რატომ არის ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველი?

ელისო კილაძე

„ქართული ოცნება“ დაძველდა, ათი წელი ხელისუფლებისთვის ძალიან ბევრია.
ძველი კონიაკი კარგია მუხის კასრში, ვისკიც და ღვინოც.
ოპოზიცია გაძეგლდა _ არც აქციები, არც პარლამენტში დანთებული ცეცხლი, არც საგამოძიებო კომისია, არც ვადამდელი არჩევნები, არც ცხელი შემოდგომა და არც საქართველოს მესამე პრეზიდენტის ხსენება.

შემოდგომა ცხელი არა, მაგრამ არც უჩვეულოდ ცივი იყო. „ვარდების რევოლუციის“ მორიგმა წლისთავმაც უღიმღამოდ ჩაიარა, არც „ვარდების რევოლუციის“ მთავარი აქტორი გახსენებია ვინმეს ჯეროვნად, რომელიც უკვე ერთი წელია, პუტინის რეჟიმის პირადი ტყვეა,
სად მივდივართ?
რა გვინდა?
რას ველით?
ვინ უნდა შეცვალოს ხელისუფლება?
აქამდე ვიცოდით, რომ ამბოხებულები მხოლოდ „ოცნების“ ხელისუფლებას ჰყავდა, ჯერ მაჟორიტარების, მერე უკვე განდგომილი დეპუტატების სახით, ახლა უკვე ვიცით, რომ ამბოხებულები ჰყავს მთავარ ოპოზიციურ პარტიას _ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, რომელსაც ძველი დიდებიდან მხოლოდ სახელი და რამდენიმე ძველი სახე შემორჩა.
ენმ-ს ამბოხებულებმა ბრიფინგი სააკაშვილის საპრეზიდენტო რეზიდენციაში მოაწყვეს და განახლება გვჭირდებაო, _ გვითხრეს.
განახლება თავისთავად ახალ სახეებს და სახელებს ნიშნავს. მერაბიშვილ-კეზერაშვილის ფრთაში დიდხანს ბჭობდნენ, ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო პარტიის თავმჯდომარეობის კანდიდატი, რომელიც ნიკა მელიას გაუწევდა კონკურენციას. თავიდან საუბარი იყო პეტრე ცისკარიშვილზე, მაგრამ დიდი ხნის ბჭობის მერე დაასკვნეს, რომ პეტკა კომპრომეტირებულია და მისი ჩაძირვა იოლია. მერე თქვეს, ხაბეიშვილიო, რაზედაც გიგი უგულავამ გაჭედა, _ სირცხვილია, დასაცინი გავხდებითო. ალბათ, იკითხავთ, გიგი უგულავა რაღა შუაშიაო? მაგრამ აქვე გეტყვით, რომ არა მხოლოდ გიგი, გივიც, ზურა ჭიაბერაშვილიც, მიშა მაჭავარიანიც და ხათუნა გოგორიშვილიც კი ენმ-ში დაბრუნებას გეგმავენ, მათ გიორგი ვაშაძე, ზურა-გირჩი ჯაფარიძე და ელენე ხოშტარიას ტრიო შეუერთდება და გაერთიანებული ოპოზიციის სახელით გავლენ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე. არ მოგესმათ, დიახ, სწორად კითხულობთ, _ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, რადგან ვადამდელი არჩევნების მოთხოვნა არც დღის წესრიგში დგას და არც კანონით მოესწრება.
მოკლედ, ასე იყო თუ ისე, საბოლოოდ არჩევანი ისევ ლევან ხაბეიშვილზე შეჩერდა.
და დაიწყო და დაიწყო…
ლევან ხაბეიშვილი პარტიიდან გიორგი ვაშაძესთან ერთად წავიდა, მიხეილ სააკაშვილს ისე და იმ ტონში ლანძღავდა, რომ „ქოცებს“ გადაუსწრო. ეს პროცესი ახლა ბოკერია-ჩერგოლეიშვილთან დაპირისპირებით ახსნა, მაგრამ, რატომღაც, მაშინ არც ერთი უხსენებია და არც _ მეორე. მონანიებული და ენმ-ში საკრებულოს დეპუტატის მანდატდაპირებული, მის ამჟამინდელ პატრონს, თავდაცვის ექსმინისტრ დავით კეზერაშვილს, მელიას მსგავსად, ბანდიტს ეძახდა. მაშინ ასე ფიქრობდა. მერე რა მოხდა, აზრს მხოლოდ მიცვალებულები არ იცვლიან, აზრი კი უფასოდ ნამდვილად არ შეუცვლია. მიხეილ სააკაშვილმა პატიმრობის პირველივე დღეს მოითხოვა მისი განთავისუფლების კომიტეტის შექმნა, რომელსაც ლევან ხაბეიშვილი უნდა ჩასდგომოდა სათავეში, მაგრამ… სწორედ აქ იწყება სევდიანი ისტორია მასზედ რომ, ხაბეიშვილმა ქუჩაში დგომას და აქციებს კეზერაშვილის ფული არჩია და ანტიკორუფციული ბიურო შექმნა, რომელსაც კეზერაშვილი $15 000-ად აფინანსებს. მას დავალებული ჰქონდა ექსქოცების მოკრება, ასეთი კი მხოლოდ ერთი, ლევან გოგიჩაიშვილი იპოვა. მიუხედავად განაწყენებისა, „ოცნების“ ყოფილ აქტივისტებში არც ერთი ადამიანი არ აღმოჩნდა, რომელიც ლევან ხაბეიშვილის გვერდით დგომას არ ითაკილებდა.
მეორე მხრივ, დავით კეზერაშვილს ჰქონდა იმედი, რომ ანტიკორუფციული სქემების ამუშავებით უჩა მამაცაშვილისა და ოთარ ფარცხალაძის ხსენებით, ვაჭრობის ახალ სეზონს გახსნიდა. პირველი 2016 წელს კეზერაშვილის გამართლებით და ენმ-ს მანდატების მიტაცებით დასრულდა, მაგრამ ასე არ მოხდა, სიტყვის გამტეხ კეზერაშვილთან აღარავინ მოისურვა ვაჭრობა და ანტიკორუფციული ბიურო სრულიად უფუნქციო ორგანო აღმოჩნდა ამ დახლზე.
ჰოდა, განახლებაო! _ დაიქუხეს და ძველი სახეების რბოლა გახსნილად გამოცხადდა.
რატომ ახლა, როცა მარტში პარტიაში რიგით უწევს არჩევნები, როგორც თავმჯდომარის, ისე პოლიტსაბჭოსი?
იმიტომ ხომ არა, რომ მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების პროცესი გადამწყვეტ ფაზაშია შესული და ეს თემაა გადასაფარია როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ?
ნიკა მელიაზეც მოგახსენებთ ორიოდ სიტყვას:
ანტისაოკუპაციო აქციების დროს ნიკა მელია უპირობო ლიდერი იყო, მას ორჯერ შეუწყვიტეს პარლამენტის დეპუტატის უფლებამოსილება, ევროკავშირმა პოლიტპატიმრად აღიარა და გირაოც გადაუხადა, მაგრამ, სამწუხაროდ, მელიამ შანსი ხელიდან გაუშვა, _ თუ მისთვის კეზერაშვილი ბანდიტი და ყაჩაღი იყო, მოგვიანებით ლარნაკაში ჩააკითხა და დაბრუნებულმა განაცხადა, რომ მას თავდაცვის ექსმინისტრთან კითხვები აღარ აქვს. კეზერაშვილის მადა გაიზარდა, მიხეილ სააკაშვილის სახელის ხსენებაზე ტაბუ დაადო პარტიას, მელია ამ მოთხოვნას დაჰყვა, მაგრამ მეორე ულტიმატუმი, რომელიც პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე კობა ნაყოფიას პარტიიდან გაშვებას ითვალისწინებდა, მისთვის ზედა ზღვარი აღმოჩნდა, თანაც კეზერაშვილმა ფულის ხარჯვას მოუკლო, რაც, საბოლოო ჯამში, ბოლო წვეთი აღმოჩნდა. მელიამ პარტიიდან კეზერაშვილის ცოლისძმა, დიმიტრი ჩიქოვანი გააგდო, ნაყოფიას გაშვებაზე უარი თქვა და მიხეილ სააკაშვილის ხსენებასაც მოუხშირა.
ჰო, სააკაშვილი მეორე მხარესაც გაახსენდა და მესამესაც. პარტიის თავმჯდომარის პოსტზე კანდიდატურა დააყენა გიორგი ჩალაძემ, რომელიც მიხეილ სააკაშვილის სახელთან ასოცირდებოდა, რამაც გააჩინა ილუზია იმისა, რომ სააკაშვილი ამ ფორმით ერეოდა ენმ-ს თავმჯდომარის არჩევნებში. მეორე დღეს სააკაშვილის ოჯახის თხოვნით, სოციალურ ქსელში გამოვაქვეყნე სტატუსი, რომ მიშა არც ერთ კანდიდატს არ დაუჭერდა მხარს, რასაც ცხადია, აჟიოტაჟი მოჰყვა, მაგრამ მალევე გიორგი ჩალაძემ საკუთარი კანდიდატურა მოხსნა და ალბათ ბევრმა ვინმემ არც იცის, რომ ეს მიხეილ სააკაშვილის მიერ მისთვის გამოგზავნილი წერილის მერე მოხდა.
რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, ამერიკელი ექსპერტების დასკვნები უკვე საქართველოშია, მომზადებულია „ემპათიის“ დასკვნაც, რომელიც უახლოეს დღეებში გადაეცემა სააკაშვილის ადვოკატებს. ფაქტობრივად, მზადაა სარჩელიც, რომელიც სასამართლოში მომდევნო კვირაში შევა.
ხელისუფლებამ ტონი აშკარად შეცვალა, საქართველოს პრეზიდენტიც კი, რომელსაც ეკუთვნის ფრაზები, „არა და არასოდეს“, მიხეილ სააკაშვილის მძიმე მდგომარეობაზე ალაპარაკდა, _ ერთი მხრივ განაცხადა, რომ დაუშვებელია, მესამე პრეზიდენტი მოკვდეს ციხეში, მეორე მხრივ კი სასამართლოს პრეროგატივად გამოაცხადა გადაწყვეტილების მიღება.
რა შეიძლება მოხდეს?
გაუშვებენ თუ არა მიხეილ სააკაშვილს?
ამ კითხვაზე ცალსახა პასუხი ჯერ არ არსებობს, თუმცა ჩემი წყაროს ინფორმაციით, სააკაშვილის საკითხზე ბიძინა ივანიშვილი ამ დღეებში სალომე ზურაბიშვილს შეხვდება.
შეწყალება თუ სასჯელის გადავადება?
ერთიც ლეგიტიმურია და _ მეორეც.
სალომე ზურაბიშვილს შეუძლია, სააკაშვილი კანონიერ ძალაში შესულ ორ განაჩენზე შეიწყალოს. მიმდინარე ორ საქმეზე მას წინასწარი პატიმრობა შეფარდებული არ აქვს, ამიტომ შეწყალების აქტის გამოცემისთანავე სააკაშვილი თავისუფალი იქნება.
დაბრუნება თუ არა მიხეილ სააკაშვილი ქართულ პოლიტიკაში?
ამ ეტაპზე ცალსახად შეიძლება ვთქვათ, რომ _ არა.
პატიმრობის ერთმა წელმა მკაფიოდ დაანახა, რომ მას პოლიტიკაში არც მეგობრები ჰყავს, არც პარტნიორები და არც თანამოაზრეები.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზეა. ახლა მთავარი ამოცანა მისი ფიზიკური გადარჩენაა.
მანამდე კი, დეკემბერში, მიშას პარტიაში თავმჯდომარის არჩევნებია განახლების ლოზუნგით, წარსულში დაბრუნებას გვთავაზობენ. ვანო მერაბიშვილი და დავით კეზერაშვილი არაფორმალური მმართველის ახალ წესს ჯერ მხოლოდ მთავარ ოპოზიციურ პარტიაში ამკვიდრებენ, გაზაფხულზე კი თავმჯდომარის პოსტს თავად ვანო მერაბიშვილი დაიკავებს. ეს იმ შემთხვევაში, თუ თავმჯდომარის არჩევნები ლევან ხაბეიშვილმა მოიგო, თუ ნიკა მელია დარჩა პოსტზე, მაშინ, როგორც ჩანს, ენმ კიდევ ერთხელ დაიშლება და, სავარაუდოდ, ეს დაშლა მოშლის ტოლფასი იქნება.