 პარასკევი, 31 ოქტომბერი, 2025 პარასკევი, 31 ოქტომბერი, 2025
 
             
                        2025-10-31 08:04:12
მიხეილ ხაჩიძე
ვებსაიტი „სამშობლოს ძალა“, რომელიც საკონტრაქტო სამსახურის ცენტრად წარმოაჩენს თავს, უკრაინის წინააღმდეგ ომისთვის ჯარისკაცების რეკრუტირებას ახდენს. ცენტრი მსურველებს რუსეთის თავდაცვის სამინისტროში „ოფიციალურად“ დასაქმებას ჰპირდება და განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს საქართველოს მოქალაქეებს.
ვებსაიტი მათ უკეთესს პირობებს სთავაზობს:
რეგულარულ სარგოს (ერთჯერადი თანხა 2,5 მილიონი რუბლია, თითქმის 31 000 აშშ დოლარი), ყოველთვიურ ხელფასს _ 210 000 რუბლს (თითქმის 3000 აშშ დოლარი), თანამედროვე აღჭურვილობას, სრულ სოციალურ პაკეტსა და მთელი ოჯახისთვის რუსეთის მოქალაქეობის მიღების გამარტივებულ პროცედურას.
„საქართველო უძველესი დროიდან განთქმულია თავისი მამაცი მეომრებითა და სამხედრო ტრადიციებით. დღეს ამ ქვეყნის მოქალაქეებს აქვთ შესაძლებლობა, გააგრძელონ ეს დიდებული ისტორია მნიშვნელოვან მისიაში მონაწილეობით. კონტრაქტი _ ეს არ არის მხოლოდ სამსახური, არამედ პატივი, მოვალეობა და შანსი, შეცვალოთ თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ.
(...) სპეციალური სამხედრო ოპერაცია მოითხოვს პროფესიონალებს და ქართველებს შეუძლიათ გახდნენ ამ პროცესის ღირებული მონაწილეები. (...) ქართველები, რომლებიც ამ გზას ირჩევენ, იღებენ არა მხოლოდ მატერიალურ სარგოს, არამედ შესაძლებლობას, წარმოაჩინონ თავიანთი საუკეთესო თვისებები, რომლებიც საუკუნოვან ტრადიციებშია ფესვგადგმული“, _ ნათქვამია ვებსაიტზე.
„სამშობლოს ძალა“ აცხადებს, რომ ნებისმიერს მიიღებენ _ მთავარია, კანდიდატი რუსეთში იმყოფებოდეს, თუნდაც არალეგალურად. საქართველოს გარდა, „სამშობლოს ძალას“ რეკრუტირებისთვის შერჩეული ჰყავს სომხეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ოკუპირებული აფხაზეთი და ე. წ. სამხრეთი ოსეთი.
ვინ დგას ამ საეჭვო რეკრუტირების უკან? რა პროპაგანდასთან გვაქვს საქმე? როგორ უნდა ვებრძოლოთ მტრის _ ოკუპანტი რუსეთის ჰიბრიდულ ომს?
პოლკოვნიკი ლადო გამსახურდია ქართულ საზოგადოებას აფრთხილებს რუსული პროპაგანდის ახალი ტალღის შესახებ, რომლითაც უნდათ ქართველების გადაბირება უკრაინის წინააღმდეგ ომში.
საქართველოს პირველ პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი და ამჟამად უკრაინაში მოქმედი კავკასიის ლეგიონის მეთაური, პოლკოვნიკი ლადო გამსახურდია, მკაცრად აფასებს რუსული საინფორმაციო ოპერაციის ახალ საფრთხეს _ იმ პროპაგანდისტულ აქტივობას, რომელიც ქართველი მოქალაქეების ჩართვას ისახავს მიზნად რუსეთის მხარეს ომში.
„ფაქტი, რომ საქართველოს მოქალაქეებს რუსული წყაროები მოუწოდებენ უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად, არის უკიდურესად საგანგაშო და მიუღებელი“, _ აცხადებს გამსახურდია გაზეთ „ქრონიკა+“-თან ინტერვიუში. „ეს ნიშნავს საქართველოს მოქალაქეების ჩართულობას მტრის სასარგებლოდ, რაც პირდაპირი ღალატია“.
პოლკოვნიკის თქმით, აღნიშნული პროპაგანდისტული გზავნილები არა უბრალოდ შემთხვევითი მოვლენაა, არამედ მიზანმიმართული ჰიბრიდული ოპერაციის ნაწილი _ ისარგებლოს იმ ადამიანების განწყობებით, რომელთა ცნობიერებაზეც რუსული „ფსბ“ ათწლეულებია მუშაობს.
„ეს მესიჯი პირდაპირ არის მიმართული იმ პრორუსული ტიპის ადამიანების მიმართ, რომელთა ფსიქოლოგიაზეც რუსული სპეცსამსახურები წლებია, მოქმედებენ. ეს არის საინფორმაციო და ფსიქოლოგიური ომი, რომლის მიზანიცაა ქართველების გახლეჩა და რუსეთისადმი ლოიალობის გაღვივება“, _ ამბობს ის.
გამსახურდია ხაზს უსვამს, რომ საქართველოს ისტორიაში მსგავსი ქმედება ერთმნიშვნელოვნად შეფასებულია:
„ვერ ვუწოდებთ ქართველს მას, ვინც მტერს ეხმარება ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. ასეთებს საქართველოს ისტორიაში აქვთ თავისი სახელი _ მოღალატეები“.
კავკასიის ლეგიონის მეთაური აღნიშნავს, რომ უკრაინაში მებრძოლი ქართველები ამ საკითხს უკიდურესად უარყოფითად აფასებენ. მათი თქმით, ვინც რუსულ მხარეს შეუერთდება, აღიქმება როგორც მტერი და შესაბამისი დამოკიდებულებაც ექნებათ მათ მიმართ: „გარჩევას არავინ დაიწყებს _ ისინი განადგურდებიან, როგორც ტერორისტები“, _ ამბობს გამსახურდია.
პოლკოვნიკი კრიტიკულად აფასებს საქართველოს ხელისუფლების პოზიციას და ამ კონტექსტში მკაფიო ზღვარს ავლებს სახელმწიფოსა და ხალხს შორის:
„თუ სახელმწიფოს გულისხმობთ, ამაზე საუბარი ზედმეტია _ მათ ხომ თავად მისცეს საბაბი. შესაძლოა, თავადვე მოუწოდონ ხალხს რუსეთის მხარეს გადასასვლელად. მაგრამ თუ ვგულისხმობთ ქართველ ხალხს, როგორც ერს, მაშინ რეაქცია უნდა იყოს მკაფიო: რუსული გავლენისგან სრული განთავისუფლება, საზღვრების დაკეტვა და დიპლომატიური კავშირის განულება“.
მისი შეფასებით, დღეს საქართველო მხოლოდ ტერიტორიულად კი არა, მენტალურადაც ოკუპირებულია.
„რუსეთი ახორციელებს არა მხოლოდ ტერიტორიულ, არამედ მენტალურ ოკუპაციას. მიზანი ერთია _ ქართველის ცნობიერების გარუსება, ერის ასიმილაცია. რუსული იმპერია მცირერიცხოვანი ერების ძვლებზეა აგებული“, _ ციტირებს ლადო გამსახურდია მერაბ კოსტავას სიტყვებს.
პოლკოვნიკის აზრით, ასეთ ფონზე საქართველოს სჭირდება ერთიანობა და გამოფხიზლება ეროვნული იდეოლოგიის საფუძველზე:
„ჩვენ უნდა გავერთიანდეთ პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას იდეების ირგვლივ, იმ ხელისუფლების ირგვლივ, რომელიც 1992 წელს რუსეთის იარაღით დაამხეს, მაგრამ რომელმაც 2025 წლის 5 სექტემბერს კვლავ განაახლა მუშაობა საქართველოში (თბილისში გაიმართა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს საგანგებო სესია, რომელზეც აღდგენილად გამოცხადდა საქართველოს რესპუბლიკის კანონიერი ხელისუფლება და გარდამავალი პერიოდის კონსტიტუცია. დროებით თავმჯდომარედ აირჩიეს გურამ ისაკაძე, ხოლო პრემიერ-მინისტრის მოვალეობის დროებით შემსრულებლად _ გურამ აბსანძე, _ რედ.)“, _ აცხადებს ის და ხაზს უსვამს, რომ ამ პროცესში ჩართულია ახალგაზრდა თაობაც, რომელიც მზადაა ეროვნული ინტერესების დასაცავად.
გამსახურდიას შეფასებით, რუსეთის მთავარი მიზანი კვლავ ცოცხალი ძალის მოპოვებაა. „რუსეთს ფრონტზე სჭირდება ხალხი _ უსასრულო ცოცხალი რესურსი. არცერთი ქვეყანა დედამიწაზე არ არსებობს, რომელიც ასე ახორციელებს ადამიანების მასობრივ მობილიზაციას“, _ ამბობს ის.
მისივე თქმით, რუსული პროპაგანდის ასეთი ქმედებები წარმატებით გამოიყენება როგორც ევროპაში, ისე კავკასიაში _ თითქოს კავკასიელებიც რუსეთის მხარეს დგანან.
„კავკასიის გაერთიანებული ლეგიონი დღეს უკრაინაში წარმოადგენს ნამდვილი კავკასიელების ღირსებას“, _ აცხადებს გამსახურდია.
„ჩვენ ვაჩვენეთ მსოფლიოს, რომ კავკასიელი ნიშნავს პატრიოტს, თავისუფლებისმოყვარე მეომარს, რომელიც იცავს არა მხოლოდ საკუთარ მიწას, არამედ ერის ღირსებასაც“.
ინტერვიუს ბოლოს პოლკოვნიკი ლადო გამსახურდია ტექნოლოგიურ ასპექტზეც ამახვილებს ყურადღებას.
მისი თქმით, ომის ბუნება რადიკალურად შეიცვალა:
„დღეს ფრონტი ტექნოლოგიებზეა აგებული _ სადაზვერვო და მოიერიშე დრონები ცაზე მუდმივად მოძრაობენ, ბუჩქებსა და ბალახებში არიან დამალული. მათ ვერ გამოეპარება ვერცერთი ტექნიკა. ამიტომაც ახლა არარეალურია რუსული ქვეითი ბრიგადების მნიშვნელოვანი წინსვლა _ მათი ტანკები და ჯავშანტექნიკა დრონებით ნადგურდება“, _ აცხადებს ის.
ფრონტის დღევანდელი სურათი და ტრამპის ფაქტორი
უკრაინის ომის ფრონტზე ვითარება 2025 წლის შემოდგომისთვის მკვეთრად დინამიკურია. უკრაინის არმია, დასავლეთის მიერ მოწოდებული იარაღით, ყოველდღიურად ახორციელებს მიზნობრივ დარტყმებს რუსეთის სამხედრო ინფრასტრუქტურაზე _ მათ შორის ყირიმში, ბელგოროდსა და ტაგანროგის რაიონში.
დრონების გამოყენება მიღწეულ ზღვარს გასცდა: მხოლოდ სექტემბერ-ოქტომბერში უკრაინამ რუსულ ტერიტორიაზე 3000-ზე მეტი სადაზვერვო და დარტყმითი დრონი გაუშვა.
მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი აგრძელებს მასშტაბურ მობილიზაციას და ფრონტზე ათასობით ახალ მებრძოლს აგზავნის, ტექნოლოგიური უპირატესობა უკრაინის მხარეს აშკარად იზრდება. დასავლეთის მხარდაჭერამ, განსაკუთრებით კი ახალი დამიზნებული სარაკეტო სისტემების გამოყენებამ, მნიშვნელოვნად შეცვალა ძალთა ბალანსი.
ამ ფონზე დასავლურ მედიაში კვლავ აქტიურად განიხილება საკითხი _ მიაწვდის თუ არა აშშ უკრაინას „ტომოჰავკის“ სარაკეტო სისტემებს?
დონალდ ტრამპის განცხადებას, შესაძლოა „გადახედოს უკრაინის მხარდაჭერის სტრატეგიას, თუმცა არ დატოვებს მას უყურადღებოდ“, კიევში ფრთხილი ოპტიმიზმით შეხვდნენ.
ტრამპმა ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში აღნიშნა, რომ „თუ ომი გაგრძელდება ამ ფორმით, ჩვენ მოგვიწევს ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რომელიც რუსეთს აიძულებს დაფიქრდეს“.
ეს ფრაზა უკრაინაში ბევრმა გაიგო, როგორც მინიშნება აშშ-ის იმ მზადყოფნაზე, რომ გარკვეული ტიპის შეტევითი შესაძლებლობები (მათ შორის „ტომოჰავკის“ მოდიფიცირებული ვერსიები) გახდეს ხელმისაწვდომი უკრაინული სარაკეტო პროგრამისთვის.
ოფიციალურად ეს დადასტურებული არ არის, თუმცა აშშ-მა უკვე მოხსნა შეზღუდვა უკრაინისთვის დასავლური რაკეტების გამოყენებაზე რუსეთის სიღრმეში. შედეგად, მოსკოვი, ტულა, ნიჟნი ნოვგოროდი და სხვა ქალაქები მოხვდნენ უკრაინული დარტყმის ზონაში.
ეს ნიშნავს, რომ ომი პირველად გადავიდა იმ ფაზაში, სადაც უკრაინას შეუძლია მტრის სტრატეგიული ზონების რეალური დესტაბილიზაცია.
უკრაინულ და საერთაშორისო ანალიტიკურ წრეებში მიიჩნევენ, რომ ტრამპის ადმინისტრაცია იძულებული იქნება, შეინარჩუნოს სამხედრო ბალანსი ევროპაში, რადგან რუსეთის გამარჯვება ავტომატურად ნიშნავს ნატოს დაშლის რისკს.
ამრიგად, „ტომაჰავკების“ თემა _ იქნება ეს ოფიციალური მიწოდება თუ ტექნოლოგიური მხარდაჭერა _ განიხილება არა როგორც პოლიტიკურ, არამედ გეოსტრატეგიულ აუცილებლობად.
ფრონტზე კი ყოველდღიური რეალობა რჩება მკაცრი: სამხრეთში _ ხერსონისა და ზაპოროჟიეს ხაზზე _ უკრაინული ძალები აგრძელებენ პოზიციურ ბრძოლას; აღმოსავლეთში _ ავდიივკასა და ბახმუტის მიმართულებით _ რუსული შეტევები მკვეთრად შესუსტებულია, ხოლო ჩრდილოეთით, სუმის მიმართულებით, რუსეთის მცდელობები ვერ აღწევს წარმატებას.
ზელენსკის ევროპული ტურნე და ევროპული სანქციები
პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ევროპული ტურნე სექტემბერ-ოქტომბერში გადამწყვეტი აღმოჩნდა დასავლეთის ერთიანობის შესანარჩუნებლად.
მან ჯერ ბერლინში, შემდეგ პარიზში, ვარშავასა და ბოლოს ბრიუსელში გამართა შეხვედრები მაღალი დონის ლიდერებთან. ზელენსკის მიზანი იყო:
• ევროკავშირის წევრსახელმწიფოები გაერთიანებულიყვნენ რუსული აგრესიის ახალი ტალღის წინააღმდეგ;
• დაეზუსტებინა უკრაინის საჭიროებები თანამედროვე სარაკეტო და სადაზვერვო სისტემებზე;
• მოეხდინა გავლენა ახალი, მკაცრი სანქციების შეფარდებაზე რუსეთის წინააღმდეგ.
ევროკავშირი დათანხმდა ახალ სანქციებს, რომლებიც მოიცავს:
1. ენერგორესურსებზე სრული კონტროლი და მაღალი გადასახადები რუსულ ნავთობსა და გაზზე;
2. ფინანსური შეზღუდვები რუსული ბანკების წინააღმდეგ, რაც ზღუდავს საერთაშორისო ტრანზაქციებს;
3. ტექნოლოგიური ემბარგო, რომელიც აკრძალავს რთული სამხედრო ტექნიკის ექსპორტს რუსეთში.
პოლონეთმა და ბალტიის ქვეყნებმა ასევე გახსნეს ახალი სამხედრო მხარდაჭერის არხები უკრაინისთვის, მათ შორის, სადაზვერვო თანამშრომლობა, სპეციალური ერთეულების გადამზადება და თანამედროვე შეიარაღების მიწოდება.
საქართველოს როლი და კავკასიის პერსპექტივა
ომი აღარ არის მხოლოდ ტანკებისა და ქვეითების შეჯახება _ ეს არის ინტელექტების, ტექნოლოგიებისა და პოლიტიკური გავლენების ომი.
საქართველოსთვის და კავკასიის რეგიონისთვის აშკარად ჩანს რამდენიმე კრიტიკული დასკვნა:
• ერთიანობა, ეროვნული იდეოლოგია და პატრიოტიზმია ერთადერთი გზავნილი, რომელიც დაიცავს სახელმწიფო ინტერესებს;
• რუსული ჰიბრიდული ომი, გონებრივი ოკუპაცია და პროპაგანდა მუდმივად საფრთხეს წარმოადგენს;
• კავკასიის ლეგიონი უკრაინაში წარმოადგენს პატრიოტიზმის ნიმუშს, რომელიც აჩვენებს რეგიონის ხალხების თავისუფლების წყურვილს;
• დასავლეთის მხარდაჭერა, ევროკავშირის სანქციები და აშშ-ის პოლიტიკის ეფექტიანი გამოყენება არსებითი მნიშვნელობისაა რუსეთის შეკავებისთვის.
როგორც პოლკოვნიკი ლადო გამსახურდია ამბობს:
„ვინც უკეთესად გაიაზრებს დრონისა და ტვინის სინთეზს _ ის გაიმარჯვებს“.
ეს არ ეხება მხოლოდ სამხედრო ტექნოლოგიას _ ეს ეხება საქართველოს სულიერ გამოფხიზებას, ერთიანობასა და ეროვნული ღირსების შენარჩუნებას.