ნიკა ჩიტაძე: „თვალთმაქცობს არა მიხეილ სააკაშვილი, არამედ – სალომე ზურაბიშვილი, რომელიც თამაშობს პროევროპულობას, მაგრამ არ იწყალებს მესამე პრეზიდენტს“

ირინა მაკარიძე

ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, მესამე პრეზიდენტის პატიმრობასა და უკრაინასთან გამწვავებულ, ხოლო რუსეთთან დამთბარ ურთიერთობებზე „ქრონიკა+“-ს ესაუბრება პოლიტოლოგი, შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორი, ნიკა ჩიტაძე:

_ არჩევნები „ნაციონალურ მოძრაობაში“ სხვა დროსაც ჩატარებულა, მაგალითად, პრაიმერიზი 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ, როდესაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დავით ბაქრაძე წარადგინა პრეზიდენტობის კანდიდატად. რამდენიმე წლის წინ ჩატარდა არჩევნები, როდესაც ერთმანეთის კონკურენტები იყვნენ ნიკა მელია და ლევან ვარშალომიძე, ცივილიზებულ ფარგლებში ჩატარდა არჩევნები და როდესაც დასრულდა, ლევან ვარშალომიძემ მიულოცა ნიკა მელიას არჩევნებში გამარჯვება. რაც შეეხება ახლანდელ არჩევნებს, სამწუხაროდ, შავი პიარი ჭარბობს. აქ კანდიდატები ერთმანეთის მწვავე კონკურენტებად გვევლინებიან, მიუხედავად იმისა, რომ თანაპარტიელები არიან და იდეოლოგიურად საერთო პლატფორმაზე დგანან. სამწუხაროა, რომ კონკურენცია გასცდა დადგენილ ჩარჩოებს და დაპირისპირებაში გადაიზარდა. ეს ნეგატიურად აისახება „ნაცმოძრაობის“ საქმიანობასა და მთლიანად ოპოზიციური სპექტრის პოლიტიკურ ცხოვრებაზე. თუ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეინარჩუნა ერთიანობა, შეიძლება ითქვას, რომ პარტია გაძლიერებული გამოვა ამ პროცესიდან, მაგრამ თუ ეს ვერ მოხერხდა, ეს დარტყმა იქნება არა მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობისთვის“, არამედ შეასუსტებს ოპოზიციურ ფრონტს.
_ ქართულ პოლიტიკურ სპექტრში, სხვა პარტიებში თუ გვინახავს ასეთი მაღალი ჩართულობით შიდა არჩევნები, თუ შეგიძლიათ გაიხსენოთ?
_ 56 ათასი ადამიანი დარეგისტრირდა ამომრჩევლად და ჩანს, რომ ინტერესი მაღალია ამ არჩევნების მიმართ. ამ რაოდენობის ადამიანი არ მახსოვს, რომ სხვა დროს ჩართული ყოფილიყოს შიდაპარტიულ არჩევნებში.
„ქართულ ოცნებაში“ ეს რომ არ მოხდება, ცხადია, მაგრამ ოპოზიციურ პარტიებში, შესაძლებელია. მაგალითად, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „გირჩი _ მეტი თავისუფლება“, „დროა“ დემოკრატიულ პრონციპებზე შექმნილი პარტიებია და არ არის გამორიცხული, რომ მომავალში ამ პარტიებშიც ჩატარდეს არჩევნები, განსხვავებით „ქართული ოცნებისა“, სადაც ვერ შეძლებენ პარტიის თავმჯდომარის არჩევას. ვისზეც გადაწყვეტს ბიძინა ივანიშვილი, მას აირჩევენ პარტიის თავმჯდომარედ, გენერალურ მდივნად და ა. შ.
_ რამდენად აქვთ მორალური უფლება იმ პარტიის წარმომადგენლებს, იქილიკონ „ნაციონალურ მოძრაობაზე“, რომლებსაც თვითონ არასდროს აურჩევიათ თავისი პარტიის თავმჯდომარე?
_ ბევრი რამის უფლება არ აქვთ, მაგრამ ამის უფლებას მაინც აძლევენ თავს. არც იმის უფლება აქვთ, საქართველო ააცდინონ ევროპული განვითარების გზას, მაგრამ ამას მაინც აკეთებენ.
_ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიუხედავად მისი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობისა, პატიმრობაში რჩება, რას იტყვით ამის შესახებ?
_ ძალიან მტკივნეული საკითხია, რაც ხდება მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით. მისი პრეზიდენტობის დროს ბევრი რეფორმა განხორციელდა, გაძლიერდა სახელმწიფო ინსტიტუტები, სამწუხაროდ, იყო შეცდომებიც, რა თქმა უნდა, მაგრამ ის ნამდვილად არ იმსახურებს იმ მოპყრობას, რასაც მის მიმართ ვხედავთ. თვალთმაქცობს არა მიხეილ სააკაშვილი, არამედ დღევანდელი პრეზიდენტი, რომელიც თამაშობს პროევროპულობას, მაგრამ არ იყენებს მის ხელთ არსებულ ბერკეტს და არ იწყალებს მესამე პრეზიდენტს. ევროპარლამენტარმაც მიიღო რეზოლუცია, რომელსაც თითქოს „ჩალის ფასი“ აქვს. როგორც კობახიძე და სხვები ამბობენ, სახელმწიფო დეპარტამენტმა გააკეთა განცხადება, აშშ-ს საელჩომაც არაერთი განცხადება გააკეთა ამ საკითხზე, რომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ადეკვატური გადაწყვეტილება უნდა მიიღონ, მაგრამ არაფერს ითვალისწინებენ.
_ ამ ვითარებაში, როდესაც სამედიცინო ექსპერტებმა დაადასტურეს, რომ მიხეილ სააკაშვილს აქვს ის დიაგნოზები, რომლებიც ითვალისწინებს სასჯელის მოხდისგან განთავისუფლებას, რამდენად გაქვთ მოლოდინი, რომ სასამართლო მიიღებს ადეკვატურ გადაწყვეტილებას?
_ სამწუხარო რეალობაა, რომ საქართველოში არ არის დამოუკიდებელი სასამართლო და აქედან გამომდინარე, სასამართლო ელოდება გადაწყვეტილებას, რომელსაც მიიღებს ხელისუფლება. ამიტომაც პროცესები ჭიანურდება, რა დროსაც მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმდება.
_ ევროსაბჭოს რეზოლუციაში, სადაც სხვა ქვეყნებთან ერთად საქართველოს შესახებაც არის საუბარი, კვლავ მითითებაა 12-პუნქტიანი რეკომენდაციის შესრულებაზე, რომლის ერთ-ერთი მთავარი პუნქტიც დეპოლარიზაციაა. როგორ ფიქრობთ, შესაძლებელია ქვეყანაში ამ პოლარიზაციის შენელება?
_ დეპოლარიზაციის შანსი ნაკლებია, „ქართული ოცნების“ მხრიდან ისევ არის საუბარი „სისხლიან 9 წელზე“, „ნაციონალური მოძრაობის“ ლამის ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებაზე. ასევე აცხადებენ, რომ პროდასავლური, ოპოზიციური პარტიები ყველა „ნაციონალები“ არიან. ამ დროს მმართველი ძალა ლოიალურია პრიორუსული პარტიების „ალტ-ინფოსა“ და მოძალადე ჯგუფების მიმართ. არანაირ დეპოლარიზაციაზე „ქართული ოცნება“ არ მიდის, პირიქით, რადიკალური ჯგუფები მიუგზავნეს ქვეყნის პრეზიდენტს, როდესაც პოლიციას არ ჰქონდა გამაგრებული პრეზიდენტის ადმინისტრაცია, რომ სალომე ზურაბიშვილს არ შეეწყალებინა ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობაში მყოფი მესამე პრეზიდენტი.
გარდა ამისა, იქ არის დეოლიგარქიზაციის პუნქტი, „ქართულ ოცნებას“ არ სურს აღიაროს, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ჩრდილოვანი მმართველი. „ოცნება“ აცხადებს, რომ ის არის მეცენატი.
_ დასავლურ მედიაში გამოქვეყნდა ბიძინა ივანიშვილის ადვოკატების პრესრელიზი შვეიცარიულ ბანკ ჩრედიტ შუისსე-სთან არსებული შვიდწლიანი დავის შესახებ. წერილში აღნიშნულია, რომ ბიძინა ივანიშვილი იმყოფება არაფორმალური სანქციების ქვეშ. რას იტყვით ამის შესახებ და სამართლებრივი საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადატანა ხომ არ ხდება სწორედ პროპაგანდისტული მიზნით, რომ ზეწოლა სწორედ „მეორე ფრონტის“ გახსნის მოთხოვნით ხდება, როგორც ამას მმართველი უმრავლესობის წარმომადგენლები აცხადებენ?
_ დიახ, სწორედ ასეა და სამწუხაროა, რომ ხალხი ტყუვდება. ძალიან ბევრია ისეთი ადამიანი, რომელიც ამ პროპაგანდას იჯერებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ აგვარიდა ომი. ისევე როგორც, თავის დროზე, საზოგადოების დიდმა ნაწილმა დაიჯერა, რომ ბენზინზე ფასები შემცირდებოდა ერთი ლარით, კომუნალური გადასახადები განახევრდებოდა, 5 მილიონს მიიღებდა თითოეული სოფელი საქართველოში. ეს გრძელდება, ბევრმა არ გამოიტანა დასკვნა იმ ტყუილებიდან და თაღლითობიდან, რასაც პირადად ბიძინა ივანიშვილისს და მისი მომხრეები თუ მიმდევრები ეწევიან.
_ „ქართული ოცნების“ ლიდერები საუბრობენ „გლობალური ომის პარტიაზე“, ქმნიან მითებს, თითქოს მთელი სამყარო მუშაობს იმისთვის, რომ როგორმე საქართველო ომში ჩაითრიონ. ამაზე რას იტყვით, როგორ მუშაობს ეს პროპაგანდა?
_ „გლობალური ომის პარტია“, რასაც ასე მტკიცებით ფორმაში აცხადებენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, ცხადია, აბსურდია, მაგრამ „ქართულ ოცნებას“ ეს გასდის. როგორღაც ახერხებს დააჯეროს მოსახლეობა ამაში. ბევრს მიაჩნია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ აარიდა ქვეყანას ომი… ჰყავთ თავისი ნაყიდი ექსპერტები, რომლებიც ამაში აჯერებენ მოსახლეობას. თავის დროზე, 2012-ში, მე ვაფრთხილებდი საქართველოს მოსახლეობას, არ აერჩიათ „ქართული ოცნება“, რომ ეს იყო საფრთხე. მაშინ შემამკეს „მიშას ექსპერტად“ და „ნაციონალების მონად“, თითქოს ფულს მიხდიდნენ ამაში. ამ დღეში იყო ყველა, ვინც რაიმე კრიტიკულ აზრს გამოთქვამდა იმდროინდელი ოპოზიციის მიმართ. ახლა ხომ ჩანს, ვინ არის დამოუკიდებელი და ვინ _ არა? ე. წ. ინტელიგენციის რამდენი წარმომადგენელი ოფიციალურად იღებს თანხას ფონდი „ქართუდან“. ხელფასების რაოდენობა მერყეობს: ელდარ შენგელაიას მაგალითად, 5 ათას ლარს უხდიან, ვიღაცას 500 ლარს. არის ნაწილი ხალხი, რომელიც ტენდერებს „იგებს“ ახლად შექმნილი კომპანიებით, მაგალითად, გიგიშა, „უცნობის“ სიძე. ძალიან ბევრია ასეთი, რომლებიც ტენდერებს იგებენ, მერე რიცხავენ თანხას „ქართული ოცნების“ სახელზე. არის კატეგორია, რომელიც ფულს არ იღებს, მაგრამ, ვთქვათ, წინა ხელისუფლების დროს ვიღაც დააპატიმრეს მათი ოჯახიდან ან სახლობლოდან და ახლა ეშმაკიც რომ იყოს ხელისუფლებაში, ხმას არ იღებენ, ოღონდ „ნაციონალური მოძრაობა“ არ მოვიდეს. მნიშვნელობა არ აქვს, რატომ დააპატიმრეს, შეიძლება მკვლელი იყო და ქურდი, მაგრამ თვლიან, რომ ოჯახის წევრია და უნდა დაიცვან და განაცხადონ, რომ უდანაშაულოა. მე ვიცი, რომ ბევრი, ვინც დააპატიმრეს, იმსახურებდა ამას, მაგრამ ჩვენთან სახელმწიფო ინტერესებზე მაღლა დგას ოჯახური, კლანური ინტერესები.
_ „ქართულ ოცნებაში“ გამოცოცხლება მოყვა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადებას ავიამიმოსვლის აღდგენის შესახებ. როგორც ჩანს, „ოცნება“ დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენაზეც არ იტყვის უარს, თუკი რუსეთიდან იქნება ამის გადაწყვეტილება. რას იტყვით ამის შესახებ?
_ შეიძლება, დიპლომატიური ურთიერთობა არ აღადგინონ და ესეც იქნება თვალთმაქცობა. მოსახლეობის გასაგონად თქვან, რომ ნახეთ, ჩვენ რა პრინციპულები ვართ, სანამ ტერიტორიული მთლიანობა არ აღდგება, რუსეთთან დიპლომატიურ ურთიერთობას არ აღვადგენთ, მაგრამ, რეალურად, ყველა სახის ურთიერთობა რუსეთთან აღდგენილია. რაც შეეხება სავაჭრო ურთიერთობებს, 2022 წელს რუსეთსა და საქართველოს შორის ვაჭრობის მოცულობა გაიზარდა 52%-ით, ვაჭრობის მოცულობა აჭარბებს 2 ნახევარ მილიარდ დოლარს. ეს ნიშნავს, რომ გაიზარდა რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება, შესაბამისად, პოლიტიკური დამოკიდებულებაც. რუსეთის მოქალაქეებმა 15 ათასამდე ბინა შეიძინეს, გადმოირიცხა 2 მილიარდ დოლარზე მეტი და ახლა საქართველო იწონებს თავს, რომ თითქოს ეკონომიკური ზრდა აქვს, რეალურად ეს ხდება რუსეთიდან გადმორიცხული თანხების ხარჯზე. საუბარია იმაზეც, რომ აღდგეს საზღვაო კავშირები სოჭი-ბათუმის ბორანზე, თუმცა ქართული მხარე უარყოფს ამას, რომ არ გამოიწვიოს მოსახლეობის გაღიზიანება.
დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა არც არის საჭირო, როდესაც სავაჭრო ურთიერთობები სრულყოფილად არის აღდგენილი და ამ ურთიერთობების შედეგად, საქართველ სულ უფრო და უფრო ხდება რუსეთზე დამოკიდებული.
_ ჩNN-ის კითხვის პასუხად, რაც საქართველოს გავლით რუსეთში ტრანზიტს შეეხებოდა, ევროსაბჭოს პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, ამას დაარეგულირებს სანქციების მომდევნო პაკეტიო. ირაკლი კობახიძემ ამის პასუხად დაწერა, რომ ექსპორტი არაპროპორციულად არ გაზრდილა, თუმცა საუბარი ტრანზიტს შეეხებოდა და არა ექსპორტს. რა შეგიძლიათ ამის შესახებ თქვათ?
_ კობახიძემ განაცხადა, რომ მხოლოდ 7 პროცენტით გაიზარდა ექსპორტი რუსეთში. ეს არის აბსოლუტური ტყუილი. თუ სავაჭრო-ეკონომიკური ბრუნვა საქართველოსა და რუსეთს შორის გაიზარდა 52%-ით და 2 ნახევარ მილიარ დოლარს აჭარბებს, აქედან გამომდინარე, ექსპორტი მხოლოდ 7 პროცენტით ვერ გაიზრდებოდა. მაშინ გამოდის, რომ იმპორტი გაიზარდა, რაც ნიშნავს, რომ მთლიანად რუსულ საქონელზე ვართ დამოკიდებული. არსებობს სხვა ოფიციალური მონაცემებიც: საქართველოს საზღვარი გადაკვეთა 771 ათასმა სატვირთო ავტომობილმა, რომელსაც სხვადასხვა ტიპის ტვირთი გადაჰქონდა, მათ შორის, თურქეთიდან _ რუსეთში.
_ რას იტყვით უკრაინასთან შექმნილ დაძაბულობასა და მისი დროებითი წარმომადგენლის საგარეო უწყებაში დაბარების შესახებ?
_ სამწუხაროა, რომ უკრაინის დროებითი წარმომადგენელი საგარეო უწყებაში დაიბარეს. ამით „ქართულმა ოცნებამ“ ისევ და ისევ თავი მოაწონა რუსეთს. ეს იყო ლავროვის განცხადებაზე გამოხმაურების გაგრძელება. ლავროვის განცხადებას იწონებენ, ფრენების აღდგენაზე აჟიტირებული საუბრობენ და უკრაინის წარმომადგენელს, რომელიც ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით უარყოფით პოზიციას აფიქსირებს, საგარეო უწყებაში იბარებენ, რაც დიპლომატიურ ენაზე დემარშის ფორმაა. აქ საუბარი იმაზე არ არის, რომ მაინცდამაინც „ბუკები“ მიაწოდოს საქართველომ, შესაძლოა, იარაღს რომ ვერ აწვდიან, აიხსნას იმით, რომ რუსეთის ჯარი დგას დედაქალაქიდან 40 კილომეტრში, მით უმეტს, საქართველოს შესაბამისი სამხედრო პოტენციალი არ გააჩნია, რომ უზრუნველყოს უკრაინის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება, მაგრამ უკრაინასთან ურთიერთობის ასეთ დაძაბვას არანაირი გამართლება არ აქვს.
_ რას იტყვით „ვაშაძე-ჯაფარიძე-ხოშტარიას“ ოპოზიციური ერთობის შესახებ და მათ მიერ საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად დაანონსებულ 24 თებერვლის აქციაზე, რომელსაც უკვე მოყვა წინასწარ არაერთგვაროვანი შეფასებები?
_ ოპტიმისტურად ვუყურებ ამ გაერთიანებას: როგორც გიორგი ვაშაძე, ასევე ელენე ხოშტარია და ზურაბ ჯაფარიძე არიან პროდასავლური ლიდერები, ინტელექტუალი ადამიანები. პირადადაც ვაპირებ მივიდე 24 თებერვალს ამ აქციაზე და არა მარტო ამ აქციაზე. ვეცდები, ყველა პროდასავლურ ძალას გვერდით ამოვუდგე.