QronikaPlus
თემურ პაპასქირი - „ქართული ოცნების“ მმართველობის ბოლო ფაზისკენ მივდივართ

თემურ პაპასქირი - „ქართული ოცნების“ მმართველობის ბოლო ფაზისკენ მივდივართ

2025-11-14 09:45:11

ირინა მაკარიძე 

 

რვა პოლიტიკურ ლიდერს: მიხეილ სააკაშვილს, გიორგი ვაშაძეს, ელენე ხოშტარიას, ნიკა მელიას, ნიკა გვარამიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს, ბადრი ჯაფარიძესა და მამუკა ხაზარაძეს „ქართულმა ოცნებამ“ ახალი, სრულიად აბსურდული ბრალდებები წაუყენა, რაც სასჯელად ითვალისწინებს მრავალი წლით პატიმრობას.  

 

„ოცნების“ რეპრესიებსა და შექმნილი ვითარებიდან გამოსავლის გზებზე „ქრონიკა+“-ს ესაუბრება პოლიტიკური პარტია „ახალის“ წევრი, ისტორიკოსი თემურ პაპასქირი:  

 

_ ჩვენი კოალიციიდან ოთხივე ლიდერი პატიმარია, მათ კიდევ ახალი, სრულიად აბსურდული ბრალდებები წაუყენეს. ყველაზე მძიმე მუხლები ელენე ხოშტარიას აქვს (საბოტაჟის, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდებისა და უცხო ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების). საბოტაჟი რას გულისხმობს, კაციშვილმა არ იცის.

_ ნიკა გვარამია „უკმაყოფილოც“ კი დარჩა, არავისზე ნაკლები წერილები არ გამიგზავნია დასავლეთისთვისო, _ მოიწერა ციხიდან...

_ კი, ეგ აზრი ჩვენც გაგვიჩნდა. არ ვიცით, რა პრინციპით გამოარჩიეს ერთმანეთისგან... აბსოლუტურად მოსალოდნელი იყო, იმდენად პროგნოზირებადი გახდა ხელისუფლების ქმედებები. ევროკომისიის დასკვნაზე, რასაკვირველია, რაღაც პასუხი უნდა გაეცათ. ისეთი პასუხი გასცეს, რომ ეს შეიძლება ძალიან მძიმედ დაუჯდეთ, საბოლოო ჯამში.

_ ფიქრობთ, რომ ეს ევროკავშირის გაფართოების ანგარიშის პასუხი იყო? იქ საუბარია, რომ მტკიცებულებებიც გვაქვსო და, შესაბამისად, კარგა ხნის დაწყებული უნდა ყოფილიყო საქმე. ასე არ არის?

_ ხელისუფლება რას ამბობს, ამ სისულელეს თავი დავანებოთ, გავიხსენოთ, რა ბრალდებებით იჭერდნენ ხალხს 30-იან წლებში: ეს იყო „უცხო ქვეყნის აგენტი“, „ხალხის მტერი“. ამას იმეორებენ. ის ბოლშევიკები არსად წასულან, ესენი აგრძელებენ მათ საქმეს, ეს „რუსული კანონიც“ ამისთვის შემოიღეს, რომ „უცხო ქვეყნის აგენტობა“ დაებრალებინათ ყველასთვის. ახლაც ეს ამბავია, ეს არის აბსოლუტური აბსურდი, რასაკვირველია, ყველაზე სასაცილო კი ის არის, რომ „ოცნებამ“ რამდენიმე რამე აღიარა ამ გადაწყვეტილებით. პირველი: ის, რომ ძალიანაც მტკივნეულად მოქმედებს მათზე სანქციები. მეორე: გაირკვა, რომ დასავლეთში ოპოზიციას უფრო უსმენენ, ვიდრე საქართველოს მთავრობას და მის წარმომადგენლებს. ოპოზიციის სჯერათ და არა მათი. დედაა, ღმერთო, „ქართული ოცნების“ რატომ არ სჯერათ?! ამდენი ტყუილის, ამდენი სისასტიკის შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ გამოიჩინა, რატომ უნდა დაუჯეროს ვინმემ „ოცნებას“?! მათ რომ რამე ხელშესახები მტკიცებულება ჰქონოდათ, წარუდგენდნენ უცხოეთს და ისინიც ეტყოდნენ, ეს რა მაგრები ყოფილხართ, გადატრიალების მცდელობა აღგიკვეთიათ და რა ცუდი ყოფილა ეს ოპოზიციის ხალხიო. არა, არსეთი არაფერი მომხდარა! „ოცნებას“ პირდაპირ ეუბნებიან, თქვენ გააყალბეთ არჩევნები, თქვენ დაარბიეთ დემონსტრანტები, თქვენ გყავთ პოლიტპატიმრები, დაიხიეთ უკან და აღდგება ევროინტეგრაციის პროცესი. ამის მიუხედავად, ბიძინა ივანიშვილი ჯიუტად ცდილობს ამ ქმედებების გაგრძელებას. ამას საბოლოოდ მისთვის კარგი შედეგები არ მოჰყვება. ყველა წესით და რიგით ჩვენ „ქართული ოცნების“ მმართველობის ბოლო ფაზისკენ მივდივართ. მას, პრაქტიკულად, ეცლება ბერკეტები, _ არავინ ელაპარაკება. ჩვენ ახლა გადავდივართ მართლაც დასკვნით ეტაპზე, როდესაც ყველა მოიცლის საქართველოსთვის. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გამართა შეხვედრა შუა აზიის სახელმწიფოების მეთაურებთან, სადაც საუბარი იყო შუა დერეფანზე, დაალაგა ურთიერთობები სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. საქართველოს გარეშე „ტრამპის გზა“ ვერ იმოქმედებს, ფიზიკურად შეუძლებელია. არ გააჩნია ეს პოტენციალი ზანგეზურის დერეფანს, რომ საქართველო ჩაანაცვლოს. არავინ დატოვებს საქართველოს ამ თამაშის მიღმა და არავინ „ქართულ ოცნებას“ არ გაურიგდება. თუ ჰგონია „ქართულ ოცნებას“, ვივაჭრებ, პოლიტპატიმრებს გამოვუშვებ, ერთ-ორ კანონს გავაუქმებ, ოღონდ ჩემი ხელისუფლება აღიარონო, ასე არ მოხდება.

_ როგორ შეაფასებთ ამ ფორმაციას, რომელიც შექმნა „ოცნებამ“?

_ ეს ვითარება, რაშიც ჩვენ ახლა ვართ, დამახასიათებელია ავტორიტარული რეჟიმებისთვის, როდესაც იგი კრძალავს ყველანაირ ოპოზიციას. ფორმალურად, ჩინეთიც  დემოკრატიული სახელმწიფოა, იქ რვა პარტია არსებობს, ოღონდ ყველა ისინი არიან ჩინეთის კომუნისტური პარტიის ქოლგის ქვეშ, მისი ნაწილები არიან, უბრალოდ, სხვადასხვა სახელი აქვთ. რუსეთშიც ფორმალური დემოკრატია არსებობს, რეალური ოპოზიციური პარტიის არსებობა იქ შეუძლებელია დღეს, იგივეს აკეთებს ახლა „ქართული ოცნება“, მაგრამ საქართველოში, სადაც 30 წლის განმავლობაში ასე თუ ისე დემოკრატიული მმართველობა იყო, სადაც თაობები დაიბადა და გაიზარდა ქვეყანაში, რომლის მისწრაფება ევროპისა და დასავლური სამყაროსკენ იყო ყოველთვის, ეს არ გამოვა, მით უმეტეს, როდესაც ეკონომიკაც არ გიწყობს ხელს. ამას ემატება ისიც, რომ საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა ისეთია, რომ ის ვერ იქნება გარიყული მიმდინარე პროცესიდან. ნავთობიც არ გააჩნია, რომ აზერბაიჯანის მსგავსად თვალი დაიხუჭოს მისი ხელისუფლების უკანონო და არადემოკრატიულ ქმედებებზე. როდესაც ვამბობთ, რომ საქართველო ბელარუსი არ არის, აქ მარტო იმას არ ვგულისხმობთ, რომ ხალხი არ არის ისეთ მდგომარეობაში, როგორშიც ბელარუსშია. ლუკაშენკო 1994 წლიდან იყო ხელისუფლებაში და ხალხიც შეჩვეული გახლდათ მის მმართველობას, მათ არ ჰქონდათ არანაირი გამოცდილება დემოკრატიული მმართველობის, რომელიც ჩვენ, ავად თუ კარგად, გვქონდა. ამ ხელისუფლებას ვერ შევადარებთ ვერც შევარდნაძისა და ვერ სააკაშვილის მმართველობას, ესენი დიქტატურისა და ავტორიტარიზმის მომხრეები არიან, ის კი არადა, ტოტალიტარიზმზეც არ იტყვიან უარს, როგორც ხედავთ. უკვე ეს ჩანს განათლების ე. წ. რეფორმაშიც

_ უწყვეტი პროტესტიდან, რომელიც კობახიძის ცნობილი გამოსვლის შემდეგ დაიწყო, თითქმის ერთი წელი გავიდა, როგორ შეაფასებთ მას, _ აქვს ამ პროტესტს შედეგი თუ არა?

_ დიახ, რა თქმა უნდა, სწორედ ამ უწყვეტი პროტესტის შედეგია, რომ არავინ ელაპარაკება „ქართულ ოცნებას“, რადგან ყველა ხედავს, რომ მოსახლეობა სხვანაირად ფიქრობს და, შესაბამისად, არ შეიძლება ასეთ რეჟიმთან გარიგება. პროტესტი რომ შეწყვეტილიყო, მაშინ რეჟიმთან მოლაპარაკებები შეიძლებოდა დაწყებულიყო. რადგანაც პროტესტი გრძელდება   და კიდევ გაგრძელდება, სანამ არ დაინიშნება ნამდვილი, თავისუფალი საპარლამენტო არჩევნები, არ გათავისუფლდება ყველა პოლიტპატიმარი, სინდისის პატიმარი, მანამ გაგრძელდება იგი. მოუწევს ამის გაკეთება „ქართულ ოცნებას“. მოუწევთ ხელისუფლებიდან წასვლა!

_ „ქართული ოცნება“ ცდილობს „დააბალანსოს“: თუ დასავლეთიდან არის მკაცრი შეფასებები, მკაფიო განცხადებები, ცდილობს აღმოსავლეთში იპოვოს მხარდამჭერები. ცოტა ხნის წინ ჩინეთში იმყოფებოდნენ და განაცხადეს, რომ მიიღეს მხარდაჭერის პირობა. ავტორიტატულ ქვეყნებთან დაახლოებით ხომ არ შეძლებს ძალაუფლების შენარჩუნებას? 

_ ჩინეთს არაფერში სჭირდება საქართველო, რომელიც გარიყულია მსოფლიო პროცესებიდან. ჩინეთს სატრანზიტო მარშრუტი სჭირდება საქართველოს გავლით და რად უნდა საქართველო, რომელსაც არავინ ელაპარაკება და ტრანზიტის ფუნქცია დაკარგული ექნება?! ჩინეთი შორსაა და არაა მარტივი ჩინეთისთვის აქ გავლენის მოხდენა პროცესებზე.

_ სამაგიეროდ, რუსეთი არის ახლოს...

_ რუსეთი ახლოსაა, მაგრამ უკრაინასთან ჩაფლულია ისეთ ომში, რომ ახლა არავისი და არაფრის თავი არ აქვს რეალურად. რუსეთს მიღებული აქვს გადაწყვეტილება, რომ ეს ომი გააგრძელოს. ეს გამოჩნდა უწყვეტი მობილიზაციით, რომელიც ვლადიმირ პუტინმა მიიღო. შემიძლია პირდაპირ გითხრათ, რომ რუსეთი ამ ომს გააგრძელებს და რუსეთი ამ ომს წააგებს, რის შემდეგაც რუსეთი დაიშლება...

_ ჩვენ გვახსოვს „ქართული ოცნების“ განცხადებები სეპარატისტებთან ბოდიშის მოხდისა და თითქოსდა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შესაძლებლობებზე, თუმცა ეს განცხადებები არ აღმოჩნდა რუსეთის მხრიდან მხარდაჭერილი. როგორ ფიქრობთ, ის ავანტიურა, რასაც ახლა ეწევა „ქართული ოცნება“ ქვეყანაში, მხარდაჭერილია რუსეთიდან და მისი მითითებებით მოქმედებს, თუ ეს არის თვითშემოქმედება, ადგილზე ხელისუფლების შენარჩუნების მიზნით?

_ აშკარაა, რომ მითითებები არის რუსეთიდან. თუნდაც ევროკომისიის დასკვნის შემდეგ უცებ რომ მოიწონა საქართველოს ხელისუფლების პოზიცია რუსეთის ხელისუფლებამ და (რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა სერგეი შოიგუმ), ფაქტობრივად, დირექტივა გასცა, მეორე დღეს კი ახალი ბრალი წაუყენეს პოლიტიკურ ლიდერებს. რაც შეეხება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხს, „ქართული ოცნება“ ეწევა ძალიან უსინდისო თამაშს, რადგანაც ჩვენ ბოდიში მოსახდელი არ გვაქვს. რუსეთის მოთხოვნაა, რომ ჩვენ მოვიხადოთ ბოდიში და შევეგუოთ ახალ რეალობას. ამ დროს „ქართული ოცნება“ გვეუბნება, რომ ამ გზით აღადგენს ტერიტორიულ მთლიანობას, რაც, რბილად რომ ვთქვათ, ტყუილია. გამორიცხულია რუსეთთან მსგავსი მოლაპარაკებით რამის მიღწევა, რადგან რუსეთი აქეთ არ ხედავს ისეთ ძალას, რომ მას რამე დაუთმოს. რუსეთთან მოლაპარაკებები სცადა ედუარდ შევარდნაძემაც, მიხეილ სააკაშვილმაც, მაგრამ შედეგს ვერ მიაღწიეს. მით უმეტეს, არ დაუთმობს „ქართულ ოცნებას“, რომელიც ბოდიშის მოხდაზეა მზად. აქედან გამომდინარე, ივანიშვილის ეს განცხადება თავიდანვე პროპაგანდისთვის იყო განკუთვნილი, რომელიც რუსეთმა კამპანიამდეც კი არ მიუშვა. მე მუდმივად ვადევნებ თვალ-ყურს სეპარატისტულ ტელეგრამ არხებს, პრესას, მედიას და შემიძლია გითხრათ, რომ იქ სასაცილოდ არ ჰყოფნით ეს ყველაფერი, უბრალოდ ხაზს უსვამენ, რომ აი, ბოდიში მოგვიხადეს, ე. ი., ჩვენ მართლები ვიყავით და უნდა გვაღიარონო. ასეთ სისულელეს როდესაც აკეთებ საერთაშორისო სამართლის კუთხით, ლოგიკურია, ეს ცუდად შემოგიბრუნდება. საბედნიეროდ, ყველამ იცის, რომ ეს პრორუსული ძალაა, ამიტომ ის ეფექტი არ აქვს, მაგრამ „ქართული ოცნების“ არასწორმა ქმედებებმა გამოიწვია ის, რომ სირიას არ აქვს წაღებული უკან აფხაზეთის აღიარება. მეტიც, სირიაში ოკუპირებული აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მიიღეს სტუმრად. „ქართული ოცნება“ მხოლოდ და მხოლოდ ცუდი საქმეებით არის დაკავებული ამ შემთხვევაში. ყველაფერი მზად იყო, რომ სირიას უკან წაეღო აფხაზეთის აღიარება და, უბრალოდ, არ მიმართეს. ერთი ვიზიტი იქნებოდა საკმარისი სირიის ახალ ხელისუფლებასთან, რომ ეს მომხდარიყო. ყველაფერი შემზადებული იყო, დასავლეთს უკვე ნამუშევარი ჰქონდა ოპოზიციის წყალობით, სხვათა შორის. „ქართულმა ოცნებამ“ იმის გამო, რომ ოპოზიციას არ დასწეროდა ეს გამარჯვება, ერთი ვიზიტი არ გააკეთა სირიაში. არადა, ეს საერთო გამარჯვება იქნებოდა. როგორც ჩანს, მითითება მიიღეს რუსეთიდან: „არ ჩაერიოთ ამ საქმეში!“

_ თქვენ თუ ხედავთ რამე პერსპექტივას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის, თუნდაც სხვა მთავრობის პირობებში?

_ როდესაც ჩვენ ვიქნებით ევროკავშირის წევრი, რა თქმა უნდა, ეს გაცილებით წინგაგადგმული ნაბიჯი იქნება, თუმცა მერეც არ იქნება ადვილი კონფლიქტის მოგვარება, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება. დღეს ეს შეუძლებელია.

_ როგორ უყურებენ, როგორ აფასებენ საქართველოში მიმდინარე პროცესებს ოკუპირებულ აფხაზეთში?

_ საერთოდ არ აინტერესებთ ეს ჩვენი შიდა პოლიტიკა, თითქოს არც არსებობს. ხანდახან მიუთითებენ, რომ მიმდინარეობს პროტესტი და მორჩა.

_ გაქვთ თუ არა მოლოდინი, რომ ახალი საპარლამენტო არჩევნები ჩაინიშნება გაზაფხულზე ან შემდეგ შემოდგომაზე, რომელზეც, როგორც ამბობენ, საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებას გეგმავს „ოცნება“? 

_ „ქართული ოცნების“ მიზანი არის, რომ აკრძალოს პარტიები, შემდეგ დანიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, თავისი წესებით ჩაატაროს იმისთვის, რომ მიიღოს კონსტიტუციური უმრავლესობა. იქ არცერთ პროდასავლურ ძალას არ დაუშვებენ, რადგან ნებისმიერ პროდასავლურ ძალას შეეძლება „ქოლგის“ როლის თამაში ამ შემთხვევაში, აქედან გამომდინარე, ხელის შეშლა „ქართული ოცნების“ მიზნების განხორციელებისთვის. რამდენიც უნდა ეცადონ, პროპორციული არჩევნებით ისინი კონსტიტუციურ უმრავლესობას ვერ მიიღებენ, თუ ერთი პროდასავლური პარტია მაინც იარსებებს, რომელიც ყველა დანარჩენის გამაერთიანებელ როლს შეასრულებს. შესაბამისად, პარტიებს აკრძალავენ, ახალ პარტიებს არ დაარეგისტრირებენ და ამ გზით შეეცდებიან საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებას. თუმცა ეს პარლამენტი არალეგიტიმურია და ასეთი გზით მიღებული პარლამენტის ლეგიტიმაციაზე საერთოდ ზედმეტი იქნება საუბარი.

_ თუმცა როგორც ახლა იღებს კანონებს, შემდეგ კონსტიტუციური ცვლილებების გატარება შეეძლებათ.

_ არა მარტო 78-ე მუხლის გაუქმება, არამედ მაჟორიტარული სისტემის აღდგენაც უნდათ, რომ ხელისუფლებაში დარჩნენ მაქსიმალურად დიდხანს. საქართველოს ინტერესია, რომ რაც შეიძლება მალე დასრულდეს „ქართული ოცნების“ მმართველობა. ეს არის ქვეყნის ინტერესი.

_ თქვენც შეადარეთ „ქართული ოცნების“ რეპრესიები გასული საუკუნის 30-იანი წლების რეპრესიებს. მსგავსებასთან ერთად განსხვავებაც ბევრია, მათ შორის ის, რომ მაშინ არ იყო ის სოლიდარობა, რაც ახლა აქვს სამოქალაქო საზოგადოებას ერთმანეთის მიმართ, თქვენ რა მსგავსებას და რა განსხვავებას ხედავთ? რატომ არ გამოუვათ იგივე?

_ ახლა სხვა ეპოქაა და სხვა სიტუაციაა, 30-იანი წლების რეპრესიები იყო საბჭოთა რეპრესიები და ეს არ იყო მხოლოდ საქართველოში; მეორე:  არ დაგვავიწყდეს თაობების ამბავი. სულ სამი წელი გვქონდა დამოუკიდებლობა და შემდეგ ორი-სამი წელი იყო შედარებით თავისუფალი, სანამ ძალიან მოუჭერდნენ ბოლშევიკები ხელს, მანამდე ცარისტული რუსეთი იყო. დამოუკიდებლობაში დაბადებული და გაზრდილი თაობა ქვეყანას არ ჰყოლია. მეოცე საუკუნის 20-იან წლებში დემოკრატიულობა არ განსაზღვრავდა არაფერს საგარეო ურთიერთობებში. დემოკრატიული ქვეყნები თითებზე ჩამოსათვლელი იყო, ევროპაშიც კი ტოტალიტარული და ავტორიტარული სახელმწიფოების რიცხვი დემოკრატიულს აღემატებოდა. დღევანდელი საერთაშორისო ვითარება სრულიად განსხვავებულია. საზოგადოებას სულ სხვა სასტარტო პირობები აქვს, რაც იყო გასული საუკუნის 30-იან წლებში. აქედან გამომდინარე, „ქართული ოცნება“ ვერ შეძლებს საზოგადოების „მოგუდვას“, მას არ გამოუვა ქართული სახელმწიფოს ისტორიის ჩარხის უკუღმა დატრიალება. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, „ქართული ოცნება“ არის კომიკური ძალა იმ ძალებთან შედარებით, რომელთაც მსგავსი რამ უცდიათ საერთოდ. დღევანდელ მსოფლიოში ეს მართლაც რთული განსახორციელებელია. ამ გლობალურ სამყაროში, როდესაც ინტერნეტში შეხვალ უბრალოდ და მსოფლიოს ამბებს ეცნობი, როდესაც ბავშვები, რომლებიც საერთოდ არ უყურებენ ტელევიზორს და მით უფრო მათ პროპაგანდისტულ არხებს და იმავე ღირებულებებით იზრდებიან, რა ღირებულებებიც აქვს თავისუფალ სამყაროს, მაშინ უნდა აკრძალონ ინტერნეტი. ინტერნეტი რომ აკრძალეს ნეპალში, კი ვიცით, რა მოხდა... ასე რომ, არ გამოუვათ...

_ რას იტყვით „ოცნების“ მიერ გამოცხადებულ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე? თითქმის ყოველდღიურად ვიღაცას აკავებენ, თუმცა როდესაც ამაზე მედია და არასამთავრობო სექტორი საუბრობდა, არ რეაგირებდნენ, ახლა რას ემსახურება ეს პროცესი?

_ რასაკვირველია, ეს არ არის კორუფციასთან ბრძოლა, ეს არის შიდაპარტიული ბრძოლა. დღეს რაზეც მიდის საუბარი, ამაზე ხომ წლების წინ იწერებოდა, წლების წინ იყო საუბარი ამ კორუფციულ ფაქტებზე და ამას საერთოდ არ აქცევდნენ ყურადღებას. მართლაც კორუფციას რომ ებრძოდნენ, კორუმპირებული იქ ყველაა, შეიძლება ერთ-ორი გამონაკლისი არსებობდეს და, პრაქტიკულად, ყველა დასაჭერია,  მაშინ ციხეები არ იქნებოდა საკმარისი. დაწყებული პრემიერ-მინისტრით, დამთავრებული სოფლის საკრებულოს რიგითი წევრით, ყველა კორუფციაშია ჩაბმული, ეს არის სისტემური კორუფცია. ეს საბჭოთა მართვის სისტემაა, ეს სისტემა შექმნილია იმისთვის, რომ მორჩილებაში ამყოფოს ადამიანები, რადგანაც კორუმპირებულის მართვა ადვილია. მსოფლმხედველობრივი ბრძოლა მიდის: ერთ მხარეს დგას ხალხი, რომელსაც უნდა, რომ ქვეყანა წავიდეს წინ, მეორე მხარეს კი დგას ხალხი, რომელსაც უნდა ბევრი მოიხვეჭოს და ბევრი მოპაროს ქვეყანასა და ხალხს.

_ შესაბამისად, მათ აქვთ განუზომელი ფინანსური რესურსები, დემოკრატიის დამცველებს კი ყველანაირი ფინანსური გზა გადაუკეტეს...

_ როგორც კი ფინანსური სანქციები დაუწესდებათ, დასრულდება ყველაფერი. ფინანსური სანქციებია ის, რისიც მათ ყველაზე მეტად ეშინიათ.

გაზიარება