ნინო გოგუაძე: „ქართული ოცნება“ რუსეთის ვასალივით იქცევა“

ნენე ინჯგია

„არა ბოლშევიკურ წმენდას!“ _ 21 იანვარს საქართველოს კულტურის სამინისტროსთან აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები სამინისტროს მიერ ხელოვნების მუზეუმსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში დაწყებულ რეორგანიზაციას აპროტესტებდნენ. თეა წულუკიანის რეპრესიული პოლიტიკა გააპროტესტეს პოლიტიკურმა პარტიებმაც, მათ შორის იყო „დროა“.

რა იყო აქცის მთავარი მოთხოვნა? რა შემთხვევაში შეწყდება რეპრესიული პოლიტიკა? რატომ არ არის საზოგადოება საკმარისად აქტიური?

ამ თემების შესახებ „ქრონიკა+“ „დროას“ ერთ-ერთ ლიდერ ნინო გოგუაძეს ესაუბრა:

_ ქალბატონო ნინო, რა იყო აქციის მთავარი მოთხოვნა და რატომ არის მნიშვნელოვანი მსგავსს საპროტესტო აქტივობებში მოსახლეობის ჩართულობა?

_ აქტივობა და სოლიდარობა ყოველთვის მნიშვნელოვანია. ეს არის თვითონ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი. ეს აქცია ეხებოდა სოლიდარობას იმ ადამიანების მიმართ, რომელთა წინააღმდეგაც თეა წულუკიანმა რეპრესიული პოლიტიკური ნიშნით დევნა გამოიყენა და გააძევა მუზეუმიდან, ძეგლთა დაცვის სააგენტოდან და ა. შ. ეს იყო, ერთი მხრივ, სოლიდარობისა და, მეორე მხრივ, საპროტესტო აქცია იმ ავტორიტარული საბჭოთა მეთოდების წინააღმდეგ, რომელსაც ეს ხელისუფლება საერთოდ მიმართავს, მაგრამ განსაკუთრებით უხამსად ამას თეა წულუკიანის მეშვეობით კულტურის სამინისტროში აკეთებს. სოლიდარობა ყოველთვის მნიშვნელოვანია, ავტოკრატიასთან ბრძოლა რთულია, მაგრამ მასთან შეგუება დაუშვებელია. ძალიან კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს კონკრეტული ადამიანების პრობლემა კი არ არის, არამედ ზოგადად მთელი საზოგადოების პრობლემაა. როდესაც შენ გვერდით სხვა ადამიანს უსამართლოდ ექცევიან, საზოგადოება აუცილებლად გვერდით უნდა დაუდგეს მას, თუ ჩვენ ვართ საზოგადოება და ხელისუფლებას უნდა გავაგონოთ ჩვენი ხმა, რომ ჩვენ საზოგადოება ვართ. ჩვენ გვაქვს უნარი, დავიცვათ ადამიანი, საზოგადოების წევრი, დავიცვათ ჩვენი ღირსება, რადგან როდესაც სხვა ადამიანს ღირსებას ულახავენ, შეურაცხყოფას აყენებენ, ეს პირდაპირ ჩვენი ღირსების საქმე უნდა იყოს. რა თქმა უნდა, ადამიანის სიცოცხლე უნდა დავიცვათ. ასე რომ, ეს აქცია იყო ორმაგი მნიშვნელობის: ერთი მხრივ, სოლიდარობის, მეორე მხრივ კი საპროტესტო აქცია იმ რეპრესიების წინააღმდეგ, რომელსაც მიმართავს ეს ხელისუფლება _ საბჭოთა კავშირის საუკეთესო ტრადიციებით ათავისუფლებს ადამიანებს ამა თუ იმ სფეროდან. მას უნდა, რომ თავისუფალი ადამიანებისგან დაიცალოს როგორც კულტურის, ასევე მეცნიერების, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების ყველა სფერო. თუ ასეთი რამ მას გაუვიდა, მაშინ პოლიტიკური პროცესი და საზოგადოება დაუძლურდება. ეს არ უნდა დავუშვათ, ამიტომ უნდა გვესმოდეს, რომ ყოველ ასეთ შემთხვევაზე გვქონდეს ძალიან მძაფრი რეაქცია და რაც მთავარია, სოლიდარობა, სოლიდარობა, სოლიდარობა!!! სამწუხაროდ, საზოგადოება იმდენად გადაღლილი და გამოფიტულია, რომ დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი ადამიანია გაბრაზებული, ძალიან ბევრს არ მოსწონს ის, რაც ხდება. ისინი სოლიდარობის სხვადასხვა ფორმას ირჩევენ, გარეთ გამოსვლა ბევრს უჭირს, მაგრამ მიუხედავად ამისა, სოლიდარობა აუცილებელია და თან გადამდებია. ჩვენ თუ გვინდა, რომ საერთოდ საზოგადოება ვიყოთ, დიახ, უნდა ვისწავლოთ ერთმანეთის სოლიდარობა, ადამიანების დაცვა, ჩვენი კულტურისა და ისტორიის დაცვა, ასევე უნდა ვისწავლოთ ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა საბჭოთა ზომბებისგან.

_ თქვენ აღნიშნეთ, რომ გარეთ გამოსვლა ბევრს უჭირს, ძირითადად, სოციალურ ქსელში პოსტებითა და კომენტარებით შემოიფარგლება და ამ ფორმით აპროტესტებს. როცა ავტოკრატიულ რეჟიმზე ვსაუბრობთ, ამ ტიპის რეჟიმი მხოლოდ ინტერნეტსივრცეში აქტივობით ვერ შეიცვლება. რით აიხსენება მოსახლეობის ინერტულობა?

_ მესმის, რასაც ამბობთ. არასდროს გადამაქვს აქცენტი საზოგადოებასა და მოქალაქეებზე. ისიც ძალიან კარგად მესმის, რომ საზოგადოება გამოიფიტა, ამ პანდემიის, ეკონომკური სიდუხჭირის, წარუმატებლობის, ყოველდღიური საშინელი ახალი ამბების ფონზე, რაზე მოახდინოს რეაქცია, უკვე აღარ იცის. მაგრამ ავტორიტარულ რეჟიმს სჭირდება არა მხოლოდ სოციალური ქსელით გამოხატული პროტესტი, არამედ ფიზიკურად დაინახოს რაც შეიძლება ბევრი ადამიანი. 21 იანვარს კულტურის სამინისტროსთან გამართულ აქციაზე არ იყო ცოტა ადამიანი, მით უმეტეს, ეს არ იყო სახელდახელოდ დაგეგმილი აქცია, მაგრამ გაცილებით მეტი ადამიანი უნდა გამოვიდეს და ეს პროტესტი უნდა იყოს მზარდი. ავტოკრატიასთან ბრძოლა ძალიან რთულია, დემოკრატიაში პროტესტს მოაქვს შედეგი, ხელისუფლება მოქალაქეების აზრს უწევს ანგარიშს და ყურადღებას აქცევს, ავტოკრატიაში კი ეს არ ხდება. ავტოკრატია ძალიან უხეშ მოქმედებებზე გადადის და ამბობს, რომ რასაც მინდა, იმას გავაკეთებ და ამის დემონსტრირებას ახდენს. ამას კი არ უნდა შეეგოუ, დანებდე და ნიჰილიზმმა კი არ შეგიპყროს, ხელები კი არ უნდა ჩამოყარო, პირიქით _ უნდა იცოდე, რომ ამასთან შეგუება დანაშაულია. ეს არ უნდა გაუვიდეს ამ ხელისუფლებას, თორემ საბჭოთა წარსულში დავბრუნდებით, რასაც ამ ქვეყნის მოქალაქეები, დარწმუნებული ვარ, არ დავუშვებთ. უფრო მეტი აქტიურობა გვმართებს ყველას იმისთვის, რომ გავიაზროთ, რა საშიშროების წინაშე ვდგავართ. მთელ მსოფლიოში ახლა ღირებულებითი ომია, ცივი ომის პირას არის მისული. დასავლეთისა და რუსეთის რიტორიკა უკვე ძალიან ჰგავს ცივი ომის რიტორიკას, უკრაინის მოვლენებს ბერლინის კედელს ადარებენ ხოლმე. დასავლეთის პოზიცია არის ძალიან მყარი, რუსეთის პოზიცია არის ზუსტად საბჭოთა იმპერიის მმართველის პოზიცია: მე მაქვს ჩემი გავლენის სფეროები, სადაც დემოკრატია საერთოდ არ მჭირდება. 21 იანვარს პუტინმა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, რომ დააბალანსეთ დროზე პოლიტიკაო. ძალიან კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის ღირებულებითი ომი და ჩვენ ამ ომში უნდა ვიყოთ ცივილიზებულ სამყაროსთან ერთად, თუ გვინდა, რომ ვიყოთ განვითარებული, დემოკრატიული, სამართლებრივი სახელმწიფო, სადაც ადამიანს ექნება ფასი, ადამიანი იქნება ღირებულება და არა საბჭოთა კავშირი, სადაც თავისუფალი აზრი არ არსებობს, სადაც ადამიანი ღირებულება კი არ არის, არამედ ხელისუფლების საშენი მასალა, ჭანჭიკია. ჩვენმა საზოგადოებამ კარგად უნდა გაიაზროს, რომ ყველა ეს დაპირისპირება არის დაპირისპირება დემოკრატიასა და ტოტალიტარიზმს შორის. როგორ სახელმწიფოში გვინდა ცხოვრება, ამაზე სიტყვიერად ყველა შეთანხმებული ვართ. არავის უნდა რეპრესიულ, პერსპექტივის გარეშე მქონე, ტოტალიტარულ სახელმწიფოში ცხოვრება, სადაც კომისრები განსაზღვრავენ, რა უნდა იფიქრო, როგორ უნდა მოიქცე, რა უნდა თქვა, სადაც არის მხოლოდ ერთი აზრი, სადაც ადამიანები ფიქრობენ ერთს, ამბობენ მეორეს. ასეთ სახელმწიფოში ჩვენ უკვე ვიცხოვრეთ და ახლა გვაბრუნებენ უკან. არც მალავენ, რომ პოლიტიკური ნიშნით ათავისუფლებენ ამ ხალხს. თეა წულუკიანს რომ გაუბედეს და პეტიცია შეადგინეს მუზეუმის თანამშრომლებმა, ამ პეტიციაზე ხელმოწერის გამო უშვებენ ადამიანს, _ კარგად უნდა გავიაზროთ, რა დრო დადგა ქვეყანაში. მათ შორის, ჩვენი საზოგადოებისა და მოქალაქეების აქტიურობაზეა დამოკიდებული, როგორი ქვეყანა გვექნება ხვალ.

_ იმის გათვალისწინებით, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება საკმაოდ ლოიალურია რუსეთის მიმართ და სულ უფრო დისტანცირდება დასავლეთისგან, ეს რა ტიპის საფრთხეს ქმნის?

_ ძალიან კარგად უნდა გვესმოდეს, რომ უკრაინაზე გადის საქართველოს მომავალი. უკრაინაში რა პროცესებიც მოხდება, ის ნამდვილად აისახება იმაზე, თუ რა გაგრძელება ექნება საქართველოს. გარდა ამისა, როგორ შეიძლება, იმ ქვეყანას, რომელიც შენი სტრატეგიული მოკავშირეა, შენი მეგობარი ქვეყანაა, რომელთანაც ამდენი რამ გაკავშირებს, რომელიც შენთან ერთად იყო აფხაზეთის ომში და ყველა კრიტიკულ წამს უკრაინა გვედგა გვერდით, _ ასეთ დროს ამ ქვეყნის მიმართ ასეთი პასიური პოზიცია გქონდეს?! როდესაც უმაღლესი რანგის დასავლელი პოლიტიკოსები უკრაინასთან ერთად ახსენებენ საქართველოს და ამ დროს საქართველოს ხელისუფლება დუმს, თითქოს ეს პროცესები მას არ ეხებოდეს, არანაირი სოლიდარობის მესიჯიც კი არ გაუგზავნიათ უკრაინისთვის, ეს არის სამარცხვინო, საშინელება და რაც მთავარია, ვინც თავს იტყუებს იმით, რომ ამით რუსეთს არ გავაღიზიანებთ და ასე ჩუმად თუ ვიქნებით, ჩვენ სადღაც გავძვრებით და დავიცავთ ჩვენ უსაფრთხოებასო, ეს არის თავის მოტყუება, ეს არის კონფორმიზმი, რადგან კარგად უნდა გვესმოდეს, რომ რუსეთს ვერაფრით გადავურჩებით. ჩვენს ინტერესში უნდა იყოს, რომ უკრაინასთან ერთად საქართველო ისმოდეს რაც შეიძლება ხშირად საერთაშორისო ტრიბუნებზე, დასავლეთის დღის წესრიგში უკრაინასთან ერთად უნდა იყოს საქართველო. ის ქმედებები, რასაც საქართველოს ხელისუფლება სჩადის, დამაზიანებელია სწორედ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისთვის, დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის. 21 იანვარს, ამ კრიტიკულ სიტუაციაში, როდესაც ევროპარლამენტის დელეგაცია უნდა ჩამოსულიყო საქართველოში, პარლამენტის თავმჯდომარე პაპუაშვილმა მათ უთხრა, რომ ძალიან დაკავებულია და ეს ვიზიტი გააუქმა.

_ პარლამენტის თავმჯდომარე პაპუაშვილის ამ კონკრეტული ქმედებით რა გამოვლინდა?

_ ნაცვლად იმისა, თვითონ დადიოდნენ ევროპასა და ამერიკაში, აქუხებდნენ საქართველოს საკითხის, განგაშს ტეხდნენ, რომ ჩვენს ქვეყანას საფრთხე ემუქრება და ჩვენ უნდა ვიყოთ საერთო უსაფრთხოების ქოლგის ქვეშ, ესენი ევროპარლამენტარებს უარს ეუბნებიან საქართველოში დაგეგმილ ვიზიტზე, ამაზე ნათელი მესიჯი რა შეიძლება იყოს?! ჩვენს მოქალაქეებს მინდა, კიდევ ერთხელ ხმამაღლა ვუთხრა, რომ გაიაზრონ ის საშიშროება, რაშიც ვიმყოფებით, გაიაზრონ ის, რომ ჩვენი ქვეყანა სულ უფრო და უფრო მეტად წყდება ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეს ამ ხელისუფლების ხელით, სულ უფრო მივექანებით იმ გავლენის ორბიტაზე, რომელიც პუტინმა მოუხაზა დასავლეთს, იგივე თუნდაც იმით, რომ მოსთხოვა ბუქარესტის სამიტის ანულირება და ის, რომ საქართველოსა და უკრაინისთვის გაკეთებული ჩანაწერი, რომ უკრაინა და საქართველო აუცილებლად გახდებიან ნატოს წევრები, ეს ყოფილიყო ამოღებული. სამწუხაროდ, ჩვენი ხელისუფლება იქცევა არა როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს ხელისუფლება, არამედ როგორც რუსეთის ვასალი.

_ ეს არის „ქართული ოცნების“ მიზანმიმართული პოლიტიკა?

_ დარწმუნებული ვარ, რომ ეს მიზანმიმართული პოლიტიკაა, ამას დიდი ხანია ვამბობ, დღეს პირველად არ მილაპარაკია ამაზე, დიახ, მიზანმიმართული პოლიტიკაა, რომ საქართველო მოწყდეს ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეს და დაბრუნდეს რუსეთის ორბიტაზე! სწორედ, ამიტომ არ ტარდება დემოკრატიული რეფორმები, ამიტომ არ გვაქვს დამოუკიდებელი სასამართლო, არჩევნებს დაუკარგეს თავისი შინაარსი და ბიძინა ივანიშვილს რაც უნდა, იმას გვიწერს ხოლმე არჩევნებზე. ყველა ეს დემოკრატიული ინსტიტუტი უნდა დავიბრუნოთ! დიახ, არჩევნები უნდა დავიბრუნოთ და მას მივანიჭოთ ის მნიშვნელობა, რაც არჩევნებში დევს. უნდა შევქმნათ დამოუკიდებელი სასამართლო, რადგან თუ არ იქნება სასამართლო, ამ ქვეყანაზე არ იქნება არც მშვიდობა, არც კეთილდღეობა, არც ინსტიტუტები იმუშავებს, არც კანონის უზენაესობა იქნება და ყველა ადამიანი გახდება დაუცველი. ამით განსხვავდება დემოკრატია ავტორიტარიზმისა და ტოტალიტარიზმისგან. იქ განმსაზღვრელია პარტიის ნება და არ არსებობს სამართალი, ხოლო დემოკრატიულ სახელმწიფოებში ინსტიტუტები მუშაობს, არსებობს დამოუკიდებელი სასამართლო და სწორედ ადამიანი და მისი უფლებებია მთავარი საზრუნავი სახელმწიფოსთვის. ჩვენ გადაგვარჩენს სოლიდარობა ერთმანეთის მიმართ, რადგან როდესაც სახელმწიფო ასე იქცევა, მოვალეები ვართ, რომ ერთმანეთის სოლიდარულები ვიყოთ, ამ პროცესში თავიდან უნდა დაიბადოს ქართული საზოგადოება, რომელიც ისწავლის თავისი წევრის დაცვას, დამოუკიდებელი ადამიანის დაცვას, თავისუფლების, კულტურის, ისტორიის, ადამიანის სიცოცხლის დაცვას! დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო არის თავისუფალი მოქალაქეების ქვეყანა და საზოგადოება. თუ ასე არ არის, მაშინ ვიქნებით მოსახლეობა, რომელსაც საბჭოთა კომისრები მართავენ ძალაუფლების შენარჩუნებს მიზნით.