცა ეს არ შეესაბამება სიმართლეს და მინდა მკაფიოდ გავუსვა ხაზი. რაც შეეხება ლევან იოსელიანის პირველ ნაბიჯებს, მას შევაფასებდი ნეგატიურად, რადგან სახალხო დამცველი არ დაგვინახავს იქ, სადაც უნდა დაგვენახა ფიზიკურად და არ გაგვიგია მისი მკაფიო, ხმამაღალი აქტიური პოზიციები იმასთან დაკავშირებით, რაც ხდებოდა ამ დღეებში. შესაბამისად, ორი ფუნქციიდან რაც უნდა შეესრულებინა, ვერც ერთი შეასრულა. რაც შეეხება პოლიტიკურ შეფასებას, ის არის „ქართული ოცნების“ მიერ ხელდასხმული სახალხო დამცველი, რომელიც საოკუპაციო რეჟიმმა დანიშნა იმ კანონპროექტის განხილვის პერიოდში, რომლითაც საქართველო რუსეთისკენ მიექანებოდა. დრო იხელთეს. ლევან იოსელიანის ადგილას ვისურვებდი, რომ მიწა გამსკდომოდა და ჩავეტანე. საოკუპაციო რეჟიმი როდესაც გნიშნავს და ახდენს შენს კურთხევას იმ სხდომაზე, როდესაც განიხილება მთელი არასამთავრობო სექტორის, აკადემიის, თავისუფალი და კრიტიკული აზრის აკრძალვა, როდესაც მზექალა შანიძიდან დაწყებული, ხვიჩა კვარაცხელიათი დამთავრებული, ყველა ამბობს, რომ რუსიფიკაციაა და ეს კანონი განიხილება სხდომაზე, სადაც ხუთი წუთით ადრე შენ დაგნიშნეს სახალხო დამცველად, მე ვიტყოდი, რომ არა, არ მინდა ეს თანამდებობა! _ ეს იქნებოდა პრინციპული პოზიცია, მაგრამ ვინაიდან ეს არ მოხდა, რაიმე პრინციპულ გადაწყვეტილებებს მისგან არ ველოდები.