ნონა მამულაშვილი: „სააკაშვილი უნდა განთავისუფლდეს, როგორც რუსეთის ტყვე! ვაპირებ, შევხვდე პრეზიდენტ ზელენსკის“

ირინა მაკარიძე

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატი, ნონა მამულაშვილი, აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი რუსეთის ტყვეა და მისი გამოხსნა ისე უნდა მოხდეს, როგორც ტყვეების გაცვლა ხდება.

იყო თუ არა ეს მხოლოდ პოლიტიკური განცხადება, თუ რეალურად აპირებს იგი ამ მიმართულებით ნაბიჯების გადადგმას? _ ამის შესახებ ნონა მამულაშვილი „ქრონიკა+“-ს ესაუბრა:
_ ეს არ იყო მხოლოდ პოლიტიკური განცხადება. ვაპირებ, წერილითაც მივმართო პრეზიდენტ ზელენსკის, ადგილზეც ჩავიდე და ვცადო, რომ შევხვდე. ვფიქრობ, რომ ილუზია აღარ დარჩა არავის, არც დასავლეთსა და არც უკრაინას, რომ საქართველოს ხელისუფლება უკვე ღია რუსულ თამაშს თამაშობს. აბსოლუტურად ყველა ქმედებასა და განცხადებაში ნათლად ვხედავთ, რომ აღარც ერიდებიან ამის დაფიქსირებას. მიხეილ სააკაშვილის ბედი არის რუსეთის ხელში, რუსეთი წყვეტს, ამ ადამიანს, რა მოუვა. აღსანიშნავია, რომ ეს ადამიანი არის უკრაინის მოქალაქე. უკრაინა გახლავთ ქვეყანა, რომელიც იღებს პასუხისმგებლობას საკუთარ მოქალაქეებზე. უკვე არაერთხელ მოვისმინეთ უკრაინის ხელმძღვანელობის განცხადება, რომ მიხეილ სააკაშვილი უნდა გადაიყვანონ ჰუმანიტარული მისიით უკრაინაში ან ნებისმიერ სხვა ქვეყანაში და გადაარჩინონ მისი სიცოცხლე. ვფიქრობ, უკრაინის მოქალაქე როდესაც იმყოფება ტყვეობაში, აქ მისი გამოხსნა მხოლოდ ტყვეების გაცვლის პრინციპით შეიძლება მოხდეს.
_ როგორ წარმოგიდგენიათ ამის რეალურად განხორციელება ან პრეზიდენტის ვინმეში გაცვლა?
_ თუ ამ წინადადებას განიხილავს, მაშინ ეს უკვე უკრაინის გადასაწყვეტი იქნება, როგორ მოხდება და როგორი სახით დააყენებენ ამ მოთხოვნას. მე შემიძლია მხოლოდ ინიციატივა გავაჟღერო.
_ ეს ქმედება ხომ არ გაართულებს ამ გადაწყვეტილების საქართველოს დონეზე მიღებას?
_ ამაზე საქართველოს რა რეაქცია ექნება, წინასწარ ვერ ვიფიქრებ. საქართველოს ხელისუფლებას რეაქცია უკვე ჰქონდა, როდესაც ზელენსკის განცხადებასა და თხოვნას, რომ მისი მოქალაქე დააბრუნოს უკრაინაში ან გააგზავნოს ნებისმიერ სხვა ქვეყანაში, მისი სიცოცხლის გადასარჩენად, უმნიშვნელო უწოდეს. მის ნებისმიერ თხოვნას ითვალისწინებს მსოფლიოს უდიდესი სახელმწიფოები, რადგან უკრაინა დღეს დგას მსოფლიო დემოკრატიის დასაცავად, იცავს არა მხოლოდ უკრაინის დამოუკიდებლობას, არამედ დემოკრატიულ სამყაროს. ამ ფონზე საქართველოს ხელისუფლება რას იტყვის, უკვე ყველაზე ნაკლებად საინტერესოა დასავლეთისა და უკრაინისთვის. ამიტომ პირდაპირ უნდა ელაპარაკონ იმ პირებს, ვისი დავალებითაც ეს ადამიანი არის დატყვევებული.
_ სასამართლოს მიმართ იყო განსაკუთრებული მოლოდინი, მათ შორის, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მხრიდანაც გაკეთდა განცხადება ამაზე. თქვენ რა გაიგეთ ამ პროცესისგან და შემდეგ ხელისუფლების წარმომადგენლების რეაქციებისგან?
_ არ ვიცი, სასამართლოს მიმართ ვის რა მოლოდინი ჰქონდა, ეს ფუჭი მოლოდინია. ილუზიაა, რომ ხელისუფლება, რომელიც არანაირად არ იზიარებს ჩვენი დასავლელი პარტნიორების განცხადებებს და ლანძღვას აბსოლუტურად ყველას, გარდა რუსეთისა, ჩვენ არ გაგვიგია მათგან ერთი აუგად ნათქვამი სიტყვა რუსეთისა და მისი პრეზიდენტის მიმართ, სასიკეთო ნაბიჯს გადადგამს და მიხეილ სააკაშვილს, რომელიც პუტინის პირველი მტერია, გაათავისუფლებს. გადაჭარბებული მოლოდინი აქვთ იმ ადამიანებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ რუსული დაკვეთების შემსრულებელი ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილს გაათავისუფლებს.
_ რაც შეეხება თქვენს საქმიანობას, თქვენ დატოვეთ პარლამენტი და „ნაციონალური მოძრაობა“, თუმცა შემდეგ ჩაერთეთ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის საარჩევნო კამპანიაში. რას იტყვით თქვენს გეგმებზე ამ მიმართულებით?
_ დღეს, როდესაც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამდენად მძიმეა, ძალიან რთულია ახლა საარჩევნო კამპანიასა და გეგმებზე საუბარი. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია. კარგია, რომ პროცესები დაიწყო და პარტიამ გადადგა ნაბიჯი, რომ სტაგნაციას დააღწიოს თავი, მაგრამ ახლა ჩვენი ყველა გეგმა დაკავშირებულია მიხეილ სააკაშვილთან და იმასთან, რომ მისი სიცოცხლე გადავარჩინოთ.
მგონი, ყველა შეგნებული ადამიანი ხვდება ამას, რომ აქ პიროვნება მიხეილ სააკაშვილზე არ არის საუბარი, ის არის ქვეყნის მესამე პრეზიდენტი. მას თუ რამე მოუვა, ეს ქვეყანას ძალიან დიდ დაღს დაასვამს, ურთულეს მდგომარეობაში აღმოვჩნდებით, რომელსაც საქართველო ძალიან რთულად გადაიტანს და მომავლის პერსპექტივას დაგვაკარგვინებს. შესაბამისად, ახლა მთელი ყურადღება გადატანილი მაქვს იმაზე, რომ პრეზიდენტი არ მოკვდეს.
_ დაბოლოს, თუ არის რამე, რაც ამ ვითარებაში იმედს გაძლევთ?
_ ადამიანი კვდება და პირიქით, დასცინიან, რომ იგი რაღაც სპექტაკლს დგამს. ემპათიის ნაკლებობა და სიტუაციის გაუაზრებლობა, რაც ამ ხალხის ქმედებებში ჩანს, არაფრის იმედის ადგილს არ ტოვებს.
რასაც ეს ხალხი სჩადის, არის მიმართული არა მხოლოდ პიროვნება მიხეილ სააკაშვილის, არამედ ქვეყნის წინააღმდეგ.
მიხეილ სააკაშვილს დღეს ზვიად გამსახურდიასგან რეალურად მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ის ჯერ არ მომკვდარა. ეს იქნება ქვეყნისთვის ტრაგედია, თუ მსგავსი რამ კიდევ განმეორდა საქართველოს 30-წლიანი დამოუკიდებლობის ისტორიაში. ჩვენ უნდა ვხვდებოდეთ, რომ ამ მდგომარეობიდან გამოსვლა ჩვენთვის იქნება წარმოუდგენლად რთული მორალურადაც, პოლიტიკურადაც და ყველა სხვა დანარჩენი ასპექტის გათვალისწინებით. ამიტომ ეს არ უნდა დავუშვათ. ჩვენი ბოლო იმედია დასავლეთი, უკრაინა, რომ მათ მოახდინონ სათანადო ზეწოლა ივანიშვილის ხელისუფლებაზე, რომ ეს ადამიანი გავიდეს ამ ქვეყნიდან და ფიზიკურად გადარჩეს.