QronikaPlus
პაატა დავითაია - გახარიას პარტია პარლამენტში რომ არ შესულიყო, მომავალი წლის მარტში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნებოდა

პაატა დავითაია - გახარიას პარტია პარლამენტში რომ არ შესულიყო, მომავალი წლის მარტში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნებოდა

2025-11-14 09:59:15

შორენა მარსაგიშვილი

 

„ევროპელი დემოკრატების“ ლიდერი პაატა დავითაია მიიჩნევს, რომ საქართველოში ჩიხური ვითარებაა და აქედან გამოსავალი არ იქნება, თუ ოპოზიციამ ერთიანი ფრონტით არ იბრძოლა. მას ეჭვი ეპარება, რომ 2028 წლამდე „ქართული ოცნება“ შეიცვალოს.

 

რას ფიქრობენ ჩვენ შესახებ დასავლელი პარტნიორები? რა გზის გავლა მოუწევს საქართველოს ევროპულ რელსებზე დასაბრუნებლად და ვისი წყალობით ჩაიშალა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები? _ „ქრონიკა+“-ს ესაუბრება პაატა დავითაია:

 

_ ბატონო პაატა, აშშ-ის პრეზიდენტი თავისთან იწვევს იმ ქვეყნების ლიდერებს, რომლებზეც რუსეთს აქამდე გავლენები ჰქონდა. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ აშშ ანტირუსულ კოალიციას ქმნის. საქართველოში იმედი აქვთ, რომ ერთ დღეს ვაშინგტონში „ოცნებასაც“ მიიწვევენ. ჯერჯერობით იქიდან არაფერი ისმის. თქვენ რას ელით?

_ ტრამპი რას აკეთებს და ვის ხვდება თეთრ სახლში, ეს არის მისი პოლიტიკა. დღეს ტრამპი ჭიდილშია რუსეთთან, _ სურს, რომ უკრაინაში ომი შეაჩეროს. ამიტომ ეძებს მოკავშირეებს იმ ჭრილში, რომ შეიძლება მეტი ბერკეტი გაუჩნდეს რუსეთთან მიმართებით. ეს ბერკეტები უნდა იყოს როგორც ეკონომიკური, ასევე პოლიტიკური და სამხედრო. ამიტომ მართავს ტრამპი ამ შეხვედრებს. ეს მისი სტრატეგია და მისი მიდგომებია.

ყველაზე სამწუხარო ამ ამბავში ის გახლავთ, რომ საქართველო არსად ჩანს. ჩვენ დღეს არცერთ ორბიტაზე აღარ ვართ _ აი, ეს მოახერხა „ქართულმა ოცნებამ“. ეს იყო კიდევაც მათი დღის წესრიგი. არაერთხელ ვთქვი და მათ შორის თქვენთან ინტერვიუშიც განვაცხადე, რომ „ოცნება“ არც პრორუსები არიან და არც პროდასავლელები, ისინი არიან პროთავისები. ახლაც იგივეს ვიტყვი: „ქართული ოცნების“ წევრებს აინტერსებთ მხოლოდ საკუთარი თავი და სხვა არაფერი. ისინი ცხოვრობენ მხოლოდ ერთი დღით. წინ უბრალოდ არ იხედებიან.

ჩვენ ვისწრაფოდით ევროკავშირში, გვინდოდა ევროპული წესების მიღება, ვახდენდით კანონმდებლობის ჰარმონიზაციას, მივიღეთ კანდიდატის სტატუსი.  ევროკავშირის კარი ის-ის იყო უნდა გაღებულიყო, რომ მოვტრიალდით და გამოვიქეცით.

_ ჩვენ არ გამოვქცეულვართ, ეს ხელისუფლების გადაწყვეტილება იყო.

_ კი ბატონო. ხელისუფლებამ გააკეთა, მაგრამ ეს ჩვენზე აისახა. ფაქტია, რომ ჩვენ გამოვიქეცით, იმის ნაცვლად, რომ კარში შევსულიყავით. გადავიმტერეთ მთელი ევროკავშირი. ჩვენ გვყავდა სტრატეგიული პარტნიორი ამერიკის შეერთებული შტატების სახით. აშშ-ის დამსახურებაა, რომ ამ 30 წლის განმავლობაში ჩვენი სახელმწიფოებრიობა ჩამოყალიბდა. დიდი ომებიც გადავიტანეთ, მაგრამ სახელმწიფოებრიობა რომ შევინარჩუნეთ, ეს ამერიკის დამსახურებაა. ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გასაზრდელად უარი ვთქვით რუსულ იარაღზე და დავიწყეთ გადაიარაღება. გადავდიოდით ნატოს სტანდარტებზე, ამ კუთხით ყველაფერი კარგად მიდიოდა და უცბად ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან გავწყვიტეთ ურთიერთობა. გადავიმტერეთ ამერიკის შეერთებული შტატები.

_ სამაგიეროდ, თბილი ურთიერთობა გვაქვს ჩინეთთან.

_ ეს ჩვენ ვამბობთ ასე, თორემ მთლად ეგრე არაა საქმე. ჩინეთი დიდ ფორუმებს ისე ატარებს, რომ იქ საქართველოს ხელისუფლებას არ ეძახიან.  სამაგიეროდ ეძახიან ჩვენს მეზობლებს: სომხეთს, აზერბაიჯანს... ყველა იქ არის ჩვენ გარდა. ჩინეთისთვის ჩვენ ვართ ერთი უბანი ხალხი. პეკინს თავისი სტრატეგია აქვს. ის ჩვენს აზრს არასდროს გაითვალისწინებს. ჩინეთი გაითვალისწინებს მხოლოდ რუსეთისა და ამერიკის აზრს.

_ იმათ აზრსაც ხშირად არ ითვალისწინებს პეკინი.

_ იმიტომ, რომ უზარმაზარი ქვეყანაა, რომელსაც უზარმაზარი შესაძლებლობები აქვს. მოკლედ, ჩინეთთანაც გაურკვევლობაში ვართ. ისრაელი გვყავდა, რომელიც ყველაზე დიდი მხარდამჭერი იყო ჩვენი და ისიც მოვიმდურეთ.

_ ისრაელის მხარდაჭერა რაში გამოიხატებოდა?

_ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ისრაელმა სასწაული მხარდაჭერა გამოიჩინა. სასწაულები გააკეთეს მათ ჩვენთვის. არ მინდა დეტალებზე ლაპარაკი. გრიფით საიდუმლო ადევს ამ ამბავს. ყველანაირად გვერდით დაგვიდგნენ. ჩვენ რა გავაკეთეთ მადლობის მაგივრად? _ გადავიმტერეთ. ჩვენი ხელისუფლება ირანში ჩადის თვეში 25-ჯერ.

_ და ისეთ ღონისძიებებს ესწრებიან, სადაც ყვირიან: სიკვდილი ისრაელს, სიკვდილი ამერიკას!

_ ასეთ ღონისძიებებზე რომ დადიან, ეს, ბუნებრივია, არ მოეწონებოდა ისრაელს და ამიტომ გადავიმტერეთ. ავიღოთ ჩვენი მეზობელი ოკუპანტი ქვეყანა რუსეთი. ის არის ჩვენი მთავარი მტერი. „ქართული ოცნება“ პირობას დებდა, რომ რუსებთან სიტუაციას დაალაგებდა. ეს დანაპირებიც ვერ შეასრულეს. რუსებთან კულუარული ურთიერთობა აქვთ, მაგრამ წინ ვერანაირ ნაბიჯს ვერ დგამენ.

_ რატომ ვერ დგამენ წინ ნაბიჯებს ამ მიმართულებით?

_ სიმართლე ისაა, რომ ჩვენ არც რუსეთს ვჭირდებით. აქედან გამომდინარე, შეიქმნა სირაქლემის პოზის ვარიანტი _ ქვიშაში გვაქვს თავი ჩარგული. ეს არის „ქართული ოცნების“ პოლიტიკა. გარშემო რა ხდება არ გვაინტერესებს. ეს არის კატასტროფა! ეს არის სრული იზოლაცია! აღარაფერს ვამბობ ევროკავშირის მოთხოვნებსა და დემოკრატიაზე. საუბარია იმ მიდგომაზე, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ შეიმუშავა. ამ მიდგომების გამო საქართველო საერთაშორისო ფორმატში არსად აღარ არის.

რა ხდება ჩვენს სამეზობლოში ამ დროს? _ თურქეთი ნატოს წევრია და გადასარევი შეიარაღება აქვს. ამ დღეებში აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ალიევმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანის არმია ნატოს სტანდარტებზე გადადის.  სომხეთმაც დაიწყო უახლესი შეიარაღების შესყიდვა და ჩვენს ჯარს უსწრებს. არადა, ჩვენ დავიწყეთ პირველებმა გადაიარაღება. ახლა ნატოსგან არაფერს ვღებულობთ, რადგან კავშირი აღარ გვაქვს. იარაღს აღარც ამერიკისგან ვღებულობთ და აღარც რუსეთისგან. ღმერთმა არ ქნას და რამე რომ მოხდეს, საშინელ დღეში აღმოვჩნდებით. ეს არის იზოლაციის პოლიტიკა. ხალხი იზოლაციის პოლიტიკაშია ჩარჩენილი.

_ ხალხი როგორ არის იზოლაციის პოლიტიკაში ჩარჩენილი?

_ დაახლოებით 700 ათასი საჯარო მოხელეა. ისინი მიაბეს სესხებსა და ვალდებულებებზე. სამსახურს ვერ დაკარგავენ. იმის გამო, რომ სამსახური არ დაკარგონ, იძულებული არიან, ბევრ რამეზე დახუჭონ თვალები. ამას ამატებენ შიშის ფაქტორს. საზოგადოება გაყვეს შუაზე. ბოლო არჩევნებმა აჩვენა, რომ „ოცნების“ რეალური ამომრჩეველი 700 000-ია. დანარჩენი ეს არის მანიპულაციის გზით მიღებული ხმები. არჩევნებზე 2 მილიონი მოდის. ამ არჩევნებზე 1 400 000 მივიდა, რადგან ბოიკოტი იყო. აქედან 300 ათასმა ოპოზიციის იმ ნაწილს მისცა ხმა, რომელიც არჩევნებში მონაწილეობდა. ე. ი. 900 000 ხმა არის ოპოზიციის. საზოგადოება ორად არის გაყოფილი. „ქართული ოცნება“ საქართველოს ხელისუფლება არ არის, ის თავისი ამომრჩევლის ხელისუფლებაა მხოლოდ. მას დანარჩენი ამომრჩეველი არც კი აინტერესებს. ეს არის რეალობა. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვართ კატასროფულ დღეში. საერთაშორისო არენაზე საერთოდ საშინელება ხდება.

ხშრად მაქვს ევროპელებთან ურთიერთობა. ახლახანს ვარშავის უსაფრთხოების ფორუმზე ვიყავი. როცა ჩემს თავს აცნობდნენ, ევროპელებს ეუბნებოდნენ, რომ ეს არის სწორი საქართველოდან.  ორი საქართველოა უკვე და ეს არის კატასტროფა ჩვენთვის.  ამის გამოსწორებას წლები დასჭირდება.

_ ხელისუფლების შეცვლის შემდეგაც კი?

_ შემდეგაც კი. ევროპელები ხომ ხედავენ, რომ მილიონზე მეტმა ადამიანმა „ოცნებას“ მისცა ხმა. ახლა მნიშვნელობა აღარ აქვს, როგორ და რა ფორმით მიიღეს მათ ეს ხმები. კითვის ნიშნები ჩნდება.

_ თავად თქვით, რომ ევროპის თვალში საქართველო ორად არის გაყოფილი: სწორად და არასწორად.

_ ეს კარგი და სწორი მიდგომაა, მაგრამ ეს მძიმეა ქვეყნის მომავლისთვის. გლობალურად თუ შევხედავთ, ეს არის ნამდვილი კატასტროფა.  რომ გაიგონებენ, ქართველი ხარ, მაშინვე გვეკითხებიან, _ ეს რა დაგემართათო? ასეთ დონეზე ვართ.

_ ზემოთ თქვით, რომ რუსეთსაც არ ვჭირდებითო და ვითომ მართლა არ ვჭირდებით?

_ რა ფორმითაც დღეს საქართველოა, არაფერში ვჭირდებით. მოსკოვს მთელი საქართველოს ოკუპაცია სურს. სანქციების ქვეშ მყოფი ქვეყანა მათ არაფერში სჭირდებათ.  ასეთი ერთი უკვე ჰყავთ, _ ბელარუსი. საქართველოს მოსკოვი იყენებდა დერეფნად. ფიქრობდნენ, საქართველო შევა ევროკავშირში და აქ დავაბანდებთ ჩვენს ფულსო, თავად კი სანქციების ქვეშ არიან. ახლა რად უნდათ საქართველო? ისეთი ხელისუფლება, როგორიც „ქართული ოცნებაა“, რუსეთის ინტერესებში შედის, რაზეა საუბარი, მაგრამ გლობალურად ცოტა სხვანაირად არის საქმე. არავის არაფერში აღარ ვჭირდებით.

_ თქვენ აღიშნეთ, რომ „ქართული ოცნება“ არის პროთავისიო და ამ პროთავისობას როდემდე აპირებს?

_ სიმართლე თუ გვინდა, ვერ ვხედავ რაიმე ცვლილებებს ამ მიმართულებით. ისინი აწყობილი იყვნენ კორუფციაზე. ახლა მიდის სფეროების გადალაგება. ერთი კლანი ჩანაცვლდება მეორით. ასე გაგრძელდება სანახაობა. ახლა ჩვენი საზოგადოება დაკავებულია ფულის თვლით. იმაზე არავინ ფიქრობს, ქვეყნის უსაფრთხოება რომ დაცული არაა! არ ფიქრობენ, იზოლაციაში რომ ვართ და ყველა ჩვენი წინააღმდეგი რომ არის.

ყოველდღე გვესმის, ლარი გამყარდაო. ყველა ხომ დავდივართ მაღაზიებში და ვხედავთ, რომ მსყიდველუნარიანობა დაკარგა ლარმა. უნიკალურია ამ მხრივაც ეს ქვეყანა. ლარი თუ მყარდება, ფასები დაკლების ნაცლად იმატებს. ასეთი არაფერი მინახავს.

_ საკმაოდ მძიმე ფერებში დახატეთ სურათი.

_ რეალობა ასეთია და ვთქვი ის, რაც სიმართლეა.

_ არსებულ ვითარებაში გამოსავალს სად ხედავთ?

_ თავად ხელისუფლება უნდა მოვიდეს გონს და სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე დაიწყოს მოქმედება. პირადად ეჭვი მეპარება. მეორე გამოსავალი არის ხელისუფლების ცვლილება, ეს არის მეორე გზა, რომელიც ძალიან რთულია და ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. როდესაც ოპოზიციური ერთობა არ არის, ის ხელისუფლების მიერ რეგულირებადია. მე არაერთი ბლოკი გამივლია და ვიცი, როცა ხელისუფლება არ ერევა, ძალიან კარგად ერთიანდება ოპოზიცია. ეს ხდება ბუნებრივად.

_ გინდათ თქვათ, რომ ხელისუფლების ჩარევის შედეგად ვერ შეძლო ოპოზიციამ გაერთიანება?

_ პირდაპი ვამბობ, რომ ამაში ხელისუფლებაა ჩარეული. ეს ისეთივე ჭეშმარიტებაა, როგორც ის, რომ ორჯერ ორი ოთხია.

_ ოპოზიციის ლიდერებისთვის ახალი ბრალდებების წაყენებაზე რას ფიქრობთ?

_ სულაც არ მიკვირს, რომ მათ ახალი ბრალდებები წაუყენეს. კიდევ სხვა ბარლდებებს წაუყენებენ. მინდა, რომ ამ სურათს ძალიან მარტივად შეხედოთ: „ქართულ ოცნებას“ დღეს აქვს ძალაუფლება. აქეთ მხარეს ვიღაცები გამოდიან და ეუბნებიან, დაგამხობ და დაგიჭერ. ეუბნებიან, რომ მათ ლეგიტიმაციას არ აღიარებენ. ამბობენ, რომ მე თუ არ მოვიგებ არჩევნებს, ყველა არჩევნები იქნება არალეგიტიმური. ამოუვიდა ყელში ეს ყველაფერი ხელისუფლებას, დაიჭირა ლიდერები და უმატებს და უმატებს ბრალდებებს.

არჩევნების მერე ოპოზიციამ უარი თქვა პარლამენტში შესვლაზე. ამბობდნენ, არავინ არ შევალთო. მაშინვე ვთქვი, რომ ვიღაცები აუცილებლად შევიდოდნენ და ასეც მოხდა. ყაველაშვილი გამოდის და ამბობს, მე ვარ ლეგიტიმური პრეზიდენტიო. იქით სალომე ზურაბიშვილი გაიძახის, მე ვარო. მერე სააკაშვილმა თქვა, მე ვარ ლეგიტიმურიო.

_ ზვიადისტებისთვის ზვიადია ლეგიტიმური პრეზიდენტი.

_ ასეა, სერიოზული დაქსაქსულობაა ქვეყანაში. ეს, ეტყობა, ხელისუფლებასაც მობეზრდა და წავიდა დიქტატურაზე. ეს არის და ეს.

_ საქართველოში დიქტატურამ, წესით, დიდი ხანი ვერ უნდა გასტანოს. ერთი შეხედვით, თავისუფლებისმოყვარე ხალხი ვართ.

_ თქვენც და მეც საზოგადოებრივ სფეროში ვართ და ვიცით ხალხის განწყობები. რამეს ხედავთ ისეთს, რომ  ხალხი გიჟდებოდეს იმ დიქტატორულ კანონებზე, რასაც ახლა ღებულობენ? მე ასეთს ვერ ვხედავ.

_ სამწუხაროდ, ვერც მე ვხედავ და ზოგიერთს ეს კანონები მოსწონს კიდევაც.

_ მერე და რატომ არის ასეთი ვითარება? იმიტომ არის, რომ საზოგადოება გაყოფილია. ერთი ჯგუფი გამოდის და ყვირის, მეორე ჯგუფს, იმიტომ რომ თავს კომფორტულად გრძნობს, შემოსავალი აქვს, იხდის სესხებს, მოსწონს რეალობა და ვიღაცის არეული არ უნდა. კმაყოფილია საზოგადოების ნაწილი. ზოგისთვის დიქტატურაა, ზოგისთვის _ ბედნიერება.

_ ზოგიერთისთვის კიდევ მშვიდობაა, რომელიც, როგორც თავად ამბობენ, „ოცნებამ“ მოიტანა.

_ „ოცნებამ“ მოიტანა ის, რომ საზოგადოება გახლიჩა. ასე საზოგადოება ზვიადის პერიოდშიც გაიხლიჩა. ჯერ სროლამდე არაა საქმე მისული, მაგრამ ბევრი არ გვიკლია. სროლამდე იმიტომ არ მივიდა საქმე, რომ სამოქალაქო ომი ერთხელ უკვე გავიარეთ. ეს რომ გავლილი არ გვქონოდა, უკვე იქნებოდა სროლა.

_ ოპოზიციას ხშირად უყვარს იმის თქმა, რომ ხელისუფლება აგონიაშია. ახლაც ამას ამბობენ და ამტკიცებენ, რომ „ოცნება“ ბოლო დღეებს ითვლის. ამ მოსაზრებაზე რას ფიქრობთ?

_ 2016 წლიდან მესმის, რომ ხელისუფლება აგონიაშია და ეს მისი ბოლო ეტაპია. ჩემი პოზიცია ასეთია: დღეს მიმდინარეობს ხელისუფლების რებრენდინგი. ბიძინა ივანიშვილი აკეთებს „ქართული ოცნების“ რებრენდინგს.

_ რაც, ალბათ, იმას არ ნიშნავს, რომ საგარეო პოლიტიკა შეიცვლება.

_ არა მგონია. როგორ უნდა შეიცვალოს საგარეო პოლიტიკა? _ მთელი ევროპის ლიდერები ამათი წინააღმდეგი არიან.  ფონია შექმნილი, რომ „ქართული ოცნება“ ამყარებს დიქტატურას:  მიმართავს პოლიტიკურ რეპრესიებს, დევნის მედიას, საზოგადოებას; გაურკვეველ განცხადებებს აკეთებს; ებრძვის ყველას და აგინებს ევროპელ დიპლომატებს.

_ რეპრესიების შესახებ ოპოზიციას ასეთი მოსაზრება აქვს: „ოცნება“ იმიტომ იჭერს ოპოზიციონერებს, რომ უნდა მათით ივაჭროს დასავლეთთან სანქციების მოხსნის თაობაზე. ამაზე რას ფიქრობთ?

_ ასეთ განცხადებებს რომ აკეთებს ოპოზიცია, იმაზე მიუთითებს, რომ არაფრის აზრზე არ არიან. არანაირი ვაჭრობა არაა სანქციებით. სანქციებს ვინ მოხსნის პატიმრის განთავისუფლებით? ამ თემაზე არავინ ევაჭრება ბიძინა ივანიშვილს. არ ევაჭრება იმიტომ, რომ აქ ღირებულებებზეა ლაპარაკი. ღირებულებები თუ არ შეიცვალა, ხელისუფლებას პატიმრის გამოშვებით სანქციებს არავინ გაუუქმებს.

_ პირადად ივანიშვილს თუ მოეხსნება სანქციები?

_ არა მგონია, რომ მასაც მოეხსნას. ძალიან მძიმე მუხლებით არის დასანქცირებული ამერიკის შეერთებული შტატებისგან. ამ თემაზე ვაჭრობა არ იქნება.

_ უახლოესი პერსპექტივა როგორია ჩვენი ქვეყნის? რუსულ სამყაროში მოგვიწევს ცხოვრება?

_ ახლა ყველაფერი დამოკიდებულია ოპოზოციასა და საზოგადოებაზე. რაოდენ ცუდადაც არ უნდა ჟღერდეს, ბევრი რამე დამოკიდებულია ფინანსებზე („ოცნება“ ძალიან ბევრ ფულს ხარჯავს); დამოკიდებულია კეთილსინდისიერებასა და ერთობის დემონსტრირებაზე. 2028 წლამდე არაფერი შეიცვლება. გახარიამ პარლამენტში შესვლით ვადამდელი არჩევნები, ფაქტობრივად, გააუქმა.

_ რანაირად გააუქმა?

_ გახარიას პარტია პარლამენტში რომ არ შესულიყო, მომავალი წლის მარტში ვადამდელი არჩევნები დაინიშნებოდა. უნდა დაველოდოთ 2028 წელს. ის კანონმდებლობა, რომელიც ახლა არის, რევოლუციას გამორიცხავს,  ძალიან შეუშლის ხელს. 2028 წელს პოლიტიკურმა პარტიებმა და საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა უნდა მოახერხონ და მოიპოვონ ხალხის ნდობა. ხალხი ჩუმად კი არის, მაგრამ ნეგატივი არსად წასულა. აუცილებელია, ხალხს აჩვენონ „ქართული ოცნების“ ალტერნატივა და ხალხი შეცვლის ხელისუფლებას. მაგრამ 2028 წლამდე რომ მიხვიდე, ეს ყველაფერი უნდა გაიარო. ბევრი საქმეა გასაკეთებელი. ტელევიზიით ორწუთიანი განცხადებების გაკეთება არ კმარა.

_ პარტიების აკრძალვა რა შედეგს მოიტანს ოპოზიციისთვის?

_ პარტიების აკრძალვას პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს.

_ რატომ?

_ იმიტომ, რომ ამომრჩეველში დაგროვილია დიდი ნეგატივი. ხალხს უნდა ხელისუფლების ცვლილება. მთავარია, საზოგადოებას ალტერნატივა შესთავაზონ. და ეს ალტერნატივა უნდა იყოს ერთობა. ოღონდ ერთი ერთობა უნდა იყოს. რამდენიმე ერთობა შედეგს არ მოიტანს. ასეთი რამდენიმე ერთობა გვქონდა 2024 წლის არჩევნებზე და ვნახეთ, რაც მოხდა. საჭიროა ერთობის მიღწევა და შემდეგ ყველაფერი უკეთესად იქნება. ამის გარდა, ხალხთან არის მუშაობა საჭირო. ხალხი უნდა დაარწმუნო, რომ შენ ხარ ალტერნატივა. ამას, როგორც უკვე გითხარით, ტელევიზიით გაკეთებული განცხადებები არ შველის _ სერიოზული მუშაობაა საჭირო. სხვანაირად არაფერი შეიცვლება. 2028 წლისთვის უნდა მოვემზადოთ.

გაზიარება