QronikaPlus
გიორგი კირთაძე - სანამ ივანიშვილს ექნება ძალაუფლება მიტაცებული, საქართველოს არანაირი პერსპექტივა არ გააჩნია

გიორგი კირთაძე - სანამ ივანიშვილს ექნება ძალაუფლება მიტაცებული, საქართველოს არანაირი პერსპექტივა არ გააჩნია

2025-11-14 10:12:01

გიგა გელხვიიძე

 

6 ნოემბერს „ქართული ოცნების“ პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა რვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის წინააღმდეგ. ესენი არიან: მიხეილ სააკაშვილი, ზურაბ ჯაფარიძე, გიორგი ვაშაძე, ელენე ხოშტარია, ნიკა მელია, ნიკა გვარამია, ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე. მათ ნაწილს ედავებიან საბოტაჟს, ნაწილს ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას, ნაწილს კი ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას.

 

„ქართული ოცნების“ რეპრესიული გადაწყვეტილებების ფონზე, რუსთაველის გამზირზე პროტესტი გრძელდება. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ დანებებას არ აპირებენ და პროტესტი გაგრელდება მანამ, სანამ შედეგი მიღწეული არ იქნება.

 

„ქართული ოცნების“ ქმედებების, პარტიების აკრძალვის, პროტესტის მნიშვნელობისა და ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ერთიანი წინააღმდეგობის დემოკრატიული ფრონტის შექმნის აუცილებლობის შესახებ „ქრონიკა+“-ს ესაუბრება კოალიცია „ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი კირთაძე:

 

_ ბატონო გიორგი, სიტუაცია, რომელშიც ახლა აღმოვჩნდით და ის ბრალი, რომელიც წარუდგინეს ოპოზიციის ლიდერებს, მათ შორის, კოალიცია ცვლილებებისთვის წარმომადგენლებს, როგორ ფასდება? როგორია თქვენი პოლიტიკური შეფასება?

_ ეს არის გამოძახილი ევროკავშირის გაფართოების კომისიის შესაბამისი დასკვნის, რომელიც უმძიმესი იყო რეჟიმისთვის. ძალიან ნათლად ითქვა, რომ ამ რეჟიმის პორობებში, სანამ ივანიშვილს ექნება ძალაუფლება მიტაცებული, საქართველოს არანაირი პერსპექტივა არ გააჩნია ევროკავშირში გაწევრიანების და მხოლოდ ფურცელზე წერია კანდიდატის სტატუსი.

ასევე დასკვნაში საუბარი იყო იმაზე, რომ სანქციების ფორმაც გაიზრდება რეჟიმის წარმომადგენელთა მიმართ და, შესაბამისად, ამ ყველაფერმა ბიძინა ივანიშვილი აიძულა, კიდევ უფრო მკვეთრი ნაბიჯი გადაედგა. ჩემი აზრით, ამით ივანიშვილი ცდილობს, ხალხი დაარწმუნოს, რომ არანაირი ცვლილება არ იქნება და ის არ აპირებს უკან დახევას. მას იმედი აქვს, რომ ეს ყველაფერი უიმედობას გამოიწვევს საზოგადოებაში. მჯერა და ვფიქრობ, რომ ყველაფერი იქნება პირიქით, ეს არის ბოლო მცდელობა რეჟიმებისა და ეს ყველაფერი არათუ უიმედობასა და ნიჰილიზმს, არამედ უფრო მეტ შემართებას გამოიწვევს ქართველებში და ახალ ეტაპზე გადავა ბრძოლა რეჟიმის წინააღმდეგ. ვგულისხმობ შემდეგს: მჯერა, რომ უახლოეს პერიოდში ყველანი ერთად შევძლებთ (პარტიები, სამოქალაქო ჯგუფები, აქტივისტები) ერთიანი წინააღმდეგობის, დემოკრატიული ფრონტის ჩამოყალიბებას, სადაც კოორდინებულად ვიმოქმედებთ რეჟიმის წინააღმდეგ. ეს იქნება საპროტესტო აქციები, პროპაგანდის წინააღმდეგ ბძოლა თუ საგარეო მიმართულებაზე მუშაობა.

_ თქვენ იყავით ერთ-ერთი პირველი, რომელიც საუბრობდა ერთობის აუცილებლობის შესახებ. ასევე ვნახეთ, რომ 2024 წლიდან ვერ შედგა ერთობა. სრული ერთობის შემთხვევაში მივაღწევდით თუ არა შედეგს და დაუშვა თუ არა ოპოზიციამ შეცდომები, ამ გადმოსახედიდან რომ შევხედოთ ყველაფერს?

_ ჩვენს ქვეყანაში ერთობა პოლიტიკურ პარტიებსა და საზოგადოების ნაწილში რაღაც ეტაპზე იყო. ეს გახლდათ არაღიარების საკითზე ძალიან სწორი და კოორდინებული მოქმედებები, რომელმაც შინ და გარეთ ივანიშვილი რეჟიმად აქცია: მას ხელს არავინ ართმევს და ის არის არაღიარებული. იყო წარუმატებლობაც ურთიერთკოორდინაციაში და ეს არის ე. წ. არჩევნები და რეალურად რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილე პოლიტიკური ძალები. ასეთი წარსული გვაქვს.

ერთიანი წინააღმდეგობის დემოკრატიული ფრონტი უნდა შეიქმნას, რომელიც ბევრ მნიშვნელოვან საკითხში მჭიდრო კოორდინაციით ითანამშრომლებს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ.

_ ამ ხელისუფლების პირობებში, როდესაც სასამართლო ბიძინა ივანიშვილს უდევს ჯიბეში, რას უნდა ველოდეთ ამ წაყენებული ბრალის ფონზე? ეს არ არის მცირეხნიანი საპატიმრო სასჯელები. თუკი ჩაინიშნება არჩევნები და ეს ადამიანები არ იქნებიან წრმოდგენილები მასზე, რა მოხდება?

_ მაშინ ამას არ დაერქმევა არჩევნები, თუკი პოლიტიკური პარტიები გაუქმდება და თუკი პოლიტიკური ლიდერები უკლებლივ ყველა ციხეში იქნება გამომწყვდეული. როცა ვსაუბრობთ, რომ დემოკრატიული ფრონტი უნდა შეიქმნას რეჟიმის წინააღმდეგ, ჩვენი მიზანია, მივაღწიოთ იმას, რომ საქართველოში ჩატარდეს სამართლიანი არჩევნები და არ გვყავდეს პოლიტიკური პატიმრები. ამას მივაღწევთ მაშინ, როცა ვაიძულებთ ივანიშვილს უკან დახევას, რომ ჩაატაროს რეალური არჩევნები ან ეს მოხდება ივანიშვილის გარეშე, მაგრამ საბოლოოდ მაინც ჩატარდება სამართლიანი არჩევნები. რაც შეეხება სასამართლოს ნაწილს, აქ ყველაფერი ცალსახაა: საამართლო მიიღებს იმ გადაწყვეტილებებს, რომლებსაც დაუწერს ბიძინა ივანიშვილი და მიაწვდის ირაკლი კობახიძე. ამიტომ აქ სხვა მოლოდინი არც შეიძლება გვქონდეს. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ლიდერები ბევრად უფრო ადრე დატოვებენ საპატიმროებს.

_ აუცილებლად უნდა გკითხოთ პარტიების დაანონსებულ აკრძალვაზე. მასში შედიან „ნაციონალური მოძრაობა“, „ახალი“ და „ლელო“...

_ რაც შეეხება პარტიების აკრძალვას, ჩვენი ბრძოლის სტრატეგიაში ეს არაფერს ცვლის. საჯარო რეესტრში იქნება თუ არა ასახული ჩვენი პოლიკტიკური გუნდი, არაფერს ცვლის. ამან რა უდა შეცვალოს? ჩვენ არ ვმონაწილეობთ არჩევნებში, რუსულ სპეცოპერაციებში და ქუჩის პროტესტით ვართ მოცულები, ოღონდ რეალურად. მართალია, ეს აკრძალვა ჩვენი ბრძლის წესრიგში არაფერს ცვლის, მაგრამ ეს ცალახად არის ქვეყნისთვის დიდი დარტყმა. ე. ი. ამ ქვეყანაში განსხვავებული აზრი იკრძალება, პარტიები უქმდება და ვხდებით ტოტალიტარული სახელმწიფო, სადაც დიქტატორი ივანიშვილი იქნება ყველაფერზე გადაწყვეტილების მიმღები. ეს უმძიმესია ჩვენი ქვეყნისთვის და უნდა ვიბრძოლოთ მის წინააღმდეგ.

_ გრძელდება თავდასხმები ევროკავშირის მისამართით. ჩვენ დღესაც ვისმენდით გარკვეული სახის განცხადებებს, რომ თითქოს კობახიძემ კი არა, თავად ევროკავშირმა თქვა უარი საქართველოსთან მიმართებით გაწევრიანების შესახებ. რას ფიქრობთ?

_ ეს არ არის ახალი ამბავი: რეჟიმი კრემლის დავალებით ძალიან დიდი ხანია ახორციელებს მსგავსი ტიპის თავდასხმებს, რაც პირდაპირ საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის მომავალს. მტრის მოყვრად გამოყვანა და მოყვრისთვის მტრის დაძახება არის ის, რასაც კრემლის დავალებით ცდილობს ივანიშვილი და მისი რეჟიმი. დარწმუნებული ვარ, რომ იგი ამას ვერ შეძლებს. წარმოუდგენელია, შოიგუ და პუტინი გახდნენ ამ ქვეყნის მეგობრები და ევროპა და აშშ ქართველმა ხალხმა ჩათვალოს მის მტრად.

_ რა უნდა გავაკეთოთ, რომ პროტესტი გაგრძელდეს და ამავდროულად ნაკლები დაკავებული იყოს?

_ როდესაც დემოკრატიული წინააღმდეგობის ფრონტის ერთიანი პლატფორმის შექმნაზე ვსაუბრობთ, მიმაჩნია, რომ ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ ამ თემაზე. უნდა ვიმუშაოთ პროტესტზე, მის მრავალფეროვნებაზე, გაშლაზე, მათ შორის გეოგრაფიულადაც მის იმგვარ ორგანიზებაზეც, როდესაც ადამიანებს უფრო ნაკლებად დააკავებენ და ეს რეჟიმს უფრო მეტ პრობლემას შეუქმნის. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამბავი, რომლის დროსაც ერთმანეთთან მჭიდრო კოორდინაცია უნდა გვქონდეს და ერთად უნდა ვიმუშაოთ, არის ეს.

_ დაბოლოს, ერთიანობის შესახებ ახსენეთ, რომ ძვრები არის. ვინ შექმნის ამ ერთობას? იქნება თუ არა სალომე ზურაბიშვილი ჩართული ამ პროცესში და გახარიას გუნდთან თუ გაქვთ კონკრეტული საუბრები?

_ გახარიას გუნდმა თავისი გადაწყვეტილება, პრაქტიკულად, უკვე მიიღო. საკუთარი პოზიციონირება დაიყვვნა იქამდე, რომ ის არის რეჟიმის წარმომადგენელი, სისტემური ოპოზიცია თუ არ ვიცი, როგორ მოვიხსენიო. ისინი ახლოსაც კი არ არიან იმ იდეალებთან, რომლებზედაც ახლა ვსაუბრობთ. რაც შეეხება ნებისმიერ სხვა ადამიანს, პარტიას, ჯგუფს, რომელიც ფიქრობს, რომ გვყავს რუსული რეჟიმი და რომ მნიშვნელოვანია ქუჩის აქციები, პროპაგანდასთან ბრძოლა, კოორდინებული მუშაობა საგარეო მხარდაჭერის მისაღებად და ასევე ერთიანი რეალური ალტერნატივის შეთავაზება, რა იქნება ივანიშვილის შემდგომ, ყველასთან ვაპირებთ თანამშრომლობას. ოღონდ ისე არ უნდა გავიგოთ, რომ მხოლოდ ჩვენი გუნდი აპირებს ამაში მონაწილეობას. ჩამოყალიბებულია უამრავი ჯგუფი, ადამიანი, რომლებიც ფიქრობენ, რომ ახლა არის მსგავსი ტიპის დემოკრატიული ფრონტით შეტევის დრო და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მის ფორმირებას დიდი ხანი არ დასჭირდება. სალომე ზურაბიშვილზე მკითხეთ და მიმაჩნია, რომ მისი როლი გასაკუთრებით მნიშვნელოვანია. საგარეო მიმართულებით მას აქვს ძალიან დიდი რესურსი და ბუნებრივია, ამ ნაწილში მასთან მჭიდრო კომუნიკაცია იყო და იქნება.

გაზიარება