პარასკევი, 26 დეკემბერი, 2025
2025-12-26 10:25:02
მიხეილ ხაჩიძე
ევროკავშირის ბოლო ანგარიში საქართველოს შესახებ ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი შეფასებაა უკანასკნელი წლების განმავლობაში. ბრიუსელი უკვე აღარ იყენებს დიპლომატიურ ევფემიზმებს _ დოკუმენტში პირდაპირ არის ნათქვამი, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი „ფაქტობრივად, გაჩერებულია“. ეს ფორმულირება მხოლოდ ტექნიკური შეფასება არ არის, ის ასახავს ევროკავშირის პოლიტიკურ განწყობას ქვეყნის მიმართ და იმ მზარდ სკეპტიციზმს, რომელიც ბოლო წლებში „ოცნების“ ხელისუფლების ქმედებებმა გამოიწვია.
2023 წლის დეკემბერში მინიჭებული კანდიდატის სტატუსი მაშინ ფართოდ აღიქმებოდა, როგორც ისტორიული შანსი და ნდობის კრედიტი ქართული საზოგადოების მიმართ. ევროკავშირმა ამ ნაბიჯით ხაზი გაუსვა, რომ ქვეყნის პროევროპულ არჩევანს რეალურად აღიარებდა. თუმცა დღეს, სულ რამდენიმე წლის შემდეგ, ეს სტატუსი უკვე უფრო სიმბოლურ მნიშვნელობას ატარებს, ვიდრე _ პრაქტიკულს. ევროკავშირის გაფართოების დისკუსიებში საქართველო, ფაქტობრივად, გაქრა დღის წესრიგიდან, ხოლო ევროკომისიის განცხადებები სულ უფრო ხშირად შეიცავს გაფრთხილებასა და არა მხარდაჭერის პირობას.
ევროკავშირის შეფასების მიხედვით, საქართველოში მიმდინარე პროცესები აღარ შემოიფარგლება ცალკეული დარღვევებით. საუბარია სისტემურ უკუსვლაზე: სამართლის უზენაესობის შესუსტებაზე, სასამართლო ხელისუფლების პოლიტიზაციაზე, ოპოზიციის ლიდერების დევნასა და პატიმრობაზე, დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების მიზანმიმართულ შევიწროებაზე. ამ ფონზე განსაკუთრებულ კრიტიკას იმსახურებს „უცხოელი აგენტების“ კანონი, რომელიც ბრიუსელში აღიქმება, როგორც ევროპული ღირებულებებისგან აშკარა გადახვევა და ავტორიტარული მმართველობის ინსტრუმენტი.
პარალელურად, სულ უფრო მწვავე და აგრესიული ხდება საქართველოს ხელისუფლების რიტორიკა ევროკავშირის ინსტიტუტების მიმართ. მაღალი რანგის ოფიციალური პირები ღიად აკრიტიკებენ ევროპარლამენტარებს, ევროკომისიას და ზოგადად „ბრიუსელს“, ხშირად კი იმავე ნარატივებს იყენებენ, რომლებიც რუსული პროპაგანდის ძირითად ხაზებთან იკვეთება. ეს რიტორიკა უკვე აღარ არის მხოლოდ შიდა პოლიტიკური მოხმარებისთვის განკუთვნილი _ ის პირდაპირ აზიანებს საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პოზიციას და ამძაფრებს უნდობლობას ევროკავშირის დედაქალაქებში.
ამავე დროს, ბრიუსელი მკაფიოდ არჩევს ხელისუფლებასა და საზოგადოებას. ევროკავშირი ხაზგასმით აცხადებს „უცვლელ სოლიდარობას“ საქართველოს მოქალაქეების მიმართ და სულ უფრო მეტად საუბრობს იმაზე, რომ მხარდაჭერა უნდა მიემართოს უშუალოდ სამოქალაქო საზოგადოებაზე, დამოუკიდებელ მედიასა და ახალგაზრდებზე. ეს ნიშნავს, რომ ევროკავშირი მზად არის იმუშაოს საქართველოსთან მაშინაც კი, თუ საქართველოს „ოცნების“ ხელისუფლება ამ გზას შორდება.
ამ კონტექსტში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ინტერვიუ ევროდეპუტატ მარკეტა გრეგოროვასთან _ ევროპარლამენტის ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ და პრინციპულ ხმასთან აღმოსავლეთ ევროპის, დემოკრატიისა და რუსეთის გავლენის საკითხებში. გრეგოროვა ღიად და მკაფიოდ საუბრობს იმაზე, თუ რატომ აღმოჩნდა საქართველო ევროკავშირის გაფართოების პროცესის მიღმა, სად გადის „წითელი ხაზები“ ბრიუსელისთვის, რა დაბრკოლებები არსებობს სანქციების დაწესების კუთხით და როგორ შეუძლია ევროკავშირს, მხარი დაუჭიროს საქართველოს მოქალაქეებს იმ პირობებში, როდესაც ხელისუფლება სულ უფრო მეტად შორდება ევროპულ ღირებულებებს.
_ ქალბატონო მარკეტა, ევროკომისიის ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი „ფაქტობრივად, ჩიხშია“. რამდენად რეალურია რისკი, რომ საქართველომ საბოლოოდ საერთოდ დაკარგოს კანდიდატის სტატუსი?
_ იურიდიულად, არ მგონია, რომ საქართველომ ამ ეტაპზე დაკარგოს კანდიდატის სტატუსი; ეს ნაკლებად სავარაუდოა მოკლევადიან პერსპექტივაში, თუ არ მოხდება უფრო მკვეთრი გაუარესება. თურქეთის კანდიდატის სტატუსი მრავალი წლის განმავლობაში გაყინულია და მას იგი არ დაუკარგავს. ამიტომ, ვფიქრობ, საქართველოსთვის სტატუსის გაყინვაა უფრო სავარაუდო, ვიდრე დაკარგვა. პოლიტიკურად ის ისეა, თითქოს უკვე გაყინულია _ ევროკავშირი საქართველოს არ მიიჩნევს რეალისტურ კანდიდატის სტატუსად. როდესაც კომისია გაფართოებაზე საუბრობს, ისინი არ ახსენებენ საქართველოს. საქართველოს მთავრობამ სერიოზულად გააუარესა ქვეყანაში არსებული ვითარება და ურთიერთობები ევროკავშირთან. ურთიერთობები სინამდვილეში ბევრად უარესია, ვიდრე საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღებამდე იყო. ევროკავშირმა შეაჩერა თანამშრომლობის გარკვეული ინსტრუმენტები, ორმხრივი დახმარება საქართველოს ხელისუფლებისთვის და შეამცირა დიპლომატიური და პოლიტიკური კონტაქტები. გაუარესების გაგრძელება ფაქტობრივი პოლიტიკური გარიყვის ალბათობას მნიშვნელოვნად გაზრდის.
_ ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობამ „შეარყია ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობების საფუძვლები“. სად ხედავთ წითელ ხაზს _ ზღვარს, რომლის იქითაც ევროკავშირს შეუძლია ოფიციალურად გაყინოს ან გააუქმოს საქართველოს კანდიდატის სტატუსი?
_ ვფიქრობ, წითელი ხაზი არის კანონის უზენაესობის, სასამართლო სისტემის, პლურალიზმისა და ოპოზიციის სისტემატური დემონტაჟი, ოპოზიციური პარტიების აკრძალვა და მედიისა და სამოქალაქო საზოგადოებისთვის დამოუკიდებელი სივრცის გაუქმება. ანგარიშმა მიანიშნა, რომ ჩვენ ამასთან ახლოს ვართ. დაბოლოს, რუსეთთან ფორმალური თანამშრომლობა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაში ასევე წითელი ხაზი იქნება. როგორც კი პოლიტიკური პლურალიზმი დაიშლება და დემოკრატიული საშუალებები გაუქმდება, დროა ევროკავშირმა ოფიციალურად გაყინოს ურთიერთობა.
_ მიმდინარეობს თუ არა რაიმე დისკუსია ევროკავშირის ინსტიტუტებში დემოკრატიული უკუქცევისა და რეპრესიებისთვის პასუხისმგებელი ქართველი თანამდებობის პირების მიმართ მიზნობრივი ზომების ან სანქციების დაწესების შესახებ?
_ დიახ, მიზნობრივი სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით ბევრი დისკუსია გაიმართა, მაგრამ, სამწუხაროდ, უნგრეთმა და სლოვაკეთმა ისინი ევროპის საბჭოს დონეზე დაბლოკეს. ევროპარლამენტში უმრავლესობა მიზნობრივი სანქციების დაწესების მომხრე იქნებოდა, მაგრამ ამ საკითხზე ჩვენ არ ვართ გადაწყვეტილების მიმღები. ასე რომ, არსებობს პოლიტიკური მადა. სამწუხაროდ, ევროკავშირშიც არის რამდენიმე მთავრობა, რომელიც პრობლემურია და ხელს უშლის ამ პროცესს, მით უმეტეს, რომ ამ ტიპის გადაწყვეტილებები ერთხმად უნდა იქნას მიღებული.
_ ანგარიშში ხაზგასმულია ოპოზიციის ლიდერების დაპატიმრება, მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებაზე თავდასხმები. რა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას ელის ევროპარლამენტი საქართველოს მთავრობისგან ამ ტენდენციის შესაჩერებლად?
_ მოქმედებების შესაცვლელად აუცილებელია ოპოზიციის დევნის შეწყვეტა, პოლიტიკური პატიმრების განთავისუფლება, პოლიტიკურად მოტივირებული პროცესების შეჩერება, დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების დევნისა და მისი მიზანში ამოღების შეწყვეტა და უცხოელი აგენტების შესახებ კანონის გაუქმება. კანონის უზენაესობისა და სასამართლო დამოუკიდებლობის აღდგენა.
_ მმართველი პარტია აცხადებს, რომ ანგარიში „დამახინჯებულ ფაქტებს“ ეფუძნება. აქვს თუ არა ევროკავშირს დამოუკიდებელი მონიტორინგის მექანიზმი ან შიდა აუდიტის პროცესი ასეთი ბრალდებების დასადასტურებლად?
_ ეს მმართველი პარტიისთვის ძალიან ტიპურია. ამ ტიპის ანგარიში, როგორც წესი, მრავალი წყაროს კომბინაციას წარმოადგენს. კომისია იყენებს საკუთარ გრძელვადიან მონიტორინგს, დელეგაციის ანგარიშგებას, EUMA-ს (ევროპის გაერთიანებული მონიტორინგის ასოციაცია, ძირითადად სამხრეთ კავკასიაში, ხშირად სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობის კონტექსტში, _ რედ.) მონიტორინგსა და OშINთ-ს (ღია წყაროებზე დაფუძნებული დაზვერვა კანონის დარღვევისა და საიდუმლო მეთოდების გარეშე, _ რედ.) 2024 წლის არჩევნებისთვის ევროპარლამენტს ჰყავდა საკუთარი არჩევნების სადამკვირვებლო მისია საკუთარი ანგარიშით და, რა თქმა უნდა, ის ასევე იყენებს სამოქალაქო საზოგადოების ანგარიშგებასა და მონიტორინგს.
_ როგორ უპასუხებთ „ოცნების“ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ „ევროპული ბიუროკრატია საბჭოთა სტანდარტებს ქვემოთ დაეშვა“? ამას ევროკავშირის მიმართ საზოგადოების ნდობის შელახვის განზრახ მცდელობად მიიჩნევთ?
_ ეს, უბრალოდ, რიტორიკა და მანიპულირებაა, რომელიც ევროკავშირის ინსტიტუტების დისკრედიტაციას ისახავს მიზნად. ირაკლი კობახიძისგან არაფერი ახალი, გასაკვირი ან შოკისმომგვრელი არ ყოფილა. ის თავს ესხმის ევროპარლამენტის ბევრ წევრს და ევროკავშირის ინსტიტუტს, ამასთანავე ხშირად ავრცელებს რუსულ დეზინფორმაციასა და პროპაგანდას.
_ კომისია კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის „ურყევ სოლიდარობას“ ქართველი ხალხის მიმართ _ რა კონკრეტული გზებით შეუძლია ევროკავშირს გააგრძელოს მოქალაქეების მხარდაჭერა, როდესაც მათივე მთავრობა, როგორც ჩანს, ევროპულ ღირებულებებს შორდება? უნდა ითანამშრომლოს თუ არა ევროკავშირმა უფრო პირდაპირ საქართველოს მოქალაქეებთან, ადგილობრივ თვითმმართველობებთან ან არასამთავრობო ორგანიზაციებთან _ საჭიროების შემთხვევაში, ცენტრალური მთავრობის გვერდის ავლითაც კი?
_ იმისათვის, რომ კომისიამ მოქალაქეების მხარდაჭერა შეძლოს, მათ დაფინანსება უნდა გადაამისამართონ სამოქალაქო საზოგადოებაზე, დამოუკიდებელ მედიაზე, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და კონკრეტულ პროგრამებზე, როგორიცაა ერასმუსი და არა თავად საქართველოში მოქმედი ევროპული დელეგაციის ან საქართველოსთვის ევროკავშირის მეშვეობით. აუცილებელია ამ მთავრობის გვერდის ავლით.
_ ანგარიშში აკრიტიკებენ 2024 წლის საპარლამენტო და 2025 წლის მუნიციპალურ არჩევნებს ღრმა პოლარიზაციისა და დემოკრატიული დაღმასვლის გამო. თქვენი აზრით, საქართველოში შემდეგი არჩევნები ევროკავშირის ზედამხედველობის ქვეშ უნდა ჩატარდეს თუ გაძლიერებული მონიტორინგის ქვეშ?
_ ვფიქრობ, რომ უნდა იყოს უფრო დიდი, გაძლიერებული მონიტორინგის სადამკვირვებლო მისია. მე თვითონ შევესწარი არჩევნების გაყალბებას 2024 წლის ევროპარლამენტის არჩევნების სადამკვირვებლო მისიის დროს საქართველოში. 2025 წლის ადგილობრივი არჩევნების შემთხვევაში კი საქართველოს მთავრობამ ძალიან კარგად იცოდა, რომ დროულად უნდა მოეწვია ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი (OშჩE ODIHღ) დაკვირვებისთვის. მათ ოფიციალურად მიიწვიეს ისინი არჩევნებამდე ერთ თვეზე ნაკლები დროით ადრე, რაც არ იძლეოდა საკმარისი დროის საშუალებას სანდო დაკვირვებისთვის დადგენილი მეთოდოლოგიის შესაბამისად.
_ როგორ შეუძლია ევროკავშირს, ხელი შეუწყოს სამართლიანი და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესის უზრუნველყოფას, თუ საქართველოს ხელისუფლება წინააღმდეგობას გაუწევს საარჩევნო და სასამართლო რეფორმებს?
_ ამ ეტაპზე ევროკავშირის პოლიტიკური ზეწოლა არ მუშაობს, ამიტომ ერთადერთი, რისი გაკეთებაც ევროკავშირს შეუძლია, არის სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი სივრცისა და მედიის მხარდაჭერის გაგრძელება. მაგრამ საბოლოო ჯამში, ეს არის ის, რაც მოქალაქეებმა უნდა შეცვალონ არჩევნებში.
_ ბოლო დროს საქართველოს მთავრობა „დამოუკიდებელ ევროპულ გზაზე“ საუბრობს, რაც ბრიუსელისგან დაშორებას გულისხმობს. ამას ტაქტიკურ მანევრად მიიჩნევთ თუ მოსკოვისკენ სტრატეგიულ გადახრად?
_ ორივეს. ზოგიერთი ფიქრობს, რომ ეს პრაგმატულია და, გარკვეულწილად, საქართველოს მთავრობა ფიქრობს ან ვითომ ამტკიცებს, რომ გონივრულია მოსკოვის ფულის ახლავე აღება და ფიქრობს, რომ ამ ტაქტიკური მანევრისთვის დაუსჯელი დარჩება. თუმცა, რეალურად, თუ გვერდზე გადადებთ და თავს დაესხმებით ევროკავშირის ნორმებს, გადაამისამართებთ უსაფრთხოების კავშირებს და არ დაიცავთ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს, თავს დაესხმებით არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სამოქალაქო საზოგადოებას, შეამსუბუქებთ საქართველოში ფინანსურ სისტემას, რათა ის რუსი ოლიგარქებისთვის ფულის გასათეთრებელ სახელმწიფოდ იქცეს, წლების შემდეგ განაახლებთ მოსკოვის პირდაპირ ფრენებს, აბსოლუტურად მიუთითებთ მოსკოვისკენ გრძელვადიან სტრატეგიულ გადახრაზე, რაც რუსეთის გავლენის დიდ სივრცეს შექმნის.
_ რამდენად სერიოზულია რისკი იმისა, რომ რუსეთმა შესაძლოა გააფართოოს თავისი გავლენა საქართველოში, რადგან ევროკავშირთან ურთიერთობები გაუარესდება?
_ ეს მძიმე სტუაციაა და უკვე არსებობს. არ ვარ დარწმუნებული, ამ ეტაპზე შესაძლებელია თუ არა მისი შეჩერება, რადგან საქართველოში ახლახან ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები. რუსეთმა მიზნად დაისახა თავისი გავლენის აღდგენა და გაფართოება და ის წარმატებას აღწევს როგორც საქართველოში, ასევე ევროპაში. ეს თან ახლავს სუსტი ინსტიტუტების გაუარესებას და დამოუკიდებელი მედია სივრცის მინიმიზაციას. ჩეხეთის რესპუბლიკას ასევე არ აქვს ჯანსაღი პოლიტიკური კლიმატი და ის რუსეთის დეზინფორმაციისა და პროპაგანდის მსხვერპლია.
_ დაბოლოს, რა გზავნილს გაუგზავნიდით საქართველოს მოსახლეობას _ განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობას _ რომელსაც ჯერ კიდევ სჯერა ევროპული მომავლის?
_ განაგრძეთ ბრძოლა და პროტესტი იმისთვის, რაც, თქვენი აზრით, აუცილებელია თქვენივე მომავლისთვის. შეინარჩუნეთ იმედი და ხმამაღალი განწყობა, როდესაც ლიდერები საპირისპირო მიმართულებით გადაიხრებიან, განაგრძეთ მათთვის იმის ჩვენება, რომ საქართველო ევროპაშია. გზა რთულია და უფრო რთული იქნება. და მე იმედი მაქვს, რომ შემდეგი საპარლამენტო არჩევნები კვლავ შეცვლის საქართველოს კურსს ევროპულ გზაზე.