QronikaPlus
შალვა ნათელაშვილი - ივანიშვილი და მისი ბანდა არის პუტინის კომენდატურა, შულავერის კომიტეტის თანამედროვე ნაირსახეობა

შალვა ნათელაშვილი - ივანიშვილი და მისი ბანდა არის პუტინის კომენდატურა, შულავერის კომიტეტის თანამედროვე ნაირსახეობა

2025-11-14 09:53:58

გიგა გელხვიიძე

 

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი „ქრონიკა+-თან ინტერვიუში მწვავედ აკრიტიკებს ხელისუფლებას, საუბრობს ქვეყნის პოლიტიკურ რეალობაზე, ოპოზიციის მდგომარეობასა და საქართველოს საგარეო კურსზე.

ნათელაშვილი ასევე განიხილავს ბოლო წლების მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოვლენებს, მათ შორის, 20 ივნისის მოვლენებს, ოპოზიციის დაშლასა და პარტიის მომავალ გეგმებს:

 

_ ბატონო შალვა, საქართველოს დღევანდელი სიტუაცია საიდან იღებს სათავეს? რას მიიჩნევთ ათვლის წერტილად?

_ ათვლის წერტილად მივიჩნევ „ვარდების რევოლუციად“ წოდებულ სპექტაკლს, რომელიც დააფინანსა ბიძინა ივანიშვილმა და ამის შედეგად ის მოვიდა თანამმართველად. ჩაიგდო ხელში თანდათანობით საზოგადოებრივი, პოლიტიკური, ეკონომიკური ცხოვრების საკვანძო სიმაღლეები _ სპეცსამსახურები, საპატრიარქო, მწერლობა, სპორტი, ხელოვნება, სასამართლო ინსტიტუტები და, საბოლოო ჯამში, როდესაც მისი მონაწილეობით და მისი პროგრამით მოხდა მაშინდელი ოპოზიციის დასუსტება და განადგურება, მოწმენდილ მოედანზე მოვიდა და დაამყარა პრორუსული, პროპუტინისტული, ტირანული დიქტატურა. ქვეყანა გაასხვისა, ყველაზე გაასხვისა რუსებიდან _ არაბებამდე, როგორც ვხედავთ და ყოფნა-არყოფნის ზღვარზე მივედით. დღეს ქართველი ხალხი იბრძვის იმისთვის, რომ მოხდეს რეჟიმისგან ჩვენი ორგანიზმის განწმენდა, გასუფთავება და ეს მიზანი მიღწეული იქნება აუცილებლად.

_ ვხედავთ ბრძოლას. განსაკუთრებით ეს გახდა მძაფრი გასული წლის 29 ნოემბრის შემდგომ და ამ ბრძოლის ფონზე ისიც დავინახეთ, რომ კარგად შეისწავლა ტაქტიკა „ქართულმა ოცნებამ“ და თითოეული ნაბიჯი დაუბლოკა იმ ადამიანებს, რომლებიც პროტესტში არიან ჩართულები და აქამდე მოიტანეს პროტესტი. დღეს რა რეჟიმში გადავიდა „ქართული ოცნება“, როგორ და რა მიმართულებით მართავს საქართველო რეჟიმს?

_ მიაჩნია, რომ 28 ნოემბერი დასაწყისი არ იყო, ოფიციალური დაწყება სახალხო წინააღმდეგობისა, რომელიც მსოფლიოს აოცებს დღემდე, შეიძლება ითქვას, „გავრილოვის ღამიდან“ დაიწყო. შეიძლება ითქვას, ამავე პერიოდში უკვე ნიღაბი ჩამოიგლიჯა რეჟიმმა და დაიწყო პრორუსული დიქტატურის დამყარება. დღეს საქართველოში არაფერი ჩვენი სტრატეგიის საშინაო თუ საგარეო ასპექტებზე არ წყდება, პირდაპირ მოსკოვს აბარია ქვეყანა და პირადად პუტინი კურირებს საქართველოს საბოლოოდ ხელში ჩაგდების პროცესს, თავისი სპეცსამსახურების, თავისი ფინანსურ-სტრატეგიული, სპეცსამსახურული რესურსებით. ივანიშვილი და მისი ბანდა არის პუტინის კომენდატურა, ანუ შულავერის კომიტეტის თანამედროვე ნაირსახეობა და მთელი ქოცაქტივი ეს არის მე-11 არმია, სამწუხაროდ, გარეგნულად ქართველებით დაკომპლექტებული. ვიმეორებ, ასეთი მართვა მოსკოვიდან საქართველოსი არ ყოფილა საბჭოთა კავშირის დროს, როდესაც რესპუბლიკებს ჰქონდათ თავიანთი გამიჯნული კომპეტენციები და მასში მოსკოვი ვერ ერეოდა. დღეს მოსკოვისთვის რაიმე აკრძალული, არჩასარევი სფერო საქართველოში არ არსებობს.

_ 20 ივნისი ახსენეთ და გკითხავთ, _ უნდა დადგეს თუ არა პასუხისმგებლობის საკითხი მაშინდელ შს მინისტრ გიორგი გახარიას მიმართ, რომელიც დღემდე არ ასახელებს გარკვეულ დეტალებს ამ პროცესების, მათ შორის, ბრძანების გამცემებს.

_ გახარია არის ქართული პოლიტიკის თანამედროვე გაპონი: ღალატის, სილაჩრის, ვერაგობის, მზაკვრობის, სისხლისმსმელობის სიმბოლო. ჩვენი საზოგადოება მოწოდების სიმაღლეზე რომ იყოს, ასეთები ვერ უნდა ბედავდნენ შემოტრიალებას და რაღაც სახეცვლილების მეშვეობით პოლიტიკაში დამკვიდრებას. ყველაფერი ისედაც ნათელია და მათი საქმე პოლიტიკაში არც კი იყო დაწყებული, ისე დასრულდა.

_ ანუ „თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღებით გახარიამ დაასრულა თუ არა პოლიტიკური კარიერა?

_ მანამდე ჰქონდა დასრულებული. გახარიამ პოლიტიკური კარიერა დაასრულა „გავრილოვის ღამეს“, როდესაც ბავშვებს თვალები დათხარა, მაშინ როდესაც რუსეთის საგარეო დაზვერვის დავალებით შემოვიდა ქართულ პოლიტიკაში, _ ის რუსეთი საგარეო დაზვერვის ოფიცერია და დაიწყო თავისი ე. წ. მოღვაწეობა. უნდა დამთავრდეს რუსული თუ ნებისმიერი სპეცსამსახურების მონაწილეობა ქართულ პოლიტიკაში, ოლიგარქ ბიზნესმენების ხელების ფათური საქართველოს გულებში. სპორტსმენების, მოჭიდავეების, კალათბურთელების, ფეხბურთელების, ნაძირალების ღრეობა ქართველი ხალხის სულიერ სიმაღლეებზე. ეს რომ დამთავრდება, მერე აღარ იქნებიან ივანიშვილები. მის საძირკველს წარმოადგენს ეს ნაძირალა შემადგენლობა, რაც ჩამოგითვალეთ.

_ დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ ოპოზიციის დიდი ნაწილი არის ციხეში. გვეგონა, მალე გამოვიდოდნენ, თუმცა რამდენიმე დღის წინ ვიხილეთ ახალი ბრალი წარდგენილი „ოცნების პროკურატურის“ მხრიდან. ამ ურთულესი პოლიტიკური მდგომარეობიდან, რომელშიც ქვეყანა იმყოფება, სად ხედავთ გამოსავალს? ის მცირე ოპოზიციური პარტიები, რომლებიც დარჩით ქართულ ოპოზიციურ სპექტრში, რა გაზს ხედავთ?

_ როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ პოლიტპატიმრებია ქვეყანაში და ლიდერები დააპატიმრეს, ეს არის აბსოლუტურად დამახასიათებელი ყველა დიქტატორული რეჟიმისთვის. ისევე როგორც აბსოლუტურად განუყოფელი დიქტატურისა და ტირანიის დროს არასამთავრობოების აკრძალვა, მასმედიის დათრგუნვა, მიტინგების აკრძალვა, აზრის გამოხატვის თავისუფლება. ამიტომ როცა ვამბობთ, რომ დიქტატურა არის დამყარებული ქვეყანაში, ეს არ არის რაღაც სადღეგრძელოსა და პოლიტიკური წიაღის ასპექტში ნათქვამი. ეს არის უმწარესი რეალობა და კიდევ უფრო ცუდი პროცესი და ამ ვითარების გაღრმავება იმითაც არის განსაკუთრებული, რომ გარედან ხელმძღვანელობს რუსეთის დიქტატორი. პრეზიდენტი პუტინი ხელმძღვანელობს საქართველოში დიქტატურას, ამიტომ, რა თქმა უნდა, ამ დროს უნდა ველოდოთ ასეთ ამბებს და ხდება კიდევაც. ახლა რაც შეეხება თვითონ ოპოზიციის მდგომარეობას და მათ ციხეში ყოფნას: რა თქმა უნდა, ეს ძალიან სამწუხაროა, რა თქმა უნდა, პოლიტიკური პატიმრები არიან. ჩვენ სახელმწიფო დეპარტამენტსა და კონგრესში ახლახან გავაგზავნეთ შესაბამისი მიმართვა და გავაგრძელებთ ამას, მაგრამ ეს ამბები არ მოხდებოდა და აქამდე არ მივიდოდით, ოპოზიციას ჩვენთვის რომ დაეჯერებინა, რომ არ შეჯლიგინებულიყვნენ პარლამენტში ახლა ვინც ციხეში ზის და ვინც პასუხისგებაშია მიცემული. შევიდნენ გარიგებაში ეშმაკთან და აგერ შედეგებიც, მოვიდა უარესი დრო, მაშინ რეჟიმი გადარჩა და გადარჩენილ რეჟიმს უყვარს გადამრჩენების შეხრამუნება. ეს ისტორიის კანონია და მით უმეტეს ამ გადამრჩენებმა მორე სისულელე გააკეთეს 2024 წლის არჩევნების წინ, როდესაც თავი გამოაცხადეს ოთხ პროევროპულ პარტიად, სხვებს წაართვეს პროევროპულობის უფლება და შევიდნენ გარიგებაში ბიძინა ივანიშვილთან იმის თაობაზე, რომ ის ავტომატური ელექტროგამომთვლელი მანქანები, რომლებიც ერთად შემოიტანეს და შეთანხმდნენ, ჩამოიტვირთება სპეციალური პროგრამით, რომელიც წინასწარ დაუწერდა ყველას თავის პროცენტს იმის მიუხედავად, ამომრჩეველი მოვიდოდა თუ არა, ვის მისცემდა ხმას და ამ არჩევნების შედეგებით ეს ოთხი ევროპული პარტია მოვიდოდა მცირე უმრავლესობით, ხოლო ივანიშვილი დათმობდა პრემიერის პოსტს. ამ პრემიერის პოსტზე დანიშნავდნენ ერთობლივ კანდიდატს, თვგასიებულ გილაურს, ბანკირს, რომელიც ივანიშვილმა მიაგზავნა ამ ოპოზიციაში დამფინანსებლად, გაატანა მილიონები მუთაქებით, ოღონდ დაწესებული იყო პირობა, რომ ოპოზიცია აუცილებლად უნდა შესულიყო პარლამენტში, რაც ვერ მოხერხდა და ვერ მოხერხდა იმიტომ, რომ პუტინი თავდაყირა დადგა როცა გაიგო, რომ იქ ოპოზიცია შეიძლება მოვიდეს თუნდაც ფორმალური უმრავლესობით, დაემუქრა ამ ჭორვილელ გონებაჩლუნგს, ეს იძულებული იყო, მიღწეული მორიგება ე. წ. ოპოზიციასთან დაერღვია და არ შეეშვა უმრავლესობით და არც პრემიერი დაენიშნა. ამაზე გაწიწმატებულმა ვითომ ოპოზიციამ გამოაცხადა ბოიკოტი და პარლამენტში არ შევიდა. აღნიშნულზე განრისხებულმა ოლიგარქმა მოსთხოვა მათ იმ ფულის დაბრუნება, რომელიც მისცა. როგორც წესი, ეს ვისაც ფულს აძლევს, მერე სთხოვს პასუხს ან თუ ვერ იბრუნებს, ყოფას უტირებს და ახლა ამის შედეგებს ვხედავთ, აი, აქ. ჩვენ ვეუბნებოდით! რაც მთავარია, ჩვენ ვიყავით მთავარი მორიგების საგანი, რომ ტელევიზიებით არ გამოგვაჩენდა გვარამია და ხაზარაძე, დაგვბლოკავდნენ ფინანსურად და გაგვანადგურებდნენ და ახლა ვინ რჩება განადგურებული? არასოდეს უნდა დაუგო სხვას მახე და მით უფრო, ქვეყანას.

_ ასეთი იყო მდგომარეობა, თუმცა, როდესაც სამი ოპოზიციური პარტია აიკრძალება და ამას მარტივად მოახერხებს „ქართული ოცნება“, რას ვაკეთებთ ახლა, რომ გამოვიდეთ ამ სიტუაციიდან და რომ დაიბრუნოს საქართველომ ევროპული გზა? რა უნდა გააკეთოთ ერთობლივად? ვფიქრობ, ის დრო დასრულდა _ მე ამასთან არ დავდგები.

_ ახლა დადგომა-არდადგომა არაფერს წყვეტს, ახლა საქართველოს ბედი გადასულია გეოპოლიტიკურ ჭრილში. საქართველოს ბედი დღეს წყდება პირველი: რუსთაველის გამზირზე, წინააღმდეგობის მოძრაობაში, სადაც თვითორგანიზებით მიდის პროცესი და ეს არის გადარჩენა ჩვენი ქვეყნის. და მეორე: სანქცირების სტრატეგიაში, რომელიც დაიწყო ლეიბორისტულმა პარტიამ 2012 წელს ვაშინგტონიდან და დღეს ის უკვე გასცდა ვაშინგტონის, ბრიუსელისა და ლონდონის ოფიციალურ სტრატეგიას. ეს ორი მიმდინარეობა _ შიგნით სახალხო დაუმორჩილებლობა და გარედან სანქციები _ ყოველდღიურად რეჟიმს მოახრჩობს, უზრუნველყოფს მის ჩამოშლას, შემდგომში თავისუფალი არჩევნების ჩატარებას, სადაც მონაწილეობა უნდა მიიღონ დღეს დაპატიმრებულებმა თუ აკრძალვის კანდიდატმა პარტიებმა, რა თქმა უნდა, ამის გარეშე თავისუფალი არჩევნები წარმოუდგენელია. მერე ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, რომ კიდევ არ მიქაროს, არ მოიყვანოს ბანკირები, მილიარდერები, მილიონერები, თვალთხარიები, მოღალატეები, ქვეყნის დამაქცევლები და კიდევ არ დაგვიწყოს დაწუნება ლეიბორისტულ პარტიის, _ ისე გაიცინე, ასე გამოიცინე, ისე გაბრაზდი, ემოცია გამოაჩინე და ათასი სისულელე არ მოიგონონ და მიხვდნენ, რომ საქართველოს გადარჩენა არის ევროპულ, ეროვნულ სოციალიზმში, რომლის განვითარებაც დღეს შეუძლია ლეიბორისტულ პარტიას, მრავალპარტიული კოალიციური მთავრობის მონაწილეობის ფორმატში.

_ უნდა გკითხოთ აუცილებლად 4 ოქტომბრის შესახებ: ამ დღიდან კიდევ უფრო გამძაფრდა ვითარება. თქვენ იმყოფებოდით იქ, ხალხთან ერთად. რა მოხდა თქვენი, როგორც პოლიტიკოსის გადმოსახედიდან. როგორ აანალიზებთ ამას?

_ 4 ოქტომბერი იყო ისტორიული დღე, როდესაც ასეულ ათასობით ქუჩაში გამოსულმა ეროვნული ლაშქრის წევრმა ჩაშალა ადგილობრივ არჩევნებად თვითწოდებული სპექტაკლი, არ დაუშვა მისი ლეგიტიმაცია და არ მისცა საშუალება ზოგიერთ მოღალატე ოპოზიციასაც, გაეთეთრებინა ივანიშვილის რეჟიმი ამ ვითომ მრავალპარტიული არჩევნებით. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ფალსიფიცირებული არჩევნები ქართველმა ხალხმა ჩაშალა. ასე რომ გაეკეთებინა ჩვენს ხალხს წინა, გაყალბებული არჩევნების დღეებში, ასეთი ღვთის პირიდან გადავარდნილი რეჟიმები არ გვეყოლებოდა. ამიტომ 4 ოქტომბერი არის ისტორიული დღე, გმირობა აჩვენა ქართველმა ხალხმა და ამან სერიოზულად შეაშინა და დაშოკა რეჟიმი. ამ შოკის შედეგია ის იდიოტობები, რასაც უკეთებენ საკუთარ თავს. დემონსტრაციების აკრძალვა, ამდენი ადამიანის დაჭერა, პოლიტპატიმრები, _ ეს ყველაფერი მათ დასარულს აახლოებს. იმდენად აქვთ დაკარგული გრძნობა და გონება, რომ ამასაც ვერ აღიქვამენ. რაც შეეხება პრეზიდენტის სასახლის ღობეზე რაღაც თავყრილობას, ეს ყველა დიდ მიტინგს, მსოფლიოს ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში, რადიკალური ფრთის არსებობას ახასიათებს. ეს მიტინგიც არ იქნებოდა ამის გარეშე. იმ ხალხმა თავგანწირული სასოწარკვეთა ჩაიდინა. სასოწარკვეთილთა ქმედება იყო. ხალხი გადარია ივანიშვილმა და ამ მდინარაძეებმა, პაპუაშვილებმა და ღარიბაშვილებმა.

_ აღსანიშნავია, რომ 4 ოქტომბრის დღის შემდგომ ვინც დაემატა დაჭერილებს, ანუ ახლანდელი პატიმრები, სინდისის პატიმრებთან ერთად, სულ სხვა სეგმენტია, აქ უფრო მეტად სოციალურად დაუცველი ადამიანები არიან.

_ ყველა თაობა ჩაერთო ამ აქციაში. ადრე უფრო ჯენზი აქტიურობდა და ამ 4 ოქტომბრიდან საშუალო და უფროსი თაობა მასობრივად გამოვიდა. მას შემდეგ მათი მონაწილეობის დინამიკა ამ საპროტესტო აქციებში იზრდება. პოლიტპატიმრების მაგალითზეც ჩანს ეს. ეს ერთი რომელიმე თაობის ბრძოლის არეალი კი აღარ არის, მთელი თაობების წინააღმდეგობაა რეჟიმის ჩამოსაშლელად, რომელმაც უკვე დაიწყო არაბიზაციის ახალი ტალღა და საქართველოში არაბული ქალაქებისა და სოფლების აშენება, რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, ქვეყანა კრემლის ლომბარდში დააგირავა და ყველაზე გაგვყიდა, ოღონდ კი ფული იშოვოს და არაფერი დარჩეს ქართველისგან. რაც მეტი იქნება ასეთი მტრული მოქმედებები საკუთარი ხალხის მიმართ, ხალხი უფრო დაუნდობელი გახდება და მწარე განაჩენს ვიხილავთ.

_ თქვენ აქტიურად თანამშრომლობთ აშშ-სთან სანქციების ნაწილში. ახლა კიდევ უფრო მეტი მტკიცებულება არის ალბათ იმისთვის, რომ დასანქცირდეს ბიძინა ივანიშვილი, რომლის სანქცირებაც ყველაზე დიდი დარტყმა იქნება „ქართული ოცნებისთვის“. რა მოლოდინები გაქვთ?

_ უნდა დასანქცირდეს ივანიშვილი და მისი ოჯახიც, რადგან ჩვენგან მოპარული მილიარდები ივანიშვილს ოჯახურ წრეში აქვს გაფორმებული. ცოლიდან _ შვილზე, ვაჟიშვილიდან _ ქალიშვილზე, ქალიშვილიდან _ მეორე შვილზე, მესამე შვილზე. ძირითადი თანხები და ფონდები ამათ სახელზეა, ამიტომ უნდა მოხდეს მისი სრული ბლოკირება. ჩვენ 24-საათიანი კავშირი გვაქვს ვაშინგტონთან, 12 წელია განსაკუთრებით ამ ბოლო პერიოდში ძალიან აქტიურად. მზადდება ძალიან საინტერესო, ერის გადამრჩენი გადაწყვეტილებები ვაშინგტონში, ძალიან მალე ეს იქნება ცნობილი. არ მინდა, მოვლენებს გავუსწრო და რაიმე შევაფერხო, მაგრამ გეტყვით, ჩვენი ხალხის ბრძოლას ზამთარში მოჰყავს გაზაფხული. ასევე იქნება ლონდონიდან ძალიან მალე არასასიამოვნო სიახლეები ივანიშვილის ხროვისთვის და ბრიუსელში გადაწყვეტილია ათასობით „ქოცის“ სანქცირება სავიზო დონეზე, ევროკავშირის ერთიანი ფორმატით. კონკრეტული ქვეყნები: გერმანია, საფრანგეთი, სკანდინავია, პოლონეთი და ბალტიისპირეთი, ალბათ, ეჭვი არ გეპარებათ, რომ არ დააკლებენ სრულ სანქცირებას ხროვის ლიდერებს, მათ შორის, ფინანსურსა და ქონებრივს.

_ როდის ვიხილავთ „ლეიბორისტული პარტიის“ იმ დიდების დაბრუნებას, რომელიც გვინახავს? გვახსოვს, რომ თქვენ ყოველთვის გყავდათ საკუთარი ამომრჩეველი და ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ერთ-ერთი პირველები იყავით, რომლებიც ფაქტობრივად აკრძალა „ქართულმა ოცნებამ“

_ პირველად ჩვენ აგვკრძალა ხუთი წლის წინ. ჩამოგვართვა დაფინანსება, წაგვართვა საარჩევნო კომისიებში ადგილები და უფასო სატელევიზიო რეკლამა _ პარტია ეგ არის, მეტი კი არაფერი. რაც შეეხება დიდებას, ის ყოველთვის ჩვენი ხალხის გულებში ინახებოდა. სწორად აღნიშნეთ, მიუხედავად ამხელა ზეწოლების, დევნის, ჩვენ მიმართ ბლოკირების, ოლიგარქიიდან მათ შორის უცხოეთიდან გარკვეული ძალების მიერ, ხალხს ვუყვარვართ, ვახსოვართ, გვენდობა და ეს მუხტი აუცილებლად გაღვივდება და აღდგება. მთავარია, საქართველოს დიდება აღდგეს და ამას ყველა ერთად გავაკეთებთ. 

გაზიარება